სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კლასის საკითხავი წიგნი

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მეოთხე წელია დავნერგე კლასის საკითხავი წიგნის კითხვის ტრადიცია. მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, თითოეული კლასისთვის ვარჩევ ერთ წიგნს, რომელსაც სემესტრის განმავლობაში ვკითხულობთ. ჩემი დაკვირვებით, ერთი წიგნის კითხვამ სასწავლო პროცესს სასიკეთო ცვლილებები შესძინა და გადავწყვიტე, გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა.

არჩევანი

კლასისთვის საკითხავ წიგნს დაკვირვებით ვარჩევ. ჯერ თავად ვკითხულობ, ვაკვირდები წიგნის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს, ვეცნობი რეცენზიებს და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვცდილობ, ბავშვებს თანამედროვე თუ კლასიკური ქართული და უცხოური საბავშვო რომანები მონაცვლეობით შევთავაზო.  შერჩევისას წიგნის საინტერესო სიუჟეტი, თემატიკა და მხატვრული ენაა გადამწყვეტი. ასევე, ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძენენ.

წიგნის შეძენა

ერთ-ერთი სირთულე კლასისთვის წიგნების შეძენას უკავშირდება. ვითვალისწინებ იმას, რომ ყველა მოსწავლის მშობელმა შეიძლება ვერ გამოძებნოს წიგნისთვის საჭირო თანხა ან დრო. ამიტომ, ზოგჯერ რამდენიმე მოსწავლისთვის წიგნებს თავად ვყიდულობ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და კლასის დამრიგებლის მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე მშობლებს ვაცნობ წასაკითხი წიგნის ირგვლივ დასახულ მიზნებსა და კლასის საკითხავი წიგნის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრები. შემდეგ, მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ერთად ან ცალ-ცალკე ყიდულობენ წიგნებს. აქტიურად ვთანამშრომლობ გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას, კეთილი ნებით ფასდაკლებით ვსარგებლობთ. „სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიებშიც მთელი კლასისთვის წიგნების ყიდვისას შესაძლებელია 10 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

კიდევ ერთი ეფექტური გზაა ერთმანეთისთვის წიგნების თხოვების პრაქტიკის დანერგვა, მაგალითად, სემესტრის დასაწყისში ერთმა მეექვსე კლასმა მეორე მეექვსე კლასს, მშობლების ნებართვით, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ათხოვა. ამგვარად ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ამასთანავე, ერთი წიგნი კიდევ უფრო მეტ ბავშვს აერთიანებს. წიგნის ყდაზე დატოვებული სახელისა და გვარის მიხედვით ერთმანეთს ეცნობიან, აკვირდებიან გახაზულ სიტყვებს, მონიშნულ ეპიზოდებს. ამ ამბავთან დაკავშირებით მკითხველთა კლუბში სახალისო დამთხვევა აღმოვაჩინეთ. მეექვსეკლასელი ნიკა საუბრობდა წიგნზე „თევზი ხეზე“. წიგნის მეპატრონის სახელისა და გვარის ამოკითხვა ვთხოვე და  ნიკას გვერდით იჯდა ნინი – გოგო, რომლის წიგნსაც ნიკა კითხულობდა.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

წიგნის შეძენის შემდეგ, კითხვის დაწყებამდე, მოსწავლეებს ვთხოვ სათაურისა და ყდის მიხედვით ვარაუდების გამოთქმას. განწყობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კლასის საკითხავი წიგნის მიხედვით შეთავაზებულ დავალებებს ზოგჯერ ცალკე რვეულში წერენ. კითხვისას ხშირად ვუბრუნდებით მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვარაუდები რაც უფრო აცდენილია რეალობას, მით უფრო ახალისებთ საკუთარი მიუხვედრელობა.

როდის და როგორ ვკითხულობთ კლასის საკითხავ წიგნს?

საერთო წიგნზე საუბრისა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი. წასაკითხად რამდენიმე თავს ვაძლევ და წინა დღეს მეც ხელახლა ვკითხულობ. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდს ვთავაზობ. ხშირად გაკვეთილის თემატიკას წიგნში ასახული მოვლენები მკარნახობს, მაგალითად, თამარ გეგეშიძის რომანში „სული-ჩიტი“ ერთ-ერთ თავს ჰქვია „ეზო“. ამ თავის კითხვისას დამებადა იდეა მოსწავლეებთან ერთად ჩემი ბავშვობის უბანში ფეხტური მომეწყო და ჩანაფიქრი იმავე დღეს ავასრულეთ. მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, გავიცანით ჩემი კლასელის დედა, გზად შემოგვხვდნენ ჩემი მასწავლებლები, მეგობრები, მათი მშობლები, ნამცხვრების საყიდლად მაღაზიაში შესულებს კი ჩემი კლასელის და გაგვეცნო, ფეხტური ჩემი ბავშვობის სახლში დავასრულეთ.

ამ ბოლო დროს აქტიურად ვიყენებ ჩაღრმავებული კითხვის მეთოდს, ვხაზავთ სქემას და ერთ თავს სამჯერ, სხვადასხვა მიზნით, ვკითხულობთ, კერძოდ, პირველი წაკითხვისას ვაკვირდებით მოქმედების დროს, ადგილსა და პერსონაჟებს, ცხრილის პირველ გრაფაში დეტალურად ვინიშნავთ ყველაფერს, მეორე წაკითხვისას უცხო, ლამაზ, საინტერესო სიტყვებს, წინადადებებს, ციტატებს, მხატვრულ ხერხებს ვიწერთ, მესამედ კი მთავარი აზრის შესახებ გამოვთქვამთ მოსაზრებებსა და პარალელს ვავლებთ ცხოვრებასთან, მულტფილმებთან, წიგნებთან, ფილმებთან, ანიმეებთან…

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მეშვიდეკლასელებმა ერთმანეთისთვის წაიკითხეს, კერძოდ, გამოვიყენეთ მეთოდი „წაიკითხე ჩემი წიგნი“. კითხვისას პატარა ბარათებზე წერდნენ კითხვებს, შთაბეჭდილებებს და ყოველდღიურად ცვლიდნენ. კვირაში ერთხელ კი კლასის წინაშე პრეზენტაციას წარადგენდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ, რომელი შეკითხვა მოეწონათ, რაზე დაფიქრდნენ, რა სიახლე აღმოაჩინეს თანაკლასელში.

ასევე, ვიყენებთ მარკირებული კითხვის სტრატეგიას, ვდგამთ მინისპექტაკლებს, ვმართავთ ჩრდილების თეატრს, ვწერთ თავისუფალ თემებს, კომენტარებს, პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, პირად წერილებს ვუგზავნით მწერლებს, პარალელურკლასელებს, ვამზადებთ დიორამებს…

ხშირად წიგნის კითხვაში ჩართულები არიან მშობლები, პაპები, უფროსი და-ძმები.

წაკითხულის შესაჯამებლად ვაწყობთ ლიტერატურულ კაფეს.

რომელი წიგნები წავიკითხეთ:

  1. ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“;
  2. ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“;
  3. არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და „ცისფერი ირემი“;
  4. ანა-კატერინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“და „დედა, მამა და რვა ბავშვი“;
  5. ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“;
  6. ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“;
  7. მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“;
  8. თამარ გეგეშიძის „საშლელები“;
  9. დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“;
  10. ტორესა მოსის „ორდროშობანა“;
  11. ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ და „ამბავი ლილე იროელისა“.

კლასის საკითხავი წიგნი მოსწავლეებს:

  • აერთიანებს;
  • წიგნიერების დონეს უმაღლებს;
  • შემეცნებით სამყაროს უფართოებს;
  • ლექსიკურ მარაგს უმდიდრებს;
  • კითხვისადმი ინტერესს უღვივებს;

 

ამასთანავე, ერთი წიგნის კითხვა:

 

  • საერთო ღირებულებებს ამკვიდრებს;
  • სასკოლო კულტურას ახალ სიცოცხლეს სძენს;
  • თავგადასავლებს გვაჩუქებს;
  • კითხვას პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მერვეკლასელებს ვთხოვე, პატარა ბარათებზე დაეწერათ ფიქრები კლასის საკითხავი წიგნის შესახებ:

„ჩემი აზრით, საერთო წიგნების კითხვა იყო შესანიშნავი იდეა. ყოველ წიგნს თავისი ატმოსფერო აქვს. ასეთი რამის გამო ვამაყობ, რომ ამ კლასში ვსწავლობ“.

„ჩემი აზრით, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ვიძენთ ახალ სიტყვებს“.

„ჩვენი კლასისთვის ეს ლიტერატურა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თვალსაწიერს ხსნის და გვახალისებს. მოკლედ, ეს ისაა, რაც საჭიროა!“

„ეს წიგნები გვაერთიანებს. ბევრ აქტივობას ვაკეთებთ ერთად და მოგონებებს ვაგროვებთ“.

„ჩემი აზრით, როცა ერთად ვკითხულობთ, უფრო გვიყვარდება კითხვა და ერთმანეთს ვუახლოვდებით“.

„ჩემი აზრით, იმიტომაა საჭირო კლასის საკითხავი წიგნის კითხვა, რომ ვიღებთ უფრო მეტ ცოდნას, კლასელები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხალისს გვმატებს“.

„კლასის საკითხავი წიგნი გვაერთიანებს“.

“კლასის საკითხავი წიგნი სტიმულს გვაძლევს, ვიკითხოთ ბევრი წიგნი“.

„თითქოს წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, მაქსიმალურად იშიფრება, და უფრო მეტ რამეს ვიგებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნები კლასელებს გვაახლოებს, მაგალითად, მე და ნინის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონმა“ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. კლასის საკითხავი წიგნები რომ არ გვქონდეს, ცოტა უხალისო იქნებოდა სკოლა“.

„კლასის საკითხავი წიგნი თითქოს ყველას გვაერთიანებს. ყველა ერთ წიგნზე რომ ლაპარაკობს, ერთნაირად ვაზროვნებთ მაგ დროს“.

„ერთად წაკითხული წიგნები რომ არ შემოეტანა მასწავლებელს, საერთოდ არ დავიწყებდით კითხვას და უინტერესოები ვიქნებოდით“.

„ეს წიგნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ურთიერთობები იწყება. ბევრ პრობლემებს ვიგებთ ცხოვრების შესახებ და ამ ყველაფერს ვიაზრებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნი ჩვენს ფიქრებს აერთიანებს, სიცილით სიყვარულისკენ მივყავართ. იმ ბავშვებსაც გვაერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და მასწავლებლებიც ვერაფერს შვრებიან“.

 

როგორც ვხედავთ, მოსწავლეების დამოუკიდებელი ჩანაწერების მთავარი გზავნილები ერთმანეთთან იკვეთება და მათ მიერ გამოხატული კმაყოფილება ახალი ძალებით მავსებს.

 

კლასის საკითხავი წიგნები ბავშვების ჩანთების მუდმივი ბინადარია. ისეთ დღეებშიც დაატარებენ, როცა არ ვავალებ. ხატავენ ყდაზე, აფორმებენ ინდივიდუალურად და საკლასო ოთახში ყოფნისას მერხებზე მრავლისმეტყველად დადებული წიგნები ყვავილებს ჰგვანან. სახლში საკუთარ სივრცეში უჩენენ ბინას და თაროზე ჩამწკრივებული წიგნის ყუები ათას თავგადასავალს ჰყვებიან, მაგალითად, როგორ იცეკვეს ძველ თბილისში მერვეკლასელებმა ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით დადგმული პანტომიმა და ღვთისშვილებად და ქაჯებად გადაქცეულმა გოგო-ბიჭებმა გამვლელ-გამომვლელების ყურადღებაც მიიპყრეს. სკოლამდე მოსასვლელი გზაც თითოეულ წიგნს თავისებური აქვს – გამომცემლობიდან ზოგჯერ ავტობუსით, ზოგჯერ კი ტაქსით „მგზავრობენ“.

ერთხელ განათლების სამინისტროდან საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩასაწერად სკოლაში გვესტუმრნენ. საკლასო ოთახში სანამ ოპერატორი აპარატურას მართავდა, ერთ-ერთი მამაკაცი კედლის პოსტერზე დატანილი უცხო სიტყვებით დაინტერესდა. რამდენიმეს შესახებ ვისაუბრეთ და მეორე დღეს ბავშვებს ვუამბობდი, როცა მათთვის უთენია პოსტერს ვამზადებდი და ჩემი სამი წლის გოგონას ფლომასტერებით ვწერდი ასპიტს, გირგედსა თუ თითბერს, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ სიტყვების ირგვლივ განათლების სამინისტროდან მოსულ სტუმართან დიალოგს გავმართავდი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხშირად დასმული შეკითხვა,თუ როგორ ვუთავსებ ერთმანეთს ვრცელტანიანი წიგნის წაკითხვასა და საპროგრამო მასალას. ჩემი გამოცდილებით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმძღვანელოს ტექსტები და კლასის საკითხავი წიგნი ერთმანეთს ბუნებრივად ებმის, სხვადასხვა განწყობა შემოაქვს სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი შედეგის მომტანია. მოსწავლეები, რომლებსაც გაწაფული კითხვა უჭირთ ან აქტიური მკითხველისთვის საჭირო ნებისყოფა არ აქვთ, ხშირად კლასის საკითხავ წიგნს სრულად ვერ კითხულობენ. ასეთ დროს მშობლებს ვთხოვ დახმარებას, თუმცა, საბაზო საფეხურზე მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩაბმა ჭირს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხანს თითოეულ კლასს ხმამაღლა ვუკითხავ კლასის საკითხავ წიგნს და ამ გამოცდილების შესახებ სხვა სტატიაში გიამბობთ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“