სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბავშვების პლანეტა

ალბათ მარტო არ ვარ. ალბათ სხვებსაც აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც სულის მოსაბრუნებლად დადიან – იმ ჰაერს ჩასასუნთქად, რომლის მსგავსიც სხვაგან არ ეგულებათ. ზამთარია, ზაფხულია, დღეების უაზრობა თუ მომავლის დანახვის შეუძლებლობა ნახევრად ჩაბნელებული დარბაზისკენ მიმავალ ქუჩაზე მაყენებს. ჩემი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზეა. კარს ყოველთვის სიხარულით ვაღებ ხოლმე – სიჩუმისას, სხვადასხვა თვალით დანახული სილამაზისას.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ორ-სამ სტუმარზე მეტი იშვიათად მინახავს, სრულ სიცარიელეში, გამქრალ დროში კი ხშირად აღმოვჩენილვარ. გამჩენია განცდა, რომ ყველაფერი, რასაც მზერა სწვდება, ცოცხალია, გრძნეულის ხელით სულჩადგმულია იმ სამყაროში, რომელსაც თავისი წეს-კანონები აქვს და რომლიდან გამოღწევაც, უკან დასაბრუნებელი ხიდის გადმოვლაც უფრო და უფრო ძნელი ხდება.

შარშან ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენაზე მისულს წამოსვლის აუცილებლობა ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა. თითქოს ტერფები იატაკს მისწებებოდა – წამიერად გამოფხიზლებული, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ანტანას სუტკუსის ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტით გამოუსწორებელ დანაშაულს არ ჩავიდენდი. მაშინ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს – პატარა ოთახისკენ, სადაც ფოტოალბომებით სავსე თაროებია. გადმოიღე და ათვალიერე, სანამ სურათების ერთმანეთისგან გარჩევის უნარს არ დაკარგავ.

ახლა ახირებად ანტანას სუტკუსის ალბომის თვალიერება მაქვს. მისი გვარი რამდენიმეს აწერია, მაგრამ ჩემი რჩეული „ბავშვებია“ – გერმანულ გამომცემლობაში, „შტაიდლში“ მომზადებული და 2021 წელს გამოცემული. ჩემი ბავშვობის მიწაზე ფეხის დადგმა და ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა სხვას არავის მოუხერხებია, რუკიდან გამქრალი ქვეყნის, საბჭოთა კავშირის არცერთ ფოტომემატიანეს. მერე რა, რომ სხვადასხვა ათწლეულებში გადაღებულ ფოტოებზე ვხედავ საკუთარ თავს, მერე რა, რომ ეს გოგოები და ბიჭები ჩემი თანატოლები არ არიან.

„როდესაც ანტანას სუტკუსი ლიტველ ბავშვებს გვაჩვენებს, მათში ყველა იმ ბავშვს ხედავს, ვინც კი ამ სამყაროში ცხოვრობს, – წერს წიგნის შემდგენელი ტომას შირმბიოკი, – მისი თვალთახედვით, ისინი საკუთარ პლანეტაზე ცხოვრობენ – ისეთ ადგილას, რომელსაც უფროსები ვერაფერს გაუგებენ და ვერც იქ მოხვდებიან ოდესმე. ბავშვთა სამყარო მთელი სისავსით აწვდის მას ადამიანურ ემოციებს, მეტიც, ეს ემოციები ბავშვებში უფრო გულწრფელია, ძალდაუტანებელია, ვიდრე უფროსებში“. ფოტოალბომის თვალიერებისას ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე რწმუნდები.

თავად ფოტოგრაფს კი უთქვამს: „ბავშვებს საკუთარი სამყარო აქვთ – თავისი კანონებით, წესებით, ბედნიერებითა და მწუხარებით. მასში მოხვედრა თუ გინდა, უნდა იგრძნო, რომ შენც ბავშვი ხარ. უფროსები და ბავშვები – სხვადასხვა ისტორიებია“. შეძლო და ამ სამყაროს გზა-შარაზე დაუღლელად იარა, ალღომ კი ერთხელაც არ უმტყუნა – მისი გადაღებული გოგოები და ბიჭები რაღაც ისეთს ჰყვებიან, რასაც მხოლოდ გრძნეულს მოუყვებოდნენ, საზღვრების გაქრობის მცოდნესა და ერთდროულად ორ ადგილას ყოფნაში დახელოვნებულს.

არც ანტანას სუტკუსის ბიოგრაფიაზე, არც საბჭოთა სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ. ამ ყველაფრის შეტყობა სულ მცირე ძალისხმევის ფასადაც კი შეიძლება. პატარა წერილში ადგილს ვერ ვპოულობ თუნდაც ერთ ფოტოს აღსაწერად, მაგალითად, 1964 წელს საბავშვო სიმღერის ფესტივალზე გადაღებული ბაფთიანი გოგოს დაძაბული სახის საჩვენებლად. მაინც რა ჩანს ამ სახეზე – შიში? შიშნარევი ცნობისმოყვარეობა? თუ იმ ადამიანის რთულად სახელდასარქმევი განცდა, ვისაც იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ორიოდე მბრწყინავ წერტილს მაინც ხედავს?

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი. ანტანას სუტკუსის „ბავშვები“. სხვა ალბომებიც, რომლებზე წერისასაც მთავარის მოხელთებას მაინც ვერ მოვახერხებდი.

წადით, ჩაისუნთქეთ ის ჰაერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი