სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გურული ფირალები – კომპლექსური დავალება

ამჯერად  კომპლექსური დავალების მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ,   უამრავი ინფორმაცია და რესურსია  მიწოდებული მასწავლებლებისთვის, დაიწყო და ახლაც გრძელდება ვებინარები კომპლექსური დავალებების აგების და განხორციელების შესახებ,   წინა სტატიაშიც გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები.   თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ კომპლექსურ დავალებების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე რომ კიდევ ბევრი საუბარი იქნება საჭირო ამაში უკვე ნახსენები ვებინარებიც მარწმუნებს. მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე  უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა, რითაც თვალნათელს გავხდით, რა საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რა ტიპის რესურსებს ვიყენებთ ამა თუ იმ კლასში, რა აქტივობებითა და სტრატეგიებს მივმართავთ კომპლექსური დავალებების განხორციელებისას.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთი კომპლექსური დავალების პრაქტიკული განხორციელების ეტაპებს.

ამ კომპლექსურ დავალებას თავისი პატარა ისტორიაც აქვს. ჯერ კიდევ 2021 წელს, როგორც ,,ახალი სკოლის“ მოდელის ქოუჩი, ,,ჩვენი საქართველოს“ გურიის მატრიცაზე ვმუშაობდი გეოგრაფიის და სამოქალაქოს ქოუჩებთან ერთად. მოგეხსენებათ, საგანი ,,ჩვენი საქართველო“ სწორედაც ამ სამი საგნის ინტეგრაციას წარმოადგენს სწავლების დაწყებით საფეხურზე. ქოუჩებმა ცნებები ,,საგნობრივი“ მიმართულებით გავინაწილეთ და შევუდექით მატრიცის წერას. მართალია ეს დაყოფა გარკვეულწილად პირობითია, თუმცა ,,ჩვენი საქართველოს“ საგნობრივი ცნებები შეიძლება  დავყოთ ,,ისტორიულ“, ,,სამოქალაქო განათლების“ და ,,გეოგრაფიულ“ ცნებებად. ცნებები ,,დრო“ და ,,საზოგადოება“  ისტორიისკენ იხრება, ,,მეურნეობა“ და ,,სივრცე“ გეოგრაფიული მიმართულებისაა,  ,,სახელმწიფო“ და ,,მრავალფეროვნება“ კი თითქოს სამოქალაქო განათლებისკენ მიიწევს. როგორც ხვდებით, მე ცნებები ,,დრო“ და ,,საზოგადოება“ ,,მერგო“.

რაც შეეხება კომპლექსური დავალების საკითხის შერჩევას, ფირალობაზე კომპლექსურის დაწერის ინსპირაცია ,,ჩვენი საქართველოს“ გზამკვლევმა მომცა, სადაც ,,ფირალობა გურიაში“ კომპლექსური დავალების ერთ-ერთ საკითხად მაგალითის სახით იყო მოცემული. ჰოდა, მეც ვიფიქრე, რატომაც არა მეთქი. მით უმეტეს რომ ლეგენდებით და რეალური ამბებით გაჯერებული ფირალობის დროინდელი ისტორიები მართლაც რომ საოცარია, იმავდროულად ტრაგიკული და ჰეროიკული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები საუკუნეების წინ არ ხდებოდა, თითქმის მივიწყებულია და  გურიაშიც იშვიათად თუ ვინმე ახსენებს.

ჩემი აზრით  ამას  თავისი  მიზეზები  აქვს და ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი,  ფირალებს თავის დროსაც განსხვავებულად აფასებდნენ, ამ თავზეხელაღებულ ადამიანებს პატივსაც სცემდნენ, შიშნარევადაც უყვარდათ და გულწრფელადაც, მაგრამ მტერიც ბევრი ჰყავდათ, ხალხის ერთი ნაწილი ყაჩაღებად, თავიანთი სოფლების ამრევებად თვლიდა, მათზე გამწარებული მთავრობა ხალხს რომ ემტერებოდა, ამაზეც ფირალებს სთხოვდნენ პასუხს. მოკლედ, სულ მთლად გმირები ხალხის თვალში არც თავის დროზე იყვნენ.  მეორე მიზეზი ალბათ ისაა, რომ ფირალობა, ისევე როგორც საქართველოს ისტორიის  ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კომუნისტური მმართველობის დროს   ისტორიის ,,აკრძალულ ფურცლებზე“ მოხვდა. შედეგად ეს დაუჯერებელი ისტორიები თითქოს  მიივიწყეს.  ალბათ ასეთი კითხვაც დაისმის, რამდენად ღირს ამ სისხლიანი მოვლენების გაცოცხლება მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისო, როგორ შეძლებენ ბავშვები ამ მოვლენის გაგებას, შეძლებენ თუ არა  ჩასწვდნენ ამ ტრაგიკული მოვლენის არსს. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ღირს, იმ ფორმით და იმ კუთხით, რომლითაც ამ ასაკის ბავშვებისთვის იქნებოდა მისაღები.

როგორც საგნობრივმა ქოუჩმა ეს  კომპლექსური დავალება რამდენიმე  სკოლის მასწავლებელთან თანამშრომლობის რეჟიმშიც განვახორციელე, მათთან ერთად შევიმუშავეთ თითოეული გაკვეთილისთვის აქტივობები და სტრატეგიები, რესურსები თავიდანვე ფრთხილად მქონდა შერჩეული, რომ ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო. საბოლოოდ რამდენიმე მცირე ზომის ტექსტი და ერთი 20 წუთიანი ვიდეო რესურსი შევარჩიე.

საგანი – „ჩვენი საქართველო“

კლასი – VI

თემა : გურია

საკითხი : ფირალობა გურიაში

ცნებები : დრო / საზოგადოება

ქვეცნებები : საზოგადოებრივი მოძრაობა, სოციალური პრობლემები, ეგზეკუცია

საფეხურის შედეგები : 1, 2, 8, 9, 12

კომპლექსური დავალება

ფირალობა წარსულში გურიაში გავრცელებული ტრაგიკული მოვლენა იყო.

ჩვეულებრივი გურული გლეხების ტყეში გახიზვნას და ყაჩაღობას  თავისი

მიზეზები  ჰქონდა და   თავის დროზე ძალიან მძიმე შედეგებიც მოჰყვა. გაეცანით

ინფორმაციებს ფირალობის შესახებ და დაწერეთ სტატია, რომელშიც გადმოსცემ ამ

ისტორიული მოვლენის შენეულ ანალიზს.

სტატიაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • საიდან ვიცით ფირალობის შესახებ? ( დრო მ.წ. 3);
  • როდის იყო გავრცელებული ფირალობა გურიაში, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მოვლენა? ( დრო მ.წ. 2);
  • როგორი დამოკიდებულება იყო ფირალობის მიმართ ადრე ? როგორ შეიძლება

შეფასდეს ეს მოვლენა დღეს ? ( დრო მ.წ. 1) ;

  • რატომ სარგებლობდნენ ფირალები საზოგადოების თანადგომით? ( საზ. მ. წ. 1,3)
  • როგორ შესაბამისობაში იყო ფირალობა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან და ღირებულებებთან? ( საზ. მ. წ. 2)

 

საკვანძო შეკითხვა – როგორ  გადმოვცე სტატიის საშუალებით გურიაში ფირალობის  გამომწვევი მიზეზები და შედეგები ?

 

მეორე ეტაპის ძირითადი აქტივობები

 

აქტივობა 1

გონებრივი იერიში – ფირალების შესახებ ასოციაციური რუკის შედგენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსწავლეების არსებული ცოდნა ძირითადად მწირი იყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები იხსენებდნენ, რომ ფირალები ყაჩაღები იყვნენ. იყო არარელევანტური პასუხებიც.

აქტივობა 2

რესურსი 1  – ვიდეო რესურსი ( რა დაგამახსოვრდათ?)

მოსწავლეებს ვაჩვენეთ ფილმის პირველი ნახევარი. მათ წინასწარ ვთხოვეთ, რომ დაემახსოვრებინათ ( თავიანთვის მოენიშნათ ) საინტერესო მომენტები / ინფორმაციები / ფაქტები, რომლებსაც ფილმის ჩვენების შემდეგ განვიხილავდით, გავაკეთებდით პირველად დასკვნებს, რომლებიც სტატიაში გამოგვადგებოდა.  ფილმის პირველი ნახევრის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა   გაიხსენეს  მათთვის საინტერესო ფაქტები და ისაუბრეს მათ შესახებ.

აქტივობა 3

რესურსი 2  –  ფირალობა და პირველი გურული ფირალები

მოსწავლეებს ვთხოვეთ  წაეკითხათ რესურსი, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში განვიხილეთ.

კითხვები

           ვინ იყვნენ პირველი გურული ფირალები?

           რომელი მწერალი იცნობდა კარგად ფირალების ცხოვრებას?

           რომელ გაზეთში აქვეყნებდა ეს მწერალი  წერილებს ფირალობის თემაზე?

           როგორ უყურებდა ადგილობრივი საზოგადოება ფირალობას?

           რა იყო საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიზეზი?

           რა შეხედულება შეგექმნა შენ?

აქტივობა  4

რესურსი 3 – ფირალობის გამომწვევი მიზეზები

მოსწავლეებმა  წაიკითხეს ტექსტი და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ფირალობის გამომწვევ მიზეზებზე, შევადგინეთ პრობლემების რუკა.

ძირითადი კითხვა

 

           რა აიძულებდა გურულ გლეხებს / აზნაურებს ტყეში გახიზვნას?

 

აქტივობა 5

რესურსი 1  – ვიდეო რესურსი ( რა დაგამახსოვრდათ?)

მოსწავლეებმა ნახეს ფილმის მეორე ნაწილი იმავე პრინციპით, რომ დაიმახსოვრებდნენ და ფილმის შემდეგ ისაუბრებდნენ მნიშვნელოვან ფაქტებზე / ამბებზე / მოვლენებზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება დავაფიქსირეთ დაფაზე.

 

აქტივობა  6 – ილუსტრაციები

ეს დავალება მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით მივეცით.  მოსწავლეებს ვთხოვეთ კარგად დაფიქრებულიყვნენ უკვე მოსმენილ და წაკითხულ ინფორმაციებზე, ამოერჩიათ ერთი დასამახსოვრებელი ამბავი / მომენტი, რომელსაც გადმოსცემდნენ ილუსტრაციების სახით, ილუსტრაციები მოსწავლეებს სიტყვიერადაც უნდა აღეწერათ.

 

აქტივობა 7

რესურსი 3 – ფირალობის, ფირალების და გურულების მიმართ დამოკიდებულება

 

მოსწავლეებმა წაიკითხეს  რესურსი, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო ფირალების მიმართ იმდროინდელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე და დისკუსიის რეჟიმში, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მოსწავლეებს ყურადღება გავამახვილებინეთ სტერეოტიპული აზროვნების უარყოფით მხარეებზე. ამ შემთხვევაში საუბარია მაშინდელ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებაზე  გურულების მოძალადეობრივ ხასიათის თაობაზე.

 

სადისკუსიო კითხვა

           რატომ  თანაუგრძნობდა ადგილობრივი საზოგადოების უმეტესობა ფირალებს?

 

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ იკვეთებოდა ეპოქის სულისკვეთება, რაც გამოიხატებოდა მთავრობის ძალადობრივ პოლიტიკაში ხალხის მიმართ. ასეთ  ფონზეც ფირალობა იკვეთებოდა, როგორც საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ასევე ძალადობრივი   ხასიათის პროტესტის ფორმა. შესაბამისად ლოგიკურ ახსნას პოულობდა საზოგადოების უმეტესობის სიმპათია ფირალების მიმართ, თუმცა განხილვებში იკვეთებოდა ის გარემოებებიც, რაც საზოგადოების ერთ ნაწილს ფირალების მიმართ ნეგატიურად განაწყობდა (მაგ;  ეგზეკუციები სოფლებში ფირალების მომრავლების გამო).

 

აქტივობა  8

შემოქმედებითი წერა

მოსწავლეებს გავუნაწილეთ  ქვემოთ დასახელებული პერსონაჟების როლები, ვთხოვეთ     თავი წარმოედგინათ ამ პერსონაჟად და დაეწერათ მცირე მონოლოგი პერსონაჟის თვალთახედვის კუთხიდან. მონოლოგში პერსონაჟები რასაკვირველია  ისაუბრებდნენ ფირალებზე და ფირალობაზე :

გამოგონილი პერსონაჟები

,,ფირალი“;

,,გურული თავადი“;

,,რუსი ჩინოვნიკი“;

,,გურული გლეხი“

მოსწავლეებმა ამ დავალებას ურიგოდ არ გაართვეს თავი, ისინი მშვენივრად შევიდნენ წარმოსახვითი პერსონაჟების როლებში და ხშირ შემთხვევაში გურული იუმორითაც გადმოსცემდნენ თავიანთ სათქმელს.

 

აქტივობა  9

დისკუსია –

ვინ იყვნენ გურული ფირალები _ მოძალადეები თუ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლები?  ( კავშირი დღევანდელობასთან – სოციალური სიდუხჭირე და კრიმინალი)

 

კომპლექსური დავალების ძირითადი აქტივობები დისკუსიით დავასრულეთ. მოსწავლეებისთვის არ გვითქვამს, რომ მათ აუცილებლად აერჩიათ პოზიცია და შემდეგ ამ პოზიციიდან ესაუბრათ. მათ საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება იმგვარად როგორც  სურდათ, თუმცა ვთხოვეთ, საუბრისას თავიანთი მოსაზრებების კონკრეტული მაგალითებით გამყარება, რაც  შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაში დაეხმარებოდა. ამასთანავე მოსწავლეებს ვთხოვდით ფირალობა თანამედროვე კონტექსტითაც განეხილათ.  მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ თანამედროვეობასთან კავშირების დამყარება, მათ საკმაოდ იოლად ამოიცნეს საერთო ნიშნები ( მაგ;  სიღარიბე საზოგადოების საკმაოდ დიდ ფენაში ), აგრეთვე განსხვავებები ( მაგ; შიდა და გარე ემიგრაციაში წასვლა ძალადობრივი მოქმედებების ნაცვლად ).

 

ძირითადი კითხვები

 

           რომელი არგუმენტები გამოდგება ამა თუ იმ პოზიციის დასაცავად?

           როგორ შეიძლება პარალელების გავლება  დღევანდელობასთან?

 

დასასრულს, მასწავლებლებს რასაკვირველია შეუძლია გამოიყენონ როგორც  ეს კონკრეტული კომპლექსური დავალება, მოახდინონ მისი მოდიფიცირება,  ამასთანავე სხვა კომპლექსურ დავალებებში გამოიყენონ განხილული კომპლექსური დავალების ესა თუ ის აქტივობა და სტრატეგია.

 

 

 

რესურსების ფაილი – გურული ფირალები.docx

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“