სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია…“

დავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძეზე ვწერ, ხელოვნების ამ კორიფეზე, საამაყო ადამიანზე, მოღვაწეზე არა მარტო მხატვრობის, არამედ ხელოვნების ისტორიისა თუ თეორიის, ქართული ისტორიოგრაფიის, კინემატოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად ამ გენიალური შემოქმედის ღვაწლს…

დავით კაკაბაძე ის შემოქმედი იყო, რომელშიც სრულყოფილად გამოვლინდა არა მარტო ეროვნული, არამედ თანამედროვე კულტურის სულიც, ხელოვნების მწვერვალებს რომ იპყრობს. იგი იყო შენაკადი ლიტერატურისა და ხელოვნების იმ მძლავრი დინებისა, რომელიც მე-20 საუკუნის ათიანი წლების შუახანებიდან მოყოლებული იგრძნობოდა, გამოიკვეთა რა საქართველოს მძიმე საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეების მნიშვნელობა თვითდამკვიდრებისათვის. მხატვრობაში ესენი იყვნენ: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, გრიგოლ მესხი, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი. ისინი იყვნენ არა მარტო შემოქმედნი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი ადამიანებიც. ამ დროს იხსნება მხატვრების მიერ უნიკალურად მოხატული, ქართველ ლიტერატორთა თავშეყრის ადგილი „ქომერიონიც“. 1919 წელს გამართულ გამოფენაზე კი დავით კაკაბაძის შემოქმედებამაც გაიბრწყინა, გაამჟღავნა მხატვრის რჩეულობა. ამავე წელს დავით კაკაბაძე ლადო გუდიაშვილთან ერთად ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა პარიზში.

დავით კაკაბაძე ფართო ინტერესებისა და პროფილის შემოქმედი იყო. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხების შესწავლა-დამუშავებას. სწავლობდა კიდეც ფილოლოგიის ფაკულტეტზე პეტერბურგში, სადაც მას დიდ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფი ივანე ჯავახიშვილი, ზრუნავდა მის მატერიალურ კეთილდღეობაზეც. ივანე ჯავახიშვილის დავალებით მხატვარი ხელნაწერთა და კედლის მხატვრობის ასლებს ასრულებდა და მუშაობდა გამოკვლევაზე ქართული ორნამენტის შესახებ. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობის ნაყოფიერ წლებში გამოჩნდა დავით კაკაბაძის შემოქმედების ფართო დიაპაზონი, რომელმაც ის ქართველ ხელოვანთა შორის სრულიად გამორჩეულ მოვლენად აქცია.

1918 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისაა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარი „იმერეთი-დედაჩემი“, როგორც სიმბოლო დედისა და სამშობლოს ერთიანობისა. ამ ნახატში მხატვრულ ძიებათა მთელი მრავალფეროვნებაა: აქაა რეალიზმიც, პირობითობაც უკანა პლანისა (ტონთა მონაცვლეობა პლანებისა და მათი გამაერთიანებელი, კოლორიტის განმაპირობებელი ღრმა მწვანე ფერი), სივრცის პრობლემაც, რომელზეც მხატვარი აქცენტს აკეთებდა მთელი თავისი შემოქმედებით. იშვიათი ემოციურობაა აქ, დედის ფიგურის ლაკონიურობა და იმერეთის პეიზაჟის დეკორატიული მოზაიკურობა, თითქოს ათასჯერ ნანახიც და სწორედ დავით კაკაბაძისეული განუმეორებლობით ნაგრძნობიც. აქედან დაიწყო კაკაბაძის ცნობილი ციკლი, იმერეთისადმი მიძღვნილი, სიბრტყითი გადაწყვეტებითაც და საოცარი სივრცობრივი შთაბეჭდილებებითაც. როგორც ვთქვით, 1919 წელს დავით კაკაბაძე უკვე პარიზს მიემგზავრება, სადაც ის 1927 წლამდე ცხოვრობს. პარიზი, იმდროინდელი საყოველთაო კულტურული ურთიერთობების უკვე აღიარებული ცენტრი, დიდი სკოლა აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის. გამოიკვეთა მათი ინტერესები და მიზანი, ჩამოუყალიბდათ პროგრამა. დავით კაკაბაძე, ავანგარდისტული მიმართულებით გატაცებული, ქმნის გასაოცარ, მომხიბვლელ აბსტრაქტულ კომბინაციებს, მუშაობს ხელოვნების ისტორიის დარგში (მეცადინეობს ლუვრის ხელოვნებათმცოდნეობის ერთიან კურსებზე), აყალიბებს თანამედროვე ხელოვნების საკუთარ თეორიულ კონცეფციას (აქვეყნებს წიგნებს ქართულ ენაზე: „პარიზი“, „ხელოვნება და სივრცე“), მუშაობს კინემატოგრაფიაში სტერეოეფექტის შეტანაზე (მან მიაგნო საკუთარ სტერეოკინოს საიდუმლოებას, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის, ამერიკის, ბელგიის, დანიის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის საპატენტო ბიუროების მიერ). აღიარებაც მოვიდა. 1921 წელს დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე ლიკორნის გალერეაში „ქართველ მხატვართა გამოფენას“ აწყობენ. პარიზის პრესა კი ასე ეხმაურება სხვადასხვა გამოფენაზე გამოტანილ დავით კაკაბაძის ნახატებს: „წადით, ნახეთ ბატონ კაკაბაძის მხატვრობა… ბატონი კაკაბაძე გვავსებს რაღაც აზრით, ეს არ არის შაბლონური მხატვრობა…“. დავით კაკაბაძის ნახატები გაიგზავნა თანამედროვე ხელოვნების სანიმუშო გამოფენაზე ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში (1926 წ.) და გამოიფინება ჰანს არპის, ჟორჟ ბრაკის, მაქს ერნსტის, ვასილი კანდინსკის, პაბლო პიკასოსა და ჯინო სევერინის ნაწარმოებთა გვერდით, ანუ მე-20 საუკუნის მხატვრობის ამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შორის.

პარიზში დავით კაკაბაძეს მატერიალური პრობლემები, გაჭირვებაც ჰქონდა და იმ ადამიანთა შორის, ვინც მას მხარში ამოუდგა და ამხნევებდა, იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც მასში ხელოვნების ისტორიის შესწავლის სურვილს აღვივებდა: „განაგრძე ისე მუყაითად, როგორც დაიწყე შესწავლა“, – წერდა ის დავით კაკაბაძეს. მხატვრის ეპისტოლარული მემკვიდრეობა კი იშვიათ მასალას იძლევა მისი ნიკო მართან, ილია ზდანევიჩთან, ტიციან ტაბიძესა და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ურთიერთობის შესახებ.

დავით კაკაბაძე ჩამოდის რევოლუციური იდეებით მცხოვრებ საქართველოში, ე.წ. „პროლეტარული“ ხელოვნებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობებით სავსე პროცესით. 1928 წელს დავით კაკაბაძე აწყობს გამოფენას, ერთგვარ ანგარიშს მისი უცხოეთში გატარებული წლებისა. და შედეგი?! „წმინდა ესთეტიზმად“ მონათლული მისი მხატვრობა კრიტიკისა და შეტევის წნეხის ქვეშ მოექცა იმდროინდელ პრესაში, რამაც მხატვარს დაათმობინა პოზიციები, რომლებსაც იგი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა აბსტრაქტული ტილოები მის შემოქმედებაში აღარ შექმნილა. ხოლო ეს გამოფენა დარჩა ერთადერთ პერსონალურ გამოფენად მის სიცოცხლეში.

დავით კაკაბაძის მხატვრობით აღტაცებულია კოტე მარჯანიშვილი და მას თანამშრომლობას სთავაზობს. ტოლერის სპექტაკლით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ დავით კაკაბაძე ქუთაისის თეატრით იწყებს ქართულ თეატრში მუშაობას, სადაც მან არა ერთი და ორი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა დროთა განმავლობაში.

1931 წელს კი დავით კაკაბაძემ დაასრულა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ (ამას წინ უძღოდა დიდი სამუშაო სცენარის დამუშავებისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ფოტოგრაფირება). ესეც კიდევ ერთი ასპექტი ამ დიდი შემოქმედის ნიჭიერების უნივერსალიზმისა…

დავით კაკაბაძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივად: კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა მოხსენებებით, წლების განმავლობაში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შემდგომ პრორექტორიც. თუმცა ორმოციანი წლების ბოლოს შემოქმედებითმა კონიუნქტურამ მისი შემოქმედება „ფორმალიზმის“ ტყვეობის ქვეშ მყოფად გამოაცხადა და 1948-49 სასწავლო წლიდან იგი გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან, რადგან „ვერ უზრუნველჰყო სტუდენტების სოციალისტური რეალიზმის მეთოდის საფუძველზე აღზრდა“. ასე რომ, ავტორიტარული რეჟიმის ხელოვნების დოგმატიზმმა, მხატვრული შემოქმედების დაუფასებლობამ „მოკლა“ დავით კაკაბაძის შემოქმედებითი აქტიურობა, დაამსხვრია მისი მხატვრული პოზიცია, ორგანული პრინციპები, რომლებსაც ათობით წლის განმავლობაში თეორიულად ასაბუთებდა. მისმა შემოქმედებამ დაკარგა ინდივიდუალიზმი მხატვრისა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი კონცეფცია სახვითი ხელოვნების განვითარებისა.

დავით კაკაბაძე ეკუთვნოდა იმ ხელოვანებს, რომლებმაც იციან სამყაროს საიდუმლო: „მხატვრული მხედველობა იმით გამოირჩევა ჩვეულებრივი მხედველობისგან, რომ პირველის საშუალებით ჩვენ ვაღწევთ ფორმის შინაგან მხარეს და ვხედავთ არათუ მარტო ფორმის გარეგნულ თვისებებს, არამედ ვცნობთ მის შინაგან თვისებებსაც. მხატვრული მხედველობის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით ბუნებას, და, ამავე დროს, ხელოვნების არსსაც. მისი საშუალებით ჩვენ ბუნების საიდუმლოების კარს ვხსნით, რომლის იქით მუდმივი სიცოცხლის წყარო იწყება“ (დავით კაკაბაძის ციტატაა). მას, ასეთი დიდი ერუდიციისა და დაკვირვების წყალობით, ჰქონდა შეხედულებათა სისტემა ფორმისა და შინაარსის, მხატვრული ნაწარმოების იდეის, სიუჟეტის ფერწერის ტექნიკის შესახებ. იგი ამბობდა, რომ ქართული ხელოვნება ძალიან ვიწრო ფარგლებში მოამწყვდიეს, აღარ ვიცნობდით მოწინავე მიღწევების წყაროს, ამიტომ ვეღარ განვიცდიდით თანამედროვეობის შინაარსს და დაკნინდა ორიგინალური აზროვნებაც.

ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დავით კაკაბაძე იწყებს ქართული ორნამენტის გენეზისის პრობლემებზე მუშაობას და ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვს გამოქვეყნებული გამოკვლევა „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები“, ხოლო შემდგომ „ბექა ოპიზარი“. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა და ადგილზე ეცნობოდა ძეგლებს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დავალებით შესრულებული ჰქონდა ძველი მინიატიურებისა და ფრესკების ასლები. მის არქივში დაცულია ასობით ფოტოგრაფია ქართული არქიტექტურის ძეგლებისა, რომელთა შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა მისი ფილმი „საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1951 წელს გადაიღო). სამწუხაროდ, ფილმი არ შემოგვრჩენია. იმ დროისთვის ხომ ეს პირველი ცდა იყო ქართული არქიტექტურული ძეგლების ასეთი მოცულობითი დემონსტრირებისა და იყო ნიმუში დავით კაკაბაძის დიდი პატრიოტიზმისა და მშობლიური კულტურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.

დავით კაკაბაძე იყო მოაზროვნე მხატვარი, რომლის როლი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დარგში დღემდე დაუფასებელია. მან პოეტურ განზოგადებამდე აამაღლა საკუთარი შემოქმედება, მისი განუმეორებელი, ქართული სული. ლადო გუდიაშვილი მის ავანგარდისტულ ნამუშევრებზეც ამბობდა, რომ „დაკვირვებულ თვალს კარგად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ეს სურათები არ ჰგვანან ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით, მე, მაგალითად, მათშიც ვგრძნობ საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერს, კოლორიტს“. სწორედ საკუთარი ქვეყანა იყო დავით კაკაბაძის, ამ გენიალური შემოქმედის, ნამოღვაწარის მასულდგმულებელი და დაუტოვა კიდეც მას უმდიდრესი განძი – საკუთარი ტილოები. ეს კი მისი წინასწარმეტყველებაა: „ჩემი სურათების მოქმედება მუდმივად იქნება ისტორიაში, მოქმედებით, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, კეთილშობილებით, სიმამაცით, გამბედაობით, ჩემი სურათები შემატებს ადამიანებს აზროვნებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, გამბედაობას“.

ეს იყო ადამიანი უნივერსუმი, რომელიც არც ეპოქამ დააფასა, არც კაცმა. მისმა სრულიად უნიკალურმა ნიჭმა შეწყვიტა განვითარება ზემოთქმულ გარემოებათა გამო, რადგან ის დრო არ „სუნთქავდა“, არც თანამედროვეობას უშვებდა საკუთარი, მასობრივი ხელოვნების „გაყინულ“ დოგმატებთან, არც ინდივიდუალიზმს სწყალობდა შემოქმედებაში. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა.

დრომ ვითომ ამ მხრივ პროგრესი მოიტანა?! „კარგი თუ გამოგვერია“, არ დავკორტნით ხოლმე ისევ? ხელის შემშველებელიც აღარავინაა, რადგან თითქოს კეთილდღეობის „მშიერმუცელა მონებად“ და გადარჩენის ინსტინქტით ატანილებად იქცნენ ადამიანები. წმინდას, ნაღდსა და ღირებულს უჭირს, თუ უჭირს დღეს!

ჩვენ გარდა, ვინაა ამაში დამნაშავე? რასაკვირველია, არავინ, რადგან ღმერთი ისევ უხვად „გვაბერტყავს“ ნიჭსა და შემოქმედებითობას.

საკუთარ სულებშია საძებარი ყველა ძნელბედობის მიზეზი, სუბიექტური იქნება ის თუ ობიექტური.

სიყვარული, ანუ საძირკველი ნებისმიერი ზნეობრივი დოქტრინისა, დავკარგეთ. ესაა მოკლედ ყველა ჩვენი უბედურების სათავეც: ღვთისა, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“