შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

 მუჰამედ მართალი

0

იესო ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით ექვსასი წლის შემდეგ ქვიშიან და ცხელ არაბეთში, ცხოვრობდა კაცი რომელსაც მუჰამედი ერქვა, მას მშობლიურ მხარეში კეთილშობილების გონიერების გამო მართალს  და სანდოს „ ალ ამინს“ ეძახდნენ. მას მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა კი  ექვსი წლისას, ბიძამ იშვილა და ვაჭრობა შეასწავლა.

იმ დროინდელი არაბები ციურ სხეულებს და ქვას სცემდნენ თაყვანს, რომელიც მათი რწმენით ასევე ზეციდან იყო ჩამოვარდნილი.   ამ დროს ჯაჰილიას- უმეცრების- ხანას უწოდებენ. „ ჩვენზე ღარიბი არავინ იყო,ბევრი ჩვენგანი საკუთარ ასულს ცოცხლად მარხავდა, რომ ჩვენი საჭმელი არ ეჭამა, შემდეგ ღმერთმა ცნობილი კაცი გამოგვიგზავნა“,-წერს მუჰამედის ერთ-ერთი მეომარი. არაბებს  თავისი ქარიზმითა და კეთილშობილებით სწორედ  მუჰამედი სწორედ რომ საჭირო დროს გამოუჩნდა.

მუჰამედის ტომის კურაიშის წევრები  სწორედ ამ ქვის „ ქააბას“  დარაჯები იყვნენ.მისი გვარი ჰაშიმიანი კი იმდროინდელ მექაში ყველაზე გავლენიანი ნამდვილად არ ყოფილა, წარმომავლობის მიუხედავად,  მუჰამედ მართალს მემკვიდრეობით სულ რამდენიმე აქლემი ერგო, ეს კი იმ დროსაც კი ძალიან მცირე ქონება იყო. ამიტომ მუჰამედი იძულებული გახდა ერთ მდიდარ კაცთან თხის არვეს მწყემსვა დაიწყო.

როგორც ყველა დიდი კაცის ცხოვრებაში მასაც მშველელად ქალი გამოუჩნდა.  ოცი წლის მუჰამედი მასზე ბევრად უფროსმა ხადიჯამ,  ქარავნების მთავარ  გამყოლად დანიშნა და მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. გაუჩინა ექვსი შვილი და ამასთან ერთად მისი უპირველესი მხარდამჭერიც იყო.

მუჰამედი ძლიერი შავთმიანი და შავწვერა კაცი ყოფილა, დიდ პატივივსაც სცემდნენ მშობლიურ მხარეში სანამ ის ახალ რელიგიას იქადაგებდა.

ქარავნებით ოაზისიდან ოაზისში სიარულისას მუჰამედი ბევრ იუდეველ და ქრისტიან პილიგრიმს ხვდებოდა რომლებიც იერუსალიმში თავთავიანთი ტაძრების მოსალოცად მიდიოდნენ. მათმა მონაყოლმა ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთზე მუჰამედზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ინტერესით ისმენდა ამბებს იესოზე და მარიამზე, აბრაამსა და იოსებზე.

ერთხელაც მუჰამედს  მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და ყურში მჭექარე ხმით ჩასძახა „ წაიკითხე“!  მუჰამედი შეძრწუნდა, მან კითხვა არ იცოდა.  მთავარანგელოზმა მეორედაც და მესამედაც გაუმეორა დ უბრძანა  უფალი ღმერთის სახელით ელოცა. სამი წლის შემდეგ ისევ გამოეცხადა შარავანდმოსილი  მიქაელ მთავარანგელოზი და მას ისევ უბრძანა : „ განადიდე უფალი შენი“.

სწორედ ხადიჯამ დაარწმუნა ქმარი ხილვის სიმართლეშიც და საკუთარ თავშიც.  მუჰამედმაც დაიჯერა რომ ის ღმერთის წინასწარმეტყველი იყო.

დაიწყო კიდევაც ქადაგება ერთადერთი და ყველაფრისშემძლე ღმერთის შესახებ, და მოსალოდნელი ჯოჯოხეთის შესახებ. ხალხი მას დასცინოდა, მისი მხოლოდ უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სჯეორდათ. „ წინასწარმეტყველებს“ თავიანთ ქალაქებში არ სწყალობენ“.  როცა მექელებმა მასში საფრთხე დაინახეს, სახლში მკვლელები მიუგზავნეს, მუჰამედი იძულებული გახდა „ იასრიბში“ გაქცეულიყო.

ამგვარ გაქცევას არაბულად „ ჰიჯრა“ ჰქვია და სწორედ აქედან დაიწყეს მუსლიმებმა თავიანთი წელთაღრიცხვა. როგორც ქრისტიანებმა ქრისტეს დაბადებიდან, ძველმა ბერძნებმა ოლიმპიური თამაშებიდან, რომაელებმა კი რომის დაარსებიდან.

მუჰამედი იასრიბში დიდი სიხარულით მიიღეს და მოგვიანებით თავიანთ ქალაქსაც „ მედინა“ ანუ წინასწარმეტყველის ქალაქი დაარქვეს. იასრიბელები მას მასპინძლობას სთავაზობდნენ და რადგან მუჰამედს არავის წყენინება არ უნდოდა პასუხობდა რომ იქით წავიდოდა საითაც მისი აქლემი გასწევდა. ეს ხომ ის კაცი იყო , ხელის ჩამორთმევის დროს პირველი არასოდეს გაუშვებდა.

მუჰამედი შთააგონებდა ახლად მოქცეულებს არავისი და არაფრის უნდა შინებოდათ გარდა ერთადერთი ღმერთისა „ ალაჰისა. რომ მის ყოვლისშემძლე ნებას უნდა დაჰყვნენ და დაემორჩილონ. ღვთისადმი ასეთ მორჩილებას, მინდობას არაბულად ისლამი ჰქვია და ამიტომაც მუჰამედმა თავის ახალ მოძღვრებას ისლამი უწოდა.    ის ერთი ღმერთის თაყვანისცემას, სამართლიანობასა და თანასწორობას, უმანკოების წეს ქადაგებდა. დავითს, სოლომონს, მოსეს, იესოს დიდ წინასწარმეტყველაბად აღიარებდა , თუმცა მიიჩენვდა ის მათზე უპირატესი იყო. ის ამბობდა რომ ვინც ამ მოძღვრებისთვის თავს გაწირავდა სამოთხეში მოხვდებოდა. ის კი სამოთხეს ყველასათვის საოცნებო ადგილად უხატავდა. ღარიბ არაბებზე რომლებსაც არაფერი ენახათ ქვიშის მეტი მზად იყვნენ სამოთხეში მოსახვედრად  თავის გასაწირად. ნელნელა ქვიშავით მრავლდებოდა მუსლიმების „ მინდობილების“ რიცხვი. მუჰამედმა ის ქალაქიც დაიპყრო საიდანაც გააძევეს, შური მხოლოდ ძველ კერპებზე იძია და არა იმათზე ვინც ის განდევნა. ყველა მხრიდან მოდიოდნენ  მასთან თაყვანის საცემად, კაცმა რომლისაც თავიდან მხოლოდ ცოლსა და მეგობრებს სჯეროდად, სიკდვილის წინ ორმოციათასი ადამიანის წინ იქადაგა. ისევ მოუწოდა მათ რომ არავინაა ღმერთი ალაჰის გარდა და ისაა მისი ერთადერთი მოციქული. მოუწოდა რომ ებრძოლათ ურჯულოების წინააღმდეგ, დღეში ხუთჯერ მექისკენ პირშებრუნებულებს ელოცათ და მუდამ მხნედ ყოფილიყვნენ. თხის მწყემსი, ვაჭარი და წინასწარმეტყველი ექვსასოცდათორმეტ წელს, სამოცდაორი წლისა გარდაიცვალა. გარდაიცვალა.

მინდობილმა არაბებმა მალევე პალესტინა, სპარსეთი და ეგვიპტე დაიპყრეს და მარავალი სისხლიც დაღვარეს მუჰამედის სწავლების გასავრცელებლად.  რომ არა კარლოს მარტელი ალბათ ევროპა ახლა მუსლიმური იქნებოდა.

დაგვიპყრეს ჩვენც, მუსლიმები ვერ გაგვხადეს , მიუხედავად იმისა რომ ბაღდადელი მურვან ყრუ მოუძღოდათ. სამაგიეროდ ბევრი თავინათი სიტყვა დაგვიტოვეს :   ბულბული, ვადა, ზანდუკი, თაბახი, თილისმა, მიტკალი, სიფათი, ქათინაური და ბევრი სხვა..      დაგვიტოვეს მენლასაცხებლე აბო, ჩვენ ადიდებული ცხენისწყალი,  დავით და კონსტანტინე მხეიძეების, გობრონ მიქაელი დავახვედრეთ.  ისლამის გასავრცელებლად მუსლიმებმა ბევრი სისხლი დაღვარეს,  როგორც ქრისტიანებმა ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ისტორიის სისხლიანი ფურცლების გარდა არაბებმა დატოვეს „ ქიმია და ალგებრა, ჩინელებისგან ნასწავლი ქაღალდის წარმოება, არაბული ციფრები, თვითონ სიტყვა ციფრიც კი არაბული სიტყვაა. და ყველაზე მთავარი ყველა დროის, ყველა დროის ყველაზე მომხიბლავი ზღაპარი „ ათას ერთი ღამე“.

რაც შეგვეხება ჩვენ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება სხვა ხალხებისა თუ ღმერთების შესახებ, უფრო ნაკლები ადგილი იქნება ჩვენს გულში შიშისა და სიძულვილისთვის.

 

„ შეიძინეთ ცოდნა,. ეს საშუალებას აძლევს განათლების მფლობელს, განასხვაოს სწორი და არასწორი; გაინათოს გზა სამოთხისაკენ; განათლება არის მეგობარი უდაბნოში; გნათლება არის თანამგზავრი,  როცა უმეგობროდ ხარ; განათლება გვაბედნიერებს, განათლება გვამხნევებს გაჭირვებაში და გვიცავს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ ქადაგებდა მოციქული მუჰამედი განათლების შესახებ.

 

 

 

წერა ყველა ბავშვს შეუძლია

0

„ჩემი აზრით, წერა თვითგამოხატვისა და თვითაღმოჩენის ერთ-ერთი დამაკმაყოფილებელი, ღირებული და ეფექტური საშუალებაა“.

ვაიოლეტ ოკლანდერი

 

ბავშვობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურის კურსზე დავდიოდი. 90-იან წლებში გარეუბანში გაზრდილი გოგოსთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია და თვითგამოხატვის საშუალება. ერთხელ მასწავლებელმა დაგვავალა, მომდევნო შეხვედრისთვის დაგვეწერა თავისუფალი თემა ქარში მფრინავ ცელოფნის პარკზე. სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი და ვწუხდი, რა დამეწერა. ერთი წინადადებაც კი არ მაფიქრდებოდა. მახსოვს მტანჯველი შეგრძნება, რომ დავალებას თავს ვერ ვართმევდი. ეს მოგონება ამ სტატიაზე ფიქრისას ამომიტივტივდა და ახლა, როცა თავად ვასწავლი წერას, დავფიქრდი, როგორ შეიძლება დააბრკოლოს ბავშვი თუნდაც ერთმა წერითმა ინსტრუქციამ და მისი შფოთვის შესახებ მასწავლებელმა ვერასდროს შეიტყოს. საკუთარ ბავშვობასთან მიბრუნება მასწავლებლობისას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მიბიძგებს და წერის სწავლების მრავალფეროვანი ტექნიკის მოძიების სურვილს მიჩენს.

ჩემი ფიქრების კვალდაკვალ კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგითხროთ, რომელიც წერის სირთულის საილუსტრაციო მაგალითია. დილას ვკითხულობდი მეშვიდეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულს. თუ მთელი წლის შრომის შედეგის ჩვენებას განვიზრახავ, ამისთვის მეშვიდეკლასელი ანდრიას რვეული ნამდვილად არ გამომადგება გამოტოვებული დავალებების, გაკრული ხელნაწერის, გაუმართავი წინადადებების გამო, თუმცა მის რვეულში არის ჩანაწერები, რომლებმაც გული გამითბო, მასზე ფიქრებით ამავსო და დამარწმუნა, რომ შეფასებისას მხოლოდ იდეალურ შედეგზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რამდენიმე წინადადება გავხაზე კიდეც. ასეთი წინადადებები მაგონებს სერფინგის დაფას, რომელსაც რამდენიმემეტრიანი ტალღის ქვეშ შეუძლია გაძვრომა. მოსწავლის გულწრფელობით სავსე წინადადებებსაც შეუძლია, მასწავლებლის შფოთვა ჩააცხროს. მერე ჩემი ორი თვის ბიჭი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ. კლასელებთან ერთად მომავალი ანდრია რომ დავინახე, თვალწინ მისმა ჩანაწერებმა გამიელვა. ბავშვები გამომელაპარაკნენ, მე ანდრიას ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარე და გავახსენე დღის ათწუთიანი ჩანაწერი, სადაც წერს, რომ მის ტვინს კარანტინი დაემართა და საზღვრები ჩაეკეტა. ორივეს გაგვეღიმა. მერე ბიჭებმა საბავშვო ეტლი ლიფტამდე ამატანინეს და სადარბაზოში მარტო დარჩენილი ისევ ანდრიაზე ვფიქრობდი – ნეტავ, მართლა თუ ახსოვდა ის ჩანაწერი ან როდის გაიაზრებს მთელი სისავსით მასწავლებლის მცდელობას-მეთქი. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი ფიქრები, ზეპირი თუ წერილობითი კომენტარები მისთვის აუცილებლად იქცევა ზურგის ქარად.

წლის ერთ-ერთი დავალება ამგვარი იყო – უნდა დაეწერათ თავფარავნელი ჭაბუკიდან ლირიკული გმირის, გოგოს, დღიური. ანდრია წერს:

„დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო. ვზივარ წისქვილის კენწეროში და ვუყურებ ზღვის შემდეგ რომ დგას სახლი. იქ ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელიც ცოტათი მიყვარს. ვფიქრობ მასზე სულ“.

13 წლის ბიჭს ჩანაწერისთვის თავისივე სურვილით დაურთავს ნახატი – წისქვილი, ზღვის ტალღებში მისი ანარეკლი, მთვარე და ვარსკვლავები.

ანდრიას წერითი უნარების გამომუშავებამდე იყო ოთხწლიანი შრომა და მიდგომები, რომლებიც სწავლა-სწავლებისას თანდათან აღმოვაჩინე, მოვსინჯე, დავნერგე და ახლა უკვე მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია. „დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო“ – ამ წინადადებამ დროში დამაბრუნა, წარმოვიდგინე, როგორ ზის, ფიქრობს და წერს ანდრია. ამ ჩანაწერმა მისდამი თანაგანცდა გამიღვივა და უფრო მეტად შემაყვარა იგი.

ასე რომ, გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ ბავშვს წერა შევაყვაროთ, აუცილებელია:

* მივცეთ პირადი მაგალითი – თავად დავწეროთ ის, რასაც დავავალებთ;

* მოვუსმინოთ გულისყურით;

* მივცეთ აუდიტორიის (კლასის) წინაშე ნაწერის წაკითხვის საშუალება;

* შევაქოთ, წავახალისოთ;

* ვიპოვოთ წინადადება, რომელსაც მოსმენისას  ჩავიწერთ და უკუკავშირისას გამოვიყენოთ;

* დავუწეროთ განმავითარებელი კომენტარი;

* ყურადღება ნაკლებად გავამახვილოთ შეცდომებზე და რჩევები დიდი სიფრთხილით მივცეთ.

უბნის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი სახელად „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“, რომელიც ბავშვთა განვითარების მრავალ თემას ეხება. წიგნში ერთი თავი წერის სწავლებას ეთმობა. ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„ვფიქრობ, ბავშვებს ხშირად ეზარებათ წერა, რადგან სკოლები, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ მართლწერას, ფორმას, წინადადების აგებულებას, და ხელწერასაც კი. ეს ახრჩობს და გუდავს ბავშვის შემოქმედებით ნაკადს. ჩემი აზრით, გრამატიკა და მართლწერა უნდა განცალკევდეს ნამდვილი წერისგან, ცალკე ან, შესაძლოა, მოგვიანებით უნდა ისწავლებოდეს, მას მერე, რაც ბავშვი წერას გაუშინაურდება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლად ალაპარაკებული ბავშვისთვის პირველივე სიტყვაზე დაჟინებით რომ მოგვეთხოვა წინადადებების სრულყოფილი სისწორით დალაგება! ბავშვები სწორ ლაპარაკს გარშემო მყოფი მოზრდილების მიბაძვით სწავლობენ. თუკი ბავშვებს თავს დავანებებთ და არ შევაშინებთ, იმგვარადვე ისწავლიან წერას, როგორც ლაპარაკს სწავლობენ“.

ვაიოლეტ ოკლანდერი ამ მოსაზრებით გამოეხმაურა ჩემს ბოლოდროინდელ ფიქრებს. კერძოდ, მეშვიდეკლასელების საშინაო დავალებების კითხვისას უფრო და უფრო მიჭირდა გრამატიკული შეცდომების გასწორება – ბავშვების ნაწერში დატოვებული შესწორებები თითქოს „ყვიროდა“. ვდარდობდი, თვალიერებისას თვალში რომ მოხვდებოდათ გასწორებული სიტყვები და ჩემი დაწერილი სასვენი ნიშნები, ამას მათი შემოქმედებითი უნარები არ ჩაექრო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა შედეგს გამოიღებდა შეცდომების გასწორება? გაითვალისწინებდნენ თუ არა შემდეგში რჩევებს? როგორი ფორმა შემერჩია შეცდომებზე ყურადღების გასამახვილებლად? სტატიაში მოყვანილი მონაკვეთის წაკითხვისას მივხვდი, რომ გუმანი არ მღალატობდა და სწორი გზით მივდიოდი. წერის სწავლებისას მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რა არის ჩვენი მიზანი – ბავშვმა თავისი თავი გამოხატოს, გრძნობები გაასიტყვოს, გაგვენდოს, მოგვენდოს, გვიამბოს, გაგვეცნოს თუ ცარიელი ფურცელი მოგვიტანოს ან მისი წერითი დავალება მშობლისთვის თავსატეხად იქცეს?

ამგვარად, მთავარია, ბავშვებს წერის სურვილი გავუღვივოთ და ხშირად წერონ. დროსთან ერთად მათთვის აკადემიური წერითი უნარების გამომუშავებას აუცილებლად შევძლებთ.

აქვე უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება. კერძოდ, ხშირად მომისმენია, რომ კლასში რამდენიმე მოსწავლე გამორჩეულად კარგად წერს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ კლასის დანარჩენ ნაწილს წერა არ გამოსდის. ჩემი აზრით, ამის ხაზგასმა აუცილებლად ჩაუქრობს დანარჩენ მოსწავლეებს წერის სურვილს. ისინი აუცილებლად იგრძნობენ მასწავლებლის წინარეგანწყობას და დაიჯერებენ, რომ წერა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჯერ თავად უნდა ვირწმუნოთ მასწავლებლებმა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია და შემდეგ ბავშვებიც დავარწმუნოთ ამაში.

მაინც როგორ მოვახერხოთ მცირე საგაკვეთილო დროში ყველა მოსწავლეს გავწვდეთ, ყველა წერის სურვილით ავანთოთ?

  • დავიწყოთ საკუთარი აზრის ერთი წინადადებით ჩამოყალიბების სწავლებით. ამისთვის ხშირად ვთავაზობ წინადადების დასრულებას, მაგალითად:

ჩემი აზრით, ეს სიტყვა ნიშნავს…

ჩემი აზრით, ყუთში დევს…

შემდეგ ყველა ბავშვი კითხულობს საკუთარ მოსაზრებას. ამგვარად თითოეულის მოსმენას და უკუკავშირს ვახერხებ. ძალიან მიყვარს, როდესაც საშინაო დავალების რვეულების თვალიერებისას საკუთარი აზრის გამომხატველი საკლასო ჩანაწერები მხვდება:

  • ასეთივე დატვირთვისაა, როდესაც წერენ მოთხრობის სავარაუდო გაგრძელებას ან წიგნის სათაურის მიხედვით მთავარი თემის გამოცნობას ცდილობენ.
  • შევთავაზოთ მკაფიო ინსტრუქცია, ერთგვარი ქარგა, რომლის მიხედვითაც გაუადვილდებათ აზრის ჩამოყალიბება, აბზაცების გამოყოფა. ბავშვები სიხარულით წერენ შეთავაზებული ქარგის მიხედვით დღის ჩანაწერებსა და პირად წერილებს:

  • დავასრულებინოთ წინადადებები – ამ მეთოდის შესახებ ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„დაუსრულებელი წინადადებების დასრულება საუკეთესო გზაა ბავშვების წასაქეზებლად, რომ გააკეთონ დეკლარაციული განაცხადი საკუთარ თავზე, გაიაზრონ თავიანთი ნატვრები, სურვილები, საჭიროებები, იმედგაცრუებები, ფიქრები, იდეები და გრძნობები“.

მეც ხშირად მივმართავ ამ მეთოდს და დიდი ინტერესით ვეცნობი ბავშვების ნაწერებს. ვაიოლეტ ოკლანდერი დაუსრულებელ წინადადებებსაც გვთავაზობს:

„უსამართლობაა, როცა… მიხარია, როცა… ვდარდობ, როცა… სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არის… საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის… მე რომ მასწავლებელი ვიყო… ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ არის…“

 

  • კომენტარი – წერილობითი კომენტარის დაწერა ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას, ბავშვებს უადვილდებათ შეფასება, პარალელების გავლება, უკეთესად ამახსოვრდებათ მოვლენების განვითარება. ამასთანავე, წერილობითი კომენტარი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რაც გულისხმობს აზრის განვითარებას, წინადადებების ლოგიკურ გადაბმას:

  • პერსონაჟის მესენჯერ-ჩატი ბავშვების ინტერესებს მორგებული წერითი დავალებაა. ვინაიდან სოციალურ ქსელს ყოველდღიურად იყენებენ, მას მარტივად უკავშირებენ ლიტერატურულ ტექსტს. მასწავლებლისთვისაც სახალისოა, როდესაც მოსწავლის რვეულში აბესალომისა და ეთერის, პირქუშისა და ხოგაის მინდის წარმოსახვით მიმოწერას კითხულობს:

  • შევავსებინოთ გასასვლელი ბილეთები. გასასვლელი ბილეთების ქარგას ხშირად ვცვლი. რესურსებს ყოველთვის ვინახავ და გასასვლელ ბილეთებს ყველაზე ხშირად ვუბრუნდები. ვფიქრობ, ღია კითხვები და დაუსრულებელი წინადადებებისგან აკინძული ბილეთი ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს, შთაბეჭდილებები წერილობით გამოხატოს.
  • თავისუფალი თემა. თავისუფალი თემის დაწერამდე ზემოთ ჩამოთვლილი წერილობითი აქტივობებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. თუ ხშირად ვაწერინებთ ბავშვებს, თავისუფალი თემის დაწერა გაუადვილდებათ.
  • დღიური. პერსონაჟთა დღიურიდან პირადი დღიურის წერამდე ერთი ნაბიჯია. პირადი მაგალითისთვის ხშირად ვიყენებ ჩემი ბავშვობის დღიურებს და ხმამაღლა ვუკითხავ ჩანაწერებს.

ამგვარი მუშაობის შედეგად აუცილებლად მივალთ ვრცელი წერითი ნაშრომების დაწერამდე. ვგულისხმობ არგუმენტირებულ და ანალიტიკურ ესეებს, საკონფერენციო და საკონკურსო თემებს. მრავალფეროვანი მეთოდების დასწავლის შემდეგ ბავშვები თავად ირჩევენ საყვარელ წერით ინსტრუქციას. მათ რვეულებზე დაკვირვებისას ვამჩნევ, რომელი წერითი აქტივობა მოსწონთ. რაც მთავარია, ყველამ უნდა მიაგნოს მათთვის საინტერესო დავალებას, ძიებისას კი მასწავლებლის თანადგომა სჭირდებათ.

სტატიას კიდევ ერთი პირადი მაგალითით დავასრულებ. ერთ მშვენიერ დილას, სანამ ჩემს შვილებს ეძინათ, აგუსტინ ფერნანდეს პასის „მეკობრეთა სკოლას“ ვკითხულობდი. ამ ბოლო დროს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა თანამედროვე ესპანურენოვანი საბავშვო წიგნები, რომლებიც ჩემმა მეგობარმა, თინა ბატიაშვილმა, შესანიშნავად თარგმნა. ერთი სული მაქვს, სანამ თინას თარგმანებისთვის დროს მოვიხელთებ ხოლმე. ჩემი სტუდენტობის დროინდელი დღიური გადავსებულია თინას ჩანაწერებით. ახლა კი მისმა შესანიშნავმა წერის უნარმა თარგმანებში გაიბრწყინა.

ვკითხულობ „მეკობრეთა სკოლას“ და იმდენ საერთოს ვხედავ მთავარ პერსონაჟთან, მასწავლებელ ანასთან, მიხარია. გაბმული წვიმების გამო გალისიაში მოსწავლეები და მასწავლებელი ერთნაირად გაბეზრებულან. ანა მასწავლებელი პროგრამას არ მიჰყვება, მარტას და მის კლასელებს ზღაპრებს უამბობს, მათთვის საინტერესო თემაზე დიდხანს ჩერდება, რის გამოც დირექტორი საყვედურობს. ბავშვები განიცდიან დირექტორის აგრესიისგან ჩამქრალი ანა მასწავლებლის დანახვისას, თუმცა იციან, რომ მათი საყვარელი ადამიანი მალე დაივიწყებს უსიამოვნო შეხვედრას და ჩვეულებისამებრ გააგრძელებს გაკვეთილს. მალევე შეამჩნევენ ძალიან უცნაურ რამეს – სკოლის შენობის ამოძრავებას და მდინარის დინების მიმართულებით სვლას. მეტს აღარ მოგიყვებით. „მეკობრეთა სკოლა“ უკარგესი წიგნია ბევრი საგულისხმო მომენტით, წიგნის მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ სკოლა დაუვიწყარი თავგადასავლების ადგილი უნდა იყოს.

„თუ არ ვცდები, სწორედ თქვენ ხართ ის ძრავა, რომელიც ამ შენობას ამოძრავებს. წარმოსახვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სინამდვილეში, ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მით უმეტეს, თუ ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებენ… თქვენ „საშიში“ პიროვნება ხართ, მეგობარო. ერთ რამეს ვერ ვხვდები: ეს ყველაფერი მოსწავლეებს თქვენ ჩააგონეთ თუ, პირიქით, მათ ჩაგაგონეს? თუმცა ამ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – ამ სიტყვებს ანას სკოლაში განვითარებული მოვლენების გამოსაკვლევად მისული ანიტა ეუბნება.

ვკითხულობ და გული მითბება. მერე რა, რომ წიგნში შევხვდი ადამიანს, რომელმაც იმ დილას ანასთან ერთად მეც გამამხნევა. დიახ, მასწავლებლები ნამდვილად ვართ ჯადოსნური თავგადასავლების მამოძრავებელი ძრავები – ეს შედარება ძალიან მომწონს, ვჩერდები, ვფიქრობ და მეღიმება.

რამდენიმე ფურცელი მაშორებს თხელტანიანი წიგნის დასასრულს. ვამჩნევ პატარა ბარათებს, რომლებზეც ჩემი მოსწავლეების ნაწერებია. ეტყობა, რომელიმე გაკვეთილის დასრულების შემდეგ „მეკობრეთა სკოლაში“ ჩავდე და აქ შემორჩა. მაინტერესებს, რა წერია, მაგრამ გადავწყვიტე, წიგნის დასრულების შემდეგ წავიკითხო.

„უკვე იცოდა, რამხელა ძალა ჰქონდათ მათ ყველას ერთად“. –

წიგნის ბოლო აბზაციც მიილია. ისევ მეღიმება კითხვით მოგვრილი სიხარულისგან. ვიღებ ბარათებს და პირველივე წინადადება სახეს ცრემლებით მისველებს: „ლელა მასმა გაიღიმა“, – თავბრუს მახვევს მეხუთეკლასელი ლიზის ნაწერი. ლიზი ის გოგოა, შესვენებებზე რომ მოდიოდა და მეკითხებოდა: შეიძლება, ჩაგეხუტოთო? ლიზის თითქოს მუხტავდა ჩახუტება და ჩემს ენერგიას გაკვეთილებზე მიიყოლებდა. ახლა კი ის სულ ერთი წინადადებით ჩემთან ერთად არის და მე მართლა ვიღიმი სკოლის, ბავშვების, ჯადოსნური თავგადასავლების გამო.

მერე დანარჩენ ბარათებს ვკითხულობ. მახსენდება დავალების ინსტრუქციაც. პირველი სემესტრის დასაწყისში ბავშვებს შევთავაზე, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთი წინადადებით დაეწერათ, რა გაუხარდათ იმ დღეს. აი, დანარჩენი წინადადებებიც:

„ბუნების გაკვეთილზე ძალიან ბევრი ვიცინეთ“.

„მე მომეწონა, რომ ბავშვები ერთობოდნენ“.

„ბუნების გაკვეთილი კარგად მოვყევი“.

„ჩემმა მეგობრებმა მომაკითხეს და ბევრი ვილაპარაკეთ“.

„მასწავლებელს ჩემი საჩუქარი მოეწონა“.

„ბუნება ვისწავლე“.

„ბარათები მოგვცეს კალათბურთის და ცეკვის“.

„დღეს მასწავლებელს შევეცოდეთ, როგორ დაიღალეთო და დავალება არ მოგვცა. ჩვენი ყველაზე საყვარელი და კეთილი მასწავლებელი“.

მინდა, ამ ნაწერების ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანა და გულში ჩახუტება შემეძლოს. ნამდვილად ყველა ბავშვს შეუძლია წერა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ოკლანდერი, ვაიოლეტ. ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ. თარგმანი მარიამ და ნინო ქაჯაიებისა. რედაქტორები – მზიკო დალაქიშვილი, გვანცა შუბითიძე. გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020.
  2. პასი, ფერნანდეს ავგუსტინ. მეკობრეთა სკოლა. თარგმანი თინა ბატიაშვილისა, რედაქტორი – ნინო ილაშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2023.

ბავშვები და მეგობრობასთან დაკავშირებული პრობლემები

0

 

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და მათი სწავლა-აღზრდით არის დაკავებული, დამეთანხმება, რომ პრობლემები მეგობრულ ურთიერთობაში ძლიერ გავლენას ახდენს მოზარდის ქცევასა და სწავლაზე.

მეგობრობასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს ეჯახებიან ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ მოგვარებაში?

* ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, რაც ხელს უშლის მეგობრების შეძენაში. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვთარებაზე მცირე ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. თუ ეს დროულად არ გავაკეთეთ, მოგვიანებით ისეთ პრობლემებს შევეჯახებით, რომელთა დასაძლევად გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.

ბავშვები ერთმანეთთან კომუნიკაციას ჯერ კიდევ ენის ამოდგმამდე იწყებენ. 6-დან 18 თვემდე ასაკის პატარებს, როგორც წესი, უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან არავერბალური ურთიერთობა, რომ გაიცნონ, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და თავიანთ თამაშში ჩართონ. დაახლოებით ერთი წლის ასაკში მათ შეუძლიათ, დაამშვიდონ მათზე უმცროსი შეშინებული ბავშვი. თუმცა ასეთი ურთიერთობები ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მეგობრობად. სამ წლამდე ასაკის ბავშვები ამჯობინებენ სხვა ბავშვების გვერდით, მაგრამ არა მათთან ერთად თამაშს. ამ პროცესს პარალელური თამაში ეწოდება. ამ დროს საფუძველი ეყრება სოციალური უნარების განვითარებას, ხოლო პირველი მეგობრები, რომლებსაც ბავშვი ახლობელ ადამიანებად აღიქვამს, მას სამი წლიდან უჩნდება. ამ ასაკში უკვე შეიძლება, მივიყვანოთ პატარა საბავშვო ბაღში ან რომელიმე წრეზე, რათა მიეჩვიოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და მათთან კონფლიქტების მოგვარებას. ის თანდათან მიხვდება, ვისთან უფრო მოსწონს მეგობრობა.

* არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს, მიუხედავად ასაკისა (უკვე სამი წლისაა) და იმისა, რომ უფროსებთან კომუნიკაცია არ უჭირს, თანატოლებს შორის მეგობრები არ ჰყავს. გავითვალისწინოთ, რომ სამი წლის შემდეგაც ყველას არ უნდა სხვა ბავშვებთან თამაში. ზოგიერთს ურჩევნია, უწინდებურად მარტო გაატაროს დრო, ზოგს ურთიერთობა ძალიან ღლის. ეს ნორმალურია. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია – ერთს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს თანატოლებთან დასაახლოებლად, მეორეს კი გაცილებით ნაკლები. თუ პატარა უკვე დადის საბავშვო ბაღში, ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში შეგვიძლია, უქმე დღეებში მისი ჯგუფელები სტუმრად მოვიწვიოთ. ასე სხვა ბავშვების მშობლებსაც უფრო ახლოს გავიცნობთ.

არ არის საჭირო ხმაურიანი წვეულებების გამართვა, სანამ ბავშვს არ ჩამოუყალიბდება ურთიერთობათა მყარი, სტაბილური წრე.

თუ პატარა ჯერ კიდევ არ დადის საბავშვო ბაღში, წაიყვანეთ ხოლმე სათამაშო მოედანზე, შეძლებისდაგვარად დაასწარით განმავითარებელ მეცადინეობებს, წრეების, სპორტული სექციების მუშაობას. რა თქმა უნდა, ბავშვი მაშინვე ვერ მიხვდება, რომ სხვა ბავშვები, რომლებსაც ის თავის გარშემო ხედავს, შესაძლოა მისი მეგობრები გახდნენ, მაგრამ შეეჩვევა თანატოლების გარემოცვას და აუცილებლად დაიმახსოვრებს იმათ, ვინც განსაკუთრებით მოეწონება. მთავარია, არ ვაიძულოთ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ვინმესთან ურთიერთობა. თუ მას ახლა მხოლოდ ჩვენთან თამაში სურს, ამაში საგანგაშო არაფერია.

* ბევრს პრობლემად მიაჩნია, რომ მის მოზარდ შვილს მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს. მაინც რამდენი მეგობარი სჭირდება ბავშვს? ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე, საცხოვრებელ პირობებზე, კომუნიკაციის საჭიროებაზე, ურთიერთობის მოთხოვნილებაზე. ზოგისთვის ერთი მეგობარიც საკმარისია, ზოგს კი დიდი კომპანია სჭირდება, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლება, დავასახელოთ მიხლოებითი რიცხვი. მოზარდი უნდა ურთიერთობდეს სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური სტატუსის, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებთან. მისი მეგობრები შეიძლება იყვნენ მეზობლები, მასთან ერთად სხვადასხვა წრეზე მოსიარულე ბავშვები, მასზე უფროსები ან მასზე უმცროსები. ასე რომ, მას ხუთი მეგობარი მაინც უნდა ჰყავდეს, მათ შორის – მეგობარი მეზობელი, მეგობარი სპორტსმენი, მასზე უფროსი ასაკის მეგობარი, საპირისპირო სქესის მეგობარი და მეგობარი, რომელსაც ბავშვი თავად აირჩევს. რაც უფრო მრავალფეროვანია მეგობრების წრე, მით უფრო მდიდარია ბავშვის ემოციური გამოცდილება.

ნუ მოვახდენთ ზეწოლას ბავშვზე, ნუ ვაიძულებთ იმეგობროს ამა თუ იმ თანატოლთან, უბრალოდ დავუკვირდეთ, როგორ შეიცნობს სამყაროს ჩვეული ოჯახური წრის მიღმა კომუნიკაციის გზით.

* არის შემთხვევები, როცა ბავშვს არ სურს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ ინტერესდება უფროსი ბავშვებით. ბევრ აღმზრდელს ეს საგონებელში აგდებს. მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ, დართონ თუ არა აღსაზრდელს უფროსი ასაკის ბავშვებთან მეგობრობის ნება, წაახალისონ თუ არა მათი ურთიერთობა. უფროსი ძმებისა და დების, მათი მეგობრების, ოჯახის მეგობრების შვილების წრე მოზარდს ხშირად უფრო მიმზიდველი და საინტერესო ეჩვენება – უფროს ბავშვებს ხომ მეტი თავისუფლება, მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევა აქვთ. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით ჩვენ ძალიან მალე შევამჩნევთ, რა შედეგი მოაქვს უფროსებთან მის მეგობრობას – შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, უფრო სერიოზული ან პირიქით – უხეში, მოჩხუბარი, აგრესიული. მხოლოდ ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ შეიძლება გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა უფროსებთან ბავშვის მეგობრობის წახალისება.

* ბავშვი პრობლემებს ეჯახება მაშინაც, როცა მეგობრად ირჩევს თანატოლს, რომელიც მის მშობლებს არ მოსწონთ. როგორ მოვიქცეთ – ავუკრძალოთ მასთან ურთიერთობა თუ არ ჩავერიოთ? ხანდახან ჩვენ, უფროსები, იმთავითვე უარყოფითად ვართ განწყობილი ბავშვის ახალი მეგობრის მიმართ, თუმცა მას შესაძლოა არც კი ვიცნობდეთ. გვეჩვენება, რომ ის ჩვენი შვილის შესაფერი არ არის – მეტისმეტად ხმაურიანია, ან მეტისმეტად წყნარი, მეტისმეტად დამოუკიდებელი ან მშობლებზე მეტისმეტად დამოკიდებული. შესაძლოა, ისიც გვაშინებდეს, რომ ეს ბავშვი სრულიად განსხვავდება ჩვენი შვილისგან. კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ განსხვავებული ბავშვები, როგორც წესი, დადებით გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, მშვიდები აგრესიულებს მრისხანების მოთოკვაში ეხმარებიან, მამაცები მშიშრებს უფრო გამბედავებს ხდიან.

* არის შემთხვევები, როცა კომპლექსები და ფსიქოლოგიური ტრავმები მოზარდს თანატოლებისგან იზოლირებას აიძულებს და მათთან დამეგობრებაში ხელს უშლის. მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხშირად ყალიბდება ოჯახში ბავშვზე გადაჭარბებული ზეწოლის გამო. შიში, რომ მშობლების მოლოდინს გაუცრუებს, ბევრ რამეში უშლის ხელს მოზარდს. მას ასევე გაუჭირდება მეგობრების შეძენა, თუ მშობლები გამუდმებით აკრიტიკებენ მის მეგობრებს, უკრძალავენ შვილს „ცუდ“ კომპანიასთან ურთიერთობას. საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უქონლობა, რომელთა გამომუშავებაც ბავშვობაში ვერ მოახერხა, ბუნებრივად ურთულებს მოზარდს თანატოლებთან დაახლოებას და დამეგობრებას.

* მეგობრული ურთიერთობისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი მიზეზია მშობლების ჰიპერმზრუნველობა – თუ ბავშვს გავანებივრებთ, მივალთ იქამდე, რომ ის შეეცდება, ურთიერთობის ასეთივე მოდელი დანერგოს გარეშე პირებთანაც, რომლებიც მზად არ არიან თამაშის ასეთი წესების მისაღებად.

* მეგობრული ურთიერთობების დამყარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს აგრესიამ, რომელიც ბავშვს ოჯახიდან მოჰყვება, თუ იქ მიღებულია ძალადობა, არაჯანსაღი კომუნიკაცია, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

 

თუ ბავშვი სოციალიზაციის პროცესში სირთულეებს შეეჯახა, კარგი იქნება, ვითარების გამოსწორება საკუთარი თავიდან დავიწყოთ. გვახსოვდეს, რომ ბავშვის ქცევასა და ღირებულებებზე გავლენას ახდენს გარშემო მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ცხოვრების წესი. ეს მეგობრობასაც ეხება. თუ ბავშვს არ აქვს მშობლებისა და მათი მეგობრების ურთიერთობის ჯანსაღი მაგალითი, ნაკლებსავარაუდოა, გაუჩნდეს თანატოლებთან დამეგობრების, სოციალურად აქტიური ცხოვრების სურვილი. მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ბავშვს, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკში, კონფლიქტებზე მეგობრებს შორის, მეგობრობასთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მეგობრების როლზე ადამიანის ცხოვრებაში; ავუხსნათ, რომ ურთიერთობაში მონაწილეობს განსხვავებული ინტერესების მქონე რამდენიმე ადამიანი, ამიტომ სხვისი თვალით ყურებაც უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყოველთვის არ არის მზად იმისათვის, რომ საკუთარ პრობლემებზე გვესაუბროს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, თავად განვიხილოთ მასთან მსგავსი მაგალითები ჩვენი ცხოვრებიდან. საუბრის კარგი დასაწყისი იქნება ბავშვისთვის რჩევის თხოვნა – ამით ვუბიძგებთ, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, მერე კი განხილავთ მას.

ამრიგად, თუ დროულად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, თუ განვითარების ადრეული პერიოდიდანვე აქტიურად ვიქნებით ჩართული მის ცხოვრებაში, მისი პიროვნების ფორმირებაში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, შვილს მეგობრობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ავაცილებთ თავიდან.

„ჩეხოვის თოფი“ ლიტერატურაში

0

გახსოვთ, რა თქმა უნდა, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ ნონაი რომ აფრთხილებს უტას, მორიელები დახოცოს. რამდენჯერმე მეორდება ეს თხოვნა სხვადასხვა ეპიზოდში. მანამდე რატის ვაჟის დაღუპვის ამბავიცაა ნახსენები ტექსტში – დიდოსტატის სასახლის წინა ბინადრის სიცოცხლე მორიელების ნაკბენს შეუწირავს. რომანის დასასრულს „სვეტიცხოვლის ცუდად აგებისთვის“ მკლავმოჭრილი ხელოვანი სწორედ მორიელების მსხვერპლი გახდება.

ყველამ ვიცით ანტონ ჩეხოვის ცნობილი დრამატურგიული პრინციპი: „თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მაშინ ბოლოში ეს თოფი უთუოდ გაისვრის.“ და თუ თოფი არ გვჭირდება, მაშინ ის არც უნდა გამოვიტანოთ სცენაზე. მხატვრულ ნაწარმოებში (ტექსტში, ფილმში, სპექტაკლში…) უმიზნოდ გაჩენილი ნებისმიერი დეტალი შინაარსის აღქმას აძნელებს.

ამ პრინციპზეა აგებული მთელი წყება ტექსტებისა ქართულ, და არამარტო ქართულ, კლასიკურ, და არამარტო კლასიკურ ლიტერატურაში…

ამ პრინციპზეა აგებული ზღაპრების უმრავლესობა.

ყველაზე ცნობილი მაგალითები გავიხსენოთ: ზღაპარ „ეთერში“ აბესალომი ეთერს სჩუქნის შავტარიან დანას წინდობისთვის. უცნაურია, არა? როდის იყო, ნიშნად შავტარიან დანას აძლევდნენ ბეჭდის ნაცვლად! ნაწარმოების ბოლოს მთავარი პერსონაჟი სწორედ ამ დანით იკლავს თავს:

„აბესალომის დანაო,

ჯიბეს მიდევხარ, განაო.

ამოვიღებ და დავიცემ

მარცხენა ძუძუსთანაო“…

ესეც – ჩეხოვის წმინდა დრამატურგიული პრინციპი.

ცოტა უფრო შორს წავიდეთ. ლევ ტოლსტოის „ანა კარენინაშიც“ ასეა: ნაწარმოების დასაწყისში სრულიად უცხო პერსონაჟი (რომლის ისტორიაც ტექსტისთვის არანაირად არაა საინტერესო) მატარებელს უვარდება და ისე კვდება. მთელი უზარმაზარი ტექსტის კითხვისას ერთგვარად გაურკვეველია, რაში სჭირდებოდა კომპოზიციის დიდოსტატს ეს ეპიზოდი. ყველაფერი მაშინ ლაგდება ტოლსტოისეულ სისტემაში, როცა ცხოვრების ასეთი აღსასრული რომანის მთავარ პერსონაჟს დაუკავშირდება.

აღარაფერს ვამბობ დეტექტიური ჟანრის ტექსტებზე, სადაც მთლიანი სიუჟეტი ამ ერთი დრამატურგიული პრინციპის გარშემო ტრიალებს.

თანამედროვე ბესტსელერების დრამატურგიული სტრუქტურის ამოსავალიც მსგავსია და შესაბამისი მაგალითების მოხმობა არც თქვენ და არც მე არ გაგვიჭირდება („ბეჭდების მბრძანებელი“, „ჰარი პოტერი“, „დიდი გეტსბი“…).

მწერლის სათქმელის ამოცნობასაც ხშირად აადვილებს ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, ესეც არის იდეის გასაღები, სხვა ელემენტებთან ერთად.

ჩემი წერილი ერთი ცნობილი კინოფილმის თენგიზ აბულაძის, „მონანიებიდან“ მაგალითებით მინდა, დავასრულო: 1. ვარლამ არავიძე პირველად რომ გამოდის ხალხის წინაშე, როგორც ქალაქის ახალი მერი, ფონზე ძალიან მკრთალად ყვავი და სახრჩობელა მოჩანს, ნიშნად იმ უბედურებისა, რომელსაც ის მოუვლენს საზოგადოებას. 2. თორნიკეს ბაბუა ვარლამი თოფს სჩუქნის. ნაჩუქარი იარაღი (წარწერით „სახსოვრად თორნიკეს ბაბუა ვარლამისაგან“) შვილიშვილს ოთახში, საწოლთან უკიდია. ეს სწორედ ის თოფია, რომელიც ფილმის ბოლოს გაისვრის – არავიძეების შთამომავლობას, გვარს ის მოუღებს ბოლოს.

ამ ფილმიდან (ისევე, როგორც ბევრი შესანიშნავი ნაწარმოებიდან) მაგალითების მოხმობა უხვად შეიძლება, თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ყველა მათგანის გახსენებას ადვილად შევძლებთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად.

 

მე – სამყარო

0

წიგნი, რომელზეც მინდა გიამბოთ, ჩვენზეა, უკლებლივ ყველაზე. როდესაც კრისტინ როშიპთეს „მოდი, ერთად დავითვალოთ“ ჩემს მოსწავლეებს წარვუდგინე, ვუთხარი, რომ ამ წიგნში ერთმანეთს აღმოვაჩენდით.

ა4 ზომის ფერადი წიგნი, რომლის გარეკანიდან მილეთის ხალხი იმზირება, ჩემი მოსწავლეების საყვარელ თავშესაქცევად იქცა.

მოსწავლეებს განსაკუთრებით ის მოეწონათ, რომ ფერადი, ნახატებიანი წიგნი მათგან კითხვის რუტინას არ მოითხოვდა, თუმცა ეს ერთგვარი ანკესი აღმოჩნდა მათთვის, შეებიჯებინათ უტექსტო თავგადასავალში, სადაც უამრავი ამბავი და განსხვავებული პერსონაჟი იყრიდა თავს ფიქრის, ძიებისა და აღმოჩენების გზაზე.

წიგნი ბუნების სურათით იწყება, უადამიანოდ, ისევე, როგორც სამყარომ დაიწყო არსებობა ძალიან დიდი ხნის წინ, სანამ ადამიანის სახლად გადაიქცეოდა. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, ილუსტრატორი სამყაროს პირველ მინიშნებას მხოლოდ კონტურებად რომ გვიხაზავს, ბავშვურად, მარტივი მონასმებით, ფერების გარეშე, ფერადი ნახატი კი წიგნის მომდევნო გვერდზე გვხვდება – პატარა ბიჭუნა საკუთარ ოთახში, უამრავი პირადი ნივთით გარემოცული, შეჰყურებს ცას და ოცნებობს, როგორც ყველა მისი თანატოლი. ვხვდებით, რომ სწორედ ისაა ამ წიგნის მთავარი გმირი – მოზარდი, რომელიც ეს-ესაა სამყაროს შესაცნობად ემზადება.

თავდაპირველად, მოსწავლეები აკვირდებოდნენ გამოსახულ ნივთებს, სამოსელს, გარემოს და პერსონაჟთა გამომეტყველებას. ამ ძიებისას აღმოაჩინეს, რომ მთავარი გმირი 8 წლისაა, უყვარს ბუნებაში ხეტიალი, ლეგოს კონსტრუქტორების აწყობა, ჰყავს დედა, მამა, და-ძმა, ბებია-ბაბუა და ახლობლები. მისი საყვარელი სათამაშო კი დიდთვალება დათუნიაა.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა აღწერეს თავიანთი საყვარელი გასართობი და სამეცადინო სივრცე, ისაუბრეს საკუთარ მიზნებსა თუ ოცნებებზე, მეტი შეიტყვეს ერთმანეთზე, გაავლეს პარალელები აღმოჩენილ გმირებთან და წიგნისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდათ.

ყველა ილუსტრაციას თან ახლავს შეკითხვა თუ მინიშნება, რომელიც მკითხველ-დამთვალიერებელს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის გამოსახულ გმირზე. წიგნის ბოლო გვერდი კი ჩვენი ვარაუდების გადამოწმებაში გვეხმარება. მალევე აღმოვაჩენთ, რომ, მიუხედავად განსხვავებული გარეგნობისა, ხასიათისა, ცხოვრების სტილისა და მისწრაფებებისა, წიგნზე გამოსახული ადამიანები ერთ დიდ ოჯახს ქმნიან – დედამიწელების ოჯახს. შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ ემპათიის, დაკვირვებისა და წარმოსახვის უნარი. აღმოაჩენენ, რომ ყველა ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია, ერთად კი სამყაროს მთლიანობას ვქმნით.

წიგნზე მუშაობისას შეგვიძლია, ბარათებად ვაქციოთ და კლასს დავურიგოთ შემდეგი დავალებები:

  1. დააკვირდი ნახატს. დაითვალე პერსონაჟები.
  2. აღწერე გარემო, აღწერე პერსონაჟი.
  3. შექმენი პერსონაჟების დღიური.
  4. ყოველ ჯერზე დაამატე ახალი ინფორმაცია ნაცნობ პერსონაჟზე.
  5. ამოირჩიე რომელიმე პერსონაჟი და გაგვაცანი.
  6. პირველ პირში გადმოეცი პერსონაჟის თავგადასავალი.
  7. გვიამბე, თავად თუ ყოფილხარ იმ გარემოში, სადაც პერსონაჟი იმყოფება. (ბიბლიოთეკა, მარკეტი, თეატრი, გამოფენა).
  8. მოგვიყევი, რით გგავს ან რით განსხვავდება შენგან ესა თუ ის პერსონაჟი.

კრისტინ როშიპტეს წიგნი, ბევრ სიკეთესთან ერთად, კარგი თვალსაჩინოებაა იმისა, როგორ აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს მიღებული ცოდნა.

წიგნი შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს ვესაუბროთ:

  1. ჯახზე;
  2. სკოლაზე;
  3. მეგობრებზე;
  4. სპორტზე;
  5. ჰობიზე;
  6. დაშვებულ შეცდომებზე;
  7. შიშებზე;
  8. პროფესიებზე;
  9. არდაცვალებაზე;
  10. იყვარულზე;
  11. ცხოვრებისეულ მიზნებზე.

სიმბოლურია, რომ წიგნის ბოლო გვერდზე დემონსტრაციულ მსვლელობაზე აღმოვჩნდით, სადაც ტრანსპარანტებზე შემდეგი მოწოდებები ამოვიკითხეთ: თავისუფლება, თანასწორობა, პატივისცემა, ღიაობა, სამართლიანობა, მშვიდობა, მხნეობა, უსაფრთხო გარემო, იყავი კაცთმოყვარე, იზრუნე გარემოზე, ფრთხილად ატარე და ა. შ. შეგიძლიათ, ყველა ეს წარწერა ცალკე საუბრის, განხილვისა და მსჯელობის თემად აქციოთ.

საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი უკეთეს სამყაროში ცხოვრებას ესწრაფვის. სამყარო კი უკეთესია მაშინ, როდესაც ერთმანეთს პატივს ვცემთ და მიმღებლობა სიძულვილს აღემატება.

წიგნის დასასრულს მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით, დეტალებზე დაკვირვებით, გუნდურად, ხალისიანად და ყოველ ჯერზე ახალ გმირთან შეხვედრით ფაზლივით გაამთლიანეს ისტორიები და, თავისდა უნებურად, მზა ილუსტრირებული წიგნის თანაავტორებად იქცნენ.

  1. S. ეს წერილი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შევიტყვე, რომ კრისტინ როშიფტე საქართველოში იმყოფებოდა და ნორდიკული დღეების ფარგლებში ქართველ მკითხველთან გეგმავდა შეხვედრას. შეხვედრის ორგანიზატორი გამომცემლობა „არტანუჯი“ გახლდათ.

 

პრეზენტაციაზე ავტორმა წიგნის შექმნის პროცესზე ისაუბრა, იმაზე, ერთ დღესაც როგორ გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანები ერთ წიგნში მოეხვედრებინა და მათი თავგადასავალი მკითხველისთვის ილუსტრაციებით მოეთხრო. „ჩემი სახლიდან ოფისამდე სულ რვა ნაბიჯია“, – ჰყვებოდა ავტორი და ეკრანზე ჩანდა სახლი, ყვავილებიანი ეზო და პატარა ოთახი, სადაც უამრავი წიგნი და უფრო მეტი ილუსტრაცია დაეხვავებინა.

წიგნი ორმოცზე მეტ ქვეყანაშია თარგმნილი და სხვადასხვა ასაკის მკითხველს აერთიანებს. შეხვედრის დასასრულს, ავტოგრაფების ჯერი რომ დადგა, უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა – ავტორმა ინდივიდუალურ წარწერებთან ერთად სახელდახელო ილუსტრაციებიც გვისახსოვრა, ჩემს მოსწავლეებთან კი „მშვიდობის მტრედი აფრინა“ წიგნის კლუბ „სათილისმოს“ სახელზე.

წერილის დასასრულს ჩემი მოსწავლეების გულწრფელ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, რომლებიც ავტორთან გამომატანეს და მეც პირნათლად გავაჟღერე შეხვედრისას.

ლილე: „მე ამ წიგნმა მასწავლა დაკვირვება. მომეწონა, კითხვები გამოცანებივით რომ უნდა ამოგვეხსნა“.

გიო: „ამ წიგნს ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რადგან სახალისოა“.

დემე: „მე ეს წიგნი მომეწონა, რადგან სააზროვნოა და ბევრ რამეს იმახსოვრებ“.

მაშო: „ჩვენ შეგვხვდა სხვადასხვა პერსონაჟი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ სულ უკავშირდებიან ერთმანეთს“.

მაქსი: „მე ამ წიგნმა მასწავლა, ვიფიქრო განსხვავებულად“.

 

მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

0

 

შემეძლო, ამ წერილისთვის „ცნობილი ადამიანები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ დამერქმია, რადგან, მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნაში, აუცილებლად გამოვთქვათ აზრი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, ჩვენი ცნობადობაც გარკვეულ როლს თამაშობს. მაგრამ სხვის ნაცვლად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, მხოლოდ ჩემი პროფესიის ადამიანებზე ვიმსჯელებ, უფრო კი – ჩემს გამოცდილებაზე.

ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ვთქვი, საქართველოში საჯარო სივრცე იმდენად პოლიტიზებულია, მწერალს უჩნდება ცდუნება, ყოველდღე ეხმაურებოდეს პოლიტიკურ მოვლენებს ფეისბუქპოსტებით-მეთქი.[1] იქვე დავამატე, რომ მე ამას არ ვაკეთებ, მაგრამ წნეხი კი მართლაც დიდია.

ახლა ვფიქრობ, ჩემი ნათქვამი მსოფლიოზე შეიძლება, განზოგადდეს – საჯარო სივრცე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია პოლიტიზებული. ომები, ეკოლოგიური კატასტროფები, დიდი სახელმწიფოების როლი ამ ყველაფერში – ეს ყოველივე პოლიტიკის ნაწილია. უბრალოდ, ჩვენისთანა სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანაში, რომლის დემოკრატიაც ახალგაზრდა და არასტაბილურია, რომლის ტერიტორიის მეხუთედიც დაპყრობილია და სადაც სიღარიბეა და უმუშევრობა, საჯარო სივრცის პოლიტიზება მეტად საგრძნობია. ასეთ ვითარებაში კი სრულიად ბუნებრივია, საზოგადოებას სურდეს, შეიტყოს, რას ფიქრობენ მისი საყვარელი ცნობილი ადამიანები – მწერლები, ხელოვანები, სპორტსმენები და ა.შ. – იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამიტომაც იყო, რომ გარდა აქციის კადრებისა, გასამხნევებლად ცნობილი ადამიანების გამონათქვამებსაც აქტიურად ვაზიარებდით. მაგალითად, ბევრმა გააზიარა ბორის აკუნინის გაფრთხილება რუსული კანონის შესახებ.

როცა მწერლები ერთიან განცხადებას ვაკეთებთ ხოლმე, სულ არის მსჯელობა იმაზე, რად გვინდა ეს მანიფესტები და პეტიციები, ვის რაში არგიაო. გვინდა და თანაც აუცილებლად – ჩვენმა მკითხველებმა უნდა იცოდნენ, რომელ მხარეს ვდგავართ და რისთვის ვიბრძვით. მათ ამის უფლება აქვთ. და აქვთ უფლება, პასუხიც მოგვთხოვონ, თუ ჩვენი აზრი მთლად მკაფიოდ გამოხატული ვერაა. ქართველი მწერალი ვერ იქნება განდეგილი, ის ვერ მოსწყდება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს, შეიძლება, ნორვეგიელმა, შვედმა ან შვეიცარიელმა მწერალმა მოახერხოს ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელშიც მეტნაკლებად დალაგებული ცხოვრება აქვთ. ქართველ მწერალს კი ჯერჯერობით განდეგილობის ფუფუნება არ გააჩნია. რა თქმა უნდა, სახელოვნებო სფეროსგან გამიჯვნა შეუძლია: შეუძლია, ლიტერატურულ ორომტრიალში არ მიიღოს მონაწილეობა, არ იაროს ფესტივალებზე, უარი თქვას ჯილდოებზე, მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვერ გამოეთიშება. და თუ გამოეთიშა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – იგი, უბრალოდ, პასუხისმგებლობას არ იღებს და სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე ამბობს უარს.

ერთადერთი ინსტრუმენტი აქვს ლიტერატურას – ენა, სიტყვა. ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში კი სწორედ სიტყვას შეუძლია, გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძინოს. აბა, დაფიქრდით, რა დაგვრჩა გმირებისგან, გარდა მათი საქმეების ხსოვნისა? მათ მიერ ნათქვამი სიტყვა. ჩვენ დაგვრჩა ამბროსი ხელაიას სიტყვა, ილია ჭავჭავაძის სიტყვა, თამაზ გინტურის სიტყვა, მარო მაყაშვილის სიტყვა, რომელიც ჩვენს დევიზად იქცა ამ ბრძოლაში – უსასრულოდ შემიძლია ჩამოთვლა.

მაგრამ მაინც რა უნდა თქვას მწერალმა? ან როგორ უნდა თქვას?

მწერლისგან, სპორტსმენისგან, უბრალოდ ცნობილი ადამიანისგან პოლიტიკოსივით ლაპარაკს არავინ ითხოვს. მე, მაგალითად, საერთოდ არ მემარჯვება პოლიტიკაზე არც წერა და არც ლაპარაკი. რაც უნდა ვთქვა ან დავწერო, გამოცდილი პოლიტიკოსის სიტყვასთან ვერ მივა – რიტორიკული თვალსაზრისით, ჩერჩილისა და მარგარეტ ტეტჩერის ნათქვამს ვერ გაუტოლდება. ჩემმა მკითხველებმა იციან ეს. ეს ყველა მკითხველმა იცის. მათთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრი გამოვხატოთ, თუნდაც ერთი, თუნდაც მარტივი და გაცვეთილი ფრაზით. გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, როგორც შეგვიძლია.

მაგრამ რა უნდა იყოს ეს აზრი?

მე მგონია, რომ მწერალმა უნდა თქვას არა ის, რასაც ფიქრობს, არამედ ის, რაც საჭიროა. ბრძოლას თავისი ფაზები აქვს. უიმედობა ზოგჯერ ყველას გვერევა. აქაოდა გულწრფელი ვარო, გამოვიდეთ ყველა და საჯარო გოდება გავმართოთ, რომ არაფერს აქვს აზრი და ყველა დასაღუპად ვართ განწირული, არც საქმეს წაადგება და არც – ჩვენ. ასეთ დროს პირიქით, მთელი მხნეობა უნდა მოიკრიბო და თანამებრძოლები შეაგულიანო, თუნდაც შენ თვითონ იმწამს გამარჯვებისა არ გჯეროდეს.

ჩვენში საერთოდაც ბევრს ჰგონია, რომ ლიტერატურაში მთავარი გულწრფელობაა. სინამდვილეში, მთავარი არის ლიტერატურული ოსტატობა. თუ ეს არა გაქვს, ყველაზე გულწრფელი სათქმელიც კი შეიძლება, ისე ყალბად გადმოსცე, წამკითხველს გული აერიოს. მეტიც, არავითარი გულწრფელობა არ არსებობს – ჩვენ გამოგონილ სამყაროზე ვსაუბრობთ, ლიტერატურა ფიქციაა. ეს თანაბრად ეხება პროზასაც და პოეზიასაც. თუ გგონია, რომ გულწრფელად წერ და არაფერს იგონებ, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ შემოქმედებით პროცესს ვერ იაზრებ, რაც დასაწყისისათვის ნორმალურია, თუმცა მცირე განათლება ლიტერატურაში საკმარისი იქნება იმის მისახვედრად, რომ ცდები.

ჰოდა, მე მგონია, რომ მწერალი პოლიტიკურ გამოსვლასაც ისევე უნდა მიუდგეს, როგორც ლიტერატურულ ტექსტს – იფიქროს კონტექსტზე და იმოქმედოს კონტექსტის შესაბამისად. მაგალითს მოგიყვანთ:

შარშან, მარტის აქციებისას, პირველი დარბევის მერე, მეორე დღეს, ერთმა პროდიუსერმა დამირეკა და გადაცემაში მიმიწვია, გუშინ მომხდარზე გვექნება საუბარი და ზოგადად, ამ პროტესტზეო. მე ძალიან დათრგუნული ვიყავი. ვერაფრით წარმოვიდგინე, იქ როგორ მივიდოდი ან რომც მივსულიყავი, რა მეთქვა.

ვერ შევძლებ-მეთქი.

ახლა ძალიან ვნანობ ამ უარს – ვალდებული ვიყავი, მომეკრიბა ძალა და ჩემი სიტყვით ადამიანები გამემხნევებინა, მათთვის საბრძოლო სულისკვეთება გამეღვიძებინა, მენუგეშებინა. ვალდებული ვიყავი იმიტომ, რომ მწერალი ვარ, იმიტომ, რომ მიცნობენ, იმიტომ, რომ მისმენენ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ და პატივს მცემენ, იმიტომ, რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვნად და ანგარიშგასაწევად მიაჩნიათ. ვალდებული ვიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ასეთი შეცდომა მეტად აღარ მომივა.

მეორე მხრივ, უიმედობაც შიშის ერთგვარი ფორმაა. სასოწარკვეთას მიეცემი? ესე იგი, დანებდი. ბრძოლას კი რა იგებს? სიმამაცე და სტრატეგია.

ადრე ერთი ფილმი ვნახე, რომლის პერსონაჟიც ამბობს, იქნებ სწორედ ესაა სიმამაცე, როცა გეშინია და მაინც აკეთებო. მეც მგონია, რომ ესაა. და კარგი მოქალაქეობაც იმას ნიშნავს, სწორედ მაშინ რომ შეაგულიანებ ადამიანებს, როცა შენ თვითონ ყველაზე მეტად შეგიპყრობს ნიჰილიზმი.

 

[1]ინტერვიუ იხ. აქ:  https://www.youtube.com/watch?v=lTmyJTaQ65w&t=7s

სალომეა ლომინაძის კრებული “ნოემბრის მწუხრი”

0

თანამედროვე ქართული კონვენციური ლექსის დეკადანსის ერთ-ერთი მაჩვენებლი ისიცაა, რომ დამწყები თუ ახალგაზრდა პოეტები ტექსტუალურ-ვერბალური თვითგამოხატვისთვის, ძირითადად, თავისუფალ ლექსს ირჩევენ. როცა კონვენციური ლექსის დეკადანსზე ვსაუბრობ, ზოგადი ფონი მაქვს მხედველობაში, თორემ, რა თქმა უნდა, გვყავს რამდენიმე, სრულიად ბრწყინვალე, კონვენციონისტი პოეტი (ხსენებული დეკადანსი გამომსახველობითი საშუალებების და მეტრულ-ტროპული ინვენტარის უკიდურესი მოძველებით და “გადაღლით” აიხსნება და ახალი გზების დასახვას და მიგნებას მოითხოვს). დიდი ხანია, დამწყები პოეტები პირდაპირ ვერლიბრით იწყებენ წერას, ეს იმანაც განაპირობა, რომ ვერლიბრი უკიდურესად “გაიაფდა”, ანუ საკმარისია, ნებისმიერი სახის გაურითმავი ტექსტი თავისუფალი ლექსის გრაფიკით დაალაგო, რომ ის უკვე “ლექსია”, ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან მათი ავტორები. სინამდვილეში კი – ყველაფერი, რასაც ვერლიბრის ფაქტურა აქვს, არ არის ვერლიბრი (ისევე, როგორც ყველაფერი, რაც გარითმულია, არ არის კონვენციური ლექსი), მკითხველთა ნაწილი შეეჩვია უექსპრესიო და უსათქმელო სადღიურო ჩანაწერების და ფეისბუქსტატუსების პოეზიად შემოსაღებას, ანუ – ისეთი ტექსტებისა, საიდანაც პოეზიის მინიმალური ემანირებაც არ იგრძნობა. ამიტომ, ნიჭიერ დამწყებ პოეტზე გაცილებით მეტია უნიჭო დამწყები პოეტი, რომელიც თავისუფალ ლექსაა შეფარებული.

შარშანწინ გამომცემლობა “ინტელექტმა”, ნინო სადღობელაშვილის რედაქტორობით, გამოსცა სალომეა ლომინაძის სადებიუტო კრებული – “ნოემბრის მწუხრი”, რომელიც (სულ რამდენიმე, ძალიან კარგ, ვერლიბრს თუ არ ჩავთვლით) კონვენციური ლექსების კრებულია. ავტორმა, თანამედროვე ქართულ პოეზიაში გაბატონებული პარადიგმის გათვალისწინებით, სახიფათო გზა არჩია, თუმცა კრებულიდანვე ჩანს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი აუცილებლობით იყო და არის (სალომეა ახლაც, ძირითადად, კონვენციურ ლექსებს წერს) ნაკარნახევი. მე ვიცი, რომ სულ რამდენიმე წელია, რაც მან წერა დაიწყო, ამიტომ გასაკვირია ის სიმწიფე, რაც კრებულში ჩანს. აქ ვერ ნახავთ შემოქმედებითი განვითარების – ფილიაციის – ეტაპებს, ყველა ლექსის უკან დაღვინებული პოეტი დგას. არსებობს ასეთი ფენომენი – სუგესტია, რომელიც პოეტური შთაგონების გადადებას ნიშნავს (სიმბოლისტები მიმართავდნენ ხოლმე), ხოდა, თითქოს მთელი იმ წლების მანძილზე ავტორი სუგესტიური გადავადების რეჟიმში იყო, რომ კონდენსირებულ პოეტურ ენერგიას ერთბაშად ამოეხეთქა.

სალომეას პოეზია კონცეპტუალური, სათქმელის პოეზიაა, აქ არაა თითიდან გამოწოვილი შთაგონება, რომლის რეზულტატიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების უაზრო კონსტრუქციაა. აქ ყველა ლექსი გარდაუვალი აუცილებლობით და მოთხოვნილებით არის დაწერილი, ყველა ტაეპში იგრძნობა მძაფრი პულსაცია. თითქოს ყველა ლექსი ავტორისთვის ვიტალურობის ინდიკატორია – უნდა დაეწერა, რომ გადარჩენილიყო. ეს არ არის დამღლელი მედიტაციურ-ინტროსპექციური ლირიკა, აქ სათქმელი პრევალირებს და წარმართავს ლექსის შინაგან დინამიკას, სათქმელს ოსტატურად ექვემდებარება ფორმა, ამიტომ ბევრია მოხდენილი თქმები, რომლებიც მკითხველს არ ავიწყდება და აიძულებს, ისევ მიუბრუნდეს ლექსებს. ლექსების ლირიკული გმირი ინფანტილურიც (კარგი გაგები) არის და რთულად ფემინური ცხოვრებისეული გამოცდილებაც მიუღია (ეს ჩანს თითქმის ყველა ლექსში, იქაც კი, სადაც თითქოს სხვა შრეებით არის ვუალირებული მელანქოლია). მთელი ეს შინაგანი შფოთვა საინტერესო ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით არის პროეცირებული – ყველაზე გავრცელებულ პოეტურ საზომებთან ერთად, ბევრ მელოსურ-მუსიკალურ საზომს შეხვდება მკითხველი ქართული პოეზიის მეტრული საცავიდან…
სხვისი არ ვიცი და, მე ინტერესით დაველოდები სალომეას მომდევნო კრებულებს.

 

მშობელთა ჩართულობის კვირეული სკოლაში

0

 

მსოფლიოს განვითარებული ნაწილი უპირობოდ აღიარებს, რომ მშობლების მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში დადებითი შედეგები მოაქვს მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, აუმჯობესებს სასკოლო კლიმატს, ნაკლებად სტრესულს ხდის მასწავლებლების სამუშაო გარემოს და ათბობს ურთიერთობას მშობლებსა და ბავშვებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა ჩართულობა საქართველოსთვის სიახლეა, საჯარო თუ კერძო სკოლებში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება მშობლების მონაწილეობით. თუმცა, სახალისო ჩართულობის მაგალითები, უმეტესად, ფრაგმენტულია და სისტემურობით არ ხასიათდება.

იმისთვის, რომ სისტემა შეიქმნას, მნიშვნელოვანია, სკოლაში არსებობდეს გუნდი, რომელიც წლიდან წლამდე დაგეგმავს, განახორციელებს, შეაფასებს და გააუმჯობესებს აქტივობებს.

სტატიაში მოგითხრობთ, როგორ დაგეგმოს სკოლამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი აქტივობა, მშობელთა ჩართულობის კვირეული, რომლის ჩატარება რეგულარულად, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის მიზანშეწონილი.

კვირეულის მოწყობა ნებისმიერ სკოლას თუ ცალკეულ მასწავლებელს შეუძლია. მისი უპირატესობა ის არის, რომ ადვილად შესაძლებელია შინაარსის და ფორმატის წინასწარ განსაზღვრა, პროგნოზირებადი გარემოს შექმნა და ხანგრძლივი პოზიტიური მუხტის შენარჩუნება.

როგორც ყველაფერი, მშობელთა ჩართულობის კვირეულზე მუშაობაც დაგეგმვით იწყება.

ამ დროს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კვირეულის შინაარსის განსაზღვრა. სასურველია, სხვადასხვა წლებში კვირეულს განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდეს, ამით თავიდან ავირიდებთ თემების დუბლირებას. თუმცა არც გამეორებაა პრობლემა, რადგან მშობლების სკოლასთან თანამშრომლობა დინამიკური პროცესია, ყოველწლიურად სკოლებში მშობლების ახალი ნაკადი შედის.

რა შინაარსს შეიძლება ატარებდეს კვირეული?

  • ეს შეიძლება იყოს სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის თემა;
  • შეიძლება იყოს, მშობლების მონაწილეობა ბავშვებისთვის სწავლის მოტივაციის ამაღლებაში;
  • ან ბულინგის პრევენციაში;
  • შეიძლება იყოს მშობლების და შვილების ურთიერთობის გაუმჯობესება;
  • ან სულაც მშობლების ცნობიერების ამაღლება;
  • შესაძლოა, გვინდოდეს, რომ მშობლები მოსწავლეებს კარიერის დაგეგმვაში დაეხმარონ;
  • ან წიგნის კითხვა შეაყვარონ;
  • ან ოჯახური ტრადიციები გააცოცხლონ და ბავშვებიც ჩართონ პროცესში;
  • შესაძლოა, გემრიელი კვირეული მოვაწყოთ, ცხობის, მზადების პროცესებით და ეს სასკოლო კვებას დავუკავშიროთ.
  • სპორტის ან ხელოვნების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი
  • და ა.შ.

იდეა იმდენი შეიძლება გაჩნდეს, რამდენი გუნდიც დაიწყებს შინაარსზე მსჯელობას.

ცხადია, კვირეულში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველი მშობლისთვის უნდა იყოს შესაძლებელი. ხოლო აქტივობები ისე შეირჩეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის მშობელს მოუნდეს პროცესში რაიმე სახით მონაწილეობა. ამისთვის კი ფორმების მრავალფეროვნება დაგვჭირდება. რა ფორმატების გამოყენება შეგვიძლია მშობელთა ჩართულობის კვირეულის ფარგლებში?

  • ჯგუფური და/ან ინდივიდუალური შეხვედრები;
  • დისკუსიები;
  • სტუმრების მოწვევა სკოლაში;
  • არაფორმალურ გარემოში გასვლები;
  • ლექცია/ტრენინგები;
  • პირადი ამბის თხრობა ბავშვებისთვის;
  • ვიდეოს ერთად ყურება და გაანალიზება;
  • ვიდეო მიმართვის გადაღება;
  • ჯგუფური კითხვა;
  • შეჯიბრი;
  • კონცერტი;
  • ვიქტორინა და ა.შ.

კვირეულის ფარგლებში 3-4 განსხვავებული ფორმატი სრულიად საკმარისი შეიძლება იყოს. მონაწილეობის მსურველი თავად განსაზღვრავს რომელში და რა დოზით ჩაერთვება.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია გონივრული დროით ადრე საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა მშობლებმა მიიღონ ინფორმაცია და გაითავისუფლონ თავი სხვა ვალდებულებებისგან.

კვირეულის წარმატებით განხორციელებისთვის საკმარისი არ არის დამრიგებლების კომუნიკაცია კლასის მშობლებთან. სასურველია, ურთიერთობის ტრადიციულ ხერხებს სოციალურ მედიაში გამართული საინფორმაციო კამპანიაც მივახმაროთ. სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნოთ კვირეულის გეგმა და ანონსი. ასევე, ყველა მშობელს ელ. ფოსტის საშუალებით გავუგზავნოთ ინფორმაცია. გარდა ამისა, დავაბეჭდვინოთ ან ბავშვების მონაწილეობით დავამზადოთ პოსტერები, რომლებსაც სკოლის ფოიეში გავაკრავთ. სასურველია, ციფრულ თუ ხელნაწერ პოსტერებზე ეწეროს, რისი გაკეთება მოუწევთ მშობლებს კვირეულის ფარგლებში და რა მოლოდინი აქვს სკოლას მათგან.

სკოლაში ქაოსი რომ არ მივიღოთ, კარგი იქნება წინასწარ იყოს გაწერილი და ყველასთვის ცნობილი ის ფორმატები, რასაც სკოლა კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს. ასევე, მშობლებს და მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, თუ რომელ აქტივობაში და რა როლით ჩაერთონ. ამ საკითხის კარგად ორგანიზება შესაძლებელია წინასწარი გამოკითხვით, სადაც გაწერილი იქნება ღონისძიებების კონკრეტული ჩამონათვალი. პოტენციური მონაწილეები დარეგისტრირდებიან და მათთვის სასურველ როლებს მონიშნავენ. გამოკითხვის აწყობა მარტივად შეიძლება google form-ის საშუალებით.

დაბოლოს, კვირეულზე მუშაობის დაწყებისთანავე გავიხსენოთ, რომ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან უყვართ წახალისება. თუ კვირეულის ორგანიზატორები თვლიან, რომ შესაძლოა პროექტს არ მოჰყვეს სასურველი რაოდენობით გამოხმაურება, კარგი იქნება თადარიგის დაჭერა და მონაწილეებისთვის ციფრული  სერტიფიკატების გადაცემა. ხოლო თუ ყველაზე აქტიური მშობლების კიდევ უფრო გახარება გვინდა, შესაძლოა კვირეულის გმირების გამოვლენა და  სამადლობელ ტექსტთან ერთად მათი ფოტოების გამოქვეყნება.

 

სახალისო დავალება მოსწავლეებისთვის

0

როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნაყინი

ზაფხულის ერთ დღეს, როდესაც ჩემი მოსწავლეებისთვის სახალისო დავალებას ვეძებდი, ყველასათვის საყვარელ ვებპორტალს https://www.kargiskola.ge/-ს ვესტუმრე და ასეთი ორიგინალური დავალება ვიპოვე.

გაგისინჯავს შინ დამზადებული ნაყინი? წაიკითხე რეცეპტი და გაიგებ, როგორ მზადდება ნაყინი სახლის პირობებში.

დასაწყისმა იმდენად მომნუსხა,  მაშინვე მივხვდი, სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.

ნაყინი გემრიელი დესერტია. ის ასევე გაგრილების საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის ცხელ დღეებში. ამიტომ უყვარს ნაყინი ყველას. არსებობს ბევრნაირი ნაყინი: რძიანი, ნაღების, ხილის და სხვა. მისი დამზადება სახლშიც შეიძლება. ეს სულაც არ არის რთული. არც  დიდი დროა  საჭირო, არც – ბევრი რამის ყიდვა. ამას შენ თვითონ ნახავ, თუ რეცეპტს გაეცნობი.

მარწყვის ნაყინის რეცეპტი

საჭირო მასალა:

ნაღები    100 გრ;

კვერცხი 5 ცალი;

შაქარი   100 გრ;

მარწყვი 100 გრ.

 

მომზადების წესი:

აიღე ორი ჯამი. გატეხე ხუთივე კვერცხი. გული ერთ ჯამში მოათავსე, ცილა – მეორეში. ეს ჯამი გვერდზე გადადე. ცილა აღარ არის საჭირო.

ჯერ კარგად  ათქვიფე  კვერცხის  გული და შაქარი. შემდეგ ცალკე ათქვიფე ნაღები. ეს ყველაფერი შეურიე ერთმანეთს. მერე დაუმატე მარწყვი. ბოლოს მიღებული მასა ჩადე სუფთა ჭიქაში. ჭიქა ორი საათით შედგი გასაყინად. აი, ნაყინიც მზადაა!

  • როგორ ფიქრობ, შეძლებ ამ რეცეპტით ნაყინის დამზადებას?
  • მარწყვის ნაცვლად რომელ ხილს გამოიყენებდი და რატომ?

 

სავარჯიშოები და აქტივობები:

ტექსტის გაგება

ყოველ შეკითხვას შეურჩიე თითო სწორი პასუხი.

ნაყინის რეცეპტში ჯერ:

ა) მითითებულია, როგორი ჭურჭელი გჭირდება.

ბ) ჩამოთვლილია მასალა, რომელიც უნდა გამოიყენო.

გ) ჩამოთვლილია მისი მომზადების წესები.

 

მას შემდეგ, რაც ერთ ჯამში მოათავსებ კვერცხის გულს:

ა) ათქვიფე იგი შაქართან ერთად.

ბ) ორი საათით შედგი გასაყინად.

გ) ათქვიფე ნაღებთან ერთად.

 

მარწყვი უნდა დაუმატო:

ა) კვერცხის გულის, შაქრისა და ნაღების ნარევს.

ბ) კვერცხის გულს შაქართან მისი ათქვეფის დროს.

გ) ნაყინს მას შემდეგ, რაც მაცივრიდან გამოიღებ.

 

ნაყინის მომზადების წესში მითითებულია:

ა) რა ზომის ჭურჭელი არის საჭირო.

ბ) რატომ არ სჭირდება ნაყინს ცილა.

გ) რისთვის არის საჭირო ორი ჯამი.

 

ლექსიკა

ხაზებით დააკავშირე სიტყვები და მათი მნიშვნელობები.

  1. ნაღები კვერცხის გულის გარშემო არსებული გამჭვირვალე მასა.
  2. ცილა რაიმეს გასაკეთებლად საჭირო მასალა და მომზადების წესი.
  3. რეცეპტი ხილი ან ტკბილეული, რომელსაც სადილის შემდეგ მიირთმევენ.
  4. დესერტი რძის ზედაპირზე მოდებული ცხიმი.

 

ხაზებით დააკავშირე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები (ანტონიმები).

ცხელი                        ცოტა

ბევრი                        რთული

მარტივი                    ცივი

 

რომელია ზედმეტი სიტყვა?

ა) კვერცხი.    ბ) ნაღები.      გ) შაქარი.      დ) ჯამი.

 

 

გრამატიკა

სწორად დაწერე ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები.

  1. (მაცივარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ კარი კარგად დახურე.
  2. (შაქარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ დამატება არ დაგავიწყდეს.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: გრილი აგრილებს.

  1. რთული – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. ცხელი –   ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე მოცემული სიტყვები მრავლობით რიცხვში.

ნიმუში: ჯამი – ჯამები.

  1. დღე – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. კვერცხი –  ­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: შენ ათქვიფე.         მე ავთქვიფე.

  1. შენ შეურიე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .
  2. შენ დაუმატე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .

 

წერა ჩამოწერე ნაყინის მომზადების ყველა ნაბიჯი. გააფორმე ნაწერი ნახატებით.

რომელია შენი საყვარელი საჭმელი? დაწერე მისი რეცეპტი. გააფორმე შენი ნამუშევარი ნახატით.

————————————————————————–

————————————————————————–

————————————————————————–

 

 

 აღსანიშნავია, რომ ვებპორტალზე ,,კარგი სკოლა’’ უამრავი ტექსტია, რომელიც შეიცავს საინტერესო ინფორმაციას, ბავშვებისთვის გასაგებად არის დაწერილი და ამავდროულად მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა უნარების განვითარებაში, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება, მთავარი აზრი და დეტალები, ფაქტები და მოსაზრებები, მოვლენების თანმიმდევრობა, შეჯამება (რეზიუმირება), მიზეზები და შედეგები, დაჯგუფება (კატეგორიები), პრობლემის გადაჭრა, შედარება (მსგავსება-განსხვავებები), ლექსიკა, გრამატიკა და წერა.

 

გამოყენებული რესურსი:

ვებპორტალი ,,კარგი სკოლა’’

https://kargiskola.ge/index.php

 

ურთიერთობა თუ კომუნიკაცია?

0

პერფორმანსული კომუნიკაცია

 

თუ ვერბალური კომუნიკაცია გადაცემისათვის იყენებს ვერბალურ არხს, ვიზუალური – ვიზუალურს, პერფორმანსი განკარგავს თავის გზავნილს სივრცეში.

პერფორმანსს რიჩარდ სეხნერი იგებს, როგორც ერთი ადამიანის ან ჯგუფის მოქმედებას მერე ადამიანის ან ჯგუფისადმი. ცენტრალურ მახასიათებლად აქ იქცევა მესამე პირი, მეთვალყურე, მაყურებელი, რომლის რაოდენობა კარდინალურად ცვლის მთელ პროცედურას. საზოგადოებაში ყოველთვის იყო განსაზღვრული უტრირებულ-პერფორმანსული როლები.

ასე ვეძახით, რადგან მათ შესასრულებლად საჭირო იყო გარკვეული „ქცევის გადახრა“. ესაა სულელის, მასხარას როლი. სულელი არ ისჯება თავისი მოქმედებისთვის, რადგან, როგორც თვლიდნენ, მისი საშუალებით შეიძლება ღმერთმა ისაუბროს.

თუ გავიხსენებთ სიას დიდი მასხარებისა, მივხვდებით, რომ კარგი მასხარის როლი არაა ადვილი, რაც მთავარია, ის არავითარ შემთხვევაში არაა დამამცირებელი, როგორც დღეს წარმოუდგენიათ. „ისტორიის მრავალი მაგალითია, როცა დიდი მონარქები სიამოვნებით უსმენდნენ (და ხშირ შემთხვევებში წარმატების მომტან) თავიანთი ერთგული და საუკეთესო მასხარების რჩევებს, ვიდრე თავიანთ ერთგულ და საუკეთესო მინისტრებს, რაც საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ისტორიული ღირებულება მასხარისა, რომელიც რჩეულ სიტყვათა ლექსიკონშია შესული, მოითხოვს გადასინჯვას…“ (ნიკოლაი ევრეინოვი „თეატრი საკუთარი თავისთვის“). ალბათ ამ სიბრტყეზე უნდა მოვათავსოთ დისიდენტები ყოფილ საბჭოთა საზოგადოებაში, იმდენად რამდენადაც ისინი აშკარად ამოვარდნილი იყვნენ ქცევის მიღებული ნორმებიდან.

ამერიკელი მკვლევარი ქალი არტ ბორეკა პირდაპირ აკავშირებს პოლიტიკასა და დრამატურგიას, ხაზს უსვამს რა მას-მედიის მზარდ როლს ამ პროცესში. იგი ჩამოთვლის მთელ რიგ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც პერფორმანსულ ხასიათს ატარებს.

 

მითოლოგიური კომუნიკაცია

 

მირჩე ელიადემ დაწერა სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად სრულიად შეეფერება ამ თავს: „შესაძლოა დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ მითის გაგება მიკუთვნებული იქნება მეოცე საუკუნის ყველაზე სასარგებლო აღმოჩენებს“.

თანამედროვე მითი ხშირად იღებს იმ ფორმებს, რომლებიც აღწერს სრულიად ყოველდღიურ მოვლენებს. მაგრამ ამასთან, აქტიურად ეყრდნობა არატიპურ სიტუაციებსაც, ჩანერგილებს თანამედროვეობაში. მითის შემადგენლობაში განიხილავენ „არაჩვეულებრივს“. საკუთარი გმირების ცხოვრებიდან ყველაზე ნათელი მოვლენების შერჩევისას, მას-მედია მიემართება მათი მითოლოგიზაციის გზით. თუ მოვლენები არაა თვალისმომჭრელი, ისინი არ წარმოადგენს საინტერესოს არც ჟურნალისტის, არც მკითხველისათვის. ასე რომ, კომუნიკაციის პროცესის შემდგენლები (მოვლენათა მახასიათებლების შერჩევა აუდიტორიის თვალსაწიერიდან) ძალიან აქტიურად ახდენს მითოლოგიური გარემოს ფორმირებას. მით უფრო ეს ეხება, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მითოლოგიური აზროვნების აპოთეოზს წარმოადგენს.

მითი სრულიად თავისუფლად იჭრება ჩვენს სინამდვილეში, იღებს რა სხვადასხვა ფორმას. მითი კონკიაზე იდენტურია მითისა წაღების მწმენდავზე, რომელიც მილიონერი გახდა და ის ბევრ რამეში მსგავსად რეალიზდება. მითის სქემების ეს თავისუფალი განმეორებადობა სხვადასხვა ხალხებისა და დროისთვის მეტყველებს მის პრინციპულ უნივერსალურობაზე.

მითი წარმოადგენს ქცევის გარკვეულ გრამატიკას, ამიტომაც არ შეიძლება მხოლოდ ტექსტუალურ დონეზე მისი უბრალოდ დარღვევა, რაც საპასუხოდ შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც წესებიდან გამონაკლისი. „არის რა რეალური და წმინდათაწმინდა, მითი ხდება ტიპური, შესაბამისად, განმეორებადი, რადგან წარმოადგენს მოდელს და გარკვეულ დონეზე ყველა ადამიანური ქცევის გამართლებას“ (ელიადე „მითები, სიზმრები, მისტერიები“).  მაგრამ რომელი ობიექტები ხვდებიან ამ გრამატიკაში? თუ ყველა კონკია იპოვის თავის პრინცს, ვინღა გარეცხავს ჭურჭელს და მიიტანს კაფეში საჭმელს? თუ ყველა ფეხსაცმლის მწმენდავი გახდება მილიონერი, ვინღა გაწმენდს ფეხსაცმელს? მითი უცნაურად მუშაობს არარეალიზებულ სივრცეში. მისთვის შესაფერისია ისეთი სიტუაცია, როცა ადამიანი კბენს ძაღლს და არა პირიქით.

არსებობს გარკვეული სიმბოლური მახასიათებლები, რომლებსაც შეუძლია გადმოგვცეს საჭირო ინფორმაცია. ამბობენ მოგზაურობის აუცილებლობაზეც გმირის ტრანსფორმაციისათვის – მაგალითად, ოდისევსს, ჰამლეტს, წითელქუდას სჭირდებოდათ სახლიდან გამგზავრება, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა აკრძალვის დარღვევისა. ნორმის სივრცე განსხვავდება ის სივრცისაგან, გმირს რომ სჭირდება. გმირს არაფერი ესაქმება ტროლეიბუსში, გარდა კონტროლიორისთვის ტალონის ჩვენებისა. გმირს სჭირდება სხვა სივრცე, რომელშიც ის თავის გმირულ თვისებებს გამოავლენს.

დღევანდელი მითოლოგია ზემოქმედებს ახალგაზრდობაზე თავისი მისაბაძი ნიმუშებით.

მ. ელიადე საუბრობს თანამედროვე წიგნის მითოლოგიურ ხასიათზე. ,,ყოველი პოპულარული რომანი უნდა აჩვენებდეს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას, გმირსა და ანტიგმირს (დემონის თანამედროვე ხორცშესხმა) და იმეორებდეს ფოლკლორის ერთ-ერთ უნივერსალურ მოტივთაგანს – დევნილ ახალგაზრდა ქალს, გადარჩენილ სიყვარულს, უცნობ კეთილისმყოფელს. დეტექტიური რომანებიც კი სავსეა მითოლოგიური თემებით. აქ დავამატოთ ტიპური სქემები თანამედროვე პოლიტიკის ინტერპრეტაციებისა, სადაც ყოველი მხარის ინტერპრეტაცია მიჰყვება კეთილისა და ბოროტის ხაზებს.

მითი – ეს ყველასთვის ფსიქოლოგიურად ხელმისაწვდომი პასუხია საერთო მნიშვნელობის პრობლემებზე. ის გშველის და გიცავს.

თანამედროვე მსოფლიოში მასობრივმა კომუნიკაციამ და კულტურამ გაზარდა მითოლოგიის ახალი ასპექტები. რა არის უფრო დამახასიათებელი მითოლოგიური ტექსტებისთვის? მთავარს წარმოადგენს შემდეგი პარამეტრები:

ისინი შეუმოწმებელია (როგორც თქმულებები სასწაულებზე, წმინდანებზე და ა.შ.). პრინციპულად არ შეიძლება მათი უარყოფა, მხოლოდ ახალი მაგალითით დამტკიცება.

მათ ახასიათებს გარკვეული ცნობადობა – ეს ახალი ინფორმაცია არაა, არამედ თითქოს ჩვენთვის უკვე ცნობილი სქემის რეალიზაცია. ხშირად ამ მოდელში, ჩარჩოში, სტერეოტიპში ჩვენ სინამდვილის ჩართვას ვცდილობთ.

მხატვრული კომუნიკაცია

ცივილიზაცია ფლობს ორ ტიპს მანქანებისა, რომლებიც ბადებენ სიმბოლოებს. თავისი ფუნქციების მიხედვით ისინი დაახლოებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთნიც და მეორენიც მიმართულია, შემოიტანოს საერთო სქემები ინფორმაციის გზით სინამდვილის ინტერპრეტაციისთვის. კულტურის ფარგლებში ასეთი სქემების შემოტანა უფრო ჰედონისტურ ხასიათს ატარებს, იმდენად რამდენადაც ის უფრო ემოციურად შეფერილია. ამასთან საინტერესოა, რომ (თუმცა ზუსტი ციფრები უცნობია) მხატვრული სამყაროების შექმნაში დღეს ჩართული აღმოჩნდა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე ობიექტური რეალობის აღწერაში.

აუცილებელია გვახსოვდეს ის, რომ მასმედია ბადებს სიმბოლურ რეალობას, რადგან მილიონი მოვლენიდან გაზეთის ფურცლებზე თუ ტელევიზიის ეკრანზე ხვდება მხოლოდ ზოგიერთი. მოვლენათა შერჩევის  პროცესი რეზულტატში მასობრივ შემეცნებაში შეტანილ მოვლენას ნიშანდობლივს ხდის. ამავდროულად, მასმედია ასევე ფლობს ნიშანდობლივ მეთოდს მოვლენათა დემონსტრაციისა.

გადავიდეთ უშუალოდ სიმბოლური რეალობის ქმნადობის ორი ვარიანტის  დამაახლოებელ თუ განსხვავებების ხაზგამსმელ  მახასიათებლებზე – მხატვრული კომუნიკაცია და მასმედია. მასმედია ქმნის ხანმოკლე სიცოცხლის ტექსტს, ლიტერატურა და კულტურა – ხანგრძლივს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათი ფუნქციონირების შემდეგ თავისებურებებს: მასმედიის ტექსტები თითქოს ავიწროებს ერთმანეთს, ობიექტზე ხვალინდელი მონათხრობი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გუშინდელი მონათხრობი. ამავე დროს, მხატვრული კომუნიკაცია ბადებს ალტერნატიულ და არა ერთმანეთის შემავიწროებელ ტექსტებს. მის ველში თანაარსებობა შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტს, როცა მასმედიის ველში ტექსტები ურთიერთგამანადგურებელია. ეს შეიძლება ირიბად უკავშირდებოდეს იმასაც, რომ მასმედიის ტექსტები, ცვლიან რა ერთმანეთს, ხშირად ჰყვებიან ერთსა და იმავე ობიექტებზე. მხატვრული ტექსტები კი გვატყობინებენ სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც მსგავსი კონკურენცია უსათუოდ უნდა გავიგოთ.

მაგალითად, დეტექტივი, რომელშიც დამნაშავე ბოლოს კანონით ისჯება, გარკვეული თვალსაზრისით, შესაბამისია საგაზეთო შენიშვნისა ძებნილი დამნაშავის დაკავების შესახებ. მაგრამ დეტექტივისთვის მისი ბოლო აქტი ზედმეტია, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტექსტს, ჟანრის კანონებიდან გამომდინარე, როცა დამნაშავის დაჭერა კი არ არის დეტექტივის ცენტრალური შემადგენელი, არამედ თვითონ დაჭერის პროცესი.

ამგვარად, რეალობის ინტერპრეტაციის სქემები შეიძლება აქცენტირდეს თავის სხვადასხვა ნაწილზე. საგაზეთო შენიშვნა პირობითად ორიენტირებულია ფინალზე, თუ ფორმალურ ნაწილებზე ვისაუბრებთ, დეტექტივი – ასევე პირობითად – შუა ნაწილზე. ეს ორი ორიენტაცია მოედინება ჟანრობრივი კანონზომიერებებიდან. მასმედია ორიენტირებულია სივრცისა და დროის მოცემულ წერტილთან მიბმაზე. მაგალითად, გუშინდელი გაზეთი არავის აინტერესებს. მოცემულ მომენტთან ყველაზე ახლოსაა დამნაშავის დაჭერა: დანაშაულისა თუ ძებნის წერტილები უკვე შორსაა ინფორმაციის მიღების დროსთან. დეტექტივისთვის კი ეს წერტილი წარმოადგენს არანაკლებ საინტერესოს, რამდენადაც ნარატიულად ის დამამთავრებელია. მოვლენათა შუაში მყოფობას, პრაქტიკულად, არ აქვს საზღვრები, ჩვენ შეგვიძლია, ვზარდოთ ეპიზოდების ნებისმიერი რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ცივილიზაციური ნორმების ჩარჩოებში საგაზეთო შენიშვნა მიისწრაფვის თავისი მოცულობის შემცირებისკენ იმ დროს, როცა, მაგალითად, დეტექტივს აქვს განსხვავებული მოცულობის შემოსაზღვრულობა. ყოველ შემთხვევაში, მას აქვს გაცილებით მეტი სიდიდის უფლება.

მასმედიის კომუნიკაციებს ჩვენ მივიჩნევთ უფრო ობიექტურად ანუ ფსიქოლოგიურად ისინი ითვლება სინამდვილესთან უფრო შესაბამისად, ხოლო მხატვრული კომუნიკაცია საზოგადოების მიერ განიხილება, როგორც სუბიექტური. უფრო მეტიც, ყოველი, კომუნიკაციის ამ პოლუსებიდან, ესწრაფვის, მიაღწიოს მაქსიმუმს: ერთი მხრივ – ობიექტურობისა, მეორე მხრივ – სუბიექტურობის. ობიექტურობის სტანდარტის  მიღწევისას ჟურნალისტები შეიძლება სროლაში მოყვნენ, დაიღუპონ მოვლენების ეპიცენტრში, რაც ძნელი წარმოსადგენია მწერლის შემთხვევაში.

სიმბოლური სინამდვილის წარმოქმნის ამ მეთოდის განსაკუთრებულ ხასიათს აქტიურად და ძირძველი დროიდან გამოიყენებს ადამიანური ცივილიზაცია. სიმბოლური რეალობის წარმოქმნის ყველა ტიპი ამა თუ იმ ხარისხით ექვემდებარება ურთიერთგავლენას. მაგალითად, რომანი, როგორც ითვლება, ამოიზრდება რიტორიკაში სპეციალური აკადემიური სავარჯიშოებიდან. დღეს არსებობს რომანები, ჟურნალისტური ჟანრების მამოდელირებელი. ასე რომ, კომუნიკაციური სიბრტყე მთლიანობაში გამუდმებით იყენებს ზემოქმედების უფრო ეფექტურ საშუალებებს, რთავს რა მათ ახალ კონტექსტებში.

მხატვრული კომუნიკაცია ეყრდნობა სინამდვილეს, მაგრამ უფრო რთულ დონეზე. ის ახდენს სინამდვილის რეინტეგრაციას, ალბათ უფრო რომანტიკული მოდუსით და საკმაოდ ხშირად ზუსტად ის ხდება მასობრივი შემეცნების გზამკვლევი ისტორიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...