კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

„ჩემო თავო, მრავალხმიანო…“

ბესიკ ხარანაული „ორივ ფურცელი ცის და მიწისა“

ფოტო: არტარეა

ბედნიერი ადამიანი ვარ თუნდაც იმით, რომ ამ პოემის კითხვით ცოცხალ კლასიკოსს შევიგრძნობ, როგორც მფეთქავ დვრიტას, ენერგიასა და პერსპექტივას ჩვენი ერის სიცოცხლისა და განვითარებისა. ახლაც ნათლად მახსოვს ის დღე-პური, როცა პოეზიის დიდმა „ქურუმმა თუ მაგმა“, ბესიკ ხარანაულმა, ეს წიგნი მაჩუქა წარწერით. ახლაღა შევძელი ჩემი ცხოვრების ორომტრიალში მასთან ზიარება, თითქოს, ვასიკო კეჟერაძისეულ „კარცერ-ლუქსშიც“ ამოვყავი თავი და განვიცადე ზოგისთვის აკრძალული, ჩემთვის კი ადრეული ბავშვობიდან ასეთი მომნუსხველი პროცესი ღირებულ ლიტერატურასთან დაძმობილება-ინიციაციისა.

 

დავიწყე ამ მშვენიერი პოემის კითხვა და ზოგან ვერლიბრულ, ზოგან კი საკრალურ, კოსმიურ ცოდნასთან მიერთებული პოეტის ცნობიერების „ციებ-ცხელებიან“, ტრაგიკულ-ტკივილიან სტრიქონებს „შევეჭიდე“, ასე რომ ცდილობენ გამოსავლის მოძებნას ჩვენი წუთისოფლის „ჭრელი კალეიოდკოპის“ ქართულ ხვეულებსა თუ ნამცვრევებში. ეს ცოდნა ჩვენ გვქონდა, ქართველებს, მაგრამ დავკარგეთ, როგორც მოუფრთხილებელი მადლი და ახლა ბესიკ ხარანაულისნაირმა დიდმა შემოქმედებმა (ისინი ხომ განსაკუთრებული ეროვნულობითა და მსხვერპლით გამოირჩევიან ქართულ სინამდვილეში?!) უნდა დაგვაბრუნონ მის იშვიათ წიაღში. მთიელმა პოეტებმა ხომ განსაკუთრებული ფორმაც იციან სათქმელის გამოხატვისა, დიდი ვაჟასი არ იყოს და მათი ნააზრევიც საოცარი ექსპრესიითა და სიღრმით გამოირჩევა?

 

პირველივე შთაბეჭდილებაა ილიას „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული“, მოხუცის ეს აჩრდილი ბესიკ ხარანაულთან გაცოცხლებულა, როგორც სული საქართველოსი და ავტორს რაღაცა პრეისტორიული სიღრმიდან ესაუბრება, ცაზე გამოისახება, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან დგას და იქიდან გუგუნებს „ცის მედგარივით“, ანუ დრო და სივრცე სრულიად პირობითია პოემაში. მწერალიც, „ცოდვილი მჩხაპნელი“, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, გაიღუნება მის უღელქვეშ ბებერ ხარივით მის სიტყვებზე:

 

„იცით, სადა ვდგავარ?

იმ ადგილას,

სადაც ბავშვები ნაწვიმარზე წისქვილებს აგებენ და წიფლის ქერქეჭელის ურმებით მიაქვთ დაფქული.

იმ ადგილას,

სადაც სარკინოზთაგან ცხვარივით დაკლული არჩილ მეფის სხეული დაკრძალეს, რადგან მთელ საქართველოში სისხლისაგან აღარ იყო მშრალი ადგილი, არც ჭალა, არც იქ ნადენი წყალი.

თავ-თმაამოკორტნილ ქალებს ძუძუელა ბავშვებზე თავი დაეხარათ, იტირებდნენ, მაგრამ ცრემლის ლოპო ჰქონდათ დამშრალი.

იცოდნენ, რომ სიკვდილს უზრდიდნენ შვილებს და მაინც უზრდიდნენ “.

 

ყველანი ამ ისტორიულ მისტერიაში „ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“. ხანდახან გვგონია, რომ საქართველოს ისტორიაში „მარადი შემოდგომაა“, რომელიც, ბუნებაში სასწაულად მოგვევლინება ხოლმე („დილის ნიავი ჩიტის ბუმბულს თრთვილს მოაბამს…“), ადამიანურ-ეროვნული რეალობის მეტაფორად კი მძიმედ აღსაქმელია.

 

პატრიოტიზმი, რომელიც ქართველთა თანამდევია, როგორც სააზროვნო თუ საარსებო თვითგამოხატვის ფორმა, ჩვენთან სხვადასხვაგვარად გაგებულია. ის, მწერლის აზრით, მიწაზე სიარული უფროა, ვიდრე ლამაზი სანახების შორიდან, ძერის სიმაღლიდან, ჭვრეტა. და მეტიც: დღეს ის ტალახში სიარულს, მორყეულ ღობეებთან შეჯახებას ჰგავს, ამ უკანასკნელთა ყმუილით გამაგრების ხან შედეგიანი, ხანაც უშედეგო მცდელობებით. სამშობლოს სიყვარული უღელია, ყველაზე მძიმედ საზიდი, მით უმეტეს, თუ უშრომელ, ჭირად ნაქცევ „ლხინს“ მისცემია ადამიანთა უმრავლესობა („ყველგან ნაგავი და სუფრა გაქვთ, წმინდა ფრთები ვერაფერზე დამიწყვია“).

 

ყველაფერი ხომ ადამიანად ყოფნის საიდუმლოსთანაა წილნაყარი, არა?

 

,,სულ არაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი შრომა რომ სჭირდება გასაძღომად და მარილიანი კლდის სალოკად მისულ ჯიხვს უსაფრდება… სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი სისასტიკე რომ სჭირდება გასაძღომად და მეორე მთაზე ძერა გადაასწრებს”, – ეს თავად ეზოთერული, ინტუიციური, საკრალური ცოდნის ღაღადისია თითქოს. ეს ინტუიციური ცოდნა, რომელიც ინტელექტუალურზე არ დაიყვანება, ქართველთა ჭკუას არასდროს გააცინებსო, ბრძენმა პოეტმა, სიცილი მუცლის ხელობააო, გვესაუბრება ავტორი პოეზიის იმ „შემაღლებულიდან“, ღვთის კურთხევით რომ მოგვემადლა ქართველებს, მაგრამ „მოვიდნენ და გადაასწორეს“. საკუთარი თავისგან, საკუთარი ეროვნულობისგან დაცლა ყველაზე საშინელია, რაც შეიძლება ერის ცნობიერებას დაემართოს. საქართველოს სულმაც იცის, რომ თვითონაც გაეცლება ბედკრულ საქართველოს ელინთა სულივით, საკუთარი მიწა რომ მიატოვა, თუ არ გავიზრდებით სულიერად, თუ არ გავიხსენეთ ჩვენ ზემოთ სულიწმიდის დაკიდებული ეს „ოქროს შიბი“, ისეთივე მისტიკურ-ტრაგიკული, როგორც „წმინდა გიორგის ნისლისფერი მათრახი“, ხელსაქსოვიანი მარიამ ღვთისმშობელი, ცხვარს რომ მიჰყვება პოეტის ფაქიზ, მისტიკურ წარმოსახვაში; როგორც თავად სულიწმინდა, რომელიც პირველებმა ვიხილეთ ამ დედამიწაზე, როგორც წმინდა ნინოს „მოდე-მოძმეებმა, იმისგან ჯვარდასახულებმა“. სწორედ წმინდა ნინოს ვაზის ჯვარივითაა, მისი ზუსტი კონფიგურაციით, აღმართული ჩვენი მიწაც ზეცისკენ. საქართველო ხომ ყდებშემოძარცვული, ნაპირებშემომწვარი ხელნაწერივითაა, „არ იკითხება, რა წერია, ვინ ამოიტაცა იგი ცეცხლიდან, ვინ დაჯდა სატირლად?…“ (14) ეს ფენიქსი-წიგნი-ქვეყანა, სისხლით ნაწერი, შემდგომ „მელნით გადაუწერიათ, კალამი უხმარიათ შუბის წვერის მაგიერ“…

 

ნაცარქექიობა ფილოსოფიაა, რომელიც მომხმარებლურ ცხოვრების წესადაა ჩვენთან ნაქცევი – „ისე სახელს ვერ იშოვი“, ამიტომ ზღაპრის ჯადოსნურობა დაუკარგავს. ღმერთს ვივიწყებთ, რადგან მას გარეთ ვეძებთ და არა ჩვენ შიგნით, საკუთარ თავში არ მოვუხმობთ. ამიტომ დავემსგავსეთ ყველა მხეცთაგან შეზავებულ მხეცს:

 

,,გიყვართ ძმის სისხლი, მტრისა გეჯავრებათ,

სხვის დროშის ქვეშ ეუბრობთ, თავისის დამცინავნი.

დიდს და უცხოს ნუ ეტანებით, ისედაც უცხომ დაგთხარათ თვალები გაჩენის დღიდან…

სული წინ ნუ გისწრებთ, ჯერ შეიცანით საგანი და მერე განიცადეთ.

ვინც მკვდარი არის სიცოცხლეში, ის მკვდარი იქნება სიცოცხლის მერეც. ცოცხალი კი ცოცხალი დარჩება”.

 

სადღაა ქართველთა ის ღირსება, სამშობლოს სამსახურით რომ იზომება? ვინ შეირგო არმად ცხენზე დაბერებული ვაჟკაცების ამაგი? „ყველა ხელხმლიანი ჭაბუკის ბედი, ყველა სანთელი, საქართველოს თავზე დამწვარი…“? სადაა ის ცრემლი, რატომ დამშრალა, კალთაში დაგროვილ შვილის ნაკუწებს რომ მირონივით დაედინებოდა? „თმაბევრებისა და თვალგაკერილების“ ნაცვლად ქვები ილაპარაკებენ!…

ქართული სულის, ზემოთ ასასვლელი „სართულის“, „სულიწმინდის კალოზე ქრისტეს ხელით განიავებული ხორბლის ალმურის“ გარეშე არაფრები ვართ, „ცარიელი ჭურჭელი… ქარში მოზუზუნე…“ და ასე პირისქარით ცხოვრობს ქვეყანა, რომელშიც „ენაგრძელი ითვლება ჭკვიანად…“ – ესაა ისევ ილიასეული „ბედნიერი ერის“ ფილოსოფია-საგოდებელი. დროისა თუ თვალსაწიერის, შეგნების „გაგანიერების“ მცდელობები.

 

რაც საუკუნეების განმავლობაში შევძელით, რწმენამ შეგვაძლებინა. ხოლო რწმენა მიწიერს უნდა, ზეცას ის არ სჭირდებაო, ბესიკ ხარანაულმა, – „არც ქრისტეს მოუტანია ღმერთობა მიწაზე, ადამიანობა მოიტანა“ (26). მიწასაც აქვს მეხსიერება, გამჭვირვალებულს ძველის სისხლით. ქართველს სიცოცხლეც უყვარს, მაგრამ არც სიკვდილთან თამაშია მისთვის უცხო („სწყინდება ყოფნის ცოხნა და არყოფნის ხილვა სწყურდება“ – 28).

 

საქართველოს რუკის დღეს თუ დავაწესებთ (ჩვენს ცნობიერებას ხომ ყველას, უკლებლივ, საქართველოს ფორმა აქვს?), ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ დროთა კავშირი მარადისობასთან წილნაყარია და წარსულმა უნდა შობოს მომავალი ჩვენს შემთხვევაში, ისტორიაც თავიდან დაიწყოს, დროის ელიფსური წრებრუნვასავით… ისტორია კი მეტი არაფერია, თუ არა წინაპრებიდან დაწყება ათვლისა:

 

„დიდება ჰქონდეს მეფე ერეკლესა, დაუთველად მებრძოლს,

ცრემლებით ჩასულს სამარეში“ (32).

 

საოცარი სიბრძნეა და განცდა ჩვენი ღირსეული ისტორიისა პოეტისგან…

 

პოემის მეორე ნაწილს ჰქვია „ძეხორციელი“ და აქ თავადაა პერსონაჟის როლში ბესიკ ხარანაული – „განდგომია მას ყოველი, თავის ლექსებიც კი, / მარტო დარდებს არ ეთმობათ თავის ბესიკი…“ (39). სამყაროს შეცნობის წინაპირობა ცნობისმოყვარეობაა, პოეტიც მის „ნავში“ ჩამჯდარა, რომელიც მძიმდება („და ვოცნებობ, ნეტა, ჩამძირაო…“). ამ ცნობისმოყვარეობას მიჰყავხარ საუკუნიდან საუკუნემდე არჩეული გზებით, ჯვრის საზიდად, მაგრამ ის ძალა და რწმენა, რომლებიც ამას სჭირდება, ხშირად იკარგება…

 

„სამყარო მუდმივი გამოსხივებაა,

გული მიუშვირე და პოეტად მოიზილები “.

 

…და პოეტობა ერთი ან ასი ლექსის წერა არააო, ის სულის მოფენაა. წყარო ამ სულიერებისა კი შეიძლება იყოს ბუნებაც, ყოფიერებაც, ოღონდ რიგიანად, სწორ პრიზმაში აღქმული. უბრალოება ყველაზე გენიალურიაო ამ აღქმისა თუ შესწავლის პროცესში:

 

„როგორ მინდა, დავწერო წიგნი – ფოთოლ-ბალახთებრი –

ამ უბრალოთებრი, ამ ბუნებრივთებრი…“ (42)

 

ღმერთთან მიმსგავსებულობაზეა საუბარი და პატარა სურვილი არ გეგონოთ ეს (ვაჟასი არ იყოს, რომლის მსგავს სიღრმეებს ეჭიდება ბესიკ ხარანაულიც, – „ვლაპარაკობდი ღმერთთანა“). უბრალოს ორმხრივი გაგება აქვს: ბრალის არმქონე და ჭეშმარიტებასავით მარტივად აღსაქმელი, თუმცა ამ სიმარტივის აღმოჩენას შეიძლება მთელი ცხოვრებაც დასჭირდეს; უბრალო საბრალონი – ეს სწორედაც ვაჟასეულია!

 

„– ეეე! საჭმელს ვინ არ დაუმარცხებია!“

 

კვნესის ადამიანი და თითქოს საკუთარი ცხედარი უსვენია წინ. ამ „ცხედარი-სხეულისგან“ გათავისუფლება ყველაზე დიდი დილემაა ამ წუთისოფელში. ეს სიცოცხლეშივე მხოლოდ წმნიდანებს შეუძლიათ (გავიხსენოთ შუშანიკი, აბო: „ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ჰხედვიდა თჳისსა მას გუამსა“). სხეულში დარჩენილებს კი სინანულზე საჭირო გრძნობა ალბათ არც გაგვაჩნია და ეს გრძნობა იმქვეყნადაც მიგვიძღვის, უჩინარი და უტყუარი მეგზურივით („ერთი დიდი მეფე გვყავდა და იმანაც სინანული დაგვიტოვა ანდერძად“ – 45).

 

ჩვენი „ლურჯი ქვეყანა“, როგორც ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ინგა მილორავა უწოდებს თავის ლექსში, ასე მუდამ სასურველი, ასე კარგი და ძველი, „დედა არის ჩვენი,/მანდილია წმინდა!“ (48). ჩვენ, ჩვენ რას ვუბრუნებთ მას, ჩვენს მშობელს?

 

„მომდევს ჩემი ბედოვლათობა, უძლურება, უღმერთობა, უკუღმართობა, ფეხის ხმითა, შრილითა, სისინითა, თვალების ბრიალით… რომ სოროშიც ვერ ვემალები… თუმცა ერთგულად მდარაჯობენ დედის სახლი, მრავალსაკერებლიანი და ეზოს ხეები პერანგიანები…“ (49). ეს „დედის სახლი“ ხომ საკუთარი ქვეყანაა, „პერანგიანი ხეები“ – წინაპართა ბუნებაში მატარიალიზებული იდეები. და როცა მგოსანი იტყვის არაჩვეულებრივი მეტაფორულობით: „ყვავილმა გულზე მომადო თავის“, შენ, მის მკითხველს, უკვე აღარაფრის გეშინია, ჯაბანთა, ათასნაკლულთა ნაცვლად ისევ ერს ხედავ, ხალხს!…

 

არ არსებობს წიგნი, რომელიც მაღლა დგასო ადამიანურ თავმოყვარეობასა და ღირსებაზე, გვეუბნება პოეტი. ღირსებისთვის (პიროვნული თუ ეროვნული) ბრძოლა კი სწორედ ის მოძრაობის ფილოსოფიაა, სულიერი დინამიკა, რომელიც ნებისმიერ სიცოცხლეს სჭირდება, რომ არ გაქვავდეს, როგორც ზღაპარშია, არ გაიყინოს, კიჩად არ იქცეს… „ბუნებაში, საერთოდ, რასაც არ ეშინია, ის არ მოძრაობს“, – სწორედ ამ ზემოთქმულ შიშზე არაფრად ქცევისა წერს ბესიკ ხარანაული, წერს უფრო დასაწერად, ვიდრე წასაკითხად, შესაგრძნობად და განსახორციელებლად და არა სადღეგრძელოებისთვის…

 

„ღმერთო რას ვიზამ, როცა მოვკვდები,

დიდ წყვდიადში რომ სანთელ-შიშველი შევალ,

იქ რა იქნება…

რისთვის უნდა ვემზადო, ღმერთო?“ (59).

 

მეთექვსმეტე საუკუნეში ორმოცდათხუთმეტჯერ შემოესივნენო საქართველოს. დღეს კი ისევ ვდგავართ, ვქმნით, ვთხზავთ და არავისზე ნაკლებად… მაგრამ მარტივი ყოფითობა გვეშლება, რომლის განზოგადებაც შეიძლება, გაფილოსოფიურება: „სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება“. სულშიც და გარემოშიც ბევრი ნაგავი დაგროვილა. ბესიკ ხარანაული ასეთ სიბრძნეს გვთავაზობს (სიბრძნე კი იმისია, რომ შეიძლება მინდიობით უფრო შეიცნო, ვიდრე აინშტაინობით): ხანდახან ცოცხალმაც უნდა თქვას მკვდრის სათქმელი; ყველამ სათავისოდ უნდა იცხოვროს და არა იარსებოს; და ყველამ თავის წილი გმირობა უნდა ჩაიდინოს!…

 

„ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს!

არ შეიძლება შენი მიწაში ჩადება,

სამარე არ არის საიდუმლოს ადგილი“(62).

 

საქართველო, მართლაც, დიდი საიდუმლოა და ი ს ჩვენ გვაბარია. არ გვაქვს უფლება, დავჩიავდეთ, არ ვაჯობოთ საკუთარ ბნელ ბუნებას, დავკარგოთ „სამოთხის კარის“ გასაღები…

 

 

მაია იანტბელიძე

 

ციტატები წიგნიდან: ბესიკ ხარანაული „ორივ ფურცელი ცის და მიწისა“, გამომცემლობა „არეტე“, 2005 წელი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი