ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვის გადატვირთვა – სიმპტომები და თავიდან აცილების გზები

რომელ მშობელს არ სურს, რომ მისი შვილი წარმატებულ, განათლებულ, სასახელო პიროვნებად აღიზარდოს, რომლითაც ის ყოველთვის იამაყებს და თავს მოიწონებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბევრ მშობელს ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე აქვს შედგენილი მისი განათლების „პროგრამა“ და განვითარების „გეგმა“ ცხოვრების ყველა ეტაპზე. ასეთი მშობელი ბავშვის სკოლაში შეყვანის პირველივე დღიდან აქტიურად იწყებს შვილთან დაკავშირებული პროგრამისა და გეგმის ამუშავებას – რა თქმა უნდა, ბავშვი სკოლაში წარმატებულ, საუკეთესო მოსწავლედ უნდა ითვლებოდეს და ბევრი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწორედ მისმა შვილმა მოიპოვოს ეს „ტიტული“. თუმცა, სკოლაში კარგად სწავლა და სანიმუშო ქცევა აღნიშნული კატეგორიის მშობლებისთვის სრულიადაც არ არის საკმარისი. როგორ შეიძლება ბავშვი არ ცეკვავდეს, არ მღეროდეს, ერთ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე მაინც არ უკრავდეს, არ ხატავდეს, უცხო ენას იმაზე უკეთ არ ფლობდეს, ვიდრე მისი ნებისმიერი თანატოლი, არ იყოს სპორტის რომელიმე სახეობით დაკავებული. და იწყება ბავშვის სხვადასხვა სახის წრეობრივ მუშაობაში ჩართვა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი სასკოლო სწავლების დაწყებიდან პირველივე დღეებში ხდება, იმ დროს, როდესაც ბავშვის წინაშე სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა დგას – მოსწავლის როლის მიღება და სკოლასთან ადაპტაცია, რომელიც რიგ შემთხვევებში არცთუ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მშობელი აღმოაჩენს, რომ მის შვილს რომელიმე საგანში რაღაც „პრობლემა“ აქვს, იწყება რეპეტიტორის მოძიება, რომ ბავშვს აღნიშნულ საგანში დამატებითი მეცადინეობები ჩაუტარდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად ბავშვი შეიძლება ისე გადაიღალოს და გამოიფიტოს, რომ პროტესტი გამოუცხადოს მშობლებს, ბევრ წრეობრივ მუშაობას თავი მიანებოს და სკოლაშიც მოუკლოს სწავლას. უფროსები ამ ყველაფერს მოზარდის სიზარმაცით ხსნიან და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ამის მიზეზი შეიძლება წლების განმავლობაში ბავშვის უზომო გადატვირთვა გამხდარიყო.

 

ბავშვში გადაღლისა და გამოფიტვის ამოცნობა შეიძლება მარტივი არც იყოს, განსაკუთრებით როცა საქმე დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ეხება. კარგი იქნება თუ გვეცოდინება ის ნიშნები, რომლებიც ბავშვის გადატვირთვაზე მიუთითებს.

გადატვირთვის ძირითადი ნიშნები:

  • თუ ბავშვი მოშვებული, მოდუნებულია, ზედმეტად ძილისკენ არის მიდრეკილი, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და არ არის დაინტერესებული გააკეთოს ის, რაც ჩვეულებრივ მოსწონს, წყვეტს თამაშს, ეს მიუთითებს პრობლემის არსებობაზე და რაღაცის შეცვლის აუცილებლობაზე. ზოგადად ბავშვის ქცევაში, მის ჩვევებში ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება, საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა საგანგაშო სიმპტომია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. გადატვირთვა ართმევს ბავშვს ემოციურ და ფიზიკურ ძალას სასიამოვნო საქმეებისთვისაც კი;
  • ხშირი ავადმყოფობა, გაციება, თავის ტკივილი შეიძლება კიდევ ერთი მაჩვენებელი იყოს იმისა, რომ ბავშვი გადატვირთულია. ორგანიზმის მომატებული დატვირთვის გამო იმუნური სისტემა სუსტდება, რის შედეგადაც მისი მუშაობის ეფექტიანობა ქვეითდება და მის მიღმა რჩება გარე საფრთხეები, რომლებიც ადრე საიმედოდ იყო შეკავებული. თუმცა, ხშირი ავადმყოფობა შეიძლება ქვეცნობიერი რეაქციაც იყოს მშობლების მხრიდან უზომო ზეწოლაზე. მცირეოდენი ამოსუნთქვისა და დასვენების სურვილით ბავშვის ორგანიზმი პოულობს სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს – ავადმყოფობას. პატარას არ შეუძლია ღიად თქვას „არა“ და აკეთებს ამას ავადმყოფობის დახმარებით: ის იწყებს ავადმყოფობას და მას ბოლოს და ბოლოს თავს ანებებენ, მისგან მეცადინეობას აღარ ითხოვენ;
  • ძილის დარღვევა გადატვირთვის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. უძილობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, კოშმარები, გაღვიძებისთანავე დაღლილობის შეგრძნება – ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბავშვი ძალიან გადატვირთულია და ვერ უმკლავდება მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთან, ძილის ასეთი დარღვევა მნიqeშვნელოვნად ამძიმებს ბავშვის ისედაც რთულ მდგომარეობას: ღამით დასვენების შესაძლებლობის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე და იწვევს კიდევ უფრო მეტ დაღლილობას, რაც პრობლემას მეტად ართულებს;
  • გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა ასევე შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის გადაღლაზე. თუ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ არ არის მიდრეკილი ჭირვეულობისკენ, აგრესიისკენ, გუნება-განწყობის ცვლილებისკენ, მოულოდნელად ასეთი ხდება. ეს სერიოზული მიზეზია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ და ყურადღება მივაქციოთ მას. შესაძლოა, ზემოაღნიშნული ქცევა დაკავშირებული იყოს სასწავლო პრობლემებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან კონფლიქტებთან, ან გადაღლასთან, რაც ყველაფერთან ერთად უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე;
  • მოტივაციის დაქვეითება ასევე შეიძლება ბავშვის გადაღლაზე მიუთითებდეს. ინტერესის მკვეთრი შესუსტება ნებისმიერი სახის საქმიანობის მიმართ, იქნება ეს სწავლა, ჰობი, სპორტი, თუ ურთიერთობა მეგობრებთან, ახლობლებთან, გადატვირთულობის ერთ-ერთ სერიოზულ სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა ხდება – შესაძლოა ჩვენ გადავტვირთეთ ბავშვი მისთვის უინტერესო საქმიანობით ან ზედმეტად ბევრი დავალების შესრულება უწევს.

 

 რეკომენდაციები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გადავტვირთოთ ბავშვი:

 

  • თუ ბავშვს შევამჩნევთ გადატვირთვის ერთ ან მეტ სიმპტომს, შევეცადოთ, შევამციროთ იმ აქტივობების რაოდენობა, რომლის განხორციელებაც მას უწევს. გადავხედოთ ბავშვის დღის განრიგს და შევამციროთ დატვირთვა, დავტოვოთ მხოლოდ ის მეცადინეობები, რომლებიც პრიორიტეტულია. პრიორიტეტული სფეროების არჩევისას სასურველია ბავშვთან კონსულტაცია – მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ მისი აზრი და ორიენტირებული ვიყოთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ბავშვის სურვილებზეც. ყველაფერი, რაც საინტერესო და მომხიბვლელია ბავშვისთვის ნაკლებად ღლის მას და უადვილებს დიდ დატვირთვასთან გამკლავებას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის დატვირთვა მისი ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. მოვერიდოთ დამატებით წრეობრივ სამუშაოებში მის ჩართვას სკოლაში შეყვანის პირველივე დღეებიდან;
  • დღის განრიგის შედგენისას გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები და არ შევადაროთ ის სხვა ბავშვებს. ის, რაც ერთისთვის ძალიან ადვილია, მეორისთვის შეიძლება გადატვირთვის მიზეზი გახდეს. ზოგისთვის მხოლოდ სასკოლო გაკვეთილების მომზადებაც კი დამღლელია, ზოგი კი ხალისით ახერხებს რამდენიმე დამატებით წრეზე სიარულს.;
  • ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ბავშვის ემოციური მდგომარეობა და ქცევითი თავისებურებები – თუ ის კმაყოფილია, ხალისიანია და სიხარულით, სიამოვნებით მეცადინეობს, წრეებზეც ხალისით დადის და ამის გამო არ ჩამორჩება სკოლაში, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ თვალ-ყური ვადევნოთ ბავშვს, ვესაუბროთ და თავადაც ბევრს მივხვდებით;
  • ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბავშვს ყველა დამატებითი მეცადინეობა და წრეობრივი სამუშაო ერთ დღეს არ ჰქონდეს. შევეცადოთ, ზოგიერთი დღე გამოვუთავისუფლოთ დამატებითი მეცადინეობებისაგან, რათა მას დარჩეს დრო დასვენებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისათვის და აუცილებლად მინიმუმ ერთი დღე გამოსასვლელი და სრულიად თავისუფალი უნდა ჰქონდეს, როგორც სკოლისგან, ასევე წრეებისგან, იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ძალების სრულფასოვნად აღდგენა;
  • მოვერიდოთ დამატებითი მეცადინეობების საღამოს საათებში ჩასმას. ამ დროისათვის ბავშვი უკვე დაღლილია, სწავლა ან თუნდაც სპორტული ვარჯიში კი ყველა დარჩენილი ძალების დახარჯვას მოითხოვს. ამასთან, თუ საღამოს იმეცადინებს, ის ვერ მოასწრებს დასვენებას ძილის წინ. დასაძინებლად წასულსაც კი აედევნება ფიქრები სწავლაზე, მეცადინეობაზე, რამაც შეიძლება ის სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანოს. საჭიროა დაძინებამდე ბავშვს მინიმუმ ოთხი საათი ჰქონდეს თავისუფალი დასვენებისა და იმ ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც სწავლასთან არ იქნება დაკავშირებული.

 

დაბოლოს, მოვერიდოთ ბავშვის ისეთ დატვირთვას, რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის წარმატებას არა მეცადინეობების სიჭარბე, არამედ პირველ რიგში მისი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“