სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეორადი რესურსების გამოყენების პრაქტიკული მაგალითები სკოლიდან

რა ვუყოთ მეორად ნივთებს?

ყველგან გხვდება ნივთები, რომელთაც წარსულში გარკვეული დანიშნულება ჰქონდათ, მაგრამ ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი. ასეთი ნივთებით სავსეა სკოლა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და სასკოლო თემის წარმომადგენლების მიერ მეორადი ნივთების გამოყენების საუკეთესო მაგალითებს.

ძველისა და ახლის კომბინაცია

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკოკლუბის, „ჩვენი მომავლისთვის“, წევრები მონაწილეობას იღებდნენ საკვირაო სკოლაში, რომელიც ქვემო ქართლში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი. კლუბის წევრებმა წარადგინეს იდეა სკოლის ეზოში სკვერის მოწყობის შესახებ და მოიპოვეს 400 ლარის დაფინანსება. დაფინანსების სიმწირიდან გამომდინარე შევიძინეთ მხოლოდ მაგიდის ზედაპირები და ფიცრები სკამებისთვის. ჩვენი იმედი სკოლაში არსებული დაზიანებული მაგიდების დეტალები იყო.

შეძენილი რესურსისგან კლუბის წევრებმა სპორტის მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს მაგიდები და სკამები. ამ პროცესში გამოყენებულ იქნა ჩამოწერილი მერხებისა და სკამების დეტალები, კერძოდ, რკინის ფეხები. დამზადებული მაგიდები და სკამები სექტემბრის დასაწყისში სკოლის წინა ეზოში დამონტაჟდება.

ვერტიკალური ბაღი ჟოლობის მილებისგან

სკოლაში გამოიცვალა ე.წ. წვიმის ჟოლობები. ძველი მილები მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებაში შეინახეს. განათლების ბაღში არსებული სივრცე/ტერიტორია მცენარეების დარგვის საშუალებას აღარ იძლევა. ჩვენც იძულებულნი ვართ, ვეძიოთ გამწვანების ახალი გზები. ფიქრისა და მსჯელობის დროს ვერტიკალურ გამწვანებამდე მივედით.

წვიმის ძველი ჟოლობების გამოყენების იდეა მოსწავლეებმა მომაწოდეს. ისინი დავხვრიტეთ, გავავსეთ მიწითა და ჩვენივე წარმოებული კომპოსტით. შემდეგ დავიწყეთ მცენარეების დარგვა. მცენარეების დარგვისას გავითვალისწინეთ ნიადაგის მცირე მოცულობა და ჩავრგეთ მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ ბევრი მიწა, მაგალითად, სეკულიანტები.

ყვავილების თარო

ჩვენი სამოქალაქო კლუბი მთლიანად ორიენტირებულია სკოლის მდგრად განვითარებაზე. კლუბის წევრები მუდმივად ეძებენ ნივთებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი დანიშნულებით. განათლების ბაღის გვერდით მდებარეობს ჩამოწერილი და დაზიანებული ნივთების საცავი. მას კლუბის წევრები ხშირად ვსტუმრობთ რაიმე ახლისა და საინტერესოს აღმოჩენის იმედით.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ჩამოწერილ ნივთებს შორის, ერთ საინტერესო დეტალს მივაგენით. რკინის საკიდი წლების განმავლობაში მოსწავლეების ჩანთების შესანახადა და ზამთარში თბილი სამოსის საკიდად გამოიყენებოდა. შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით გაიტანეს კლასიდან და ასე აღმოჩნდა ჩამოწერილი და დაზიანებული ნივთების სექციაში. ჩვენ მათ მალევე მოუძებნეთ ახალი დანიშნულება. რკინის კონსტრუქცია ყვავილების თაროდ გადავაკეთეთ. თაროებისათვის ძველი და დაზიანებული სკამების საზურგეები გამოიყენეთ. ყვავილების ახალმა თარომ, თავის მხრივ მეორადი ნივთებისგან შექმნილი ქოთნის მცენარეები შეიფარა.

დამტვრეული მერხებით დამზადებული ყუთები ბოსტნისა და კომპოსტირებისთვის

განათლების ბაღის მეზობელი ტერიტორია მოასფალტებულია და მის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ერთ-ერთ შეხვედრაზე დაგვებადა ყუთის დამზადების იდეა, რომელსაც მიწით გავავსებდით და შემდეგ სამეურნეო დანიშნულებით გამოვიყენებდით. გაზაფხულზე ამ ყუთში ჩავრგეთ/დავრგეთ ნიორი და კარტოფილი.

ფოტო

როგორც წინა წერილებიდან იცით, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში 2021 წლიდან გვაქვს კომპოსტის ყუთი. 2022 წლის სექტემბერში დადგა ახალი და უფრო დიდი კომპოსტის ყუთის საჭიროება.

კომპოსტის ყუთი სკოლაში ჩამოწერილი ნივთებისგან, გატეხილი მერხებისგან დავამზადეთ. ამით ჩვენ ხელი შევუწყვეთ მდგრად მოხმარებასა და წარმოებას.

წიგნების კარადა ღია სამკითხველოსთვის

2022-2023 სასწავლო წელს განათლების ბაღში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კუთხე გაიხსნა. ღია სამკითხველო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი კითხვით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

ღია სამკითხველოსთვის კარადას დიდხანს ვეძებდით. გაკვეთილის დროს მოსწავლემ მითხრა, რომ სახლში ჰქონდა ძველი კარადა, რომელსაც მისი მშობლები გადაგდებას უპირებდნენ. რამდენიმე დღეში გადასაგდებად გამზადებულმა ნივთმა განათლების ბაღში დაიდო ბინა და მალევე შეიძინა ფუნქციური დატვირთვა.

შეჯამება

დამეთანხმებით თქვენ ირგვლივაც იქნება უამრავი ფუნქციადაკარგული ნივთი. მინდა, რომ აღნიშნულ სტატიას ჰქონდეს შთაგონების ხასიათი და იყოს „ვირუსულად“ გადამდები სხვა სკოლებისა თუ საგანმანათლებლო ცენტრებისთვის. ძალიან გამიხარდება, თუ სტატიის კომენტარის ველში გააზიარებთ ბმულებს, სადაც მეორადი ნივთების გამოყენების პრაქტიკა იქნება ასახული.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“