კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ანიმეს პოპულარობა მოზარდებში

რომელია თქვენი ოცნების ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით იმოგზაურებდით ან თუნდაც იცხოვრებდით? – ვეკითხები ხოლმე მოსწავლეებს მაშინ, როდესაც პირველად ვხვდებით ერთმანეთს. კლასის უმეტესობა ყოველთვის იაპონიას ასახელებს. რა გასაკვირია? ყველას სურს, ნახოს ქვეყანა, რომელიც ასეთი განვითარებული და ლამაზია. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ასეთი ქვეყნები დღევანდელ მსოფლიოში არც ისე ცოტაა და, შესაძლოა, მართებულად გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ მიილტვიან ისინი მაინცდამაინც იაპონიისკენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია – იაპონია უკვე დიდი ხანია, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს დღევანდელ პოპკულტურაზე, რაც ძირითადად მანგითა და ანიმეთია განპირობებული. მანგა იაპონური კომიქსია, რომლის მიხედვითაც იქმნება ანიმე. მსოფლიოში ანიმეს პოპულარობა „ნარუტოზე“ (მოზარდების საყვარელი შოუ) გაცილებით ადრე დაიწყო. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში ყველაფერი „ნარუტოთი“ დაიწყო. შიგადაშიგ კი ბევრი რამ დაემატა – იქნება ეს სხვა ანიმე შოუები, ჰაიაო მიაძაკის, მაკოტო შინკაის თუ სხვა დიდებული რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები.

ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, რა არის ანიმეში ასეთი განსაკუთრებულიო. საქმე ის გახლავთ, რომ თუკი იტყვით, ანიმე არ მიყვარსო, ეს იგივეა, თქვათ, ფილმების ყურება არ მიყვარსო. ბევრ ზრდასრულს ანიმე მხოლოდ 500+-სერიანი ნინძების თავგადასავალი ჰგონია, არასერიოზულად მიაჩნია და მოზარდებს გულს სტკენენ. სინამდვილეში ანიმე ძალიან ფართო ცნებაა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, მიაკვლიოთ თქვენთვის საინტერესო ჟანრს ანიმეში. ისევე როგორც ჰოლივუდის ფილმებში, ანიმეშიც არის საბავშვო და არასაბავშვო, კომედია, საშინელებათა, საი-ფაი, დრამა, საოჯახო და კიდევ უამრავი სხვა ჟანრის ფილმი. ხოლო ის, რაც ყველა მათგანს ერთად განსაკუთრებულს ხდის, ეს ესთეტიკაა, რომელიც, უცნაურია, თუმცა მხოლოდ ანიმესთვისაა დამახასიათებელი. თითქმის ყველა ანიმეში დევს იაპონური კულტურის, არქიტექტურის, სტილის, ისტორიის ელემენტები. სწორედ ასე, საყვარელი პერსონაჟების თავს გადამხდარი ამბებით აღწევს ყველა ეს დეტალი მოზარდების ცნობიერში და მათთვის ახლობელი ხდება. მოგვიანებით, როდესაც ხედავენ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ანიმეშია, იაპონიის რეალობაცაა, რასაკვირველია, უნდებათ, რომ ის, რაც უყვართ, რეალურ ცხოვრებაშიც ნახონ და განიცადონ.

ჩემი პირველი ანიმე 2001 წელს ჰაიაო მიაძაკის მიერ გადაღებული ოსკაროსანი „მოჩვენებების მიერ გატაცებული“ იყო. მაშინ სულ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ანიმე, ან სად იყო იაპონია. თუმცა ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში ღრმად დაილექა ყველაზე მცირე და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი დეტალები – ჰაში, სახლში ფეხსაცმლით არ შესვლა; ტყეები, სადაც პატარა ქვის ქანდაკებები დგას; უცნაურსახურავიანი სახლები, რომლებსაც გადასაწევი კარი აქვთ; ამოზნექილი ხიდები, მატარებლის სადგურები, ბრინჯის ნამცხვრები და ა.შ. მოგვიანებით, როდესაც „მოჩვენებების მიერ გატაცებულს“ უკვე დიდობაში ვუყურე, აღმოვაჩინე, რომ მისი შინაარსი დიდად არ მახსოვდა. ბავშვობაში ბევრი რამ ჩემთვის თურმე გაუგებარიც დარჩენილა, თუმცა უცვლელი იყო მცირე დეტალებით გამოწვეული სიხარულის განცდა, რამაც საბოლოოდ მიმახვედრა, თუ რა ვიპოვე ასეთი იაპონურ წიგნებში – ის, რამაც ბავშვობაში აღმაფრთოვანა და ინტერესი გამიღვივა.

ცხადია, ბავშვობაში უამრავ ანიმაციურ ფილმს ვუყურებთ. თუმცა რატომღაც სხვა ანიმაციური ფილმები ვერ ახერხებენ შეგაყვარონ თავიანთი ქვეყანა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არაა, რომ იაპონელები ჯადოქრები არიან. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ავთენტურ სახეს და ყოველდღიურ ადგილებსა და საგნებს ისე ხატავენ ალბათ თვითონაც თავიდან უყვარდებათ.

როდესაც ეს თავად მაქვს გამოცდილი, რასაკვირველია, რთული აღარ არის, გავითავისო, რას და რატომ გრძნობენ მოზარდები. თუმცა სამწუხაროა, რომ ხშირად მსმენია დიდი ადამიანების სკეპტიკური დამოკიდებულება მათი შვილების, მოსწავლეებისა თუ ნაცნობების ამგვარ გატაცებაზე. ისინი ხშირად აგდებულად მოიხსენიებენ ანიმეს, ან მთლად უარესი – ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ბრძოლის სცენებით სავსე ანიმეს გამო ფსიქიკა უმახინჯდებათ და იაპონიით უაზროდ შეპყრობილნი ხდებიან. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რამდენ ჟანრს მოიცავს ანიმე და, ცხადია, ამ ჟანრების შერჩევაში მოზარდებს ყოველთვის შეგვიძლია დავეხმაროთ. რაც შეეხება იაპონიით შეპყრობას კი, ვფიქრობ, ეს არც ისე საგანგაშოა. ცოდნა არასდროსაა ზედმეტი, მით უფრო უცხო ქვეყანაზე. ის შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავეცნოთ კულტურას, ისტორიას და საერთოდაც, ინტერესები მომავალს მოვარგოთ.

სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შეცნობა, პირველ რიგში მათი ხელოვნებით ხდება. პირველად გვაინტერესებს კინემატოგრაფია, მუსიკა, ლიტერატურა. მომავალში სწორედ ეს დაინტერესება გვიბიძგებს, რომ ჩვენი ცოდნა გავაღრმაოთ და უფრო და უფრო მეტი შევიტყოთ ამ ქვეყნის შესახებ. თავის დროზე ინგლისური ენის სწავლა სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ მაინტერესებდა, რაზე მღეროდნენ ჩემი საყვარელი მომღერლები. ვიწერდი ტექსტებს, ვეძებდი სიტყვების მნიშვნელობებს, ვმღეროდი და ეს სიტყვები აღარ მავიწყდებოდა. ჩემმა ბავშვურმა გატაცებამ ზღვა ლექსიკური მარაგი დამიგროვა. იმხელა, რომ ზოგჯერ ახლაც არ ვიცი, სად ამოვიკითხე და საიდან ვიცი X სიტყვა, მერე კი ის მელოდიის სახით ჩნდება გონებაში. მაშინ რატომ არ შეიძლება მოზარდების იაპონიით გატაცებას საჭირო მიმართულება მივცეთ, რომ ის მხოლოდ გატაცებად არ დარჩეს?

ანიმე ბავშვების სულიერ განვითარებაზეც ზრუნავს – ანიმეთი ისწავლება სიყვარული, მამაცობა, თავდადება, მეგობრობა, დამოუკიდებლობა, პატიება, მადლიერება, სხვადასხვანაირი სილამაზის დანახვისა და აღქმის უნარი. ცხადია, ეს ის საბაზისო განვითარებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ანიმეთი და შესაბამისად, იაპონიით დაინტერესება შეიძლება გადაიზარდოს იაპონური ლიტერატურის, მუსიკის, ცეკვის, თეატრის ან კინემატოგრაფიის გაცნობის სურვილში. მოზარდებს შესაძლებელია, გაუჩნდეთ ენის შესწავლის, მისი კულტურისა და ისტორიის კვლევის სურვილი, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუკი მას მასწავლებლები და მშობლები სწორად მიუდგებიან და განავითარებენ.

ამიტომ კიდევ ერთხელ, აუცილებელია, გადავიმეოროთ, რომ მოზარდების ინტერესებს პატივი უნდა ვცეთ, ჩვენც დავინტერესდეთ მათით და თუ არ მოგვეწონა, ხელაღებით „ცუდი“ არ ვუწოდოთ მას. სწორედ ასე ინგრევა ყველანაირი ხიდი დიდებსა და მოზარდებს შორის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი