სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მხიარული და შემეცნებითი აქტივობები არდადეგებისთვის

როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი ზაფხულის არდადეგების განუყოფელი „ტრადიცია“ იყო 48-ფურცლიანი რვეულის შევსება მათემატიკის სავარჯიშოებით. მასწავლებლის სიყვარულისა და ჩემი პასუხისმგებლობიანობის წყალობით, სკოლის დაწყების პირველ დღეს მართლაც მიმქონდა შევსებული რვეული, თუმცა ეს არ იყო ზაფხულის განმავლობაში შესრულებული დავალება – საკუთარი სურვილით და მონდომებით შესრულებული. სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ვწერდი და ვწერდი ხელის დაბუჟებამდე, რათა მასწავლებლისგან საყვედური არ მიმეღო.

ახლა, როცა თავადაც მასწავლებელი ვარ, მუდამ ვიხსენებ ხოლმე საკუთარი მოსწავლეობის პერიოდს, ვუსმენ ჩემს მოსწავლეებს და ვცდილობ, ყველა შეთავაზებულმა აქტივობამ, თხოვნამ თუ იდეამ, მათში შესრულების მოტივაცია გააღვივოს, მუშაობის პროცესმა კი – რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს მოსწავლეებს.

ბავშვებს დიდად არ უყვართ არდადეგების დროს დავალებები. მართლებიც არიან! ვის გვიყვარს, როცა დასვენების დროს რამეს გვავალებენ?! თუმცა მასწავლებლებს სხვა საფიქრალი და მოტივი გვაქვს: მთელი სასწავლო წლის შრომა, ზაფხულის ხანგრძლივმა არდადეგებმა არ დაავიწყოს და გაუფერმკრთალოს ჩვენს ბავშვებს. თუ სიფრთხილითა და ჩვენი მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, სათუთად „შევაგროვებთ“ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სასარგებლო საქმიანობებს, ბავშვებს მათი შესრულების ხიბლს გავუჩენთ და დავაინტერესებთ, მაშინ არდადეგები უფრო მხიარული და საინტერესო გახდება.

შეთავაზებების მოფიქრებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს აუცილებელი ფაქტორი: ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე „ოჯახური დროა“, როცა დიდებიც და პატარებიც დასვენების, სამუშაო საფიქრალისგან ამოსუნთქვისა და განტვირთვისკენ ისწრაფვიან. ამიტომ, მასწავლებელმა ამ იდილიაში თავისი თხოვნებით ისე უნდა შეაბიჯოს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთი გეგმის ირგვლივ გააერთიანოს. ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ, როცა ისეთი საქმით კავდებიან, რითაც უფროსებიც არიან დაინტერესებული. ეს არც ისე მარტივი ამბავია.

ჩემი მოსწავლეები მეოთხე კლასში გადავიდნენ. მინდოდა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობები არ დავიწყებოდათ და ეს ისე მომეხერხებინა, რომ მათი საზაფხულო დღეები უფრო მხიარული გამეხადა.

გიზიარებთ საზაფხულო სავარჯიშოებსა და იდეებს – დროის მხიარულად გატარებისა და მრავალფეროვანი ფიქრისთვის:

  1. სიკეთის მომტანი თხოვნა .

ზაფხული ოჯახის ერთად ყოფნის კარგი პერიოდია. გამოიყენეთ ეს დრო, დაამზადეთ ისეთი ყუთი, რასაც განვათავსებთ სკოლის ეზოსა და უბანში, რომელშიც პლასტმასის ბოთლებს შევაგროვებთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება დიდი და საინტერესო რამ დაამზადოთ, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყროს. ირგვლივ მყოფებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ ამ შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი იდეის მატარებელი „ქმნილების“ თანამოაზრენი თავადაც გახდნენ.

  1. გაუზიარეთ  ერთმანეთს  საინტერესო წიგნები

ბევრს იმხიარულებ, გპირდები, რადგან მათში გაიცნობ ძალიან მხიარულ, საინტერესო და უსაყვარლეს პერსონაჟებს.  წიგნების კითხვით შეგიძლია ჰამაკში ჩაწოლილმა ან ხის ქვეშ, ჩრდილში ჩამომჯდარმა, სულ სხვა გარემოში, სხვადასხვა საინტერესო პერსონაჟთან ერთად ახალი თავგადასავლები აღმოაჩინო, გაერთო. ყველა ეს წიგნი, ზაფხულს ძალიან უხდება. რომლის სათაურიც შენში მეტ ინტერესს გამოიწვევს, კითხვა იმით დაიწყე.

  1. მთელი ზაფხულის განმავლობაში, შეათვალიერე შენთვის საინტერესო 10 ადამინი და გაესაუბრე მათ. ჰკითხე ყველაფერი, რაც გაინტერესებს და ჩაინიშნე მისი პასუხები.

შეგიძლია, სთხოვო საუბრის ტელეფონში ჩაწერა და ისე შენახვა. როცა სკოლაში მოხვალ, ჩვენც გაგვიზიარე.

  1. მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარებით, მოიფიქრე თამაშის ინსტრუქცია, რომელსაც ერქმევა „სიხარულობანა“. სკოლაში დაბრუნებისას ყველა ვითამაშებთ ერთმანეთის მოფიქრებულ „სიხარულობანას“.

მხიარული იდეები, მეგობრებსაც გაუზიარე და ერთად ბევრს იცინებთ.  მაგალითად, ფერადი საღებავებით შეღებო შენი ეზოს ქვები და ფერადი ბილიკი მოაწყო საკუთარი ხელით; იწუწაო, ივარჯიშო მიზანში სროლაში; გამოცადო საკუთარი თავი, რამდენად მომთმენი, სწრაფი და გამძლე ხარ; სცადო ფეხის თითებით დახატვა და ნახო, რა გამოგივა; გაალამაზო შენი ნახატებით თეთრი ზეწარი, დაამზადო და „ოკეანეში“ გაუშვა საკუთარი ნავი.

სთხოვეთ მოსწავლეებს, დროდადრო გაგიზიარონ ფოტო- ან ვიდეომასალა. თავად იყავით ამის წამომწყები და მშობლების დახმარებით ხანდახან თქვენი საზაფხულო დღეების ამსახველი მომენტებიც გაუზიარეთ მოსწავლეებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“