შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

სიტყვები და მეტაფიზიკა

0

„და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი“ (დაბადება, 2, 19-20).

ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ ადამმა, ღმერთის დავალებით, ყველაფერს თავისი სახელი უწოდა. მაინც, რა უწოდა ადამმა თითოეულს? რა ენაზე? რომელი ენის ბუნება გაითვალისწინა? პასუხი ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

სიტყვებსა და მათ მნიშვნელობებს ენის ბუნება განსაზღვრავს, ენის ბუნებას კი, თავის მხრივ, რაოდენ სტერეოტიპულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანი და ეროვნება განაპირობებს. იმის მიხედვით, როგორია ბუნება ადამიანისა, ენა იცვლის დამოკიდებულებას სათქმელის მიმართ, ენა გამოხატავს თავისებურ ფილოსოფიას, თავისებურ ფსიქოტიპს. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ფონეტიკურ ჟღერადობას სიტყვებში (თუმცა, ესეც საინტერესო და თავისთავადია), არამედ ვგულისხმობ სათქმელის მიმართ მთქმელის დამოკიდებულებას. მაგალითად, გავიხსენოთ ქართულ ლექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „მადლობა“ – ის მადლს, მადლის ქმნას უკავშირდება და თითქოს, შენით კმაყოფილი ადამიანი გლოცავს ამ სიტყვით, შენ მიერ გაღებულს უკან ლოცვის, მადლის სახით გიბრუნებს. ამ მხრივ ქართული მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ენებისგან. როგორ ჟღერს ეს სიტყვა სხვა ენებში? რუსული გავიხსენოთ: спасибо, სიტყვა ხსნასთან ასოცირდება. სხვა ენებსაც რომ გადავხედოთ, ყველგან სპეციფიკური იქნება.

მისასალმებელი ლექსიკაც განსხვავებულია, თავისთავად. „გამარჯობა!“ – უკვე გამარჯვების სურვილს აღვიძებს, გამარჯვებაზე გვესაუბრება. ვიღაცისთვის პრიორიტეტული ჯანმრთელობაა (здравствуйте სწორედ ჯანმრთელობიდან მოდის), სხვისთვის – დიდება (ave), პატივი, ან, უბრალოდ, გამომაფხიზლებელი შეძახილი (hallo)…

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ, ქართულად მოლაპარაკეებს გვესმის ზუსტად, ყბადაღებული „შემომეჭამასი“ არ იყოს… რომელი ენა შეძლებს, ზუსტად გადმოსცეს ეს მნიშვნელობა ერთი სიტყვით?

ან თუნდაც სიტყვა „ზეგ“ – ყველგან ასე იქნება: დღე ხვალის შემდეგ. ქართული ამ მხრივ გამონაკლისია.

სიტყვების გარდა, ხშირად ენაში ფორმებიც არის გამორჩეული. ასეთი ჩვენთვის მოთხრობითი ბრუნვის ფორმაა, რომელიც არც ერთ ენას არ აქვს მსოფლიოში, ქართველური ენებისა და ბასკურის გარდა…

განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობის მატარებელია სიტყვები: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“, „შენ შემოგევლე“… ამ ფრაზებით და მათი ემოციური გამოხატულებით ალბათ უნიკალურია ქართული. ეს უნიკალურობა, რასაკვირველია, მხოლოდ ჩვენს ენას არ აქვს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ იმის თქმა მინდა, რომ ესაა უნიკოდი, რომელიც ყოველ ენას განსაკუთრებულს ხდის, რომელიც ყველა ენას თავის ადგილს მიუჩენს სხვა ენათა შორის, თორემ ჩვენ სულაც არ ვიცით, რომელ ენაზე დაარქვა პირველყოფილმა ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი, ან, ზოსიმეს თქმისა არ იყოს, რომელ ენაზე ამხელს კაცობრიობას ღმერთი განკითხვის დღეს.

 

ვარსკვლავებს დამსგავსებული ნაჭამი კვერცხის ნამცეცები

0

(ანრი ბერგსონი – „მატერია და მეხსიერება“/გი დე მოპასანი „ფუნთუშა“)

 ყველანაირი დისციპლინისა თუ საგნის არსი ცხოვრების ხედვის კუთხეა. ყველგან, ყველა რაობაში, ცხოვრება მოედინება. ფილოსოფია იმდენად მიყვარს, რომ რელიგიაც მასთან მიმართებითაა ჩემთვის უფრო გასაგები და ჩემი უძვირფასესი პროფესიაც – ლიტერატურაც. მოდი, ამჯერად ავიღოთ მსგავსი კონცეფციები სამყაროს ფილოსოფიურ-ლიტერატურული „გაშლით“.

ანრი ბერგსონის ეს გამოკვლევა სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზეა ანუ უმთავრესი საკითხისა ფილოსოფიაში. ფილოსოფოსი ამ შემთხვევაშიც ყოფიერების სიღრმეებში გონით წიაღსვლებს მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა ასე ჰგავს სამეცნიეროს, – ესაა სხეულის ცნების ირგვლივ ტრიალი, მატერიის რეალისტური და იდეალისტური თეორიების შედარება მათ შორის არსებული განსხვავებებისა და ურთიერთკავშირის მექანიზმებზე. ასე მივადგებითო მეტაფიზიკის უზოგადეს პრობლემებს. ხოლო გზამკვლევი ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგია იყოსო…

სწორია კი ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს აზროვნებას დაუძლეველი მიდრეკილება აქვს საკუთარი კონცეფციების რეალობად ქცევისკენ, ოცნებების „გამატერიალურების“ ანუ ამოქმედებისკენ. ეს სულსა და სხეულს შორის კავშირია თუ წინააღმდეგობა?!

სად არის სულისა და მატერიის შეხების წერტილები? როგორ აღმოვჩნდეთ „იქ“? „ამგვარად განსაზღვრული ფილოსოფია შეგნებული და გააზრებული შემობრუნებაა ინტუიციის მონაცემებისკენ“ (79). ეს კი რაციონალურიდან „გადახვევაა“ აშკარადო, ბერგსონმა…

ჩვენი წარმოდგენები არჩევენ სახეებს. როგორია სხეულის – რომელიც სამყაროს აღიქვამს ხუთი გრძნობით – როლი ამ მხრივ? ჩვენ განვიხილავთ იმ პირობებს, რომლებშიც ეს გრძნობები ჩნდება. თითქმის ყოველი გრძნობათაგანი შეიცავს მოქმედებისკენ სხეულის გამოწვევას და, „ამასთანავე, მოლოდინისა და თვით უმოქმედობის ნებართვასაც“ (80). აქ ნაკლებადაა ძალდატანება, რომელიც არჩევანს გამოხატავს. თუმცა როცა სხეულის მოქმედება ხდება ავტომატური, ის ცნობიერებასთან კავშირს აღარ საჭიროებს.

ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრალური მოძრაობები სხეულს გადააადგილებს, ეს კი ქმნის, წარმოშობს წარმოდგენას გარეგანი სამყაროს შესახებ; ტვინია მატერიალური სამყაროს ნაწილი და არა პირიქით – მატერიალური სამყარო ტვინის ნაწილი (თუმცა ზოგი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ სამყარო ისაა, რაც ჩემშია. როცა აღარ ვიქნები, არც ეს სამყარო იქნებაო). „მატერიალური სამყაროს მთლიანობაში ჩემი სხეული ის სახეა, რომელიც სხვა სახეთა მსგავსად მოქმედებს, იღებს და გადასცემს მოძრაობას, შესაძლოა, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩემი სხეული, გარკვეულწილად, თითქოს ირჩევს მიღებულის გადაცემის წესს“ (83).

ჩემი სხეული – საგანი, რომელიც განკუთვნილია სხვა საგანთა მოძრაობაში მოსაყვანად – მხოლოდ მოქმედების ცენტრია და ის ვერ წარმოშობს წარმოდგენებს. თუმცა უკვე მივადექით „მაგრამს“ – თუ წარმოვიდგენთ, რომ სკალპელის რამდენიმე მოძრაობით გადაიჭრება ზოგიერთი სისხლძარღვოვანი კონა: სამყაროს და თვით ჩემი სხეულის დანარჩენი ნაწილი დარჩება ის, რაც იყო. ცვლილება თითქოს უმნიშვნელოა, სინამდვილეში კი სავსებით ქრება მთელი „ჩემი აღქმა“. სამყაროსეულ სახეებს ჩვენ თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედებით აღვიქვამთ. ცენტრალური ნერვების გადაჭრას მოჰყვება ტვინში იმ მოძრაობათა გადაცემის შეწყვეტა, რომლებსაც ეს პერიფერიები აპროვოცირებს. ანუ ჩემს სხეულს აღარ შეეძლება გარემოზე, საგნებზე ზემოქმედება.

ეს – რაც შეეხება მოქმედებას.

მაგრამ ჩემი აღქმაც ხომ ქრება? ანუ სკალპელმა მოახდინა ჩემში მატერიალური სამყაროს ცვლილება; მეორე მხრივ, ის, რაც გაქრა, მატერიის „ჩემეული აღქმაა“. გამოდის, აქ ორი მოცემულობაა: მატერია და მატერიის აღქმა – ერთიანობაში!

ახლა – რაც შეეხება წარმოდგენებს: რომ შევცვალოთ საგნები, მათი მიმართება ჩემი სხეულისადმი, ყოველივე შეიცვლება არა მარტო „ჩემი აღსაქმელი ცენტრალური წერტილების შინაგან მოძრაობებში, არამედ ყოველივე შეიცვლება „ჩემს აღქმაშიც“. ეს კი ნიშნავს, რომ მე მარტო ჩემი ტვინის ნივთიერებების მოლეკულურ მოძრაობებს კი არ წარმოვადგენ, არამედ ამ მოლეკულურ მოძრაობებში შეიძლება ისეთი რამის დანახვაც, რაც მხოლოდ მატერიალური სამყაროს ანალოგია არ არის, მას ბევრად აღემატება, მისგან განსხვავებული ბუნებისაა და ქმნის წარმოდგენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სასწაულის გზით გვევლინება.

ამ კვლევების გაგრძელებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ეგზისტენციალიზმთან, პერსონალურ კონცეფციებთან, ფროიდთან, ჰაიდეგერთან, შელესთან და ა.შ. მაგრამ ამაზე – სხვა დროს…

მოდი, ახლა ადამიანის სხეულსა და ჭკუაზე დაკვირვება გადავიტანოთ ლიტერატურაში და გავაანალიზოთ სხეულებრივისა და სულიერის სინთეზურობა, ურთიერთჩაწნეხილობა, ერთმანეთში გადადინება გი დე მოპასანის „ფუნთუშას“ მიხედვით.

გაგახსენებთ კონტექსტს ამ ნოველისა: ფრანგები დამარცხდნენ პრუსიელებთან და ფრანგი მოსახლეობის ერთი, საკმაოდ ჭრელი ნაწილი განერიდება ერთ ადგილს და მიემგზავრება მეორისკენ დილიჟანსით. ზემოთქმული კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესოდ მოგვეჩვენება მწერლის საოცრად რეალისტური და ვიზუალურის მიღმა არსის დამნახავი მახვილი მზერა მგზავრი მონაზვნების აღწერისას: „ერთი მოხუცი იყო და სახე დაკენკილი ჰქონდა ყავილისგან, თითქო ვიღაცას საფანტით გატენილი თოფი მიბჯენილად შიგ სახეში უსვრიაო. მეორეს, ძალზე მიკნავებულს, ლამაზი და ავადმყოფური სახე ჰქონდა, გულმკერდი – ჩავარდნილი და ჭლექიანი, დახრული იმ სარწმუნოებისგან, რომელიც მოწამეებსა და ფანატიკოსებს წარმოშობს ხოლმე“ (17). ეს სარკაზმი არ არის გასაკვირი, თუ გავიხსნებთ, რომ გი ძალიან მოუთოკავი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დიდად მორწმუნეც არ იყო ალბათ ან სულაც გარკვევას ცდილობდა იმ უდიდეს საიდუმლოში, ღმერთს რომ უწოდებს ადამიანთა მოდგმა. თუმცა ეს სკეპტიციზმი მოპასანს სიცოცხლის ბოლოს უფრო გაუძლიერდა, რაც მისმა სულიერმა დაავადებამ, ცალკე გენეტიკით, ცალკე კი ათაშანგით გამოწვეულმა, გადაულახავ უფსკრულად აქცია – მან, ავადმყოფმა, დაძაბუნებულმა და ალბათ სასოწარკვეთილმაც, ღმერთი „დუელში“ გამოწვია.

აი, როგორ აღწერს ცნობილი მექალთანე გი დე მოპასანი მსუბუქი ყოფაქცევის ფუნთუშას პორტრეტს (მან ხომ ასე ბევრი იცოდა მსგავსი ტიპის ქალებზე): „ადრეულად დამსხვილებულიყო და იმიტომ მეტსახელად ფუნთუშას ეძახდნენ. პატარა ტანისა იყო, ჩამრგვალებული, ჩასუქებული; ფუნთუშა თითები, სახსრებთან ჩაჭერილები, მოკლე ძეხვების ასხმას მიუგავდა. ხორცის კანი მოლაპლაპე და დაჭიმული ჰქონდა, უშველებელი გულმკერდი ტანისამოსში არ ეტეოდა. მაინც იმის წყალობით, რომ ქორფა იყო, კაცს მისი ყურება ესიამოვნებოდა, მადას უღვიძებდა, პირზე ნერწყვს მოადენდა. მისი სახე ჰგავდა თურაშაულ ვაშლს, გასაშლელად გამზადებულ იორდასალამის ყვავილის კოკორს; შიგ ესხდა ორი მშვენიერი, ყუყასავით შავი თვალი, დაჩრდილულ, გრძელ და სქელწამწამებიანი, რომლებიც შიგ ჩრდილს აყენებდა; თვალებს ქვემოთ მოსდევდა მომხიბვლელი პირი, კოპწია, ნამიანი, საკოცნელი, მიჯრით მიწყობილი პაწაწუნა და თვალისმომჭრელ სითეთრის კბილებიანი…“ ჩვენ წინაშეა ხორციელი სილამაზე ამ ქალისა, თუმცა სული ყოველთვის მეტს არ ამბობს ადამიანზე?!

ფუნთუშა პატრიოტია, იგი ნაწარმოებში არა მარტო ვიწრო სოციალურ ფენას, არამედ სამშობლოსაც წარმოადგენს, თანაც სხვებზე გაცილებით ღირსეულად! „უთხარით ამ საზიზღარს, ამ ბინძურს, ამ პრუსიელ ლეშს, რომ თავის დღეში არ ვიზამ, გაიგონე, თავის დღეში!“ არადა, წარმოსადეგ პრუსიელ ოფიცერს ყველა ქალს შორის ის მოეწონება და დაადგამს თვალს. ეს ქალი მტერთან ლოგინის გაზიარებას არასდროს იკადრებდა, რომ არა გარემოებანი. სხვა მედილიჟანსეები, რომლებიც გზაში ყოვნდებიან ქალის სიჯიუტის გამო, თითქოს ემდურებიან ფუნთუშას – „რატომ არ ინახულა ჩუმად პრუსიელი და სახათაბალოდ რად გაუხადა თავის თანამგზავრებს საქმე. იმაზე ადვილი, რაღა უნდა ყოფილიყო და ან ვინ გაიგებდა რასმე? შეეძლო ეთქვა ოფიცრისთვის, ისინი მეცოდებიან და ამიტომ დავყევი თქვენს ნებასო, და ამით თავის გასამართლებელი საბუთი ექნებოდა. მერე ოფიცერთან დაწოლით რა უნდა დაშავებოდაო“ (49). რომელს აქვს ღირსება, რომელიც აქვს ფუნთუშას?! ქალისთვის ეს მსხვერპლია, მათთვის – ირონიული გასართობი, საქონელივით „ცოხნა“ ცინიზმისა, რომლითაც ფუნთუშას წინააღმდეგ შეთქმულება „გააჩაღეს“.

ფუნთუშას სოფელ ივტოში გლეხებისთვის აღსაზრდელად მიბარებული შვილი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნახულობს.

„- რა კარგია ზოგჯერ ლოცვა!“ – სევდიანად ეიფორიულია ნათლობიდან დაბრუნებული ფუნთუშა.

„შეთქმულები“ კი რა გზას არ მიმართავენ ქალის გადასაბირებლად: მოუყვანენ მაგალითად ივდითსა თუ კლეოპატრას, არც წმინდანთა ცხოვრებები ავიწყდებათ, რომლებსაც ეკლესიამ ადვილად შეუნდო ცოდვები, მოყვასის საკეთილოდ ჩადენილი, რამეთუ ბრძოლის ველად სხეული აქციეს, რადგან ის გახდა საშუალება მტრის დამორჩილებისა.

მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას! – ასეთია ბევრ მეძავზე გარყვნილი საზოგადოებრივი მორალი, ადამიანური სამართლის „ჭრა-კერვა“. ასე განმარტავენ ღვთის განგებას მრავალნი ადამიანური მერკანტილიზმით, „ისეთ საქმესაც რომ მოახვევენ ხოლმე თავს ზეციერს, რაც მას სრულებითაც არ ეკითხებოდა“ (59). არადა, მონაზვნებიც, კაცო, მონაზვნებიც ცოდვისკენ, ღირსებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ ადამიანს, ღმერთმა საკუთარ ხატად რომ შექმნა… და მიაღწევენ თავისას – საბრალო ქალს აცდუნებენ.

„- ყველას უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ საძაგლობა ჩაიდინეთ!“ (64) – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

აი, როგორაა დახატული გი დე მოპასანთან ნათლისა და ბნელის, სულიერისა და მატერიალურის, მშვენიერისა და მდორეს შერწყმა; განზრახ გვაჩვენებს ამას მწერლის გენიალური კალამი: „თეთრი მტრედების მთელი გუნდი, მოქურუხებულები, ვარდისფერთვალებიანნი, შუაგულში შავი წინწკლები რომ ესხათ, მძიმე-მძიმედ მიდი-მოდიოდნენ ექვსი ცხენის ფერხთქვეშ, მათს აორთქლებულ მჩორესა ჰქექდნენ და შიგ საკენკს ეძებდნენ“ (66).

ეს საზოგადოება კი, რომელიც ფუნთუშას მსხვერპლის წყალობით ისევ გაუდგება გზას, მას ახლოს აღარ იკარებს – „თითქოს თავის კაბებით რამე გადამდები სენი მოეტანოსო“. მონაზვნებსაც კი ეს ჰგონიათ ქრისტიანობა, თუმცა ღმერთი, უბრალოდ, არ ტყუვდება – „მონაზვნებმა ქამარზე დაკიდებული კრიალოსანი ხელში დაიჭირეს, ორივემ ერთად პირჯვარი გამოისახეს და ერთბაშად ტუჩები ააცმაცუნეს, მერე უფრო და უფრო აუჩქარეს და მოუხშირეს რაღაც ჩურჩულს, როგორც წირვაზე მღვდელთან ერთად ლოცვის დროს იცოდნენ ხოლმე, ჟამ-და-ჟამ პატარა ხატს ჰკოცნიდნენ, ხელახლა პირჯვარს ისახავდნენ და მერე ისევ განაგრძობდნენ ჩქარ და გაგრძელებულ ბუტბუტს“ (68). ხატის კოცნა კარგია, მაგრამ იქვე გვერდით ღვთის ხატს რომ ვერ გრძნობ, თვალებზე ლიბრგადაკრულივით, მის ტანჯვა-ვაებას, ეს სულიერი სიჩლუნგეა სწორედ და მზერის სიბლაგვე, როცა ხედავ სხეულს და გიჭირს მის მიღმა სულის ამოცნობა.

მოპასანმა კარგად გვაჩვენა ადამიანის მიწიერი, ბნელი ბუნების ზეობა, ჩვენი „მგლობა“ უფრო, ვიდრე „კრავობა“. მტრედების ეპიზოდისა არ იყოს, იქვე, დილიჟანსის მგზავრთა ტრაპეზის აღწერისას, ხაზგასმულია ადამიანის სხეულის წარმავალ-ხრწნადობა, ჟამისჟამად სულსაც რომ რყვნის, როგორც წესი… ასეთი სულმდაბალი ადამიანური აგრესია თუ ამბიცია ხან რელიგიას არის ამოფარებული, ხან – კლასობრივ წოდებას, ხანაც – ქონებრივ მდგომარეობას, ანუ ესაა მაინც „ძალა აღმართს ხნავს“ ფილსოფია.

ტირის ფუნთუშა, ტირის კაბირია, ტირის გრიგოლ ხანძთელის „დედაკაცი სიძვისაჲ“ და „მაღალგანვითარებული საზოგადოება“ (აი, ის, მარიტასთვის ქვისა და ტალახის სასროლად პირველი რომ დაიხრება) ამაზე ზიზღით „ღაღადებს“, ეს სირცხვილის ცრემლებიაო. არადა, ბევრი მეძავი სწორედ ამ საზოგადოების უნიათობის გამოა „საშოვარზე“ გასული, ქალობადაკარგული, მის მიერ ცოდვისკენ ნაბიძგები, როგორც მოპასანთან. „პატიოსან არამზადებს“ უწოდებს მათ ჩემი დიდებული გი. ხალხს, რომელსაც, დამშეულს, ფუნთუშამ დაუნანებლად უწილადა ხვავიანი საგზალი.

ფუნთუშას რაც შეეხება, მან იცის ის მთავარი (დოჩანაშვილისეული „გრიშა და მთავარი“), რაც ბევრმა არ იცის – ჩვენი სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ეს „საგზლის გაზიარება“. ამის დაგროვებით მიგვყვება იმქვეყნიური „საგზალიც“.

…არადა, ეს ცრემლები აგორებულ გუნდასავითაა, სამყაროს წამლეკავი ტკივილების სიღრმით, „წუთისოფლის წყევლა-კრულვიანი საკითხავით“…

როგორც თქვა პოეტმა:

 

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.

ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე

ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც

მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,

ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც

თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს.

ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა – მათთვის, ვინც ღმერთზე

მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს

მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი

კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა

ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით

ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად

ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,

რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს სჭირდება ჯერაც;

სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.

(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი

და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.

სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,

მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)

 

მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა

მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს

და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება

ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ

სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს

და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,

როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს

და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს

ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით

ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,

ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,

ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს

და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.

აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

(ზვიად რატიანი)

 

 

ციტატები წიგნებიდან:

. ლარი, N1, „ხელოვნება“, 1991

. გი დე მოპასანი „ფუნთუშა“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2020

 

 

ფეხბურთის საქმე

0

ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი – ბევრია ასეთი მოგონება და კადრი – მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც.

არის ეს მსოფლიოში ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი”) მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება.

არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც.

არის ეს ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას.

არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, ,,დინამოს” და ,,ზარიას” შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ.

დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული საოცარი ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი, როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს, ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო, ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება.

გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო.

პანტიანის მინდორი, სადაც ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ. შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს. ეს იყო ამ ამბავის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ოთხმოცდაათიანების უნიჭიერესი და უიღბლო თაობა, საგანგებოდ დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ პატარა ,,კორფუჯებში” რომ ვამხნევებდით. გვეგონა, რომ ესმოდათ. და მგონი – ესმოდათ კიდეც.

არავინ იცის. ალბათ ყველა ერთად და ცალცალკე.

ჩემს ბავშობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ. ჯერ ხომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით – ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში. მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა – ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს – აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას აყურადებს. ვწევარ და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ. ვსუნთქავ და ეს სუნი მახსენებს იმ ღამეებსაც, რომელთაც ვათევდით, ლიბერტადორესის თასის მატჩები რომ გვენახა. უბრალოდ ფეხბურთის ცქერა გვინდოდა და იმიტომ, თორემ იმ კლუბებისა დიდი არაფერი გაგვეგებოდა, ვერც უმეტეს ფეხბურთელს ვცნობდით, მაგრამ გამთენიისას ხომ ბედნიერს გვეძინებოდა – მეორე დღეს ამბავი იყო მოსაყოლი.

ახლა საცქერელი და მოსაყოლი მეტი გვაქვს. თან სულ ჩვენზე და ჩვენებზე.

////

საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით, რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხლეთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა.

ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს.

ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა უწოდებდენ ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ.

უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და ლოგინები ერთდორულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ მეთქი.

უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ ჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში.

ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა, რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა.

არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია, გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

////

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეგ ჩვენი წყრომა და აღფრთოვანება ფეხბურთელებით, დიდწილად პერსონალურია. მოლოდინიც. იქითაც და აქეთაც. პოლიტიკურს დავარქმევდი, მაგრამ მესმის ეგ – იმდენად ცხელი ზურგი აქვს ამბავს. იყოს. პერსონალურიც. პილიტიკურიც. ადამიანი ეგეთია. ოღონდ ფეხბურთის არაფერი სცხია დიდწილად დავას. ფეხბურთის რომ იყოს, იოლად გაგიგებდით. ახლაც გაგიგებთ – ოღონდ ფეხბურთს ნუ აბრალებთ. იმაზე არ მოგდევთ, ფეხბურთი იცით თუ არა. ფეხბურთის მაგია სწორედ ეგ არის, რომ ცოდნას არ ითხოვს, ამიტომაც ჰყავს მილიარდობით ფანი, თორემ მხოლოდ ცოდნა და მეცნიერება რომ ჭირდებოდეს საცქერლად, უყურებდა გიო ახვლედიანი და ბიძინა ბარათაშვილი და მორჩა. ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. ალბათ – ყველაფერზე, მაგრამ ფეხბურთზე განსაკუთრებით.

თუ მაინცდამაინც, ცოდნა-არცოდნის დავა ეს არის და პასუხი მარტივი აქვს; ამ სცენარის და მუხტის თამაშში კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს. აუცილებლად. მესმის ბურთების შეფარდების საქმე და სხვა – მაგრამ იმ წუთს და იმ მომენტში ეგრე მოხდება. ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა – დი კანიოც და ლუკას რადებეც – დიდი მკითხაობა არ ჭირდება ამას.

მაგრამ თუ ძალიან გვინდა, ვიკამათოთ ამაზეც – ფეხბურთი ხომ სუბიექტური საქმეა. ადამიანიც. ჩვენ ვიკამათოთ. ოღონდ დიდი ფეხბურთელი – დიდ ფეხბურთელად დარჩება. კარგი მოქალაქე – კარგ მოქალაქედ.

 

 

ქეისი – უჯრედული სუნთქვის შესასწავლად

0

 ,,1982 წლის სექტემბერში მარი კელერმანმა 12 წლის ქალიშვილს ტკივილგამაყუჩებელი მისცა, როცა ბავშვი შუაღამისას ყელის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. დილის 7 საათზე გოგონა სააბაზანოს იატაკზე კრუნჩხვების მდგომარეობაში იპოვეს, მალე გარდაიცვალა. ჩიკაგოს სხვა უბანში ფოსტალიონი ადამ ჯენიუსი მოულოდნელად გულის შეტევით  დაიღუპა. ვიდრე მისი ოჯახის წევრები შეიკრიბებოდნენ, მისი და და ძმა ასევე მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ამათ გარდა ჩიკაგოს უბნებში კიდევ სამი ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ყველა მათგანმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ერთი და იგივე ტკივილგამაყუჩებელი მიიღო“.

სიკვდილამდე ყველა მსხვერპლის საერთო სიმპტომები აღენიშნებოდა:

  • სისისტე, თავბრუსხვევა. ძილიანობა;
  • სახის კანის ოდნავი ან ძლიერი სიწითლე;
  • თავის ტკივილი;
  • ხშირი და ხანმოკლე სუნთქვა;
  • ღებინება;
  • დაბნეულობა და დეზორიენტაცია;

კითხვები:

  1. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო სიკვდილის მიზეზის დასადგენად?
  1. როგორ უნდა გაგრძელებულიყო გამოძიება, თუ ჩათვლიდნენ, რომ მიზეზი შხამის მოქმედებაა?

აუტოფსიის შედეგები: შვიდივე ადამიანი ჰიპოქსიით გარდაიცვალა. ჰიპოქსია ჟანგბადის ნაკლებობაა. ჰიპოქსიის მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის. მათ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა 110 mm Hg-ია. ნორმალური დონე კი 75-100 mmHg-ს ფარგლებში მერყეობს. გულის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილების ნიმუშებში უჯრედები მასიურად მკვდარი აღმოჩნდა. კიდევ უფრო ღრმა ციტოლოგიური გამოკვლევით დაადგინეს, რომ უჯრედებში დაზიანებული იყო მიტოქონდრიები.

  1. გაიხსენე ორგანელების ფუნქციები, რომელი პროცესი შეფერხდება უჯრედში, მიტოქონდრიის დაზიანების შემთხვევაში?
  2. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჰიპოქსიური მდგომარეობა?
  3. როგორც აუტოფსიამ აჩვენა ჰიპოქსიის მიზეზი არც ერთ გარდაცვლილში უჟანგბადობა არ ყოფილა. როგორ ფიქრობ, რას უნდა გამოეწვია ჰიპოქსიით დახრჩობა?

ტოქსიკოლოგიის შედეგები: გაირკვა, რომ შვიდივე ადამიანი ციანიდით იყო მოწამლული. შხამის კვალი აღმოჩნდა გამაყუჩებელში. გამომძიებლების ვარაუდით მკვლელმა გახსნა კაფსულები და მასში ტკივილგამაყუჩებელის ნაცვლად ციანიდი მოათავსა. ციანიდი ძალიან სწრაფად მოქმედი შხამია. ის მოქმედებს პირდაპირ უჯრედულ სუნთქვაზე.

(ბრალი თავიდან არავისთვის წაუყენებიათ. შემდეგ დაიჭირეს და ჯეიმს ლევისიმ 12 წელი გაატარა ციხეში. ის 2023 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა).

  1. რატომ უწოდებენ მიტოქონდრიას უჯრედის ენერგეტიკულ სადგურს? რა სახის ენერგია მიიღება მასში? რატომ არის ის ასეთი მნიშნელოვანი?
  2. რა კავშირია სუნთქვის ჯაჭვსა და ჟანგბადს შორის?
  3. ა) მწვანედ გააფერადე ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვი;

ბ) X-ით აღნიშნე ცილა, რომელსაც ციანიდი  უკავშირდება;

გ) ლურჯად გააფერადე ფოსფოლიპიდები;

დ)  წითლად გააფერადე ატფ-სინტაზა.

 

  1. ციანიდი უსწრაფესად მოქმედი შხამია, ის შეიქმნა როგორც თვითმკვლელი აბი ამერიკელი და ბრიტანელი ჯაშუშებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, ისინი დაკავებისთანავე სვამდნენ, რომ ცოცხლად არ ჩაბარებოდნენ გერმანელებს. რატომ მოქმედებს ის ასე სწრაფად?
  2. როგორი ეფექტი ექნება ჟანგბადიან კამერაში ციანიდით მოწამლული პაციენტის მოთავსებას? რატომ?
  3. ახსენი რას უნდა გამოეწვია დეზორიენტაცია და თავბრუსხვევა;
  4. რატომ იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ციანიდს, სხვა შხამის გამოყენებასთან შედარებით რა უპირატესობა ჰქონდა მას?
  5. უჯრედული სუნთქვის რომელ ეტაპს უტევს ციანიდია? რატომ?

დამხმარე რესურსები:

სიმულაცია მიტოქონდრია და უჯრედული სუნთქვა

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია

უჯრედული სუნთქვა

უჯრედული სუნთქვის ეტაპები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.biologycorner.com/#google_vignette

 

ქეისი ქიმიის გაკვეთილისთვის

0

წერილი მალიმიტირებელ რეაგენტთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. მოსწავლეები სიტუაციის გაცნობისა და ანალიზის გამოყენებით იმსჯელებენ შემზღუდველ ფაქტორზე, მის შინაარსსა და მისი ცოდნის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი სიტუაციური ამოცანა:

„სკოლის თვითმმართველობის ოთხ წარმომადგენელს საბჭომ დაავალა, მომდევნო სემესტრისთვის გაემართათ სასკოლო ღონისძიება, რომელზეც უნდა გამასპინძლებოდნენ მოწვეულ სტუმრებს ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულით, მათ თანხმობა მიიღეს ადმინისტრაციისგან.

„მაფინები ხომ არ მოვამზადოთ?“ – იკითხა ნიკამ.

„კარგი აზრია!“ – უპასუხა ელიზამ.

„მშვენიერი წინადადებაა, თან მაფინები ყველას უყვარს!“ – წამოიძახა ნინამ.

„მე მაფინის საუკეთესო რეცეპტი ვიცი, – თქვა ლუკამ. – მომდევნო შეხვედრაზე მოვიტან“.

საორიენტაციოდ, გაიყიდება 100 ბილეთი. კომიტეტი მომავალ კვირას შეიკრიბება და დაითვლის საჭირო მასალისა და ინვენტარის რაოდენობას.

პირობისამებრ, ლუკა მაფინების რეცეპტით მოვიდა.

„ამ რეცეპტით 12 მაფინი მზადდება. თუ ერთ ადამიანზე გათვლი ოთხ მაფინს, 100 ბილეთისთვის 400 ცალი მაფინი დაგვჭირდება“.

კითხვა: რამდენი ულუფა ცომი უნდა მოვზილოთ, რომ 100 ადამიანის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?

 

მაფინის რეცეპტი – გამოდის 12 მაფინი

3 კვერცხი;

120 გრამი შაქარი;

250 გრამი მაწონი;

1 პაკეტი გამაფხვიერებელი;

100 მლ ზეთი;

ვანილი დანის წვერით;

300 გრამი ფქვილი;

შოკოლადის ღერღილი, მოცვი ან ხილფაფა გემოვნებით.

ცხვება 250 გრადუსზე.

 

ნიკამ ანგარიში დაიწყო. „400 მაფინისთვის 34 ულუფა ცომის მომზადება გვჭირდება“.

მოსწავლეებმა შეიძინეს შემდეგი რაოდენობის პროდუქტები:

110 ცალი კვერცხი;

4.500 კგ შაქარი;

20 ქილა მაწონი (500-გრამიანი ქილები);

35 ცალი გამაფხვიერებელი;

3.5 ლიტრი ზეთი;

სამი ვანილი;

11 კგ ფქვილი;

500 გრამი შოკოლადის ღერღილი;

500 გრამი მოცვი.

 

გაისტუმრეს ბილეთის ყველა მფლობელი. დამატებით 10 უბილეთო მსურველი გამოჩნდა.

მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ:

1) აქვთ საკმარისი მარაგი, რომ დამატებით 10 მოსწავლეს გაუმასპინძლდნენ?

2) თუ არა, მაშინ რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებენ?

 

ამ ორ კითხვაზე საპასუხოდ გარკვეული მათემატიკური ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. ნაყიდი პროდუქტებიდან რა რაოდენობით არის დარჩენილი თითოეული? დაიწყეს ანგარიში. სწრაფად შეიტანეს მონაცემები ცხრილში:

(ცხრილი ჩემი გაკვეთილის მონაცემებს შეესაბამება, თუმცა მასწავლებელი თავისუფალია როგორც ნამცხვრის, ისე მისი რეცეპტისა და პროპორციების არჩევანში).

გამოყენებული რაოდენობა შეძენილი რაოდენობა დარჩენილი პროდუქტი მაფინების რაოდენობა, რომლის დამზადებაც შესაძლებელია ადამიანების რაოდენობა, რომლის გამასპინძლებაც შესაძლებელია
102 კვერცხი 110 8 26 6
17 ქილა მაწონი 20 ქილა 3 ქილა 72 18
4.08 კგ შაქარი 4.5 კგ 0.420 კგ 42 10
ზეთი 3.5 ლ 100 მლ 12 3
10.2 ფქვილი 11 კგ 0.8 კგ 32 8
34 გამაფხვიერებელი 35 1 12 3

 

მოსწავლეებმა გააანალიზეს ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია და დაასკვნეს, რომ მხოლოდ სამი დამატებითი ბილეთის გაყიდვა შეიძლება. 7 ადამიანისთვის უარის თქმა მოუწევთ.

 

„შემდეგ ჯერზე მეტი პროდუქტი ვიყიდოთ, ასე რომ არ დაგვემართოს!“ – წამოიძახა ნიკამ. დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

შეძენილი ზეთისა და გამაფხვიერებლის რაოდენობა ზღუდავდა მეტი მაფინის დამზადების შანსს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტი საკმარისზე მეტიც კი იყო.

შემდეგ გადავედი ქიმიის საკითხის ახსნაზე. სტექიომეტრიაზე ვმსჯელობ და დაფაზე ვხსნი ამოცანას მოსწავლეების დახმარებით.

რეაქციის ტოლობის გამოყენებით ავხსენი მალიმიტირებელი რეაგენტის შინაარსი. მალიმიტირებელი რეაგენტი ის ნივთიერებაა, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტების რაოდენობას.

 

3 H2 () + N2 () 2 NH3()

 

სამი მოლი წყალბადი რეაგირებს 1 მოლ აზოტთან და მიიღება 2 მოლი ამიაკი. გათანაბრებული რეაქციის ტოლობა „რეცეპტს“ შეესაბამება.

 

კლასს ვუსვამ რამდენიმე შეკითხვას:

1) 4.0 მოლი წყალბადი და 2 მოლი აზოტი შეურიეს ერთმანეთს. რამდენი მოლი ამიაკი წარმოიქმნებოდა?

2) რომელი რეაგენტი ზღუდავს ამიაკის წარმოქმნას?

3) რომელი აირი დარჩება ზედმეტი? რა რაოდენობით?

1-ელ კითხვაზე საპასუხოდ მონაცემების ანალიზის მეთოდი გამოვიყენე. ყურადღება გავამახვილე რეაქციის ტოლობის სწორად გათანაბრების მნიშვნელობაზე თანაფარდობების სწორად დასადგენად.

 

4.0 მოლი H2 (2 მოლი NH3/3 მოლი H2)  –     2.7 მოლი NH3 წარმოიქმნება;

2.0 მოლი N2 (2 მოლი NH3/1 მოლი N2) –     4.0 მოლი NH3 წარმოიქმნება.

 

2.7 მოლი NH3 წარმოიქმნა. მონაცემი შეესაბამება რეაქციის თეორიულ გამოსავალს. ეს რაოდენობა გამოთვლილია მალიმიტირებელი რეაგენტით. მას შემდეგ, რაც მალიმიტირებელი რეაგენტი ამოიწურება, პროდუქტიც აღარ წარმოიქმნება.

 

მე-2 კითხვაზე საპასუხოდ ვამბობ, რომ წყალბადი მალიმიტირებელი რეაგენტია, რადგან ის ნაკლები რაოდენობით ამიაკს წარმოქმნის. აზოტი ჭარბია, რადგან მას მეტი ამიაკის წარმოქმნა შეუძლია. ე.ი. წყალბადის მოლების რაოდენობა აფერხებს ამიაკის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემზღუდველი ფაქტორი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტია.

 

მე-3 კითხვაზე საპასუხოდ ხელახლა გავაკეთეთ რეაქციის ტოლობისა და მონაცემების ანალიზი.

 

4.0 მოლი H2(1 მოლი N2/3 მოლი H2) = 1.3 მოლი N2-ია საჭირო 4 მოლ წყალბადთან რეაქციაში შესასვლელად;

 

2.0 მოლი N2 (3 მოლი H2/1 მოლი N2) = 6.0 მოლი H2-ია საჭირო 2.0 მოლ N2-თან ურთიერთქმედებისთვის.

 

არ არის საკმარისი აზოტი, რომ რეაქციაში შევიდეს 2.0 მოლ აზოტთან. აზოტი საკმარისია 4 მოლ წყალბადთან ურთიერთქმედებისთვის. ჭარბი რაოდენობის დასადგენად არსებულ რაოდენობას აკლდება საჭირო რაოდენობა:

2.0 მოლი (ხელმისაწვდომია) – 1.3 მოლი (საჭიროა) = 0.7 მოლი აზოტი (ზედმეტია). ჭარბი აზოტი დარჩება სარეაქციო ჭურჭელში.

 

„ისევე, როგორც ჩვენი მაფინების რეცეპტში, – წამოიძახა ლუკამ, – ზეთისა და გამაფხვიერებლის მარაგი ამოიწურა. ე.ი. ისინი მალიმიტირებელი რეაგენტები ყოფილან. ჩვენ სხვა პროდუქტები საკმარისად გვქონდა, თუმცა ზეთისა და გამაფხვიერებლის უქონლობის გამო მაფინების მომზადებს საშუალება აღარ მოგვეცა“.

მე თეორიული და პრაქტიკული გამოსავლის გასაგებად სხვა მაგალითი მოვიყვანე:

ყველა ვსარგებლობთ კომპიუტერით, ტელეფონით. ქიმიური ელემენტი სილიციუმი კი გამოიყენება მიკროპროცესორების ჩიპებში. სუფთა სილიციუმი ინდუსტრიაში ქვემოთ მოცემულ რეაქციას ეფუძნება:

 

SiCl4(მყ) + 2 Mg(მყ) Si(მყ) + 2 MgCl2(მყ)

1) 525.0 გ SiCl4 შეურიეს 650.0 გმეტალურ Mg-ს, რა მასის სილიციუმი შეიძლება მივიღოთ? რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

2) რომელი რეაგენტია მალიმიტირებელი?

3) რომელია ჭარბი რეაგენტი და რა მასის დარჩა რეაქციაში შეუსვლელი?

 

კლასს მივეცი რამდენიმე წუთი კითხვებზე სამუშაოდ. მათ გაიარეს შემდეგი ეტაპები:

  1. პერიოდულობის ცხრილის გამოყენებით დაადგინე SiCl4-ისა და მაგნიუმის მოლური მასები:

M(SiCl4)= 170 გ/მოლი; M(Mg) = 24 გ/მოლი.

  1. მოლური მასების გამოყენებით გამოთვალე თითოეული ნივთიერების მოლების რაოდენობა:

SiCl4 = 3.09 მოლი; n(Mg) = 20.08 მოლი.

  1. რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის მონაცემების გამოყენებით დაადგინე მოლური თანაფარდობები და განსაზღვრე მალიმიტირებელი რეაგენტი. გათანაბრებულ ტოლობაში 2 მოლი მაგნიუმი შედის რეაქციაში 1 მოლ სილიციუმის ქლორიდთან. ე.ი. ჭარბია მაგნიუმი.
  2. რადგან მოლური თანაფარდობა SiCl4-სა და Mg-ს შორის არის 1:2, მხოლოდ 6.18 მოლი მაგნიუმია საჭირო რეაქციისთვის. ჭარბია 20.08 – 6.18 = 13.9 მოლი Mg.
  3. თეორიული გამოსავლის დასადგენად საჭიროა, ანგარიში დაიწყო შემზღუდველი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტის მოლების რიცხვიდან. 3.090 მოლი SiCl4. გათანაბრებულ ტოლობაში თანაფარდობა SiCl4-სა და Si-ს შორის არის 1:1, ამიტომ მიიღება 3.090 Si. სილიციუმის მოლური მასაა 28 გ/მოლი. რეაქციის შედეგად წარმოიქმნებოდა 86.52 გ სილიციუმი.

 

მაგალითზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა წყვილებში შეასრულეს რამდენიმე მსგავსი ამოცანა. ბოლოს მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს გაკვეთილის საკითხები.

 

„ვინ წარმოიდგენდა რომ მაფინების დასათვლელად საჭირო მათემატიკა ქიმიაში გამოდგებოდა?“ – იცინოდა ნიკა.

„მე ვერა!“ – ერთხმად წამოიძახეს დანარჩენებმა და მუშაობა გააგრძელეს. მაფინების მაგალითზე უკვე ძალიან მარტივად გაარკვიეს ქიმიაში მოცემული ამოცანები.

 

ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისთვის:

  1. მეტალური ქრომი რეაგირებს ჟანგბადთან, შედეგად მიიღება ქრომ (III)-ის ოქსიდი Cr2O3.

ა) შეადგინე რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები;

ბ) რა მასის ქრომ(III)-ის ოქსიდი მიიღება 0.175 გრამი ქრომის სრულად გარდაქმნის შედეგად?

გ) რა მასის ჟანგბადია საჭირო რეაქციის მიმდინარეობისთვის?

  1. ჰექსენი(C6H12) სრულად იწვის ჟანგბადში(O2), მიიღება CO2და H2O.

ა) შეადგინე შესაბამისი რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები.

ბ) 215.0 გ ჰექსანი შეურიეს 215.0 გ ჟანგბადს. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი? პასუხი დაასაბუთე.

გ) რომელი რეაგენტი რჩება ჭარბად და რა რაოდენობით?

დ) რა მასის ნახშირორჟანგი და წყალი მიიღება რეაქციის შედეგად?

  1. ამიაკის მიღება შესაძლებელია ჩაუმქრალი კირისა და ნიშადურის ურთიერთქმედებით.

CaO (მყ) + 2NH4Cl(მყ) 2NH3(ა) + H2O (ა) + CaCl2(მყ)

ა) შეურიეს 112 გ ჩაუმქრალი კირი და 224 გ NH4Cl. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი?

ბ) რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

გ) რეაქციის შედეგად 16.3 გ ამიაკი რომ მიეღოთ, რისი ტოლი იქნებოდა რეაქციის გამოსავალი?

 

დამხმარე მასალა:

  1. მალიმიტირებელი რეაგენტი
  2. მალიმიტირებელი რეაგენტის დადგენა
  3. რეაქციის თეორიული და პრაქტიკული გამოსავალი
  4. რეაქციის პრაქტიკული გამოსავალი, მარგი ქმედების კოეფიციენტი და ენერგიის პირამიდა

დავალებაზე მორგებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

0

გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ დავალებაზე. მისი გამოყენება  გვეხმარება, გავაანალიზოთ, კრიტერიუმებთან მიმართებით რამდენად დაძლია მოსწავლემ შედეგების მიღწევის ინდიკატორები გრძელვადიანი სამიზნე ცნებების მიხედვით.

გრძელვადიანი სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები)

დავალების პირობა დახატე/გამოძერწე  ზღაპრის,   „არჩილ სულაკაურის  „სალამურას თავგადასავლის’’ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და შეურჩიე ნახატს სათაური.

შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რით უკავშირდება შენი ნახატი/ნაძერწი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად (ტ.1,2,3).
  • რით არის ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი (ტ.1, .3).
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (ტ.1).
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს  (ტ.1).

როგორც აღვნიშნე, ძალიან მარტივია განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნა გრძელვადიან სამიზნე ცნებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

მარცხენა სვეტში ვწერთ იმდენ სამიზნე ცნებას, რამდენსაც კონკრეტული დავალება ეფუძნება. შესაძლებელია, სხვა დავალებაში რამდენიმე იყოს, კრიტერიუმების სვეტშიც დავამატებთ სამიზნე ცნების შესაბამის კრიტერიუმებს.

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება

 

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ტექსტი (ჟანრები) ახსნას, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნას, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო.

 

გადმოსცეს, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ.

 

ახსნას, რატომ დაასათაურა ნახატი /ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს.

 

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა უკვე შევქმენით.

ახლა შევქმნათ მოსწავლეთა შედეგების მიღწევის ინსტრუმენტი.

პირობითი აღნიშვნები:

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო    ნაწილობრივ შეძლო    ვერ შეძლო

 

 

  სახელი, გვარი სამიზნე ცნება – ტექსტი

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო:

ზეპირსიტ.

რეკომენდაცია

     
ახსნა, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნა, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო. გადმოსცა, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ. ახსნა, რატომ დაასათაურა ნახატი/ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის შინაარსს.
1      
2    
3    
  საბოლოო შედეგი          

 

დოკუმენტს ვავსებთ მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.

საბოლოო შედეგი, რამდენმა მოსწავლემ დაძლია გრძელვადიანი სამიზნე ცნება ტექსტი, კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ავსახოთ პროცენტული მაჩვენებლით.

მნიშვნელოვანია, შედეგების გაანალიზების შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ ზეპირსიტყვიერი რეკომენდაცია, როგორ გააუმჯობესოს არსებული შედეგი.

გთავაზობთ დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (სამიზნე ცნებებისა და შესაბამისი სტანდარტის შედეგების ინდიკატორების გათვალისწინებით).

სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ…

0

ამას წინად, ავტობუსით დაღლილ-დაქანცული სახლისკენ მივდიოდი. ლაბორატორიაში საკმაოდ შემომაღამდა, პიკი საათმაც გადაიარა და ამიტომაც გავბედე ავტობუსში ასვლა, თორემ, სხვანაირად გამბედაობა არ მეყოფოდა. გადავსებულ ხალხში მაშინვე სუნთქვის რიტმი მერღვევა და დახრჩობას ვიწყებ.

მძღოლი ერთ ადგილას გაჩერდა, თურმე ხუთ წუთიანი შესვენება ჰქონდა. გაღებულ კარებში ბებო და შვილიშვილი ამოვიდნენ და ზუსტად ჩემს წინ ცარიელი სავარძლები დაიკავეს.

-მერე? მოუთმენლად იკითხა პატარა ბიჭმა, რა გააკეთა მგელმა?

-ჰოო, მგელმა წითელქუდას მოტყუება განიზრახა, ბები.

არ დაგიმალავთ და მეც ყურები ვცქვიტე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, ზუსტადაც ერთი ზღაპარი წითელქუდაზე, წამადგებოდა.

ეს ზღაპარი ყველას გვახსოვს, არა? თუმცა, ის რაც ბავშვობაში წაგვიკითხეს, სინამდვილეში „ძმები გრიმების“  მოყოლილი ვერსია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ავტორად შარლ პიერო გაგვაცნეს.  „ძმებმა“  ზღაპრის თავისებური, შემოკლებული ვერსია 1812 წელს „საშინაო ზღაპრების“ წიგნში გამოაქვეყნეს. ზღაპრის ამ ვერსიას კეთილი დასასრული აქვს. ბებია და წითელქუდა მონადირეებს უვნებლები ამოჰყავთ მგლის მუცლიდან. ისტორიის მკვლევრები წერენ, რომ „ძმებმა“  ეს ამბავი რომელიღაც სალონურ წვეულებაზე, ვინმე ფროილინ მარიამ ჰასენფლუგისგან  მოისმინეს. საინტერესოა, რომ ჰასენფლუგების გვარი ფრანგ ჰუგენოტებს ენათესავებოდა. ჰოდა, სავარაუდოდ, ეს ფრანგული ზღაპარი გერმანიაში გამოქცეულ ჰუგენოტებთან ერთად შემოვიდა. ის პირვანდელი ვერსია, მართლაც შარლ პიეროს ეკუთვნის, ოღონდ უფრო დიდების ზღაპარია და პატარებთან არ წაიკითხება. ლუდოვიკო მე-14-ე ხომ გახსოვთ? მეფე -მზე… ახალ მიწაზე, ტაიტიზე გაშენებული შაქრის პლანტაციებისგან უზრუნველი ფული, რომ შემოსდიოდა… ჰოდა, სწორედ მისი დასის მხიარული ცხოვრების ერთ-ერთი ჩვეულება სალონებში „ზღაპრები დიდებისთვის“ მოყოლა და მოსმენა ყოფილა. პიეროს ზღაპრებსაც ასეთ სალონებში უსმენდნენ. ამბებ-ზღაპრებიც ახალგაზრდა გოგონებზე გახლდათ, რომლებიც დედებს არ უსმენდნენ. წითელქუდამაც აკი არ მოუსმინა და სრულიად უცნობ მგელს გამოელაპარაკა გზად. თან გეგმებიც გააცნო, სად მიდიოდა და რატომ. პიეროს ამ ვერსიის მორალი ისიც არის, რომ „მგელი“ მრავალნაირია, მათ შორის ტკბილმოსაუბრენიც არიან და სწორედ ისინი გახლავთ საშიში. პიეროს ვერსიაში მგელი ბებია-შვილიშვილს ჭამს და მორჩა, ზღაპარი მთავრდება. არავითარი მონადირე იმ ზღაპარში არ არის. მონადირე და კეთილი დასასრული „ძმებმა“ დაამატეს.

ზღაპრის სალონურ ვერსიაში მგელს პირიდან ქაფიღა სდის, ისე სურს, რომ წითელქუდა და ბებია მალე შესანსლოს.

ქიმიაში „მგლის ქაფს“ ვოლფრამს ეძახდნენ… თუმცა, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ გადავინაცვლოთ.

პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფში განთავსებული ელემენტებია-ქრომი, მოლიბდენი და ვოლფრამი.  ამ ელემენტების აღმოჩენა მე-18-ე საუკუნის ბოლოს მოხდა. პირველი ორი ელემენტი შვედმა ქიმიკოსმა და აფთიაქარმა  შეელემ აღმოაჩინა. მისი თანამედროვენი ხუმრობდნენ, შეელე თუ რამეს შეეხო, უეჭველი ახალ ელემენტს იპოვისო. ჟანგბადი (პრისტლის პარალელურად), ბარიუმი, მანგანუმი, ქლორი- დიახ, შეელეს აღმოჩენების არასრული სია გახლავთ.

1778 წელს მინერალ მოლიბდენიტს იკვლევდა. მისი სახელწოდება ბერძნული „მოლიბდესი“-დან მოდის, რაც ტყვიას ნიშნავდა. არადა, ტყვია და მოლიბდენი საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, იმ დროისათვის ყველა იმ მინერალს, რომელიც ქაღალდზე კვალს ტოვებდა „მოლიბდენს“ უწოდებდნენ. გრაფიტს (C) გალინიტს (PbS) და მოლიბდენიტს(MoS2) მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებამდე ერთმანეთისგან საერთოდ ვერ ასხვავებდნენ. ჰოდა, შეელემ გადაწყვიტა ენახა, როგორ იმოქმედებდნენ მოლიბდენიტზე მჟავები. კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან რეაქციაში შევიდა და თეთრი ფერის ნალექიც გამოიყო. ამ ნალექის შესწავლისას შეელემ დაასკვნა, რომ ის რომელიღაც უცნობი ელემენტის ოქსიდი იყო.

MoS2+18HNO3=MoO3+18NO2+2H2SO4+7H2O

სამი წლის შემდეგ, ანალოგიური მეთოდით ვოფრამიც აღმოაჩინა. ანუ, უცნობი მინერალი დაამუშავა აზოტმჟავათი. დღეს ამ მინერალს, მის პატივსაცემად შეელიტი ეწოდება.

CaWo+2HNO3=WO3+Ca(NO3)2+H2O

რეაქციით მიიღო ვოლფრამის ოქსიდი და კალციუმის ვოლფრამატი. სახელი „ვოლფრამი“ გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „მგლის ქაფი“. ვოლფრამი ხშირად კალას საბადოებს ახლავს თან და დამუშავებისას დამახასიათებელ ქაფს წარმოქმნის. გამოთქმაც არსებობს-„სანსლავს კალას, როგორც მგელი ცხვარს“ (ან, „წითელქუდას“).

სუფთა სახით, შეელემ ვერც მოლიბდენი და ვერც ვოლფრამი, ვერ მიიღო. ამისთვის, საჭირო იყო ღუმელი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურდებოდა. მე-18-ე საუკუნის ბოლოს ასეთი ღუმლის ქონა ფუფუნება გახლდათ. ამიტომ, თხოვნით მიმართა კოლეგას და მეგობარს პიტერ იაკობ გიელემს. სწორედ მან გამოყო თავისუფალი სახით მოლიბდენი, ხოლო ვოლფრამი, ესპანელმა ქიმიკოსმა ძმებმა ელუარებმა მიიღეს.

რაც შეეხება ქრომს, 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა  ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და  ქრომი უწოდა.  ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს.  თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან.  ქრომის მთავარი ღირსება  მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს.  ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას  ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია.

გამოვიკვლიოთ სამივე მეტალის ქიმიური თვისებები. სამ ჭიქაში ჩავასხათ კონც. გოგირდმჟავა და ჩავუშვათ აღნიშნული მეტალების ნიმუშები. რეაქცია არ წარიმართება, რადგან გოგირდმჟავაში წარმოიქმნება პასიური ოქსიდი ფენა და რეაქცია ვეღარ ვითარდება.

2Cr+H2SO4(კონც)=Cr2O3+S+H2O

Mo+2H2SO4(კონც)=MoO2+2SO2+2H2O

თუმცა, თუ ქრომის და მოლიბდენის ნიმუშიან ჭიქებს გავაცხელებთ, რეაქცია წარიმართება.

2Cr+6H2SO4=Cr2(SO4)3+3SO2+6H2O

Mo+4H2SO4=Mo(SO4)2+2SO2+4H2O

კონცენტრირებულ აზოტმჟავაში ყველა მეტალი ოქსიდის ფენით იფარება და პროცესი აღარ ვითარდება.

2Cr+6HNO3(კონც)=Cr2O3+6NO2+3H2O

Mo+6HNO3(კონც)=MoO3+6NO2+3H2O

W+6HNO3(კონც)=WO3+6NO2+3H2O

განზავებულ აზოტმჟავასთან მხოლოდ მოლიბდენი რეაგირებს.

Mo+6HNO3 =H2MoO4+6NO2+2H2O

მარილმჟავასთან მხოლოდ ქრომი რეაგირებს, ისიც გახურებისას.ვოლფრამი გაცხელებითაც კი არ ურთიერთქმედებს მასთან.

2Cr+6HCl=2CrCl3+3H2

სამივე მეტალი ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. მაგალითად, ქლორთან და წარმოქმნიან  სხვადასხვა ფერის ქლორიდებს.

ვოლფრამის იასამნისფერი ჰექსაქლორიდი:

W+3Cl2=WCl6

ან, თუ სარეაქციო სისტემაში ჟანგბადიც იყო, წარმოიქმნება ვოლფრამის ყვითელი ოქსიქლორიდიWO2Cl2;

ან, თუ წარმოქმნილი ჰექსოქლორიდი დაიშლება, მწვანე პენტაქლორიდი წარმოიქმნება: 2WCl6=2WCl5+Cl2

WCl2-ორვალენტიანი ვოლფრამის ქლორიდი კი რუხი ფერისაა.

სტაფილოსფერი კალიუმის ბიქრომატი ალბათ ყველა ლაბორატორიაში მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში, ვოლფრამი შეიძლება ვერ მოიპოვოთ და ამ მარილს იპოვით. ავიღოთ და მცირე რაოდენობით სინჯარაში ჩავყაროთ. დავამატოთ მარილმჟავა და გავაცხელოთ. არა, თუ ამწოვი არ გაქვთ, არ გააკეთოთ, რადგან ქლორი გამოიყოფა.

K2Cr2O7+4HCl=2CrCl3+2KCl+7H2O+3Cl2

ამავე მარილის ხსნარის და გოგირდმჟავას ნარევს თუ ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ, მუქი წითელი ფერი განვითარდება, რადგან ეს ვერცხლზე თვისებითი რეაქცია გახლავთ და რაც უფრო მუქი წითელი ფერი განვითარდება, მით მაღალი იქნება ვერცხლის სინჯი.

12Ag+5K2Cr2O7+11H2SO4=6Ag2CrO4+5K2SO4+2Cr2(SO4)3+11H2O

დაახლოებით ასეთი წითელი ფერის ქუდი ეხურა წითელქუდასაც. თუმცა, ქუდი „ძმებთან“ ეხურა, თორემ პიეროსთან გოგონას თავი „შაპერონით“ (მოსასხამი „კაპიუშონით“) ჰქონდა შემოსილი. ჰოდა, რატომღაც ამეკვიატა… დღეს, რომ ტყეში შეხვედროდნენ ერთმანეთს წითელქუდა და მგელი, რა მოხდებოდა?

ალბათ, არც არაფერი. ერთმანეთს ვერ დაინახავდნენ, ტელეფონები ექნებოდათ ცხვირზე აფარებული.

ბავშვის პირადი საზღვრები და მათი დაცვის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებისთვის

0

უფროსები ხშირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას და არ ვიშურებთ საყვედურებს ბავშვების მიმართ მათი ამა თუ იმ ქცევის გამო. თუმცა, იშვიათად ვცდილობთ აღნიშნული ქცევის გამომწვევი მიზეზების მოძიებას და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს მიზეზები შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაში მისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით იყოს განპირობებული. ეს შეცდომები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა, რაც ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ბავშვის პირადი საზღვრების, პირადი სივრცის დარღვევას უკავშირდება.

პირადი საზღვრები ეს არის ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური შეზღუდვები, რომელსაც თითოეული ადამიანი ადგენს თავის გარშემო იმისათვის, რომ ის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს. სწორედ პირადი საზღვრებით არის ნაკარნახევი, თუ რა ქცევა, რა მოქმედება იქნება ჩვენთვის მისაღები სხვა ადამიანების მხრიდან და რა – არა. პირადი საზღვრები გვეხმარება, ადამიანებს განვსაზღვროთ საკუთარი ინდივიდუალურობა, დავიცვათ საკუთარი უფლებები და შევინარჩუნოთ პირადი ცხოვრება.

პირადი საზღვრების დადგენის, პატივისცემისა და დაცვის უნარი ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირადი საზღვრების განცდის გარეშე ადამიანი წყვეტს საკუთარი ცხოვრების მართვას, აკეთებს არა იმას, რაც სურს, არამედ იმას, რაც სურთ მისგან სხვა ადამიანებს. ამიტომ არის ასეთი აუცილებელი შეგვეძლოს საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების პირადი საზღვრების პატივისცემა. უფროსებისთვის ამის გაკეთება ყველაზე რთული ბავშვებთან ურთიერთობისას არის. აქ გვიწევს დავაბალანსოთ უპირობო მიღება და „არას” დროულად თქმა, სირთულეებისგან ბავშვის დაცვის სურვილი და მისთვის საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვის უფლების მინიჭება. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვის პირადი საზღვრები ჩვენ მიერ თითქოს კეთილი განზრახვით ირღვევა, მაგრამ მოგვიანებით ის საკმაოდ ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდება ხოლმე.

რა შემთხვევებში ირღვევა ბავშვის პირადი საზღვრები:

  • რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ბავშვის პირადი საზღვრები, უპირველეს ყოვლისა, მაშინ ირღვევა, როცა ვაიძულებთ ბოლომდე შეჭამოს ის, რასაც ვთავაზობთ. ბავშვის იძულებით კვება მისი ფიზიკური საზღვრების დარღვევაა. ასეთი ქცევით ჩვენ მას გადავცემთ ინფორმაციას, რომ ის უნდა ენდოს არა საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებს (შიმშილი, დანაყრება), არამედ გარე დამკვირვებლებს, უფროსებს, რომლებმაც რატომღაც უკეთ იციან ბავშვი დანაყრდა თუ არა;
  • ბავშვის პირადი საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ის იძულებით, ძალდატანებით დაგვყავს სხვადასხვა წრეზე. ყოველ ადამიანს, თუნდაც ბავშვს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი გატაცებები, ინტერესები. ესეც ერთგვარი პირადი სივრცეა, რომელიც სხვებისგან ინტელექტუალური საზღვრებით არის დაცული. შესაძლოა ჩვენ ძალიან კეთილი განზრახვა გვამოძრავებდეს, როცა ბავშვი მისი ნების, ინტერესების, სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვყავს ფორტეპიანოზე, ხატვაზე ან ჭადრაკის წრეზე, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამით ჩვენ მის პირად საზღვრებს ვარღვევთ და ზიანი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს და ძალებიც უაზროდ დაიხარჯოს. ინტელექტუალური საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ბავშვს ეკრძალება საკუთარი აზრის გამოთქმა („ჯერ რძე არ შეგშრობია ტუჩებზე, იჯექი და ენას კბილი დააჭირე“); როცა ბავშვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დასცინიან და გაუმართლებლად აკრიტიკებენ („შენ რა გესმის!“); როცა ბავშვს აიძულებენ, წაიკითხოს წიგნები, რომლებიც მისთვის საინტერესო არ არის („მე უკეთ ვიცი, რა გჭირდება“);
  • ბავშვის პირადი საზღვრების დარღვევასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა მის თავისუფალ დროში ვერევით, ექსპლუატაციას ვუწევთ მის თავისუფალ დროს, ვაიძულებთ აკეთოს ის, რაც მისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის საჭიროა. ამ შემთხვევაში ირღვევა დროის საზღვრები. თუ ბავშვის დროს სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდებით, ამით მოვამზადებთ მას, რომ ზრდასრულობის ასაკში უაზროდ არ გაფლანგოს თავისი დრო;
  • ბავშვის პირად საზღვრებს ვარღვევთ მაშინაც, როცა მას ვარცხვენთ, ვსაყვედურობთ, თუ ის თავის ნივთს, სათამაშოს არ უზიარებს, არ ათხოვებს სხვას – „როგორი ხარბი ხარ“, „მიეცი მას შენი მანქანა, შენ ხომ მაინც არ თამაშობ ამ მანქანით“. გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ფრაზები ბავშვის მატერიალური საზღვრების დარღვევაზე მიგვანიშნებს. მატერიალური საზღვრები – ეს პირადი საკუთრების დაცვაა. თუ ჩვენ, უფროსები პატივს ვცემთ ბავშვის ამ საზღვრებს, არ უნდა შევარცხვინოთ, არ გავკიცხოთ, არ ვეჩხუბოთ და არ მივიღოთ უკმაყოფილო სახე, როცა ბავშვი თავის სათამაშოს არ აძლევს სხვას. ბავშვის პირადი ნივთები, სათამაშოები მისი პირადი საკუთრებაა. მას აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი სათამაშოს სხვისთვის გაზიარებაზე, ასევე უფლება აქვს, აჩუქოს ის ვისაც უნდა და როცა მოესურვება. ბავშვის მატერიალური საზღვრების მიღება, აღიარება და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავადაც ვერ იგრძნობს ამ საზღვრებს სხვა ადამიანების მიმართ და არც შეეცდება მათ დაცვას. აქედან მომდინარეობს ქურდობა, ძალით წართმევა და იმათზე განაწყენება, ვინც რაღაც არ მისცა.

ბავშვის პირადი საზღვრების მუდმივად დარღვევის შედეგები:

  • დაქვეითებული თვითშეფასება. ბავშვს უყალიბდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა. ბუნდოვანი პირადი საზღვრები იწვევს თვითღირებულების დაკარგვას. ბავშვი ვერ გრძნობს თავს კარგ ადამიანად და მუდმივად ცდილობს ეს ყველას დაუმტკიცოს;
  • ირაციონალური განწყობები. თუ ადამიანს მთელი ბავშვობა უმტკიცებდნენ, რომ სადილზე შეთავაზებული კერძი ბოლომდე უნდა შეეჭამა და თეფში ცარიელი დაეტოვებინა, ის ეჩვევა საჭმლის ბოლომდე ჭამას და რადაც არ უნდა დაუჯდეს, თეფშზე არაფერს ტოვებს. ეს განწყობა-დამოკიდებულება გადადის ქვეცნობიერ დონეზე და მოგვიანებით, უკვე ზრდასრულობის ასაკში მას გაუჭირდება ამ არაჯანსაღი ჩვევის დაძლევა. აქედან მომდინარეობს ჭარბწონიანობა და ასევე დანაშაულის გრძნობა, თუ საჭმელს ბოლომდე არ შეჭამს;
  • ქურდობა, სისასტიკე. ბავშვი მსჯელობს დაახლოებით ასე: „თუ მე უნდა მივცე ჩემი საკუთარი ნივთი, სათამაშო სხვას, ე.ი. სხვებმაც უნდა მომცენ თავიანთი ნივთები და თუ არ სურთ ამის გაკეთება, შეიძლება წავართვა, ან შეუმჩნევლად ავიღო“. ბავშვს უყალიბდება დამახინჯებული წარმოდგენა სამართლიანობაზე;
  • ფსიქოსომატური დაავადებები. როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ადამიანი „ჯანმრთელია“, მაგრამ მას მაინც აქვს ტკივილები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ემოციების მუდმივი შეკავება, ჩახშობა იმიტომ, რომ დედამ თქვა: „ბრაზდებიან მხოლოდ ცუდი ბავშვები“, „ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ.;
  • სხვისი პირადი საზღვრების უპატივცემულობა და დარღვევა. გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა, როგორც წესი, ვერც სხვის საზღვრებს ხედავს და მუდმივად არღვევს მათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი საზღვრების დადგენა და დაცვა ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან ამოცანად უნდა დავისახოთ. დავეხმაროთ მოზარდს და განუვითაროთ მას პირადი საზღვრების დადგენისა და დაცვის უნარ-ჩვევები, რათა მან თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იგრძნოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ეს კი, თავის მხრივ, ემოციური კეთილდღეობის მიღწევასა და გარშემომყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება მას, შეძლებს როგორც საკუთარი პირადი საზღვრების დაცვას, ასევე სხვების პირადი საზღვრების პატივისცემას.

 

 

ქალაქები – კლიმატური ლტოლვილების თავშესაფარი

0

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში, ხოლო მეოთხედი ყველაზე დასახლებულ 2500 ქალაქში ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს ათწლეულებში მკვეთრად გაიზრდება და 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 70% მეტროპოლიებში იცხოვრებს. ამავდროულად, დედამიწის კლიმატი ატმოსფეროში სათბური აირების მუდმივად მზარდი კონცენტრაციის შედეგად ცვლილებას გააგრძელებს, რაც დრამატულ შედეგებს გამოიწვევს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში.

ქალაქის მზარდი მოსახლეობა გლობალური დათბობის გავლენას უფრო მეტად იგრძნობს. ისინი განსაკუთრებით დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ, რადგან ქალაქებში მცირე სივრცეებში კონცენტრირდება მოსახლეობა, რაც ზრდის ინფრასტრუქტურასა და რესურსების მოხმარებას. თითქმის ყველგან იქნება სეზონების ცვლა, ექსტრემალური სველი და მშრალი პერიოდები: უფრო ინტენსიურმა გვალვებმა შეიძლება დააშროს წყლის სისტემები, გაზრდილმა ინტენსიურმა ნალექმა კი ქალაქები დატბოროს.

ზოგიერთი ურბანული რაიონი უფრო მძაფრ ცვლილებებს იგრძნობს. თუმცა საგანგაშო პროგნოზები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა ჯერ კიდევ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალზე.

ქალაქები უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე სოფლები. ბეტონი, ფოლადი, ხე და სხვა ინფრასტრუქტურული მასალები იკავებენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე ბუნებრივი ლანდშაფტები: წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტი, რაც რეგიონებს საცხოვრებლად გამოუყენებელს გახდის. თუმცა ზოგიერთი ქალაქი, რომლებიც აქტიურად ემზადებიან არასტაბილური მომავლისთვის, ამ ექსტრემალური ცვლილებებისგან თავშესაფრად შეიძლება გადაიქცეს

ახლო აღმოსავლეთი, პაკისტანის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა რეგიონები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა და  ტენიანობა ახასიათებთ, შესაძლოა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უფრო დაუცველნი არიან ცხელ, ნოტიო კლიმატის პირობებში, რადგან ჩვენი თერმორეგულაციის უნარი – გაგრილება – ბევრად დაბალ ტემპერატურას საჭიროებს, ვიდრე ადრე ეგონათ. თუ გლობალური ტემპერატურის მატება გაგრძელდება, პლანეტის ტროპიკული და სუბტროპიკული ზონები შეიძლება საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა 216 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდეს საკუთარ ქვეყანაში.

თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საბედნიეროდ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილს კლიმატის ცვლილება ნაკლებად დააზარალებს. მომავალში, ქალაქები, რომლებიც გადაურჩებიან კლიმატის ცვლილებას, შეიძლება იყოს სავსე მწვანე სივრცეებით, ჭკვიანი შენობებით და კომპაქტური უბნებით.

კონტინენტური ევროპის ცენტრში მდებარე ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ამაყობს მსოფლიოში ცნობილი საჯარო სივრცეებითა და პირდაპირ ავსტრიის ალპებიდან მიღებული წყალმომარაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ განიცდის კლიმატის ცვლილების ისეთ ზემოქმედებას, როგორიცაა არაპროგნოზირებადი ამინდი და ზაფხულის ძლიერი სიცხე, ის აქტიურად ეგუება ცვალებად კლიმატს.

ვენამ თავისი „კლიმატის დაცვის“ პირველი პროგრამა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო. იგი  ამაყობს წყალდიდობის შედეგების შერბილების სისტემით, რომელიც იცავს მოსახლეობას ადიდებული მდინარე დუნაის წყლისგან. 2020 წელს შექმნა „კლიმატის დაცვის“ თავისი პირველი არეალები, სადაც ახალი შენობების აშენება მხოლოდ კლიმატისთვის შესაფერისი გათბობისა და წყლის სისტემების გამოყენებითაა დაშვებული. დღეს ქალაქის ნახევარზე მეტი შედგება მწვანე ფართებისგან.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის გარეთ გაზონი არის ერთ-ერთი მწვანე სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის

მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი ჭკვიანი ქალაქის სტრატეგია, რომელიც 2050 წლისთვის მიზნად ისახავს სათბური აირების ემისიების 85 %- ით შემცირებას ერთ სულ მოსახლეზე.

ქალაქის საბინაო ინფრასტრუქტურაც ვენაში კარგ მდგომარეობაშია იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ მიგრანტთა ნაკადს გაუმკლავდეს. ბოლო წლებში ვენამ აამოქმედა მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ ქვეყანა კვლავ განიცდის უსაბუთო მიგრანტთა შემოსვლას. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ჯაჭვური მიგრაცია, რომლის დროსაც ნათესავები უკვე დასახლებულ ოჯახის წევრებს უერთდებიან. 2000-იანი წლების დასაწყისში ვენამ გააორმაგა ხელმისაწვდომი საბინაო ერთეულების რაოდენობა.

შემდეგ ნაბიჯად ქალაქი მიზნად ისახავს კლიმატის დაცვის ტერიტორიების გაფართოებას და არსებული შენობების დეკარბონიზაციას. ეს ბევრად უფრო დელიკატური და რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ვენის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ მიაღწიონ თავიანთ ამბიციურ მიზნებს.

კლიმატური ლტოლვილებისთვის თავესაფრად შეიძლება იქცეს გრენლანდიის დედაქალაქი (დანიის ავტონომიური ფორპოსტი) ნუუკი, რომელიც უახლოეს ათწლეულებში სწრაფად იზრდება. იგი მდებარეობს არქტიკული წრის ქვემოთ, სადაც აშკარაა კლიმატის ცვლილების შედეგები.

გრენლანდიის ყინულის დნობა საცხოვრებელ ტერიტორიებს, აგრეთვე მეურნეობისთვისა და მინერალების მოპოვებისთვის არეალებს  გააფართოებს.

გრენლანდიის დედაქალაქი ნუუკი

ყინულის უკანდახევის შედედგად გათავისუფლებული მიწა ახალ ფერმერულ შესაძლებლობებს იძლევა. ნუუკის ფერმერები ახალ მოსავალს იღებენ, მათ შორის კარტოფილი, ბოლოკი და ბროკოლი. ყინულის უკან დახევა სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ნავთობის მოპოვების შესაძლებლობას ქმნის.  ნუუკი რეალური ეკონომიკური მოგების ზღვარზე დგას. ქვეყანას უკვე აქვს ხუთი ჰიდროელექტროსადგური, რათა ყინულის დნობით მიღებული უხვი წყალი ენერგიად გადააქციოს. მეთევზეობაც მატულობს: ნაკლები ყინული ნიშნავს, რომ გემებს შეუძლიათ თევზაობა სანაპიროსთან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ოკეანის თბილმა ტემპერატურამ თევზის ახალი სახეობები უფრო ჩრდილოეთით მიიყვანა გრენლანდიის წყლებში.

პროგნოზების თანახმად, გრენლანდიას 2100 წლისთვის ტყეებიც კი ექნება. ის შესაძლოა საცხოვრებლად საუკეთესო ადგილებს შორის აღმოჩნდეს.

ანალოგიურად, კანადა, ციმბირი და რუსეთის სხვა ნაწილები, ისლანდია, სკანდინავიური ქვეყნები და შოტლანდია მიიღებენ სარგებელს გლობალური დათბობით.

საპორტო ქალაქები, როგორიც არის ჩერჩილი მანიტობაში (კანადა), ქვეყანას მოგებას მოუტანენ. ამ უნაყოფო ფორპოსტს, რომელიც მოქცეულია ბორეალურ ტყეს, არქტიკულ ტუნდრასა და ჰუდსონის ყურეს შორის, ჰყავს მხოლოდ 1100 მოსახლე. ჩერჩილის მიწა იმდენად არასასურველად მიიჩნიეს, რომ 1990 წელს ამერიკულმა სატვირთო კომპანია OmniTrax-მა კანადის მთავრობისგან ქალაქის პორტი 7 დოლარად იყიდა. თუმცა, აქტიური მიგრაციის პროგრამით იგი იზიდავს ხალხს და ბიზნესს მთელი მსოფლიოდან. ახლად განვითარებულ ქალაქს შეუძლია ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჰუდსონის ყურის გამოცოცხლებული პორტით,რომელიც ერთადერთი კომერციული ღრმაწყლოვანი პორტია ჩრდილოეთ კანადაში. ეს შეიძლება გახდეს საკვანძო გაჩერებისა და განტვირთვის პუნქტი ჩრდილო – დასავლეთის გადასასვლელზე სატვირთო გემებისთვის, რომლებიც შანხაიდან მოდიან. ჩერჩილი დაკავშირებულია ვინიპეგთან და დანარჩენ კანადასთან და აშშ-სთან მისი აღდგენილი სარკინიგზო ხაზით. ის სულ რაღაც 100 კილომეტრზეა დაშორებული ნუნავეტისგან, კანადის უახლესი ძირძველი პროვინციისგან.

ქალაქი ჩერჩილი შეიძლება გახდეს კლიმატვცლილებისგან თავშესაფარი. კანადა იქნება მიგრანტების მთავარი მიმართულება, რაზეც მთავრობა ფსონს დებს და მიზნად ისახავს 2100 წლისთვის მოსახლეობის გასამმაგებას იმიგრაციით. მარშალ ბერკმა, სტენფორდის უნივერსიტეტის სურსათის უსაფრთხოებისა და გარემოს ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გამოთვალა, რომ გლობალურმა გათბობამ შეიძლება გაზარდოს საშუალო შემოსავალი კანადაში 250 %- ით სეზონების, ინფრასტრუქტურის შემცირებული ხარჯების და საზღვაო გადაზიდვების გაზრდის გამო. სტაბილური, არაკორუმპირებული დემოკრატიით, მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის მეხუთედითა და 4,2 მილიონი კმ² ახლად სახნავი სასოფლო-სამეურნეო მიწებით, კანადა შეიძლება გახდეს მსოფლიოს ახალი პურის ბეღელი ამ საუკუნის ბოლოს.

მოსახლეობის შესაძლო ზრდის მოლოდინში, ბევრმა ქალაქმა გადახედა მიგრანტთა პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყოს არსებული ქალაქის დერეფნების განვითარებას და დაიწყო მისი მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება. ქალაქებში, როგორიცაა კლივლენდი, ოჰაიო, მიჩიგანი, დულუთი და მინესოტა იწყებენ იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლება ათასობით ადამიანის განსახლება.

„კლიმატის თავშესაფრის“ საკითხმა – ადგილები, სადაც ექსტრემალური ამინდის მოვლენები იშვიათია და რომლებიც, როგორც წესი, განლაგებულია აშშ-ს ჩრდილოეთ რეგიონებში, მტკნარი წყლის ობიექტებთან ახლოს – ბოლო წლებში მოიპოვა მნიშვნელობა, რადგანაც მომაკვდინებელი ტყის ხანძრები, რეკორდული სიცხე და ზიანი, ქარიშხალი სულ უფრო მეტად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში.

გასულ წელს, 675,000 ადამიანი აშშ-ში იძულებით გადაადგილდა სახლებიდან კატასტროფების გამო.

ამ ქალაქებიდან ბევრი ოდესღაც ეკონომიკურად დამოკიდებული იყო წარმოებაზე და პოტენციურად კარგად იყო განლაგებული კლიმატის მიგრანტების ნაკადის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: როდესაც ქარხნები დაიხურა 1970-იან წლებში და მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად სხვაგან გადავიდა, მათ დატოვეს სახლები და.სივრცეები დღეს შესაძლებელია ხელახლა გადანაწილდეს.

კლივლენდში, ერის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30000 თავისუფალი საცხოვრებელია. დეტროიტმა, რომელმაც დაკარგა მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი 1950-იანი წლების ინდუსტრიული აყვავების შემდეგ, აქვს 78კმ² -ზე მეტი ცარიელი მიწა ქალაქის საზღვრებში. დულუთს (მინესოტა, აშშ) უკვე აქვს ინფრასტრუქტურა ათიათასობით მეტი მოსახლის მოსათავსებლად.

ათწლეულების განმავლობაში პერტი, სიდნეი და მელბურნი ითვლებოდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილად. მაგრამ ბოლო წლებში ათასობით „მატერიკელი“ გადავიდა ჰობარტში, ტასმანიის დედაქალაქში.

ქალაქი ჰობარტი, როგორც  კლიმატის თავშესაფარი, უკვე ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობის ზრდაზე. იქ ურბანული დამგეგმავები ემზადებიან ათასობით ახალი მოსახლის მისაღებად მომდევნო წლებში, რისთვისაც საჭიროა 30 000 მეტი სახლი. ექსპერტები თვლიან, რომ გამოუყენებელი ურბანული სივრცის მიზანმიმართული დაგეგმვა ქალაქის კომპაქტურობის შესანარჩუნებლად ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„დიდი ჰობარტის სტრატეგია“ ცდილობს დააკმაყოფილოს მოსახლეობის ზრდის 70% არსებული ურბანული ნაკვალევის ფარგლებში. თუმცა მოსალოდნელია, რომ ტასმანიის საშუალო ტემპერატურა 2100 წლისთვის გაიზრდება. ზამთრის სპორტის ინდუსტრია უკვე დაზარალდა, ხოლო ტყის ხანძრები და გვალვა იზრდება. ჰობარტი ერთ-ერთი ყველაზე ხანძრისკენ მიდრეკილი ქალაქია ავსტრალიაში.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტბების ბევრი ქალაქი გამოირჩევა ზომიერი კლიმატით და დიდი სივრცით, ზოგი თვლის, რომ ეს სულაც არ იქცევა კლიმატის თავშესაფრის სტატუსისთვის საკმარისად მოკლევადიან პერიოდში. საჭიროა არსებული საბინაო მარაგის განახლება ზამთარში სიცივისა და ზაფხულში სიცხისგან დასაცავად.

„ურბანული ბირთვის აღორძინების გზების შესახებ ფიქრი ცენტრალური იქნება კლიმატისადმი უფრო მდგრადი რეგიონისთვის“, ამბობს ნიკოლას რაიკოვიჩი ბუფალოს არქიტექტურისა და დაგეგმვის სკოლის უნივერსიტეტიდან.

რაც უფრო მეტი კლიმატური მიგრანტი გადადის, ტრანსპორტი გაუარესდა და საცხოვრებლის ხარჯები გაიზარდა. ის, რომ ქალაქის ბევრი შენობა არასათანადოდ არის მომზადებული ტემპერატურის მატებისას, შემაშფოთებელია.

„ჩვენი საცხოვრებელი ოთახი ღუმელად იქცევა. კიდევ უფრო გაუარესდება, თუ სერიოზულ ცვლილებებს არ გავაკეთებთ”.

არცერთი თავშესაფარი არ არის იდეალური.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://time.com/6209432/climate-change-where-we-will-live/

https://www.nationalgeographic.com/premium/article/climate-change-haven-cities

https://www.nationalgeographic.com/environment/article/climate-change-already-worse-than-expected-un-report

 

 

 

საიდუმლოს გასაღები: როგორ გავერკვეთ ჩინურ იეროგლიფებში?  

0

 „ვერასოდეს გაიგებ ენას და მის შინაარს, თუ არ იცი სულ მცირე ორი მაინც“

ძველი ჩინური ანდაზა

XXI საუკუნეში ბევრს საუბრობენ ჩინეთსა და ჩინელებზე. დღე არ გავა, გაზეთებმა და ინტერნეტ-გამოცემებმა ერთი ახალი ამბავი მაინც არ გვამცნონ ჩინეთიდან. დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინეთი) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი წონა და გავლენა დღითიდღე იზრდება. ჩინეთის ძლიერებასა და მნიშვნელობაზე შემდეგი ფაქტებიც თვალნათლივ მიგვითითებენ:

-ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს აჭარბებს (1-ლი ადგილი მსოფლიოში, ინდოეთთან ერთად);

-ჩინეთი, თავისი ტერიტორიით (9.6 მილ. კვ. კმ) მსოფლიოს მესამე უდიდესი ქვეყანაა, რუსეთის ფედერაციისა და კანადის შემდეგ.

– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სიდიდით მსოფლიოს მე-2 ეკონომიკაა (აშშ-ს შემდეგ) და ზოგიერთი გათვლებით, უკვე გადაუსწრო ამერიკის ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

-ჩინეთი, დღეს, უზარმაზარი მასშტაბის “მსოფლიო ქარხანას” წარმოადგენს, სადაც იწარმოება მსოფლიოს მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის უდიდესი ნაწილი, შავი მეტალურგიიდან გემთმშენებლობამდე და  ზუსტი ელექტრონიკიდან – ტანსაცმლამდე;

-ჩინეთი დღეს მსოფლიო ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და გამოყენებაში  (Huawei, 5G ტექნოლოგიები), ელექტრონულ ვაჭრობაში(e-commerce: Alibaba, JD.com), და ხელოვნური ინტელექტის (AI) კვლევის საქმიანობაში;

-ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარი უდიდესია მსოფლიოში (1.4 მილიარდი მომხმარებელი), რაც ერთიორად ზრდის მის მნიშვნელობასა და გავლენას გლობალურ მწარმოებლებზე და ვაჭრობაზე;

-ჩინეთი, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი და ყველაზე გავლენიანი მონაწილეა მსოფლიო სავაჭრო ინიციატივებსა და სავაჭრო მარშრუტების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გლობალური მასშტაბით („ერთი სარტყელი, ერთი გზის“ – ახალი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა);

-ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებზე;

-ჩინეთს გლობალური მასშტაბის გავლენა აქვს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ინიციატივებზე;

-ჩინეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ტექნოლოგიურად განვითარებულია მსოფლიოში;

-ჩინეთის სამეცნიერო სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებულია დღევანდელ მსოფლიოში (პირველი ადგილი სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობით – 650,000 გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია, 2022 წ. და მეორე ადგილი – სამეცნიერო ციტირების რაოდენობების მიხედვით – 3.6 მილ. ციტირება, აშშ-ს 4.8 მილ. ციტირების შემდეგ), ბიოტექნოლოგიების, კოსმოსური კვლევებისა და კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების კვლევის მიმართულებების ჩათვლით.

ამ შთამბეჭდავი მიღწევებისა და პროგრესის ფონზე, გამოუცნობ კითხვად რჩება ჩინელების დამწერლობა – „ჰან-ძე“ (汉字), რომელიც დიდად განსხვავებულია დანარჩენებისგან (ანბანური და სილაბურ-მარცვლოვანი დამწერლობებისაგან) და მსოფლიოსთვის საიდუმლოებით მოცულ, „იეროგლიფებით დასახლებულ“, ჩვენგან დაფარულ სამყაროს წარმოადგენს.

მაინც როგორ მივუდგეთ ჩინურ „ჰან-ძეს“ (დამწერლობას)? როგორ დავიწყოთ ათასობით ჩინური იეროგლიფის აღქმა და მათი მნიშვნელობის გაგება? რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომლებსაც მსოფლიოში ალბათ ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ანბანური სისტემა გვაქვს?

შენიშვნა: ქართულ ანბანი უნიკალურია იმით რომ ჩვენს ენაში და დამწერლობაში, ბგერისა და ამ ბგერების გამომხატავი ნიშნების დამთხვევა ას პროცენტს წარმოადგეს! ქართულად როგორ იწერება, ისე ითქმება და პირიქით! ასეთი შესაბამისობა – როდესაც ნათქვამი ზუსტად ემთხვევა ნაწერს – სხვა ენებში იშვიათია ან საერთოდ არ გვხვდება. სწორად ამ მიზეზით,  საინტერესოდ მეჩვენება თქვენთან ერთად, ჩინური ენის (‘’ჟონგ-ვენ”) და ჩინური დამწერლობის (“ჰან-ძე’’) ჩვენთვის უცნობი თავისებურებების გაგება და ამ უცნაური ენის შინაარსსა და წესებში დაფარული საიდუმლოების ფარდის ახდის მოკრძალებული მცდელობა.

ჩვენ, ქართველებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანბანისა და დამწერლობის და უნიკალური ქართული ლიტერატურული ტრადიციის  მქონე ერს, თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ სხვა ხალხებისა და კულტურების სამწერლო წესები და ტრადიციები ჩვენსას და ამ კუთხით შევხედოთ ჩინური დამწერლობის ფორმასა და შინაარს.

ერთხელ, ჩემი ახალგაზრდობისას, აღმოსავლეთ გერმანიაში მოგზაურობისას, გერმანელებს ვკითხე: “გერმანულად, თქვენი ქვეყნის სახელია “დოიჩლანდ” – Deutschland, რატომ არის რომ ბგერა „ჩ“-ს გამოსახატად, ოთხი ასო, -tsch- გჭირდებათ? ეს ხომ თქვენი ენდონიმია, ანუ საკუთარი სახელი, რომელსაც თქვენს ენაზე ეძახით თქვენსავე ქვეყანას?”

ჩემი გერმანელი მეგობრის, სტუდენტი-ფილოლოგის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა: “კარგი კითხვაა ლევან. ეს თქვენ, ქართველებს გაქვთ ფუფუნება თქვენი ქვეყნის ქართული სახელი, “საქართველო” საკუთარვე ანბანზე დაწეროთ, ჩვენ გერმანელები, მშობლიური გერმანულისთვის, რომაელების/ლათინების ანბანს ვიყენებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლათინური ენა, რომელიც გერმანულივით, ინდოევროპული ენების ოჯახის ენაა, თუმცა “რომანული” ენების ჯგუფს მიეკუთვნება განსხვავდება მათგან.

რაც შეეხება გერმანულს, იგი ინდოევროპული ენების ოჯახის “გერმანიკულ” ჯგუფს მიეკუთვნება და ენათესავება ჰოლანდიურ, ფრიზულ, ინგლისურ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფარერებისა და ისლანდიურ ენებს (ლ.ა.).

ლათინური ანბანი, რომელიც რომაელებმა თავიანთი ენისთვის შექმნეს და რომის კოლონიებში გაავრცელეს (მათ შორის დღევანდელ გერმანიაშიც), ლათინურ ენაში არსებული ბგერებს შეესაბამება და ხშირად არ ემთხვევა გერმანულ ენაში არსებულ ბგერებს – ამიტომაც, ჩვენ, თანამედროვე გერმანულში, გვიწევს ასოების გარკვეული კომბინაციების შექმნა, გერმანული ენის ბგერების ლათინური ანბანით გამოსახატავად”, მიპასუხა გერმანელმა სტუდენტმა.

ჩინურის ენის (ანუ დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ენის, “პუტონგ-ჰუას” ) სილამაზე და სირთულე (და უცნაურობა) და მისი კალიგრაფიის ელეგანტურობა, საუკუნეებს მანძილზე აჯადოებდა უცხოელ მკვლევრებს და მოგზაურებს.

ერთი შეხედვით, ჩინური იეროგლიფების გაგება რთულ ამოცანად გამოიყურება, განსაკუთრებით დამწყებებისთვის, თუმცა ნოდარ დუმბაძის გმირის, ოლღა ბებიას სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, „ჩინურის სწავლას რა უნდა, ბიჭო, მთელი ჩინეთი ჩინურად ლაპარაკობს…“ სწორი მიდგომით და მეთოდებით, ჩინურის სწავლა შესაძლებელია საინტერესო თავგადასავლად და საინტერესო ამოცანად გადაიქცეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩინური დამწერლობა იეროგლიფებისგან შედგება. ჯამში, სულ 80 ათასამდე სიმბოლო არსებობს(!), თუმცა აღსანიშნავია რომ მათში ბევრია ხმარებიდან გასული სიმბოლოები, სპეციფიკური ტერმინები თუ გეოგრაფიულ დასახელებები. წიგნის და გაზეთის წასაკითხად, საკმარია სამი ათასამდე იეროგლიფს დასწავლა (შესაბამის მნიშვნელობასთან ერთად), ხოლო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა ხუთი ათასამდე იეროგლიფის გამოყენება იციან.

შევეცადოთ ჩვენც „შევიხედოთ“ ჩინური ენის საიდუმლოებით მოცული იეროგლიფების სამყაროში.

როგორ არის მოწყობილი ჩინური იეროგლიფების სისტემა?

ალბათ ჯერ ის უნდა ვთქვათ თუ რა სტატუსი აქვს ჩინურ ენას და ჩინეთში არსებულ უამრავ მონათესავე თუ არამონათესავე ენებს დღეს და როგორ გამოიყენება ჩინური დამწერლობა, თანამედროვე ცხოვრებაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო ენა გახლავთ ე.წ. „სტანდარტული ჩინური“, იგივე , „პუტონგ-ჰუა“ – „საერთო ენა“, იგივე „მანდარინი“ (ევროპული სახელია ჩინური ენისთვის), რომელიც ყველგან გამოიყენება და რომელზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება და სწავლება.  თუ მოკლედ მიმოვიხილავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ენებს, 2010 წლის მონაცემებით, „სტანდარტული ჩინურის -პუტონგჰუას“ სხვადასხვა ვერსიას, მშობლიურ ენად აცხადებდა 955 მილიონი ჩინელი, (მთელი მოსახლეობის დაახლ. 71%) და დამწერლობისთვის გამოიყენებს ჩინურის ე.წ. გამარტივებულ ვერსიას, რომელიც განსხვავდება ტრადიციული ჩინური დამწერლობისგან. ჩინეთის მრავალრიცხოვან ავტონომიურ რეგიონებში (ტიბეტი, შიდა მონღოლეთი, სინძიანი, გუანგსი, სხვა) „სტანდარტულ“ ენასთან ოფიციალური სტატუსი აქვთ ადგილობრივ ენებსაც.

კ. ტაივანზე, რომელიც ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა XX ს. შუა წლებიდან დამოუკიდებლობისა და სეპარატიზმის პოლიტიკას ადგას, კონტინენტურ ჩინეთს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაცილებული, მოსახლეობა ძირითადად ტაივანურ მანდარინზე საუბრობს, წერს და სწავლობს. „ტაივანის მანდარინი“ ძალიან ახლოს დგას პუგონგჰუასთან (სტანდარტულ ჩინურთან, ე.წ. მანდარინთან), თუმცა დამწერლობისთვის ჩინურ ტრადიციულ იეროგლიფებს იყენებს. გარდა ამისა, კ. ტაივანზე ასევე ძალიან პოპულარულია ჩინურის დიალექტი ჰოკკიენი, რომელიც გავრცელებულია ტაივანის მოსაზღვრე პროვინცია ფუ-ძიანში, აშშ-ს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ჩინელებში, სინგაპურის, მალაიზიისა და ჩინელების სხვა ემიგრანტულ თემებშიც პოპულარულია.

ჰონგ-კონგის (ჩინ. სიან-განი) და მაკაოს (ჩინ. აომინი) სპეციალური რაიონების მოსახლეობა ძირითადად საუბრობს (გარდა მანდარინისა) ე.წ. „კანტონურ დიალექტზე“ (ენის სახელი: იუე), ინგლისურად და პორტუგალიურად (მაკაოში) – აღსანიშნავია რომ ჰონგკონგშიც და მაკაოშიც, დამწერლობითი ენა, ტრადიციულ ჩინურ იეროგლიფებს ემყარება და განსხვავდება გამარტივებული იეროგლიფების სისტემისგან.

ყველაზე მთავარი, რაც აღსანიშნავია ჩინური ენის შესახებ საუბრისას, არის ის რომ ჩინურის სწავლა შეუძლებელია იეროგლიფების დასწავლის გარეშე. ჩინური და იაპონური, ის ორი ენა გახლავთ, რომლებიც დღემდე აქტიურად იყენებენ იეროგლიფებს. ყველა სხვა ენა (მათ შორის აზიის ენები), სხვადასხვა ტიპისა და ლოგიკის მქონე ანბანებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება 22,26, 33 ან ასამდე სიმბოლო ჰქონდეთ. იეროგლიფები კი ათასებს ითვლიან და მათ დამახსოვრებას ჩინურ კულტურასთან, აზროვნების სტილთან, ცნებებისა და მოვლენების აღქმასთან გაცნობა ჭირდება. მოკლედ თუ ვიტყვით, ჩინური იეროგლიფები „ბევრად უფრო ორგანულად ერწყმიან და წარმოადგენენ ჩინურს, ვიდრე სხვა ანბანები“, როგორ ამას ერთ-ერთი სინოლოგი აღწერს.

იეროგლიფი არის კალიგრაფიაც და ფერწერაც, ერთდროულად. ტრადიციული ჩინური ნახატი, როგორც წესი, აერთიანებს საკუთრივ ნახატს და იეროგლიფებით დაწერილს ლექსს. ტრადიციული ჩინური (და იაპონური) ფერწერიდან და ნახატიდან იეროგლიფს ვერსად „წაიღებთ“ ან „ამოგლეჯთ“ – იგი კომპოზიციის ნაწილია. იგი ჩინური მხატვრობის თუ სხვა ვიზუალური ხელოვნებისა და კულტურის კომპონენტია. ეს ჩინურის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება იეროგლიფების სიმრავლეს და მათ კატეგორიზაციას – აღსანიშნავია მათი ორ მსხვილ, ზოგად ჯგუფად დაყოფა: ერთნი წარმოადგენენ იდეოგრაფიკულ სიმბოლოებს, ხოლო მეორენი – ფონეტიკურ-იდეოგრაფიკულს. საკუთრივ იეროგლიფი, რთული გრაფიკული სიმბოლოა-ნიშანია, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ორი, ან მეტი გრაფემისგან. „გრაფემა“ – უმარტივესი ნიშანი, რომელსაც გააჩნია ლექსიკური მნიშვნელობა. სწორედ ისინი შეადგენენ ჩინური ენის უძველეს ერთეულებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...