ჩემს დროს (სკოლა 1989 წელს დავამთავრე) ალექსანდე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ მერვე კლასში ისწავლებოდა და მახსოვს, როგორ ღელავდა დედაჩემი, ეს ნაწარმოები რომ უნდა გაგვევლო. – იცი, – უჩვეულო დაბნეულობით მითხრა, – როცა ამ ნაწარმოებს ისწავლი, მიხვდები, რა არის სიყვარული და ვღელავ ძალიან, როგორ მიიღებ?
ბევრს არ სჯერა ყაზბეგის გმირების დამანგრეველი გრძნობებისა, მე კი მაშინათვე ვენდე „ხევის ბეთჰოვენს“.
2012 წელს პირველად ჩავედი ყაზბეგში ჰუმანიტარული მისიით. ჩვენი მეგზური იყო ორი რჩეული ახალგაზრდა მოხევე. ერთმა თქვა, წუწკი ქალი იყო ძიძია, მაგის ბრალი იყო ყველაფერიო. შალვა ელოშვილმა კი უპასუხა: – განა თერგს შეაკავებ? ხომ იცი, სამი ჰესი აშენდა თერგზე ბოლო წლებში და სამივე კლდეებს შეალეწაო. აი, ასეთი „კლდეებზე შელეწვაა“ ნამდვილი სიყვარული.
რომელ ქართველ მწერალს არ დაუწერია სიყვარულზე? მაგრამ არავის, არავის, არავის ისე ღრმად, დრამატულად და დამაჯერებლად არ გადმოუცია სიყვარულის ბუნება, როგორც ყაზბეგს. ამ ავტორის სახელს მეორე შთამბეჭდავი ნოვატორობაც მიეწერება ჩემთვის – რუსული ოკუპაციის სიმძიმის, რუსებისა და ქართველების ეთნომენტალური შეუთავსებლობის უდიდესი ექსპრესიით გამოხატვა. თუმცა ყაზბეგი მაინც სასიყვარულო ვნებების გამოსახვის დიდოსტატია. როცა გვყავს რუსთველი, ძნელია, ამგვარი რამ სხვა მწერალს მიეწეროს, მაგრამ ავხსნი, რატომ ვფიქრობ ასე: რუსთველმა შექმნა სიყვარულის გრანდიოზული ეპოპეა, რომელიც, როგორც რენესანსის წინარე ხანის ავტორმა, ჰეფი ენდით დაასრულა. სიყვარულის სიმძაფრე კი სულისშემძვრელად მაშინ შეიგრძნობა ხელოვნებაში, როცა ის ტრაგიკულად სრულდება, როცა მას ადამიანი ეწირება.
საიდან მოვიტანე წერილის სათაური? 1989 წელს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ნიკიტა მიხალკოვის, ვლადიმირ მერეჟკოსა და ალექსანდრე ადაბაშიანის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „მარტოხელა მონადირე“, რომელშიც მთავარი როლები ბრწყინვალედ შეასრულეს ზურა ყიფშიძემ და ნინელი ჭანკვეტაძემ. ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს დიდი გამოცდა ელოდა: ხათუნა სამმა მოძალადემ გააუპატიურა. შემდეგ ანდრო და ხათუნა დაქორწინდნენ, მაგრამ ექვსწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჰარმონიას ვერ მიაღწიეს, რადგან გადატანილი კოშმარი არცერთს არ ასვენებდა. ანდრომ გადაწყვიტა, მოძალადეები მოეძებნა, შური ეძია და ამით მოეპოვებინა სულის სიმშვიდე საყვარელ ქალთან ბედნიერი ცხოვრებისთვის. ცალკე თემაა ანდროს საოცარი კეთილშობილება, ძლიერება, სულგრძელობა, სიმამაცე. მას მშობლების ტრაგიკული ცოლქმრობის მწარე გამოცდილებაც აწამებს, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ყველაფრის ძალას იპოვის საკუთარ თავში, შურსაც ღირსეულად იძიებს და მართლაც მიაღწევს სასურველს: ფილმის ფინალურ კადრებში მას მხრებზე უზის თავისი დიდი სიყვარულის ნაყოფი – ვაჟი და მას დიდგორის ველზე მეფე დავითის გმირობაზე უყვება.
ძალადობამ ისეთი ღრმა კვალი დააჩნია ხათუნას სულს, რომ ქალს უზომოდ მოსიყვარულე მეუღლესთან თანაცხოვრებაც კი უჭირდა. დემორალიზებული და იმედგაცრუებული იყო, კომპლექსები ტანჯავდა. ეჩვენებოდა, რომ ანდროს არ უყვარდა. დაშორება გადაწყვიტა. მოატყუა კიდეც, აღარ მიყვარხარ, გავთხოვდიო, მაგრამ დრო რომ გავიდა, მიხვდა… მერე სახლიდან წასულ ანდროსთან თავისი ფეხით მივიდა და შინ დაბრუნება სთხოვა…
„მოვკვდები მე უშენოდ!“ – საყვარელი ადამიანის ამ სიტყვებმა ანდროს ახალი სიცოცხლე შთაბერა. სიყვარულმა სძლია გადაულახავ დაბრკოლებებს, როგორც აკაკის „გამზრდელში“. ძუძუმტის მიერ მისი ცოლის გაუპატიურების თავზარდამცემმა ამბავმაც კი ვერ შეარყია ნაზიბროლასადმი ბათუს სიყვარული. მან ცოლს ასე მიმართა: „გადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი, მე და შენი სიყვარული წმინდა არის, ვით ლამპარი!“
აი, რის თქმა მინდა ამ წერილით: ნამდვილი სიყვარული საყვარელი ადამიანის საკუთარ თავზე წინ დაყენება და მსხვერპლშეწირვის უნარია, რაც იშვიათობაა. თუ ლიტერატურულმა ტექსტმა ამის დამაჯერებლად ჩვენება შეძლო, სასიყვარულო ისტორია უკვე შემდგარი და ამაღლებულია.
ბევრი შემეკამათება: ადამიანმა საკუთარ თავზე წინ არავინ უნდა დააყენოს, თუ შენი თავი არ გიყვარს… – და ა.შ. და ა.შ.
ვეცდები ჩემი მოსაზრების დასაბუთებას.
გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსნის“ ორი საოცარი წყვილი. ტარიელს ნესტანის გარეშე სიცოცხლე სურდა? ინდოეთის ტახტი სურდა? არა! მან წლების განმავლობაში ეძება ნესტანი და რომ ვერ იპოვა, გამოქვაბულში განმარტოვდა, რათა თვითჩაღრმავების გზით საკუთარ თავში ახალი ძალები ეპოვა. როგორ ყოფაში იყო უტარიელოდ ნესტანი? მას ხან ზღვათა სამეფოს უფლისწულის ცოლობას და უმდიდრესი ქვეყნის დედოფლობას სთავაზობდნენ, ხან – ქაჯეთისას, მაგრამ ის ამბობდა: „ჩემი გზა კიდეგანია“, – ხოლო ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ტარიელისთვის მისვლა და დახსნა კი არ უთხოვია, უთხრა: „შენი სოცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად“… „შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა“… და სთხოვა, ინდოეთს მიმართე, „გულსა ალხინე, ჩემისა მოშორვებისა მთმობელსაო“. საკუთარ თავზე წინ სატრფო და სამშობლო დააყენა.
ასევე იქცევიან ავთანდილი და თინათინიც. ავთანდილისთვის უცხო მოყმის საძებნელად წასვლა და არაბეთში უზრუნველი ცხოვრებიდან მოწყვეტა დიდი მსხვერპლი იყო, მაგრამ სატრფოს ასე უთხრა: „მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე (ცხოვრება წამად მიქციე და არა „გამაწამე“), ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავე, წა, მე!..“ ასევე ავთანდილის ინტერესები დააყენა წინ თინათინმა, როცა სამწლიანი ოდისეის შემდეგ დაბრუნებულს არაბეთში დარჩენა კი არ მოსთხოვა – დაეთანხმა, რომ მისი ხელმეორედ გამგზავრება აუცილებელი იყო, ამჯერად უკვე ტარიელის დაკარგული სატრფოს საძებნელად. ბევრი ქალი გეგულებათ, რომელიც წლობით მოსწყდება სატრფოს და მას საკუთარი ნებით გაუშვებს სარისკო გზაზე სხვისი შეყვარებულის საძებნელად?
აი, ამგვარი კოლიზიის შექმნა მგონია მწერლის დიდი ოსტატობა სიყვარულის ბუნების გამოსახვისას.
ქართულ ლიტმცოდნეობაში სახისმეტყველების მამამთავარი, ჩემი საოცარი ლექტორი რევაზ სირაძე იტყოდა ხოლმე, ტრაგიზმის გამოსახვა ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს ქმნისო და მართლაც ასეა. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენოთ თუნდაც რევაზ ინანიშვილის საოცარი ნოველა „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“, სადაც ირემზე ცალმხრივად შეყვარებული ნეკერჩხლის წითელი ფოთლის სულისშემძვრელი სახე შექმნა მწერალმა. ტყე შეძრა ფოთლის თავგანწირვამ, მაგრამ გაგებაც გაუჭირდათ. მხოლოდ მუხამ გაუგო ნეკერჩხლის წითელ ფოთოლს. მაჩვი კი „ტუტუცს“ ეძახდა მას და ნერვებს უშლიდა ფოთლის მსხვერპლი (ამ თემაზე იხ. ჩემი წერილი ჩვენს ინტერნეტგაზეთში: https://mastsavlebeli.ge/?p=23806).
დიახ, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი ბედნიერებაზეა ორიენტირებული და ეს ძალიან კარგია! მადლობა უფალს, რომ ადამიანი სულ უფრო და უფრო თავისუფალი, ლაღი, თავდაჯერებული, ბედნიერების მაძიებელი ხდება. უახლოეს წარსულში მსგავსი რამეები გაცილებით მიუღწეველი იყო. მითოსშიც სიყვარული გულის სისხლის გაღებად მოიაზრებოდა, ამიტომაც მის სიმბოლოდ იქცა წითელი გული. ეს გრძნობა ალბათ მხოლოდ მაშინაა გულწრფელი, როცა მისთვის ბოლომდე თვითშეწირვა შეგიძლია. გავიხსენოთ შორენა კოლონკელიძე კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენიდან“. შორენამ იცოდა, რომ არსაკიძეს არ შეეძლო მისთვის თავის მიძღვნა, რადგან ჭაბუკ ხუროთმოძღვარს ღვთისა და ერის წინაშე სვეტიცხოვლის მშენებლობის უმძიმესი ტვირთი დააკისრეს და ამ იდეისთვის უნდა მიეძღვნა სულიც და გულიც, სამაგიეროდ, შორენამ გაუგო მიჯნურს, გაწირა თავი და ბედს შეეგუა ღვთაებრივი სიმშვიდით, მონასტერს მიაშურა, ხოლო როცა არსაკიძის სიკვდილით დასჯა გაიგო, ქარაფზე გადაფრინდა.
ასეთსავე არჩევანს აკეთებს იგი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობიდან. მან ღალატისა და გაცემის მიუხედავადაც კი ვერ შეძლო ნის სიყვარულის უარყოფა, სულგრძელად მიუტევა ყველაფერი, ისევ სიყვარული შესთავაზა. საკუთარ თავზე წინ სატრფო დააყენა.
უამრავი მხატვრული ტექსტისა თუ კინოფილმის მოხმობა შეიძლება, სადაც მკითხველისა თუ მაყურებლისთვის ყველაზე ამაღელვებელი სწორედ ეს თავგანწირვის უნარია, რაც ყველას, რასაკვირველია, არ ძალუძს, უმრავლესობა იოლ გზებს ირჩევს, ეგოიზმი მასში მეტია, ვიდრე თავგანწირვა, რისთვისაც ვერავის დავძრახავთ, მაგრამ ამაღლებული გმირის დაბადება გარანტირებული მხოლოდ მაშინ არის, როცა მას ძალუძს თქვას თავისი სიყვარულის ობიექტის მიმართ: „მოვკვდები მე უშენოდ!“ ხოლო თუ მაინც უწევს მის გარეშე ცხოვრება, უნდა ეძებოს გზები, რომ ისწავლოს, როგორ არ მოკვდეს, რადგან სიკვდილს ყველაფერი ჯობია.