კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც 1911 წელს სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი „განათლება“ მშობლებს, სკოლებსა და მასწავლებლებს მონდომებით უხსნიდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდები კარგად სწავლობდნენ, ჯანმრთელები და ხალისიანები იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, სკოლაში მათ ფიზიკურ განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რისთვისაც მხოლოდ  „გიმნასტიკის“ მშრალი გაკვეთილები საკმარისი არ არისო…

ამას უმეორებს დღეს სკოლებს, განათლების სისტემებსა და, ზოგადად, საზოგადოებას UNESCO, UNICEF, WHO და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მანდატიც მსოფლიოს კეთილდღეობაზე ზრუნვას მოიცავს – მხოლოდ სპორტის გაკვეთილი ვერ იტევს მოსწავლეთა ფიზიკური განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს სკოლაში და დაუყოვნებლად უნდა გადაიდგას უფრო კომპლექსური და ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი სწორედ აქტიურ სკოლასა და ფიზიკური / სპორტული  განათლების მნიშვნელობას ეძღვნება. ტრადიციას არ ვღალატობთ და, საკითხის ისტორიული მნიშვნელობის დასადასტურებლად, არც ამ თემასთან დაკავშირებით ვივიწყებთ, რაზე ვფიქრობდით ქართული სკოლის სათავეებთან – ახალგაზრდა თაობის ფიზიკური აღზრდის შესახებ წაიკითხავთ ი.ფერაძის 1911 წელს გამოქვეყნებულ სტატიას.

ამ ნომერში გაეცნობით, რა არის ხარისხიანი ფიზიკური / სპორტული განათლება, რას მოიცავს, რა საერთაშორისო და ეროვნულ საფუძვლებს ემყარება, რატომ არის მასზე ზრუნვა მნიშვნელოვანი და მისი დანერგვით რის პრევენციას შევძლებთ სამომავლოდ.

გაეცნობით კვლევებს, როგორ მოქმედებს ფიზიკური განათლება მოსწავლეთა მოტივაციაზე, სწავლის შედეგებზე, სოციალურ უნარებსა თუ სხვა, სპორტულ განათლებასთან, ერთი შეხედვით, ექსპლიციტურად ნაკლებად დაკავშირებულ საკითხებზე.

მხოლოდ თეორიულ მსჯელობას არ ვჯერდებით და გთავაზობთ ხარისხიანი ფიზიკური განათლების დანერგვის რეკომენდაციებს – საერთო სასკოლო მიდგომას, როგორც საუკეთესო სტრატეგიულ გზას წარმატების მისაღწევად, ასევე, პრაქტიკულ რჩევებს, აქტივობებს, ინიციატივებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, თქვენი სკოლის გარემო უფრო აქტიური, ხალისიანი და ჯანსაღი გახადოთ, მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსის გარეშე.

ვცადოთ, დავიწყოთ – გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად უკეთესობისკენ შევცვლით გარემოს!

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი: ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური

ნომრის ავტორები: ი. ფერაძე, ბერიკა შუკაკიძე, ქეთევან ქობალია, მაია არავიაშვილი, თეონა სილაგაძე, ნინო გაგელიძე, დენის წურწუმია, ნატა ვაჭარაძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

სკოლის მართვა #4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი