პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ცხოვრების საზრისი როგორც დანიშნულების პუნქტი თუ… ძიება?

პიროვნული განვითარების გზაზე მოზარდობის პერიოდი სირთულეებით გამოირჩევა. ეს აღიარებული და საყოველთაოდ ცნობილი მოცემულობაა. ამ თემას არ განვავრცობ. საკითხავი და საფიქრალი აქ ისაა, როგორ უხვდება სკოლა ამ გამოწვევას. განსაკუთრებით – თანამედროვე სამყაროში. განსაკუთრებით – ჩვენი მოზარდების შემხედვარე.

რას ვაგებებთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს? რამდენად თანადროულია სწავლებისადმი საუკუნეების წინ შემუშავებული მიდგომები და საგანმანათლებლო პრინციპები?

დღეს მოზარდთა ფსიქოემოციური და სოციალური საჭიროებების ამოცნობა, მათი გაძლიერება, იმ სამარჯვების სწორად შერჩევა, რომლებიც ახალგაზრდებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება, გადამწყვეტი მნიშვნელობისა მგონია. ყოველ შემთხვევაში, დასასწავლი და დასამახსოვრებელი საპროგრამო შინაარსების კონსერვირებაზე მეტად მნიშვნელოვანი მაინც. სასწავლო შინაარსით დაწყებული, სკოლის დღის განრიგით დამთავრებული, პროცესი აქეთ უნდა იყოს მიმართული.

 

კონკრეტული მაგალითი – რომანტიზმი „მოზარდის სამსახურში“

რომანტიზმის შესწავლისას ეგზისტენციურ საკითხებში ჩაღრმავება საინტერესო და მარგებელია ახალგაზრდისთვის. თუ მასწავლებელმა შეძლო და თავი მკვლევრად წარმოადგენინა მოსწავლეს, ის ისიამოვნებს ცხოვრებისეული „რთული“ კითხვების პირისპირ მედგრად დგომით. „კვლევა-ჩხრეკის“ სურვილით ანთებული ადამიანისთვის ყველაფერი შეიძლება იქცეს დაკვირვების საგნად. ყველაფერი და უპირველეს ყოვლისა – საკუთარი თავი.

სოლომონ დოდაშვილის ეს ციტატა კარგ მოტივატორად შეიძლება ვაქციოთ: „ყურადღება მივაპყროთ ჩვენს თავს, ჩავწვდეთ ჩვენს თავს, რათა გამოვიცნოთ და გავიგოთ თვით ჩვენი თავი და ამით ჩვენში და ჩვენს ირგვლივ სიმშვიდე დავამყაროთ. ყურადღება მივაპყროთ ჩვენს თავს – ნიშნავს განვაყენოთ იგი ყოველივე იმისგან, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის: ეს ხდება, როცა აზრობრივად განვეყენებით ყოველივე გარეგნულს და თვით ჩვენს თავს წარვმართავთ მარტოოდენ შინაგანისაკენ. ჩავწვდეთ ჩვენს თავს – ნიშნავს გულდასმით ვიფიქროთ ჩვენში მიმდინარე შინაგან მოვლენებზე, ვაქციოთ ჩვენი თავი გამოკვლევის უშუალო საგნად. ჩვენი თავის შეცნობა სხვა არაფერია, თუ არა უნარი იმისა, რომ სწორად ვიმსჯელოთ მთელს ჩვენს ქმედით ძალაზე; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდება ჩვენი ბუნების მოქმედების კანონები, ამ მოქმედების საზღვრები და მიზანი. გავიგებთ ჩვენს თავს, თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენი აზრების, ცოდნისა და ქცევის საკმაო მიზეზები. ჩვენში და ჩვენს ირგვლივ სიმშვიდეს დავამყარებთ, როდესაც ჩვენში ჩამოვაყალიბებთ ჰარმონიულ მოქმედებას, მივმართავთ რა მას ჩვენი დანიშნულებისაკენ. ამრიგად განყენება და განაზრება, თვით ჩვენი თავის შეცნობა და გაგება, დაკმაყოფილება საკუთარი თავის ამგვარი თვითშემეცნებით – აი ფილოსოფიური გამოკვლევის სამი საგანი“.

 

  • ვინ ვარ და რისთვის ვცხოვრობ ამქვეყნად?
  • რას მასწავლის წარსული და რა მომელის მომავალში?
  • რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი?
  • რა არის ცხოვრების საზრისი?
  • რაგვარია რეალობა, სინამდვილე?
  • შეუძლია თუ არა ადამიანს შეცნობა, შემეცნება, გასწვდება თუ არა მისი გონი სამყაროს საიდუმლოების ამოცნობას?

ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ამგვარ საფიქრალს ეგზისტენციურს უწოდებენ. „ეგზისტენცია“ ლათინური სიტყვაა და არსებობას ნიშნავს. ეგზისტენციური კითხვები პიროვნების, ადამიანის, ინდივიდის ბედ-იღბალსა და ცხოვრების საზრისთან, ყოფნა-არყოფნასთან, რწმენასთან დაკავშირებული კითხვებია. ეს და მრავალი სხვა ფილოსოფიური კითხვა ადამიანს ოდითგანვე უჩნდებოდა. კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად პასუხობდნენ ამ კითხვებს. პიროვნული განვითარების გზაზე კრიზისი, უაზრობის ან უიმედობის განცდა, ნიჰილიზმის, ინდიფერენტულობის და „ამგვარ ვნებათა“ შემოტევა ნორმალურია. მთავარი ისაა, როგორ გავუმკლავდებით ამ შემოტევას, რას მოვიშველიებთ, როგორ დავძლევთ.

რომანტიზმის სხვადასხვა გამოვლინების შესწავლისას (ნუ დაივიწყებთ მხატვრობასა და მუსიკასაც), ქართველი ან ევროპელი რომანტიკოსების ლექსების გაცნობისას ცხოვრების ამაოების, ცხოვრების საზრისის ძიება ერთ-ერთ წამყვან თემად და „საკვლევ-საჩხრეკად“ უნდა ვაქციოთ. ამ გზაზე ძალიან დაგვეხმარება ვიქტორ ფრანკლის მეგზურობა.

 

ვიქტორ ფრანკლი – „ადამიანი ცხოვრების საზრისის ძიებაში“

ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ნევროლოგი იყო. მან შეიმუშავა ფსიქოთერაპიის მიმართულება – ლოგოთერაპია. მუშაობდა ადამიანებთან, რომლებმაც  თვითმკვლელობა სცადეს. 1942 წელს ის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. უმძიმეს პირობებში ხანგრძლივმა ცხოვრებამ ის ყოფიერების საზრისსა და მნიშვნელობაზე დააფიქრა. გათავისუფლების შემდეგ ფრანკლი ხელმძღვანელობდა ვენის ნევროლოგიურ კლინიკას (1946-1970), ასწავლიდა ვენის უნივერსიტეტში, იყო ავსტრიის ფსიქოთერაპევტთა საზოგადოების პრეზიდენტი. მიენიჭა მრავალი სამეცნიერო წოდება და ჯილდო. მისი 31 წიგნი 25 ენაზეა თარგმნილი. 1991 წელს ვენაში ფრანკლის ინსტიტუტი დაარსდა.

ფრანკლის აზრით, ცხოვრების საზრისის ძიება და განხორციელებისკენ მისწრაფება ჩვენი არსებობის უმთავრესი შემადგენელია. ქცევისა და პიროვნების განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალად მას სწორედ საზრისის ძიება მიაჩნდა. მისი ცნობილი წიგნის სათაურია „ადამიანი ცხოვრების საზრისის ძიებაში“. ამ წიგნში ის ავითარებს მოსაზრებას, რომ ცხოვრების აზრი არ არის ერთი კონკრეტული პუნქტი ან დანიშნულების ადგილი, სადამდეც ადამიანი მიდის. „საკითხის ასე დასმა – ცხოვრების საზრისის ძიება საზოგადოდ ადამიანისთვის – არასწორია. ეს იგივეა, რომ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს ვკითხოთ, რომელია საუკეთესო საჭადრაკო სვლა. ყოველი კონკრეტული სიტუაცია, ყოველი ადამიანის უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილება შეიცავს იმ ერთადერთ და უნიკალურ საზრისს, რომელსაც მოცემული სიტუაცია ქმნის“. ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისეული დევიზი იყო: „ვინც იცის, რისთვის უნდა იცხოვროს, ის გადალახავს ყოველგვარ როგორს.

პიროვნული განვითარებისკენ დაუღალავი სვლა, თვითრეალიზაცია, საკუთარი შესაძლებლობების სწორად, ობიექტურად, გულწრფელად შეფასება და იმის მიხედვით მოქმედება, რასაც გვთავაზობს გარემო, რა შესაძლებლობებიც გვაქვს თავად საუკეთესო ცვლილებებისთვის – ამის გაცნობიერების უნარი მიაჩნია ფრანკლს მნიშვნელოვან სამარჯვად. თუ ადამიანმა ვერ გააცნობიერა საკუთარი შესაძლებლობები და ვერ იმუშავა თვითგანვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, გარდაუვალია ეგზისტენციური კრიზისი – არსებობის უაზრობის მძაფრი განცდა. ამას ფრანკლი „ეგზისტენციურ ვაკუუმს უწოდებს“.

გთავაზობთ ამონარიდს მისი წიგნიდან „ვუთხრათ ცხოვრებას დიახ“:

კითხვა ცხოვრების საზრისის შესახებ მთლიანად შემოვატრიალოთ: ჩვენ უნდა ვისწავლოთ და სასოწარკვეთილ ადამიანებსაც ვასწავლოთ, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას უნდა ველოდეთ ჩვენ ცხოვრებისგან, არამედ პირიქით, რას ელის ცხოვრება ჩვენგან.

ჩვენ უბრალოდ ცხოვრების საზრისის შესახებ კი არ ვსვამთ კითხვას, არამედ ჩვენ თვითონვე ვხდებით კითხვის ადრესატები. ცხოვრება ყოველდღიურად, ყოველწამიერად გვისვამს კითხვებს და ამ კითხვებს ჩვენ პასუხი არა თავის მტვრევითა და ლაპარაკით, არამედ მოქმედებით, სწორი ნაბიჯებით უნდა გავცეთ.

ცხოვრება კი სხვა არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობა, სწორად ვუპასუხოთ ცხოვრებისეულ შეკითხვებს, შევასრულოთ დავალებები, რომლებსაც ვიღებთ, გადავჭრათ ამოცანები, რომლებსაც ცხოვრება ყოველდღიურად გვიყენებს. ეს მოთხოვნა და მასთან ერთად ყოფიერების არსი ყველასთვის განსხვავებულია და მუდმივად იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანური ცხოვრების საზრისი ვერ იქნება ზოგადი მოცემულობა და ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არავის შეუძლია.

ცხოვრება არა რაიმე ბუნდოვანს, არამედ რაღაც კონკრეტულს გულისხმობს და ამიტომ ცხოვრების მიერ დაწესებული მოთხოვნებიც აბსოლუტურად კონკრეტულია. ეს კონკრეტულობა განსაზღვრავს ადამიანის ბედისწერას, რომელიც ყველასთვის განუმეორებელი და უნიკალურია.

ვერცერთ ბედისწერას, ისევე როგორც ადამიანს, სხვას ვერ შეადარებ; არცერთი სიტუაცია არ მეორდება და ყოველი სიტუაცია ადამიანისგან განსხვავებულ ქცევას მოითხოვს. ზოგჯერ მან კონკრეტულ სიტუაციაში უნდა იმოქმედოს და შეეცადოს, საკუთარი ბედისწერა თვითონვე შექმნას, ზოგჯერ გამოიყენოს შესაძლებლობა და (დატკბეს ამით) თავისი ღირებულებები განახორციელოს, ზოგჯერ კი უბრალოდ მიიღოს ბედისწერის დარტყმები. თუმცა ყოველი სიტუაცია უნიკალური და განუმეორებელია და ერთ სიტუაციას ერთადერთი სწორი „პასუხი“ მიესადაგება.

თუ ბედისწერამ კონკრეტულ დროს ადამიანს სატანჯველი დააკისრა, მაშინ მან ამ ტანჯვაშიც უნიკალური ამოცანა უნდა დაინახოს. ადამიანმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი ტანჯვით სავსე ბედისწერით ის მთელ სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელია. მას ამ ტვირთს ვერავინ მოხსნის, მის მაგივრად ვერავინ ატარებს. მხოლოდ თვითონ შეუძლია, გამოიყენოს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ბედისწერის მიერ მისთვის განკუთვნილ ტანჯვას.

საკონცენტრაციო ბანაკში ეს ყველაფერი ჩვენთვის რეალობას მოწყვეტილი უბრალო სპეკულაცია არ ყოფილა. მხოლოდ ამ ფიქრებს შეეძლო ჩვენი დახმარება, რადგან სწორედ ეს ფიქრები გვიხსნიდა სასოწარკვეთისგან მაშინ, როცა გადარჩენის შანსი ჩვენთვის უკვე აღარ რჩებოდა. საქმე აღარ ეხებოდა მხოლოდ ცხოვრების საზრისს, რომლის შესახებაც კითხვას ხშირად გულუბრყვილოდ სვამენ ხოლმე და სხვას არაფერს გულისხმობენ, თუ არა რაიმე მიზნის განხორციელებას. ჩვენთვის მთავარი იყო სიცოცხლის საზრისი თავის მთლიანობაში, რომელიც სიკვდილსაც მოიცავს და ამგვარად არა მხოლოდ ცხოვრების საზრისის პოვნას გულისხმობს, არამედ ტანჯვისა და სიკვდილის საზრისისასაც: ამ საზრისისთვის ვიბრძოდით ჩვენ!“ (გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“