სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ერთი სავარჯიშო შემოქმედებით წერაში

ხშირად მეკითხებიან, ახალგაზრდა მწერლებს რას ურჩევთო. არ მიყვარს ეს კითხვა. ჯერ თავად შესიტყვება „ახალგაზრდა მწერალი“ რაა (ამაზე ერთ წერილში უკვე ვილაპარაკე), მაგრამ კითხვა კითხვაა და უნდა უპასუხო. ჰოდა, ამ სტატიაში წერასთან დაკავშირებული ერთი რჩევა უნდა გაგიზიაროთ.

ჩვენ შემოქმედებითი წერის (Creative Writing) პროგრამები, როგორც მოგეხსენებათ, არა გვაქვს. მათ მიმართ დიდი ეჭვით ვიყავი განწყობილი, თუმცა ახლა დამოკიდებულება შემეცვალა. შემოქმედებითი წერის პროგრამები კარგია – დისციპლინას გაჩვევს, სისტემურ ცოდნას გაძლევს და, რაც მთავარია, მუდამ გყავს ადამიანები, რომლებიც შენს ტექსტს კრიტიკულად შეაფასებენ. ეს კი, სხვისი პერსპექტივიდან შენი ნაწერის დანახვა, დიდად გეხმარება შენი გზის დასაწყისშიც და მერეც. არის კიდევ ერთი დადებითი მხარეც – პატარ-პატარა სავარჯიშოები წერის ამა თუ იმ ასპექტის დასახვეწად, ამა თუ იმ შემოქმედებითი ამოცანის გადასაჭრელად. ერთი ასეთი სავარჯიშოა – რომელიმე თემის ან ფრაზის ირგვლივ ტექსტის აგება.

ამ სავარჯიშოს ჩემს ამერიკელ კოლეგას ოუენ თომასს ვუმადლი. მე და ოუენი ამ ზაფხულს ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის პროექტზე ვმუშაობთ – რაღაც უნდა დავწეროთ ერთად. ერთმანეთის სტილს უკეთ რომ გავცნობოდით, ოუენმა ეს სავარჯიშო შემომთავაზა. ინგლისურად ამას ჰქვია „working on prompts“. ქართულად „წამაქეზებელი სავარჯიშო“ ვუწოდოთ.

წამაქეზებლად შეიძლება, ნებისმიერი რამ გამოდგეს: სამუზეუმო ექსპონატი, ფრაზა რომელიმე წიგნიდან, ქუჩაში ყურმოკრული დიალოგი, ზოგადი თემა, ა.შ. ჩვენ ორი გზა ვცადეთ:

  1. ციტატა „ვეფხისტყაოსნიდან“: ოუენმა შემომთავაზა, ეგებ შენი საყვარელი ტაეპი ავიღოთ და იმაზე დავწეროთო. თავად ლინ კოფინის თარგმანი ჰქონდა თან (მწერალთა სახლში ვმუშაობდით), მეც ჩემი მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ წავიღე („ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებს ერთხანს ვაგროვებდი და ბევრნაირი მაქვს, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა).

გადავათვალიერე, გადმოვათვალიერე, მაგრამ ჩემი გონება ჩემს საყვარელ ტაეპს ვერ გასცდა. საყვარელი ტაეპი კი ისაა, როსტევანის სიტყვები: „მე გარდავსრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“. მეხუთე კლასში ვიყავი, „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები პირველად რომ ვისწავლეთ. ძალიან მიყვარდა და ყველა სტროფი ზეპირად ვიცოდი „როსტევან მეფის ამბიდან“. და ეს ტაეპი კი თავისი ჟღერადობით მხიბლავდა, უფრო – მისი პირველი სტრიქონი, რადგანაც ცეზურის უგულებელყოფით ვკითხულობდი, ანუ არა ასე: „მე გარდავსრულვარ, სიბერე // მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია“, არამედ ასე, მძიმეების დაცვით: „მე გარდავსრულვარ, // სიბერე მჭირს,// ჭირთა უფრო ძნელია“. მხიბლავდა ის ნაზი სევდაც, თითქოს ხელების გაშლითა და მხრების აჩეჩით წარმოთქმული, მომდევნო სტრიქონში რომაა: „დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია“. მესამე ტაეპში ჩაქსოვილი ბრძენი კაცის შემწყნარებლური ღიმილი (ვეზირთა სავარაუდო შეშფოთებაზე – ჩვენ ხომ არ გვიყვარს, როცა სიკვდილს გვიხსენებენ): „რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია?!“. და ბოლო ტაეპში გაცხადებული მტკიცე გადაწყვეტილება: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია!“.

ეს ყველაფერი ოუენისთვის არ მომიყოლია, მაგრამ ჩემს არჩევანს დაეთანხმა. დავინიშნეთ თხუთმეტი წუთი და წერა დავიწყეთ.

ჟანრი შეუზღუდავია. ასევე შეუზღუდავია ფორმაც. ამ სავარჯიშოს მიზანი ისაა, სამომავლოდ იდეები, მასალა გაგიჩინოთ, რასაც შემდეგ დაამუშავებთ. ეს შეიძლება იყოს: მოტივი, ფრაზა, პერსონაჟი… ერთი სიტყვით, ნებისმიერი რამ.

სავარჯიშო სრულდება ფიქრის გარეშე. უბრალოდ, მიჰყვებით ტექსტს. წერასაც ფიქრის გარეშე იწყებთ. შინაგან იმპულსს ჩაუკვირდით – ადამიანს მუდამ რაღაც აქვს მოსათხრობი. გამოათავისუფლეთ თხრობის იმპულსი.

  1. კითხვა-პასუხი: წამაქეზებელი სავარჯიშოს ამ ვარიანტში მეწყვილე დაგჭირდებათ. ორივე ჩამოწერთ რამდენიმე ისეთ შეკითხვას, მუდმივად რომ უსვამთ თქვენს თავს. შემდეგ კითხვებს გაცვლით, იქიდან აირჩევთ ერთს და იწყებთ წერას. მე და ოუენმა ოუენის შეკითხვებიდან ავირჩიეთ ეს: „რას ვგრძნობ ახლა?“ („What do I feel now?“), ჩემი შეკითხვებიდან კი: „საკმარისად კარგი ვარ?“ („Am I good enough?“) (ისიც უნდა ითქვას, რომ კითხვებიდან რამდენიმე დაგვემთხვა. ამიტომ ფიქრი იმაზე, რას ვეკითხებით ჩვენს თავს და რას ნიშნავს, თუ ერთსა და იმავეს ვეკითხებით, ასევე შეიძლება, იყოს წერისთვის ბიძგის მიმცემი).

კვლავ ინიშნავთ თხუთმეტ წუთს. კვლავ არაფერზე ფიქრობთ და ტექსტს მიჰყვებით.

წამაქეზებელი სავარჯიშოს ეს ორი ვარიანტი საკუთარ თავზე დასაკვირვებლადაც კარგია. ამ დროს სრულიად იხსნები სამყაროს მიმართ და ისეთი დეტალების შემჩნევას იწყებ, მანამდე რომ შეიძლებოდა, ვერ შეგენიშნა. დაკვირვების უნარი კი მწერლისთვის აუცილებელია. მეორე მხრივ, იმასაც შეიტყობთ, რა გემარჯვებათ წერისას და რა – არა. მე, მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ შინაგანი მონოლოგის დაწერა თურმე გამომდის (არადა, მიმაჩნდა, რომ შინაგანი მონოლოგი კი არა, პირველ პირში თხრობა არ ვიცი საერთოდ). ოუენს, პირიქით, უფრო მოქმედებაზე ორიენტირებული თხრობა ურჩევნია, რომელიც დეტალიზებულია და აღწერით ელემენტებსაც შეიცავს. მეტიც, აღმოაჩინა, რომ შინაგანი მონოლოგი – ეს ხერხი აქამდე არასდროს გამოუყენებია. ასე დაგვებადა ერთობლივი ნამუშევრის იდეაც – ამ ნიმუშების გავრცობა ერთმანეთის სტილური ელემენტების გამოყენებით, ე.ი. ოუენი თავის ტექსტს შინაგან მონოლოგს დაამატებს, მე კი – მოქმედებასა და აღწერას.

შემოქმედებითი წერის სავარჯიშოების მთელი სიხალისე ექსპერიმენტულობაშია. არ შეგეშინდეთ სიახლის, ან პირიქით, გეშინოდეთ – შიშიდანაც შეიძლება, დაიბადოს რაღაც მშვენიერი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი