სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წერის კურსი მოზარდებისთვის

კითხვა რომ თავისთავად კარგი და აუცილებელია, ეს აქსიომადაა მიჩნეული მკითხველ თუ არამკითხველ საზოგადოებაში, თუმცა ეს აქსიომა მაინც ბავშვობასა და მოზარდობის ხანას ეხება, რადგან მხატვრული ლიტერატურის კითხვა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოზარდის განვითარება-ჩამოყალიბებაში. მაგრამ ერთიცაა – ყველა მკითხველი ბავშვი ვერ გახდება მკითხველი ზრდასრული, კარგი მკითხველი კი საერთოდ ყველა დროში, ყველა საზოგადოებაში სანთლით საძებარია.

როცა ბავშვსა და მოზარდზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კითხვის გამართვას პირდაპირ ებმის წერის უნარის განვითარებაც: რაც უფრო ლაღი და თავისუფალია კითხვისას ბავშვი, მით უფრო უადვილდება მას თავისი განცდილ-ნაფიქრ-ნააზრევის წერილობით გადმოცემა.

კითხვის შეყვარების უამრავი წესი მოვსინჯე ჩემს შვილთან: სულ პატარაობიდან ვაჩვევდი წიგნთან ურთიერთობას (ეტლზეც კი სათამაშო წიგნი ჰქონდა ჩამოკიდებული), ერთად დავდიოდით წიგნის მაღაზიებში და ვარჩევდით წიგნებს, აქვს საკუთარი საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, ვუკითხავდი ლამის ყოველ საღამოს, ერთად ვკითხულობთ დღემდე (14 წლისაა) და მერე წაკითხულზე ვსაუბრობთ. თავიდანვე მივაჩვიე, მცირე ჩანაწერები ეკეთებინა წაკითხულის შესახებ. ვცდილობდი, ეს ჩანაწერები არ ყოფილიყო ერთმანეთის მსგავსი. მაგალითად:

  • ესაუბრა სამ ყველაზე შთაბეჭდავ ეპიზოდზე;
  • დაეხასიათებინა მისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი;
  • შეედარებინა ნაწარმოებში ასახული ოჯახი საკუთარი ოჯახისთვის;
  • წარმოედგინა, რომ თვითონაც ამ წიგნის პერსონაჟია და დაეწერა, რა როლი და ფუნქცია ექნებოდა;
  • დაეწერა, რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდა და აეხსნა, რატომ;
  • დაეხაზა სქემა, რომლითაც გამოსახავდა სიუჟეტის განვითარებას ან პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებას და შემდეგ წერილობით აეხსნა ამ სქემის არსი;
  • ვუწერდი რამდენიმე ფრაზას, რომლებიც წაკითხული წიგნის მიხედვით უნდა დაესრულებინა და ა.შ.

მიუხედავად ყველაფრისა, დაჩი ჯერჯერობით მაინც არ არის მოწყურებული, დამგემოვნებელი მკითხველი. შესაბამისად, არც წერა ეხატება გულზე. მისი მასწავლებლებიც მეუბნებიან, რომ ძალდაუტანებლად და საინტერესოდ საუბრობს წაკითხულზე, მაგრამ იმავეს დაწერა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის (როგორც ადამიანების უმეტესობას).

სამწუხაროდ, მე იმ მასწავლებლების კატეგორიას მივეკუთვნები, იშვიათად რომ სცალიათ საკუთარი შვილებისთვის. სამაგიეროდ, ძალიან კარგად მესმის, რომ წერილობით აზრის თავისუფლად გადმოცემა საბაზისო უნარია და ამიტომაც ვიფიქრე, ზაფხულში მაინც დავხმარებოდი იმ პრობლემის აღმოფხვრაში, რომელსაც თვითონ სულაც არ მიიჩნევს პრობლემად და, მით უმეტეს, ზაფხული არ არის ის დრო, ტიპურმა თინეიჯერმა მეცადინეობასა და წერას მოახმაროს.

გადავწყვიტე, წინასწარ მოველაპარაკო, როგორმე მოვიპოვო თანხმობა, რომ წერის ორკვირეული გამოვაცხადოთ (უმჯობესია, ზაფხულის მიწურულს). ეს იქნება მაქსიმუმ ერთი საათი დღეში, მისთვის ხელსაყრელ დროს (მაგალითად, დილით, სანამ მეგობრებს ჯერ კიდევ სძინავთ), მაგრამ რეგულარულად ყოველ მეორე დღეს. ამისთვის უკვე მზად უნდა მქონდეს რამდენიმე აქტივობა, რომ მასაც დავუტოვო არჩევანი. ამჯერად სტრატეგია შევცვალე – წაკითხულზე კი არა, სულ სხვა რამეებზე დავაწერინებ.

თავდაპირველად დავფიქრდი, რა მოსწონს, რა უყვარს, რა აინტერესებს დაჩის და ასეთი ჩამონათვალი მივიღე:

  • ანიმეები
  • მანგები
  • კომპიუტერული თამაშები
  • ფილმები (ძირითადად, საშიში, ასაკისთვის შეუსაბამო)
  • კალათბურთი
  • კრივი
  • ჭადრაკი
  • ემინემის რეპი (სხვებისაც, მაგრამ მე მხოლოდ ემინემს ვცნობ)

მოზარდებს, რომლებსაც წერა არ უყვართ, ერთი რამ ახასიათებთ: წერენ მოკლედ და მშრალად, ისინი ფიქრობენ, რომ დავალება შეასრულეს და საერთოდ არ აინტერესებთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენს ტექსტი მკითხველზე. დაჩიც ასეა. ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე, ყველა დავალება ისე შემედგინა, რომ მას ზუსტად სცოდნოდა, როგორი მკითხველისთვის წერდა ამა თუ იმ ტექსტს.

დავალება N1: ერთად ვუყურებთ ანიმეს ერთ-ერთ სერიას, ჩამოვწერთ 10-10 სააზროვნო კითხვას, გავცვლით კითხვებს და წერილობითვე ვუპასუხებთ. ყველა მასწავლებელმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეს შეეძლოს კითხვის სწორად ჩამოყალიბება, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც მაღალ სააზროვნო უნარებს ააქტიურებს, ამიტომ რამდენიმე დათქმა აუცილებელია:

  • კითხვები არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ კი-სა და არა-ს. ან, ასეთის შემთხვევაში, მოსდევდეს კითხვა „რატომ?“
  • პასუხები უნდა ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ ჩანდეს, რა კითხვას ვუპასუხეთ.
  • პასუხები უნდა იყოს მაქსიმალურად ამომწურავი და გასაგები.

ერთმანეთის კითხვებისა და პასუხების შედარება-ანალიზით დაჩი დაინახავს, როგორ შეიძლება კითხვის ფორმულირება და რამდენად მნიშვნელოვანია სრული, ამომწურავი პასუხები.

წერის დაწყებამდე, რასაკვირველია, ცოტა უნდა გავისაუბროთ, გავცვალოთ მიღებული შთაბეჭდილებები. ეს საუბარი ერთგვარად გეზს მისცემს დავალების შესრულებისას.

 

დავალება N2: საშველს რომ ვაძლევდე, ყველაზე მეტ დროს კომპიუტერულ თამაშებს დაუთმობდა, ამიტომ ასეთი დავალება მოვიფიქრე:

 

მკითხველი – დედა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების გაგონებისას გული უწუხს

 

აირჩიე თამაში, რომელსაც ყველაზე ხშირად თამაშობ და დაწერე (ესეი რომ დავაწერო, გული გაუსკდება, ამიტომ ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე):

  • რა არის ამ თამაშის იდეა და რით გიზიდავს შენ?
  • აღწერე, რა ემოციები გეუფლება თამაშის დროს და რატომ.
  • არგუმენტირებულად ამიხსენი, რატომ არ არის თამაშისთვის დახარჯული დრო დაკარგული (მინიმუმ სამი არგუმენტი).
  • არგუმენტირებისას შეგიძლია მოიყვანო მაგალითები სხვების ცხოვრებიდანაც.

გაითვალისწინე: შენ მიერ დაწერილი ტექსტი უნდა იყოს მსჯელობითი სახის, მსჯელობა კი – თანმიმდევრული და ლოგიკური.

არ დაგავიწყდეს აბზაცების გამოყოფა და სასვენი ნიშნების დასმა.

 

ამ ზაფხულს ერთად ვუყურეთ ფილმს „ჩვენ ანგელოზები არ ვართ“. ეს არის ამერიკული კრიმინალური კომედია გადასარევი მსახიობების: რობერტ დე ნიროს, შონ პენის, დემი მურის, – მონაწილეობით. ტელევიზორში გადიოდა. იშვიათად ვუყურებ ფილმებს, უიშვიათესად – ტელევიზორში და ისიც სხვასთან ერთად, თითქმის არასდროს – კომედიას, მაგრამ ადრე მქონდა ნანახი და ვიფიქრე, თუ მეც ვუყურებდი, დაჩის დააინტერესებდა. თან ერთად ყურების პროცესი უკეთესი დავალების მოფიქრებაშიც დამეხმარებოდა.

 

დავალება N3:

 

მკითხველი – მამა, რომელსაც ძალიან უყვარს ამ ჟანრის ფილმები

 

ფილმზე „ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ დაწერე რეცენზია სათაურით: „განსაცდელი – გამოსავალი – იუმორი“.

  • გაიხსენე და აღწერე განსაცდელი, რამდენიმე კრიტიკული მომენტი, რომლებშიც ფილმის გმირები აღმოჩნდებიან.
  • იმსჯელე, როგორ იპოვეს გამოსავალი, რა როლს ასრულებს ამ გამოსავლის პოვნაში იუმორი, როგორ, რა ხერხებით იქმნება ის (სიტუაციურად, სიტყვებით, ჟესტებითა და მიმიკებით…).
  • შეაფასე, როგორია ეს გამოსავალი. სხვა გზა თუ არსებობდა, შენი აზრით?
  • ახსენი, როგორ უკავშირდება ეს პრობლემა ფილმის მთავარ იდეას.

 

ჯერი ჭადრაკზე როცა მიდგა, ნონა გაფრინდაშვილისა და ამერიკული კომპანია Netflix-ის დაპირისპირების ამბავი რამდენიმე მიზეზითა და მიზნით ავარჩიე:

  • დაჩის ჭადრაკის თამაში კი უყვარს, მაგრამ არასოდეს დაინტერესებულა ამბებით ჭადრაკის შესახებ. საზოგადოდ, არ უყვარს საინფორმაციო ტექსტები თუ სიუჟეტები. არადა, მნიშვნელოვანია, შეეძლოს საინფორმაციო ტექსტების დამოუკიდებლად კითხვა- გაანალიზება;
  • ორიდან ერთ-ერთი, Netflix-ი, საზოგადოდ, ფილმები, მისთვის ნაცნობი თემაა.
  • ამბავი უჩვეულოა და დასასრულის გაგების სურვილსაც აუცილებლად გაუჩენს.
  • მინდა, გაიგოს, ვინ არის ნონა გაფრინდაშვილი.
  • იქნებ სერიალ „ლაზიერის გამბიტითაც“ დაინტერესდეს და ჩემთან (ჯერ მეც არ მინახავს) ან მეგობართან ერთად უყუროს.
  • მეგობარს გაუზიაროს, რასაც ამ ამბიდან საინტერესოდ ჩათვლის.
  • მინდა დაინახოს, რა მნიშვნელოვანია, ხმა ამოიღოს ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ და გაუჩნდეს განცდა, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, თუ მას გონივრული გადაწყვეტილებები განაპირობებს.

 

ჯერ ერთად ვუყურებთ სიუჟეტს:

საბოლოო შედეგის გასაგებად ეს ინფორმაციაც საკმარისია.

 

ამის შემდეგ შეეძლება, შეასრულოს დავალება N4:

 

მკითხველი – მეგობარი, რომელსაც ასევე უყვარს ჭადრაკი

 

წარმოიდგინე, რომ ძალიან გინდა, მოუყვე ამ ამბავს ლუკას, რომელიც რამდენიმე დღით სხვაგან არის წასული. გამართე წარმოსახვითი დიალოგი მასთან. დაიცავი პუნქტუაციის წესები.

  • მოუყევი, რაც გაიგე სიუჟეტიდან და სტატიიდან ისე, რომ თავიდანვე აღუძრა ინტერესი.
  • ამბის თხრობისას ემოციების გასაძლიერებლად გამოიყენე ეპითეტები, შედარებები, შორისდებულები.
  • წარმოიდგინე, რა კითხვები გაუჩნდებოდა ლუკას, გამოიყენე წარმოსახვით დიალოგში და შემდეგ თავად უპასუხე.

ამ დავალების დაწერის შემდეგ შესაძლოა, მართლა სცადოს მეგობართან ჩატში იმავე თემაზე საუბარი. საინტერესოა, თუ გამართლდება მისი ვარაუდები და მოლოდინები მეგობრის დაინტერესებასა და კითხვებთან დაკავშირებით.

 

დაჩის ინტერესების ჩამონათვალში კალათბურთიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთისა და კალათბურთის კომენტატორების ხმა ჩვენი ოჯახის ლამის უწყვეტი „საუნდტრეკია“, რომელსაც მე ჩემდა უნებურად ვისმენ, მაინც მხოლოდ ორი კალათბურთელის სახელი და გვარი ვიცი: ზაზა ფაჩულიასი, რადგან ქართველია და NBA-ში თამაშობდა და კობი ბრაიანტის – მისი ტრაგიკული აღსასრულის გამო. ინფორმაციას რომ გადავხედე, მაინც კობიზე შევაჩერე არჩევანი. გაზეთ „ლელოში“ ვიპოვე სტატია „კობი ბრაიანტის 8 მომენტი“, რომელშიც საუბარია ამ სპორტსმენის კარიერის 8 გარდამტეხ, მნიშვნელოვან მომენტზე, თან არც მაინცდამაინც მშრალი საინფორმაციო ენით. ამ სტატიაში ჩანს, როგორ მიჰყავს მონდომებას, ნებისყოფას, თავდაჯერებას და საქმისთვის თავგანწირვას ადამიანი წარმატებამდე. ჟურნალისტ გია თვალაბეიშვილის სპორტული ტერმინებით გაჯერებული, ლაკონიური, მაგრამ საკმაოდ ექსპრესიული სტილი, ვფიქრობ, კარგი შთამაგონებელი ნაპერწკალი იქნება მოთხრობის დასაწერად.

და აი, დავალება N5 – აქციე ინფორმაცია მოთხრობად.

 

მკითხველი – მეგობარი, რომელსაც კალათბურთი დიდად არ იზიდავს

 

ყურადღებით წაიკითხე სტატია და მასში გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით დაწერე მოთხრობა, რომლის მთავარი პერსონაჟიც ლეგენდარული კალათბურთელი იქნება.

  • თავდაპირველად აირჩიე შენთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი მომენტი ან მომენტები და მისი/მათი გამოყენებით მოიფიქრე სიუჟეტი. წინასწარ განსაზღვრე, რა გინდა იყოს შენი მოთხრობის მთავარი სათქმელი.
  • ეცადე, მოთხრობაში სრულყოფილად წარმოაჩინო კობი ბრაიანტის ხასიათი, შეხედულებები, დამოკიდებულებები საკუთარი საქმისა და სხვა ადამიანების მიმართ.
  • შემოიყვანე მოთხრობაში მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც მათი ფიქრებითა და შეხედულებებით.
  • ტექსტი ემოციური და შთამბეჭდავი რომ გამოგივიდეს, გამოიყენე მხატვრული ხერხები (შედარება, ეპითეტი, მეტაფორა…).

 

ყველაზე რთული მაინც მუსიკაზე წერაა, მაგრამ ძალიან მინდა, მიეჩვიოს საკუთარ ემოციებზე დაკვირვებას და მერე ფურცელზე გადმოტანას, ამიტომ ერთ-ერთი დავალება სწორედ ამ შინაარსის იქნება. დაჩი ხშირად უსმენს მსოფლიოში ცნობილი რეპერის, ემინემის, სიმღერებს, მაგრამ არ გამიგია, მოესმინოს სიმღერისთვის „I’m Sorry Mama“. ჩემზე ეს სიმღერა ყველაზე მეტად მოქმედებს. შევთავაზებ, რომ მოუსმინოს (მხოლოდ სიმღერას, რადგან კლიპი საკმაოდ დამთრგუნველია). კარგი იქნება, თუ ტექსტითაც დაინტერესდება.

დავალება N6 – ემოციების აღწერა.

რამდენჯერმე მოუსმინე სიმღერას და დაუკვირდი, რა ემოციები გეუფლება მისი მოსმენისას. შემდეგ სცადე, ეს ემოციები 10 წინადადებით გადმოსცე. გაითვალისწინე: ემოცია შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

  • შენი გადასაწყვეტია: შეგიძლია, დაწერო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ათი წინადადება ან ერთი გაბმული ათწინადადებიანი ტექსტი.
  • ემოციების აღსაწერად გამოიყენე მხატვრული ხერხები.

 

ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობის დავალება დაგროვდა. განხორციელების პროცესში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, დაემატოს ან გამოაკლდეს. იქნებ ჩემმა შვილმა მიკარნახოს კიდეც უკეთესი, მისთვის უფრო სასურველი, სახალისო დავალება.

ვიცი, ბევრად საინტერესო იქნებოდა ეს სტატია, ამ აქტივობების შედეგებიც რომ წარმომედგინა, მაგრამ ამასობაში ზაფხულიც გავა და სანამ გავა, იქნებ სხვა თინეიჯერსაც გამოადგეს. ამიტომ ახლა ისღა დამრჩენია, წერილი რედაქციაში გავგზავნო, მე კი ბანაკში წასულ დაჩის დაველოდო და მოვიფიქრო, როგორ შევაპარო ჩამოსულს ჩემი „სიურპრიზი“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“