ახლა სოფელში, ჩემი სახლის ეზოში ვზივარ. ბავშვობაში ზაფხულობით სწორედ აქ, ქეთო ბებოსთან ერთად ვიყავი ხოლმე და სხვა დანარჩენი ბავშვებივით „დიდ გოგოდ“ გაზრდაზე ვოცნებობდი. ბებო მეუბნებოდა, ჩემს შემდეგ აქ ისევ „ქეთო“, რომ იტრიალებს მიხარია, მაგრამ იცოდე, სახლს კარგად მიმიხედეო. სანამ დავსახლდებოდი და ავაშენებდი, მიწა გეოლოგებს ვაჩვენე, მააშო!… მაშინ ვერ ვხვდებოდი… ან გეოლოგები ვინ იყვნენ, ან სახლის აშენებამდე, ადგილი მათ რატომ დაათვალიერებინა. არადა, მანამდე მეზობელ სოფლებში მიწას ორი აშენებული სახლი „ჩაუყლაპავს“. ჰო, თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სახლები საღამოს იდგნენ, დილით კი აღარ და მათ ადგილას უზარმაზარი პირდაფჩენილი ორმო გაჩენილიყო. კიდევ კარგი, რომ ჯერ არავინ ცხოვრობდა შიგო, აყოლებდნენ ქალები.
ამ წერილის წერისას 4 აგვისტოა, შოვის ტრაგედიის მეორე დღე, რატომღაც ბებოსთან ის შორეული საუბარი გამახსენდა. ისიც გამახსენდა, რომ ამ ცხოვრებაში ყველა ჩვენი საქციელისთვის, უყურადღებობისა და დაუდევრობისთვის საფასურის გადახდა გვიწევს, მათ შორის ბუნებასთანაც… და ვინც არ იხდის, შემდეგ ნანობს. თანამედროვე ინგლისურ ენაში ასეთი გამოთქმაც არის -„დროა გადაუხადოთ მესალამურეს“. ჰამელენის მესალამურეზე ვამბობ… თქვენც იცნობთ, ძმები გრიმების ზღაპრიდან და დისნეის ნახატი ფილმიდან.
ერთხელ გერმანული ქალაქი ჰამელენი ვირთხების შემოსევის მსხვერპლი გახდა. ვირთხები ყველგან იყვნენ, ყველაფერს ანადგურებდნენ. კატები სად იყვნენ? კუთხე-კუნჭულებში მიმალულნი შიშით კანკალებდნენ. მაცხოვრებლები სასოწარკვეთას მისცემოდნენ და სწორედ ამ დროს ქალაქში ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილმა მესალამურემ შემოაბიჯა. ქალაქის მერს ვირთხების განადგურება აღუქვა. ოღონდ, სანაცვლოდ კარგი გასამრჯელო მოითხოვა-ათასი გულდენი. მერიც დაჰპირდა. ამოიღო მესალამურემ ჯიბიდან სალამური, რაღაც მელოდია დაუკრა და მთელი ქალაქის ვირთხა-თაგვები მწკრივში ჩადგნენ. მესალამურე მდინარისკენ წავიდა, ვირთხებიც მას გაჰყვნენ და ყველა წყალში ჩაიხრჩო. მესალამურემ დაპირებული ჰონორარი მოითხოვა, თუმცა მერმა მხოლოდ 50 გულდენი გადაუხადა.
ჰმ…გაბრაზდა! რა, თქვენ არ გაბრაზდებოდით? ჰოდა, შურისძიება გადაწყვიტა. წმინდა იოანესა და პავლეს დღეს, როდესაც ყველა ზრდასრული ადამიანი ეკლესიაში იყო, მესალამურე ქალაქში დაბრუნდა. ამჯერად მონადირის კოსტიუმში გამოწყობილი. ახალი მხიარული მელოდია დაუკრა
და ქალაქის ყველა ბავშვი კვალდაკვალ გაჰყვა. იმ დღეს 130 ბავშვი გავიდა ქალაქიდან და უკან არ დაბრუნებულა. მხოლოდ სამი ბავშვი გადარჩა, ერთი კოჭლი იყო და ამალას ვერ გაჰყვა, მეორე ყრუ იყო და მელოდია ვერ მოისმინა, მესამე კი ბრმა გახლდათ. ასეთი იყო მესალამურის შურისძიება. მას შემდეგ გამოთქმაც არის-დროა მესალამურეს გადაუხადოთ, რაც ნიშნავს, რომ ვალების გასტუმრების დროა. ანუ, თითოეულ ქმედებაზე პასუხი უნდა ვაგოთ.
ზღაპარ-ლეგენდაში თარიღიც მითითებულია-26 ივნისი, 1284 წელი. მკვლევრები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ დროს საქსონიის ქალაქ ჰამელენში შესაძლოა მართლაც მოხდა საშინელი ტრაგედია, რის შედეგადაც ქალაქის ყველა ბავშვი დაიღუპა. ჰამელენის 1384 წლით დათარიღებული ქრონიკები იწყება სიტყვებით-ასი წელი გავიდა, რაც ბავშვები წავიდნენ. ჰამელენში მეცამეტე საუკუნეში მართლაც დიდი რაოდენობით მარცვლეული მოჰყავდათ, ამიტომ ვირთხები შეიძლებოდა ქალაქის პრობლემა ყოფილიყო. სხვათა შორის, 1995 წელს ჩატარებული ერთი კვლევის თანახმად, 40 ვირთხას 185 კგ მარცვლეულის შესანსვლა შეუძლიათ. ასევე, ვირთხები ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ქალაქს დიდი პრობლემა შეიძლება ჰქონოდა. ვირთხები ამ ლეგენდა-ზღაპრის ვერსიაში მხოლოდ 1559 წელს გამოჩნდნენ. ვინმე გრაფ ფობენ კრისტოფ ფონ ციმერმანმა ჩაწერა მათ შესახებ ქრონიკების ვერსიაში, რომელიც Zimmerische chronic-შია შემორჩენილი. ტრაგედიის აღმწერ სხვა ადრეულ წყაროებში ვირთხები ნახსენები საერთოდ არ არის. ადრეულ ჩანაწერებში უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ბავშვები წავიდნენ და ისინი ახალგაზრდა, ლამაზად ჩაცმულმა მესალამურემ წაიყვანა. დროის ათვლაც ამ ამბიდან იწყება და ბევრ წყაროში იკითხება, რომ რაღაც ამბავი მოხდა ბავშვების დაკარგვიდან ათი, ოცი და ა.შ. წლის შემდეგ.
ბავშვები შევიდნენ მთაში და იქ გაუჩინარდნენ. მეცამეტე საუკუნეში ცენტრალურ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში აქტიურდება მოძრაობა, რომელსაც ისტორიაში ბავშვების ჯვაროსნულ ლაშქრობას უწოდებენ. ასეთი სახალხო ჯვაროსნული ლაშქრობები მე-11დან მე-16-ე საუკუნეებამდე დრო და დრო იფეთქებდა ხოლმე და არასანქცირებული იყო. ხალხის მასები, რომლებიც უცბად გადაწყვეტდნენ ასეთ ლაშქრობაში წასვლას, ყველა დიდ ქალაქს იერუსალიმად აღიქვამდნენ და ათასგვარ ჩხუბში ერთვებოდნენ. 1212 წელს სწორედ ასეთი ლაშქრობა მოეწყო და მას „საბავშვო ლაშქრობა“ ეწოდა, რადგან ძირითადად მოზარდი თინეიჯერებით იყო დაკომპლექტებული. ეს ბავშვები ნიკოლას კელნსკის და დაბა კლუადან გამოსული ვინმე ეტიენის საუბრებს მოუხიბლავთ და იერუსალიმს, წმინდა მიწაზე წასვლა განუზრახავთ. ისინი მოზარდებს არწმუნებდნენ, რომ ბრძოლა საჭირო არ იქნებოდა, ბავშვების წმინდა ლოცვით ზღვაც კი შუაზე გაიპობოდა და ურჯოლოები ქრისტიანობას მიიღებდნენ. ეტიენს 7000 ათასი მოზარდის შეგროვება მოუხერხებია. მათი უმეტრესი ნაწილი ალპებში დაიღუპა, დანარჩენებმა გენუას მიაღწიეს და ზღვის ფეხით გადასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ზღვა ორად არ გაიპო. აი, 12 წლის ეტიენმა კი ათასამდე ბავშვის აყოლიება შეძლო. მარსელამდე ჩასულან, შემდეგ კი სავარაუდოდ, ბავშვები დაიჭირეს და მონათა ბაზარში გაყიდეს. მშობლები, ბუნებრივია, ბავშვების წასვლის წინააღმდეგი იყვნენ. იმდენადაც კი, რომ ნიკოლასის მამა სხვა ბავშვების მშობლებს ჩამოუხრჩვიათ.
ხომ არ უკავშირდება ეს ამბები ქალაქ ჰამელენში გამქრალ ბავშვებსო, კითხულობენ მკვლევრები. თარიღები არ ემთხვევა, რადგან მესალამურემ ბავშვები 1284 წელს წაიყვანა, ანუ 72 წლით გვიან. თავად მესალამურეს ცისარტყელასავით ჭრელი ტანსაცმელი სცმია. ეს კი რელიგიური აგიტატორების ჩაცმულობას ეწინააღმდეგება. ინგლისურად ასეც უწოდებენ pied piper, ანუ ჭრელი მესალამურე. შესაბამისად, უფრო ვინმე შარლატანი, ქუჩის მასხარა, არა რელიგიური ვინმე უნდა ყოფილიყო, რომელიც ბავშვებს ჭეშმარიტი გზიდან გადახვევაზე მოუწოდებდა. ზღაპარშიც მითითებულია, რომ მესალამურემ ის ბავშვები წაიყვანა, ვინც იმ დღეს ეკლესიაში არ იყო. ამბავი 26 ივნისს მომხდარა, ანუ ახლოვდებოდა ზაფხულის ბუნიაობა, რომლის დროსაც წარმართულ დღესასწაულებს მართავდნენ. მოგვიანებით, 1686 წელს ნიურბერგის მთავრობა კანონსაც გამოსცემს, რომლის თანახმადაც ჭიაკოკონობას და ლოთობას აკრძალავს. სავარაუდოდ, ერთი ასეთი გართობის დროს, რომელიმე სექტამ დაღუპა ბავშვები.
სხვა მრავალ ვერსიაში, მათ შორის ძმებ გრიმებთანაც წერია, რომ მესალამურემ ბავშვები გვირაბში შეიყვანა და შეიძლება სხვა ქვეყანაში (მაგ. ტრანსილვანიაში) გადაიყვანა. ამიტომ, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო მესალამურე კაცი, რომელიც ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში გადასახლების აგიტაციას უწევდა. საუბარი თათარ-მონღოლების მიერ დაცარიელებულ აღმოსავლეთ ევროპის მიწებზეა. სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება იქ ახალგაზრდა გერმანელების ჩასახლება და ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ჰამელენის ახალგაზრდები ყოფილიყვნენ.
და ბოლოს, ასეთი ვერსიაც არის, რომ მეწყერი ჩამოწვა და ბავშვები ჩაიტანა. 2000 წელს ერთ გერმანელ მეცნიერს პროექტიც კი წარუდგენია გერმანიის მთავრობისთვის, რომლის დაფინანსების შემთხვევაში გათხრებს დაიწყებდნენ. არც დაუფინანსეს და გათხრების თავად წამოწყებაზე ფიქრიც კი აუკრძალეს.
მეწყერს გარემოს ქიმიის წიგნებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და „ნიადაგის ქიმიის“ ნაწილში განიხილავენ. პროცესი მიწის მასების, ქანების ფენის მოწყვეტა და სიმძიმის ძალის გავლენით მათი გადაადგილება გახლავთ. უფრო ხშირად წარმოიქმნება ისეთ ადგილას, სადაც თიხოვანი და ქვიშა-ხრეშიანი ქანები ერთმანეთს ენაცვლება. სწორედ ქანების წონასწორობის დარღვევა ხდება ხშირად მიზეზი. თავად წონასწორობის დარღვევა კი სილიკატების შემცველი ქანების ეროზიის შედეგია. პროცესს თან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებაც ახლავს თან. Geophysical Research Abstracts ( Bufe, Emberson, Hovius) დაბეჭდილ 2018 წლის კვლევაში ნაჩვენებია, რომ ნიადაგში სულფიდების დაჟანგვა და კარბონატების გამორეცხვა CO2-ის გამოთავისუფლებას და ეროზიის ინიციირებას იწვევს. ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა კი სათბურის ეფექტს და გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.
ეროზიის მიზეზი შეიძლება წყალი, ქარი, ან ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა გახდეს. ეს უკანასკნელი ბუნებრივადაც შეიძლება მოხდეს, უფრო ხშირად კი, ადამიანის საქმიანობის და დაუდევრობის შედეგად ხდება.
შოვიდან 13 კილომეტრში მყინვარი „ბუბაა“, რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე უფრო მცირე ზომის მყინვარი „თბილისა“. სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციებში დასტურდება, რომ გლობალური დათბობა იწვევს ამ მყინვარების სწრაფ დნობას. ჰოდა, თურმე „თბილისა“ უკან იხევს, ანუ დნება. ამ პროცესს თან დაერთო უხვი ნალექი, რომელმაც მოძრაობაში მოიყვანა ეროზირებული, ქიმიურად მოდიფიცირებული ნიადაგი. გააქტიურდა მეწყრული პროცესი. ხუთ მილიონზე მეტი კუბური მყარი მასა მოსულა მოძრაობაში, ასე წერენ.
ასეთი საშიში პროცესების ერთ-ერთი მაინფიცირებელი ფაქტორი კი ადამიანის დაუდევრობაა ბუნების მიმართ. ტყის ჩეხა, გაუმართლებელი მშენებლობა, მდინარეების და მიწისქვეშა წყლების ქიმიკატებით დაბინძურება. შედეგად კი -ტრაგედიას ვიღებთ.
ჰოდა, მზად ვართ ჩვენივე საქციელისთვის „მესალამურეს“ გადავუხადოთ?