სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შვილები – მშობლების მასწავლებლები

„ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ საკუთარი პიროვნების გაგება და მიღება, რათა შვილებსაც გავუგოთ და მივიღოთ მათი ქცევები, განცდები, ემოციები“, – ასე ფიქრობს შეფალი ცაბარი, ინდური წარმოშობის ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი, რომელმაც დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. ის არის აღზრდის სფეროს სპეციალისტი, ოჯახური ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების ექსპერტი, ატარებს ლექციებს მთელ მსოფლიოში და ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომლებიც ბესტსელერებად არის აღიარებული. მისი პრინციპია აღმოსავლური და დასავლური სულიერი პრაქტიკების თანხვედრა, რასაც მაღალი შეფასება მისცეს გერმანელმა მწერალმა ეკჰარტ ტოლემ და დალაი ლამამ.

შეფალი ცაბარი წერს: „როდესაც მივხვდი, რომ ჩემი შვილი სულაც არ იყო „პატარა ფრთაშესხმული ანგელოზი“, წარმოდგენები შემეცვალა. ცვლილება განაპირობა იმის აღმოჩენამ, რომ ჩემი გოგონა სერიოზული მანიპულატორია და მისი ლოგიკური აზროვნება ჩემი აზროვნების სტილისგან სრულიად განსხვავდება. დავიწყე მისი ლოგიკური მიმართებების შესწავლა, რომ პატარას კვლავ არ გავეცურებინე. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე შვილთან ურთიერთობამ უკეთესი გამხადა, რაც ძალიან კარგია. მაგრამ აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილების განსახორციელებლად დამჭირდა, გამეცნობიერებინა და მეღიარებინა საკუთარ თავში იმ თვისებების არსებობა, რომლებიც ხელს მიშლიდა, ისეთი მშობელი ვყოფილიყავი, როგორიც ნამდვილად სჭირდებოდა ჩემს შვილს“.

ამრიგად, შვილების გაგების უნარი პირდაპირ უკავშირდება მშობლების მიერ საკუთარი თავის გაგების უნარს. უფროსებმა უნდა ისწავლონ საკუთარი თავის დანახვა ზუსტად ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან, თანაც ამ პროცესში აუცილებელია განვითარებისკენ სწრაფვა, რომ არ ჩამორჩნენ სწრაფი ტემპით განვითარებად შვილებს. მშობლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეშფოთდნენ, თუ საკუთარ თავში რაიმე ნეგატიურს აღმოაჩენენ, რადგან სწორედ ამ დროს ეძლევათ შანსი, აღმოფხვრან თავიანთი უარყოფითი თვისებები. მეტიც, უფროსები მუდმივი პოზიტიური ცვლილებების რეჟიმში უნდა იყვნენ ჩართული. „თუ მშობლებს არ აქვთ შინაგანი თავისუფლების განცდა, როგორ აღზრდიან ისინი დამოუკიდებელ და თვითმყოფად პიროვნებას? რაც უფროსებმა არ იციან, რა თქმა უნდა, იმას ბავშვებს ვერ ასწავლიან“.

უფროსები სულაც არ არიან იდეალურები – ეს ნორმალურია, მაგრამ რა უშლით ხელს, უკეთესები გახდნენ? თავდაპირველად, მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის პატივისცემა და მიღება, თუნდაც ისე, როგორც ამას ფსიქოლოგი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით პუნქტებად აყალიბებს:

* ნორმალური და მისაღებია, რომ უფროსებსაც აქვთ ნაკლოვანებები.

* მშობელი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება შვილთან ურთიერთობით არ შემოიფარგლება.

* ხდება ხოლმე, რომ უფროსებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში.

* არის სიტუაციები, როდესაც უფროსებს საკუთარი საქციელის რცხვენიათ.

* სამწუხაროდ, უფროსები ზოგჯერ ბავშვებზე უარესად იქცევიან.

* მშობლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი ზოგჯერ მეტისმეტად ეგოისტურად ექცევიან შვილებს.

* ხანდახან შვილების საქციელი მშობლებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს და მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ.

* გულწრფელი მშობლები აღიარებენ, რომ შვილებთან მიმართებით ზოგჯერ ცდებიან.

* არის შემთხვევები, როდესაც გადაღლილ მშობლებს თავიანთი ნეგატიური ემოციები, სრულიად დაუმსახურებლად, შვილებზე გადააქვთ.

* სამსახურებრივი ან სხვა საქმიანობის გამო მშობლები ზოგჯერ მეტისმეტად ცოტა დროს უთმობენ შვილებს.

* უფროსების ცხოვრება იდეალური არ არის და არც თავად არიან იდეალურები, მაგრამ მაინც ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ ძალებსა და შესაძლებლობებს არ აღემატება.

* მშობლებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, ყველაფერი აკონტროლონ.

* უფროსები აცნობიერებენ, რომ ყოველთვის ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, მაგრამ მაინც ცდილობენ, კარგი მშობლები და ადამიანები იყვნენ.

„მშობლებიც იყვნენ შვილები და მათ მშობლებსაც მოსდიოდათ შეცდომები, რაც უფროსებს შიგნიდან ღრღნის, ეს კი ხელს უშლის მათ, ჰარმონიულ პიროვნებებად იგრძნონ თავი. ჰოდა, ნაცვლად იმისა, რომ მშობელი ჯერ საკუთარ თავში გაერკვიოს და შინაგანი გაუცხოება, შფოთვა, არასრულფასოვნება აღმოფხვრას, ის ცდილობს, შვილებთან ურთიერთობით მოახდინოს ამ ყველაფრის კომპენსაცია. ხშირად ასეთი მშობლები ან ტოტალურ კონტროლს უწესებენ შვილებს, ან, პირიქით, პატარები იწყებენ მშობლებით მანიპულირებას.

შვილებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი ნებისმიერი ბარიერი გარკვეულწილად მშობლის პირად ისტორიასთან არის დაკავშირებული. ხშირად ისე ხდება, რომ დედის ან მამის პიროვნებაში არის რაღაც კონფლიქტი ან გადაუმუშავებელი პრობლემა, რომელიც ძნელი გასაცნობიერებელია, ამიტომ საკუთარი თავით და მთელი სამყაროთი უკმაყოფილება მშობლების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება, თუმცა ხშირად უფროსები საკუთარ თავსაც საგულდაგულოდ უმალავენ რეალობას, ეს კი ხელს უშლის მათ, გაუგონ ბავშვებს და მათი პრობლემები გაითავისონ. თუ მშობელი შვილებთან ურთიერთობისას მხოლოდ საკუთარ სირთულეებზე ფიქრს დაუთმობს დროს, ის ვერ მოახერხებს, შვილების შინაგან სამყაროს ჩასწვდეს.

საგულისხმოა, რომ როდესაც მშობელი მიჩვეულია ბავშვობიდანვე დანაშაულის განცდით ცხოვრებას, მაშინ მისთვის ადვილი სათქმელია: „ჩემი შვილი გამუდმებით მეუზრდელება და, ვფიქრობ, ეს ჩემი ბრალია, მე ამ სიტუაციას ვერაფრით გამოვასწორებ“. სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება უფროსის მხრიდან საკუთარი თავის დადანაშაულების მაგალითია. სამაგიეროდ, მშობელი, რომელიც, დავუშვათ, ასე გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას შვილის მიმართ: „ჩემი შვილი პირდაპირ გენიოსია, მას ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის“, – თავად იყო მშობლების მხრიდან მუდმივი ქების „მსხვერპლი“, მას უმტკიცებდნენ, რომ ყველგან და ყოველთვის გაიმარჯვებდა. ჰოდა, ახლა, ზრდასრულ ასაკში, უკვე მისი შვილია მშობლის პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ვნების დაკმაყოფილების ობიექტი.

უფროსები, რომლებიც ვერ ახერხებენ, შიშისა და განკითხვის გარეშე ჩასწვდნენ საკუთარი პიროვნების სიღრმეებს, შვილებს თავიანთი გაუცნობიერებელი მოლოდინების გამართლებისთვის წირავენ. მაგრამ როდესაც ბავშვს აიძულებენ, იყოს სრულიად განსხვავებული პიროვნება, ვიდრე სინამდვილეშია, ის იტანჯება და შესაძლოა, გაცილებით უარესი შედეგიც მივიღოთ. შვილებსა და მშობლებს შორის კონფლიქტების უმეტესობა სწორედ მსგავს სიტუაციებში წარმოიშობა. ამ ყველაფრის საპირწონედ, როცა მშობლები არ ცდილობენ, შვილები თავიანთი სურვილისამებრ გადააკეთონ, თავად ბავშვები ინტუიციურად ახერხებენ, ჩამოყალიბდნენ იმ პიროვნებად, რომელიც შინაგან განცდებსა და ინდივიდუალობას შეესაბამება. ადამიანი ხომ ბავშვობიდანვე ეჩვევა შინაგანი თავისუფლების განცდას, რაც აიძულებს მას, შექმნას იმგვარი ცხოვრებისეული გარემოებები, რომლებიც დაეხმარება, ის არ დაკარგოს და განივითაროს კიდეც“.

თავისი მოსაზრებების უკეთ ასახსნელად შეფალი ცაბარი დასძენს: „როდესაც მოვუწოდებ მშობლებს, მიიღონ შვილები ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ეს საკმარისია. შვილის მიღება სულაც არ არის სტატიკური მდგომარეობა, ეს მუდმივი ცვალებადობის მდგომარეობაა. ნებისმიერი პიროვნება განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის და უამრავ მეტამორფოზას განიცდის. ადამიანი განუწყვეტლივ აცნობიერებს საკუთარ პიროვნებას, აკეთებს არჩევანს და იღებს გადაწყვეტილებას, ანუ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში პიროვნება იცვლება, რადგან ახალ გამოცდილებასა და ცოდნას იღებს, მათ შორის – ცოდნას საკუთარ თავზე. ამდენად, ჩვენ თავი უნდა ვარიდოთ საბოლოო დასკვნების გამოტანას. პიროვნება არ არის ობიექტი, ის ცოცხალი პროცესია, რომელსაც მკაფიო საზღვრები არ გააჩნია. აუცილებელია, ყველამ ისწავლოს ამ პროცესზე დაკვირვება და შვილების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან სინამდვილეში, აქ და ახლა. თუ მშობლები ამას მოახერხებენ, მათ არ გამოეპარებათ ის სიახლეები და მნიშვნელოვანი უცნაურობები, რომლებიც მათი შვილების ქცევაში იჩენს თავს და არც ბავშვების პიროვნული განვითარების დინამიკის გაგება გაუჭირდებათ“.

სტერეოტიპებისგან თავისუფალი დამოკიდებულებები ბავშვებთან გულწრფელ ურთიერთობებს განაპირობებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად კარგად ვიცნობ ჩემს შვილებს? შევძლებ, გავთავისუფლდე ნებისმიერი ცრურწმენისგან? მოვახერხებ ჩემი შვილების შესახებ ყოველდღე რაიმე სიახლის გაგებას?“ მშობლებმა ყურადღებიანი დამკვირვებლის როლი უნდა მოირგონ და არა მკაცრი მსაჯულისა. თავი არიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს, ერთმნიშვნელოვან შეფასებებს, უბრალოდ, დააკვირდით, როგორ ვითარდება თქვენი შვილების ხასიათი და როდესაც რაიმე თავისებურებას შეამჩნევთ, მშვიდად უთხარით საკუთარ თავს: „რა საინტერესო სიახლეა, უნდა დავფიქრდე ამაზე. იქნებ თავადაც რამე ვისწავლო…“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“