კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე

CLIL მიდგომა ენისა და საგნობრივი შინაარსის ერთობლივად სწავლებას მოიაზრებს. ტერმინი 1994 წელს შემოიღეს და გამოიყენება ისეთ საკლასო გარემოში, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის არამშობლიურ ანუ მეორე ენაზე მიმდინარეობს. ძნელი წარმოსადგენი არ იქნება ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნება ენობრივი ბარიერის გამო საკლასო გარემოში. CLIL ენათესავება მრავალ საგანმანათლებლო პრაქტიკას, მაგალითად, ბილინგვურ განათლებას, და იზიარებს ამ უკანასკნელის ელემენტებს. საბაზისო თეორიებისა და პრაქტიკების მსგავსების მიუხედავად, ისინი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. CLIL საგნობრივი შინაარსისა და ენის სწავლების ინოვაციურ შერწყმას წარმოადგენს. ის „ორმაგი აქცენტების მქონე საგანმანათლებლო მიდგომაა, რომელშიც მეორე ენა გამოიყენება როგორც საგნობრივი შინაარსის, ისე ენის სასწავლად და სასწავლებლად“. (კოილი, 2015). CLIL მიდგომა ამა თუ იმ საგნობრივი შინაარსის სწავლებით მიმდინარეობს, რითაც ფართოვდება ენის შესწავლის გამოცდილება. მიდგომა ინკლუზიურია, რადგან აერთიანებს სხვადასხვა მოდელს, რომელთა დანერგვაც შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებული ტიპის შემსწავლელებთან.

სტატიაში განვიხილავთ CLIL მიდგომასა და მის ღირებულებებს ბუნებისმეტყველების სწავლების ჭრილში.

ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე სწავლა-სწავლება კვლევაზე დაფუძნებული პრინციპით მიმდინარეობს და ამ პროცესში მოსწავლის ენობრივი კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები კვლევების ჩატარების დროს ძირითადად ჯგუფებში მუშაობენ. დაწყებით საფეხურზე ისინი უმეტესად ხელმძღვანელობენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ინსტრუქციებით. ბუნებრივია, ამ დროს განსაკუთრებით ვითარდება კითხვის, მოსმენისა და საუბრის კომპეტენციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერითი კომპეტენციის განვითარება უკუვაგდოთ. სილვია მარკიჩი აღნიშნავს, რომ საკლასო ოთახში ბუნებისმეტყველების სწავლების დროს მნიშვნელოვანია ენის ოთხივე უნარის: წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის, – განვითარება (Markic, 2014). ეს კარგად ჩანს 5E სასწავლო ციკლისა და კვლევითი ციკლის მოდელებში, რომლებსაც აქტიურად იყენებენ როგორც აშშ-სა და ევროპაში დაწყებით საფეხურზე, ისე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში (ბაღათრიშვილი, 2018). მოსწავლეები კითხულობენ, გამოთქვამენ და წერენ მოსაზრებებს, აღწერენ პროცესებს, მსჯელობენ ჯგუფში, გამოაქვთ დასკვნები, ავსებენ კვლევის ანგარიშს, წარადგენენ ნაშრომებს და სხვა.

იორის აზრით, ენა განუყოფელია მეცნიერებისა და საბუნებისმეტყველო განათლებისგან. ენა მეცნიერების შექმნისა და გაგების საშუალებაა. „ენა არის საბუნებისმეტყველო განათლების მიღების ფუნდამენტური საშუალება, რადგან ენის მეშვეობით მყარდება კომუნიკაცია გაკვეთილზე, მაგალითად, კვლევითი პროცედურების წარმართვის დროს ხდება ინსტრუქციების მიცემა და მათი ახსნა გააზრებული ქმედებების განხორციელების მიზნით. მეცნიერება არის კვლევის პროცესი, რომელიც ენის საშუალებით წარიმართება, იმართება დებატები, დისკუსია, მსჯელობა და სხვა“ (Yore et all, 23).

ოსბორნი მიიჩნევს, რომ მეცნიერება წიგნიერების გარეშე ჰგავს უიალქნო გემს. მისივე აზრით, როგორც შეუძლებელია, ააშენო სახლი სახურავის გარეშე, ასევე შეუძლებელია, ჩასწვდე მეცნიერებას იმის გააზრების გარეშე, რამდენად მნიშვნელოვანია ენის გამოყენება აზრის ჩამოსაყალიბებლად. იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა მნიშვნელობა აქვს ენას საბუნებისმეტყველო განათლებაში, უნდა გვესმოდეს ენის მნიშვნელობა/როლი ამა თუ იმ კულტურაში (Osborne, 2010).

პოსტმანი და ვენგარტნერი კი აღნიშნავენ: „თითქმის ყველაფერი, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ცოდნას ვუწოდებთ, არის ენა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგნის კარგად გასაგებად ჯერ ენა უნდა გესმოდეს“ (Postman and Weingarten, 2001). ეს მოსაზრება განსაკუთრებით ეხება საბუნებისმეტყველო საგნებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას.

ველინგტონი და ოსბორნი ამტკიცებენ, რომ ბევრი მოსწავლისთვის ენა მთავარი ბარიერია ბუნებისმეტყველების შესწავლის დროს. საბუნებისმეტყველო განათლების მთავარი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს, გამოიყენონ სამეცნიერო ენა ცოდნისა და გამოცდილების კონსტრუირებისა და გააზრებისთვის. ლინგვისტური და სემიოტიკური თვალსაზრისით, საბუნებისმეტყველო განათლებისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლე არა მარტო ჩასწვდეს ამა თუ იმ მოვლენის არსს, არამედ ახსნას და გააანალიზოს ცხრილები, დიაგრამები და გრაფიკებიც (Wellington and Osborn, 2001).

ეროვნული სასწავლო გეგმის (2018-2024) უმთავრესი მიზანია, დაწყებით საფეხურზე აღუძრას მოსწავლეს ინტერესი და აზიაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ (ესგ, 2018-2024). საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ერთ-ერთი ასეთი ამოცანა გახლავთ კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ვერბალური ინსტრუმენტების – სიტყვების, სიტყვათშეთანხმებებისა და წინადადებების გამოყენება. მაგალითისთვის განვიხილოთ სხვადასხვა თემის ფარგლებში მიზნების მიღწევის ინდიკატორები და მათ მიხედვით ჩამოყალიბებული აღწერები, რომლებიც ენობრივი კომპეტენციების განვითარებასთან არის დაკავშირებული:

სვამს მარტივ კითხვებს;

აღწერს სხეულებს და/ან მოვლენებს;

ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედ უარყოფით ფაქტორებს;

საუბრობს საკვები პროდუქტების შენახვის წესებზე;

კითხულობს საკვები პროდუქტების ეტიკეტს;

აღრიცხავს კვლევის შედეგებს (მარტივი მეცნიერული ენით ჩაწერა, ცხრილის აგება…);

ადარებს მიღებულ მონაცემებს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;

ადარებს ცოცხალ ორგანიზმებს აგებულების, საარსებო გარემოს, გამრავლების თავისებურებების მიხედვით;

ადარებს ორ კლიმატურ სარტყელს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით;

აანალიზებს შედეგებს;

მსჯელობს ფიზიკურ ან ქიმიურ პროცესებსა და მოვლენებზე;

აყალიბებს კითხვებზე პასუხებს მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით;

წარადგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით);

მოჰყავს სათანადო მაგალითები სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესისა და მოვლენის საილუსტრაციოდ;

ახასიათებს მისთვის ნაცნობ ნივთიერებას;

აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზმზე, მოვლენებსა და პროცესებზე და სხვა.

როგორც ვხედავთ, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები დაკავშირებულია კომუნიკაციის ოთხივე უნართან, რაც ადასტურებს, რომ ბუნებისმეტყველების სწავლა-სწავლებისთვის მნიშვნელოვანია ენობრივი კომპეტენცია, ბუნებისმეტყველების სწავლება კი, თავის მხრივ, ხელს უნდა უწყობდეს ენობრივი კომპეტენციის განვითარებას. ეს მიზანი ადვილად, შედარებით მარტივი მხარდამჭერი მეთოდებითა და საშუალებებით მიიღწევა ისეთ მოსწავლეებთან, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიურია და რომლებიც კარგად ფლობენ ყოველდღიურ სამეტყველო ენას. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე ამაღლდება ამ მოსწავლეების სამეცნიერო თუ ეკოლოგიური წიგნიერების დონე, ისინი შეისწავლიან სხვადასხვა საბუნებისმეტყველო ტერმინს.

ბუნებისმეტყველების სწავლება რთულდება იმ ქართულენოვან სკოლებში, სადაც სწავლობენ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები, მაგალითად, ქისტები, აზერბაიჯანელები, ვისთვისაც ქართული მეორე ენაა. იქმნება ინსტრუქციების მოსმენის, წაკითხვისა და გაგების პრობლემა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, რადგან ქართული ამ დროისთვის მათ თითქმის არ იციან, მით უმეტეს, თუ ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ქართველია და არ შეუძლია, მოსწავლეს მშობლიურ ენაზე აუხსნას გაუგებარი ინსტრუქციები, სიტყვები და ფრაზები. სწორედ CLIL მიდგომის დანერგვა შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესში იმ მოსწავლეთა აქტიურად ჩართვას, ვისთვისაც ქართული მეორე ენას წარმოადგენს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბაღათრიშვილი ნ., „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო მიდგომები და მეთოდები“, 2018

https://mastsavlebeli.ge/?p=17675

  1. კოილი დ., ჰუდი ფ., მარში დ. „ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლება“, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი, თბილისი, 2015
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024) http://ncp.ge/
  3. Markic S., Heterogeneity – challenge and/or opportunity in science education? Sisyphus – Journal of Education, 2014

https://www.redalyc.org/pdf/5757/575763890003.pdf

  1. Markic S. and Childs P.E., Language and the teaching and learning of chemistry, Chemistry Educational Research and practice, 2016

https://pubs.rsc.org/en/content/articlehtml/2016/rp/c6rp90006b?page=search#cit26

  1. Osborne j., Science Without Literacy: A Ship without sail? Cambridge Journal of Education, 2010

https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/03057640220147559

  1. Wellington j. and Osborne j., Language and Literacy in Science Education, 2001

https://www.researchgate.net/publication/266864338_Language_and_Literacy_in_Science_Education

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი