ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ციფრული რესურსების გამოყენება კუთხეების სწავლებისას. აქტივობა ერთი გაკვეთილისათვის

0

მოსწავლეები ხშირად ფიქრობენ, რომ მათემატიკა მოსაწყენია. სწავლა-სწავლების პროცესში მხიარული ანიმაციური და პროფესიონალურად შემუშავებული ონლაინთამაშების ჩართვით შესაძლებელია „მოსაწყენი“ მათემატიკა მოსწავლეებისათვის სასიამოვნოდ ვაქციოთ. ინტერაქციული მათემატიკური თამაშები უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას, ეხმარება მათ მათემატიკის ძირითადი ცნებების მოდელირებაში, მარტივად გააზრებაში, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებაში.

მოსწავლეები თამაშობენ „გამარჯვებისათვის”. როცა ისინი გადადიან მომდევნო რაუნდში, ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი.

თამაში ავითარებს მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციას, ნებისყოფასა და მათემატიკურ უნარებს.

თამაშები ისეა დაპროგრამებული, რომ მოსწავლეს ეხმარება ცოდნის აგებაში, საპასუხო გამოხმაურებები საჭიროებისამებრ, მყისიერად აძლევს განმავითარებელ შეფასებას, როგორიცაა, არასწორი პასუხის დაფიქსირებისას კითხვაზე პასუხის გაცემის ხელახალი შესაძლებლობა, მინიშნება ან ახსნა-განმარტება საკითხის გასააზრებლად, რაც მოსწავლეს ეხმარება, დაადგინოს თავისი შეცდომა, დამოუკიდებლად გააგრძელოს გადაჭრის გზის ძიება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.

პირადი გამოცდილებით მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე ონლაინმათემატიკური თამაშის შინაარსი, რომლებიც მარტივად დავაკავშირე სასწავლო პროგრამასთან და ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. პლატფორმა Matific-ზე https://www.matific.com/gb/en-gb/home/parents/ თქვენ შეხვდებით უამრავ მათემატიკურ თამაშს სხვადასხვა სასწავლო თემისა და ასაკობრივი ჯგუფებისათვის, რომლებიც ავითარებს მათემატიკის ცნებების ღრმა კონცეპტუალურ გაგებას.

კლასი მე-5

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება ლოგიკა

ქვეცნება: კუთხე

ქვესაკითხი: კუთხის გაზომვა

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კუთხეების გაზომვითა და კუთხეთა თვისებების გამოყენებით კონტექსტის შესაბამისი პრობლემების გადაჭრას.

თამაში 1: იპოვე კუთხის ზომა

ამ თამაშით მოსწავლეები სწავლობენ კუთხეთა შეკრებას, კუთხის მოდელების მანიპულაციით კი აღქმა მარტივდება. მოსწავლეები მოდელის შესაბამისად პოულობენ A კუთხის ზომას.

მოცემულია ორი კუთხე ზომებით: 30° და 50°, ამ კუთხეების გამოყენებით უნდა იპოვონ A კუთხის ზომა.

 

 

 

 

მოსწავლემ გადააადგილა მოცემული კუთხეები წრეში. ისე, რომ წვერო ემთხვევა A კუთხის წვეროს, ხოლო გვერდი A კუთხის გვერდს. აქ თვალსაჩინოდ ჩანს, რომ 30° და 50°-იანი კუთხეები ერთმანეთზეა მიბჯენილი და ავსებენ A კუთხეს. ე.ი

კუთხე A=50°+30°

მოსწავლე A კუთხის ზომას აფიქსირებს პასუხის შესაბამის ველში, თუ პასუხი სწორია თამაში გადადის შემდეგ სავარჯიშოზე; თუ არასწორია, მოსწავლეს კიდევ აქვს შესაძლებლობა, დააკვირდეს ნახაზს სწორი პასუხის საპოვნელად. თუ მოსწავლემ ვერ მიაგნო სწორ პასუხს, შემდეგ პროგრამა თავად აფიქსირებს პასუხს შესაბამისი ახსნით და მოსწავლეს საშუალება აქვს, გაარჩიოს და გაიაზროს ამოხსნის ალგორითმი ნახაზთან კავშირში.

 

მსგავსი თამაში: მოცემულია სამი კუთხე. მათგან რომელი კუთხეების ჯამით ან სხვაობით მიიღება A კუთხე და რას უდრის მისი გრადუსული ზომა?

მსგავსად წინა თამაშისა:

 

მოცემულია 80°; 16°; და 40°-იანი კუთხეები და A კუთხე.

 

 

მოსწავლეებმა კუთხეების გადატანით წრეში მიიღეს შემდეგი ნახაზი. სადაც ჩანს, რომ საძიებელი A კუთხე წარმოადგენს 80°-იანი კუთხის ნაწილს, ე.ი. A კუთხის ზომა =24-ია.

მოსწავლე A კუთხის ზომას აფიქსირებს პასუხის შესაბამის ველში, თუ პასუხი სწორია თამაში გადადის შემდეგ სავარჯიშოზე, ხოლო თუ არასწორი, მოსწავლეს კიდევ აქვს შესაძლებლობა, დააკვირდეს ნახაზს სწორი პასუხის საპოვნელად.

 

კიდევ ბევრ დავალებას ნახავთ პორტალზე, რომელიც კუთხის ცნებისა და მასთან დაკავშირებული ქვეცნებების გააზრებას ემსახურება.

ახლა კი მინდა, იმ თამაშების შესახებ გესაუბროთ, რომლებიც ჩემს მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან თამაშის შინაარსი დაკავშირებულია სათავგადასავლო ფილმებთან და გაჯეტებიდან მათთვის უკვე ნაცნობ თამაშებთან. მათთვის ნაცნობ სამყაროში მათემატიკური პრობლემების გადაჭრა მარტივად მოახერხეს, თამაშის დროს ემოციებს ვერ მალავდნენ, იყო შეძახილები: „გადავედი მომდევნო რაუნდში“, „დავხურე თამაში“ და ა.შ.

თამაში: ექსპედიცია კუნძულზე

მიზანი: კუთხის გაზომვა საზომი ხელსაწყოს გამოყენებით

თამაშში არის გემის კაპიტანი, რომელსაც დაგეგმილი აქვს ექსპედიცია სხვადასხვა კუნძულზე, მცენარეთა შესაგროვებლად. გადაადგილებისათვის კი საჭიროა გემის სწორი მიმართულებით მობრუნება, რისთვისაც საჭიროა კუთხეების შეფასება და გაზომვა.

 

თამაში ითხოვს, გემის კაპიტანმა გემის კურსი მიმართოს მოცემული კუნძულისკენ.

 

კუთხის გასაზომად თამაში სთავაზობს მოსწავლეს ციფრულ ტრანსპორტირს.

 

 

გაზომვის შედეგსა და მიმართულებას „კაპიტანი “ შესაბამის ველებში წერს.

 

 

 

 

 

პასუხის დადასტურება: გემი მიემართება კუნძულისაკენ.

 

 

თამაში: კუთხის რობოტიკა

მიზანი: კუთხეთა თვისებების გამოყენებით უცნობი კუთხის პოვნა

აღწერა: რობოტი მოძრაობს „წრფივ გზებზე“, რომლებიც იკვეთება და ხშირ შემთხვევაში გზებს გაგრძელება არა აქვთ. იმისთვის, რომ რობოტი გზიდან არ „გადაიჩეხოს“, იძულებულია, აირჩიოს სხვა გზა. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი მათემატიკური გამოთვლები და კუთხეების შესახებ თვისებების გამოყენებაა საჭირო. თუმცა რობოტს ეს არ შეუძლია, ამიტომ მოთამაშეს სთხოვს დახმარებას გზის არჩევაში. (გზათა გადაკვეთის წერტილზე)

პროგრამა მოსწავლეს სთავაზობს სიტუაციის გეომეტრიულ მოდელს ნახაზის სახით, სადაც მითითებულია ცნობილი კუთხის ზომა და საძიებელი კუთხე?

 

 

კუთხეების თვისების გამოყენებით მოსწავლე პოულობს საძიებელ კუთხეს. თუ პასუხი სწორად ჩაწერა პასუხების ველში, რობოტი აგრძელებს ახალი მიმართულებით სვლას.

 

აქ კი სრული კუთხის ზომას აკლებს ცნობილი კუთხის ზომას და პასუხის ველში წერს რამდენი გრადუსით მობრუნდეს რობოტი გზის გასაგრძელებლად.

 

რამდენიმე ცდის შემდეგ, თუ მოსწავლემ სწორი პასუხი ვერ იპოვა, პროგრამა ჯერ მინიშნებებს აძლევს, როგორ დაიწყოს გამოთვლა. თუ ისევ ვერ უპასუხა, უკვე სთავაზობს ამოხსნას.

 

კუთხეების თვისების გამოყენებით მოსწავლე პოულობს საძიებელ კუთხეს. თუ პასუხი სწორად ჩაწერა პასუხების ველში რობოტი აგრძელებს ახალი მიმართულებით სვლას.

 

 

ზემოთ წარმოდგენილი ციფრული მათემატიკური თამაშების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს კუთხის ზომის გამოთვლის უნარების განვითარება ისე, რომ მე მათ მხოლოდ ფასილიტაციას ვუწევდი. საკითხის ახსნისა და გააზრების „საქმე“ ვირტუალურმა სიმულაციამ შეასრულა. რამდენიმე ფოტო გაკვეთილიდან, იხილეთ აქ

მოსწავლეებს აღაფრთოვანებს მათემატიკური ონლაინთამაშების უნიკალური ბუნება. ყველა მოსწავლე ჩართულია პროცესში, რაც ხელს უწყობს სასწავლო მიზნის მიღწევას. ასე რომ, საგაკვეთილო გეგმებში გირჩევთ ონლაინთამაშების ჩამატებას.

გამოყენებული ლიტ-რა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-5 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/.

 

 

 

 

აღზრდა და „რთული ბავშვები“

0

ძვირფასო მშობლებო, გირჩევთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რა შეიძლება მოხდეს, თუ შვილს თხოვნებზე ვეტყვით „არას“. შედეგად, ხომ არ დაკარგავთ ბავშვის სიყვარულს, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება?“. თუ ასეა, მაშინ თქვენ „რთული მშობელი“ ხართ და იქნებ იფიქროთ, სიყვარულისა და სითბოს მოთხოვნილება რაიმე სხვა გზით შეივსოთ. გახსოვდეთ, რომ შვილების წინაშე ისედაც არცთუ ისე მარტივი ამოცანა დგას: ისინი ზრდასრულობაში უნდა შევიდნენ… ასე ფიქრობენ ამერიკელი ავტორები Henry Cloud და John Townsend.   ამ წერილით მკითხველი გაეცნობა ნაწყვეტს მათი წიგნიდან: „როგორ აღვზარდოთ პასუხისმგებლობიანი მოზარდი“. ეს არის ბესტსელერი, რომელმაც მრავალ ქვეყანაში საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა. (ავტორების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წინა სტატიებში).

მაშ ასე, პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მშობლები განსაკუთრებულად საჭიროებენ თავიანთ შვილებთან სიახლოვესა და მიჯაჭვულობას, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები. ბავშვები ძალაუნებურად ეჩვევიან, რომ მშობლებისთვის სითბოს, სიახლოვისა და სიყვარულის წყარო არიან. შედეგად, შვილები ცდილობენ, ნაადრევად მოირგონ  მშობლის როლი. ავტორების მოსაზრების მიხედვით, ბავშვები სიამოვნებით შევლენ მშობლის როლში დედასთან და მამასთან ერთად და ეს არ ემსახურება მაინცდამაინც მშობლის პოზიციის დაკავებას, ეს უფრო პატარების მისწრაფებაა, მოხვდნენ იმ სივრცეში, რომელშიც მოფერება, სიმშვიდე და ზრუნვა, ანუ ოჯახური ურთიერთობები ფორმირდება. ზრდასრულ ასაკში ბავშვებისთვის შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეიქმნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი თავად იღებენ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანზე. მთავარი კი ის არის, რომ მშობლებს შესაძლოა, გაუჭირდეთ შვილისთვის პიროვნული, სტრუქტურირებული ქცევითი საზღვრების დაწესება. როდესაც უფროსი განიცდის კონკრეტული ადამიანის საჭიროებას, რთულია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაიმე აკრძალვის დაწესება, რადგან უფროსი დგება რისკის წინაშე, დაკარგოს მისი სიყვარული. თუ მშობელი გამოავლენს ბრაზს, მრისხანებას, მას თავად უჩნდება დანაშაულის განცდა, იმის გამო, რომ ვერ „შეინარჩუნა სიყვარულის ობიექტი“. შედეგად, ასეთ გარემოში ბავშვი სწავლობს უდისციპლინობას და ეჩვევა, მიიღოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ემოციური შანტაჟი არის ის, რაც ახლა აღვწერეთ – განმარტავენ ავტორები – და ამატებენ: რომ მშობლები ცდილობენ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ შვილებთან ურთიერთობები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ჰოდა, ვიღებთ შვილებზე დამოკიდებულ მშობლებს და არა უფროსებს, რომლებიც აწესებენ ქცევით საზღვრებს საკუთარი შვილებისთვის.

როგორც წესი, მშობლებს არ შეუძლიათ შვილების სურვილების იგნორირება, რადგან საკუთარ თავს მათ გრძნობებთან ზედმეტად აიდენტიფიცირებენ. ისინი თავს ვალდებულად თვლიან, თანაუგრძნონ შვილების ტკივილებს, შიშებს და მარტოობის განცდას. ბავშვები გრძნობენ უფროსების სიყვარულს, სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვასა და გამოყენებას. სამწუხაროდ, ზოგი მშობელი თავისსა და შვილის ემოციებს ერთმანეთში ურევს, ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს იმაზე მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ხდება პროექცია: ანუ ის, რაც ბავშვისთვის შესაძლოა დისკომფორტი იყოს, დედისთვის ტრავმად აღიქმება; ხოლო ის, რაც შესაძლოა  ბავშვისთვის შფოთვის საგანი იყოს, მამა აღიქვამს მას, როგორც პანიკას. Henry Cloud-ისა და John Townsend-ის აზრით, მსგავსი ხედვები და დამოკიდებულებები უფროსებს თავიანთ ბავშვობაში გაუანალიზებელი სირთულეების გამო უყალიბდებათ.

თუ მშობლები აღმოაჩენენ, რომ არ შეუძლიათ პატარის ტკივილის გაძლება, შესაძლოა ისინი საკუთარი ტკივილის პროეცირებას ახდენენ მასზე. კარგი იქნება, თუ წარსულის ემოციურ ტრავმებს, რომლებიც ჯერაც არ დავიწყებიათ, თვალს გაუსწორებენ და „გადაამუშავებენ“. დედიკოებო, მამიკოებო აუცილებელია წარსულის ტრავმების გაანალიზება. ეს თქვენ გჭირდებათ. თქვენს შვილებს კი სჭირდებათ მშობლები, რომლებიც ტკივილს მავნე ზიანისგან განასხვავებენ.           

საზღვრების დაწესება უმნიშვნელოვანესია. უფროსებს ეშინიათ, რომ, თუ მკაცრად მოითხოვენ შვილებისგან დისციპლინისა და წესრიგის დაცვას, შესაძლოა კონფრონტაციაში შევიდნენ ბავშვებთან, ან/და შვილებთან ემოციური ბმა გაწყვიტონ. მსგავსი შიშები ხელს უშლის უფროსებს, შენიშვნები მისცენ შვილებს, მანამდე, სანამ სერიოზული პრობლემები არ იჩენს თავს. რეალობა კი ასეთია: სიყვარული და გაუგებრობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სულაც არ არის მნიშვნელოვანი ვისთან გაქვთ გაუგებრობები, რადგან სინამდვილეში შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ არანაირ განხეთქილებას და უპირობოდ გიყვარდეთ ერთმანეთი.

თუ მშობლები არასდროს არ კამათობენ საკუთარ შვილებთან, ისინი არასწორად იქცევიან. ზოგჯერ უფროსებს ეშინიათ იყვნენ თვითმყოფადები სხვა ადამიანებთან, მათთანაც კი, რომლებიც უყვართ. ასეთი შიში სრულად გამორიცხავს სიყვარულს. მშობლებს არ შეუძლიათ მთელი გულით უყვარდეთ ის შვილები, რომლებიც განშორების დროს ძალიან არ ენატრებათ და რომლებთანაც ერთობის განცდა არ აქვთ. შვილებისადმი მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება ნიშნავს თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ძვირფასო მშობლებო – მიმართავენ ავტორები მშობლებს – დაწესებული საზღვრების დაცვა, შვილებს დაცულობისა და სიყვარულის განცდას უძლიერებს. მათ იციან, რომ უფროსები პატივს სცემენ მის თავისუფალ არჩევანს, გარკვეული პარამეტრების ჩარჩოებში. მშობლები და შვილები ერთობლივად იცავენ და ავითარებენ ამ თავისუფლებას.

უფროსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვების მიერ განხორციელებული არასწორი, არათანმიმდევრული ქცევა დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრება. Henry Cloud და John Townsend მიეკუთვნებიან იმ ავტორების რიგს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ამგვარი მიდგომა ვერ განკურნავს, მაგალითად, ავადმყოფობებს და ვერც სახურავში გაჩენილ დაზიანებას შეაკეთებს. სამწუხაროდ, პრობლემების გადაჭრის სამომავლოდ გადადება მათ უფრო ამწვავებს. ბავშვებს არ გააჩნიათ საკუთარი ჭირვეული ქცევების შემაჩერებელი შინაგანი მუხრუჭი. მათ უკიდურესად სჭირდებათ მშობლების მხრიდან მათ ქცევებზე გარეგანი საზღვრების დაწესება, რომლებიც მუდმივად კორექტირდება, კონტროლდება და ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ მოზარდები გარეგან საზღვრებს შინაგან საზღვრებად არ აქცევენ.

იგნორირება და რაიმე სხვა გარემოებაზე გადართვა ბავშვს მიანიშნებს, რომ აუცილებელია გაჯიუტება და მუდმივად საკუთარი სურვილის ასრულების მოთხოვნა. პატარები მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი კაპრიზი აისრულონ, უბრალოდ მთავარია, მოითმინონ, სანამ გაბრაზებული უფროსები დამშვიდდებიან. სინამდვილეში მშობლები, ხომ ცდილობენ, არ გაუბრაზდნენ პატარებს, ასე რომ, ყველაფერი ბავშვის „სასარგებლოდ ეწყობა“. მშობლებმა უნდა მოახერხონ მსგავსი სიტუაციების თავიდან არიდება. ისწავლონ ამგვარი პრობლემების წინასწარ განჭვრეტა, რომ ბავშვებს დაეხმარონ იმის გათავისებაში, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაფრის მიღება შეუძლებელია.

სავარაუდოდ, არ არსებობს მშობელი, რომელსაც გულწრფელად არ გაჰკვირვებია, თუ რა ზუსტად გრძნობენ შვილები, როდის არის უფროსი მზად, დაუთმოს პატარას და შეასრულოს მისი მორიგი ახირება. ასევეა, მოზარდებშიც. მათ შეუძლიათ საათების განმავლობაში ითხოვონ, იდავონ, იკამათონ, გაამართლონ საკუთარი ქცევები, რათა მიაღწიონ მიზანს და თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობები. მაგალითად, მეგობრის მოზარდმა შვილმა – გვიყვებიან ამერიკელი ფსიქოლოგები – მთელი 45 წუთის განმავლობაში იკამათეს იმის შესახებ, თუ ვის უნდა გაეტანა ნაგავი, თუმცა რეალურად ამ საქმის შესრულებას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდებოდა! ბავშვები მუდმივად ცდიან მშობლების გამძლეობას! რაც უფრო გვიან დაიწყებენ მშობლები ბავშვების ქცევებისთვის საზღვრების დაწესებას, მით უფრო ენერგიულად შეეწინააღმდეგებიან მათ შვილები. ყოველ ჯერზე, როცა უფროსები შესაძლებლობას აძლევენ შვილებს, გულგრილად მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს, მათ სულ უფრო მეტად ერღვევათ თვითკონტროლის უნარი.

დაღლილი მშობლები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ, ეკამათონ შვილებს, სავარაუდოდ, თანაც დეპრივაციის მდგომარეობაში არიან. საგულისხმოა, რომ აღზრდა – ეს დროებითი სამუშაოა და არა მთელი ცხოვრების არსი. იმ მშობლების შვილები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა აქვთ, აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან სამყაროს ცენტრი და აქვთ თავისუფალი არჩევანი, რომელიც ანიჭებს მათ ოცნებების ასრულების შესაძლებლობას. შეუძლებელია მშობლებმა ბავშვებს განუვითარონ ის უნარი, რომელიც თავად არ გააჩნიათ. ამიტომ აუცილებელია უფროსებმა იმუშაონ, რათა მათაც განიმტკიცონ შინაგანი საზღვრები, რომლებსაც შვილები თვალნათლივ დაინახავენ. დაბოლოს, მშობლების „არა“ ყოველთვის უნდა იყოს „არა“, ანუ – საზღვრები მოქმედებაში.

 

„აღზრდის ეშმაკობა ის გახლავთ, რომ მშობელმა მოახერხოს და შეინარჩუნოს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაჟინებით ცდილობს თავისის გატანას“.

პატივისცემით, Henry Cloud და John Townsend.

 

 

                                                                                                                                        

 

უცხო ენის სწავლებისთვის

0

უცხო ენის კარგად შესწავლა კომპლექსური პროცესია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. მოზრდილებთან რამდენიმეწლიანმა მუშაობამ, საუკეთესო შედეგებმა გერმანული ენის ტესტებში და ინტერესმა ანდროგოგიკისა და პიროვნული განვითარებისადმი გამიჩინა სურვილი, ამ სტატიაში თავი  მომეყარა ჩემი მიგნებებისთვის.

კარგი სწავლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:

1) სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელთა სპექტრი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, ძირითადად, ნეირომეცნიერების დარგს მიეკუთვნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ენდოკრინული სისტემის დაავადებებიც.

2) არასრულფასოვანი კვება. ბოლო გამოკვლევებით ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტებია: ავოკადო, კვერცხი, ორაგული, კაკალი, კენკროვანი ხილი, იოგურტი, ბოსტნეული, კურკუმა და ა. შ ამ საკითხზე საუბრისას ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რაციონში ენდემური პროდუქტების ჩართვა განსაკუთრებულად სასარგებლოა.

3) დეჰიდრატაცია – ადამიანის ორგანიზმის 75%-მდე წყალია და მისი ნაკლოვანება  შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე.

4) არასრულფასოვანი ძილი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეხსიერების გაუარესების პროცესში და  მკვეთრად აქვეითებს დამახსოვრების უნარს.

5) სტრესი – ხელს უშლის არა მარტო ფაქტების დამახსოვრებას, არამედ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს.

6) არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა – აუარესებს მენტალურ ჯანმრთელობას. ყოველდღიურად 11 წუთი მაინც ბუნებაში სეირნობა პოზიტიურად აისახება დასწავლის უნარზე და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის პროვოცირებასაც იწვევს.

 

როგორ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა?

ბრაიან ტრეისი ამბობს – „რაღაც ახალი უნარი რომ აითვისო, აუცილებელია, ის  პრიორიტეტებში მეხუთე ადგილზე მაინც იყოს“. საათებიც კი აქვთ  მეცნიერებს გამოთვლილი. მალკოლმ გლედველი წიგნში „Outliers“ წერს, რომ  საშუალო დონეზე ახლის  სწავლას დაახლოებით 10 000 საათი სჭირდება. რაღაცაში დასაოსტატებლად გვჭირდება როგორც თანდაყოლილი ნიჭი, ასევე ვარჯიში.

ბოლო გამოკვლევებით  ცხადი გახდა, რომ ჩვენს განწყობებს და ფიქრებს გენების გამოვლინების სასიკეთოდ შეცვლაც კი შეუძლიათ. სწორი სტრატეგიები და სისტემური მუშაობა გადამწყვეტი ფაქტორებია უცხო ენის ათვისების საქმეში. „დიად ადამიანებად არ იბადებიან – დიადნი ხდებიან“. „პრაქტიკით, მონდომებითა და კარგი მასწავლებლის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს ტალანტი  იმ დონემდე, რომ გახდეს ნამდვილი გენიოსი“ – წერს დანიელ კოილი თავის წიგნში „ნიჭიერების კოდი“.

როგორ ვისწავლოთ?

უცხო ენაში მთავარ სირთულეს ქმნის უცხო სიტყვების ათვისება. ლინგვისტებისა და პოლიგლოტების თანახმად, სიტყვა უნდა წავიკითხოთ 9-12-ჯერ და პირველ პირში, შევადგინოთ მარტივი წინადადებები. ოღონდ სიტყვებთან შეხება არ უნდა მოხდეს ერთბაშად. ყოველდღე რეკომენდებულია მონაცვლეობით – ხმამაღლა და თვალით სიტყვების 3-4-ჯერ წაკითხვა. ოპტიმალურია დილისა და საღამოს საათები, რადგან ამ დროს დამახსოვრება უკეთ ხდება. ნასწავლი სიტყვა შემდეგ 6-ჯერ მაინც უნდა შეგხვდეს კონტექსტურად. ეფექტურია ასევე, დამახსოვრების პროცესში ვიზუალიზაციისა და ასოციაციური ტექნიკების გამოყენება. ერთ ჯერზე მოკლევადიანი მეხსიერება 5-9 ელემენტს იმახსოვრებს. გრძელვადიან მეხსიერებაში ლექსიკის გადასვლისთვის ძალიან კარგია ებინგჰაუსის დავიწყების მრუდის გამოყენება, რომლის თანახმად, ნასწავლის გამეორება უნდა მოხდეს წაკითხვის დამთავრებისთანავე და პირველი დასწავლიდან 20-30 წუთის შემდეგ, მომდევნო ეტაპია – მეორე დღე. შემდეგი გამეორებისთვის 2-3 კვირაა ოპტიმალური და ბოლო – მეხუთე გადამეორება რეკომენდებულია 2-3 თვეში.

გაკვეთილზე უცხო ენის სწავლა ხდება რაციონალურად და ეს ასპექტი მაქსიმალურად უნდა იყოს პერსონალიზებული, რადგან ემოციურ დონეზე ენის სწავლა ხელს უწყობს ე.წ Sprachgefühl-ის (ენის შეგრძნება) განვითარებას. უცხო ენაზე ყოველდღიური დიალოგებისა და სხვადასხვა გადაცემებისა თუ  ფილმების ნახვა-მოსმენა ენის ინტუიციურ დონეზე   გათავისების (Verinnerlichung) საწინდარია.

როგორ დავგეგმოთ თითოეული დღე?

ყოველდღე აუცილებელია მკაცრი, მოწესრიგებული სწავლის  რუტინა – გეგმა, სადაც გაწერილი იქნება, რის შემდეგ რას იმეცადინებთ. ხშირად ამ გეგმის შედგენაში და თანმიმდევრობის პრინციპის დაცვაში მოსწავლეებს თავად ვეხმარები. ამის შემდეგ მათ ვურჩევ, გამოიყენონ ფრანჩესკო ცირილოს მიერ შექმნილი პროდუქტიულობის გამაძლიერებელი „პომიდვრის მეთოდი“, რომელიც გულისხმობს 25 წუთიან აქტიურ მუშაობასა და 5 წუთიან  შესვენებას. გერმანულის შემთხვევაში ვურჩევ – ერთ დღეს  გრამატიკა იმეცადინონ 25 წუთი, შემდეგ შეისვენონ და 25 წუთი ტექსტზე მუშაობით გააგრძელონ და ა.შ.

შუალედებში დააჯილდოვეთ საკუთარი თავი: მიირთვით ხილი, საყვარელი ტკბილეული ან სხვა რამ. კარგად სწავლისთვის და კარგი მეხსიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაუზებს მეცადინეობებს შორის. ბუნებაში სეირნობას, ფონურ მუსიკას (პროდუქტიულობასა  და კონცენტრაციის უნარს განსაკუთრებით ზრდის ბაროკოს მუსიკა), კარგი სოციალური ურთიერთობები ააქტიურებს დამახსოვრების უნარს და, ზოგადადაც, პოზიტიურად აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ძალიან გაგიმართლათ, თუ ოჯახის წევრი ან ახლობელი მოგიმზადებთ საყვარელ კერძს (განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში). სულ მახსენდება პიკასოს ავტობიოგრაფიიდან ერთი ფრაგმენტი, სადაც ის განსაკუთრებული მადლიერებითაა გამსჭვალული მისი მოსამსახურის – ინეს სასიეს მიმართ – „მას ყველაფერს ვუმადლი“ – წერს გენიალური მხატვარი. თანადგომით გვიმაღლდება მოტივაცია და ვორიენტირდებით უფრო მაღალ მიზნებზე.

ინფორმაციის ათვისებისას არ უნდა გამოგრჩეთ საკუთარ თავზე დაკვირვება. როგორც წესი, ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად: აუდიალისტები, ვიზუალისტები და კინესთეტები. თქვენ უნდა შეიმეცნოთ თქვენი ტიპი. ზოგი უკეთ სწავლობს, თუ სწავლების პროცესში ახდენს მასალის ვიზუალიზაციას ცხრილებით, მარკერებით და ა.შ. ზოგი ხმამაღლა იმეორებს დასასწავლ მასალას ან იწერს ელექტრონულ მოწყობილობაზე და შემდეგ უსმენს საკუთარ ხმას. ზოგისთვის კი კარგად სწავლა სიტყვების, ტექსტების, გრამატიკის საკუთარი ხელით ამოწერა – გადაწერასთან ასოცირდება.

საბოლოო ჯამში, თქვენი ყოველდღიური ჩვევები განსაზღვრავს თქვენს პიროვნულობას, თქვენს ცხოვრებას და ენის ათვისების დონესაც. ამ მხრივ, ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ  შესანიშნავი წიგნი ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“.

უამრავი კომპონენტის თანხვედრას მივყავართ კარგ შედეგებამდე. მთავარი კი ალბათ მაინც სურვილი და ინტერესია. სტატიას დავასრულებ  ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელიც სტივ ჯობსის წარმატების მიზეზს  ხსნიდა: „ის არ იყო დაინტერესებული იმით, თუ რა მოუტანდა წარმატებას. ის იყო წარმატებული, იმიტომ, რომ იყო დაინტერესებული“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერვერი რ. (2018) იაზროვნე მარტივად – „ლურჯი ოკეანე“

გრანტი ა. (2022) კიდევ დაფიქრდი – „ლურჯი ოკეანე“

თრეისი ბ. (2017) მიზნები! – „ლურჯი ოკეანე“

თრეისი ბ. (2019) მოტივაცია – „ლურჯი ოკეანე“

კვიკი ჯ. (2023) უსაზღვროება – „ წიგნი+ერი“

ქლიერი ჯ. (2022) ატომური ჩვევები – „ლურჯი ოკეანე“

Gladwell M. (2008) Outliers – “Little, Brown and Company”

 

შერჩევითი კრიტიკა

0

რეცეფციის პროცესი ყოველთვის მხოლოდ ტექსტის მხატვრულ ღირებულებას არ ეხება. ხშირად ამ პროცესში მონაწილეობს ფაქტორები, რომლებსაც ტექსტის სიკარგე-სიცუდესთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს ფიქრები, რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელმა ცდუნებამ“ გამიჩინა.

აშკარაა, რომ კაზანძაკისს რომანში სასაცილო ფაქტობრივი შეცდომები მოსდის: ნაზარეთში ვერ იქნებოდა აყვავებული ველ-მინდვრები, რადგან ნაზარეთი კლდოვანი, უდაბური და უწყლო მხარე იყო, ამასთან – ძალზე ღარიბიც; მაგდალა, ამის საპირისპიროდ, სულაც არ ყოფილა სოფელი, უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი გახლდათ, საკმაოდ კოსმოპოლიტური; პეტრეს ქრისტესთან შეხვედრამდე სიმონი ერქვა, პეტრე კი გაბერძნულებულ-გალათინურებული ვერსიაა ქრისტეს მიერ მისთვის შერქმეული სახელისა „კეფა“, რაც „კლდეს“ ნიშნავს. ამ ხარვეზებს ემატება მარიამ მაგდალელის სრულიად უინტერესოდ დამუშავებული სახე, როგორც მონანული მეძავისა (არადა, ეს ნარატივი მის შესახებ მხოლოდ მეოთხე საუკუნეში ჩნდება, პირველი საუკუნეების ქრისტიანობა და, მასთან ერთად, მართლმადიდებლური ტრადიციაც, მაგდალელს მოციქულთა სწორად, განმანათლებლად იცნობს). არის კიდევ ერთი სიუჟეტური ხარვეზიც: ქრისტე საგანგებოდ ჰკითხავს მართასა და მარიამს, მათრახი ხომ არა გაქვთო, როცა იერუსალიმში შესასვლელად სახედარს მიჰგვრიან მოწაფეები. მართა და მარიამი სახრეს აძლევენ. მომდევნო გვერდზე კი ქრისტეს ხელში შოლტი უჭირავს და ტაძრის მოვაჭრეებს გარეთ ერეკება (გვ. 543-546).

ცხადია, მწერალს შეუძლია, სინამდვილე დაარღვიოს, მაგრამ ამას კონცეპტუალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. მკითხველი ყოველთვის ხვდება, როდისაა ეს დარღვევა პოსტმოდერნისტული ხერხი და როდის – არცოდნის შედეგი. კაზანძაკისის შემთხვევაში კი რჩება შთაბეჭდილება, რომ მას, უბრალოდ, არ შეუსწავლია იმ სამყაროს ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები, რომელზეც წერდა.

ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ეს შეცდომები მე რომ გამპაროდა, ხომ აილესავდა კბილებს ქართული კრიტიკა და დაწერდნენ, ახალგაზრდა ავტორი ასეთ დიდ თემებს არ უნდა შეეჭიდოსო? უთუოდ, უთუოდ ასე იქნებოდა.

მეორე, რამაც დამაფიქრა, რომანის მოცულობაა. „ახალი აღქმა“ ამხელა რომ ყოფილიყო… თუმცა რატომ „ყოფილიყო“ – ამას წინათ ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და ეთერში გასვლამდე წამყვანი სწორედ მისი მოცულობით დაინტერესდა. როცა ვუთხარი, დაახლოებით 300 გვერდია-მეთქი, შეიცხადა:

  • უჰ! სამასი გვერდი რა ამბავია, კაცო!

მართლაც, „აკუმზე“ დაწერილი რამდენიმე რეცენზიიდან, ორში ხაზი სწორედ მის მოცულობას ესმება, რამდენადმე ირონიულად. შარშან კი, როცა სომხეთში ლიტერატურულ ფესტივალზე ჩავედი, ორგანიზატორმა ასე წარმადგინა, ნანამ ჩვენს ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ახლა თურმე 500-გვერდიანი წიგნი დაუწერიაო. ამ წარდგენას პუბლიკა სიცილით შეხვდა.

არასდროს მესმოდა, ჩემი წიგნების მოცულობა ასე საგანგებოდ აღსანიშნავი რატომ იყო. თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, მთლად ძნელი გამოსაცნობიც არაა – რომანი ხომ ჩვენში 100-გვერდიან ბროშურას ეწოდება. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ენაში სიტყვის „Novella“ ზუსტი შესატყვისი არა გვაქვს, ნაწილობრივ, კი იმისა, რომ ქართველი მწერალი წერით ვერ ცხოვრობს და უამრავი სხვა საქმის კეთება უწევს თავის სარჩენად. რომანები კი, მით უფრო, დიდტანიანი რომანები, მხოლოდ მკაცრი დისციპლინით იწერება, რომლის დაცვაც ჩვენი ქვეყნის პირობებში ძალიან ძნელია, თუ სულაც შეუძლებელი – არა.

შედარებისათვის იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი წიგნები ამერიკაში თან მქონდა. არცერთ მწერალს, აიოვის უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტსა და პროფესორს და, საერთოდ, არცერთ მკითხველს, მათი მოცულობა არ აღუნიშნავს, როგორც რაიმე უჩვეულო. მეტიც, წიგნის მაღაზიებში რომანები, საშუალოდ, სწორედ „აკუმისხელაა“. ჩემი წიგნები ამერიკაში რომ გამოცემულიყო, არავინ მიიჩნევდა დიდტანიანად და, მით უმეტეს, არავინ დაიწყებდა ქილიკს ამის გამო.

მაგრამ განა ჩვენში გსმენიათ, ვინმე „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ სიდიდის მიზეზით იწუნებდეს? გსმენიათ ამგვარი შენიშვნა თომას ვულფის ან მარსელ პრუსტის რომანების შესახებ? დიდ წიგნებს ახლა აღარ წერენო, – შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს. დარწმუნებული ხართ? აბა, ისაბელ ალიენდე, ბერნარდინ ევარისტო და, რაღა შორს მივდივართ, ნინო ხარატიშვილი?

დიდ რომანებს აღარ წერენ ჩვენში, უფრო სწორად, ვეღარ წერენ. მიზეზი ზემოთ უკვე ავხსენი. მაგრამ განა, პირიქით, სიხარულით არ უნდა ვხვდებოდეთ იმას, რაც ჩვენს ლიტერატურაში ასე იშვიათია? მიაქციეთ ყურადღება: არც იმ რეცენზიებში და არც შემდგომ არავის არასდროს დაუწერია ან უთქვამს, რომ „აკუმში“ რამე ზედმეტია, ტექსტი ხელოვნურადაა გაგრძელებული, შესამოკლებელია. ესე იგი, მოცულობა კომპოზიციური დაუხვეწაობის შედეგი არ არის. აბა, რაღაა პრობლემა?

რა და, ავტორი.

ავტორი, რომელიც „ახალგაზრდაა“ და „ახალბედა“, და „დამწყები“ და ამიტომ არა აქვს უფლება აკეთოს ის, რასაც აკეთებენ დიდი ან ცნობილი მწერლები. სწორედ ავტორის ავტორიტეტი (რაც დასავლურმა ლიტერატურულმა ველმა 60-იან წლებში მკვდრად გამოაცხადა) განაპირობებს იმას, რომ ჩვენ წიგნებს შერჩევით ვიწუნებთ ან ვიწონებთ.

აი, კიდევ ერთი მაგალითი: ხელთა მაქვს ნაირა გელაშვილის პოეზიის ორტომეული. ვიყოთ გულწრფელი: არის ამ კრებულებში საკმაოდ სუსტი ლექსებიც. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ორტომეულს რეცენზიებიც ახლავს და იქ ყველა ლექსი ერთხმადაა შექებული, ნათქვამია, ეს ნამდვილი პოეზიააო. მხოლოდ ერთ რეცენზიაში ვხვდებით შენიშვნას, ლექსებს ლაკონიურობა აკლია, ალაგ-ალაგ ზედმეტად დეტალიზებულიაო, მაგრამ ამ შენიშვნას, ნახეთ, როგორი ფრაზა მოსდევს:

„და თუ მიუხედავად ყველაფრისა, მას [ნაირა გელაშვილს – ნ.ა.] სამომავლოდ მეტ ლაკონიურობას და პოეტურ სისხარტეს მაინც ვურჩევთ, ალბათ სწორედ იმ მაღალი ხელოვნების უმკაცრესი კრიტერიუმების გამო, რომლის ერთგული ის მუდამ იყო და არის“. („თუნდაც ბალახის გამო“, ტომი მეორე, გვ.357)

ასეთ რევერანსს „ახალგაზრდა“ და „დამწყებ“ მწერალს, თქვენი აზრით, ვინმე გაუკეთებდა? ცხადია, არა.

მეორე უკიდურესობაც შემხვედრია: გუდრიდზე მკითხველთა შეფასებებს ვადევნებ თვალს. თუკი ავტორი დებიუტანტია, ეს შეფასებებში აუცილებლადაა ხაზგასმული. იმასაც წერენ ხოლმე, ავტორი ძალიან ახალგაზრდა ყოფილა და ამიტომ ბევრ რამეზე თვალი დავხუჭეო.

ახალგაზრდაა, ესე იგი, რაღაცები ეპატიება.

ჩვენი ლიტერატურული წრე იმდენად პატარა და ჩაკეტილია, რომ ობიექტურობის დაცვა ისედაც რთულია ტექსტის შეფასებისას – ყველა ყველას იცნობს და არავის სურს, ვინმეს აწყენინოს (კრიტიკა საწყენად რომ აღიქმება და ავტორებს კრიტიკისთვის რომ უპასუხიათ – ეს კიდევ ერთი უბედურებაა). ზემოთ აღწერილი დამოკიდებულება კი დამატებით მიკერძოებას აჩენს რეცეფციის პროცესში. თუმცა როგორც ჩანს, ეს პრობლემა ჩვენში სულ იყო – შემთხვევით როდი აბოლოებს აკაკი ბაქრაძე ჩვენი ლიტერატურის ერთ კლასიკურ რომანზე „სამოსელი პირველი“ დაწერილ წერილს სწორედ იმის ახსნით, რატომ შეიძლება, კლასიკად აღიარებულ რომანზე კრიტიკულად დაწერო. (იხ. მისი „იყიდენ მახვილი“).

ტექსტი დამოუკიდებელი ორგანიზმია. თუ მას ავტორის ავტორიტეტის მარწუხებში მოვაქცევთ, ბევრი იმგვარი დეტალი გამოგვრჩება, რის გამოც ის ასე შებოჭვამდე ღირებული იყო ან, პირიქით, რის გამოც მისი ღირებულება ეჭვქვეშ დადგებოდა. კარგი იქნება, თუ ამაზე დავფიქრდებით…

მასწავლებლის ლოცვა-ვედრება

0

გაბრიელა მისტრალი

უფალო შენ, რომელიც გვმოძღვრავ და გვასწავლი, მომიტევე, მეც რომ ვასწავლი, მეც რომ მოძღვრად და მასწავლებლად ვიწოდები, როგორც შენ მოგმართავდნენ ხოლმე დედამიწაზე.

გევედრები, დიდი სიყვარულით შემაყვარე ჩემი სკოლა. სილამაზე რომც დაჭკნეს და ჩაიფერფლოს, მაშინაც ნუ წამერთმევა სინაზე და სითათუთე.

უფალო, მიბოძე სულგრძელობა და მაშორე სულმოკლეობა. აღმოფხვერი ბილწი სული შურისგებისა, ჯერ კიდევ რომ ბუდობს ჩემს გულში. ჭრილობას რომ მომაყენებენ, სამაგიეროს მიზღვის სურვილი თუ შემომეპარება, მისგან დამიფარე. შემეწიე, რომ არ გავწყრე, როცა ვერ გამიგებენ და არ დავღონდე, ჩემი მოწაფეები თუ დამივიწყებენ.

მომმადლე ნიჭი სიყვარულისა, შემაძლებინე, რომ დედაზე უფრო დედად გავუხდე, დედასავით შევითვისო და დავიცვა ისინი, ვინც არ არის ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი. მიბოძე ძალა, რომ ჩემი ლექსივით დავხვეწო და სრულვყო რომელიმე გოგონა ჩემს მოწაფეთაგან. და როცა ჩემი ბაგეები ვეღარ შეძლებენ გალობას, იმ დროისათვის მის სულში ჩამატოვებინე ჩემი ყველაზე უფრო სულისშემძვრელი ჰანგი.

უფალო, დამანახვე, რომ ჩემს დროშიც ცოცხლობს შენი სახარება, რათა ყოველდღე, შეუსვენებლივ ვიბრძოლო მის დასამკვიდრებლად.

შენ გაუმარჯვე ჩემს სახალხო სკოლას, რათა მისმა ბრწყინვალებამ გზა გაუნათოს შენი ღატაკი, ფეხშიშველა ბავშვების გუნდს.

მე, სუსტ და ღარიბ ქალს, შემაძლებინე, რომ განვერიდო ყოველგვარ ძალმოსილებას, უწმინდური გზით მონიჭებულს; მიბოძე ძალა, რომ არ გავიკარო ძალაუფლება, რომელიც შენი ცხოველმყოფელი ნებით არ გადმოვა ჩემზე.

უფალო, იყავ ჩემი მეგზური და საყრდენი.

ვიცი ბევრჯერ დავრჩები მხოლოდ და მხოლოდ შენს ანაბარად. როცა უფრო დავხვეწ, რასაც ვასწავლი, როცა ჩემი სიმართლე უფრო მწველი გახდება, ვიცი, ყველანი შემომეცლებიან. მაშინ შენ ჩამიკრავ გულში: შენმა გულმა იცის მარტოობისა და მიუსაფრობის სიმწარე. მხოლოდ შენს მზერაში ვიპოვი სითბოსა და მხარდაჭერას.

მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე. დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი. ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე, დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია; შემაძლებინე, რომ სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი.

უფალო, სიმსუბუქე მიანიჭე ჩემს ხელს, როცა ბავშვს ვსჯი და სინაზე შეჰმატე, როცა ვეფერები. შემრისხე კიდეც, ტკივილი მომგვარე, უსიყვარულოს თუ დავტუქსავ.

შენ შემეწიე, უფალო, რომ ქვით ნაშენები ეს ჩემი სკოლა სულიერად აშენდეს და აღორძინდეს; ჩემმა თავდაუზოგავმა შემართებამ მოიცვას მისი უბრალო დერეფნები და სადა საკლასო ოთხები; შემეწიე, რომ ჩემი გული დედაბოძად შეუდგეს სკოლის შენობას და ჩემი თავდადება მდიდრული სკოლების მოოქროვილ სვეტზე უფრო ძლიერი და ჭეშმარიტი განძი გახდეს ჩემი სკოლისთვის.

ბოლოს კი, ველასკესის ფერგაცრეცილი ტილოს საშუალებით შემახსენე, რომ ამქვეყნად დიდი სიყვარულით ასწავლიდი, – ეს იგივეა, ჯვარცმული მაცხოვრისთვის ლონგინოზ ასისთავის მიერ ნაძგერები შუბით დაჭრილი და სიყვარულით ანთებული გულით მიატანო განკითხვის დღემდე.

ესპანურიდან თარგმნა: მანანა გიგინეიშვილმა

გაბრიელა მისტრალს დიდ ჩილელ პოეტს ლათინური ამერიკიდან პირველს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. მის ლირიკასა და პროზაულ პოემებში ადამიანის სულის უფაქიზესი განცდებია გამოხატული. მას მიაჩნდა, რომ რაციონალიზმის ეპოქამ, სასიკეთო ძვრებთან ერთად, სამყაროს უნივერსალური ჰარმონიისგან გაუცხოება გამოიწვია. ამ ჰარმონიის აღდგენას, მასთან ადამიანის სულის დაახლოებას ისახავდა მიზნად მისი შემოქმედება.

ის 17 წლის იყო, როცა სოფლის მასწავლებელი გახდა და მას შემდეგ წლების განმავლობაში სოფლებისა და ქალაქების საშუალო სკოლებში ასწავლიდა.

გაბრიელა მისტრალის „მასწავლებლის ლოცვა-ვედრება“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ახლობელი გახდა მრავალი მასწავლებლისთვის.

თანამედროვეობა, მოსწავლე…

0

(სამი სურათი „ცოდნის გემის“ კიჩოდან)

გერმანელი კოლეგის ტილმან კიზერის ლექცია-სემინარიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი და საფიქრალი წამოვიყოლე. მინდა, გაგიზიაროთ.

ტილმან კიზერი ჰიბერნიის ვალდორფის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი და დურგალია. ის ბავშვებს სასკოლო საგნებთან ერთად ხეზე მუშაობასაც ასწავლის. ხელობის გაკვეთილებზე ერთ-ერთი დავალება ხის გემის შექმნაა. გვიზიარებდა გერმანელი მასწავლებელი თავის გამოცდილებას და ასეთი რამ ახსენა:

„გემის გაზუმფარების პროცესი მონოტონური, ერთფეროვანია. საჭირო საქმეა, ოღონდ პროცესში შეიძლება დაგავიწყდეს, რას აკეთებ და რატომ. ასეთ დროს ობიექტისგან აბსტრაგირება, შორიდან შეხედვა და დაფიქრებაა საჭირო: რას ვაკეთებ? რისთვის? ხომ არ დამავიწყდა მიზანი? სად ვარ? საით მივდივარ? რა გეზი მაქვს? რას მივიღებ, როდესაც ამას დავასრულებ?“

ამ სურათხატოვანი ჩანართის შემდეგ მომხსენებელმა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რა არის დღეს სკოლის მიზანი და ფუნქცია? რა უნარებითა და ცოდნით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლე, რომ ის დამოუკიდებელ, ძლიერ, შემოქმედ, მოქმედ ადამიანად იქცეს?

აი, ის კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მონოტონური სასწავლო პროცესის დროს. ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულ მასწავლებელს, დღის, სემესტრისა და წლიური გეგმების, ათასგვარი ანალიზის, საწერის, ბიუროკრატიული ტვირთის წნეხქვეშ, პერიოდულად სჭირდება აბსტრაგირება, „ცოდნის გემისთვის“ გვერდიდან შეხედვა. კითხვების დასმა. მიზნების გამოკვეთა. ირგვლივ მიმოხედვა. რეალობის შეფასება. მოსწავლეებთან დაახლოება. მათი ხმის გაგონება. არა მარტო გაგონება, გააზრებაც: რას ამბობენ ისინი? რას უმკლავდებიან? რა ემოციურ მდგომარეობაში არიან?

გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან. შევხედოთ ჩვენი „ცოდნის გემს“. რას ვთავაზობთ მოსწავლეებს?

 

სურათი 1. გაკვეთილების „კალეიდოსკოპი“

დილის ცხრა საათიდან, 5-10-წუთიანი შესვენებებისა და დიდი შესვენების ჩათვლით, მოსწავლეები ესწრებიან რამდენიმე 45-წუთიან გაკვეთილს.

პირობითად, ავიღოთ საშუალო საფეხურის გაკვეთილების ცხრილი.

გაკვეთილების წყება დაიწყო ქართულით.

45 წუთში დასრულდა.

დასვენება.

მერე – 45 წუთი მათემატიკა.

დასრულდა.

+ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანი (ქიმია/ფიზიკა/ბიოლოგია…).

დასრულდა.

რომელიმე უცხო ენა.

სამოქალაქო.

დასრულდა.

თუ გაუმართლათ – სულ ესაა. თუმცა, უმეტესწად, 6 ან 7 გაკვეთილი ტარდება. თვალსაჩინოებისთვის საძიებო სისტემაში სიტყვების „გაკვეთილების ცხრილი საშუალო საფეხურზე“ შეყვანისას მოძიებულ პირველივე ცხრილს დავურთავ:

საქართველოს ისტორიის შემდეგ – ფიზიკური აღზრდა, ქიმია, მათემატიკა, ინგლისური, მეექვსე გაკვეთილად – ქართული და შემდეგ – ბიოლოგია.

კითხვა: რა რჩება სამუშაო დღის ბოლოს მოსწავლეს სხვადასხვა დარგის შემსწავლელი ამ შვიდი გაკვეთილიდან? ამ თანმიმდევრობით 45 წუთით საკლასო ოთახში შესვლა-გამოსვლის შედეგად რას იძენს ის? გასაგებია, რომ სასწავლო გეგმა, მიზნები და ამოცანები წლიურია, შედეგებსაც წლის (სემესტრების, შემაჯამებელი სამუშაოების) განმავლობაში ვიმკით, მაგრამ ასე დაგეგმილი სასწავლო პროცესი ნამდვილად ეფექტიანია? თანადროულია? შედეგიანია? საკუთარი თავი რომ წარმოიდგინოთ: ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის შემდეგ – ქიმიაზე, მერე კი ქართულზე, რომელსაც ბიოლოგია მოსდევს, – რა განცდა დაგეუფლებოდათ? რამდენად ახერხებს მოსწავლე ასე ფრაგმენტულად მიღებული ცოდნის გამთლიანებას? და თუ ახერხებს, როდის? როგორ? სამყაროს რა სურათს იღებს ხანმოკლე ინტერვალებით გამოყოფილ გაკვეთილებზე დასწრებისას?

ინტეგრირებული სწავლება ერთ-ერთია იმ მეთოდთაგან, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ რამდენად ხშირად ახერხებენ მასწავლებლები თანამშრომლობას? რა საგნები მიეწოდებათ მოსწავლეებს ისე, რომ მათ ინტერდისციპლინური კავშირების დახმარებით შეძლონ ცოდნის კონსტრუირება?

ვფიქრობ, ეს გაფანტული, ფრაგმენტული სურათი საგულისხმო ფაქტორია განათლების ხარისხზე მსჯელობისას. ეს მიდგომა – გაკვეთილების უთავბოლო წყება – რაღაცით კალეიდოსკოპში შემთხვევით შექმნილ ფორმას მაგონებს.

„დღეს სკოლების უმეტესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია დაიზუთხონ. წინათ ასეთი მეთოდი მართებულად მიიჩნეოდა, რადგან ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცოტა იყო… XXI საუკუნეში კი, პირიქით, უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციამ ლამისაა წაგვლეკოს. ასეთ სამყაროში ერთი რამ, რასაც მასწავლებელმა თავი უნდა აარიდოს, მოსწავლეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. ბავშვებს ეს ისედაც არ აკლიათ. ამის მაგივრად ადამიანებს ინფორმაციის გააზრება, მნიშვნელოვნისა და უმნიშვნელოს ერთმანეთისგან გარჩევა და, რაც მთავარია, სხვადასხვა ცნობის ურთიერთშერწყმით მსოფლიოს ზოგადი სურათის დანახვა უნდა ასწავლონ“, – წერს იუვალ ნოა ჰარარი წიგნში „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“. ამ წიგნში მკვლევარი თანამედროვეობის მწვავე და მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავს. განათლების, აზროვნების განვითარებისა და ადამიანის წინაშე დღეს არსებული სირთულეების გადასალახავად საჭირო უნარების მიმოხილვას ის საგანგებო „გაკვეთილს“ უთმობს. წიგნი საინტერესო საკითხავი იქნება მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს მნიშვნელოვანი „გაკვეთილები“ გასააზრებელი და დამაფიქრებელია.

 

სურათი 2. მიესაჯოს მერხთან ჯდომა!

მერხებთან დღის უმეტესი ნაწილის გატარება მართლა მოსახდელ სასჯელს ჰგავს. ეს შედარება შემზარავი კია, მაგრამ მოზარდების მთელი დღის განმავლობაში მერხებთან დასმა კიდევ უფრო შემზარავია. ფიზიკური აღზრდის კვირაში რამდენიმე საათი სურათს დიდად ვერ ცვლის.

მერხებთან უძრავად ჯდომა! ერთ კლასში. ერთ სივრცეში (ნიავდება მაინც?)!

სმენა! გაგონება! დაფას მიშტერება!

პარაგრაფიდან პარაგრაფამდე დამუშავება!

დაზუთხვა!

მოკლე შინაარსი!

პარაგრაფის შინაარსი – წერით!

კითხვებზე პასუხი – წერით!

უტრირებულია?

მაინც რამდენად უტრირებულია სასკოლო პროცესის ეს აღწერილობა?

მოსწავლეები სხედან და სხედან.

„აბა, რა უნდა ქნან?“ – ისმის შემხვედრი კითხვა.

მოზარდმა უნდა იმოძრაოს.

მოზარდმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეულის მართვა. გაუმჯობესება. უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი. გამოსცადოს ის სხვადასხვა სიტუაციაში. შემოქმედებით, ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას უნდა დაეუფლოს. ფიზიკური ვარჯიში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 45-წუთიანი გაკვეთილების წყება (შვიდჯერ ორმოცდახუთი!) მტანჯველია სხეულისთვის. რა თქმა უნდა, ამ სხეულში დაგროვდება ენერგია, რომელიც გამოთავისუფლებას მოითხოვს.

რატომ სხედან ჩვენი მოსწავლეები უძრავად 45 წუთის განმავლობაში?

„აბა, რა უნდა ქნან?“

უნდა იმოძრაონ.

შექმნან გაკვეთილზე ჯგუფები – გადაადგილდნენ ერთმანეთისკენ, დაჯგუფდნენ.

წყვილებს მიეცეთ დავალება: მოძებნეთ სკოლის შენობაში ან გარეთ (თუ უსაფრთხოა) სივრცე, აიღეთ 10 წუთი, იფიქრეთ მოცემულ დავალებაზე. დაბრუნდით და ნაფიქრი გაგვიზიარეთ.

ყოველი ნახევარი საათის შემდეგ ავდგეთ, ხელები ზევით. გაჭიმვა. კუნთების დაძაბვა. მოშვება. ადგილზე ხტუნვა. ხელ-ფეხის ქნევა.

სახალისოა.

დავსხედით – გავაგრძელეთ.

„გაკვეთილი არ არის გასართობი! გაკვეთილზე სმენა და გაგონებაა საჭირო!“

შესაბამისად, თითოეულს მიესაჯოს მერხთან ჯდომა.

აღსრულდეს დაუყოვნებლივ. ამიერიდან 12 წლის განმავლობაში.

როდის იკვლიონ გარემო? რამდენი სკოლა უზრუნველყოფს სკოლის შემოგარენში გასვლა-გასეირნებას? გასვლითი ღონისძიებები უმეტესად ექსკურსიებია ეკლესიებში, ტაძრებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება. მერე – სუფრა.

და ირგვლივ რა ხდება? რა ლანდშაფტია? რა არქიტექტურული სურათი? ფეხით სავალ ადგილზე საინტერესოს რას ვნახავთ? ერთი მასწავლებელი, ჩვენი ინტერნეტგაზეთის ავტორი, „ამბების შეგროვებას“ უწოდებს ამ აქტივობას. დადის მოსწავლეებთან ერთად. აკვირდებიან მოსწავლეები. შეიმეცნებენ. ემოციების ამოცნობას სწავლობენ. მოძრაობენ.

მეც…

საუკეთესო ხარისხის დავალებები მივიღე, არაჩვეულებრივი ნაწერები, როდესაც ვთხოვე:

ადექით, ჩადით ეზოში. იპოვეთ კენჭი. ამობრუნდით კენჭიანად.

როგორ გაცვივდნენ.

რა სწრაფად ამოვიდნენ, გაფაციცებულები: რა იქნება ახლა? რას მოიფიქრებს?

დაიდეთ კენჭი წინ და დაწერეთ მისი პირით:

რა მოხდა? როგორ აღმოვჩნდი ეზოდან მერხზე?

აღწერეთ საინტერესოდ. პირველ პირში.

ნაწერები ისეთია, კრებულად გამოცემა შეიძლება. კენჭების ამბები. ზოგი კენჭი შეშინებულია. ზოგი – აღტაცებული. ზოგი ჯერაც ჩანთაში ცხოვრობს. სხვებს ეზოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ. ზოგი წარსულს იხსენებს სადღაც ზღვისპირას.

ფერადი, განსხვავებული ამბები.

მოიფიქრეს, ნაფიქრი მოაწესრიგეს, სტრუქტურასა და ფორმაზე იფიქრეს, აბზაცებად დაალაგეს სათქმელი. გადმოსცეს. მეც ეს მინდოდა.

კიდევ ერთი სურათი, რაც „ცოდნის გემის“ შეთვალიერებისას ჩნდება, სწორედ ესაა – მერხთან უძრავად მჯდომი მოზარდი სხეული. მიწოლილი, გაწოლილი, თავჩარგული, მოგრეხილი, წელში გამართული (თუ მასწავლებელი მკაცრია, ხელები მერხზე!).

არადა… „მოძრაობა და მარტო მოძრაობაა… სიცოცხლის მიმცემი“…

 

 

სურათი 3. მოსწავლის ხმა და ხმაური – ვის დაკრულზე ვმღერი და ვცეკვავ?

 

ხმაურში გამოთავისუფლებული ენერგია არ იგულისხმება.

დღევანდელ ჩვენს სკოლაში რას გეგმავს მოსწავლე სათავისოდ? სად ისმის მისი ხმა? რას ირჩევს? როგორ ვეცნობით მის საჭიროებებს?

მოსწავლე უფროსების დაგეგმილი პროცესის უტყვი და უმოქმედო „მიმღებია“. მოსწავლეთა თვითმმართველობა შესაძლოა არსებობს, მაგრამ რეალურად რა პროცესებში მონაწილეობენ ბავშვები? რას გეგმავენ? რას ახორციელებენ?

სულ მრჩება განცდა, რომ ბევრს „ვაძალებთ“.

უნდა ისწავლო, იმიტომ რომ საჭიროა!

დიახ, ასე და არა სხვაგვარად, იმიტომ რომ ოდითგანვე ასე იყო!

მოისმინე! დაისწავლე! მოყევი! ზეპირად! თხრობით! მოკლე შინაარსი! ახლა მათემატიკა გაქვს! ახლა იმღერე – მუსიკაა. იმღერე, რასაც გამღერებენ!

იმღერე, რასაც გამღერებენ და იცეკვე დაკრულზე.

ასე შეიძლება ადაპტაციის კარგი უნარი გამოვუმუშაოთ მოზარდს. „გადასარჩენად“ უმნიშვნელოვანესი უნარია. ისმის გონივრული შეგონებები:

„მათ ხომ კონკურენტულ გარემოში მოუწევთ გასვლა. უნდა იცოდნენ ბევრი რამ. მათ შორის – შეგუება“.

ძნელია, შეეკამათო. ნამდვილად, გარკვეულ გარემოსა და კულტურაში „გადასარჩენად“ შეგუება, ადაპტაცია მნიშვნელოვანია. მაგრამ იქვე კიაფობს კითხვები. ეს შემაწუხებელი კითხვები: კი, მაგრამ ვინ იცის, როგორია მომავალი, ვინ იცის, რა უნარები და ცოდნა იქნება საჭირო ათი წლის შემდეგ…

ჰარარის ამაზეც უფიქრია:

„მაშ, რას უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს? პედაგოგიკის ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ სკოლები ე.წ. ოთხი კ-ს სწავლებაზე უნდა გადავიდნენ:

კრიტიკული აზროვნება

კომუნიკაცია

კოლაბორაცია

კრეატიულობა“.

ცვლილებებთან გამკლავება, ახალი საგნების შესწავლისა და უჩვეულო, მოულოდნელ გარემოებებში ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნების უნარი მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

იქვე: „ადამიანი დროს რომ არ ჩამორჩეს, მას არა მხოლოდ ახალი იდეების მოფიქრება და პროდუქტების გამოგონება უნდა შეეძლოს, არამედ (რაც მთავარია) არასდროს უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის განახლება“.

რადგან… „ცვლილება ერთადერთი მუდმივაა“, პრეადაპტაციის უნარიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. განსხვავებული, ახლებური ფუნქციის მინიჭება, ახალ გარემოში სწრაფი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეადაპტაცია „კარგ გამგონეს და კარგ შემსრულებელს“ ნაკლებად განუვითარდება.

შემოქმედებითი მიდგომა, ახლებური გააზრება, ჩარჩოებს მიღმა ფიქრი და ქმედება – რამდენ დროს ვუთმობთ ამ ყველაფერს სკოლებში?

კარლ სეიგანი თავის „კოსმოსში“ წერს:

„ევოლუციამ განაპირობა, რომ ჩვენ ახალი მოვლენის შეცნობა გვსიამოვნებს, რადგან მას, ვისაც ამგვარი გააზრების უნარი გააჩნია, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ეძლევა“.

ახალი მოვლენების შეცნობას, აღქმა-გაგებას, გააზრებას ადაპტაციურთან ერთად პრეადაპტაციური უნარების გამომუშავებაც სჭირდება.

მთავარი კითხვა, რომელიც მთელ ამ „თავისუფალ ბლოგს“ იტევს, ესაა:

შინაარსების გადამუშავებითა და დამახსოვრებით, მერხთან უძრავად, „წესიერად“ ჯდომით, უინიციატივოდ პროცესის მიყოლით რამდენად შეიძლება, თანამედროვე სამყაროში მცხოვრები მოზარდი სათანადო უნარებით აღიჭურვოს?

სკოლებში შეცნობის, შემეცნების სიამოვნებასა და სიხარულს, ქმედებას, შემოქმედებას რამდენი დრო ეთმობა?

სწავლაში ჩამორჩენის მიზეზები და მათი დაძლევის გზები

0

მოსწავლის სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლების ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა იყო ყოველთვის და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის დღესაც განათლების სისტემის ქვაკუთხედი და ყველაზე „მტკივნეული“ თემაა. ყველაზე სამწუხაროა, თუ აღნიშნული პრობლემა დროულად არ იქნება მოგვარებული, ის შეიძლება უამრავი სხვა, თანამდევი პრობლემის აღმოცენების მიზეზად იქცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებით კლასებში, იმისთვის, რომ მან ქრონიკული სახე არ მიიღოს, დაუძლეველ სირთულედ არ იქცეს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში და დამანგრეველი ეფექტი არ ჰქონდეს ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში. ასეთ შემთხვევაში სკოლის მისია შეიძლება დაუძლეველ ოცნებად დარჩეს, რადგანაც სკოლის მიზანი დღეს მოქმედი განათლების კანონის მიხედვით ბავშვისთვის მხოლოდ გარკვეული ცოდნის გადაცემა კი არ არის, არამედ მისი პიროვნების ფორმირების სწორი მიმართულებით წარმართვა, მასში გარკვეული უნარ-ჩვევების და განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაცაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ნებისმიერ პრობლემაზე, მათ შორის ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის პრობლემაზე მუშაობას და მის დაძლევაზე ზრუნვას ჯერ კიდევ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში დავიწყებთ. ერთი მხრივ, დაწყებით კლასებში სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა და მისი დაძლევა ბევრად უფრო იოლი იქნება; მეორე მხრივ, უმცროსკლასელებში უფროსების, განსაკუთრებით კი პედაგოგის ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მისი ნებისმიერი ქმედება ბავშვისთვის არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება, რაც ასევე აიოლებს პრობლემის მოგვარებას.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ პრობლემა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის, ვერ მოგვარდება, თუ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნება დაძლეული. გამონაკლისს ამ მხრივ არც სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, მთელი რიგი მიმართულებებით, შეიძლება საკმაოდ განსხვავებული და სპეციფიკური იყოს. ამდენად, თუ გვინდა დავძლიოთ სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა, გამოვკვეთოთ ის მიზეზები, რომლებიც განვითარების კონკრეტულ ეტაპზე აღნიშნული პრობლემის განმაპირობებელი ხდება.

უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • დაწყებით კლასებში ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მნიშვნელოვანი და საყურადღებო მიზეზი სკოლაში შემოსვლის მომენტისთვის ბავშვის სკოლისათვის მზაობის, კონკრეტულად კი მისი ინტელექტუალური მზაობის არარსებობა წარმოადგენს. სასკოლო სწავლება საკმაოდ სერიოზული დატვირთვაა ექვსი წლის ბავშვისთვის და, თუ მას ის ფსიქიკური პროცესები (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება), რამაც მისი სასწავლო წარმატება უნდა უზრუნველყოს, არ ექნება სათანადო დონეზე განვითარებული, უახლოეს მომავალში სერიოზული სასწავლო პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ხშირად სიტუაციას ართულებს მშობლების დამოკიდებულება სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ერთი-ორი თვის გამო არ ღირს მთელი წლის დაკარგვა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ხუთი წლის შვილმა სასკოლო სწავლება დაიწყოს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 5-დან 6 წლამდე პერიოდში ბავშვის განვითარებაში ცვლილებები ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ სხვა ასაკობრივ საფეხურზე შეიძლება მას თვეები და წლებიც კი დასჭირდეს. ამდენად, ბავშვის სკოლაში ნაადრევად შეყვანა შეიძლება მოგვიანებით სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის. უფროსები კი ისეთი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, რასაც მარტივად ნამდვილად ვერ გავუმკლავდებით.
  • დაწყებით კლასებში სწავლაში ჩამორჩენილ, წარუმატებელ მოსწავლეებს შორის ხშირად გვხვდებიან მეტყველების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვები. მეტყველება ერთ-ერთი ცენტრალური, უმნიშვნელოვანესი ფსიქიკური ფუნქციაა. ის უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკური პროცესების ჩამოყალიბებაზე და მის საერთო გონებრივ განვითარებაზე. აზროვნების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მეტყველების განვითარებაზე. მეტყველება დიდ როლს თამაშობს ბავშვის ქცევისა და საქმიანობის რეგულაციაში მისი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ მეტყველების, ზეპირი და წერითი მეტყველების დახმარებით მოუწევს ბავშვს ცოდნის მთელი სისტემის ათვისება. ამდენად, მეტყველების არასათანადო განვითარება, დიდი ალბათობით, შეიძლება ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცეს. სამწუხაროდ დღეს, ერთი მხრივ, მშობლების დაკავებულობამ და შვილებთან მეტყველებითი კომუნიკაციის ნაკლებობამ, მეორე მხრივ კი კომპიუტერულ ტექნიკაზე ბავშვების მიჯაჭვულობამ სერიოზული პრობლემები შექმნა მათი მეტყველების განვითარებაში, რამაც თავისებური ნეგატიური ასახვა უკვე პოვა სასწავლო პროცესში;
  • უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთი სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს პრობლემები მის ფიზიკურ განვითარებაში. სასკოლო სწავლება სერიოზული დატვირთვაა ბავშვის არა მხოლოდ ფსიქიკისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც. ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა სწავლაში წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუ ბავშვი არასათანადო ფიზიკური განვითარებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობს, აცდენს გაკვეთილებს, დიდი ალბათობით მას აუცილებლად შეექმნება პრობლემები სასწავლო პროცესში.
  • ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის და დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს სასწავლო საქმიანობისადმი დადებითი, მდგრადი მოტივაციის ნაკლებობა. მოტივაციური სფეროს ჩამოუყალიბებლობა უარყოფით გავლენას ახდენს ცოდნის ათვისების უნარზე და სასწავლო საქმიანობაში ბავშვის წარმატებაზე. სკოლამდელი პერიოდის ბოლოს და სასკოლო სწავლების დასაწყისისთვის, როგორც წესი, ბავშვს უძლიერდება შემეცნებითი ინტერესები, სწავლის სურვილი და მოუთმენლად ელის სკოლაში სწავლის დაწყებას. თუმცა, არცთუ იშვიათად სკოლაში მოსული ასეთი ბავშვი კარგავს ინტერესს სასწავლო საქმიანობის მიმართ, მისი მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას, ხდება მისი განხიბვლა და შეიძლება გააპროტესტოს კიდეც სკოლაში სიარული. ბავშვის სკოლისადმი ინტერესის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ მას წინასწარ ასწავლეს წერა-კითხვა, თვლა და ახლა საინტერესო აღარ არის მისთვის იმ გარემოში ყოფნა, სადაც იმას ასწავლიან, რაც მან უკვე იცის. დაწყებით კლასებში ბავშვის სასწავლო მოტივაციას სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ასევე მისმა უზომო დატვირთვამ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდან მშობელი ცდილობს სკოლაში სწავლის პარალელურად ჩართოს ბავშვი სხვადასხვა სახის წრეობრივ სამუშაოში და დააკავოს ისეთი საქმით, რომელიც შეიძლება მას საერთოდ არ აინტერესებდეს, რაც მასში სერიოზულ პროტესტს ბადებს და მის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სასწავლო მოტივაციაზე ნეგატიურად აისახება.

რეკომენდაციები უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის დასაძლევად:

  • სასწავლო საქმიანობაში წარუმატებლობის მიზეზების მრავალფეროვნება ართულებს მასწავლებლის საქმიანობას მათი გამოვლენის და დაძლევის მიმართულებით. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ის ირჩევს სწავლაში ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობის ტრადიციულ გზას – დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, რაც მოიაზრებს ძირითადად განვლილი სასწავლო მასალის განმეორებას. თუმცა, ეს სამუშაო, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, უსარგებლო აღმოჩნდება ხოლმე და სასურველ შედეგს არ იძლევა. ეს ბუნებრივია, რადგანაც თუ ბავშვს მაგ. აზროვნების განვითარებაში აქვს პრობლემა, ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ სააზროვნო უნარების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე ვიმუშაოთ, კვლავ და კვლავ განვლილ სასწავლო მასალას ვამეორებინებთ, ეს მის სასწავლო საქმიანობას წინ ნამდვილად ვერ წაწევს და ვერც ვერაფერს შემატებს;
  • უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის დასაძლევად ჩამორჩენის გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ საჭიროა საკორექციო მუშაობის ჩატარება კონკრეტული მიმართულებით. სასურველია მშობელთან ერთად შედგეს სამუშაო გეგმა და საკორექციო პროგრამა გამომწვევი მიზეზების სრულად ან ნაწილობრივ დასაძლევად. არ იქნება გამართლებული პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი მხარისთვის, ოჯახისთვის ან სკოლისთვის გადაბარება. საჭიროა სკოლისა და ოჯახის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება;
  • მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ კონკრეტული ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, გავარკვიოთ, რის გაგება, სწავლა და ათვისება შეუძლია მას თავად უფროსის მინიმალური დახმარებით იმისათვის, რომ ჩვენ მიერ ორგანიზებულმა სასწავლო პროცესმა და მიწოდებულმა სასწავლო მასალამ მის განვითარებას შეუწყოს ხელი და დაეხმაროს მას სასწავლო წარმატების მიღწევაში;
  • მიუხედავად იმის, რომ კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე ძირითადად ერთი ასაკის ბავშვებთან გვიწევს მუშაობა, მოსწავლეთა ჯგუფები ერთგვაროვანი არასოდეს არის. ერთ ჯგუფში მყოფი ბავშვები, როგორც წესი, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი შესაძლებლობებით, უნარებით, ინტერესებით, პიროვნული თავისებურებებით. ყოველივე ამის გამო, სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, აუცილებელია სასწავლო პროცესში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებით ხელმძღვანელობა, ინდივიდუალური მიდგომა და დავალებების დიფერენცირება.
  • გავითვალისწინოთ და ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვების უმეტესობა სასკოლო სწავლებას დიდი ენთუზიაზმითა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებით იწყებს. თუმცა, ამა თუ იმ მიზეზის გამო შესამჩნევი წარმატებების არარსებობა და მით უმეტეს წარუმატებლობა უკვე დაწყებით კლასებში ბევრ მოსწავლეში ბადებს იმედგაცრუებას და სწავლისადმი ინტერესის დაქვეითებას. თუ ბავშვს დროულად არ აღმოვუჩენთ საჭირო დახმარებას, მასში თანდათან ჩაქრება საკუთარი ძალების რწმენა და წარუმატებლობა, სწავლაში ჩამორჩენა ქრონიკულ ხასიათს მიიღებს, რაც თავის მხრივ, ბევრად გაართულებს პრობლემის დაძლევას.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ სწავლაში ჩამორჩენილ ბავშვთან მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, შრომატევადი სამუშაოა და მისი წარმატებით დასრულება დამოკიდებულია, როგორც მასწავლებლის მოთმინებასა და დაჟინებულობაზე, ასევე მშობლების მხრიდან დახმარებაზეც, მაგრამ მთავარი მაინც თავად მოსწავლის სურვილია. გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა, შევუქმნათ წარმატების განცდის პირობები მისი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო დავალებების შეთავაზებით, რაც, თავის მხრივ, მასში სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გახდება და სასწავლო მოტივაციასაც აუმაღლებს.

 

 

 

 

ბერტილიონაჟი და დაქტილოსკოპია

0

1903 წლის 1 მაისს კანზასის შტატის ქალაქ ლივენვორტის ციხეში პატიმარი მიიყვანეს, ვინმე უილიამ ვესტი. გადაუღეს პროფილის და პირდაპირი სურათები, გაუზომეს ყველაფერი, ცხვირი, ყურები, გაშლილი ხელების სიგრძე, მხრები და რა ვიცი კიდევ, რა აღარ. მის საბუთებში სულ 14 მაჩვენებელი იყო შეტანილი. ამ პროცედურას ფრანგი გამომძიებლის ფრანსუა ბერტილიონის პატივსაცემად, ბერტილიონაჟი ეწოდებოდა. სწორედ მან შემოიღო მსოფლიოში პირველი ანთროპომეტრული სისტემა. ბერტილიონი ძირითადად პრეფექტურაში აკეთებდა ჩანაწერებს. სწორედ იქ მიაქცია ყურადღება, რომ სავარაუდო დამნაშავეების აღწერა მოწმეების მხრიდან ძალიან ბუნდოვანი იყო და ამ მონაცემებით, ფაქტობრივად მათი დაჭერა შეუძლებელი ხდებოდა. მით უმეტეს, თუ დამნაშავე, მაგ. სახელს შეიცვლიდა, მისთვის ჩადენილი დანაშაულის დამტკიცება შეუძლებელი იყო. პოლიციელები იმ ძველ დროს მისტიროდნენ, როცა დამნაშავეებს დაღს ასვამდნენ, რათა ყველას სცოდნოდა მათი ავკაცობის შესახებ. ჰოდა, ბერტილიონმა მთელი რიგი პარამეტრების გაზომვა შესთავაზა კოლეგებს. კარგი, ვთქვათ სიმაღლე და ფეხის ზომა დაემთხვა, შეუძლებელი იქნებოდა 14-ვე პარამეტრის დამთხვევა და დამნაშავე გამომჟღავნდებოდა, თუნდაც ახალი სახელით და მიწებებული ულვაშებით. ეს გამართლებული იყო მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის. ანუ, მისთვის, ვინც უკვე გაიზარდა და სხეულის ზომები აღარ შეიცვლებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბერტილიონაჟი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა.

როდესაც უილიამ ვესტი გაზომეს, აღმოჩნდა, რომ ის ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი, სხვა სახელით და თანაც მკვლელობის საქმეზე. ვესტმა „ქოში უკუღმა ყარა“, რა მკვლელობაო, რას ამბობთო, პირველად დავარღვიე კანონი, პატარა ვიქურდეო. ადგნენ და ადრე აღებული პარამეტრები აჩვენეს, რომლებიც ზუსტად ემთხვეოდა ახლად აღებულ გაზომვებს, მაგრამ ერთი რამე იყო გაუგებარი – კარტოთეკიდან აღებულ ბარათზე ეწერა, რომ ის სხვა კაცი უკვე იჯდა გასული წლის სექტემბრიდან, თანაც უვადო სასჯელი ჰქონდა მისჯილი. გამოიყვანეს და ამ ახლად გამომცხვარ ქურდს დაატოლეს. წლოვანების ჩათვლით თოთხმეტივე პარამეტრი ერთი-ერთზე დაემთხვა.

სწორედ ამ დროს ციხის უფროსს, ბატონ მაკლაფის წამოუძახია:

  • აი, ბატონო, ბერტილიანაჟის დასასრულიც დადგაო. არაა სანდო და ეგ არისო.

ბერტილიონის გაზომვები კიდევ დიდხანს იყო აქტუალური. თუმცა, პარალელურ რეჟიმში დაქტილოსკოპიაც შემოიღეს. ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ავსებდა.

დაქტილოსკოპია, ანუ თითის ანაბეჭდების აღება ორი პრინციპით იყო გამართლებული: პირველი, ის რომ თითის მიერ დატოვებული კვალი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცვლება. მეორე კი ის, რომ ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი არ არსებობს. თუმცა, ეს უკანასკნელი ბოლომდე დამტკიცებული არ არის.

თითის ანაბეჭდებს ადრე ხელმოწერის ნაცვლად იყენებდნენ. ასე მაგალითად, თითის ანაბეჭდები ბაბილონში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზეა აღმოჩენილი, ასევე ძველი ეგვიპტის პაპირუსებსა და ძველი ჩინეთის საბუთებზე.

მეცხრე საუკუნეში, არაბმა ვაჭარმა აბუ ზეით ჰასანმა აღწერა ჩინელი ვაჭრები, რომლებიც ვექსილების სისწორეს თითის ანაბეჭდებით ამოწმებდნენ. ასევე, პატიმრების თითის ანაბეჭდებს ჯერ კიდევ ჰამურაბის ეპოქაში იღებდნენ და იყენებდნენ.

არსებობს ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადება-ადერმატოგლიფია, როდესაც თითის ანაბეჭდები ადამიანს საერთოდ არ აქვს. სიმართლე გითხრათ, მიზეზის ძალიან ჩაძიება და მოძებნა დამეზარა, რომელიღაც სპეციფიკური ცილის სინთეზის არარსებობის გამო, ასეთ ადამიანებს ხელის და ფეხის მთლიანად გლუვი ზედაპირი ჰქონიათ.

მოკლედ, თითების ანაბეჭდები ევროპაში იცოდნენ. თუმცა, აქტიურად მხოლოდ 1858 წლიდან დაიწყეს გამოყენება და ისიც ბრიტანელებმა. სერ უილიამ ჰერშელმა ინდოეთში თავისი მუშების ხელის გულის ანაბეჭდების შეგროვება დაიწყო. ამ მუშებმა ინგლისური არ იცოდნენ და ანაბეჭდები ხელმოწერას ცვლიდა. ასევე იღებდა პენსიაში გასული იმ ადამიანების თითების ანაბეჭდებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან სარგო ეკუთვნოდა. ასე არეგულირებდა იმას, რომ პენსიონერის გარდაცვალების შემდეგ მის ნათესავებს ფულის აღება არ გაეგრძელებინათ. ასევე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავადაც მუდმივად იღებდა თავისივე ხელის ანაბეჭდებს და ამით ამტკიცებდა, რომ ისინი არ იცვლებოდა. მოგვიანებით ჰერშელს კამათი მოუვიდა და მტკიცებულებები დასჭირდა ვინმე ექიმ ჰენრი ფოლდთან, რომ სწორედ მან, პირველმა დაიწყო ანაბეჭდების დანერგვის პრაქტიკა. ექიმმა ფოლდმა 1874 წელს იაპონიაში პირველი ინგლისურენოვანი მისია გახსნა. აქვე ჰქონდა საავადმყოფოც. ერთხელ, იაპონიის არქეოლოგიური გათხრების დროს, რაღაც ქოთანზე ვიღაც ძველი იაპონელის თითის ანაბეჭედები შენიშნეს. მიიტანეს ფოლდთან შესასწავლად. მანაც ადგა და თავის და თავისი მეგობრების თითის ანაბეჭდებს შეადარა. მივიდა დასკვნამდე, რომ ანაბეჭდები თითოეული ადამიანისთვის უნიკალურია. ამის შემდეგ გაიქურდა მისი საავადმყოფო. პოლიციამ ეჭვების საფუძველზე ერთი მომსახურე პერსონალი დააპატიმრა. თუმცა, ფოლდსი დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში. ამიტომ, ანაბეჭდების მეთოდი გამოიყენა. დაპატიმრებულის ანაბეჭდი შეადარა დანაშაულის ადგილზე დატოვებულ ანაბეჭდებს. ისინი განსხვავებული აღმოჩნდნენ. ამის საფუძველზე ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. ანუ, ანაბეჭდები პირველად იქნა ადამიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოყენებული. ამის შესახებ ფოლდმა 1885 წელს სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში შემოთავაზებული იყო იდეა, რომ გაკეთებულიყო ყველა ადამიანის ანაბეჭდის ბაზა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ. სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ჟურნალს აღშფოთებულმა ჰერშელმა მისწერა. ის წერდა, რომ ინდოეთში მუშებისთვის გაცილებით ადრე იყენებდა ანაბეჭდების მეთოდს. ამის შემდეგ ამ ორ ბატონს შორის კინკლაობა და სალანძღავი მიმოწერა დაიწყო, მაგრამ ეს დაახლოებით შეელე-პრისტლის მიერ ჟანგბადის აღმოჩენის ამბავს ჰგავს. ორივე აღმომჩენად ითვლება და ორივეს დამსახურებაა.

ამ იდეით მაშინვე არცერთი ქვეყნის პოლიცია არ აღფრთოვანებულა. მხოლოდ 1892 წელს არგენტინის პოლიციის ოფიცერმა ხუან ვუჩტიჩმა შექმნა მსოფლიოში პირველი ანაბეჭდების კარტოთეკა და უკვე იმავე წელს დაქტილოსკოპიის მეთოდით ნაპოვნი იქნა დამნაშავე, ვინმე ფრანჩესკა როხასის საქმეში. ფრანჩესკა სახლში ყელზე ჭრილობებით, მისი შვილები კი მოკლულები იპოვეს. როდესაც ქალი აზრზე მოვიდა, შვილების მკვლელობა და თავდასხმა მეზობლის კაცს დააბრალა. ის საბრალოც სასტიკი წესებით დაჰკითხეს, მაგრამ ყველაფერი იუარა. ბოლოს რა მოხდა, იცით? სახლში ანაბეჭდები იპოვეს. მეზობლის კაცის ხელებს არცერთი არ დაემთხვა. საერთოდაც, სახლში უცხო ანაბეჭდი არ აღმოჩნდა, ყველა ფრანჩესკას ეკუთვნოდა, რომელმაც მოგვიანებით შვილების მკვლელობა და საკუთარი თავის განზრახ დაზიანება აღიარა.

დღეს თითის ანაბეჭდებს სპეციალური ფხვნილით ამჟღავნებენ. აი, ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ამ მეთოდის მასობრივი გამოყენება დაიწყეს, მათ იოდის ორთქლით ხდიდნენ ხილულს. მეთოდის ავტორი პოლ ჟან კულიე გახლდათ. შემდეგ გადავიდნენ ლიკოპოდიუმის ფხვნილზე, რომელიც მცენარის, გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენლის მტვერს შეიცავდა.

ლაბორატორიაში იოდის გარდა, სხვა რამდენიმე მეთოდიც შეიძლება გამოვიყენოთ.

ნიმუშზე დავასხუროთ ან ფუნჯით დავატანოთ ვერცხლის ნიტრატის 3%-იანი ხსნარი. რეაგენტი ურთიერთქმედებს ანაბეჭდში არსებულ ოფლით გამოსულ მარილთან და ვერცხლის ქლორიდის სახით თეთრი ნაფიფქი წარმოიქმნება.

NaCl+AgNO3=AgCl+NaNO3.

ზოგჯერ ნიმუშს გამოხდილი წყლით გადარეცხავდნენ, რომ ჭარბი ნიტრატი მოეცილებინათ და შემდეგ მზის შუქით ან ულტრაიისფერი ლამფით გააშუქებდნენ. ულტრაიისფერი გამოსხივების შემდეგ ანაბეჭდის ადგილი მოშავო ხდება. ეს მეთოდი იოდთან შედარებით უფრო იშვიათად გამოიყენება, რადგან ვერცხლის ნიტრატი უფრო ძვირი და სახიფათოა.

თითის ანაბეჭდის გამოვლენის კიდევ ერთი მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თითების კვალში რჩება ამინომჟავების ნარჩენები. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინომჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1%-იან ნინჰიდრინის სპირტხსნარს (აცეტონშიც შეიძლება გაიხსნას). ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდზე ფერის ცვლილება ნელა გამჟღავნდება და სრული გამოვლინებისთვის ერთი ან ორი საათი დასჭირდება. თუ ნიმუშს გავაცხელებთ, პროცესიც დაჩქარდება.

განათავსეთ ნიმუში რაიმე ზედაპირზე და მიასხით ნინჰიდრინის ხსნარი. ოთახის ტემპერატურაზე ნინჰიდრინს მოქმედებისთვის 24 საათი სჭირდება, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში უფრო მალე მჟღავნდება. ანაბეჭდი ვარდისფერ შეფერილობას იღებს.

სხვა, დამატებითი ნიმუში შეგიძლიათ ასევე ნინჰიდრინით დაამუშაოთ და გაათბოთ, რათა გამჟღავნების პროცესი დაჩქარდეს.

დღეს, 21-ე საუკუნეში ისევ იგივე მდგომარეობა გვაქვს და აღიარებულია, რომ თითოეულ ადამიანს ხელისა და თითების უნიკალური ანაბეჭდები აქვს. თუმცა, თუ მაინც საოცრება მოხდა, თქვენი ანაბეჭდი ვინმე ცუდი კაცის ანაბეჭდებს დაემთხვა (როგორც, უილიამ ვესტს დაემართა ბერტილიონაჟის დროს) და დანაშაულში ეჭვმიტანილი გახდით, გული არ გაიტეხოთ, რადგან უკვე გენეტიკური ანალიზიც ხელმისაწვდომია.

ამ ამბებზე სხვა დროს ვისაუბროთ.

 

მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი პროგრამა – ახალი შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის

0

კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, სკოლა-ლაბი, პროგრამა „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“. უკვე შექმნილია საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სახელმძღვანელო („მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საბაზო საფეხურზე“), შემუშავებულია თვითმართვადი ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის და დასრულებულია საგრანტო კონკურსი, რომელში გამარჯვებული პროექტებიც 2023 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში განხორციელდება.

სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში ამ მიმართულებით დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. საქართველოში ამ პრაქტიკის დანერგვის საჭიროება მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც პანდემიის დროს სკოლებში შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები, აკადემიურთან ერთად, მნიშვნელოვან სირთულეებს ეჯახებოდნენ სწორედ სოციალური და ემოციური უნარების განვითარების კუთხით.

პანდემიის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესაფასებლად სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა „განათლების კოალიციის“ მიერ ორგანიზებულმა პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების კვლევამ ცხადყო, რომ ზიანი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საბაზისო საფეხურზე, რომელსაც მოსწავლეების ტრანზიციის პროცესისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულიყო სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა ქართული სკოლებისთვის.

„დისტანციური სწავლისა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ კონტექსტზე დაკვირვებით ვნახეთ, რომ, გარდა აკადემიური დანაკარგებისა, მოსწავლეები მიდრეკილნი იყვნენ შფოთვისა და დეპრესიისკენ, უჭირდათ თანატოლებთან თანამშრომლობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თვითრეგულაციის უნარების დეფიციტის გამო უმძიმდათ კონცენტრირება და სწავლა. სწორედ ამან გვიბიძგა, ისეთი მიდგომა შეგვეთავაზებინა მასწავლებლებისთვის, რომელიც ამ თვალსაზრისით გააძლიერებდა მოსწავლეებს და შეუქმნიდა მათ საჭირო მზაობას, სრულფასოვნად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში.

იმავდროულად, ჩვენი მიზანი იყო, შეთავაზებული მოდელი დამატებით ტვირთად არ ქცეულიყო მასწავლებლებისთვის მათ საგნის სწავლებასთან ინტეგრირებულად შესძლებოდათ სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა“, – გვიხსნის სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი მერი ქადაგიძე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საბაზისო დონეზევე შეიქმნას კლასში დადებითი კლიმატი და ჩამოყალიბდეს გულისხმიერი ურთიერთობები. ჩანაფიქრის არსია, მასწავლებელმა გაიაზროს, რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჰოლისტური განვითარება თუნდაც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

როგორც კი მასწავლებლებმა დაიწყეს დაკვირვება იმაზე, რომელ სტრატეგიებს იყენებდნენ ან რამდენად მკაფიო იყო მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ უნარებზე მუშაობის პროცესი, უფრო უკეთესად დაინახეს შედეგები. რაც მთავარია, ისინი ალაპარაკდნენ არა „კლასზე“ როგორც ერთიან ამორფულ ორგანიზმზე, არამედ ცალკეულ ბავშვებსა და ცალკეულ პრობლემებზე“, – გვიზიარებს თავის გამოცდილებას ლიკა ქურციკიძე, მასწავლებლებისთვის შექმნილი პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორი.

სახელმძღვანელოზე მუშაობისას ლიკა მასწავლებლებთან ერთად ცდიდა ყველა მიდგომას, ითვალისწინებდა მათ გამოცდილებას და იღებდა უკუკავშირს. გარდა იმ მასწავლებლებისა, რომლებიც უშუალოდ გაკვეთილებზე ტესტავდნენ სოციალური და ემოციური უნარების განმავითარებელ სავარჯიშოებს, პროცესში ჩართული იყვნენ განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სკოლის დირექტორები. მოდელი, რომელიც სკოლა-ლაბმა შეიმუშავა, გულისხმობს არა დამატებით ღონისძიებებს დამატებით დროში, არამედ საგაკვეთილო პროცესში აქტივობების ისე დაგეგმვას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება.

„ეს გულისხმობს, რომ მასწავლებელი დამოუკიდებლად ან კონსულტანტის დახმარებით აკვირდება საკუთარ სასწავლო პრაქტიკას და აფასებს მას, რათა დაადგინოს, ძირითადად რა საჭიროებები აქვთ მოსწავლეებს მის სასწავლო გარემოში ან რომელ კომპეტენციაზეა სასურველი მეტი აქცენტის დასმა. ჩვენი სტანდარტით, გამოყოფილია სამი ძირითადი კომპეტენცია: თვითრეგულაცია, თვითცნობიერება და ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი საჭიროებებს დაადგენს, სასურველია, მხარდამჭერ სპეციალისტთან ან გამოცდილ კოლეგასთან ერთად გაწეროს სამოქმედო გეგმა, რომლითაც არანაკლებ ერთი სემესტრი იმუშავებს. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი კოლეგებსაც უზიარებს გამოცდილებას და ბავშვებსაც ეკითხება რჩევას. ჩვენი მიდგომის მთავარი ხაზი ის არის, რომ პედაგოგს არ სჭირდება ზეგანაკვეთური შრომა ან საკლასო გარემოს მიღმა აქტივობების მოფიქრება ამ კომპეტენციების განსავითარებლად.

მოდელის წარმატებისთვის გადამწყვეტია, მასწავლებელი თვითონვე იყოს მოტივირებული, მაღალი თანაგანცდის უნარით ეკიდებოდეს მოსწავლეებთან ურთიერთობას და თავად ახდენდეს ყველა იმ კომპეტენციისა და უნარის მოდელირებას, რომელთა განვითარებაც მათთვის სურს. მაგალითად, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს კომუნიკაციის დროს ემპათიის მნიშვნელობაზე მიანიშნებს, თავადაც უნდა აჩვენოს ემპათიის მაგალითი. სწორედ საბაზისო უნარების განვითარებას ემსახურება ის კურსიც, რომელიც მასწავლებლებს შევთავაზეთ“, – ამბობს მერი ქადაგიძე.

კურსი სამი მოდულისგან შედგება:

. სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის ჩარჩო, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მნიშვნელობას და აქტუალურობას, სამიზნე კომპეტენციებისა და უნარების აღწერას და დანერგვის დონეებსა და სტრატეგიას;

. მხარდამჭერი საკლასო კლიმატი. ამ მოდულში განიხილება მოზარდი ასაკის მახასიათებლები, კლასის მოწყობის პრინციპები და საკლასო შეთანხმების ჩამოყალიბების გზები;

. სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი მიდგომები, მეთოდები და სტრატეგიები. ამ მოდულის მიზანია მოდელირების ტექნიკის გაცნობა, მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების წარმოჩენა, კონკრეტული სტრატეგიების აღწერა თვითცნობიერების, თვითრეგულაციისა და ურთიერთობების განსავითარებლად.

კურსი წარმოდგენილია გახმოვანებული პრეზენტაციის სახით. მოდულებს თან ახლავს შესაბამისი საკითხავი თუ საილუსტრაციო მასალა. თითოეული მოდულის დასასრულს კურსი მონაწილეს სთავაზობს სარეფლექსიო კითხვებს და ქვიზს.

სისტემაში რეგისტრაციისა და კურსის დაწყების შემდეგ მონაწილეს შეუძლია, მოდულები მისთვის მისაღები ტემპით სასურველ ვადებში მოისმინოს და დახუროს. კურსის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მას გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ელექტრონული სახით ავტომატურად მიუვა მითითებულ მისამართზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრაქტიკის დანერგვა მასწავლებლებისთვის არც მატერიალურ მოტივაციას და არც სტატუსის ცვლილებას არ ნიშნავს, მისით საკმაოდ ბევრია დაინტერესებული. მერის დაკვირვებით, პანდემიის შემდეგ პედაგოგებს გაცილებით მეტად უჭირთ ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვა, ხოლო მოსწავლეებისთვის სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება საკლასო გარემოს გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესში უკეთესად ჩართვის ერთ-ერთი გზაა.

სიყვარულით, გოგონებს

0

„პარფიუმერიის მაღაზიის ვიტრინაში ჭორფლის საწინააღმდეგო კრემით სავსე უზარმაზარი ქილა იდგა. ქილაზე დიდი ასოებით ეწერა: „თქვენ ჭორფლი გაწუხებთ?“ პეპიმ მაღაზიის კარი შეაღო და შევიდა. დახლთან ხანში შესული ქალი იდგა. პეპი პირდაპირ მისკენ გაემართა და მტკიცედ უთხრა:

– არა!

– რა გინდა, გოგონი? – გაკვირვებით ჰკითხა ქალმა.

– არა! – იმავე ტონით უპასუხა პეპიმ.

– ვერ გამიგია, რისი თქმა გსურს?

– არა, მე არ მაწუხებს ჭორფლი. პირიქით, ძალიანაც მომწონს, ნახვამდის.

პეპი კარისაკენ გაემართა, მერე უცებ დახლისკენ შემოტრიალდა და დაამატა:

– აი, ისეთი კრემი თუ გაქვთ, ჭორფლი რომ უფრო დამეტყოს, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ შინ შვიდი-რვა ქილა“.

ცოტა ხნის წინ ჩემს გოგონას (უკვე ვეღარც ვითვლი, მერამდენედ) ვუკითხავდი „პეპი გრძელწინდას“. კითხვის დროს ბევრს ვიცინით, ბევრს ვსაუბრობთ, განვიხილავთ სხვადასხვა საკვანძო თემას და მერე ისევ სულმოუთქმელად ისმენს ვილა „ყიყლიყოში“ დატრიალებულ ამბებს. ანასტასია უკვე რვა წლისაა და მის ცხოვრებაში ნელ-ნელა წვეთავს ამბები სილამაზის სტანდარტების, დიეტების, ჭარბწონიანობის, სილამაზის პროცედურებისა და სილამაზის ინდუსტრიის შესახებ. პეპი ანასტასიასთვის როლ-მოდელია, აღფრთოვანებულია მისი სიმამაცით, იუმორით, კეთილშობილებით და თავდაჯერებულობით. ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, მამაცი, ძლიერი და მზრუნველი გოგოა, რომელიც არ ეპუება უსამართლობას, აბეზარ ბიჭებს ჭკუას ასწავლის და სუსტი, უმწეო ადამიანების დაჩაგვრის უფლებას არ აძლევს. პეპი მარტო ცხოვრობს, მშობლების გარეშე, და დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე მიჩვეულია; ხეებსა და სახლის სახურავზე მარჯვედ დაცოცავს, ცხენის ხელში აყვანაც შეუძლია და „ჭრიჭინას“ მართვაც კარგად გამოსდის. როდესაც ასეთი ყოჩაღი ხარ, თავდაჯერებული რომ არ იყო, არც გამოვა.

 

პეპისგან დიდებსაც და პატარებსაც უამრავი რამის სწავლა შეგვიძლია. ასტრიდ ლინდგრენი კი სწორედ იმიტომ არის გასაოცარი საბავშვო მწერალი, რომ ასე მსუბუქად, ძალდაუტანებლად, იუმორით და ლაღად მოაქვს ჩვენამდე ისეთი ამბები, რომლებმაც შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, რა კარგია, როდესაც ბავშვი დამოუკიდებელია და აქვს ცხოვრებისთვის საჭირო უნარჩვევები; რომ იუმორი და სამყაროსთვის თვალის გასწორება ზოგჯერ ძალიან გვეხმარება შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში; რა კარგია, როცა საკუთარ თავს ვიღებთ ისეთს, როგორებიც ვართეს გვეხმარება, გვიყვარდეს საკუთარი თავი და გვჯეროდეს იმ შესაძლებლობების, რომლებიც გვაქვს; რა მშვენიერია, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების გჯერა, გამბედავი ხარ და ასე სხვებსაც უკეთ ეხმარები. უამრავი ასეთი შეტყობინება შეიძლება ამოვიკითხოთ „პეპი გრძელწინდაში“, გავუზიაროთ შვილებს, ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ.

 

გოგონები იმ რწმენით ვიზრდებით, რომ ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ საკუთარ თავში, გარეგნობაში, რაღაც სტანდარტში მოვაქციოთ ჩვენი ქცევა, სხეული და წონა. სილამაზის თანამედროვე სტანდარტებმა და საშუალებებმა ქალებს უფრო მეტად მისცა ცვლილების და საკუთარ გარეგნობაში კორექტივების შეტანის ფუფუნება. მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც სურთ იყვნენ. სოციალური მედიით თუ ტელევიზიით ჩვენ ვხედავთ თანამედროვე ქალის ისეთ ვიზუალურ სურათ-ხატებს, რომლებსაც გვსურს მივემსგავსოთ: იდეალური წონით, გამოყვანილი, წვრილი წელით, ფახულა, თოჯინისებრი წამწამებით, პრიალა სახის კანით. ასეთი ვიზუალური განმამტკიცებლები მოზარდ გოგონებს საკუთარ თავში კიდევ უფრო აეჭვებს. სილამაზის ინდუსტრია არა მხოლოდ გარეგნულ ფაქტორზე ახდენს გავლენას, ასევე ზემოქმედებს მოზარდის მენტალურ ჯანმრთელობაზეც. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გოგონები უფრო მოწყვლადნი არიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ, რომლებიც სხეულის იდეალური აგებულებისა და სიგამხდრის პროპაგანდას ეწევიან.

 

ფსიქოლოგი რუსუდან ზაალიშვილი გვიხსნის, როგორ მოქმედებს სოციალური მედიის ხშირი მოხმარება მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და როგორ ზრდის კვებითი აშლილობების განვითარების რისკს სოციალური მედიის მიერ შემოთავაზებული ქალის/გოგონას იმიჯები: „კვლევების თანახმად, მოზარდები, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ სოციალურ მედიაში, მეტად განიცდიან კვების დარღვევებს. ოციალური მედია მოზარდს სთავაზობს იდეალურ ადამიანებს და უქმნის ერთგვარ ილუზიას. აგალითად, არავინ აჩენს სტრიებს – ყველას „იდეალური ტანი და სახე აქვს. ოდესაც ამას უყურებს თინეიჯერი, რომელსაც ისედაც აქვს ეჭვები საკუთარ თავთან დაკავშირებით, არ მოსწონს თავისი ცხვირი ან წუხს მომატებულ წონაზე, ამის შედეგად უქვეითდება თვითშეფასება, უყალიბდება სხეულის უარყოფითი სურათი. ოზარდები ხშირად იცავენ დიეტას, რაც მათში კვების არაჯანსაღ პატერნებს აყალიბებს. მოზარდი ხომ ისედაც ითვლის ლაიქებს ფეისბუქზე, გულებს ინსტაგრამზე და თუ რეაქციცოტაა, თვლის, რომ არ არის მიღებული და მოწონებული იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც სურს ეკუთვნოდეს.

 

გარდატეხის ასაკში მოზარდი მრავალ გამოწვევას ეჯახება. ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები მის ცხოვრებას ცვლის და ზოგჯერ ცხოვრების ხარისხს შესამჩნევად აუარესებს. ამ პერიოდში იცვლება მოზარდის სხეული და ისიც უფრო მეტად უღრმავდება საკუთარ თავს, აკვირდება და ზოგჯერ ზედმეტად კრიტიკულად აღიქვამს თავის გარეგნობას, არ მოსწონს ესა თუ ის ნაწილი, უკმაყოფილოა თმით, თვალებით, სახის კანის ფერით, სიმაღლით, სიდაბლით; აწუხებს აკნე, აშფოთებს წონა, გარშემო მყოფების, განსაკუთრებით თანატოლების აზრი.

ასე მგონია, ამ გზას ყველა გოგონა გადის, საკუთარი სხეულის მიუღებლობის, უსიყვარულობისა და უკმაყოფილების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ცხოვრებისეულ მონაკვეთს. თუმცა ამ გზას ბოლოს მაინც მივყავართ მადლიერებისა და უნიკალური შესაძლებლობების აღმოჩენისკენ. ჩვენ, მშობლებმა და მასწავლებლებმა, უნდა დავარწმუნოთ თითოეული გოგონა, რომელსაც აკლია რწმენა და თავდაჯერება, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, აღმოაჩინოს დაფარული შესაძლებლობები და შეიყვაროს საკუთარი თავი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...