სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა?

სკოლის წლებიდან კარგად მახსოვს, როცა დაწყებითი კლასის საფეხური უკვე დასრულებული მქონდა, როგორ ვბრუნდებოდი სკოლიდან მარტო სახლში, ავირბენდი უამრავ კიბეს, ვისადილებდი და ვიწყებდი გაკვეთილების შესრულებას. ამოვალაგებდი წიგნებს მეორე დღის ცხრილის მიხედვით და ასე შევუდგებოდი გაკვეთილების მომზადებას მეორე დღისთვის. თავად ვიყავი ამ პროცესის მაკონტროლებელი და ყველაზე დიდ სიმშვიდეს, მაშინ მოვიპოვებდი, როდესაც სკოლის ზურგჩანთაში ჩავაწყობდი მეორე დღისთვის საჭირო წიგნებს, რვეულებს და შესრულებულ დავალებებს. ახლაც ხომ ასეა – თეთრ ფურცელზე ჩამოწერილი საქმეებიდან ნელ-ნელა გადახაზავ უკვე გაკეთებულ საქმეებს და დიდ ტვირთსაც იხსნი.

ჩემი სწავლის პარალელურად ჩემი მშობლები მუშაობდნენ, რის გამოც ფუფუნება არ მქონია, ვინმეს ჩემი აკადემიური პროცესი მკაცრად ეკონტროლებინა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეეხსენებინა, რა იყო ჩემი მოვალეობა, როგორ უნდა მომემზადებინა თითოეული საგანი, როგორ მესწავლა. ამ პროცესის მართვით ვიღებდი სიამოვნებასაც და თავსაც იმაზე უფრო დიდად მივიჩნევდი, ვიდრე ვიყავი. ახლა ვხვდები ეს ძალიან საჭირო შეგრძნებაა ბავშვისთვის. განცდა, რომელსაც დღეს ჩვენ თვითეფექტურობას ვეძახით.

სწავლა-სწავლების პროცესი ყველა ეტაპზე რთულია, მოსწავლისთვის ყოველთვის იარსებებს გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები და დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვს პატარაობიდანვე გავუღვივოთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მივცეთ ამისთვის გასაქანი, არ შევზღუდოთ მათი მცდელობები, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები; გავუჩინოთ სწრაფვა იმისკენ, რომ მომავალში თავად შეძლონ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

რა არის დამოუკიდებლობა სწავლაში?

დამოუკიდებლობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, როდესაც ადამიანი თავად განსაზღვრავს, ახორციელებს, აკონტროლებს, გეგმავს საკუთარ სასწავლო პროცესს. ასეთ დროს ადამიანი იაზრებს ამ პროცესისთვის საჭირო ცოდნას, მისი დაუფლების გზებს და აანალიზებს სამომავლო შედეგებს. ამ წინასწარგანწყობით შეიარაღებული ადამიანი და ბავშვი უფრო მეტად არის განვითარებაზე ორიენტირებული, უფრო მეტად იაზრებს ახალი ცოდნის დაუფლების მნიშვნელობას და მის სასიკეთო გავლენას ცხოვრებაზე. ასეთ ბავშვს აღარ სჭირდება გამუდმებული ჩიჩინი, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი; რატომ უნდა ისწავლოს; როგორ აისახება სწავლა მომავალში მის ცხოვრებაზე და რა სასიკეთო შედეგებს უნდა ელოდოს მისგან. ამიტომ დამოუკიდებლად სწავლა, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარი, ძალიან წაადგება ბავშვს, გაიაზროს, რამდენად ღირებულია ახალი ცოდნის დაუფლება მისი პიროვნული თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის.

რა უშლის ბავშვებს ხელს დამოუკიდებლად სწავლაში?

ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში გამოუცდელობის გამო ბავშვებს შეცდომის დაშვების შიში აქვთ, რის გამოც თავს იკავებენ დავალების დამოუკიდებლად შესრულებისგან, ელოდებიან მშობელს ან მასწავლებელს, რომ მისგან მიიღონ მზა რჩევა, ან მზა პასუხი. თუ ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გადალახოს შეცდომის დაშვების შიში, დავეხმარებით მას შეცდომების მიმართ ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებაში, ბავშვში უფრო მეტად გაიზრდება მისი თვითშეფასებაც. არაფერი ისე არ აფერხებს სწავლის, თვითშემეცნების პროცესს, როგორც დაეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. ამ ეჭვების გაქარწყლება მასწავლებლისა და მშობლის თანაბარი მოვალეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა და პრობლემა დროულად არის აღმოსაჩენი და მოსაგვარებელი.

ჯანსაღი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და შესაძლებლობებისა და უნარების სწორად და ობიექტურად აღქმა, დაეხმარება ბავშვს, დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები. ასეთ დროს მოსწავლე პასიური მდგომარეობიდან, როდესაც ზის და მშობელს ელოდება დასახმარებლად, გადაიქცევა აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც უფრო მეტი ხალისით ისწავლის და სკოლა მისთვის ნამდვილად იქცევა საყვარელ და საიმედო ადგილად, სადაც სიხარულით ივლის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“