სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ამბები მასწავლებლის დღიურიდან

– როგორი დღე გქონდა? რა მოხდა სკოლაში? – ეკითხებიან სკოლიდან შინ დაბრუნებულ ბავშვებს. მასწავლებლებს ვინ გვისვამს ასეთ კითხვებს? ვის აინტერესებს, რა გაგვიხარდა ან გვეწყინა, როგორი გაკვეთილები ჩავატარეთ?

ძალიან მიყვარს დღიურები. წლების განმავლობაში ბევრი ჩანაწერი დამიგროვდა. გაკვეთილებზე სულ დამაქვს ერთი დღიური, რომელშიც მოსმენისას საინტერესო ფრაზებს ვინიშნავ, ზოგჯერ პირადი მაგალითისთვის მოსწავლეებთან ერთად ვწერ დავალებებს და ვუკითხავ. ჩემი შვილები ხშირად მთხოვენ სკოლის ამბების გაზიარებას. მთავარი „მსმენელი“ კი წითელყდიანი დღიურია, რომელიც საგანგებოდ სკოლის ყოველდღიურობის აღსაწერად ვიყიდე. დღიური დღეების მიხედვით არის დაყოფილი და გვიან ღამით მოკლედ ვინიშნავ მხოლოდ გაკვეთილების ამბებს – რომელ ტექსტს ვსწავლობთ და რომელ მეთოდებს ვიყენებთ. ნაჩქარევი, მშრალი ჩანაწერების მიღმა კი იმდენი ემოცია იმალება, არ ვიცი, წლების შემდეგ მათ ამოკითხვას თუ შევძლებ.

კვირის ბოლოს ჩანაწერებს თვალი გადავავლე და ისეთი მრავალფეროვანი დღეები გვქონია, გადავწყვიტე, რამდენიმე ამბავი თქვენც გაგიზიაროთ.

 

გულდაფაკედელსაკიდელა

ორი თვეა, მეექვსეკლასელებს თამარ გეგეშიძის წიგნს „სული-ჩიტი“ ხმამაღლა ვუკითხავ. თავებს ისეთი საინტერესო სათაურები აქვს, იდეებით მავსებს. ერთ-ერთ თავს ჰქვია „ვატოს ოთახი“. მთავარი პერსონაჟი, ლუკა, კლასელს შინ ესტუმრება. ვატოს ძველებურ სახლში მზრუნველი ადამიანები ტრიალებენ. მისი ოთახი კი ლუკას გააოცებს: „ვატოს ოთახში შევედი თუ არა, სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, რა უცნაური და ჭრელი შპალერია-მეთქი. მერე კი მივხვდი, ასე იმიტომ მომეჩვენა, რომ კედლები სულ პლაკატებით იყო აჭრელებული. რომ დავაკვირდი, წიგნებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან ამოხეული ფურცლები ყოფილა. თურმე, ვატოს რაც მოეწონებოდა, სტატია, სურათი, განცხადება თუ კომიქსის ნაწყვეტი, ყველაფერს კედელზე აწებებდა. ერთ მხარეს ძირითადად კოსმოსის შესახებ იყო ცნობები, მეორე კედელზე კი შარშანდელი ისტორიის წიგნიდან ამოჭრილი ვახტანგ მეფე და ხოხობი ვიცანი. სტიკერებიც იყო, მარკებიც და რამდენიმე ფურცელი სულ ვატოს დაწერილი ჩანდა. ალბათ წერილები იქნებოდა“.

აღფრთოვანებულ ლუკას ვატო ეუბნება, რომ ოთახის მოწყობაში დაეხმარა ბაბუა, რომელსაც სურდა, მისი ოთახი მხიარული ყოფილიყო.

ყურადღება გავამახვილეთ ამ ეპიზოდზე. ვისაუბრეთ პირადი სივრცის შესახებ და გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რას გამოვფენდით ჩვენს კუთხეში. ერთად შედგენილი ნუსხა ამგვარად შეივსო:

  • წიგნის ყდა;
  • საყვარელი მწერლის, მომღერლის, სპორტსმენის, პერსონაჟის პოსტერები;
  • პირადი წერილი ან ღია საფოსტო ბარათი;
  • ლექსის ერთი სტროფი;
  • საკუთარი ან ნაჩუქარი ნახატი.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო, რას ვთხოვდი ბავშვებს, მეორე დღისთვის დავხატე საყვარელი პერსონაჟი ანიმედან, წიგნის ყდა, დავწერე ლექსის ერთი სტროფი, დავამზადე ჰერბარიუმი, მოვძებნე მოსწავლის ნაჩუქარი ნახატი და ღია საფოსტო ბარათი, რომლებიც სათითაოდ ჩამოვკიდე ძაფზე და ყუთში მოვათავსე.

ამგვარად მიწოდებული რესურსი დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავს და ყურადღების მოკრების საუკეთესო გზაა.

ვკითხე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში. ბევრი რამ ჩამოთვალეს. რამდენიმემ გამოიცნო. შემდეგ ყველაფერი დაფაზე დავამაგრე და არჩევანის შესახებ ვისაუბრე, კერძოდ, დავასაბუთე, რატომ შევარჩიე თითოეული მათგანი.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ერთად აკინძულ ნივთებს გულდაფაკედელსაკიდელა დავარქვით.

პრეზენტაციაც საგულდაგულოდ ჩავატარე. ანიმეს პერსონაჟთაგან ლისა შევარჩიე ჰაიაო მიაძაკის ფილმიდან „პონიო“. ლისა ახალგაზრდა ქალია, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, შვილს უვლის და ქარიშხლის დროს შარაგზაზე გადმოსულ ტალღებს შორის მანქანას ელვის სისწრაფით დააქროლებს. ლისას ცხოვრება მომწონს. ის გამბედავია, მზრუნველი, კაცთმოყვარე და ძალიან კარგად ესმის ბავშვების. თავისი შვილის სურვილს – იმეგობროს ნახევრად თევზ გოგოსთან, დიდი გაგებით ეკიდება. ზოგჯერ ბრაზსაც გამოხატავს და მისი ეს თვისება ძალიან მხიბლავს. საინტერესო გზავნილია დედებისთვის, რისხვის შემოტევისას როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი გამომწვევ მიზეზსა და გამოხატვის ფორმას შორის და ჩვენი უარყოფითი ემოციები ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, არ მოვახვიოთ თავს.

საყვარელი წიგნებიდან შევარჩიე „ენი ევონლიდან“, რადგან ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რედაქტორმა, მარიამ კორინთელმა, წიგნზე მუშაობისას მომწერა, ასე მგონია, შენს ამბებს ვკითხულობო. ენი სოფლის ახალბედა მასწავლებელია და კითხვისას მარის ჩემი რაჭული თავგადასავლები ახსენდებოდა. ამასთანავე, ავტორი, ლ. მ. მონტგომერი, წიგნს თავის მასწავლებელს უძღვნის: „მადლიერებით, ჩემი ყოფილი მასწავლებლის, ჰეითი გორდონ სმითის ხსოვნას, თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის“. ალბათ, ყველა მასწავლებელი ისურვებდა, მოსწავლეებისგან ასეთივე მიძღვნა დაემსახურებინა.

ნაჩუქარ ყვავილებს წიგნებში ვახმობ. მეექვსეკლასელების მშობლებმა ერთ დღეს თაიგული მაჩუქეს. მადლიერების ნიშნად ამ ყვავილებისგან ჰერბარიუმი დავამზადე. ვფიქრობ, ამგვარი პატარა ნაბიჯებით ბავშვების გულებს სხვებისადმი კეთილი ფიქრებით ავავსებთ.

გალაკტიონის ლექსში „ქარი ქრის“ მართლაც ისმის ქარის ხმა. ამაზე დიანა ანფიმიადის წერილმა დამაფიქრა. სიტყვებიდან ხმოვნებს თუ ამოვიღებთ დარჩება თანხმოვნები: ქრ… ქრ… ქრ… – და საკლასო ოთახშიც ქარის ხმა გაისმის.

ერთხელ ვაჟიკომ, მეექვსეკლასელმა ბიჭმა, თავისი დახატული რეპერ Snoop-Dog-ის პორტრეტი მაჩუქა. ბავშვების ნაჩუქარ ნივთებს რომ ვუფრთხილდებით, ესეც პირადი მაგალითია მათთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვაჟიკომ თავის გულკედელდაფასაკიდელაზე „ემილის თავგადასავლის“ ყდა გამოფინა და გაგვახსენა: – ეს წიგნი მესამე კლასში ცუდად ყოფნისას ლელა მასწავლებელმა მაჩუქა და ანდრიამ სახლში ამომიტანა; ისე გამიხარდა, იმავე დღეს დავიწყე კითხვა და მეორე დღეს დავამთავრეო. ყდაზე დატოვებული წარწერაც ზეპირად ახსოვდა. როცა ვაჟიკო ამ ამბავს გვიამბობდა, მე მის მერხთან ვიჯექი ჩანაწერის გასაკეთებლად. შევამჩნიე, რომ რამდენიმე ბიჭმა შემომხედა. აინტერესებდათ ჩემი ემოციები. მე კი თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ასე იცვლება დადებითი ენერგიები, რაც ურთიერთობებს ჰარმონიულს ხდის.

ჩემმა ბიჭმა დაბადების დღეზე ღია საფოსტო ბარათი მაჩუქა წარწერით: მადლობა, ადამიანო, რომ გამაჩინეო, – და ამ სიტყვებით დამემშვიდობა: კეთილი და სულიერიო. დედისადმი გამოჩენილი მზრუნველობა ღია საფოსტო ბარათით ბავშვებისთვისაც პირად მაგალითად იქცევა.

შევაჯამეთ პრეზენტაცია, ვისაუბრეთ მთავარ გზავნილებზე, გავიხსენეთ, რა უნდა გაითვალისწინონ საჯარო საუბრისას და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეორე დღეს მსმენელის როლი მოვირგე. შეიძლება ითქვას, რომ გულკედელდაფასაკიდელა წლის საუკეთესო აქტივობად იქცა. მოსწავლეების არჩევანის გაცნობისას ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საკუთარი ოთახისთვის შერჩეული ნივთები თითოეული მოსწავლის ბუნებას გამოხატავდა და მათი სამყაროს კარს გვიღებდა. წიგნის პერსონაჟ ლუკას მსგავსად, გაოცებას ვერ ვმალავდით და ხელნაკეთი ნივთებით გადავსებულ დაფას სიყვარულით ვაკვირდებოდით.

ელენეს ვან გოგის სახისთვის ყვითელი თმა-წვერი უჩვეულოდ შემოევლო; ნიკამ პატარა ქვა მოგვიტანა, სკოლის პირველ დღეს ვიპოვე, შინ წავიღე და ამბებს ვუყვებოდიო. ალექსმა რაგბის გუნდის დროშა მოიტანა და გუნდ „იუნკერები-სარაჯიშვილის“ სახელზე გვესაუბრა: იუნკერები ჯარისკაცები იყვნენ და 1921 წელს დაიღუპნენ, ამიტომ ჩვენს ფორმას „1921 წელი“ აწერიაო. ანდრიამ თავისი ნახატი „Lost in New-York“ მოიტანა, ჩემს ნახატებს შორის ყველაზე მეტად მომწონსო. შოთიკომ ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ შეარჩია, ახლაც მახსოვს, მესამე კლასში რომ წაგვიკითხეთ და ბავშვებს თვალების დახუჭვა რომ გვთხოვეთო. ნინიმ ნაქსოვი ჩანთა დაფის გვერდით ჩამოკიდა, ამ ბოლო დროს არავინ ქსოვს და მინდა, ქსოვა სხვებმაც გაიხსენონო. სანდროს გულკედელდაფასაკიდელა ყველაზე მძიმე იყო, რადგან ფურცლებთან ერთად ბუცები ჰქონდა ჩამოკიდებული. ყველა გაგვახალისა დაფაზე ჩამოკონწიალებულმა დაფლეთილმა ბუცებმა. აი, საბას ბუცის ფორმის პენალმა კი გულიანად გვაცინა, მასწავლებლებს ბუცი ჰგონიათ ხოლმე და მერხიდან აღებას მთხოვენო. ნიკოლოზმა „ცხრაკარა“ წაგვიკითხა, ყველაზე მეტად ამ ლექსმა ჩამითრიაო. ბარბარემ ჯინზე ისაუბრა და სურვილების ჩაფიქრება მოგვანდომა. გელამ მურმან ლებანიძის ლექსის ერთი სტროფი წაგვიკითხა და გვითხრა, რომ „ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო…“ ნიკას რვეულში აღმოაჩინა, ძალიან მოეწონა და ინტერნეტში მოძებნა. თამარმა ბარბარეს ნახატი გაგვაცნო, ერთ გაკვეთილზე ჩვენ უკან იჯდა და მე და ნატალი დაგვხატაო.

განსაკუთრებით გამიხარდა ბიჭების მიერ ნაპოვნ-გამხმარი ფოთლები და ყვავილები. მგონია, რომ ბავშვები, რომლებიც ყვავილებს ახმობენ და ლექსებს კითხულობენ, ცხოვრებისეულ სისასტიკეს აისხლეტენ. დაფა გადაივსო მსახიობების, მომღერლების, სპორტსმენების, მხატვრების ამსახველი ნახატებით, ღია საფოსტო ბარათებით, ლექსებითა და ჰერბარიუმებით. ერთმანეთს დიდი ყურადღებით ვუსმენდით, კითხვებს ვუსვამდით, ვიცინოდით და თვალები ცრემლებით გვევსებოდა. ყველას მოსასმენად სამი გაკვეთილი დაგვჭირდა. მე დღიურში საკვანძო სიტყვებს ვინიშნავდი და ბოლოს სახალისო ვიქტორინაც ვითამაშეთ.

გულკედელდაფასაკიდელების სანახავად გვესტუმრნენ მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეები. ერთმა ბავშვმა ხმამაღლა თქვა, თავი მუზეუმში მგონიაო.

 

 

ფეხტური ბიბლიოთეკაში

ოთხშაბათობით მეოთხე კლასთან წყვილი გაკვეთილი მაქვს. 27 მოსწავლიდან სკოლაში მხოლოდ ცოტნე არ იყო. ფეხტური ხომ არ მოვაწყოთ და თან ცოტნეს შევძახოთო, მკითხეს. როგორც წესი, ფეხტურებს იმ დღეებში ვაწყობ, როცა ცოტანი არიან. თვალი გადავავლე 26 მოსწავლეს და სკოლის გარეთ მათი მარტო გაყვანა ცოტა შემეშინდა. მერე სალიტა მოვიდა და მთხოვა, სათავგადასავლო წიგნი შემარჩევინეთო. ქცევის წესებზე შევთანხმდით და უბნის ბიბლიოთეკაში ფეხტური დავგეგმეთ. პუნქტებად ჩამოვწერეთ, რა უნდა გვენახა და სად უნდა წავსულიყავით. გზად კორპუსებს შორის მოქცეული სტადიონი უნდა გაგვევლო. ცოტნეს შევძახეთ. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ შემოგვიერთდა. ამასობაში ჩემი მეგობარი მაკა დავინახეთ. ვთხოვეთ, ჩვენთვის დრო დაეთმო და კლასის საკითხავი წიგნი „ვაფლის გულები“ გავაცანით. შემდეგ პატარა მაღაზიაში კანფეტები ვიყიდეთ და ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ. კანფეტებით გამვლელებსაც გავუმასპინძლდით. ბიბლიოთეკაში დაფაზე დატოვებული წარწერა შევნიშნეთ. უცნობი მკითხველი წერდა, აქ ზღაპრული გარემოაო. მის სიტყვებს ჩვენც გამოვეხმაურეთ და წიგნ-თავგადასავლების სამყაროს მადლობა გადავუხადეთ. სალიტასთვის საინფორმაციო წიგნი „როცა მთვარეზე გავიარეთ“ შევარჩიეთ და სასწრაფოდ სკოლაში დავბრუნდით. საშინაო დავალებად ფეხტურის ამბები უნდა დაეწერათ. საკლასო ოთახიდან გასვლამდე სალიტას გახსნილ ჩანთას მოვკარი თვალი, საიდანაც ერთად შერჩეული წიგნი იყურებოდა. მეორე დღეს სიხარულით კითხულობდნენ სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიტყვებით აკინძულ ერთსა და იმავე ამბავს. ჩემი მეგობარი მაკა დღის მთავარ გმირად იქცა.

 

დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია

მერვე კლასის ერთ-ერთი საპროგრამო ტექსტია „სოლომან მორბელაძე“. კვირა ღამით ავკინძე სლაიდშოუ და ხელახლა გადავიკითხე დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ცხოვრების გზაზე“. ბიოგრაფიების გაცნობა ჩემი საყვარელი აქტივობაა. მწერალი როგორც მოქალაქე თავისი ადამიანური ისტორიებით მოსწავლეებსაც ძალიან აინტერესებთ და ძველი ტექსტების გაგება-გააზრებასაც აადვილებს. გონებრივი იერიშით ვადგენ, რა იციან, შემდეგ მინილექციით ახალ ინფორმაციას ვაწვდი და ბოლოს გასასვლელ ბარათებს ავსებენ, კერძოდ, წერენ 5 რამეს, რაც დაამახსოვრდათ.

მწერლის ადამიანებითა და სიყვარულით სავსე ბავშვობა, რუსეთის სამხედრო სასწავლებელში გამგზავრება, ქართული ენის დავიწყება, ნიკო ლომოურის ნაჩუქარი გაზეთ „ივერიის“ კითხვით მშობლიური ენის გახსენება, 26-წლიანი სამხედრო კარიერა, რუსი უფროსებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ბათუმის ბულვარის გაშენება, თეატრისა და სკოლის დაარსება, მოსიყვარულე მეუღლე და ხუთი შვილი, მოთხრობების წერის პროცესის აღწერა – ეს ყველაფერი ხომ საინტერესოა, მაგრამ „ჩემი ცხოვრების გზა“ კიდევ ერთი ნიშნით არის გამორჩეული: დავით კლდიაშვილი უდიდესი სიყვარულით წერს ცნობილი და უცნობი ადამიანების შესახებ. დაუვიწყარია შეხვედრა ივანე ჯავახიშვილთან, რომელიც სინის მთის მანუსკრიპტებზე ესაუბრა, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართული საღამოები ქუთაისში. მწერალი იხსენებს, როგორ სწამებდნენ ცილს და როგორ სტკენდნენ გულს ალექსანდრე ყაზბეგს, რა გააფთრებით იცავდა ვანო მაჩაბელი კაცს, რომელსაც ლაპარაკი არ ეხერხებოდა, როგორ უყვარდა ხალხს გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც ზამთარში გარდაცვლილა და თვე-ნახევარი არ დაუკრძალავთ, რადგან ყველას სურდა, სულიერ მამას გამომშვიდობებოდა. „პირველ რიგში ვარ მოქალაქე და შემდეგ სამხედრო პირი“, – წერს ერთგან დავით კლდიაშვილი და აქ მისი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია მჟღავნდება. რუს მოხელეებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას საქმითა და სიტყვით მტრობდნენ, მწერალი მიწასთან ასწორებს და, ამავე დროს, მათ შორის ღირსეულ ადამიანებს კეთილი სიტყვებით ამკობს.

გასასვლელ ბილეთებზე მერვეკლასელებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რაში გვეხმარება მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა. შინ დაბრუნებული, მათი ნაწერების კითხვისას ვფიქრობდი, რომ ჩემი სათქმელი მათ გულებამდე სწორად მივიდა.

 

ელპიტეს მზითევი

დიალოგების სიმრავლე, დიალექტიზმები, ისტორიული კონტექსტის არცოდნა „სოლომან მორბელაძის“ გაგებას ართულებს. თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი ბატონყმობის გაუქმების ისტორია, სოციალური სტატუსით დაყოფილი საზოგადოების სირთულეები, შემდეგ მოვძებნე რადიოპიესა და ფირსაკრავით ავაჟღერე. ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი, შეავსეს პერსონაჟის რუკა, დაწერეს პერსონაჟის მონოლოგი, ერთ-ერთი განსხვავებული აქტივობა კი ამგვარი იყო: თანამედროვეობაში გადმოვიტანეთ მოთხრობაში ასახული სიტუაცია და მოსწავლეებს შევთავაზე, დაეწერათ, ქაიხოსრო ქათამაძის მსგავსად, მაჭანკლის საშუალებით თავად რომ გაებათ მოლაპარაკება ბიჭის საცოლის მშობლებთან, რას მოსთხოვდნენ. დაფაზე ჩამოვწერეთ ელპიტეს მზითევი: 20 თუმნის ვექსილი, 40 თუმანი ხელზე და 20 თუმნის ქონება.

13-14 წლის გოგო-ბიჭები ამ დავალებამ ძალიან გაახალისა. ერთმანეთს არ აცდიდნენ დავალების წაკითხვას. რა აღარ მოსთხოვეს საწყალ ბესარიონ საქარაძეს: უახლესი მობილური ტელეფონები, ჰავაის კუნძულებზე დასვენება, ბარათზე 5000 დოლარის გადარიცხვა და ა.შ.

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით არასდროს დაავიწყდებათ „სოლომან მორბელაძე“.

 

მინისპექტაკლი

მოთხრობის მეოთხე თავზე ფიქრისას მინისპექტაკლის დადგმის იდეა გამიჩნდა. გავანაწილეთ როლები, შეერთებული მერხები სეფაში გაშლილ სუფრად ვაქციეთ და ახალი ეპიზოდები დავამატეთ, მაგალითად, როგორ ტირის ელპიტე და როგორ ამშვიდებენ მეგობრები. მღვდლის როლის შემსრულებელმა აკაკიმ იკითხა, რა ხდებაო და მისმა ამ გულგრილად ნათქვამმა ფრაზამ შესანიშნავად ასახა მოთხრობაში აღწერილი საზოგადოების გულგრილობა, გონებადაბინდულობა, „თუმნებზე“ გაყიდული გოგოების ბედი.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი

ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ლია მეტივიშვილმა, შუა კვირაში სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გამართეს სასამართლო პროცესი „მგელი და კრავის“ მიხედვით. ლია ხაშურის სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ქართულს ასწავლის. მისი აქტივობები მასწავლებლის უწყვეტი ფიქრისა და შრომის შედეგია. დავურეკე და გამოცდილების გაზიარება ვთხოვე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს მსგავსი აქტივობები. ლია აღფრთოვანებული მიამბობდა თავისი მოსწავლეების გონებაგახსნილობის შესახებ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა მოახვიოს თავს სხვამ საკუთარი აზრი და ეს უზომოდ მახარებსო, მიყვებოდა ლია ხაშურიდან გლდანულაში მყოფს და გული სიხარულით მევსებოდა.

მეორე დღეს, ლიას რჩევების გათვალისწინებით, მეოთხე კლასთან მეც გავმართე იმიტირებული სასამართლო პროცესი. შევარჩიეთ მგელი, ცხვარი, მათი ადვოკატები, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები, დაცვა, მგლისა და ცხვრის მეგობრები, მაგალითად, იგავში ცხვარს და-ძმა არ ჰყავს, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: გავიხსენეთ კეთილი პერსონაჟები – წიქარა, დათვი („ენით დაკოდილიდან“), ანდროკლეს მეგობარი ლომი, ნუცამ გაგვახსენა ჰაიდის პაპის ცხვრები იოჰანა შპირის რომანიდან. ასევე შევურჩიეთ ნაცნობ-მეგობრები მგელსაც. სამწუხაროდ, ზარმა მოგვისწრო და სასამართლო პროცესის გადადება მოგვიწია. ბავშვებს როლიდან გამოსვლა გაუჭირდათ, მცველების როლში მყოფი ორი ბიჭი ეცა და გაკოჭა, ცხვრის დამცველმა ადვოკატმა კი სახელდახელოდ დამზადებული პლაკატი ააფრიალა წარწერით: „მგელი მოძალადეა!“

ლიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მითხრა: არასდროს მომწონდა დასასრული: „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი“, – და ძალიან მინდა, ეს უსამართლობა შევცვალოო. მჯერა, რომ ჩემი მეგობრის აღზრდილი მოსწავლეები უკეთესობისკენ შეცვლიან გარემოს.

პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, მკითხველთა კლუბის წევრებს შევხვდი, ლიტერატურული კაფესთვის პოსტერები მოვხატეთ და ჩემი გამომცხვარი ნამცხვრით – „ლელათი“ გავუმასპინძლდი. სკოლიდან მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი და სადარბაზოსკენ მიმავალს დაღლილობისგან ზუსტად ისე მეხუჭებოდა თვალები, როგორც ჩემი საყვარელი ანიმეს მთავარ პერსონაჟს – პონიოს.

 

ასეთი მრავალფეროვანი კვირა იმალება წითელყდიან დღიურში ჩაწერილი მოკლე ფრაზების მიღმა. იმის შესახებაც ვწერ, რაც არ გამომივიდა. მასწავლებლის ყოველდღიურობის მოკლე ჩანაწერებად ასახვა თვითრეფლექსიისა და დროის დაზოგვის მშვენიერი გზა აღმოჩნდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“