სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მთავარ როლში- ეფრო კლდიაშვილი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ორი სახელობითი ლოჟაა – ერთი კოტე მესხს ეკუთვნის, ქუთაისში პროფესიული თეატრის დამაარსებელს და მეორე კი ეფრო კლდიაშვილს – ქალს, რომელმაც თავისი სცენისმოყვარეთა დასით სწორედ პროფესიული თეატრისთვის მოამზადა მყარი და შთამბეჭდავი ნიადაგი.

შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ ეფრო კლდიაშვილი ქუთაისის თეატრის დედაა. დედობა – ნაყოფიერება, სიცოცხლის დაბადება – მისი პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მდგომარეობაა. მან 11 შვილი გააჩინა, სამი სიკვდილმა წაართვა, მისი რვა შვილიდან კი თითოეული იქცა სამაგალითო მოქალაქედ, რვავემ თავის სფეროში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.

ეფრო ყიფიანების ოჯახში დაიბადა, ქვიშხეთში, 1839 წელს. მისი სახელოვანი ბიძის – დიმიტრი ყიფიანის წყალობით ბავშვობიდანვე შეიყვარა ხელოვნება. სწორედ დიმიტრიმ „დააყენა“ პირველად სცენაზე, თავის შვილებთან და სხვა ბავშვებთან ერთად, როცა საპატიო სტუმრებისთვის ქვიშხეთში სამოყვარულო წარმოდგენებს მართავდნენ. ვინ იცის, რამხელა ვნებით ჩაიჭრა მაშინ ეფროსინეს ბავშვურ გულში თეატრის სიყვარული! ფაქტია, ხელოვნების ამ დარგს მან სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა და ეს ვნება დიდ საქმეებადაც აქცია.

მე-19 საუკუნე დიდი ქარტეხილების ეპოქაა – რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ენისა და ეკლესიის ანექსიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის, ბატონყმობის გადავარდნის, განმანათლებლური იდეების მომძლავრების, რევოლუციური ცვლილებებისთვის ნიადაგის მომზადების დიდი საუკუნე, რომელმაც საქართველოს წიაღში ისეთი სახელები ამოზიდა, მას შემდეგ აგერ სადაცაა მესამე საუკუნეს მოვილევთ და ისევ ამ სახელების შუქით ვინათებთ გზას!..

ეფროსინე კლდიაშვილი ამ სახელებს შორის უნდა წარმოვთქვათ და წარმოვიდგინოთ და ახლა ვეცდები მისი ცხოვრების რამდენიმე მთავარი შტრიხით ეს აზრი დავადასტურო კიდეც:

როდესაც ეფროსინე კლდიაშვილმა თეატრისთვის თავი გადადო და ცხოვრების მთავარ მიზნად სცენიდან სიმართლის ქართულად (!!) თქმა დაისახა, იმ დროში ქალისთვის მსახიობობა დიდად მკრეხელური საქმე იყო, ამისთვის ძალიან გაგკიცხავდნენ, ათას ჭორს აგიგორებდნენ და შეგაჩვენებდნენ კიდეც. ეფრო არც ამ „ბულინგს“ შეუშინდა, რადგან ისეთი კაცის მიერ იყო შთაგონებული, ვინც ზოგადად, ყველა საგანმანათლებლო საქმესა და იდეას ედგა იმ დროს სათავეში – დიმიტრი ყიფიანი! ეფროსაც ღრმად სწამდა, რომ სწორედ თეატრი იყო ის ადგილი და შესაძლებლობა, საიდანაც ქართული ენა გაისმებოდა, ხალხში ხელოვნების/კულტურის სიყვარული გაჩნდებოდა. აი, რას წერს იმდროინდელი მოღვაწე დავით მესხი თავის მოგონებებში: „როცა მეფის რუსეთის პოლიტიკა მწვავედ შეიჭრა სკოლაში და ქართულ ენას განზე ცქერა დაუწყეს, აბუჩად აიგდეს და სასწავლებლიდან თითქმის განდევნეს, ამ ენის სალაროდ, ასპარეზად და საუნჯედ ქართული თეატრი შეიქნა… სკოლიდან ექსორიაქმნილმა ქართულმა ენამ ბინა მოიძია…“.

ამ ვითარებაში, ეფროს გადაწყვეტილება – ბრძოლის ასპარეზად თეატრი აერჩია, მისი მხრიდან დიდი გამბედაობის, შინაგანი რწმენისა და სიძლიერის დასტურია. ის იყო მაგალითი სხვა ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ, საზოგადოების მხრიდან კრიტიკისა და ათვალწუნების ეშინოდათ.

ამ რევოლუციურ და იდეალისტურ შემოქმედებით საქმეებში, ეფროს ყველაზე დიდი თანამოაზრე აკაკი წერეთელი იყო. სწორედ აკაკისთან ერთად, ოცი წლის განმავლობაში მართავდა ეფროსინე კლდიაშვილი სცენისმოყვარეთა დასს – თვითონ იყო კოსტიუმების შემქმნელიც, ბილეთებისა და აფიშების დამამზადებელიც, როლების გამნაწილებელიც. ცხადია, თვითონაც თამაშობდა – ყოველთვის დიდი გატაცებითა და იმ თავდაპირველი ვნებით, ქვიშხეთში რომ განიცადა.

ეფროსინე კლდიაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, რაფიელ ერისთავის და სხვათა თავდაუზოგავი შრომით, ქუთაისში თანდათან გახშირდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლები, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო სიარული თეატრში. ოღონდ „თეატრი“ იმ აზრით არ წარმოიდგინოთ, როგორითაც ახლა ვიცით. ეფროს და მის თანამოაზრეთა საქმის მნიშვნელობა სწორედ ის არის, რომ არც შენობა ჰქონდათ, არც სცენა და არც ფული და მაინც დგამდნენ – სადაც მოახერხებდნენ, ზოგჯერ ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ ვინმეს სახლს ან სასახლეს შეეკედლებოდნენ, სკოლებში ითამაშებდნენ…

ქუთაისის „გულვარდად“ წოდებულ ბულვარში, საღამოობით შეკრებილ საზოგადოებაშიც, სალაპარაკო თემებს თეატრი და მსახიობები შეემატა – არჩევდნენ წინა დღეს ნანახ სპექტაკლებს, ჭორაობდნენ ამა თუ იმ არტისტზე, ზოგს აქებდნენ, ზოგს აკრიტიკებდნენ, მომდევნო წარმოდგენებისთვის თადარიგს იჭერდნენ. გაჩნდნენ ბილეთების გადამყიდველებიც, აფიშების დამტარებლებიც. როგორც აკაკი იგონებს, ქუთაისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ლოტოს თამაშიდან თავები ასწიეს და თეატრის მხარესაც გაიხედეს…

„პირველად რომ თეატრმა ქუთაისში ბიჯი გადადგა, ეფროც თან დაჰყვა და თანასწორმომხიბლავად თამაშობდა როგორც დრამატულს, ისე კომიკურ როლებსაც… მაშინ, საზოგადოდ ქართველ ქალს ეთაკილებოდა სცენაზე გამოსვლა… სცენაზე თამაში და ლეჩაქის მოხსნა ერთი და იგივე იყო… 60-იანი წლების წარმოდგენებზე ქუთაისში ხალხი ბლომად დაიარებოდა, რადგანაც მუდმივად თამაშობდა ეფრო კლდიაშვილი, იმ დროში შესანიშნავი მსახიობი…“, – იგონებს აკაკი და იმასაც აღნიშნავს, რომ „ამ დროს თბილისში მივიწყებული იყო თეატრი, თითქოს იქ მოთხოვნილება არც კი ყოფილიყოს“-ო.

როგორც ვხედავთ, ქუთაისელებს აქეთ ჩამოუტანიათ თბილისში თეატრის ცეცხლი. რკინიგზა ჯერ არ იყო და ფურგონებით ჩამოსულან გასტროლზე, ეფროს და მთელი დასის შესრულებას კი, თბილისელ მაყურებელში ისეთი ოვაცია გამოუწვევია, რომ მათი თხოვნით, გერმანელთა კლუბში რამდენიმე წარმოდგენა ზედიზედ გაუმართავთ.

„თანასწორმომხიბლავად თამაშობდა როგორც დრამატულ, ისე კომიკურ როლებსო“, აკაკი რომ ამბობს, რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ. მით უფრო მაშინ, როცა იმასაც გავიხსენებთ, როგორი დაფიქრებით ადგენდა ეფროსინე კლდიაშვილი რეპერტუარს. ასე მოხვდა ამ რეპერტუარში, 1870-იან წლებში, პიესა „მედეა“, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია ქუთაისში.

იმდროინდელმა პრესამ შემოინახა მხოლოდ ინფორმაცია – ეფრო კლდიაშვილმა სუვორინისა და ბურენინის ტრაგედია „მედეა“ დადგაო. სამწუხაროდ, თავად ეს პიესა აღარსად იძებნება. გაზეთები იმასაც იუწყებიან, რომ მაყურებელზე სპექტაკლს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია – დაუმწუხრებია და აუტირებია. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამას უთვლიან ნაკლად ეფროსინე კლდიაშვილს – „იმერლებს ცხოვრების სცენაზეც ეყოფათ სატირალი საგნები“, თქვენ რამე მხიარული გვაჩვენეთო. ეფრომ კი „მედეას“ დადგმით ერთდროულად რამდენიმე სტერეოტიპი დაამსხვრია – თეატრი არამხოლოდ გასართობ და სახარხარო სივრცედ წარმოაჩინა მაყურებლის წინაშე და, დრამატული ნაწარმოები შემოსავლის ახალ წყაროდაც აქცია, სხვა რომ არაფერი, მარტო ინტერესის გამო მოდიოდა მაყურებელი, ამასობაში კი თეატრის სალარო მთელი 30 მანათით შეივსო, რითაც სკამები და 7 ხელი კოსტიუმი შექმნეს, მომავალი სპექტაკლებისთვის.

ეფრო „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად ახალგაზრდების განათლებაზეც ზრუნავდა. საკუთარ ოჯახში აცხოვრებდა ობოლ ბიჭს, რომელიც აღზრდა-განათლებისთვის სვანეთიდან ჩამოიყვანა ეფროს მეუღლემ – გრიგოლმა. სვანეთში ეფრომაც იმოგზაურა – საკუთარი თვალით მოინახულა, შეისწავლა და აღწერა ეს კუთხე, რომელსაც მანამდე „საშიშად უსახავდნენ“. სვანეთით, იქაური მოსახლეობით, ყოფის რიტუალებით მოხიბლულმა სვან ქალებს ხელსაქმე და წერა-კითხვა შეასწავლა. შთაბეჭდილებებთან ერთად, იმდროინდელ პრესაში თავისი მოსაზრებებიც გამოაქვეყნა სვანეთის საჭიროებებთან დაკავშირებით – გზა, სავაჭრო ინფრასტრუქტურა, სკოლები და ა.შ.

განათლების სიყვარული მის ოჯახში მთავარი სიყვარული იყო. მისი შვილები იყვნენ ამის მაგალითი: სვიმონ კლდიაშვილი – ცნობილი არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კიდევ არაერთი ცნობილი შენობის პროექტის ავტორი; მარიამ კლდიაშვილი-ძნელაძისა – საოპერო მომღერალი, საბა კლდიაშვილი – ყველაზე უმცროსი ეფროს მრავალშვილიან ოჯახში – ოდესის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ქიმიკოსი, ეფროს ცხოვრების უდიდესი და საბედისწერო ტკივილი… საბა კლდიაშვილი, 32 წლის ასაკში, ოდესაში შავრაზმელების მხრიდან ებრაელებზე განხორციელებულ შეტევას შეეწირა. საბა შემთხვევით შეესწრო ამ შეტაკებას, ებრაელებს ხელებით გადაეფარა, ტყვია შუბლში მოხვდა… იმ დღეებში ოდესაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საბას სიკვდილის შემდეგ ეფროსინე სცენაზე აღარ გასულა. თუმცა თეატრისა და ხელოვნების სიყვარულს პედაგოგიური საქმიანობით გამოხატავდა. სიცოცხლის ბოლო წლები თითქმის სულ მშობლიურ ქვიშხეთში გაატარა. იჯდა სრულ სიმშვიდეში, თავისი განუყრელი ჩიხტიკოპით და წერდა…

წერდა ავტობიოგრაფიას, რომელზეც ამბობენ, რომ საერთოდ არ იკითხება – მას თითქმის თვალისჩინწართმეული მოხუცი წერდა… ესეც ბედისწერაა – საკუთარი ავტობიოგრაფიის ერთგვარ საიდუმლო ტექსტად დაშიფვრა, კოდურ სტიქიად, რომელიც თან ძვირფასი რელიკვიაა, მაგრამ თან ამოუკითხავი, გაუშიფრავი…

რამდენი რამეც ითქმება ეფრო კლდიაშვილზე, ეს ბიოგრაფია ყველგან უტყუარი საბუთის ბეჭდად დაესმება, თუმცა ამბავი ამის შემდეგ უნდა დაიწყო.

როგორც ყველა ნამდვილი როლი – დედნიდან ამოზრდილი და შენს ტყავში განცდილ-გააზრებული.

მთავარი როლი ამ ამბავში – ეფროსინე კლდიაშვილი.

 

ფოტო:ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოდკასტების სერიიდან-  “ქალების მუზეუმი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“