სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ქალის დაწერილი

***

კერამიკის მაღაზიაში ვარ, ფილების შესაკვეთად. ერთი კვირის წინ შევთანხმდით, დიზაინს მოვიფიქრებ და დავბრუნდები-მეთქი. ახლა სხვა გოგო დამხვდა. ვაკეთებთ კარის აბრებს, როგორ არაო, ერთი ქალი იყო მოსული და იმისთვის ვამზადებთ ამ ფერს და იმ ფერს, ასე და ისეო, ანუ თქვენ პირველი კი არ ხართო. შევყევით ლაპარაკს და გაირკვა, რომ პირველი ქალიც მე ვარ, მეორეც და ერთადერთიც.

 

***

აი, სადაც წერია, არ შეეხოთ, არ დაჯდეთ, არ გადასცდეთ, სწორედ იმ ადგილას უნდა დამებინდოს მზერა, ჩავიკეცო, წამომაწვინონ და ყველა წესი დავარღვიო, რაც ძირითადად საგამოფენო დარბაზებში მემართება ხოლმე. „ძვირფასო, შენ იქაც წოლილხარ, სადაც ტომას მორი იდგა და მეფეს ეურჩებოდა. ნუ, შენი ისტორია უკეთ დამთავრდა.“ – გონს მოსულს ჩუმად მეუბნება ლევანი.

 

***

დილიდან ვიმტვრიე თავი ადრე წაკითხულ წიგნზე. არც ავტორი მახსოვდა (თან მიყვარს), არც სათაური, მხოლოდ რამდენიმე კადრი – ზღვის სანაპირო, შეყვარებული წყვილი, თაფლობის თვე და მესამე, მშვენიერი ქალი. მივწერე მეგობარს, ვინც მათხოვა და გავედით კვალზე.

 

***

98 წელს ბინა რომ ვიყიდეთ, ცოლ-ქმარმა სუროვცევებმა რუსულ-ქართული ლექსიკონები და ოთახის მცენარეები დაგვიტოვეს. არ უთხოვიათ, დაგვავალეს, ყვავილებს კარგად მიხედეთო. მას მერე დროდადრო გვაკითხავდა მეზობელი, რომელსაც სუროვცევები დონის როსტოვიდან ურეკავდნენ და სთხოვდნენ, ჩვენთან ჩამოსულიყო და მრავალწლიანი მონსტერასთვის დაეხედა. ხანდახან ასეც ხდება – როდესაც საკუთარ ფესვებზე ფიქრობ, მხოლოდ შენი ხელით დარგული და გახარებული მცენარის ფესვები გახსენდება.

ჰო, საჰაერო ფესვები არ მოაჭრათო, ეგეც დაგვიბარეს.

 

***

ჯიმი, ღამის კლუბი, აუზი, ძაღლების გამოფენა, სოლარიუმი, მანქანების ბაზრობა, ლუდის ბარი, ფეშენ უიკი, ტექნიკის მაღაზია – იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, სადაც ოჯახის წევრებს თურმე ჩემი ნახვა გაუკვირდებოდათ. სცადეთ თქვენც, გამოკითხეთ ახლო ხალხი.

 

***

მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მე და ჩემი და ინჟინრები გამოვსულიყავით. ჩემზე კიდევ, მაგას შეეშვი, თემებს კარგად წერს, თემებს კარგად წერსო და შემეშვა. ამ თემებშიც სულ რაღაცას რომ ითვლი, პროპორციებზე, ხაზებზე, სტრუქტურაზე, ინსოლაციასა და სივრცეებზე ფიქრობ, ინჟინერიაა, აბა, რა არის. ბარემ გამოვსულიყავი.

 

***

საქმე ისე მიდის ფეისბუქში, ერთი კითხვის ნიშნით ამოკნავლებულს პასუხის ღირსად აღარავინ აგდებს. სასვენი ნიშნების ისტერიული გამოყენების გამო პოსტპუნქტუაციური აპოკალიფსი არ აგვცდება.

 

რად გვიღირს???

 

***

ვინტაჟური ნივთების მაღაზიაში ძირითადად წარწერებს ვაკვირდები სუვენირებზე. ერთი მწვანე ტოლჩა ყველაზე უსახურად გამოიყურებოდა, მაგრამ ზედ მიწერილი პატარა იტალიური ქალაქი მაინც დავგუგლე. ამ ყაიდის მოგზაურებიც არსებობენ, ორიოდე კილომეტრის გავლით ნახევარ სამყაროს რომ მოივლიან.

 

***

ტრენიგზე ვთხოვ მონაწილეებს, თვალები დახუჭონ და წარმოიდგინონ… ყველა ემორჩილება ინსტრუქციას, მხოლოდ ერთი ურჩობს. კიდევ ერთხელ ვუმეორებ – დახუჭე თვალები! ჯგუფი იცინის და იხილება იმის გამოსარკვევად, ვინ არ დაიხუჭა. ახლა მხოლოდ ეს ბიჭია თვალდახუჭული და ქუთუთოებს მიღმა ეშმაკები უთამაშებს.

***

ჩემმა მობილურმა ტელეფონმა თავი მოიკლა და არცერთი თვითმკვლელი მობილური ამას არ სჩადის საგარანტიო ვადაში. ოჯახის სხვა მობილურები ერთმანეთის კამერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ ეკრანდაბნელებულს ვალები არ ჰქონდა. მეტიც, სწრაფ სესხებზე მესიჯებს თვითონვე შლიდა.

 

***

– გაჩერებასთან გამიჩერეეეთ! (წამღერებით)

– გაუჩერეთ! (ბანი)

– გამიჩერეთ რააა! (წატირებით)

– გაუჩერეთ, გაუჩერეთ! (გუნდი)

– ჩადიან? (ხრინწი)

– კი, ქალი ჩადის, ქალი ჩადის! (ბექები, უკანა რიგი)

– მერე ვერ იტყვით, კაცო? (ახველებს, ხმა ეწმინდება)

 

***

ვითომ საქმე დავატრიალე. დავწერე მოთხრობა, გამოვაქვეყნე გაზეთში, ავიღე ცოტაოდენი ჰონორარი. ვიფიქრე, ავტორიც ხომ უნდა გამოადგეს ტექსტს-მეთქი და ამ ჰონორარიდან ცოტაოდენი საქმეში ჩავაბრუნე, ანუ პოსტი დავბუსტე. სამი დღე აფრიალა ფეისბუქმა, მაგრამ წაკითხვით  ცოტაოდენმა წაიკითხა. რად უნდოდა ათი დოლარი იმის მიხვედრას, რომ პროზა პოეზია არ არის, დაბუსტავ – ვერ წააკითხებ.

 

***

 

ტაქსის ოპერატორებს მითითება აქვთ, რომ ყველაფერი დააზუსტონ:

– თამარაშვილი რომელი, მიხეილი?

– დიახ.

– და სად მიდიხართ?

– აღმაშენებელზე.

– აღმაშენებელი დავითი?

 

***

მთელი დღეა წვიმს თელავში. გავშალეთ ქოლგები და ამოვიარეთ ქალაქი. ერეკლეს სასახლეზე მატასი ლევანს ეკითხება: მამა, ეს რა არის? ლევანს ხმა ეცვლება და დიდაქტიკურად იწყებს – მამა, ეს არის… ელენე ლევანზე მანიშნებს: ნახე, რა მონდომებული ყოფილა საგანმანათლებლო ტურისთვის, კიდევ კარგი, გამოვყევით.

 

***

გუშინდელ საღამოზე ძირითადად მეგობრები მოვიდნენ, რა თქმა უნდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ არ დაესვათ შეკითხვები:

– რომ გირეკავ, რატომ არ იღებ?

– ერთნაირი ფეხსაცმელები რომ ვიყიდეთ, გახსოვს?

– ის როგორ იყო, გაზეთიდან ეროტიკულ სპექტაკლზე რომ აღმოვჩნდით?

მოკლედ, ასეთები არ იყო, თუმცა მათთან ერთად ძველი ამბების გახსენებას არაფერი მირჩევნია.

 

***

არსებობს ხელის მტევნის ორი ისტორიული ფოტო. პირველი ეკუთვნის ანა ბერტა ლუდვიგს, X-სხივების გამომგონებლის, ვილჰელმ რენტგენის ცოლს. მეორე ჩემია, რომელიც შარშან ბათუმიდან ლევანს გამოვუგზავნე, მინაწერით – „მოვკაკვე!“. აქვე, მადლობა გია ჯალალიშვილს, რომელმაც მიექიმა გაწყვეტილ მყესზე და ერთი წლის თავზე ისევ ძველებურად შემიძლია შუა თითის ჩვენება, თუკი ამას გარემოება მოითხოვს.

 

***

ნესტის სუნს მივყევი და წიგნების კარადასთან მიმიყვანა. გადმოვალაგე, ვაშრობ, ვფურცლავ.

 

– ნუთუ ეს ყვავილი მე ჩავდე?  – გაკვირვებული დავყურებ.

– არ არის გამორიცხული, რომ მე,  – წიგნს მართმევს ლევანი.

 

***

ისეთი დაუნდობელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა მეზობლისგან, ვიფიქრე პატრულს მივაშველებ-მეთქი. ასინეთასავით მივადე ყური კედელს და, სავარაუდოდ, ოთხ ხმაში გამოვარჩიე მართალი კაცის ხმა: დამა ყვავი იყო, ბიჭო!

 

***

ხანდახან ასეც ხდება, ავტორმა იცის, რომ ბოლო კრებულზე მუშაობს და უკანასკნელად უბერავს სულს მინავლებულ ცეცხლს. ლეონარდ კოენის წიგნში ვერ ნახავთ შეწყვეტილი ცხოვრების ამბავს, ეს ბრწყინვალე დაისია და ამასთანავე ახალი გზის დასაწყისი:

 

I pray for courage

At the end

To see death coming

As a friend.

 

***

უხსოვარ დროს ერთი მეზობელი გვესტუმრა, ჩვენს ეზოზე წიგნს ვწერ, თქვენც იქა ხართ, მერე რომ არ გაგიკვირდეთო. ისე, დიალოგებს კი წავიკითხავდი.

 

***

ბოტები, ბოტებიო და მე ჩემი ძველი ბოტები გამახსენდა. თინეიჯერები უცნაური ხალხია – ოღონდ რამე მოეწონოთ და მოერგებათ თუ არა, აღარ დაეძებენ. ერთხელ იმხელა ბოტები ვიყიდე, ცუდ ამინდში ხან მე მეცვა და ხან მამაჩემს.

 

***

გაიხსენეთ სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ იცოდით და სხვა რამე წარმოგედგინათ. მაგალითად, მე პანაკოტა ერთხანს რაღაც იშვიათი თევზი მეგონა. შეიძლება იმიტომ, რომ პირველად ზღვისპირა რესტორანში გავიგე – თავისუფალი მაგიდა არ გვაქვს, ისეთი ხალხი მოდის, სულ პანაკოტები აქვთ შეკვეთილიო.

 

***

წლების უნახავი ნაცნობი მხვდება. მოვიკითხე, ბავშვები ახლა რამხელები არიან-მეთქი. მახსოვს, მაშინ თინეიჯერები იყვნენ. ცხრის და ოთხისო. ეგ როგორ, რა დაგმართნიათ-მეთქი. აა, მეორე ცოლი მოვიყვანე, აბა, ისინი რაღა ბავშვებიო.

 

***

შემომხედავ, თითქოს დალაგებული ვარ. დავჯდები საწერად და დროებს ისე ვურევ, ფაილის დახურვას ვეღარ ვახერხებ აწმყოში. კარგი რედაქტორები მყავს და იმათ იდარდონ.

 

***

რაღაცას რომ ვწერ, უნდა ჩავურთო წუთში ერთხელ რაც ჩამესმის – „დე, ნახე, რა გავაკეთე!“ „დე, ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?“, „დე, ჩემი მობილურის დამტენი სად წავიდა?“, „დე, ყირაზე გადავიდე?“, „დე, გადმოვყრი ჩემ ტანსაცმელს და მერე ისევ დავალაგებ!“

 

ხომ არ დაეტყობა, რომ ქალის დაწერილია?

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“