სადავოდ აღარავის მიაჩნია, რომ დებატები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რომელსაც შეუძლია, გაახალისოს, უფრო შემოქმედებითი გახადოს სასწავლო პროცესი. ის ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის ძალზე მნიშვნელოვანი უნარების გაუმჯობესება-განვითარებას. კიდევ შეიძლება ჩამოვთვალოთ კოგნიტური და შემეცნებითი უნარები, რომლებსაც მოსწავლეები დებატების მეშვეობით განივითარებენ: აბსტრაქტული აზროვნება, მოქალაქეობის გრძნობა, ეტიკეტის გაცნობიერება და დაცვა, თვითორგანიზება, საკუთარი თავის რწმენა, საჯარო მეტყველების კულტურა, კვლევა, გუნდური მუშაობა. და ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ.
ჩვენი თვალსაზრისით, დებატები ის აქტივობაა, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება საკმაოდ ხშირად გამოიყენოს, რადგან ისტორიის გაკვეთილებისთვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად, დებატები ისტორიის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ეხმარება ისტორიის მასწავლებელს საგნის სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, ამაღლებს მოსწავლის მოტივაციას, უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. დებატები ეთანადება ისტორიის სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია არა ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრებაზე, არამედ ისტორიული პროცესების გაანალიზებასა და შეფასებაზე, ისტორიული პირებისა და მოვლენების სხვადასხვა რაკურსით დანახვაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უამრავი ისტორიული მოვლენისა და პირის შესახებ დღემდე არსებობს (და ყოველთვის იარსებებს) განსხვავებული მოსაზრებები, დებატების საჭიროება ისტორიის გაკვეთილზე ბუნებრივადაც წარმოიშობა.
დებატის ფორმატს, რომელიც ამჯერად გვინდა განვიხილოთ, ლინკოლნ-დუგლასის დებატები ეწოდება. დებატების ამ ფორმატის სახელწოდება სათავეს შორეული 1858 წლიდან იღებს, როცა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და შემდგომ აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ილინოისის შტატის სენატორის არჩევნებში ნაკლებად ცნობილ მეტოქეს ს. დუგლასს დაუპირისპირდა. საარჩევნო კამპანიის დროს მეტოქეებმა შვიდი საჯარო დებატი გამართეს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მათი დებატების თემა მონობა გახლდათ. სხვათა შორის, ის არჩევნები დუგლასმა მოიგო, მაგრამ ამ დებატებმა ლინკოლნი უფრო უკეთ გააცნო ხალხს, გაზარდა მისი პოპულარობა, რისი წყალობითაც მან შეძლო 1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება.
ლინკოლნ-დუგლასის დებატების კლასიკური ფორმატით, ორი მხარე განიხილავს სადებატო თემას. შესაბამისად, დებატები იწყება საკამათო საკითხის წამოჭრით (მაგ., “ყუთლუ-არსლანის გამოსვლა – პროგრესული ისტორიული მოვლენა”). დებატებს იწყებს ის მხარე, რომელიც ეთანხმება განსახილველ საკითხს. დებატები კი ასეთი ფორმატით წარიმართება:
* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მოწინააღმდეგე შეეცდება ჩამოაყალიბოს კონტრარგუმენტები (3 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს თავის არგუმენტებს (6 წთ);
* თემის მომხრე მოპაექრეს თავის კონტრარგუმენტებს წარუდგენს (3 წთ);
* სადებატო თემის მომხრე წარმოადგენს მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტების შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ);
* სადებატო თემის მოწინააღმდეგე წარმოადგენს მომხრე გუნდის არგუმენტების შემაჯამებელ გაბათილებას (4 წთ).
საზოგადოდ მიღებული ფორმატით, ლინკოლნ-დუგლასის დებატების დროს მოპაექრეები წინასწარ არ უნდა იცნობდნენ სადებატო თემას. სადებატო საკითხის წამოჭრის შემდეგ პრეზენტატორებს უნდა მიეცეთ დრო არგუმენტების მოსაფიქრებლად.
სასწავლო პროცესში, სხვადასხვა სასწავლო კოგნიტური მიზნებიდან გამომდინარე, ლინკოლნ-დუგლასის დებატების ფორმატი, რასაკვირველია, შეიძლება შეიცვალოს. უპირველესად, ეს ეხება დებატების მონაწილეთა რაოდენობას. დებატები შეიძლება გავმართოთ წყვილებს, სამეულებს ან ჯგუფებს შორის.
მოდი, ამჯერად განვიხილოთ, როგორ შეიძლება გავმართოთ ლინკოლნ-დუგლასის ფორმატის დებატი ჯგუფებს შორის, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ამის საშუალებას გვაძლევს.
ჯგუფში შეგვიძლია 6 მოსწავლე გავაერთიანოთ. ეს რაოდენობა საშუალებას მოგვცემს, თითოეულ მოსწავლეს სპეციფიკური, მისთვის განკუთვნილი დავალება დავაკისროთ, რომელზეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი. დებატები იმავე ფორმატით წარიმართება, მაგრამ როლები ჯგუფის წევრებს შორის ასე განაწილდება:
მოდერატორი – ასახელებს სადებატო თემას, აცხადებს წესებს, წარმოადგენს ჯგუფის წევრებს და მათ მოვალეობებს;
მთავარი დებატორი/კონსტრუქტორი – წარმოადგენს თავისი გუნდის მთავარ არგუმენტებს;
კონტრარგუმენტატორი – დაუსვამს შეკითხვებს მოწინააღმდეგე გუნდის კონტრარგუმენტატორის მოპასუხეს;
კონტრარგუმენტატორის მოპასუხე – დროებით საკუთარ თავზე იღებს მთავარი დებატორის ფუნქციას და პასუხობს მოწინააღმდეგე გუნდის კონტრარგუმენენტატორის შეკითხვებს;
გამბათილებელი – პასუხობს შეკითხვებს, რომლებიც კონტრარგუმენტატორის მოპასუხისა და კონტრარგუმენტატორის დებატების დროს წარმოიშვა მისი გუნდის მიმართ;
შემაჯამებელი – ამთავრებს დებატებს, კიდევ ერთხელ ასახელებს თავისი გუნდის მთავარ არგუმენტებს; მისი მოვალეობაა, შეძლებისამებრ გააძლიეროს დებატების დროს მისი გუნდის მთავარ არგუმენტებში თავჩენილი სუსტი წერტილები (ე.წ. “ხვრელების ამოვსება”).
ლინკოლნ-დუგლასის ფორმატი იძლევა ვარირების საშუალებას როგორც კლასში მოსწავლეთა რაოდენობის, ისე სასწავლო მიზნების შესაბამისადაც. მაგალითად, თუ მოსწავლე ცოტაა, შეგვიძლია შევამციროთ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა, შესაბამისად, ერთ მოსწავლეს ორი ფუნქცია დაეკისროს ან ზოგიერთი როლი საერთოდ გაუქმდეს. აგრეთვე შესაძლებელია, დებატებში მასწავლებელიც ჩაერთოს მოდერატორის ფუნქციით.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პირველივე ცდაზე სრული ფორმატით დებატების გამართვა რთული ამოცანაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ მასწავლებელი დებატებს შემოქმედებითად მიუდგება და თავისი კლასის საჭიროებას მოარგებს. ასევე სავსებით მოსალოდნელია, თავდაპირველად დებატებში ხალისით მხოლოდ აქტიური მოსწავლეები ჩაერთვონ.
დასასრულ, გვინდა, რამდენიმე წინასადებატო სტრატეგიაც შემოგთავაზოთ, რომლებიც გაცილებით მარტივია და მოსწავლეებს დაეხმარება სადებატო თემის უკეთ გააზრებაში, ინფორმაციის მოპოვებასა და გაანალიზებაში, რათა შემდეგ დებატების სრული ფორმატით გამართვა შეძლონ.
“სამი ბარათის” სტრატეგია – ეს სტრატეგია ყველა მოსწავლეს აძლევს შანსს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მონოპოლიზებულ იქნეს უფრო აქტიური მონაწილეების მიერ. ამ სტრატეგიის მიხედვით, მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს დებატების დაწყებამდე აძლევს სამ (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ორსაც) ბარათს, რომლებზეც წერია სიტყვები “შეკითხვა ან კომენტარი”. თუ მოსწავლეს დისკუსიაში ჩართვის სურვილი ექნება, ასწევს ბარათს, ხოლო მას შემდეგ, რაც დასვამს კითხვას ან გააკეთებს კომენტარს, ბარათს გვერდზე გადადებს და ჩააბრუნებს. მას სამჯერ ექნება დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა. ამრიგად, ეს სტრატეგია აიძულებს მოსწავლეს, კარგად დაფიქრდეს და მერე ჩაერთოს დისკუსიაში. ეს განსაკუთრებით ეხება აქტიურ მოსწავლეებს. ისინი ეცდებიან გაიაზრონ, ღირს ბარათის “დაკარგვა” იმ კომენტარად, რომლის გაკეთებასაც აპირებენ, თუ ის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული კომენტარისთვის შემოინახონ. სამივე ბარათის გამოყენების შემდეგ მოსწავლე ეთიშება დისკუსიას, სანამ ყველა მონაწილე არ გამოიყენებს თავის ბარათებს.
“დათვლის” სტრატეგია – იგი, ფაქტობრივად, ზემოთ აღწერილი სტრატეგიის იდენტურია, თუმცა შეიძლება, დებატებში უფრო გამოცდილ კლასთან გამოვიყენოთ. ამჯერად მოსწავლე ბარათების ნაცვლად ხელით იძლევა ნიშანს, რამდენჯერ მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში იმ მომენტისთვის. პირველ ცდაზე ის უბრალოდ ხელს აიწევს, მეორე ცდაზე საჩვენებელ თითს აღმართავს იმის ნიშნად, რომ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, მესამე ჯერზე კი ორ თითს ასწევს იმის ნიშნად, რომ უკვე ორჯერ გააკეთა კომენტარი და ამით ამთავრებს დისკუსიაში მონაწილეობას, სანამ ყველა დანარჩენი მოსწავლე არ მიიღებს მონაწილეობას მასში.
სტრატეგია “ერთმანეთის კვალდაკვალ” – ეს სტრატეგია ლინკოლნ-დუგლასის დებატების ფორმატის ერთგვარი ალტერნატივაა. ამ შემთხვევაში გუნდში 5 წევრია. თითოეული გუნდის წევრი წარმოადგენს სადებატო საკითხის ერთ ასპექტს. მთელ გუნდს აქვს წინასწარ განსაზღვრული დრო (ვთქვათ, 5 წუთი), შესაბამისად, თითოეულ წევრს მიეცემა თითო წუთი. გუნდის პრეზენტაციას იწყებს პირველი წევრი მთავარი არგუმენტით. მას არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ერთ წუთზე მეტხანს და თავისი გამოსვლის დასასრულს უნდა მოასწროს გუნდის იმ წევრის დასახელება, რომელიც პრეზენტაციას გააგრძელებს. პირველ პრეზენტატორს სიგნალი მეორემ უნდა მისცეს ხელის აწევით. ამ ჟესტით პრეზენტატორი მიხვდება, ვინ არის მზად პრეზენტაციის გასაგრძელებლად. არ შეიძლება გუნდის რომელიმე წევრის მეორედ დასახელება, ვიდრე თითოჯერ ყველა არ მიიღებს მონაწილეობას.