ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

თბილისმა ქიმიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

 რა ხდებოდა 19-22 აგვისტოს აგრარულ უნივერსიტეტში

19-22 აგვისტოს თბილისი ქიმიის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, სადაც საქართველო ერთი 6 კაციანი გუნდით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალური მედლები მიიღეს მოსწავლეებმა: არჩილ წიკლაურმა, კონსტანტინე დავითაშვილმა და თემიკო მაჭავარიანმა.

საქართველოს გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარსდგა.

სწორედ ლაშა ხუციშვილს ვესაუბრეთ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე. ის ტურნირის მთავარი ორგანიზატორია. ტურნირს თბილისში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მასპინძლობდა.

“ქიმიის საერთაშორისო ტურნირი განსხვავდება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისგან, რომელიც უფრო ძველი და ტრადიციული ღონისძიებაა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა წელს 55-ედ ჩატარდა, ტურნირი მეექვსედ. ტურნირის მთავარი პრინციპი ის არის, რომ გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ქიმიის საკმაოდ განსხვავებული ამოცანების ამოხსნაში, ირჩევა საუკეთესო და მათ შორის ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს საკმაოდ ინტერაქტიური და შემოქმედებითი ღონისძიებაა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე გუნდში შეიძლება იყოს 4-6 მოსწავლე. 

ყველა გუნდს მომზადებული აქვს 12 ამოცანა, რომელიც წინასწარ არის ცნობილი.

მაგალითად რომ მოვიყვანოთ, როგორი ამოცანებია, ერთ-ერთს გეტყვით: უნდა შეძლო  ნივთიერების სინთეზი, რომელიც შეიცავს რაც შეიძლება მეტ ელემენტს პერიოდულობის ცხრილიდან. ცხადია, ეს არის თეორიული და ამოხსნა დამყარებული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევებზე, პრაქტიკული ნაწილი აქ არ მოითხოვება.

ტურნირი იყოფა რაუნდებად: თითო რაუნდში მონაწილეობს სამი გუნდი – ერთი გუნდი არის მომხსენებელი, მეორე ოპონენტი და მესამე  რეცენზენტი. როლები გუნდებს სულ ეცვლებათ და ყოველ დღე სამივე გუნდს სამივე როლი აქვს. მომხსენებელ გუნდს ოპონენტი გუნდი სთავაზობს, რომელ ამოცანას წარადგენს წინასწარ ცნობილი 12 ამოცანიდან – სამი აცილების უფლება აქვთ. როცა შეთანხმდებიან, მომხსენებელი წარადგენს 8 წუთიან პრეზენტაციას, მერე ოპონენტი გუნდის წარმომადგენელი გამოდის და  5 წუთში აფასებს, რა სუსტი მხარეები ჰქონდა მომხსენებელს. შემდეგ იმართება დებატები და ბოლოს რეცენზენტი აფასებს, როგორ წარიმართა დისკუსია. ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო ჟიურის წინაშე, რომელიც აფასებს სამივე როლს. შეფასებებს იღებენ როგორც გუნდები, ისევე ინდივიდუალური მონაწილეები. შემდეგ დგება თითოეული ადამიანის მიერ მოპოვებული ჯამური ქულების სია და იქაც ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები” – გვიხსნის ლაშა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი – მასში მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები მონაწილეობენ. საქართველოში წელს ჩატარებულ ტურნირში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო სინგაპურის, რუმინეთის, მექსიკის, ტაილანდის და უნგრეთის გუნდები. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან უნგრეთი და ტაილანდი ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. უნგრეთი ტურნირის შექმნის დღიდან აქტიურად არის მასში ჩართული – გასულ წელს, სწორედ ბუდაპეშტმა უმასპინძლა ამ ღონისძიებას. საქართველომ მაშინ პირველად მიიღო მონაწილეობა ტურნირში და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი სპეციალური პრიზი მოიპოვა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ მომავალ წელს საქართველო გამხდარიყო ტურნირის მასპინძელი.

“ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად ემზადება ტურნირში მონაწილეობისთვის: მაგალითად, სინგაპურში სკოლებში ჯერ ტარდება ინტერვიუები იმ მოსწავლეებთან, ვისაც უნდა ტურნირში მონაწილეობა, მერე ტარდება ტესტირება იმის დასადგენად, რა იციან და რამდენად შეუძლიათ სამეცნიერო სტატიების გარჩევა და შემდეგ ირჩევენ საუკეთესოებს გუნდისთვის. უნგრეთი ატარებს შიდა ტურნირს, სადაც სხვა, ასევე წინასწარ ცნობილი ამოცანები აქვთ. საქართველოშიც ტურნირს ვატარებთ დაინტერესებული ბავშვებისთვის – სპეციალური ფორმაა, იმას ავსებენ, მერე ვიბარებთ, ვისმენთ მათ მიერ ამოხსნილ ერთ ამოცანას და ასე ვპოულობთ ნაკრების წევრებს.

ასპარეზობისასაც განსხვავდებიან ქვეყნები ერთმანეთისგან. მაგალითად, სინგაპურის გუნდს აქვს ტრადიციულად ისეთი შთამბეჭდავი პრეზენტაციები, რაც ზრდასრულების სამეცნიერო კონფერენციებზეც კი იშვიათად მინახავს. ჩვენ წელს ვეცადეთ, ამოცანებში შეგვეტანა ქართული თემატიკა და მართლაც, ერთ-ერთი ამოცანა 12-დან საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ჩვენ წარვადგინეთ ეს ამოცანა: საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი – გვაქვს 8 ათას წლიანი ისტორია. შეაგროვეთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია წამოვიდა საქართველოდან.

სხვათა შორის, ნორმალურად გაართვეს თავი. უნგრეთის გუნდმა აიღო ეს ამოცანა დასამტკიცებლად და კარგად გამოუვიდათ. ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით უნდა დაემტკიცებინათ ეს და გენეტიკური სეკვენირება გამოეყენებინათ. ფიზიკურ-ქიმიური მეთოდის ერთ-ერთი მაგალითი, რის საშუალებითაც ამოხსნეს ამოცანა, არის რადიოაქტიური ნახშირბადის გამოყენებით  დათარიღება. ამოცანის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი სანდო მეთოდით დაემტკიცებინათ გამოთქმული მოსაზრება” – გვიყვება ლაშა. ის გვიხსნის, რომ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს გარდა კონკრეტულ საგანში ცოდნის გაღრმავებისა, სხვა უამრავ სიკეთეს უკეთებს და ახალ უნარებს უვითარებს. ტურნირის სამუშაო ენა ინგლისურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები არამარტო ინგლისურ ენაზე ურთიერთობენ ტურნირის განმავლობაში, არამედ ამ ენაზე წარადგენენ მოხსენებებს და ამზადებენ პრეზენტაციებს. ენის კარგად ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია ორატორული ნიჭი, სწორი სტრატეგიის დასახვა, განსაზღვრული დროის ჩარჩოებში ჩატევა და დისკუსიის უნარი. თუმცა, ყველაზე რთული მოსწავლეებისთვის მაინც სამეცნიერო სტატიებთან მუშაობაა, რომლებიც მათ ამოცანების ამოსახსნელად სჭირდებათ.

“მხოლოდ სკოლის მასალა არ არის საკმარისი, ფაქტობრივად სამეცნიერო სტატიების გარჩევა უწევთ, რის პრაქტიკაც სკოლებში არ არის. ქიმიის ოლიმპიადაზეც გაცილებით მაღალი დონის ამოცანები მოდის, ვიდრე ნაციონალურ დონეზე“ – ამბობს ლაშა და გვიხსნის, რა გზა მოიფიქრა პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად. ასოციაციის ინიციატივით, ფუნქციონირებს პროექტი “ზურგჩანთა”, რაც ამ ეტაპზე ონლაინ სკოლის ფორმატს ატარებს და მხოლოდ ქიმიის საფუძვლიან შესწავლაში ეხმარება მოსწავლეებს. ამ სკოლაში გადაადგილება და მოგზაურობა მარტივია. სკოლის საიტზე ნებისმიერი ბავშვი იოლად იპოვის კლასს, შესასწავლ საკითხებს და ლაბორატორიაშიც უსაფრთხოდ გაიკვლევს გზას. “ზურგჩანთა“, გარდა სასწავლო მასალისა, ოლიმპიადასაც სთავაზობს მოსწავლეებს. ამ ოლიმპიადის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

“მასწავლებლებს შეუძლიათ კარგად ასწავლონ სასკოლო პროგრამა და თუ შეატყობენ მოსწავლეს, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს ქიმიის მიმართ, გამოუშვან ჩვენთან“ – ამბობს ლაშა.

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში” ქიმიის მოყვარული მოსწავლეების გადამისამართებისთვის კარგი დროა – აქ ახალი სემესტრი 2 ოქტომბერს იწყება, მანამდე კი ახალი მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საერთაშორისო ტურნირებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასე თავად ქვეყნისთვის.

„ამ ტურნირის შემდეგ უკვე გვაქვს უნგრეთის უნივერსიტეტთან, ოქსფორდში არსებულ უნგრეთის ქიმიკოსთა საზოგადოებასთან კონტაქტი, ეს გვაძლევს წვდომას სხვა ქვეყნების ლაბორატორიებზე, ძვირადღირებულ ინსტრუმენტებზე, სამეცნიერო გამოცემებზე, ზრდის ინტერდისციპლინარულ კვლევებში კოლაბორაციის შესაძლებლობებს.  ამის გარდა, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, იცნობდნენ საქართველოს, ქართულ კულტურას – გახსნის ღონისძიებაზე მოხიბლულები იყვნენ როგორც ჩვენი ცეკვით და სიმღერით, ასევე სტუმართმოყვარეობით“ – გვიყვება ლაშა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი