შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

მედიაწიგნიერება საკლასო პრაქტიკაში – ერთი პროექტის გამოცდილება

0

  თანამედროვე საინფორმაციო გარემო არამარტო სწრაფად იცვლება, არამედ სულ უფრო მრავალშრიანი და რთულად გასარჩევი ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში არევა, სტერეოტიპების გაძლიერება, ემოციური ნარატივებით მანიპულაცია, ცრუ ფოტო–ვიდეო მასალის ტირაჟირება და ინფორმაციის ფრაგმენტული მიწოდება. ასეთ პირობებში მოსწავლეებისთვის ხდება რთული იმის ამოცნობა, რა არის სანდო და რა — მიკერძოებული ან შეცვლილი.

ამ კონტექსტში მედიაწიგნიერება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა სკოლის განათლების პროცესში. ის არა მხოლოდ იცავს მოსწავლეებს საინფორმაციო მანიპულაციისგან, არამედ აძლიერებს მათ კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს და პასუხისმგებლიან ონლაინ ქცევას.

წეროვნის №1 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც მათ დაეხმარებოდა რეალური, სანდო და დამაჯერებელი ინფორმაციის გაცნობასა და გაანალიზებაში.

პროექტის თავისებურება და მიზნები

პროექტი ეფუძნებოდა პრაქტიკულ საქმიანობას, რეალურ მედიატექსტებსა და მსჯელობის პროცესს.
მისი მთავარი მიზნები იყო:

  • მედიაწიგნიერებითი ანალიზის მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • ფაქტისა და მოსაზრების გარჩევა;
  • ფარული გზავნილების ამოცნობა;
  • სტერეოტიპების იდენტიფიცირება;
  • ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებაზე დაფუძნებული მსჯელობა.

პროექტმა მოსწავლეებს შესთავაზა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მათ კვლევით, შედარებით და ანალიტიკურ უნარებს ავითარებდა.

ფაქტისა და მოსაზრების გარჩევის სწავლება

მოსწავლეებმა პირველივე ეტაპზე ისწავლეს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ინფორმაციის შეფასების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

ფაქტი — შემოწმებადი, ობიექტური ინფორმაცია.
მოსაზრება — პირადი შეხედულება, ემოციური ან სუბიექტური შეფასება.

მაგალითად:

  • ფაქტი: „საქართველო კავკასიაში მდებარეობს.“
  • მოსაზრება: „საქართველო ლამაზი ქვეყანაა.“

ეს ეტაპი დაეხმარა მოსწავლეებს დაენახათ, რომ ერთი ფაქტის გარშემო შეიძლება ათეულობით ინტერპრეტაცია არსებობდეს.

სტერეოტიპული აზროვნების გამოვლენა

სტერეოტიპები ხშირად იქმნება განმეორებით მოსაზრებებზე დაყრდნობით და რეალობასთან შეუსაბამო წარმოდგენებს აყალიბებს. მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ ამძაფრებს სტერეოტიპებს მედია, როგორ ზეგავლენას ახდენს ისინი მკითხველზე და რატომ გვიჩენს მცდარ წარმოდგენებს ადამიანებზე ან მოვლენებზე.

მიკერძოებული სტატიის ანალიზი

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მაგალითს წარმოადგენდა ბულგარეთში გამოქვეყნებული სტატიის ანალიზი, სადაც ბოშათა ჯგუფი ძალადობრივი და სახიფათო კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

მოსწავლეებმა გამოიკვლიეს:

  • რა სიტყვებით ქმნიდა ჟურნალისტი საფრთხის განცდას;
  • რის დამალვას ცდილობდა ტექსტი;
  • რამდენად ადეკვატური იყო სათაური შინაარსთან შედარებით;
  • რას ვერ ამოწმებდა მკითხველი;
  • რა ნიშნებით აზუსტებდა სტატია სტერეოტიპულ წარმოდგენებს.

მედიაწიგნიერებითი ანალიზი მხოლოდ თანამედროვე მედიით არ შემოიფარგლება — იგივე კითხვები აუცილებელია ისტორიული წყაროების გააზრებისასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექსტი ავტორის პოზიციასა და ეპოქის იდეოლოგიურ კონტექსტს ასახავს.

წყარო  რუსი მოხელე არნოლდ ზისერმანი აღწერს კახელი თავადის ოჯახურ გარემოს
„1840-იან წლებში სოფელ მატანში კახელი თავადი ჩოლოყაშვილი გალავანშემოვლებულ სახლში ცხოვრობდა. შიგნითვე ჰქონდა ეკლესია. კაცებს და ქალებს ცალ-ცალკე ოთახები ეჭირათ. ქალები კაცების საზოგადოებაში არ გამოდიოდნენ. შეგნით ოთახებში, კედლების გასწვრივ, იდგა სპარსული ნოხებით დაფარული ტახტები. კედლებზე ბლომად იარაღი ეკიდა, კუთხეებში განჯინები იყო მოთავსებული ნაირნაირი სასმისებით. სახლში ტრიალებდნენ ცუდად ჩაცმული უმაქნისი მსახურები. მასთან მისულ სტუმარს თავადი სხვადასხვაგვარად იღებდა: ზოგი გალავანს იქით უნდა ჩამოქვეითებულიყო, ჩოხის კალთები გაესწორებინა და წინასწარი მოხსენების შემდეგ შესულიყო თავადთან; ზოგი სტუმარი ციხის კარებთანვე დაქვეითდებოდა და ჩოლოყაშვილთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედიოდა; ზოგს კი ჩოლოყაშვილი თვითონ გაეგებებოდა ეზოში და თავად შეუძღვებოდა სახლში.“

  • მოგონების ავტორი მხოლოდ ფაქტებს აღწერს თუ დასკვნებიც გამოაქვს? პასუხი დაასაბუთე.
  • რომელ კულტურულ ტრადიციებზე მიუთითებს სახლის მორთვა, ქალების განცალკევება?
  • შეაფასე სტუმრების მიღების წესი – თქვენი დაკვირვებით, რომელი საზოგადოების სამართლებრივ კულტურაზე მიანიშნებს იგი?
  • გაიხსენე XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციე წყაროს ავტორის ეროვნებასა და სამსახურს. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა ამ მონაცემებს მნიშვნელობა წყაროს სანდობის დასადგენად და გზავნილი სიგნალის ამოსაცნობად? თუ აქვს, როგორ?
  • კიდევ რა დამატებითი ინფორმაცი დაგჭირდებოდა საქართველოს იმდროინდელი სოციალური განვითარების დონის დასადგენად? რატომ არ მოჰყავს რუს მოხელეს ასეთი ინფორმაცია?

მედიაწიგნიერებითი კრიტიკული შეკითხვები

პროექტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა კრიტიკული კითხვების გამოყენება.
მოსწავლეები სწავლობდნენ კითხვებს, რომელთა დასმა აუცილებელია ნებისმიერი მედიაგზავნილის შეფასებისას:

  • ვინ შექმნა ეს ინფორმაცია?
  • რისთვის შეიქმნა?
  • ვის აძლევს ხელს?
  • რა არის გამოტოვებული?
  • რა წყაროზეა დაფუძნებული?
  • ფაქტია ეს, მოსაზრება თუ სტერეოტიპი?
  • ვის შეიძლება აზარალოს ეს გზავნილი?

ამ კითხვებმა მოსწავლეებს ასწავლა პასუხისმგებლიანი, გააზრებული და საფუძვლიანი ანალიზი.

ფოტოსურათების ავთენტურობის გადამოწმება

რადგან, თანამედროვე ონლაინ სივრცეში ვიზუალური მასალაც აღარ არის ბოლომდე სანდო. ამიტომ მოსწავლეებმა ისწავლეს:

  • ფოტოს წყაროს მოძიება;
  • რევერსული ძებნის პრინციპები;
  • მონტაჟისა და ხელოვნური დამუშავების ნიშნების აღმოჩენა;
  • სანდოობის შეფასების კრიტერიუმები.

 

სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო

პროექტში ჩართული იყო სოციალურ მედიაზე დაფუძნებული „სახუმარო ვიზის“ ანალიზიც. მოსწავლეებმა განსაზღვრეს, შეიძლებოდა თუ არა ასეთი მასალის სანდო წყაროდ გამოყენება.

ისინი აფასებდნენ:

  • პროფილის ნამდვილობას;
  • ფოტოს დამუშავებას;
  • წაშლილ მონაცემებს;
  • ინფორმაციის მიზანსა და კონტექსტს.

ისტორიული წყაროების მედიაწიგნიერებითი ანალიზი

საინტერესო მაგალითი იყო ნაპოლეონის შესახებ ფრანგული პრესის სათაურების ქრონოლოგია. მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფიგურის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს პოლიტიკური გარემოს მიხედვით — „დრაკონიდან“ „იმპერატორამდე“.

მედიაინფორმაციაში სიმართლის გასაგებად განკუთვნილ რომელ შეკითხვებს დასვამდით ამ ფოტოსურათების ნამდვილობის დასადგენად?
რომელი ფოტოებია ნამდვილი და რომელი ყალბი?
რა მიზნით გაყალბდა ფოტოსურათები?

შემაჯამებელი ინდივიდუალური სამუშაო – „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“

პროექტის დასასრულს მოსწავლეები ასრულებენ შემაჯამებელ ინდივიდუალურ სამუშაოს – ონლაინ ინტერაქტიულ თამაშს „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“ (Millab.ge), რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში შეძენილი უნარების თვითშემოწმება და გააზრება. აღნიშნული აქტივობა ეყრდნობა თვითშეფასების პრინციპს და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეაფასოს საკუთარი პროგრესი, გადაწყვეტილებების სისწორე და მიღებული ცოდნის გამოყენების ხარისხი.

თამაშის ფორმატი ინტერაქტიულია და მოითხოვს მოსწავლისგან ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ინფორმაციის გააზრებულ ანალიზს. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმართლის ამოცნობასთან, ფაქტებისა და ინტერპრეტაციების გარჩევასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტის საგანმანათლებლო მიზნებს. ამ პროცესში აქტიურდება მეტაკოგნიტიური უნარები – მოსწავლე აფიქსირებს, რას იცის, რაში ეჭვობს და სად სჭირდება დამატებითი მუშაობა.

შემაჯამებელი სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად (დრო – 10 წუთი), რაც უზრუნველყოფს შედეგების ობიექტურობას და თითოეული მოსწავლის პირადი მიღწევების წარმოჩენას. აღნიშნული აქტივობა არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ ასრულებს განმავითარებელ ფუნქციასაც, რადგან თვითშეფასების მექანიზმის მეშვეობით მოსწავლე უკეთ აცნობიერებს საკუთარ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს.

ინტერაქტიული რესურსის გამოყენება ( http://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5 ) ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამცირებს შეფასებასთან დაკავშირებულ სტრესს და ქმნის პოზიტიურ სასწავლო გამოცდილებას, რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ისტორიული წყაროც კი საჭიროებს მედიაწიგნიერებით გააზრებას და კონტექსტის სწორად წაკითხვას.

პროექტმა ნათლად დაადასტურა, რომ მედიაწიგნიერება შეიძლება გახდეს ეფექტიანი ინსტრუმენტი მოსწავლეთა:

  • კრიტიკული აზროვნების,
  • ინფორმაციის შეფასების,
  • სტერეოტიპებთან ბრძოლის,
  • წყაროების ანალიზის,
  • პასუხისმგებლიანი ონლაინქცევის განვითარებისათვის.

მიღებული შედეგები მოწმობს, რომ მსგავსი პროექტები არა მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებს აძლიერებს, არამედ ზრდის მოსწავლეთა მედიაცნობიერებას და აახლოებს მათ რეალურ, სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან.

 

სასწავლო პროექტი – ღვინის გზა

0

სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ განხორციელდა VI კლასში და ეფუძნებოდა საგანთა ინტეგრირებულ სწავლებას. პროექტში ერთმანეთთან ორგანულად იყო დაკავშირებული საგნები „ჩვენი საქართველო“ და ბუნებისმეტყველება, ხოლო შინაარსობრივად გაღრმავებული იყო საღვთო სჯულთან ინტეგრაციით. პროექტის ცენტრალური თემა იყო მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში.

საქართველოს ისტორია და კულტურა განუყოფელია მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისგან. ვაზი და ღვინო მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგს არ წარმოადგენს; ისინი ეროვნული იდენტობის, სულიერი კულტურისა და ისტორიული მეხსიერების სიმბოლოებად არის ქცეული. სწორედ ამ კონტექსტის გააზრებაზე იყო მიმართული სასწავლო პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა საგანთა ინტეგრაციასა და კეთებით სწავლების პრინციპს. პროექტის მთავარი ამოცანა იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა რეალურ და ავთენტურ სასწავლო გამოცდილებაში, რაც ცოდნას ცოცხალ და მნიშვნელოვნად აღქმულს ხდის.

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სწავლება, რომელიც სცდება სახელმძღვანელოს ფარგლებს და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გააზროს. მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკა ამისთვის იდეალურ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის, რადგან იგი აერთიანებს ისტორიულ, ბუნებრივ, კულტურულ და სულიერ ასპექტებს. პროექტის აქტუალობა გამოიხატა იმითაც, რომ მან გააძლიერა მოსწავლეთა კვლევითი ინტერესი, ხელი შეუწყო საგნობრივ ინტეგრაციას და მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლისადმი მოტივაცია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ვაზის ჯიშები, განსაკუთრებით კახური და უძველესი ენდემური სახეობები, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციულ გზებს და გააცნობიერეს ღვინის ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობა. ამასთან ერთად, პროექტი მიზნად ისახავდა კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიგეგმა და მოიცავდა მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებს. მოსწავლეებმა მოინახულეს ტრადიციული ქართული მარანი, სადაც უშუალოდ გაეცნენ მევენახეობა-მეღვინეობის პროცესს და მარნის ფუნქციურ მნიშვნელობას. ადგილზე მიღებული გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა შემდგომი კვლევითი საქმიანობისთვის. სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიისა და ვაზის ჯიშების შესახებ, დაამუშავეს მასალა და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა.

ჯგუფური მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და პრეზენტაციები თემაზე „გახდი მეღვინე“, რაც ხელს უწყობდა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტრადიციული მარნის მაკეტების შექმნა, სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად ასახეს ღვინის წარმოების ძირითადი ელემენტები. ამავე დროს მათ შეადგინეს ქართული ღვინის რუკა და კატალოგი, რამაც გააძლიერა გეოგრაფიული ცოდნა და სისტემური აზროვნება.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ყურძნის დაწურვის პრაქტიკული აქტივობა. ეს გამოცდილება კეთებით სწავლების მკაფიო მაგალითს წარმოადგენდა და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, პროცესს არა მხოლოდ დაკვირვებით, არამედ უშუალო ჩართულობით გაცნობოდნენ. შემოქმედებითი მიმართულება გაგრძელდა: ღვინის ფიალების, ღვინის ბოთლის მოხატვის და ეტიკეტების დიზაინის შექმნით, სადაც მოსწავლეებმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით წარმოადგინეს საკუთარი იდეები.

პროექტი სრულად შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში მოსწავლეებმა გააზრეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს მცენარის განვითარება და ბუნებრივი პროცესები, ხოლო საღვთო სჯულის ინტეგრაციით გააცნობიერეს ვაზისა და ღვინის ბიბლიური მნიშვნელობა. ამასთან ერთად, პროექტის ყველა ეტაპზე ვითარდებოდა  უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, კვლევა და შემოქმედება.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა უფრო სიღრმისეულად გაიაზრეს საკუთარი ქვეყნის ისტორია და კულტურა და გააცნობიერეს, რომ საქართველო წარმოადგენს ღვინის სამშობლოს რვაათასწლოვანი ისტორიით. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მოტივაცია, კვლევითი ინტერესი და გუნდური მუშაობის უნარი. მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რაც მოიცავდა ინფორმაციის სიზუსტეს, შემოქმედებით მიდგომას, ჯგუფურ მუშაობასა და პრეზენტაციის ხარისხს. შეფასება ორიენტირებული იყო არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ თვითშეფასებისა და რეფლექსიის განვითარებაზეც.

პროექტმა ნათლად აჩვენა, რამდენად ეფექტურია კეთებით სწავლება და საგანთა ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ეროვნული ღირებულებების გააზრებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

საგნობრივი ინტეგრაციის ცხრილი

საგანი საკვანძო შინაარსი განვითარებული უნარები პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
ჩვენი საქართველო ქართული ღვინის ისტორია, ვაზის ჯიშები, კულტურული მემკვიდრეობა ისტორიული გააზრება, სივრცითი აზროვნება, ინფორმაციის სისტემატიზება ღვინის ისტორიის კვლევა, ქართული ღვინის რუკისა და კატალოგის შექმნა, პოსტერები
ბუნებისმეტყველება ვაზი როგორც მცენარე, ყურძნის განვითარება, ბუნებრივი პროცესები დაკვირვება, ექსპერიმენტული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება ვაზის ჯიშების შესწავლა, ყურძნის დაწურვის პრაქტიკული აქტივობა
საღვთო სჯული ვაზისა და ღვინის სიმბოლური და ბიბლიური მნიშვნელობა ღირებულებითი გააზრება, ტექსტთან მუშაობა, ინტერპრეტაცია ქვეთემა „ვაზი და ბიბლია“, დისკუსია და მსჯელობა
ხელოვნება / შემოქმედებითი კომპონენტი ვიზუალური თვითგამოხატვა კრეატიულობა, დიზერული აზროვნება ღვინის ფიალების მოხატვა, ბოთლის ეტიკეტის დიზაინის შექმნა
ტრანსვერსალური კომპეტენციები თანამშრომლობა, კვლევა, პრეზენტაცია გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება ყველა აქტივობა ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციების ჩათვლით

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა შეფასება განხორციელდა განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების პრინციპების შესაბამისად. შეფასების პროცესი ორიენტირებული იყო არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, არამედ სწავლების პროცესში გამოვლენილ აქტივობაზე, თანამშრომლობასა და რეფლექსიაზე.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები მოიცავდა:

  1. შინაარსობრივი სიზუსტე – სწორად წარმოაჩენს ინფორმაციას ღვინის ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და მეღვინეობის პროცესების შესახებ; იყენებს თემატურ ტერმინოლოგიას.
  2. კვლევითი უნარები – ახერხებს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და დასკვნების გამოტანას; აჩვენებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებას.
  3. პრაქტიკული ჩართულობა – აქტიურად მონაწილეობს აქტივობებში (მარნის ვიზიტი, ყურძნის დაწურვა, მაკეტის შექმნა); იჩენს პასუხისმგებლობას.
  4. შემოქმედებითი მიდგომა – ორიგინალურად ასახავს თემას ვიზუალურ ნამუშევრებში; ავლენს იდეის გადმოცემის უნარს სხვადასხვა ფორმით.
  5. თანამშრომლობა და კომუნიკაცია – ეფექტურად მუშაობს ჯგუფში, ითვალისწინებს სხვების აზრს; აზრს მკაფიოდ გამოხატავს პრეზენტაციისას.
  6. პრეზენტაციის ხარისხი – ნამუშევარი სტრუქტურირებულია და ლოგიკურად გამართული; ახერხებს საკუთარი ნამუშევრის ახსნასა და დასაბუთებას.
  7. რეფლექსია – აფასებს საკუთარ ჩართულობას და მიღებულ გამოცდილებას; ასახელებს, რა ისწავლა და რას გააუმჯობესებდა მომავალში.

სასწავლო პროექტი „მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და მის მიერ განსაზღვრულ საგნობრივ და ტრანსვერსალურ შედეგებს. „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში პროექტი უზრუნველყოფს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გააზრებას, ქვეყნის სივრცითი და კულტურული თავისებურებების გაცნობას და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოპოვებასა და დამუშავებას. ბუნებისმეტყველებაში პროექტი ხელს უწყობს მცენარეთა განვითარების, ბუნებრივი პროცესებისა და პრაქტიკული დაკვირვების უნარების განვითარებას. საღვთო სჯულთან ინტეგრაცია აძლიერებს ღირებულებით და სულიერ განათლებას, ხოლო მრავალფეროვანი ჯგუფური და შემოქმედებითი აქტივობები ავითარებს თანამშრომლობის, კვლევის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარებს. ამგვარად, პროექტი არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეთა კომპლექსური განვითარებასაც უზრუნველყოფს, რაც ესგ-ს ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს.

მათემატიკური სახლები – სახალისო აქტივობა

0
child kid colorful education toys cubes with numbers math pattern background on the bright background. Flat lay. Childhood infancy children babies concept.

დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებისას განსაკუთრებით ვცდილობ, რომ უკუკავშირი არ იყოს მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული შეფასება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად შეძლოს საკუთარი პასუხის გადამოწმება, შეცდომის აღმოჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რესურსი – „მათემატიკური სახლები“, რომელიც გამოვიყენე მიმატება-გამოკლებაზე მუშაობისას.

რესურსის იდეა

რესურსი შევქმენი მარტივი, ხელნაკეთი ვიზუალური მასალებით. „სახლებზე“ განვათავსე არითმეტიკული ტოლობები (მიმატება და გამოკლება), ხოლო ცალკე მოვამზადე ბარათები, რომელთა ერთ მხარეს ეწერა ტოლობა, მეორე მხარეს კი – პასუხი. ბარათების ნაწილს განზრახ ჰქონდა მცდარი პასუხი, რათა მოსწავლეებს დასჭირვებოდათ არა მხოლოდ გამოთვლა, არამედ სწორი – არასწორის გააზრება.

აქტივობის განხორციელების ეტაპები

I ეტაპი – დავალების გააზრება

აქტივობის დაწყებისას მოსწავლეებს ავუხსენი თამაშის წესები და მიზანი. მათთვის თავიდანვე განვაცხადე, რომ შეცდომა ამ პროცესში დასაშვები და სასურველიც კი იყო, რადგან სწორედ შეცდომის აღმოჩენით ხდება სწავლა. ამან ბავშვები თავისუფალი და თავდაჯერებული გახადა.

II ეტაპი – მაგალითის ამოხსნა

მოსწავლეები იღებდნენ ბარათს, კითხულობდნენ მაგალითს და დამოუკიდებლად ასრულებდნენ გამოთვლას. ამ ეტაპზე ჩემი ჩარევა მინიმალური იყო – ვაკვირდებოდი პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვუსვამდი  კითხვებს.

III ეტაპი – პასუხის გადამოწმება (უკუკავშირი)

ამ ეტაპზე იწყებოდა აქტივობის მთავარი ნაწილი. მოსწავლეები ამოწმებდნენ ბარათის უკანა მხარეს მოცემულ პასუხს და ადარებდნენ საკუთარ შედეგს.
თუ პასუხი ემთხვეოდა – ბავშვი თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ  სწორია;
თუ არ ემთხვეოდა – აფიქსირებდა, რომ  მცდარია.

აქ უკუკავშირი მოდიოდა არა ჩემგან, არამედ თავად რესურსიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

IV ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება

სწორი ამოხსნა მოსწავლეს შესაბამის „სახლში“ უნდა განეთავსებინა, ხოლო მცდარი ტოლობა – სპეციალურად გამოყოფილ „შავ ყუთში“.
ამ მოქმედებით ბავშვი არა მხოლოდ პასუხს ამოწმებდა, არამედ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.

V ეტაპი – განმარტება და რეფლექსია

აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვდი აეხსნათ, რატომ ჩათვალეს კონკრეტული ამოხსნა

სწორად ან არასწორად. ამ დროს ხშირად ისმოდა ფრაზები:
„თავიდან სხვანაირად ვიფიქრე, მაგრამ გადავამოწმე…“
„ვნახე, რომ პასუხი არ ემთხვეოდა…“

ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებისთვის.

უკუკავშირის მნიშვნელობა

ამ რესურსის გამოყენებისას უკუკავშირი ხდებოდა:

  • დაუყოვნებლივი – მოსწავლე მაშინვე ხედავდა შედეგს;

  • არაშემფასებლური – არ იყო „სწორი/არასწორი“ მასწავლებლისგან;

  • განმავითარებელი – შეცდომა აღიქმებოდა როგორც სწავლის ნაწილი.

მოსწავლეები აღარ ელოდნენ ჩემს დადასტურებას – ისინი თავად ამოწმებდნენ საკუთარ პასუხებს და სწავლობდნენ პასუხისმგებლობას.

აქტივობის შედეგად:

  • გაიზარდა მოსწავლეთა დამოუკიდებლობა;

  • შემცირდა შეცდომის შიში;

  • გაძლიერდა თვითკონტროლისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;

  • მათემატიკური დავალებები იქცა თამაშად და არა სტრესად.

„მათემატიკური სახლები“ ჩემთვის იქცა რესურსად, რომელმაც ნათლად დამანახვა, რამდენად ეფექტიანია სწავლის პროცესი მაშინ, როდესაც უკუკავშირი ჩაშენებულია თავად აქტივობაში. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ მათემატიკურ ცოდნას აძლიერებს, არამედ მოსწავლეებს ასწავლის ფიქრს, გადამოწმებას და შეცდომასთან მუშაობას – უნარებს, რომლებიც სწავლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია.

ენის განვითარების პრობლემა და ქცევის სირთულეები

0

 

„იყო და ალა იყო ლა, იყო ლა, ეთი დუფინი, დუმფინი, ლომესაც დანა ქია. მალე დედიკოთან და მამიკოთან ითულავა და ეგონა, ლომ კალგი ადამიანები იყნენ, მივიდა ნავთან. მოცუხმა თევზაობდა და ის ლაღაცა დაინახა მოხუცა, მელე უთხა, ლო ტელეფონი მაქსოვო, კიო, აბა დაულეკეს, ხოდა მელე მოიდენ, ხოდა მელე წაიყანეს, ჰოდა მელე,—  სად ვიყაით? — ხოდა მელე კუდი მოაჭვეს, მელე,—  სად ვიყაით? — მელე ახალი კუდი დაუყენეს, ოღონ ლობოტის, მელე ითულავა და ალ მოეწონა და ამოიყანეს, მელე კიდე ითულავა და მელე მოეწონა, ჰოდა მელე წავიდა სახში და მოვიდა დეფინი და ცუგაც მოვიდა და მელე დეფინი შიდი წის გახდა და დამთავდა ისტოლია.“

/პირობითად,   უკა, 7 წლის/

 

[— რა დახატე?]

  • ალ ვიცი, უკასაირი დეფინი, გოგო ეფინი, ლამასი თები აქ, თეგვავს, ხვითელი ქაბა აცია.

მე ლამაზი გოგო. მე  ჲ[1]ა  ვიცი.

მეჲ[2]ე  გაგოცათ ჲეთმანეთს.

ქოცილში, სღვაში.

/ პირობითად, ნუკა, უკას მეგობარი, ისიც 7 წლის/

  • მეზიზები, გაგადებ, თავში აგაცას ჩაგატამ, თუ ა წახვალ, ხო გითარი, ა მინდა სკოლა, გადავადებ ფანჯიდან მაგას და შეც გადაგადებ. მიყახარ. შეც ხო გიყავა? ხო გიყავა? ხო გიყავა?

                                       პირობითად, ბუკა, ისიც 7 წლის

 

პირობითად, შვიდი წლის ბუკა ახლომყოფებსა თუ უცნობ ადამიანებს აუცილებლად დაამახსოვრებს თავს გამორჩეული ქცევით. სკოლაში მის მხარმდამჭერ მასწავლებლებსა თუ სხვა პირებს დიდი თავშეკავება და მოთმინება მართებთ. ბუკას მარტივად შეუძლია, ხელიდან გასხლტეს, მეორე სართულზე ფეხსაცმელგახდილი აფრინდეს, იქიდან საკუთარი მძიმე ბოტი მამაკაც მანდატურს პირდაპირ თავში დაუმიზნოს და წამარტებით არ ააცილოს მიზანს. ბუკას მაგრად ჩახუტებაც შეუძლია, მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთთან ტექსტში მოცემული კონკრეტული ინფორმაციის და ილუსტრაციის ერთმანეთთან დაკავშირებაც, უარყოფითი სიტყვათშეთანხმებების გამოყენებაც, მარტივი, ერთ ან ორსაფეხურიანი მითითებების შესრულება, საკუთარ სახელზე რეაგირებაც, „დიახ“ და „არა“ – ს მნიშვნელობათა გარჩევაც,  შეუძლია მისთვის ადვილად გასაგები ისტორიის მოსმენა დროის მცირე მონაკვეთში,  მოსმენილი ბგერების და მარცვლების რამდენადმე სწორად გამეორება, მარტივ დიალოგში ჩართვა, ზოგ დასმულ შეკითხვებზე პასუხი და  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გაცემა, არავერბალურად მინიშნება, წუწუნი, თავის დაძვრენა, ბრაზის გამოხატვა ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ ადგილას, თუმცა ნაკლებად გამოსდის თუნდაც საკუთარი თავის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ისევე, როგორც: მოსმენილი მოკლე ტექსტის შინაარსის გადმოცემა, თუნდაც  დამაზუსტებელი შეკითხვებით. არ შეუძლია შეკითხვებზე: „რა“, „სად“, „ვინ“ — პასუხის ვრცლად გაცემა, მოთხრობის სათაურისა და პერსონაჟების დასახელება. გართულებულია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა: „მე“, „ჩემი“, „ვიცი“, „მე თვითონ“. არ შეუძლია დროის აღმნიშვნელი იმგვარი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა: „დღეს“, „ხვალ“, „გუშინ“, „დილით“, „ღამე“, „ჯერ“, „მერე“ და სხვა;  უჭირს შიშინა-სისინა ბგერების სწორად წარმოთქმა. ნაკლებად იჩენს მეტყველების ინიციატივას; ახასიათებს ექოლალიები და სპონტანური ვოკალიზაციები; აქვს მწირი ლექსიკური მარაგი; უჭირს ვერბალურად სურველების გამოხატვა, თუმცა შეთავაზებული შაბლონებიდან სიხარულით ამოარჩევს სასურველს და გულმოდგინებით გააფერადებს ახალ ამოცანაზე გადასვლამდე.

პირობითად, უკა 7 წლის ბავშვია და პირველ კლასში ირიცხება. უკას მდგომარეობა შეფასებულია, როგორც — განვითარების ეტაპების დაყოვნება.  აქვს, როგორც რეცეპტული, ასევე — ექსპრესიული მეტყველების პრობლემები — მას მხოლოდ ერთი ან ორსაფეხურიანი ინსტრუქციები ესმის, უჭირს აბსტრაქტული სიტყვების მნიშვნელობათა აღქმა. მეტყველებს მარტივი (3-4 სიტყვიანი) წინადადებებით, თავისებური ფონოლოგიით და მორფო-სინტაქსით (ბრუნვა, პირი, რიცხვი) —  სიტყვაში ტოვებს ან ანაცვლებს ბგერებს, თუმცა იყენებს დასრულებულ წინადადებებს და აზრს დასრულებულად გამოხატავს. მისი ნათქვამი გასაგებია მსმენლისთვის და ინარჩუნებს საკომუნიკაციო ფუნქციას. მეტყველებას იყენებს ადეკვატურად სხვადასხვა სოციალურ კონტექსტებთან მიმართებით. სიტყვათა მარაგი შეზღუდულია, თუმცა უკა, უმთავრესად, აზროვნებს ლოგიკურად, მიზეზ-შედეგობრივად და გონიერი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მშობლების დიდი მხარდაჭერით, სკოლამდე უკა კერძო საბავშო ბაღში  დადიოდა და სარეაბილიტაციო ცენტრშიც, მეტყველების  თერაპიაზე და ბევრი კარგი უნარი დაისწავლა. თუმცა ემოციების რეგულაცია  დაწყებითი სკოლის პირველ კლასში მისთვის მაინც გამოწვევაა. დიდ ძალისხმევას ხარჯავს ბრაზის მართვისთვის, რაც ზოგჯერ არ გამოსდის, მით უფრო, თუ მერხთან გოგონა უზის. ღიად ამბობს კიდეც, რომ გოგონებთან არ იმეგობრებს და მათი დაზიანებაც შეუძლია. ამიტომ უკას განათლებაში ჩართულ, მხარდამჭერ პირებს დიდი ყურადღება მართებთ, რომ  ყველაფერი კარგად გამოვიდეს, რომ ერთხელაც გვერდითმჯდომ ნუკაზე არ გაიწიოს, კლასში არ წააქციოს და, უბრალო მიზეზით, ზიანი არ მიაყენოს. ნუკას კი ძალიან იოლად გამოსდის კარგად ხატვა, თუმცა თუ სახატავი მასალა არ აქვს, ან ამის საშუალება არ მიეცა, იოლად მივა ფანჯარასთან და ყველასთვის მოულოდნელად, წამიერად საკუთარ თუ სხვის ნივთებს მეორე ან  მესამე სართულის ფანჯრებიდან მოაფრიალებს, ანაც მასწავლებელს ჩასახუტებლად ზურგით კალთაში ჩაუჯდება, შემდეგ კი მთელი ძალით აისვრის თავს და, შესაძლოა, ბაგე-კბილზე გამოუსწორებელი ტრავმაც მიაყენოს.

ჩამოთვლილი შემთხვევები ზღვაში წვეთია. ენის განვითარების პრობლემაზე მრავალწლიანი დაკვირვება ნამდვილად იძლევა ქცევით თავისებურებებთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის საფუძველს. ერთია, დააკვირდე ცოცხალ საგაკვეთილო პროცესებს და მათში ბავშვების ენის განვითარებას, მეორეა, გაანალიზო იმ ადამიანთა ნარატივები, ვისაც ბავშვობისა თუ ზრდასრულობისას ენის დარღვევა ჰქონიათ ან  აქვთ და, გარდა ამისა, ტოლობის მსგავსი ნიშანი გაავლო მათ სამომავლო ქცევებთან, რომლებსაც ხშირად მართლმსაჯულებამდე მიუყვანიათ.

უნდა გვახსევდეს, ენისა და მეტყველების როლი უმნიშვნელოვანესია სოციალური, კოგნიტური, ემოციური და ქცევითი სფეროების განვითარებისთვის. შესაბამისად, შეფერხება უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, რის შედეგად წარმოიშვება მეორადი, ფრიად სერიოზული სირთულეები[3], მაგრამ ბავშვების უმეტესობა პრობლემის დაძლევას სკოლაში შესვლამდეც კი ახერხებს, თუ მას სპეციალისტებიც ეხმარებიან. თუმცა, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება და სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვი უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება. თანატოლებთან შედარებით, მათ მეტად უჭირთ დასწავლა, მასწავლებლისა თუ თანაკლასელების მოსმენა, მითითებების გაგება, წერა-კითხვის ათვისება, თხრობა და წაკითხულის გააზრება. ეს ყველაფერი კი  არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება ბავშვისთვის დიდ სირთულესთან იყოს დაკავშირებული. უცხოური კვლევები ცხადყოფს, რომ ქცევითი სირთულეები ვლინდებოდა ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვების 50%-ში მაშინ, როცა ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი 12%-ს არ აღემატებოდა. ხშირია კონფლიქტები, თვითკონტროლის სირთულეები, ადვილად გაღიზიანებადობა და დაუმორჩილებლობა; რიგ შემთხვევებში, მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ ბავშვები აგრესიულები ხდებიან და, შეიძლება, ფიზიკური ზიანიც კი მიაყენონ საკუთარ თავს ან სხვას.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ბავშვს აუცილებლად ექნება ქცევის მართვის სიძნელეებიც. უფრო მართებული იქნება საკითხის შემდეგნაირად გააზრება: ქცევით პრობლემებს ხანდახან შეიძლება ერთი მიზეზი, ენისა და მეტყველების დარღვევა ედოს საფუძვლად, პრევენციისთვის კი აუცილებელია სკოლამდელ ასაკამდე საფუძვლიანი ჩარევა.

 

[1] [*რ]

[2] [*რ]

[3] Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021). Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630

გოგოებს, რომლებსაც ცეკვა არ დასცალდათ

0

ბევრი წლის წინ, როცა პატარა გოგო ვიყავი, მახსოვს როგორ თქვა საოჯახო შეკრებაზე ახალ ქალაქში ამბის მოყოლისას, სკოლისკენ მიმავალ გზაზე მაღაზიებია, სადაც ტექნიკა, მათ შორის მაგნიტაფონები და კასეტები იყიდება, მუსიკა ხმამაღლაა ჩართული და ამ ხმებზე “წაცეკვებით” მივდივარ ხოლმეო. ამ ამბიდან მალევე მასზე გაცილებით უფროსმა ბიჭმა “მოიტაცა”, რაც მერე ქორწილით და ჯერ კიდევ არასწრულოვანებაში გაჩენილი ბავშვით დამთავრდა. მათი ოჯახი მყიფე აღმოჩნდა, ქალს განსაცდელები მომდევნო წლებშიც არ მოკლებია. მარტოხელა დედობა, ემიგრაცია, სწავლისთვის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობები, თავის გადასარჩენად მძიმე მუშაობა და შვილების “დისტანციურად” გაზრდა. ახლა მისი ქალიშვილი უკრავს ხოლმე საოჯახო შეკრებებზე ელექტრო გიტარაზე და ვფიქრობ ხოლმე, რა მშვენიერია, როცა ბავშვს არავინ აჩქარებს გაიზარდოს, როცა პატარა გოგოებს აღარ “იტაცებენ” და ძალადობას “სიყვარულს” უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ეძახის.

 

მე თითქმის სულ ყურსასმენებით დავდივარ და ყურსასმენებში ან მუსიკაა ან აუდიო წიგნი. როცა მუსიკას ვუსმენ და ჩემი ნაბიჯების ტემპი ამ მუსიკასთან სინქრონიზდება, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ სულ მახსენდება გოგო, რომელსაც შემთხვევით მუსიკის სიახლოვეს აღმოჩენილს ცეკვა უნდოდა, მორიდებით “წაუცეკვავებდა” კიდეც, მერე ამით თავი მოსწონდა და ლაღი ცხოვრება არ დასცალდა. ვინ იცის რამდენია ასეთი გოგო – ვისაც დიდი არაფერი, ბავშვობაში ბავშვობით ტკბობა და ზრდასრულობაში თავისი არჩეული ცხოვრება უნდოდა და არც ერთი მიეცა და არც მეორე.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ გოგოებისთვის ვისაც ცეკვა არ დასცალდათ?

 

ჩვენ ვიცეკვოთ უფრო თავგამეტებით?

 

მათი შვილები გავამხნევოთ?

 

უკვე გაზრდილ გოგოებს ვუთხრათ, რომ არასოდეს არ არის გვიან, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაიბრუნონ?

 

სხვებს მოვუყვეთ მათი ამბები, ვინც თვლის, რომ დიდი არც არაფერი მოხდება, ქალს თუ ჭკუას არავინ ეკითხება?

 

არასოდეს დავივიწყოთ, როგორი სასტიკი და დაუნდობელია სამყარო თავისუფალი სულების მიმართ?

 

გვახსოვდეს როგორი მნიშვნელოვანია სუსტების გამხნევება და მავნე წესების მსხვრევა?

 

თავისუფლად მცხოვრებ გოგოებს ვუთხრათ, რომ რაც მათთვის ჩვეული ამბავია, უამრავი ქალისთვის მიუღწეველი ფუფუნება აღმოჩნდა და არასოდეს დათმონ ის, რაც ბრძოლის გარეშე მიეცათ?

 

ვინ ისიც რა ანუგეშებთ გოგოებს, ვისაც ცეკვა არ დასცალდათ? ეგებ იმის ცოდნა, რომ წლების მერეც გვახსოვს მათი დანაკარგები და ველით იმ დროს, როცა კვლავ იცეკვებენ?

რა სურთ თინეიჯერებს?

0

ჩემი ერთი შვილი უკვე თინეიჯერია, მეორე ჯერ არა, მაგრამ როგორც უფროსი ამბობს, ის დაბადებიდან “გარდატეხის ასაკშია”, ანუ წინააღმდეგობაშია ჩართული, მძაფრად იღებს ყველანაირ კრიტიკას და არც თუ იშვიათად ფიქრობს, რომ მისი ცუდად ესმით.

 

მოზარდებს შინაც და გარეთაც ფრთხილი ინტერესით ვაკვირდები და ვცდილობ მათგან გავიგო რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ უფროსებისგან, მშობლებისა და მასწავლებლებისგან, უფროსი მეგობრებისა და სხვა ახლობლებისგან, ეს დელიკატური პერიოდი უფრო მშვიდად რომ გადააგორონ.

 

მათთან არაერთი საუბრის სესიის შემდეგ ჩვენი საუბრების შინაარსი მაქსიმალურად დავწერე და ეს სია გავაკეთე რჩევების და მოთხოვნების, რომლებიც უფროსებთან აქვთ. მგონია სასარგებლოა თვალის გადასავლებად, მით უმეტეს მათთან ურთიერთობისას პრაქტიკაში დასანერგად.

 

მოგვეცით უსაფრთხო სივრცე

 

სამყარო ისედაც მუდმივად გვაფასებს და გვამართლებს. ნუ გახდებით კიდევ ერთი ადგილი, სადაც კეკლუცობა, ახსნა ან საკუთარი თავის გადამალვა გვჭირდება.

 

იყავით ჩვენი ემოციური საყრდები

 

ჩვენი ემოციები ქაოტურია, მიუხედავად ამისა, ისევ თქვენზე ვართ დამოკიდებული და დაგვეხმარეთ ემოციების მართვაში – გაგვიზიარეთ თქვენი სიმშვიდე

 

ნუ მიიღებთ ჩვენს ქცევას პირად შეურაცხყოფად

 

ჩვენი განწყობები არასტაბილურია, ჩვენი ტვინი იცვლება. რეაქციები მძაფრია, მაგრამ უნდა გაგვიძლოთ, სანამ სიმშვიდე დაუბრუნდება ჩვენს ცხოვრებას.

 

პატივი ეცით ჩვენს პირად სივრცეს

 

ჩვენ ახლა ვსწავლობთ დამოუკიდებლობას. გვჭირდება სივრცე სუნთქვისთვის, კვლევისთვის და შეცდომების დასაშვებად –  გამადიდებელი შუშებით ყურების, განსჯისა და კონტროლის გარეშე.

 

ნუ გვაკრიტიკებთ

 

ამ ეტაპზე ჩვენ თვითონ გვიჭირს საკუთარი თავის მიღება და კრიტიკა ამ პროცესს კიდევ უფრო გვირთულებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი შენიშვნებით მოტივაციას აგვიმაღლებთ, მარამ არა.

 

დასჯა კონტრპროდუქტიულია

 

ეს არაფერს გვასწავლის – მხოლოდ იმას გვაგრძნობინებს, რომ არ მოგწონვართ, უსაფრთხოდ არ ვართ და ჩვენი არ გესმით. თუ დასჯა ნორმაა, მაშინ იძულებული ვართ გულახდილობის ნაცვლად ტყუილების თქმა დავიწყოთ და დახმარება სადმე სხვაგან ვეძებოთ.

 

მოგვეცით მეტი ძილის შესაძლებლობა

 

ზარმაცები არ ვართ – ჰორმონები გვირევენ ძილის ციკლს და არც თუ იშვიათად, სხვა ქცევასაც. დილას გაღვიძება ზოგჯერ იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ამის წარმოდგენა ზრდასრულებს შეგიძლიათ.

 

ჩვენს გვერდით იყავით

 

სამყარო ჩვენთვის გამოუცნობი, საშიში და ზოგჯერ მტრულია – გვჭირდება იმის ცოდნა, რომ ამ ქარტეხილებში ჩვენს მხარეს იქნებით, რაც არ უნდა მოხდეს

 

მოგვისმინეთ, სანამ გვასწავლით

 

ზოგჯერ არა რჩევა, არამედ ადამიანი გვჭირდება, რომელიც ბოლომდე მოგვისმენს და არ შეგვაწყვეტინებს.

 

სერიოზულად მიიღეთ ჩვენი გრძნობები

 

რაც შეიძლება თქვენთვის “უსაფუძვლო დრამად” ან “არასერიოზულ წვრილმანად” ჩანდეს, ჩვენთვის რეალობაა, ზოგჯერ მტკივნეულიც.

 

ნუ შეგვადარებთ სხვებს

 

ჩვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ვიღაცაზე უკეთესები ვართ. გვჭირდება იმის შეგრძნება, რომ საკმარისები ვართ. ჩვენც ვიცით ვინ არის ჩვენს ირგვლივ ყველაზე ყოჩაღი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე თავაზიანი – ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გამოწვევები არ აქვთ.

 

აგვიხსენით “რატომ”

 

როცა წესებს ადგენთ, გვითხარით მიზეზი. ბრმა კონტროლი გვძაბავს და გვაშორებს, ახსნა გვაგრძნობინებს, რომ ჩვენზე ზრუნავთ.

 

მოგვეცით შეცდომების დაშვების უფლება

 

ვინ გაზრდილა შეცდომების გარეშე? ზედმეტი კონტროლი შიშს გვასწავლის და არა პასუხისმგებლობას.

 

 

გვესაუბრეთ პატივისცემით

 

ზოგჯერ ტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. დამცირება გვკეტავს, პატივისცემა გვამხნევებს.

 

შეცდომების აღიარება სასურველია

 

როცა ზრდასრულები ბოდიშს იხდიან, ეს ჩვენთვის მაგალითია იმის, რომ შეცდომების აღიარება სირცხვილი და სისუსტე კი არა, პასუხისმგებლობის მანიშნებელი სიყოჩაღე. ჩვენ იდეალური ზრდასრულები არ გვჭიდება, სწორი მაგალითები კი.

 

ნუ გეჩქარებათ ჩვენი გაზრდა

 

შეიძლება უკვე დიდები გგონივართ, მაგრამ ჯერ ისევ გზაში ვართ. დროა საჭირო რომ ბავშვებიდან ნამდვილ დიდებად ვიქცეთ. ამ დროის აუჩქარებლად გატარება მარტო ჩვენთვის კი არა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

პერსონაჟის გული

0

 

პერსონაჟის გულის იდეა პორტუგალიელი ილუსტრატორის, ლუკას ლოპესის, ინსტაგრამ გვერდის თვალიერებისას დამებადა. ლუკასი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხატავს, აკვარელის საღებავით აფერადებს და გულში თემატურ დეტალებს ათავსებს, ნახატს შესაფერის მუსიკას ურჩევს და ამგვარად მნახველს ფიქრისთვის განაწყობს.

ლუკასის იდეა ლიტერატურას მოვარგე და გადავწყვიტე, პერსონაჟების გულები თვალსაჩინოებად მექცია. შევიძინე აკვარელი, ფუნჯები, სქელი ქაღალდი და ზაფხულში ჩანაფიქრი ავისრულე. ერთი სული მქონდა, როდის გავაცნობდი ამ მეთოდს სკოლის მოსწავლეებს. დარწმუნებული ვიყავი, ძალიან მოეწონებოდათ და სემესტრის დასასრულს უკვე შემიძლია გაგიზიაროთ მეთოდი, რომელსაც სახელად პერსონაჟის გული დავარქვი.

პერსონაჟის გული ყველა საფეხურის მოსწავლეს გავაცანი და შეიძლება ითქვას, სემესტრის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები სწორედ მასზე მუშაობას უკავშირდება.

მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ მთავარი პერსონაჟი, ანდრო კაიშაური -მეცხრეკლასელებთან, ანე ფრანკი – მეშვიდე კლასთან, მკითხველთა კლუბის წევრებთან ერთად მერი პოპინსი, მერი ლენოქსი,  ლიტერატურულ კაფეში კი ნატო დავითაშვილის პერსონაჟების – კოპალასა და ერეკლეს გულები – სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის პერსონაჟების გულები გავაცოცხლეთ.

 

ნაბიჯი 1. პირადი მაგალითი

ბავშვების გულების ასანთებად პირადი მაგალითს ვიყენებ. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ხელით დამზადებული რესურსი ქმედებისთვის მომართავს მათ, შემდეგ მათთან ერთად ვიწყებთ კეთებას – ნაბიჯ-ნაბიჯ ვაჩვენებთ თითოეულ ეტაპს.

მაგალითად, ანდრო კაიშაურის პერსონაჟი მათ თვალწინ დავხატე, გამოვჭერი, შემდეგ კი კლასის თითოეულ მოსწავლეს დავეხმარე, დავაკვალიანე და ყურადღება არ მომიდუნებია მუშაობის პროცესში. საგულდაგულოდ ვინახავ ვიდეოს, რომელიც მოსწავლეების ხელებს გადავუღე. ეს იყო გაკვეთილი, როდესაც მთელი კლასის ჩართულობა შევძელი.

ანე ფრანკიც ბავშვებთან ერთად დავხატე და გამოვჭერი. მთავარია, მათ იგრძნონ მასწავლებლის ყურადღება, ინტერესი, შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, უზღვავი ენერგიით გვავსებს.

ნაბიჯი 2. ლუკას ლოპესის ნამუშევრების გაცნობა

ლუკას ლოპესის ნამუშევრები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ხელოვანის თითოეული პერსონაჟი იმდენად საინტერესო და გამორჩეულია, მნახველს ქმედების სურვილით ავსებს.

ნაბიჯი 3. მინილექცია გულის შესახებ

გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა წიგნი სახელად „გულის ლექსიკონი“, რომლის ანოტაციაში ვკითხულობთ: „ყოველ ენას მოეპოვება თავისი ცენტრალური სიტყვა (თუ სიტყვათა ჯგუფი), რომელიც საუკეთესოდ ავლენს ენის სიტყვათწარმოქმნისა თუ შემოქმედებით პოტენციას.

თქვენ წინაშე წარმოდგენილი ლექსიკონი თვალნათლივ გიჩვენებთ, რომ ქართველთა ბუნებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციის გამომხატველი მთავარი „ენერგეტიკული ბირთვი“ არის სიტყვა „გული“, რომელიც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური სიტყვათწარმოქმნისა და ენობრივი გამომსახველობის მართლაც უშრეტ საფუძველს წარმოადგენს“. (არაბული ავთანდილ, ტუსკია მანანა, 2023)

ლექსიკონში თავმოყრილია გულის ირგვლივ არსებული ფრაზეოლოგიზმები, სიტყვათშეთანხმებები, რომელთა გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ ქართული ენის ბირთვი მართლაც სიტყვა „გულია“.

ამ ლექსიკონის მიხედვით მინილექციისთვის გაკვეთილის აკინძვა შეიძლება, ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გულზე, როგორც ემოციების გამტარზე.

ამასთანავე, გულის გათბობა ჩემი მასწავლებლობის გზაზე უმთავრეს მიზნად მიმაჩნია. ყოველგვარი ცოდნა და უნარი აზრს კარგავს თუკი გულში არ გაივლის, თუკი გული აისხლეტს და სითბოდ არ დააბრუნებს.

ნაბიჯი 4. გულის ირგვლივ ასოციაციური რუკის შექმნა

დაფაზე ვწერ სიტყვას გული და მოსწავლეებს ვთხოვ, მიკარნახონ ყველა სიტყვა თუ ფრაზეოლოგიზმი, რაც გულის ირგვლივ ახსენდებათ.

დაფაზე ასახული მეშვიდეკლასელების ასოციაციურ რუკა ამგვარი გამოვიდა: გულზე ლოდი დამაწვა, გული გამისკდა, გული ამიჩუყდა, გულუხვი, გული გადაუშალა, გულგატეხილი, გული გადამიტრიალდა, გული ამიფანქალდა, გულგატეხილი, გულიანი, გულზე დარდი დამაწვა, გულზე არ მეხატება, გულდამწვარი, გული მომილბა, უგულო..

ნაბიჯი 5. მთავარი დეტალები

პერსონაჟის გულის შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანი ეტაპია ტექსტის მიხედვით მთავარი დეტალების შერჩევა, რომლებზე დაყრდნობითაც ვისაუბრებთ პერსონაჟის შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსონაჟის გულის დამზადება ტექსტის შესწავლის შემდგომი ეტაპია, რადგან სწორედ ტექსტია მთავარი საყრდენი და მასალა, საიდანაც მთავარი დეტალები უნდა ამოვკიფოთ.

ანე ფრანკის დღურის 50 გვერდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერე მთავარი დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს პერსონაჟის შესახებ:

დღიური, ნაყინი, ველოსიპედი, ვარსკვლავი, მონტესორის ბაღი/სკოლა, ჟაკეტი, ყაყაჩოს შტო, ფილმი „შუქურის დარაჯი“, სავარცხელი, სათხილამურო ბათინკები…

ნაბიჯი 6. პერსონაჟის გამოჭრა

ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების შემდეგ დგება დრო, როდესაც თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის პერსონაჟს – ხატავს, ჭრის, აფერადებს.

 

ნაბიჯი 7. მთავარი დეტალების არჩევა

დაფაზე ჩამოწერილი დეტალებიდან ვარჩევთ სამს, მცირე ზომის ფორმებად ვხატავთ, ვჭრით და გულში ვაკრავთ. ჩემი დაკვირვებით, მთავარი დეტალები ხშირად მეორდება, ამიტომ დავამატოთ თავისუფალი არჩევანი და მოსწავლეებს ვთხოვოთ, თავად შეარჩიონ წიგნიდან ერთი დეტალი.

შერჩეული დეტალების მეშვეობით ყურადღებას ვამახვილებთ პერსონაჟის:

  • საცხოვრებელ გარემოზე;
  • ოჯახზე;
  • განათლებაზე;
  • მეგობრებზე;
  • ინტერესებზე;
  • ხასიათზე;
  • ღირებულებებზე;
  • ეპოქაზე.

 

ნაბიჯი 8. ნამუშევრის წარდგენა

ეს ბოლო ეტაპია და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანიც, რადგან თუკი მოსწავლემ იმუშავა, თავი გაართვა ყველაფერს, შექმნა, იფიქრა, შეარჩია, ბოლოს აუდიტორიის – კლასისა და მასწავლებლის წინაშე – საკუთარი ნამუშევრის წარდგენა და საუბარი საკუთარი არჩევანის შესახებ მას ახალ გამოცდილებას შესძენს, საპრეზენტაციო უნარებს გამოუმუშავებს, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსრებას ასწავლის და დარწმუნდება, რომ მიუხედავად ერთი პერსონაჟის მრავალჯერადად გამეორებისა, თითოეული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.

ანე ფრანკის დღიური მეშვიდე კლასისთვის საკითხავ წიგნად განვსაზღვრე. 12-13 წლის ქართველ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ზუსტად მათი თანატოლი პერსონაჟი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი, უკვირთ, რთულ პირობებში ანე როგორ ინარჩუნებს ხალისს, მისი წიგნებისადმი სიყვარულიც მისაბაძია. ამასთანავე, საერთო წიგნის შერჩევისას ჩემი მიზანი იყო  ბავშვების ცნობიერების ამაღლება. წიგნის წაკითხვამდე მოიძიეს მეორე მსოფლიო ომის, ჰოლოკოსტის, დიქტატორების შესახებ ინფორმაცია და კლასის წინაშე წარადგინეს. ანე ხშირად წერს ხასიათისა თუ სხეულის ცვლილებების შესახებ, რაც საპირისპირო სქესის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა.

ვფიქრობ, წიგნის დასრულების შემდეგ დავხატავთ ანე ფრანკს დიდი გულით, თითოეული მოსწავლე ერთ დეტალს მოათავსებს მის გულში და კლასში გამოვფენთ.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ დეკემბერში მეცხრე კლასთან გამართულ ლიტერატურულ კაფეში ჩაწერილ ვიდეოს, რომელშიც ანე ფრანკის შესახებ ჩემი ხელით შექმნილი პერსონაჟის გულის მიხედვით ვსაუბრობ.

 

https://www.youtube.com/watch?v=wJUdhjIgy6U

ციტატა

0

 

ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს ჩემი 29 მეშვიდეკლასელი მოსწავლისთვის ბალიშები შევკერე. წიგნების მიხედვით მოხატულ ბალიშებზე მოგიყევით სტატიაში სახელად „წიგნებისა და ბალიშების შესახებ“. ექვსი თვე დასჭირდა ერთი კლასის ყველა მოსწავლისთვის წიგნის შერჩევას, წაკითხვას, ბალიშის მოხატვას, ციტატის შერჩევასა, ბალიშისპირზე დაწერას, ვიდეოს ჩაწერას. ამჯერად მხოლოდ ბალიშისპირებს ვამზადებდი, რადგან იმდენად დიდ ადგილს იკავებს ერთად თავმოყრილი 29 ბალიში, რომ სახლში სამოძრაო ადგილი აღარ რჩებოდა.

ხვალ ვაპირებ ბავშვებისთვის ბალიშების სკოლაში მიტანას და გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, როგორ და რატომ ვარჩევდი ციტატებს წიგნებიდან. ბალიშების შეკერვამდე სათითაოდ ამოვწერე, ამოვბეჭდავ, მაფინებში ჩავარჭობ და იმ ბავშვის სახელსაც მივაწერ, ვისთვისაც გამიზნული მაქვს წიგნი, შემდეგ კი ციტატისა და წიგნის სათაურის მიხედვით თავად მოძებნიან კუთვნილ წიგნებს.

ბალიშებეზე ილუსტრაციასთან ერთად ერთი ციტატის წარწერის მიზანია:

  • ინტერესის აღძვრა;
  • მთავარი გზავნილის გაზიარება;
  • ვიზუალური გამოსახულებისთვის საზრისის მიცემა;

მეცხრეკლასისთვის გადაცემულმა ბალიშებმა და წიგნებმა იმაზე ნაკლები შედეგი გამოიღო, ვიდრე ველოდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველა არ წაიკითხავდა წიგნს, თუმცა, 26 ბავშვიდან მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ წაიკითხა ჩემი შერჩეული წიგნი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვები წიგნებს ახლა უფრო ნაკლებად კითხულობენ, ვიდრე – რამდენიმე წლის წინ. ინტერნეტ-სივრცე მთლიანად ისრუტავს მათ დროს, ნებელობას, ენერგიას. სოციალურ ქსელებში პარალელური რეალობა აქვთ, სადაც გამუდმებით ლათინური შრიფტით სწერენ ერთმანეთს. ეს ერთგვარი მოდაა, რომლის გავლენას თავს ვერ აღწევენ. დღის უმეტეს ნაწილს წერილობით კომუნიკაციას ლათინური შრიფტით რომ ამყარებენ, ქართულ ანბანს გაუუცხოვდნენ და ეს კითხვის პროცესზეც მოქმედებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვცდილობ, გამოსავლის პოვნას.

ერთადერთ ნუგეშად ის დამრჩა, რომ ჩემს ნაჩუქარ ბალიშებს ყოველდღე უყურებენ და ზედ დაწერილ ციტატასაც ხომ კითხულობენ. აი, როგორია ჩემი ჩანაფიქრი – ეს ციტატები თავის საქმეს ადრე თუ გვიან აუცილებლად იზამენ. ჯერ არ ვიცი, როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკვალოდ არ ჩაივლის მოზარდების სახლებში დაბინავებული  ციტატები.

ციტატის შერჩევაც გამოსამუშავებელი უნარია. ფიქრს, გააზრებას, გონებრივ ძალისხმევას საჭიროებს. თავად სიტყვის „ციტატა“ დამახსოვრებაც უჭირთ რატომღაც. შემაჯამებელ სამუშაოებში ხშირად მქვს მითითებული, რომ საკუთარი აზრის დასასაბუთებლად  ტექსტიდან ამოიწერონ ციტატა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით მეკითხებიან, რას ნიშნავს ციტატა. ალბათ, თქვენც ხართ დაკვირვებული, გარკვეული დრო რომ სჭირდება სიტყვის ცნებების დამახსოვრებას.

ბალიშებზე დაწერილი ციტატების შესახებ გაკვეთილების დაგეგმვას ვაპირებ, მაგალითად, 1. ბალიშების გადაცემამდე ვთხოვ, რვეულში გადაწერონ კუთვნილი ციტატა და წერილობითი კომენტარში გამოხატონ, რის შესახებ იქნება წიგნი, როგორი მოლოდინი აქვთ ან რას ფიქრობენ ციტატით გაჟღერებული სათქმელის შესახებ;

  1. წაკითხვის შემდეგ თავადაც შეარჩიონ ერთი ციტატა, რომელსაც ბალიშისპირზე დაწერდნენ. უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ შეარჩიეს.
  2. საშინაო დავალების რვეულის ყდაზე დაწერონ საკუთარი ნებით შერჩეული ციტატები.

ჩემ მიერ შერჩეული ციტატების მთავარი გზავნილები ამგვარია:

გოგოებს უზარმაზარი ძალა აქვთ; მრავალბინიან კორპუსში ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს; უშეცდომო არავინ არის; ცხოვრების ადამიანების ბავშვის ირგვლივ ყოფნა უზომო სიხარულია; ზრდასრულები უდარდელები აღარ არიან; დედის მოფერება, გამხნევება, მისი ნათქვამი სიტყვა „შემოგევლე“ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია; გამოსავლის პოვნა ზოგი ბიჭის მნიშვნელოვანი უნარია; ნდობას მოპოვება სჭირდება; ომი სამყაროს ყველაზე დიდი უსწერიგობაა; სამყარო ერთიანია; ყოველგვარ საქციელს სათანადო პასუხი მოსდევს; ხეებზე დაკვირვება მშვენიერებაა; გუნდის კარგი მმართველი მეგობრობას აფასებს; უახლოესი მეგობრის ყოლა ბედნიერებაა, თუნდაც ის გოლიათი იყოს; სხვსი შვილისთვის მოქსოვილი შალის ჯემპრი ზრუნვის ამაღელვებელი ფორმაა; წამოსროლილ სიტყვებს უკან ვეღარ ჩაიბრუნებ; განსაკუთრებულობა კარგია; დედის მეგობრებთან ერთად ნამღერი სიმღერები არასდროს გავიწყდება; ხელნაწერებში ადამიანის გული ფეთქავს… ბოლოს კი შემოვიტოვე ციტატა, რომელმაც განსაკუთრებულად ამაღელვა.

ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“ პირველად 13 წლის წინ წავიკითხე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი. მალევე სოფელ უწერის სკოლაში აღმოვჩნდი და ჩვენს პირველ ლიტერატურულ კაფეს მიოს ცხენის სახელი „მირამისი“ დავარქვით.

13 წლის შემდეგ წაკითხულ წიგნში ამოვიკითხე: „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილის ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.

ამ დროის მანძილზე რაჭველ მოსწავლეებთან ერთად 19 ლიტერატურული კაფე „მირამისი“ გავმართე. მიოს მიმართვა მირამისისადმი სიმბოლურად ასახავდა ჩვენს ლიტერატურულ მოგზაურობას, რომელმაც დილის ნათების ხიდზე გაგვიყვანა და ეს მართლაც არასდროს დაგვავიწყდება.

 

 

გიზიარებთ ბალიშებისთვის შერჩეულ ციტატებს, რომლებიც ხვალ თავის პატრონებს იპოვნიან და  მჯერა, რომ 29 ოჯახში გაბნეულ ციტატებს ბევრი ადამიანის თვალი წაიკითხავს:

  1. „ – მაინც უნდა მოვძებნოთ! ის მთა კი, რომელმაც მიწისქვეშეთში ჩასასვლელი ამოქოლა… ის მთა… უნდა გადავდგათ! – ფეხზე წამოიჭრა ზილხა.“

„პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“, ნატო დავითაშვილი

  1. „ – მამა, მოდი, ვილაპარაკოთ. როგორ ფიქრობ, დღეს კორპუსში ყველა ბედნიერია?

-ალბათ, არა, – მიუგო მამამ, – ეს კორპუსი ხომ მთელი სამყაროა, სამყაროში კი ზოგს ულხინს და ზოგსაც უჭირს“.

„ავრორა Z კორპუსიდან“, ანე-კატარინე ვესტლი

  1. „ზოგჯერ ყველანი ვცდებით. ხომ ასეა?“

„თევზი, სახელად ალეგრია“, ბეატრის ხიმენეს დე ორი

  1. „ყველანი აქ იყვნენ…ჩემი ცხოვრების ადამიანები“.

„სული-ჩიტი“, თამარ გეგეშიძე

  1. „-…ზრდასრული ადამიანები ძალიან მხიარულები არასოდეს არიან ძალიან მხიარულები, არც მიამიტები და უდარდელები. ხოლო ფრენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც უდარდელი, მიამიტი და უზომოდ მხიარულია“.

„პიტერ პენი“, ჯეიმს მეთიუ ბარი

  1. „-მიყვარხარ და შენით ვამაყობ, – თქვა დედამ, წამოდგა და გამეცალა“.

„სამი წითელი თევზი“, რაკელ პულიდო

  1. „ბიჭს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი, ყოველთვის მოენახა გამოსავალი“.

„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, თეა თოფურია

  1. „-რამდენიმე კვირის წინ ვიპოვე გასაღები, მაგრამ შენთვის თქმა ვერ გავბედე, იმიტომ რომ მეშინოდა, ვაითუ სანდო არ იყოს-მეთქი… ნამდვილად სანდო“.

„საიდუმლო ბაღი“, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი

  1. „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილიდ ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.

„მიო, ჩემო მიო“, ატსრიდ ლინდგრენი

  1. „ტისტუ მიხვდა, რომ ომი ყველაზე დიდი და საზიზღარი უწესრიგობაა, რაც შეიძლება ქვეყნად მოხდეს, რადგან ომში ყველა კარგავს მისთვის უძვირფასესს“.

„მწვანეთითება ტისტუ“, მორის დრიუონი

  1. “ხეები, ქვები, ჩიტები, ცხოველები თუ ვარსკვლავები – ყველანი ერთნი ვართ და ყველას ერთი და იგივე ხვედრი მოგველის“.

„მერი პოპინსი“, პამელა ტრევერსი

  1. „მამაჩემი ამბობს, რასაც გასცემ, იმას მიიღებო. „ქვითარი ყოველთვის გამოჩნდება“ – მისი ფრაზაა. თუ კარგად მოიქცევი, კარგი რამ გადაგხდება, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი ცუდად იქნები. არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თვითონ ასე სჯერა. ჩემთვის უთქვამს“.

„იშმაელი არ დამიძახოთ!“, მაიკლ ჯერარდ ბაუერი

  1. „- თვალები დახუჭე, – უთხრა ტუვამ და უამბო, როგორ იღვიძებდნენ ხეები გლიმერდალში“.

„ტუვა გლიმერდალიდან“, მარია ფარი

  1. „ყველაზე მეტად ანა მასწავლებლის მოყოლილი ზღაპრები უყვარდა“.

„მეკობრეთა სკოლა“, აგუსტინ ფერნანდეს პასი

  1. „და, აი, აკა კებნეკაისე ისევ ცაში აიჭრა – ისევ წინ გაუძღვა თავის გუნდს. დიახ, წინამძღოლმა ნამდვილად იცოდა მეგობრობის ფასი“.

„ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების თავგადასავალი“, სელმა ლაგერლოფი

  1. „-ჰე, ჰანს, – მიმართა დედამ, როცა ბიჭი კართან შეყოყმანდა, – ფეხს რაღას ითრევ, შემოგევლე?“

„ვერცხლის ციგურები“, მერი დოჯი

  1. „-კეთილი გოლიათია, თქვენო უდიდებულესობავ, ოდნავადაც არ გახლავთ საშიში.
  • მოხარული ვარ, თუკი ასეა, – კვლავ ღიმილით თქვა დედოფალმა.
  • ჩემი უახლოესი მეგობარია, თქვენო უდიდებულესობავ“.

„დიკეგო“, როალდ დალი

  1. „ჰარიმ ქაღალდი შემოახია და ხელით ნაქსოვი, ზურმუხტისფერი,  სქელი შალის ჯემპრი და შინაური ტკბილეული ამოიღო“.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, ჯოან როულინგი

  1. „მაშინვე უნდება, წამოსროლილი სიტყვები უკანვე წაიღოს, პირში ჩაიტენოს და გადაყლაპოს, მაგრამ ნათქვამი ნათქვამია“.

„ულისი“, ინგუნ თონი

  1. „კაქტუსა ჯერ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ იცოდა, რომ ცოდნა მნიშვნელოვანი ძალაა“.

„კაქტუსა აფრიკაში“, სოფია ბარშოვა

 

  1. „-არაფერს მიაქციო ყურადღება: არც შეცდომებს, არც სტილს, არც შენს ბატიფეხურ ნაწერს… საერთოდ არაფერზე ინერვიულო…მხოლოდ ის დაწერე, რაც ნამდვილად გულში გაქვს, კარგი?“

„35 კილო იმედი“, ანა გავალდა

  1. „გაჭირვებაც ბევრი ვნახე, მაგრამ ერთი აზრი მუდამ მამხნევებდა: ამიერიდან მარტო აღარ ვიყავი, გვერდით მეგობრები მყავდნენ. ისინი მძიმე წუთებში მხარში ამომიდგნენ და დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, უკეთეს მომავალს შევქმნიდით ყველა იმ დიდი თუ პატარა მაწანწალასთვის, ვისაც ბავშვობიდანვე არ ღირსებია ოჯახური სითბო, ალერსი და სიხარული“.

   „პატარა მაწანწალა“, ჯეიმს გრინვუდი

  1. „-ჩვენ ყველანი ჩვენებურად განსაკუთრებულები ვართ, -ამბობს მისის ბრუკი, განსაკუთრებულობა კარგია“.

„ჯაფარა“, ქეთრინ ერსკინი

  1. „როცა ერთხელ გაუჩენ ადამიანს რწმენას, მერე ყველაფერი ადვილია“.

„მელორი ტაუერსი“, ენიდ ბლაიტონი

  1. „ის ცდილობს, სულ უმნიშვნელო რამითაც გაიხაროს“.

„პოლიანა“, ელინორ პორტერი

  1. „-სკოლაში წასვლა შემეძლება?

-არა მხოლოდ სკოლაში, ტიტო. შეგიძლია უნივერსიტეტშიც ჩააბარო.

ტიტო გაოცდა: ეგ რა არის?

-ადგილი, სადაც სწავლობენ გემების აშენებას, სიცოცხლის გადარჩენას და სადაც მსოფლიო რუკებს ხაზავენ“.

„ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო“, მატილდა ვუდსი

  1. „მერე ხმამაღლა წამოიწყებენ ხოლმე რაღაც სიმღერას: “We all live in a yellow submarine” ან “killing me softly with this song” ანდა ხალხურ სიმღერას „ქვეყნად არ არის ასეთი მხარეს“ შემოსძახებდნენ“.

„ქარიყლაპიას ზაფხული“, იუტა რიხტერი

  1. „მთელი ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის განმავლობაში არაერთხელ გამკვირვებია, როგორ ახერხებდა სხვების დამშვიდებასა და რაღაცაში დარწმუნებას ყოველგვარი ღრმააზროვანი და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე“.

„მამა მუმუნის მემუარები“, ტუვე იანსონი

  1. „მგონი, ყველაზე კარგი ის განცდაა, როცა ჯერ გგონია, მარტოდმარტო ვარ და შველას ვერავის ვთხოვო და მერე იგებ, რომ თურმე უამრავი ადამიანი გპატრონობს ისე, რომ შენ არც კი იცი“.

„წერილი ოქროსფერი მარკით“, ონჯალი რაუფი

  1. „აქ იყო მისი სული და სხეული. იმ ხელნაწერებში მწერლის გული ფეთქავდა“.

„კაფკა და მოგზაური თოჯინა“, ჯორდი სიერა ფაბრა

 

 

 

 

კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად: სიტყვათა ოჯახები

0

 

როდესაც ბავშვები კითხვას იწყებენ, ყველაზე დიდი სირთულე ყოველთვის სიტყვების სიგრძე არ არის. ზოგჯერ პრობლემა ის ხდება, რომ ისინი ზოგ სიტყვას პირველად ხედავენ. ბავშვების გონება ყოველ ასეთ უცნობ სიტყვას ახალ ობიექტად აღიქვამს, რომელსაც დამუშავება და დასწავლა უნდა. ასეთ დროს, ზოგჯერ, ყურადღება ეფანტებათ და კითხვა უცებ სტრესად გადაიქცევა ხოლმე.

 

უმჯობესია, თუ კითხვის ათვისების გასამარტივებლად ერთ ძალზედ  ეფექტურ ფონეტიკურ ხრიკს მივმართავთ. ვსაუბრობ, სიტყვათა ოჯახებზე (word families) ანუ ‘რაიმინგ პატერნებზე.

(-at, -an, -ig, -op და სხვ.). ზოგჯერ მათ CVC (consonant-vowel-consonant) სიტყვებსაც ეძახიან.

 

Word families არის სიტყვების ჯგუფი, რომლებსაც ერთნაირი დაბოლოება აქვთ: cat, hat, bat, rat. ვიზუალურად და ხმოვანებით ეს სიტყვები ერთმანეთის მსგავსია. ბავშვებისთვის ეს არ არის რაიმე მორიგი  წესის დამახსოვრება. შეგვიძლია მათ იმის აღმოჩენაში დავეხმაროთ, რომ ეს სიტყვები და-ძმები არიან.

კითხვის პროცესში ტვინი ორ მთავარ საქმეზეა ფოკუსირებელი: გაშიფვრაზე  და გაგებაზე. თუ გაშიფვრის პროცესი ნელია, გაგებამდე საქმე საერთოდ არ მიდის. სიტყვების ოჯახებად სწავლა გაშიფვრის პროცესს ამარტივებს, რადგან ბავშვი მთელ სიტყვას თავიდან აღარ კითხულობს. ის უკვე ცნობს პატერნს.

 

მეცნიერებაში ამას pattern recognition ეწოდება. ესაა ტვინის უნარი, ნაცნობი სტრუქტურები სწრაფად  და მარტივად ამოიცნოს. მაგალითად, თუ მოსწავლემ ერთხელ უკვე მოახერხა და ამოიკითხა სიტყვა ‘cat’, მომდევნო ჯერზე სიტყვა ‘hat’ მისთვის უკვე ნაცნობია. ეს უნარი ბავშვებსაც ისევე ბუნებრივად აქვთ, როგორც მოზრდილებს. მასწავლებლები უბრალოდ ამის გააქტიურებაში უნდა დავეხმაროთ.

 

მსგავსი სიტყვათა ოჯახების სწავლა განსაკუთრებით ეფექტურია საწყის დონეზე, რადგან აძლიერებს ე.წ ‘blending’-ის უნარს, ამცირებს კითხვის შიშს და ავითარებს სწრაფი კითხვის უნარს, სიზუსტის დაკარგვის გარეშე.

 

არსებობს რამდენიმე სახალისო თამაში, რომლებიც მასწავლებლებს განსაკუთრებით დაეხმარებათ სასწავლო პროცესის სასარგებლოდ და ენერგიულად წარმართვისთვის.

 

Word Family House
დაფაზე ან ფურცელზე დახატეთ სახლი, მაგალითად „-at“. ბავშვებმა ამ სახლში სიტყვები უნდა შეასახლონ: cat, hat, bat. შეგიძლიათ დაუმატოთ უცნაური მეზობლებიც და იკითხოთ ისინიც ამ ოჯახიდან არიან თუ არა?

 

Sound Switch Game
თქვით სიტყვა cat. შემდეგ შეცვალეთ მხოლოდ პირველი ხმა: hat, rat, bat. ბავშვები სწრაფად კითხულობენ და ამჩნევენ, რომ ახალ-ახალი სიტყვები აღარ აშინებთ.

 

Odd One Out
დაწერეთ: cat – hat – dog – bat. ბავშვები პოულობენ ‘უცხოს’ და ხსნიან რატომაა ზედმეტი. აქ უკვე აზროვნებასა და ლოგიკასაც ივითარებენ.

 

Reading Chains
ერთი სიტყვა იცვლება მეორეთი, ძალიან მცირე ნაბიჯით:
cat → hat → hot → hop
ასე ბავშვები გრძნობენ, რომ კითხვა მუდმივი მოძრაობაა, სიტყვები კი ხშირად ცეკვავენ კიდეც.

 

მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები მოკლე იყოს, სულ რაღაც 5-7 წუთიანი. რადგან მიზანი სიტყვების დაზეპირება კი არა, ბავშვების დარწმუნებაა იმაში, რომ მათ უკვე იციან, თუ როგორ უნდა ამოიკითხონ მსგავსი სიტყვები.

 

 

 

 

 

 

ერთი კომპლექსური დავალების „შეფასების დღიური“

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, როგორიცაა კომპლექსური, შემოქმედებითი დავალება: „დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა“ (იხილეთ სტატია: „დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა“), მოითხოვს მოსწავლეებისგან არა მხოლოდ ცოდნის ათვისებას, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ და ჯგუფურ სასწავლო პროცესებზე. თუკი პირველი სტატია გვიჩვენებდა, როგორ აქცევს მათემატიკა ისტორიულ მონაცემებს „გასაზომ მოდელად“, ეს სტატია ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ აქცევს შეფასების პროცესი მოსწავლეებს კრიტიკულ ანალიტიკოსებად.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-7 კლასში ამ თემის პრაქტიკულ განხორციელებას.

თემატური ბლოკი: რიცხვითი სიმრავლეები

თემა: მთელი რიცხვები

საკითხები:

  • მთელი რიცხვები
  • მთელი რიცხვის მოდული.
  • მთელი რიცხვების შედარება
  • მთელი რიცხვების მიმატება და გამოკლება
  • მთელი რიცხვების გამრავლება და გაყოფა

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი -მთელი დადებითი და მთელი უარყოფითი რიცხვები. რიცხვითი ღერძი. რიცხვის მოდული

კანონზომიერება-მოქმედებები მთელ  დადებით და უარყოფით რიცხვებზე

ლოგიკა – ლოგიკური კავშირები და მსჯელობა

იმისათვის, რომ შემოქმედებითი დავალება ეფექტური ყოფილიყო, სასწავლო პროცესი რამდენიმე ეტაპად დავგეგმე:

მუშაობა იმით დავიწყე, რომ თითოეულ მოსწავლეს დავალება ინდივიდუალურად შევასრულებინე. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ მინდოდა უზრუნველმეყო საკითხის სიღრმისეული გააზრება და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა დავალების შესრულებაზე. ინდივიდუალური ეტაპის დასრულების შემდეგ, კლასი 5 სამუშაო ჯგუფად დავყავი. მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა, თავად აერჩიათ ჯგუფის ლიდერები, რომლებსაც შემდგომში პროცესის კოორდინაცია და სამუშაოს სამართლიანი განაწილება დავავალე. პრეზენტაციების პროცესი რომ ერთფეროვანი და მოსაწყენი არ ყოფილიყო, ჯგუფებს კენჭისყრის პრინციპით გავუნაწილე დავალების 5 სხვადასხვა ნაწილი (მათ შორის ისტორიული კვლევის ბლოკი). ამ მიდგომამ მოსწავლეებში აზარტი გაზარდა და საშუალება მომცა, თითოეული ჯგუფისგან სრულიად განსხვავებული და საინტერესო კუთხით წარმოჩენილი ნაშრომი მიმეღო.

ამ შემოქმედებით დავალებაში, სამიზნე ცნებებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების ობიექტურად შესაფასებლად, გამოვიყენე შეფასების ერთიანი სისტემა. სისტემის უმთავრესი პედაგოგიური ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა რუბრიკების შემუშავებაში. ამან გაზარდა მათი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყო მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას:

  • მოსწავლეებმა თავად განსაზღვრეს წარმატების სტანდარტები.
  • გაიაზრეს, რომ შედეგთან ერთად გადამწყვეტია პროცესიც (თანამშრომლობა, სიზუსტე, დროის მართვა)

ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა

დავალება: “დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა”

ჯგუფის წევრი: სახელი გვარი…

ინსტრუქცია: შეაფასე შენი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. შემოხაზე შესაბამისი ქულა (1 = ყველაზე დაბალი, 4 = ყველაზე მაღალი).

კრიტერიუმი 1 ქულა (საჭიროებს გაუმჯობესებას) 2 ქულა (ნაწილობრივ შევასრულე) 3 ქულა (კარგად შევასრულე) 4 ქულა (შესანიშნავად შევასრულე)
1. ჩართულობა და წვლილი ნაკლებად ვმონაწილეობდი დისკუსიებში; ჩემი წვლილი დავალების შესრულებაში მინიმალური იყო. შევასრულე ჩემზე დაკისრებული ნაწილი, თუმცა თავად ინიციატივა არ გამომიჩენია და დამოკიდებული ვიყავი სხვის მითითებებზე. აქტიურად ვმონაწილეობდი დავალების შესრულებაში და გავაკეთე ჩემი ნაწილი დათქმულ ვადებში. ინიციატივა გამოვიჩინე დავალების ნაწილების შესრულებაში და შევთავაზე დამატებითი დახმარება სხვებს.
2. მასალის სიზუსტე (ხარისხი) ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/გამოთვლები  ხშირად საჭიროებდა შესწორებას. ჩემი გამოთვლები ზოგადად სწორი იყო, თუმცა მცირე შეცდომებით ჩემი დავალება მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული (გამოთვლები, დასაბუთება). ჩემი გამოთვლები იყო უზადო და დავეხმარე ჯგუფს სხვა წევრებს გამოთვლების სიზუსტის შემოწმებაში.
3. თანამშრომლობა და კომუნიკაცია არ ვიზიარებდი იდეებს; არ ვუსმენდი სხვების აზრს; ჩემთან კომუნიკაცია რთული იყო. ვმუშაობდი ინდივიდუალურად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვკონტაქტობდი ჯგუფთან. მეგობრული და ღია ვიყავი კომუნიკაციისთვის; პატივს ვცემდი სხვის აზრს და ვაზიარებდი ჩემსას. აქტიურად ვეხმარებოდი კონსენსუსის მიღწევაში და ვქმნიდი პოზიტიურ გარემოს.
4. დროის მართვა ვადაგადაცილებით მოვიტანე ჩემი ნაწილი, რამაც მთელი ჯგუფი შეაფერხა. ჩემი ნაწილი შევასრულე ბოლო მომენტში. ჩემი ნაწილი ვადაზე ადრე ან ზუსტად ვადაში წარვადგინე. ჩემი ნაწილი ვადაზე ადრე შევასრულე და დრო გამოვიყენე ჯგუფის საერთო პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

შეჯამება

გთხოვთ, მოკლედ დაწერეთ:

  1. ჩემი მთავარი წვლილი დავალებაში იყო ———————————

————————————————-

  1. რის გაკეთებას შევძლებ უკეთესად მომავალ ჯგუფურ დავალებაში? —————————————————————

 

 

ლიდერის შეფასება თითოეული წევრის ინდივიდუალურ წვლილს დაეფუძნა, რაც მოიცავდა მათემატიკურ სიზუსტესა და სამიზნე ცნებების გააზრებას — მაგალითად, უარყოფითი რიცხვის ლოგიკურ დაკავშირებას ისტორიულ კონტექსტთან. ამასთანავე, გადამწყვეტი იყო გუნდური თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა საბოლოო პროდუქტის მომზადებასა თუ პრეზენტაციის ვიზუალურ გაფორმებაში.

ჯგუფის ლიდერის შეფასების რუბრიკა: ინდივიდუალური წვლილი

ჯგუფის წევრისახელი გვარი:

ინსტრუქცია: შეაფასეთ ჯგუფის წევრის მუშაობა 1-დან 3 ქულამდე თითოეულ კრიტერიუმში, სადაც 3 არის უმაღლესი შეფასება.

# კრიტერიუმი 1 ქულა (არადამაკმაყოფილებელი) 2 ქულა (დამაკმაყოფილებელი) 3 ქულა (შესანიშნავი) ქულა
1  დავალების შესრულება (მათემატიკური სიზუსტე) წევრის მიერ შესრულებული დავალება შეიცავდა უამრავ შეცდომას, რამაც დააზარალა საბოლოო პროდუქტი. წევრმა შეასრულა თავისი ნაწილი, მაგრამ საჭირო გახდა ლიდერის/სხვა წევრების მიერ დროის დახარჯვა მის მნიშვნელოვან კორექტირებაზე. წევრის მიერ შესრულებული დავალების ნაწილი მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული და არ მოითხოვდა კორექტირებას.  
2  თანამშრომლობა და კომუნიკაცია უჭირდა კომუნიკაცია, არ იყო მზად კომპრომისისთვის ან არ ესწრებოდა შეხვედრებს. ჩართული იყო ჯგუფურ კომუნიკაციაში, მაგრამ პასიური იყო იდეების გენერირებისას. ეფექტურად იზიარებდა იდეებს, მიიღო კრიტიკა და ხელს უწყობდა ჯგუფის საერთო მუშაობას.  
3 პროდუქტის დასრულება და პრეზენტაციის მზაობა (ნაცვლად დროის მართვისა) წევრმა თავისი წვლილი შეიტანა გვიან, რამაც პროდუქტის ვიზუალიზაციასა და საბოლოო შეკვრას ხელი შეუშალა. წევრმა შეასრულა თავისი ნაწილი, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა პროდუქტის საბოლოო გაფორმებასა და პრეზენტაციის მომზადებაში. წევრმა დროულად დაასრულა თავისი ნაწილი და აქტიურად მიიღო მონაწილეობა პოსტერის/პრეზენტაციის დასრულებაში/გაფორმებაში.  

 

შეფასების შეჯამება (ლიდერის კომენტარი)

  1. ამ წევრის (გვარი სახელი) ყველაზე დიდი წვლილი დავალებაზე მუშაობისას იყო:   ————-
  2. რაში სჭირდება ამ წევრს გაუმჯობესება მომავალი ჯგუფური დავალებებისთვის? ———-
  3. საბოლოო ქულა: (ჯამური ქულა 9 -დან)—
  4. საბოლოო შეფასება (10 ბალიანი შეფასების მიხედვით) —

იმისათვის, რომ ლიდერის მიერ განსაზღვრული ქულები მოსწავლისთვის გასაგებ და სამართლიან აკადემიურ შეფასებად გარდაიქმნას, ჯგუფის ლიდერებს შევთავაზე კონვერტაციის შემდეგი სქემა:

კონვერტაცია 10 ბალიან შეფასებაზე

მიღებული ქულა (რუბრიკიდან) შეფასება (10 ბალი) განმარტება
9 (მაქსიმალური) 10 შესანიშნავი შესრულება ყველა კრიტერიუმში.
8 9 მაღალი დონე, მცირე ხარვეზებით ერთ კრიტერიუმში.
7 8 დამაკმაყოფილებელზე მაღალი დონე.
6 7 დამაკმაყოფილებელი დონე (საშუალო ჯამური ქულა სამივე კრიტერიუმში).
5 6 საშუალო დონე, საჭიროებს გაუმჯობესებას.
4 5 სუსტი შესრულება.
3 (მინიმალური) 4 ძალიან სუსტი შესრულება, მუშაობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელი იყო.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეებმა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პროცესი გაიარეს, მათმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ინტერდისციპლინარული სწავლების და განმავითარებელი შეფასების ერთობლივ ძალაში. აი, რამდენიმე ამონარიდი მათი რეფლექსიებიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ მათემატიკური სიზუსტე და ისტორიული კონტექსტის აღქმა პიროვნულ პასუხისმგებლობაში გადაიზარდა:

ანო (VII კლასი): „თავიდან უარყოფითი რიცხვები მხოლოდ მათემატიკური სიმბოლოები მეგონა. როდესაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დანაკარგი გამოვთვალე, მივხვდი, რომ მინუსი სინამდვილეში დანაკარგს ნიშნავდა“

ლუკა (ჯგუფის ლიდერი): „ქულების დაწერაზე ბევრი ვინერვიულე, იმიტომ რომ მინდოდა ყველას მიმართ სამართლიანი ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მერე ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ეს ქულები –  ამან ერთმანეთს უფრო დაგვაახლოვა.“

ნიკო (VII კლასი): საინტერესო იყო საკუთარი თავისთვის ქულის დაწერა. მივხვდი, რომ ზოგჯერ მეზარებოდა რაღაცები და დავაკელი, ზოგგან კი მართლა ყოჩაღი ვიყავი. მთავარია, ვისწავლე, რომ დროის გაფრთხილებაა საჭირო და შემდეგში უფრო მოვინდომებ.“

 

ამგვარი შეფასება აყალიბებს კლასში უკუკავშირის ღია კულტურას. მოსწავლე სწავლობს, რომ შეფასება არის არა დასჯის, არამედ განვითარების ინსტრუმენტი. ეს არის გარდამტეხი მომენტი, როდესაც თვითრეგულაცია ხდება სწავლის ხარისხის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

როგორც მასწავლებელი, ამ პროცესში დავინახე, რომ როდესაც სწავლება ასეთ კომპლექსურ სახეს იღებს, ჩვენ აღარ ვასწავლით მხოლოდ “საგნებს”. ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს მოაზროვნე პიროვნებად, რომელსაც შეუძლია მონაცემების ანალიზი, გუნდური მუშაობა და საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეშვიდე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...