სანამ თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის ვარ, ჩემში ათასი ფიქრი მოძრაობს და ჩემი ჩახუთული ოთახის ფანჯრებს მიღმა მთელი სამყარო ღელავს, სანამ ინტერნეტის უხილავ შრეებში ჩემი მოუხელთებელი ცნობისმოყვარეობისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და სანამ ბრჭყვიალა ვირტუალურ თამაშებში ყოვლისშემძლე და მარადული პერსონაჟი ვარ, ვერავინ მაიძულებს ხელში წიგნი ავიღო და უწვრილეს ასოებს თუ უზარმაზარ წინადადებებს ჩემი ტვინის უჯრედები ვაკენკინო.
აუცილებელი არ არის მიმტკიცონ, რომ წიგნის კითხვა სულიერად და ფიზიკურად გამზრდის, ჩემს გონებას განავითარებს, გემოვნებას დახვეწს, ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში დამეხმარება და ცხოვრების გზაზე უბედურებას ამაცილებს. ეს ხერხი აღარ ჭრის, და საერთოდ, რთულია ჩემი რაიმეში დარწმუნება ან გადარწმუნება.
ინტერნეტში მარტო ისეთ რამეს ვკითხულობ, რაც ჩემს ფიქრებთან ახლოსაა, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა. ხანდახან ისეც ხდება, რომ რაღაც გაწუხებს და არც იცი, ეს დარდი საიდან გაჩნდა. არადა, არც საშინელებათა ფილმი გინახავს, არც უცნაური ამბავი მოგისმენია, არც ჩხუბს შესწრებიხარ ქუჩაში. მგონი, უფრო შიგნიდან მოდის, ფიქრი არ გასვენებს და მერე გინდა, ამაზე ვინმეს ელაპარაკო ან პასუხები იპოვო. ასეთ პასუხებს მშობლებისგან და ხშირად ახლო მეგობრებისგანაც ვერ მოითხოვ. ვინმე სხვა გჭირდება, რაიმე სხვა, რაიმე ისეთი, რაც საკუთარ თავს მოგაგონებს და თან არ გაგაკრიტიკებს იმის გამო, რომ ასეთი ხარ, არ გაგკიცხავს და იმით დაგამშვიდებს, რომ ამ სამყაროში ბევრი შენნაირი ეძებს საკუთარ თავს.
მითხრეს, რომ ასეთი რამ წიგნია! რა თქმა უნდა, ამას ასე ადვილად არ დავიჯერებ და ბრმად წიგნის მაღაზიისკენ არ გავიქცევი. შეიძლება, ჩემი მოტყუება უნდათ, რომ უკეთ ვისწავლო ან თავი მოვიწონო, მაგრამ წიგნი ხომ დიდი ხანია მოდაში აღარაა, ტყუილი რა საჭიროა?!
ერთი მოთხრობა ყოფილა, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, სადაც ყვებიან, როგორია თავისუფლებისმოყვარე ჩიტის ბედი, რომელსაც ვერავის უგებს და ამ განსხვავებულობის განცდასა და ფრენის სურვილს კიდევაც შეეწირება. ხანდახან მეც მიჩნდება გაღწევის სურვილი, იმდენად ძლიერი, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, სხვები მიმიხვდებიან თუ არა. ალბათ, ესაა თავისუფლების წყურვილი. შესაძლოა, ამით ვგავდე თოლია ჯონათანს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მოთხრობა არ წამიკითხავს.
ისიც თქვეს, „თამაში ჭვავის ყანაში“ ყველა ახალგაზრდას მოსწონს, რადგან სელინჯერმა ყველაზე უკეთ დაინახა ახალგაზრდა ადამიანის მეამბოხე სულიო. არადა ყოველთვის მეამბოხეები არ ვართ, უბრალოდ ხანდახან უსამართლობას, გულგრილობას, უუფლებობას ვაპროტესტებთ. თუ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს და ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც გარს გვახვევია, არაფრად გვაგდებს. ეს წიგნი რომ მართლა ასეთ თემებზე იყოს დაწერილი, მართლა ჩვენს ბავშვობისდროინდელ გულისტკივილს შველოდეს და ჭვავის ყანაში ჩამდგარი პერსონაჟი მომავლის იმედს აჩენდეს, იქნებ, მეც წამეკითხა.
იმ ამბავმა, გრეგორი ზამზა რომ მწერად გადაიქცა თუ გარდაისახა, მთელი ღამე არ დამაძინა. რა შემაძრწუნებელი შეგრძნებაა, გახდე მწერი – მახინჯი, საზარელი, მოუხელთებელი არსება და ამ ამბავს ყველა გულგრილად შეხვდეს, შენგან მხოლოდ სარგებელს ელოდონ და შენ მიმართ ზიზღს გრძნობდნენ, ყველას ეზედმეტებოდე და არავინ თანაგიგრძნოს, არავინ გაგიფრთხილდეს, არავის უყვარდე. მე რომ ასეთი რამ დამმართოდა, ვერ გადავრჩებოდი. ჩემი მშობლებისთვისაც მარტივი არ იქნებოდა გრეგორისნაირი შვილის მიღება, მაგრამ ოთახში არ გამომკეტავდნენ, დანამდვილებით ვამბობ.
საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჯაფარა ჩიტს ერქვა, უფრო ჯადოქრის სახელს ჰგავს. მაგრამ ჩიტი ყოფილა და იმ წიგნში, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, სიმბოლურად კიდევ სხვა მნიშვნელობაც ჰქონია. მითხრეს, ეს წიგნი ძალიან ადვილად იკითხება, როგორც ამერიკულ პროზას ახასიათებს და თან ამბავს პატარა გოგო ყვებაო. ყველაფერზე ერთად როგორ უნდა დამაფიქროს წიგნმა – მეგობრობაზე, თანადგომაზე, სიკეთეზე, პატიოსნებაზე, როგორ უნდა ამიხსნას, რა არის რასიზმი და როგორ ვებრძოლოთ, რა არის ნამდვილი სიმამაცე და როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ის ადამიანში, რომელიც მის წარმოჩენას არც კი ცდილობს? ის კი მართლა საინტერესოა, დააკვირდე, როგორ ჩნდებიან ცხოვრებაში ავტორიტეტები და როგორ ყალიბდება ღირებულებები. ეს ატიკუს ფინჩიც ვინღაა?
არ მიყვარს, როცა იგავ-არაკებში ცხოველები ადამიანებივით ლაპარაკობენ. თითქოს რაღაცის შეფარულად თქმა უნდათ, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ცხოველები არიან და ადამიანური თვისებები აქვთ მიწერილი, მათი ყველა ნაკლი და შეცდომა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. არა მგონია, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ მომეწონოს, ძალაუფლებისმოყვარე ცხოველიც გამაღიზიანებს, მისი შექმნილი ტოტალიტარული მმართველობაც და ამგვარ, ახალი ტიპის სახელმწიფოს შეგუებული ადამიანიც.
შესაძლებელია, ადამიანის მეხსიერება მხოლოდ 80 წუთს გრძელდებოდეს და მერე ყველაფერი ავიწყდებოდეს? შესაძლებელია, ყოველი ოთხმოცი წუთის შემდეგ ვინმეს თავიდან ეცნობოდე და ეს არ გბეზრდებოდეს? და კიდევ უფრო უცნაური რამ – მართალია, რომ ადამიანს, რომელსაც თავის ტრავმის გამო ასეთი ცუდი მეხსიერება აქვს, მაინც ახსოვს მათემატიკა, ფორმულები, ურთულესი სქემები, უსასრულო რიცხვები და ისეთი სიყვარულით საუბრობს მათემატიკაზე, თითოეული რიცხვის მნიშვნელობასა და მოხაზულობაზე, როგორც მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით გატაცებულ ხელოვანს შეუძლია. ასეთ პროფესორს მეც დავუმეგობრდებოდი, რომ არსებობდეს!
დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთობაზე მეც ხშირად მიფიქრია. ვინ არის დამნაშავე? როგორია დამნაშავე ადამიანის ბუნება? არსებობს „კეთილი“ დამნაშავე, თუ ყველა დანაშაულის საწყისი ბოროტია? ვინ ისჯება ხოლმე და რატომ? ხანდახან სასჯელი დანაშაულზე უარესი ხომ არაა? სინანულს თუ შეუძლია, დანაშაულიც გადაფაროს და სასჯელიც? სიყვარულს რა შეუძლია? რომ ვიცოდე, „ზებულონი“ ყველა ამ კითხვას უპასუხებს, ვინმესგან ვითხოვებდი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ გავიგე, ისეთი წიგნიც არსებობს, რომელშიც წიგნებს ებრძვიან და წვავენ. იმ სამყაროში ფიქრობენ, რომ წიგნი საშიშია, რადგან ფიქრს აღძრავს და ადამიანს მოაზროვნედ აყალიბებს. წიგნების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რომელიმე გაი მონტეგი ჩემს სახლში რომ შემოიჭრას და წიგნები დასაწვავად გაიტაცოს, მაინც წინ გადავუდგები და შევებრძოლები. არავის აქვს უფლება, ჩემ ნაცვალად გადაწყვიტოს, ვიყო თუ არა მოაზროვნე!
მაგრამ ყველაფერი ჰიპოტეზაა, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს! თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის ვარ და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლიტერატურის კვალი წარუშლელია, წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილება სამუდამო, სიტყვის ძალა კი – განუზომელი.
წაუკითხავი წიგნების სია
რიჩარდ ბახი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“
ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“
ფრანც კაფკა, „გარდასახვა“
ჰარპერ ლი, „ნუ მოკლავ ჯაფარას“
ჯორჯ ორუელი „ცხოველების ფერმა“
იოკო ოგავა, „პროფესორის საყვარელი ფორმულა“
ჯემალ ქარჩხაძე, „ზებულონი“
რეი ბრედბერი, „451 ფარენჰეიტით“