დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მოსამზადებელი ფაციფუცისა და ბიუროკრატიული აურზაურის მიუხედავად, ყველას გვიხარია სკოლაში დაბრუნება, რადგან დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან (კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები…) შეხვედრის საშუალება გვეძლევა. თუმცა, სასკოლო რუტინისგან თავისუფალი თვეების შემდეგ, სამუშაო პროცესთან შეგუება პატარებს კი არა, უფროსებსაც ძალიან გვიჭირს.
ამ თემაზე არსებული წიგნებიდან, რომელთა წაკითხვასაც საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვურჩევ, ერთ-ერთი არის მეგან მაკდონალდსის „ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა“ (პირველი წიგნი). ჯუდიც ისევე ვერ ელევა ზაფხულს, როგორც ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი. მას თმის დავარცხნაც კი ეზარება, რომ არაფერი ვთქვათ სკოლაში ახალი სიტყვების დაზეპირებასა თუ წებოჭამია თანაკლასელის გვერდით ჯდომაზე. მას არც ახალი ნივთები ახარებს და არც – მამის მომზადებული საუზმე, განსაკუთრებით კი ის ადარდებს, რომ არაფერი აქვს თანაკლასელებისთვის მოსაყოლი, რადგან მისი აზრით, ზაფხულში გამორჩეული არაფერი უკეთებია…
და მაინც, რას ნიშნავს არაფრის კეთება? ნუთუ შეუძლია ადამიანს, მართლა არ გააკეთოს არაფერი თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში? მოდი, ერთად ვიფიქროთ ამაზე.
ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დასვენება და არაფრის კეთება ერთი და იგივე რამაა. იმისათვის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს „სწორად“ დასვენება, სჯობს, ქვემოთ მოცემულ ლინკს მივყვეთ:
https://www.youtube.com/watch?v=8ZW9EYByNDE
ამ ვიდეოზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანის გადაღლას (ფიზიკურ თუ გონებრივ გადაწვას) „სწორად დაღლის/დასვენების“ ტექნიკების არცოდნა განაპირობებს. ამას გარდა, დასვენება სულაც არ ნიშნავს არაფრის კეთებას და ამ უნარსაც ისევე სჭირდება გამომუშავება, როგორც სხვა ნებისმიერ უნარს.
როცა არაფერს ვაკეთებთ, სინამდვილეში ბევრი საინტერესო რამ ხდება: ენერგიის აღდგენა/შევსება (როგორც ფიზიკური, ასევე – გონებრივი და ემოციური), ფიქრი/საკუთარ თავში ჩაღრმავება (სწორედ ამ დროს ხდება შეუმჩნეველი პრობლემების დანახვა, იდეების გენერირება და სხვ.), მეხსიერებისა და ემოციების „გავარჯიშება“ (მოგონებებში გადაშვება, ემოციების გამოწვევა, სტრესის მართვა და სხვ.), დღე-ღამის ბიორიტმისა და მოქნილობის სტიმულირება (ზომიერი შეჩერება/რუტინული რიტმიდან ამოვარდნა ხელს უწყობს გონებრივ მრავალფეროვნებას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას) და სხვ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა, არაფრის კეთება სასარგებლო საქმიანობად იქცეს?! ფოკუსირებული სუნთქვაც კი საკმარისია იმის მაგალითად, რომ ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გაეცეს. ამას გარდა, არსებობს არაერთი საინტერესო სავარჯიშო, რომელიც რუტინით დაღლილი მოსწავლეების თუ საკუთარი თავის „გადასატვირთად“ გამოგადგებათ. აი, მაგალითად:
დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ გაიგონოთ 5 ხმა, 4 შეგრძნება, 3 სურნელი და ა.შ. (სენსორული სავარჯიშო)
როცა ეს ვარჯიში პირველად გავაკეთე კლასში, შედეგმა გამაოცა. მოსწავლეებმა არამარტო კლასში არსებული ხმები „დაიჭირეს“, არც სკოლის ეზოს ხმების გარჩევა გასჭირვებიათ და არც არსებული გარემოს შეგრძნებების ენაზე აღწერა. ფანჯრიდან შემოჭრილი ტყის სურნელი კი ინსპირაციის წყაროდ აქციეს… ჩემი აზრით, დამღლელი სასწავლო დღის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ამგვარი პაუზების გაკეთება სასარგებლოცაა და სასიამოვნოც.
ასევე სასარგებლო შესვენებად ითვლება ემოციური გადატვირთვისას მცირე პაუზის აღება. მაგალითად, როცა რაღაცის კეთება არ გამოგდის და ბრაზიც იმატებს, სჯობს, ცოტა ხნით გვერდზე გადადო ის შენი საკეთებელი და გონება „გადართო“. ამ მეთოდს უფროსები ხშირად მივმართავთ, მაგრამ პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ სწორი მომენტის შერჩევა შესასვენებლად, ბრაზის კონტროლი და ა.შ. მათ სჭირდებათ მითითება, თუ როგორ მიუდგნენ წარუმატებლობას სწავლის პროცესში, რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა, როგორ არ დავნებდეთ განმეორებადი მარცხის შემთხვევაში, როგორ გავიხაროთ პირადი პროგრესით და ა.შ. ასეთ დროს ფრაზა „ცოტა ხნით არაფერი აკეთო“ შეიძლება მოსწავლეს ერთგვარ მაშველ რგოლად მოევლინოს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ თუნდაც 10-15 წუთიანი სეირნობა ყურსასმენებისა და საქმიანი ფიქრების გარეშე. დავაკვირდეთ ნაცნობ გარემოს – სახლებს, ხეებს, ხმებს… მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს, შევიგრძნოთ მისი ბუნებრივი ტემპი, არ ავაჩქაროთ საკუთარი თავი, არ დავუსახოთ კონკრეტული მიზანი (კალორიების დაწვა თუ გადაადგილების აუცილებლობა), უბრალოდ, ვასეირნოთ. კარგი იქნება, თუ აღნიშნულ პრაქტიკას ყოველდღიურობაში დავნერგავთ და ყოველგვარი მუსიკალური ფონისა თუ ნაცნობებთან საუბრის გარეშე, ცოტა ხნით მაინც მოვუსმენთ საკუთარ სხეულსა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.
21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ე.წ. ელექტრონული ხმაურის გარეშე. საჭმელს, უმეტესად, რომელიმე სატელევიზიო გადაცემის ან ფილმის ყურების პროცესში მივირთმევთ, ჩაისაც კი სმარტფონში სქროლვის თანხლებით ვსვამთ, რაც ხელს გვიშლის საკუთარი ორგანიზმის მოსმენასა (ნაყროვანების განცდა) და თავად სმის პროცესით ტკბობაში. ამიტომ, თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დავისხათ ჩაი ან ყავა, დავსხდეთ განმარტოებით/სიჩუმეში და აუჩქარებლად, ნება-ნება დავლიოთ საყვარელი სასმელი, დავაკვირდეთ მის გემოს, არომატს, შეგრძნებებს, რომლებიც მისი სმის პროცესში გვეუფლება… იქნებ ასე მაინც მივაგნოთ პასუხს შეკითხვაზე, რატომ გვიყვარს ეს სასმელი ასე ძალიან, ან იქნებ სულაც არ გვიყვარს და უბრალოდ, „არაფრის კეთების“ პროცესში კარგი კომპანიონია?!
მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომელიც არაფრის კეთებას სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობად აქცევს:
ფანჯრიდან დანახული სამყარო
ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლება, ამიტომაც ხშირად ვთხოვ გადაღლილ მოსწავლეებს, გაიხედონ ფანჯრიდან და 1-2 წუთის განმავლობაში უყურონ ცას, ღრუბლებს, ფანჯრის წინ ასვეტილ მთას, მოშრიალე ხეებზე მოხტუნავე ციყვებს… არ ეცადონ ფიქრების გაჩერება-გაკონტროლებას, უბრალოდ მიყვნენ მათ. ზოგ შემთხვევაში ამ შეგრძნებებს ამინდის შესაბამისი მუსიკით ვამძაფრებ, უფროს კლასებში კი ერთგვარ „შეგრძნებების დღიურში“ ჩანაწერებსაც ვაკეთებინებ მოსწავლეებს.
სუნთქვითი ვარჯიში განტვირთვისთვის
ხშირად განტვირთვისთვის საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვებაც საკმარისია. სჯობს, თვალები დახუჭოთ და საკუთარ სუნთქვას ისე დაუგდოთ ყური. ჩაისუნთქეთ, რამდენიმე წამით შეჩერდით, შემდეგ კი ამოისუნთქეთ… 1-2 წუთიც კი საკმარისია ტვინის „განიავებისთვის“. უფროსკლასელებისთვის სუნთქვის მარტივი ვარჯიშების შეთავაზებაც შეიძლება.
აზრებისგან დაცლა
მოსწავლეებს ხშირად ახასიათებთ აზრების მოჭარბება, თუნდაც „არაფრის კეთების“ პროცესში. მე მათ ამ დროს მოკლე ჩანაწერების კეთებას ვურჩევ, რადგან ერთი შეხედვით არასაჭირო იდეა შესაძლოა სხვა დროს გამოგადგეთ, თან მოჭარბებული ფიქრებისგან ტვინსაც განტვირთავენ. ფიქოლოგების თქმით, ამგვარი პატარა პაუზები ამცირებს სტრესს, ზრდის კონცენტრაციას, ააქტიურებს ფანტაზიას და მოაქვს სიმშვიდის შეგრძნება.
სწორად დასვენების დღიური
მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ მარტივი გეგმა, თუ როგორ აქციონ ყოველდღიურ რუტინაში არაფრის კეთება სასარგებლო პროცესად და გააანალიზონ შედეგები. აქვე გაგიზიარებთ დღიურის ერთგვარ ნიმუშს.
დღე N1 – გაიხედე ფანჯრიდან (5 წუთი)
დაჯექი ფანჯარასთან, დააკვირდი გარემოს, მიეცი ფიქრებს უფლება, თავისით მოვიდნენ და წავიდნენ. შეეცადე, შეაჩერო საქმიანი ფიქრები/აზრები.
დღე N2 – დალიე სიჩუმე (5 წუთი)
დაისხი საყვარელი სასმელი. გამორთე ან გადადე ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა, შეეცადე დალიო ჩაი ან სხვა სასმელი მარტომ/სიჩუმეში. დააკვირდი მის სუნს, გემოს და ტემპერატურას, იმ შეგრძნებებს, რასაც ეს სასმელი შენში იწვევს. ისიამოვნე მხოლოდ ერთი რამის კეთებით.
დღე N3 – ისეირნე სეირნობისთვის (5-10 წუთი)
გადი ეზოში ან სახლთან ახლოს მდებარე სკვერში/ქუჩაში. არ ჩართო მუსიკა, სასურველია, არც არავის გაესაუბრო. დააკვირდი საკუთარ ნაბიჯებს, შეიგრძენი სხეულის რიტმი, დააკვირდი ნაცნობ გარემოს, აი ნახავ, რამდენ უცნობ დეტალს აღმოაჩენ.
დღე N4 – დააკვირდი სუნთქვას (2-3 წუთი)
დაჯექი ან დაწექი კომფორტულად და კონცენტრირდი სუნთქვის პროცესზე. ჩაისუნთქე, რამდენიმე წამით შეჩერდი და ამოისუნთქეთ. შეგიძლია ეს სავარჯიშო გააკეთო პირით (ხმამაღალი სუნთქვა), ცხვირით ან შერეულად (ჩავისუნთქავთ პირით და ამოვისუნთავთ ცხვირით ან პირიქით). შეეცადე, არაფერზე იფიქრო და მთლიანად სუნთქვის პროცესზე კონცენტრირდე.
დღე N5 – დაიცალე აზრებისგან (5-7 წუთი)
აიღე ფურცელი და კალამი. ჩაიწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა (ფიქრები, იდეები, ემოციები…). არ დაალაგო, უბრალოდ გადმოყარე ფურცელზე ყველაფერი, რაც გონებას ტვირთავს. შემდეგ კი ფურცელი გვერდზე გადადე და შეწყვეტილ საქმიანობას მიუბრუნდი. აუცილებლად იგრძნობ, თუ რა ეფექტურად მუშაობს ზედმეტი ფიქრებისგან დაცლილი გონება.
დღე N6 – გაავარჯიშე სენსორული მეხსიერება (3-5 წუთი)
დახუჭე თვალები და შეეცადე, ქუჩიდან შემომავალი ხმები ერთმანეთისგან განაცალკევო და წარმოიდგინო, თუ რომელი ობიექტები გამოსცემენ ამ ხმებს, ან პირიქით – გაიკეთე ყურის საცობები, გაიხედე ფანჯრიდან და შეეცადე „გაიგონო“, თუ როგორ ხმას გამოსცემს ესა თუ ის ობიექტი. ამგვარადვე შეგიძლია გაიქტიურო ყნოსვისა და გემოს რეცეპტორები. შეეცადე გამოიცნო, თუ რომელ საჭმელს ამზადებენ მეზობლები, რომელ ტკბილეულს აცხობენ მახლობელ საფუნთუშეში და სხვ. კერძის გამოცნობის შემდეგ, ვფიქრობ, მისი გემოს გახსენება სულაც არ გაგიჭირდება.
დღე N7 – მიეცი შენს თავს სწორად დასვენების უფლება
სასურველია, ეს აქტივობა კვირადღეს ან ისეთ დღეს დაამთხვიო, როცა აუცილებლად გასაკეთებელი საქმე არ გაქვს. პირველ რიგში, გააჩუმე საკუთარ თავში კრიტიკოსი. იძინე იქამდე, სადამდეც გსურს, ნუ გაუბრაზდები საკუთარ თავს „უსაქმურობის“ გამო, ჰკითხე მას, რისი კეთება სურს? იქნებ ემოციური ენერგიის შესავსებად სპექტაკლის ან ფილმის სანახავად წაიყვანო, ან ბუნებას მონატრებული, შემოდგომის ტყეში გაასეირნო…
გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ სწორად დასვენების ამგვარი თუ არა, თქვენეული გეგმის შემუშავება და ნახეთ, იქნებ არაფრის კეთებამ თქვენც მოგიტანოთ სარგებელი.