ქართულის გაკვეთილის ერთი იდეა
სიკეთის კეთება და მადლიერების შეგრძნება, ეს ის თვისებებია, რომლებიც ადამიანს ადამიანურ და ჰუმანურ არსებად აქცევს. ისინი ღირებულებათა კიბის სათავეში იმყოფებიან და ასე ვთქვათ „გამჭოლ“ თვისებებს წარმოადგენენ, სიკეთე, მადლიერება – საფუძველია თანამედროვე, ჰუმანისტური აზროვნებისა, თუ ადამიანი კეთილი არ არის, თუ მას არ შეუძლია ობიექტურად გაანალიზოს და განსაზღვროს, ის სიკეთეები, რასაც მას სამყარო თუ ცხოვრება აძლევს, თუ მას უჭირს მადლიერების გამოხატვა, მაშინ ია რასიზმთან, ჰომოფობიასთან თუ ქსენოფობიასთან შინაგან ბრძოლებს ვერ მოიგებს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ადამიანი სხვებს კანის ფერით, სექსუალური ორიენტაციით ან ეროვნებით ასხვავებს, თუ მას ცხოველები არ უყვარს, მაშინ ის კეთილიც ვერ იქნება.
ამიტომ, ბავშვებთან მუშაობისას, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვანია რომ ვასწავლოთ, ვაჩვენოთ, მივაჩვიოთ – როგორ გავხდეთ უფრო მეტად კეთილები, რა არის მადლიერება, ემპათია. სულ ცოტა მისტიკაც რომ მოვიშველიოთ და პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ კი სამყაროს მიმართ მადლიერი ვარ, ყოველი დღე მადლობით იწყება, ავყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და მადლობის სიტყვებს ვუგზავნი კოსმოსს, მაშინ ცხოვრებაც მშვენიერია, ვამჩნევ რაც შეიძლება მეტ კარგს და ბუმერანგის პრინციპით იგივე მიბრუნდება უკან.
ჰოდა, თუ გვინდა რომ, ჩვენი მოსწავლეები ბედნიერები, ლაღები, იღბლიანები და კეთილები იყვნენ, და ეს აუცილებლად გვენდომება, რადგან სხვაგვარად მასწავლებლობა წარმოუდგენელია, მაშინ მოდი ერთი აქტივობა ვცადოთ, რომელიც ცხოვრების სულ სხვანაირი მხრიდან დანახვას გვასწავლის და მიგვაჩვევს.
აქტივობა პირველი: ვკითხულობთ „პოლიანას“.
ვკითხულობთ ელეონორ პორტერის „პოლიანას“,შეგვიძლია ამ წიგნიდან ის ამონარიდები შევარჩიოთ სადაც მთავარი პერსონაჟი გოგონას მოსაზრებები და ცხოვრების წესია მოთხრობილი, გოგონას პოლიანა ჰქვია და არც თუ ისე დალხენილი ცხოვრება აქვს, თუმცა საოცარი ნიჭი და უნარი გააჩნია მადლიერების გამოხატვისა და სიკეთის კეთების. სასურველია ეპიზოდი, პაუზებით წავიკითხოთ და თითოეული აბზაცის შემდეგ ვიმსჯელოთ, შევეცადოთ მოსმენილი/წაკითხული ამბავი მოსწავლეებმა საკუთარ რეალურ ცხოვრებას დაუკავშირონ, და გამოცდილების გაზიარება სცადონ. მიუხედავად იმისა რომ პოლიანა მშობლებს კარგავს, ცდილობს საკუთარი სილაღე და სამყაროს დადებითად აღქმა შეინარჩუნოს, ამას კი ღარიბი მისიონერმა მამის მიერ ნასწავლი „ბედნიერობანას“ თამაშით ახერხებს, სწორედ ეს თამაში ხდება ამ ამბის გასაღები და ზოგადად თუ დავუფიქრდებით ჩვენი ბედნიერებისაც. წიგნში გადმოცემული ისტორია უბრალო ამბებითა და საგნებით ტკბობას გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რაღაც კარგის შემჩნევა და აღმოჩენა. უნდა აღინიშნოს რომ გამომცემლობა „ელფმა“ „პოლიანას“ თარგმნა 15 წლის გოგონას ლიზა (ელისაბედ) ფირცხალავას მიანდო, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი და ეს დეტალიც, ვფიქრობ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება.
აქტივობა მეორე: სიკეთის ნამცხვრები.
ვიღებთ დიდ, შუშის ქილას, რომელშიც ბავშვების მიერ შექმნილი ქაღალდის სიკეთის ნამცხვრები უნდა მოვათავსოთ. დავალება ასეთია, რამდენ, შემთხვევით კეთილ საქმესაც ჩაიდენენ იმდენი ნამცხვარი მოათავსონ ქილაში. ნამცხვრებს ქაღალდისგან ჭრიან, აფორმებენ და უკან სიკეთეებს წერენ. საბოლოოდ ქილაში სიკეთის ნამცხვრები გროვდება. შესაძლებელია ინტეგრირება მათემატიკასთან, ბავშვებმა დაითვალონ ნამცხვრები და მათზე ამოცანების პირობა მოიფიქრონ, შემდეგ კი ამოხსნან. დასასრულს კი კარგი იქნება ნამდვილი ორცხობილების გამოცხობა და ერთად მირთმევა.
აქტივობა მესამე: შევქმნათ მადლიერების სიმღერა
ბავშვებს ვაყურებინებთ და ვასმენინებთ დისნეის მულტფილმის „პრინცესა და ბაყაყის“ შესანიშნავ საუნდტრეკს სიკეთეზე, მადლიერებაზე და საკუთარი თავის, ყველა ცოცხალი არსების სიყვარულზე. კარგი იქნება თუ დავიხმართ ინგლისურის პედაგოგს და ტექსტს ქართულ ენაზე ვათარგმნინებთ.
ამის შემდეგ კი ერთად ვქმნით ჩვენი კლასის სიმღერას: სიკეთეზე და მადლიერებაზე, ვტოვებთ იმ სიტყვებს, რომლებიც შემდეგ თითოეულმა მათგანმა, საკუთარი სურვილით, ინდივიდუალურად უნდა მოიფიქროს და ჩაწეროს, რა თქმა უნდა მელოდიის მორგებაში მუსიკის მასწავლებელი გვეხმარება. აი, მაგალითად ასეთი ტექსტი:
მადლობელი ვარ
ჩემი ————- სთვის
მადლობელი ვარ –
ძალიან, ძალიან
მადლიერი ვარ
ჩემი —————– სთვის.
ბავშვები იმეორებენ ერთად იქამდე, სანამ საკუთარ სიტყვებს არ მიაგნებენ და არ გაიაზრებენ რისთვის არიან მადლიერები.
აქტივობა მეოთხე: ჩვენ ვჩუქნით ერთმანეთს!
ეს აქტივობა ასრულებს ჩვენს მადლიერებისა და სიკეთის კვირეულს, ბავშვებს სახლიდან მოაქვთ ის სათამაშოები და წიგნები, რომლებიც უყვართ, მაგრამ მზად არიან გასცენ და კლასელი, მეგობარი გაახარონ. ამ ნივთებს დიდ ყუთში ვაგროვებთ, თითოეულ ნივთს მიმაგრებული აქვს ბარათი, მისი მფლობელის სამი ჯადოსნური სიტყვით – თუ როგორ ბედნიერებასა და იღბალს მოუტანს ეს ნივთი ახალ მფლობელს. მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მოსწავლეს, რომელიც ყუთში ყოფს ხელს და რაც შეხვდება იმ საჩუქარს იღებს. აუცილებელი პირობაა, რომ მან მადლობა გადაუხადოს ნივთის ყოფილ მფლობელს და მადლიერება გამოხატოს.
ეს აქტი სიკეთისა და მადლიერების ზეიმად იქცევა.