ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025
22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

თანამედროვე მოსწავლეებისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ინტერდისციპლინური მიდგომები, რომლებიც მათ ეხმარება სხვადასხვა საგნის ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებაში. მოცემული რესურსი წარმოადგენს სწორედ ასეთ შესაძლებლობას, ბიოლოგიისა და კრიმინალისტიკის სინთეზის საფუძველზე.

წინამდებარე საგანმანათლებლო მასალა, რომელიც სტატიას „კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები“ ეფუძნება, მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გაუღრმაოს ცოდნა ცოცხალი ორგანიზმების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ. ამავდროულად, იგი აძლევს საშუალებას, ეს ცოდნა რეალურ, პრაქტიკულ კონტექსტში განიხილონ, გაიაზრონ და იმსჯელონ მასთან დაკავშირებულ ეთიკურ და მორალურ საკითხებზე.

რესურსი მოიცავს ტექსტს, ანალიზურ კითხვებს და ინოვაციურ აქტივობებს, როგორიცაა:

  • კრიტიკული აზროვნების სადისკუსიო სესია,
  • შემოქმედებითი პროექტი,
  • დებატები ეთიკურ საკითხებზე,
  • როლური თამაშები.

ეს მეთოდები ხელს უწყობს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის ათვისებას, არამედ მოსწავლეებში კვლევის, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.

ვიმედოვნებთ, ეს მასალა დაგეხმარებათ, თქვენი გაკვეთილები გახადოთ უფრო საინტერესო და მოსწავლეებისთვის დამაკავშირებელი ხიდი ააგოთ თეორიასა და პრაქტიკას შორის.

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

სასამართლო ექსპერტიზის კომპლექსურსა და ძალიან ფაქიზ სამყაროში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ლეშის (გვამის) მაძიებელი ძაღლი, რომელსაც ასევე ,,კადავერის ძაღლს“ უწოდებენ. ,,კადავერ“ – მომდინარეობს ნივთიერება კადავერინის სახელწოდებიდან, თუმცა ქართულ ლიტერატურაში აღნიშნული ტერმინი დამკვიდრებული არ არის. გვამის მაძიებელი ძაღლები დიდ დახმარებას უწევენ კრიმინალისტებს და ადამიანებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს.

 რას ნიშნავს კადავერის ძაღლი? კადავერ ძაღლები, ანუ ადამიანის გვამის აღმომჩენი ძაღლები სპეციალურად გაწვთლინები არიან, მათ უნდა ამოიცნონ ლეშის სუნი. ისინი განსხვავდებიან მაშველი ძაღლებისგან, რომლებიც ტალახში, ან სხვა მასაში ჩაფლულ, ტყეში დაკარგულ ცოცხალ ადამიანებს პოულობენ.

გარდაცვლილი ადამიანის სუნს განაპირობებს ორი ნივთიერება: პუტრესცინი და კადავერინი. ე.წ. კადავერ ძაღლები სწორედ ამ ნივთიერების სუნზე არიან დაგეშილი.

ძაღლების გამძაფრებული ყნოსვა მნიშვნელოვანია წყალში დამხრჩვალი, მიწაში ჩაფლული ან სხვა გარემოში არსებული გვამის საპოვნელად. ისინი ასევე კარგად არჩევენ ადამიანის ლეშის სუნს ცხოველის ლეშის სუნისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კრიმინალისტიკაში.

 მომზადება უნიკალური დავალებისთვის

კადავერ ძაღლების მომზადება მათი შერჩევით იწყება, მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ნადირობის ინსტიქტი და ყნოსვის შეგრძნება. გვამის მაძიებელი ძაღლები ძირითადად შეირჩევა გერმანულ ნაგაზს, ლაბრადორ რეტრივერსა და ბელგიურ მალენოიზს შორის. თუმცა შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლმა შეასრულოს იგივე მოვალეობა, თუ მას აქვს შესაბამისი ტემპერამენტი და ფიზიკური გამძლეობა.

წვრთნის პროცესში ძაღლს აჩვევენ მკვდარი ადამიანის სუნს, ამ მიზნით გამოიყენება ან სინთეზური ლეშის სუნი, ან ადამიანის გვამი, რომელიც მეცნიერული მიზნებისთვის კანონით შეიძლება იქნას გამოყენებული. დავალების წარმატებით შესრულებისას ძაღლს აჯილდოვებენ, რათა მომდევნო საქმე უფრო კარგად შეასრულოს.

 

პრაქტიკაში გამოყენება –  კადავერ ძაღლები ეხმარებიან სამართალდამცავ ორგანოებს, სამძებრო-სამაშველო და კატასტროფებზე მორეაგირე სამსახურებს. მათი შესაძლებლობები საოცარია, მნიშვნელობა კი შეუფასებელი.

  • მკვლელობის აღმოჩენა – სხეული მდებარეობს დაუსახლებელ, მივარდნილ ადგილას;
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულების აღმოჩენა – მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სტიქიური მოვლენის დროს გვამების მდებარეობის განსაზღვრა;
  • ძველი, გაუხსნელი საქმეებისთვის: ისეთი გვამის აღმოჩენა, რომლის გარდაცვალებიდან მრავალი წელია უკვე გასული, ან ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.
  • მასობრივი მსხვერპლის პოვნა: გვამების აღმოჩენა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ან ტერაქტის ადგილას.

მაგალითად, 2017 წელს პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქში ოთხი მამაკაცის გაუჩინარების საქმეში უნიშვნელოვანესი როლი კადავერ ძაღლებმა შეასრულეს. ძაღლებმა ჯერ აღმოაჩინეს ფერმაში ჩამარხული 19 წლის ახალგაზრდის გვამი, შემდეგ მიაგნეს დარჩენილი სამი ახალგაზრდის სამარხს, ბოლოს კი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ბიოლოგია კრიმინალისტიკის განვითარებისთვის

კადავერ-ძაღლების მიერ ლეშის აღმოჩენის უნარი ყნოსვის სისტემითაა განპირობებული. ის გაცილებით მგრძნობიარეა ვიდრე ადამიანისა. ძაღლებს ცხვირში 300 მილიონამდე ყნოსვის რეცეპტორი აქვთ, ადამიანს კი ხუთი მილიონი. ამიტომ ისინი ადამიანის ორგანიზმის გახრწნისას გამოყოფილი ნივთიერებების სუნსაც კი აღმოაჩენენ. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ძაღლს შეუძლია მიწის ღრმა ფენებში ჩამარხული, მდინარის ფსკერზე არსებული და უფრო რთულ ადგილებში არსებული ლეში მოიძიონ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, ასევე გაუკეთოს მოდიფიცირება საკუთარი საჭიროების შესაბამისად.

სავარაუდო შეკითხვები

  1. რა განსხვავებაა კადავერ ძაღლსა და მაშველ ძაღლს შორის?
  2. რომელი ქიმიური ნივთიერებები გამოთავისუფლდება ადამიანის სხეულის გახრწნისას?
  3. რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ძაღლს გვამისა და ცოცხალი ადამიანის გარჩევა შეეძლოს ყნოსვის საშუალებით?
  4. რომელი ჯიშის ძაღლები გამოიყენება გვამის ან ცოცხალი ადამიანის საპოვნელად?
  5. როგორ წვრთნიან ძაღლს?
  6. როგორ იყენებენ კადავერ ძაღლებს ბუნებრივი კატასტროფების დროს?
  7. როდის ითვლება გამოძიება დასრულებულად?
  8. რას ნიშნავს ,,მასობრივი მსხვერპლი“?
  9. სად აღმოაჩინეს 19 წლის ახალგაზრდის გვამი?
  10. ე.წ. კადავერ ძაღლის რომელი ანატომიური სისტემა გამოიყენება მის მიერ გვამის აღმოსაჩენად?
  11. ყნოსვის რამდენი რეცეპტორი აქვს ძაღლს?
  12. ჩამოაყალიბე სტატიის მთავარი აზრი.
  13. შეადარე სურათზე გამოსახული ორგანიზმების ყნოსვის ეპითელიუმი. რა ძირითად განსხვავებას ხედავ მათ შორის?
  14. ძაღლების ამ მიზნით გამოყენებისას რა ეთიკური საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული?

* ეთიკური  ნიშნავს იფიქრო რა სწორია და რა არა.

 

წყარო:https://www.researchgate.net/figure/Schematic-structure-of-the-olfactory-system-in-dogs-and-humans_fig2_354018031

წყარო:  https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2004/7441-the-nobel-prize-in-physiology-or-medicine-2004-2004-6/

 

დისკუსია კრიმინალისტიკაზე

აქტივობა – სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოიდგინონ რომ კრიმინალისტები არიან. დაუსვით კითხვები:

  • რა პრობლემებს ვხვდებით დაკარგული ადამიანის ძებნისას?
  • როგორ დაგეხმარებათ ,,კადავერ ძაღლი“?
  • რა უპირატესობა აქვს მის დახმარებას სხვა მეთოდებთან შედარებით?

შემოქმედებითი პროექტი – ,,ძაღლის ყნოსვის სისტემა:

აქტივობა: დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შექმნან პრეზენტაცია ან პოსტერი, რომელიც ასახავს ძაღლის ყნოსვივ სისტემის აგებულებას. ყველა ჯგუფმა უნდა ახსნას რატომ არის ძაღლის ყნოსვა ასე გამძაფრებული და როგორ ეხმარება ის სამძებრო სამუშაოებში.

სადისკუსიო კლუბი – ,,ეთიკური საკითხები“

აქტივობა: მოაწყვეთ დებატები, სადაც განიხილავთ ძაღლების სამძებრო სამუშაოებში გამოყენების ეთიკურ მხარე.

  • დაყავით მოსწავლეები ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი იმსჯელებს ძაღლის უფლებებსა და კეთილდღეობაზე, მეორე კი კრიმინალისტიკაში მათი გამოყენების აუცილებლობაზე.
  • დებატების დასრულებისას შეაჯამეთ განხილული საკითხები და გამოიტენეთ საერთო დასკვნა.

აქტივობა – ვიდეოს ჩვენება- მოძებნეთ მოკლე დოკუმენტური ვიდეოები ან ნაწყვეტები ფილმებიდან, სადაც ნაჩვენები იქნება სამძებრო ძაღლების წვრთნის და მუშაობის კადრები. ვიზუალური მასალა დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრომ როგორ გამოიყენება ძაღლები რეალურ სიტუაციაში (ვიდეო).

როლური თამაში – ძებნის ოპერაცია

  • დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შეიმუშაონ ძებნის ოპერაციის გეგმა;
  • თითოეულმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს როგორ მოამზადოს კადავერ ძაღლი კონკრეტული დავალებისთვის;
  • რა სახის აღჭურვილობა და დასვენების რეჟიმი დასჭირდებათ მათ;
  • როგორ გაუმკლავდნენ ძაღლები რთულ პირობებს, წვიმიან ამინდებსა და გრძელ მანძილზე სირბილს;

შეხვედრა სპეციალისტთან –  თუ შესაძლებელია დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ან სამძებრო-სამაშველო სამსახურს და სთხოვეთ გესტუმროთ ძაღლის მწვრთნელი ან კინოლოგი. ისინი უპასუხებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს.

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/02/01/cadaver-dogs-unsung-heroes-in-forensics/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“