ენის შესწავლისას ხშირად ისეთ ფრაზებს აღმოვაჩენთ, რომელიც ძალიან შორს გაგვახედებს და თუ კი ჩვყვებით, ჩავუღრმავდებით საინტერესო ისტორიებამდე მიგვიყვანს ხოლმე. ფრაზების შინაარისის ძიება, იდიომების სათავეებთან მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესო მოზარდებისთვისაა, რადგან ძალიან სახალისო იქნება მათთვის, როდესაც აღმოაჩენენ რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვათა შეთანხმება თავის თავში ამბავს მალავს, და ეს ამბავი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა და ზღაპრები.
როდესაც ხელოვანი ადამიანი უკანასკნელად გამოამჟღავნებს საკუთარ ტალანტს, ნიჭიერებას, ამბობენ რომ მან გედის სიმღერა იმღერა, თუმცა გამონათქვამმა უფრო ზოგადი ხასიათი შეიძინა და აღნიშნავს უკანასკნელ ქმედებებს – სპორტში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში… გედის სიმღერის შემდეგ ადამიანები სამუდამოდ ემშვიდობებიან საყვარელ საქმიანობას, ან შესაძლოა ცხოვრებასაც.
გამონათქვამი მომდინარეობს, უძველესი დროის თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, გედები მხოლოდ ერთხელ მღერიან, ისიც სიკვდილის წინ. ზოგადად გედს, სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, მეტად უცნაური და უსიამოვნო ხმა აქვს, თუმცა ყოფილა გედის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც სიკვდილის წინ საოცრად სევდიანად, ნაღვლიანად ტირის, მღერის, მისი ხმა ათასი ზანზალაკის წკრიალს მოგაგონებთ და ათასნაირ გრძნობასაც აგიშლით.
ეზოპე, უძველესი ეპოქის ბერძენი მეიგავე, ერთ-ერთ იგავში, გედის სიმღერის შესახებ საინტერესო ამბავს ყვება. გედებიო ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ მღერიანო, როდესაც ისინი გრძნობენ საკუთარი სიკვდილის მოახლოვებას. ძველად ერთ კაცს, რომელსაც გაგონილი ჰქონია გედის სიმღერა, ბაზრობაზე, დაუნახავს როგორ ყიდიდნენ გედს, უყიდია და სახლში მასთან ერთად დაბრუნებულა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვახშმად მეგობრები ესტუმრნენ, კაცმა მათ, გედი აჩვენა და აიძულებდა, მეგობრების გასართობად ემღერა. მაგრამ გედი დუმდა.
გავიდა ხანი, გედმა იგრძნო, რომ მალე მისი დასასრული დადგებოდა. დაიწყო საოცრად სევდიანი და ტკბილი სიმღერის მღერა. ეს რომ კაცს გაუგონია, გაბრაზებულს უთქვია: როგორი სულელი ვყოფილვარ, მის სიმღერას რომ ველოდი, ამის ნაცვლად მე ის უნდა დამეხრჩო, იქნებ ასე მაინც გამეგონა მისი ტკბილი ხმაო.
ამ ულამაზესი არსების ცხოვრების, ეს ტრაგიკული და ნაღვლიანი მომენტი, ჩვენ, ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერ უკანასკნელის აღმნიშვნელად დამკვიდრებულა.
ამ სევდიანი ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ, ჩვენ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რაც ძალიან დაეხმარებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვიტარებაში.
ლექსიკონი
ტალანტი – განსაკუთრებული ნიჭი
იგავი – მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, სადაც ჭკუის სასწავლებელი ამბებია მოყვანილი და ადამიანების სწავლებას, აღზრდას ისახავს მიზნად.
აქტივობა 1:
რა ტალანტს ისურვებდი რომ გქონდეს? ჩამოწერე და მიუხატე ილუსტრაციები.
აქტივობა 2:
წარმოიდგინე და დახატე იგავის ის მომენტი, როდესაც გედი ამღერდა.
აქტივობა 3:
მივუბრუნდეთ ტექსტს
ვინ იყო ეზოპე?
რატომ იყიდა კაცმა გედი?
რატომ არ იმღერა გედმა კაცის მეგობრების გასაგონად?
რამ აამღერა ბოლოს გედი?
რატომ გაბრაზდა კაცი?
აქტივობა 4:
დაფიქრდი, ხომ არ გახსენდება რომელიმე მხატვარი, მწერალი, მოცეკვავ, მომღერალი, მოქანდაკე და სხვა შემოქმედი ადამიანი, რომლის უკანასკნელ ნამუშევარსაც „გედის სიმღერას“ უწოდებდი? თუ კი, ჩაწერე და განმარტე რატომ ფიქრობ ასე.
აქტივობა 5:
მოიფიქრე ზღაპარი, რომლის სახელიც იქნება: „გედის სიმღერა“. გაითვალისწინე, ზღაპრის ჟანრის თავისებურებები. დაიწყე: იყო და არა იყო რა… ან ერთხელ…. ან დიდი ხნის წინ… შენს ზღაპარს ბედნიერი დასასრული მოუფიქრე. როდესაც დაასრულებ ილუსტრაციით გააფორმე.
აქტივობა 6:
დაკვირვებით წაიკითხე ამონარიდი და მონიშნული სიტყვები ჩაანაცვლე სხვა სიტყვებით, რომლებსაც იგივე შინაარსი ექნებათ, რაც მონიშნულ სიტყვებს.
თუმცა ყოფილა გედის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც სიკვდილის წინ საოცრად სევდიანად, ნაღვლიანად ტირის, მღერის, მისი ხმა ათასი ზანზალაკის წკრიალს მოგაგონებთ და ათასნაირ გრძნობასაც აგიშლით.