ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025
22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

ათასი წლის წინანდელი პატრიარქის, ნიკოლოზ გულასბერისძის თხზულება ურწმუნოთათვის

„გიხაროდენ, საყდარო წმიდაო,

სუეტო ნათელო და კუართო საღმრთოო“

ნიკოლოზ გულაბერისძე, საქართველოს პატრიარქი იყო 1149-1178 და 1184 წლებში, გიორგი მესამეს მეფობის დროს, თამარ მეფემ ის იერუსალმიდან მოიწვია საქართველოს ეკლესიის ჩასაბარებლად. პატრიარქს საოცარი თხზულება შეუქმნია: “საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა”. მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა “გიხაროდენ”.

ამ წერილში ვეცდები, ათასი წლის წინანდელი პატრიარქის რწმენისა და ღმერთის შესახებ მოვყვე, სასწაულებზე და ხილვებზე, რომ ქართველებს გვაქვს რაღაც არაამქვეყნიური ფესვები, ზეცაში მოლივლივე, ნათლით შემოსილი, სვეტად ჩამოსვეტებული მცხეთაში.  ვფიქრობ, ქართულის მასწავლებლებს დააინტერესებთ ეს წერილი, განსაკუთრებით მათ ვინც ჰაგიოგრაფიას ასწავლის, ამ ჟანრის უკეთ გაგებისთვის და ბავშვებამდე მიტანისთვის, მნიშვნელოვანია გულაბერისძის თხზულების გააზრებაც, რადგან რაღაცნაირად გარდამტეხი, ეპოქალური ტექსტია, მას მერე ხომ დიდი აყვავების პერიოდი მოყვება, როგორც მწერლობაში ისე ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებ, დღესაც იმ დაკარგული ღმერთების პოვნა გვჭირდება ქართველებს, ათი საუკუნის წინ ასეთი ცოცხალი და ხელშესახები რომ იყო?  არ ვიცი, თუმცა იმაში კი ვარ დარწმუნებული რომ, ძველი პატრიარქის გალობა, მისი ძალიან გულწრფელი ხოტბის შესხმა, დღესაც გვაძლიერებს და გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, ოდესღაც გაცოცხლებული სიტყვები ხომ არასდროს კვდებიან, სიტყვებს კი საკუთარი ენერგეტიკა აქვთ, განსაკუთრებით კი რწმენით წარმოთქმულებს და განსაკუთრებით უფლისთვის მიძღვნილებს, ნიკოლოზის სიტყვები კი ასეთია – მაგიურები და ანკარები, უფლისები და გაცისკროვნებულები.

~გულაბერისძის საკითხავი და საგალობელი სვეტი-ცხოველს ეძღვნება, უფრო სწორად ავტორის შთაგონების წყარო სუეტი ცხოველი გამხდარა, საკითხავსა და საგალობელში არსებული სხვა თემები კი სვეტი ცხოველის უკეთ წარმოჩენას ემსახურება.

ნიკოლოზ გულაბერისძე ნაწარმოების, „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა“, დასაწყისში აღნიშნავს, რომ უფლის მიერ აღმართული ცხოველი სვეტი მარადიული, მბრწყინვალე ლამპარია.

კათოლიკე ეკლესია, უფლის კვართი და სვეტი ცხოველი უკვადავებას, სულის ცხონებას, წმინდა მირონს აძლევენ სანოვაგედ მორწმუნეებს.

ამ სამი სიწმინდის შემკობის და შესხმის შემდეგ ავტორი წმ. ნინოს ისტორიას გვიყვება. აქვე ჩართულია აბიათარ მღვდლისგან ნაამბობი იესო ქრისტეს კვართის ამბავი. რაც შეეხება ცხოველი სუეტის აღმართვას, გულაბერისძე მას ცოტა განსხვავებულად გადმოსცემს, ვიდრე ეს „ნინოს ცხოვრების“ უძველეს რედაქციებშია. „ხოლო ნაძუნი იგი დიდნი საკვირველნი მოჰკუეთეს, რომლისგანცა შემზადნეს შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი, ხოლო ექუსნი იგი უკუე სუეტნი აღმართნეს, სადაღა ინება ადგილმან თჳს-თჳსად, ხოლო უდიდესი იგი სუეტი, რომელი საზარელ იყო უფროჲს მათ სხუათასა, საშუალ ეკლესიისა აღსამართებლად განაწესეს“ [ნ. გულაბერისძე 2007: 28];

ნიკოლოზ გულაბერისძის მიერ აღწერილ სასწაულთა შორის უნდა აღინიშნოს მეოთხე სასაწაული, რომელიც „მხოლოდშობილი ყრმის“ გაცოცხლებას შეეხება. მიცვალებული ყმაწვილი, რომელსაც მშობლები ძლიერ გლოვობდნენ, სასწაულებრივად გაცოცხლდება და მაშინვე იკითხავს, თუ სად არის საკვირველი ცეცხლის  სვეტი, რომელმაც იგი ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა. სვეტი-ცხოველის მონახულების და მოლოცვის შემდეგ მოყვება, თუ როგორ მოკვდა, რის შემდეგაც ჯოჯოხეთში მოხვდა: „ცეცხლი იგი გეჰენიისაჲ, ბნელი იგი გარესკნელი, მატლი დაუძინებელი, ღრჭენაჲ კბილთაჲ, ტარტაროზი ყინულთა სასტიკთა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 35], რომელთა შორის ცოდვილები იტანჯებოდნენ. ყმაწვილიც მათთან ერთად მიეცა ჯოჯოხეთურ ტანჯვას იქამდე, სანამ ნათლის სვეტმა, რომელიც ზეცას სწვდებოდა არ იხნსა და არა ამოიყვანა. ამ სვეტის თაზე, სწორედ ის ძე იჯდა, რომელიც ჩვენმა მამებმა ჯვარს აცვესო.

ორი ჭაბუკი, ცეცხლისფერად მოსილნი, თან ახლდნენ ნათლის სვეტს. მკვდრეთით აღდგენილი განაგრძობს მოყოლას, მოულოდნელად „სუეტისგან“ ჭაბუკის მიმართ ხმა გაისმება: „წარმოიყვანეთ ყრმაჲ ეგე მხოლოდშობილი გლახაკთა მშობელთაჲ, რამეთუ მელმის გულისტკივნეულობისაგან მათისა, და მიეცით ჴელთა მშობელთა მათთასა, რაჲთა ეგრეცა ადიდებდეს და იზარებდეს დღესა ამას ჩემსა ყოველთა სახარულევანსა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 35].  ამ შემთხვევაში სვეტი ცხოველი იესო ქრისტესთან ერთადაა წარმოდგენილი, ის, ვინც ჯვარს აცვეს, სვეტის ცამდე მიწევნილ წვერზე იყო მჯდომარე. ეს მომენტი მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლის და იქიდან მართალთა სულების ამოყვანის სიმბოლური გააზრებაა. საქართველოს გაქრისტიანებამდე, მოქცევამდე ქართველთა  სულები განურჩევლად  ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, არ იყო გარჩევა ცოდვილისა და მართლისა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. ხოლო სვეტი ცხოველის დაფუძნებით არა მხოლოდ რელიგიას და მომავალ რწმენას ჩაეყარა საფუძველი, არამედ იგივე განმეორდა, რაც ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ. ოღონდ მასშტაბები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

ჯოჯოხეთში ჩასვლით, ამბობს წმ. კასიანე, ქრისტემ თავისი დიდების ბრწყინვალებით განაბნია შეუღწევადი წყვდიადი ტარტაროზისა, და დაარღვია რკინის ჭიშკარი, დაამსხვრია ბორკილები, და წმიდა ტყვენი, რომელთაც აჩერებდა ჯოჯოხეთურ წყვდიადში, ტყვეობიდან გამოხსნილნი თავისთან აიყვანა ზეცას . ზემოთ განხილულ შემთხვევაში ჯოჯოხეთიდან გამოხსნილი ადამიანი ზეცას კი არ მიდის, არამედ ცოცხლდება, მკვდრეთით აღდგება, რაც შესაძლოა ქრისტეს აღდგომასაც უკავშირდებოდეს.

საკითხავის ამ სასწაულში ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სვეტი ცხოველს ქართველნი.  სვეტი ცხოველი იესო ქრისტესთან ერთად იყო ჩასული ჯოჯოხეთს, აქედან გამომდინარედაც მოიაზრება სვეტი ცხოველი მაცხოვრის სიმბოლოდ. შეიძლება ეს მომენტი უფლის ჩენადაც გავიაზროთ, თუმცა ასეთი სახით „სუეტის“ ან უფლის გამოცხადება ქართულ აგიოგრაფიაში არ გვხვდება.

საკითხავი „სასწაული ჯუარისანით“ გრძელდება, რაც სასწაულმოქმედი ჯვრის სვეტიცხოველთან კავშირს ადასტურებს. შეიძლება ითქვას, ჯვრის სასწაულებრივი ძალა, „სუეტის“ მადლით და ძალით იყო განპირობებული. საკითხავში მოცემული სვეტი-ცხოველის სასწაულებიდან გამოირჩევა ავტორის მიერ თავს გადახდენილი სასწაული (რომელიც მის ბიოგრაფიასაც შეიცავს) და თურქების შემოსევის ჟამს მომხდარი  სასწაული. „ნ. გულაბერისძის პოეტიკა და, გნებავთ, ესთეტიკა გამიზნულია სასწაულთა შეგრძნობისაკენ. ამას ჰკარნახობს მას უმთავრესი სიმბოლო და უმთავრესი სასწაული – სასწაული სვეტი-ცხოველი.“ – წერდა ლიტერატორი რევაზ სირაძე.

საკითხავში „სუეტი“ წარმოდგენილია როგორც „სულიერი არსება“, რომელიც სასწაულებს ახდენს, ვითარცა ვინმე წმინდანი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართლის მოქცევა სიმბოლურად გააზრდა, წმ. ნინო ღვთისმშობლის სახედ წარმოგვიდგა, ხოლო იესო ქრისტეს კვართზე დაფუძნებულმა „სუეტმა“  უფლის ძის აღდგომის იდეა შეიძინა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „სუეტის“ მიერ მოხდენილი სასწაულები სიმბოლურად იესო ძე ღვთისას სასწაულების ქართულ ვერსიად მივიჩნიოთ, თუნდაც ბრმათათვის თვალის ახილვა ან ეშმაკეულის განდევნა სნეულის სხეულიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ  „სუეტის“ სასწაულები ეროვნულობასაც უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხავი გაჯერებულია სასწაულებით და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკვლევარნი მის ძირითად დანიშნულებას სვეტი-ცხოველთან დაკავშირებული სასწაულების აღწერას მიიჩნევენ, ნიკოლოზ გულაბერისძე შენიშნავს, რომ „წერილ არს უკუე: სასწაულნი ურწმუნოთათჳს არიან და არა მორწმუნეთათჳს“ [ნ. გულაბერისძე 2007: 49].

აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნიკოლოზ გულაბერისძეს „ურწმუნოთათვის“ დაუწერია საკითხავი, მათთვის აღუწერია ის სასწაულები, რომლებიც სვვეტიცხოვლის დაფუძნების დღიდან უკავშირდებოდა მას.   პატრიარქის ასეთი განზრახვა, რესაც კი,  უამრავი საუკუნის შემდეგაც, როგორი ამაღელვებელია! ამაღელვებელი და შთამბეჭდავია ურწმუნოთა მოქცევის გზა: შესანიშნავი თხზულება – სასწაულებით სავსე და გალობა, ისე როგორც ქრისტიანს შეშვენის, ისე როგორც სახარებაშია და არა – მახვილითა თუ ლანძღვით.

გულაბერისძე „სუეტის“ და კვართის ურთიერთმიმართების საკითხსაც ეხება. როგორც მამა და ძე არიან ერთნი, ძის ყოველი მოქმედება მამასაც მიეწერება და პირიქით, ასევე განუყოფელნი არიან კვართი და „სუეტიც“,  განუყოფელია მათი „დიდებულებანი“ და „საკვირველებანი“ (ნ. გულაბერისძე: 2007).

საკითხავის დასასრულს მოცემული სუეტი-ცხოველის შესხმა, გიხაროდენის ფორმით, სადაც აღნიშნულია „სუეტთან“ დაკავშირებული სიმბოლოები, სახეები თუ მოვლენები.

„გიხაროდენ,  სუეტო წმიდაო, ცხოველო და ცხოველსმყოფელო, რომელი ნათელმან უსაზღვრომან, ნათელმფლობელმან ძემან ღმრთისამან ნათლად ელვისად და სუეტად ცხოველისად აღგმართა, ნათელმყოფელად გულებსა ქართველთა ერისასა, დაბნელებულსა კერპთა საცთურისაგან. ხოლო ურწმუნოთა ცეცხლებრ უწყალოდ შემჭმელად ღირსად მისაგებელად ლტოლვისათჳს წმიდისა ნათლისა შენისა,  სუეტო წმიდაო და ცხოველო!“ [ნ. გულაბერისძე 2007: 59].

ავტორი მიმართავს  ეკლესიას, რომ  უფალმა ყოვლის „დამფუძნებელმან“ სვეტიცხოვლის ეკლესია წმინდა მოციქულების სახელზე დააფუძნა, დაამყარა. როგორც მოციქულების თავს პეტრეს უთხრა ღმერთმა:  „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“ (მათე, 16,18), ხოლო მოწამენი ტაკუკად დაგკიდნა ვითარცა ძუძუნი, რომელთაგან ნეკტარსა სისხლთა მწოვნელნი, ოხჭანსა უკუდავებისასა მიმთხუეულნი, ვმოხარულობთ საუკუნოდ!’’ [ნ. გულაბერისძე 2007: 59].

ეს „მოწამენი“ ეროვნული აგიოგრაფიის გმირები არიან, რომელთა ღვაწლი ნიკოლოზ გულაბერისძემ ნათლის სვეტს, სვეტი ცხოველს დაუკავშირა.

გარდა საკითხავის სარწმუნოებრივი დატვირთვისა, მასში მრავლადაა მხატვრული სახეები, რაც ავტორის მწერლურ ნიჭზე მეტყველებს. გულაბერისძე „სუეტს“ საოცრად პოეტურად მიმართავს, „სუეტის“ ნათელი, „მზის თვალის“ სახედ და მსგავსად ნათლის კვართს, უფლის „საბლარდნელს“, – ჩამოასხივებს, ჩამოანათებს. ეს ორი ნათელი ერთმანეთს შეერწყმის და საკვირველად განათდება, გაშუქდება, როგორც ცისკრის ორი ელვა. ამ ორი „ზენათელის“ შერწყმა სამებასაც წარმოადგენს, როგორც მამის და ძის „ერთარსობას“. კვართი სიმბოლურად ძეს გამოხატავს, ხოლო სუეტის ერთ-ერთი სიმბოლო მამა ღმერთია, მოხუცი კაცის სახედ წარმოდგენილი (რ. სირაძე: 1992).

ნიკოლოზ გულაბერისძის „საგალობელი წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“ შეთხზულია შუასაუკუნეების ჰაგიოგრაფიულ პრინციპთა შესაბამისად, სადაც ჰიმნოგრაფის ამაღლებული განწყობაა გამოხატული.

საგალობლის დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ წმ. ნინოს ცრემლი მიზეზი გახდა „უცხო“ და „კაცთაგან გამოუთქმელი“ სვეტის ბრწყინვალედ ამაღლებისა: „რომლისა ცრემლთა ნეკტარი მიზეზ იქმნა უცხოსა და კაცთაგან გამოუთქმელსა სახილავსა სუეტისა ბრწყინვალისასა, რომელი სიმრავლემან ერთამან ვერ შეძრეს, ჴელითა მიერ უხილავითა ამაღლებული იხილა და ჰმადლობდა ღმერთსა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 64],  ცრემლთა დენა იყო საწინდარი სვეტი-ცხოველის სასწაულებრივი აღმართვისა, რომელიც ქრისტეს აღდგომის სიმბოლურად გააზრებას წარმოადგენს. სვეტთან მოქვითინე წმ. ნინო თითქოს ჯვარცმულ შვილთან მგლოვიარე მარიამის სახეც უნდა იყოს, რომელსაც აღდგომა მოყვება, აღდგომა იესო ქრისტესი და აღდგომა, იგივე აღმართვა სვეტი-ცხოველისა

ნიკოლოზ გულაბერისძე კვლავ აღნიშნავს და საგალობელში კვლავ უძღვნის ქებას „სუეტის“ ბრწყინვალედ „კრთომას“, რომლის სხივები ელვასავით მოჩანს, კვართს, რომელიც „აღმოცისკროის“ და მისი ნათლისგან „მზეებრ“ აღმოიჭრება შუქი. ამ ორ – ნათლის  სამყაროდ და „ცად“ – ეკლესია, სვეტიცხოვლის ტაძარი გვევლინება. ამ შემთხვევაში ეკლესია მიკროსამყაროა, უფლის სიბრძნის, „სოფიის“ დამტევი, ადგილი, სადაც უდიდესი მადლი დავანებულა.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ გულაბერიძის შემოქმედებაში სვეტი ცხოველი, უფლის კვართი და სვეტიცხოვლის ტაძარი გააზრებულია როგორც სამების გამოხატულება, რაც, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია სვეტი ცხოველის მანამდე არსებული პარადიგმების გასააზრებლად  და მას შემდეგაც.

ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებები შეიძლება ითქვას, ის წყაროა, საიდანაც „სუეტის“ სახე ახლებურად გაცოცხლდა და გარდაისახა მის შემდეგდროინდელ მწერლობაში, განსაკუთრებით კი საერო ლიტერატურაში. სვეტი ცხოველის საკითხავი და საგალობელი იქცა შემაკავშირებელ რგოლად სასულიერო და საერო მწერლობას შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“