ეს სტატია მოგვითხრობს ალისას, ექვსი წლის გოგოს ისტორიას, რომელიც წითელათი დაავადდა. ტექსტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაანახოს, რომ წითელა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე უბრალო გამონაყარი ან სიცხე. ის ხსნის სამეცნიერო კონცეფციას, რომელსაც „იმუნური ამნეზია“ ეწოდება და მარტივი ენით აღწერს, თუ როგორ ასუსტებს წითელას ვირუსი იმუნურ სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოცემული მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც იმუნური სისტემის მუშაობის, ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობის განხილვისას. კითხვები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ტექსტი, ამოიცნონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გაიაზრონ, თუ რატომ არის ვაქცინაცია არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი. ეს ისტორია ემოციურად დატვირთულია, რაც თემას უფრო ახლოს მოუტანს მათ და გაუადვილებს ინფორმაციის დამახსოვრებას.
მოცემული სტატია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და Our World in Data-ს მონაცემებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ეხება წითელას და მისი ვაქცინაციის მნიშვნელობას.
საკითხავი მასალა
,,ალისა ექვსი წლის, სიცოცხლით სავსე, ენერგიული გოგო იყო, რომელსაც უყვარდა ხეებზე სიარული, დასდევდა პეპლებს, ოთახის კედლებზე ხატავდა ცისარტყელებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, არასდროს გაუცდენია სკოლა. მის მშობლებს გაციება და სურდო ძალიან მსუბუქ მდგომარეობად მიაჩნდათ.
თუმცა, ერთ ზაფხულს ალისას დაეწყო მაღალი სიცხეები, გახშირებული ხველა, თვალები დაუწითლდა, დაღლილობის შეგრძნება არ შორდებოდა. კანზე წითელი გამონაყარი გაუჩნდა და სახიდან მთელ სხეულზე გადავიდა. ექიმმა ერთი შეხედვით, თქვა: ეს წითელაა.
მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან არ გაუკეთეს ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა. მათ ინტერნეტში წაიკითხეს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის. ისინი არ ელოდნენ გართულებას, წითელა ხომ იშვიათი დაავადებააო, ფიქრობდნენ.
იმუნური პასუხი
თანდათან სიცხემ იმატა, გამონაყარი მთელ ტანზე გავრცელდა. იმუნური სისტემაც მოქმედებაში მოვიდა. ლეიკოციტები გააქტიურდნენ, დაიწყო ციტოკინების გამომუშავება. ციტოკინებმა კი ვირუსის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავების სიგნალი ჩართეს. ისინი განგაშის ზარივით მოქმედებდნენ. ციტოკინები ცილებია, რომლებიც ანტისხეულებს ,,მიუთითებენ“ სად წავიდნენ. მაგრამ წითელა არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, განსხვავებული საიდუმლო იარაღი აქვს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ წითელას ვირუსი პირდაპირ იმუნურ უჯრედებს უტევს. აინფიცირებს და ანადგურებს T და B ლიმფოციტებს, მეხსიერების უჯრედებს, რომლებსაც ,,დამახსოვრებული“ აქვთ ის პათოგენები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილა. უკვე იციან როგორ ებრძოლონ იმ დაავადების გამომწვევებს, რომელიც ალისას უკვე გადატანილი ჰქონდა. მის იმუნურ უჯრედებს დამახსოვრებული ჰქონდათ გაციების, გრიპის, სტრეპტოკოკული ინფექციის გამომწვევები, თუმცა ყველაფერი თანდათან მეხსიერებიდან იშლებოდა. ასეთ მდგომარეობას ექიმები და მეცნიერები იმუნურ ამნეზიას უწოდებენ. წითელას ვირუსი ,,აჭერს“ გადატვირთვის ღილაკს, შლის წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და ასუსტებს იმუნურ სისტემას. კვლევებით დადასტურებულია, რომ წოთელას ვირუსს შეუძლია წაშალოს იმუნური მეხსიერების 20%-დან 70%-მდე. მის აღდგენას კი თვეები და შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს.
ალისას ჰოსპიტალიზაცია ენცეფალიტის გამო
მაშინ, როცა გამონაყარი შემცირდა და ტემპერატურამაც კლება დაიწყო, ალისას მშობლებმა საგანგაშო სიმპტომები შენიშნეს. გოგო ვეღარ დადიოდა, ფეხები ეკვეთებოდა, მეტყველებაც უჭირდა, თვალების მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდა. სასწრაფოდ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა უსწრაფესად დასვეს დიაგნოზი. ალისას წითელასთან ასოცირებული ენცეფალიტი განუვითარდა. წითელას ვირუსმა ტვინის ანთება გამოიწვია. ყოველ 1000 დაავადებულზე ეს მხოლოდ ერთ პაციენტს უვითარდება. ენცეფალიტს შეუძლია გამოიწვიოს გულყრა, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი. ალისამ რამდენიმე დღე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაატარა. ტვინის შეშუპების შესამცირებლად გადასხმებს უკეთებდნენ. 24 საათი მუდმივი კონტროლის ქვეშ გაატარა. მშობლებს აღარ ეგონათ რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა.
გრძელვადიანი ეფექტი
ალისა გადარჩა, თუმცა დაავადებამ კვალი დატოვა როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდგომარეობაზე. გოგოს რამდენიმე კვირა სიტყვების დამახსოვრებისა და ყურადღების კონცენტრირების პრობლემა ჰქონდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ნერვოლოგიური პრობლემები შეიძლება კვირებისა და თვეების განმავლობაში დარჩენილიყო, ან დროთა განმავლობაში თავიდან გამოვლენილიყო.
ალისას დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე სტრეპტოკოკული ინფექცია, ანგინა ორჯერ დაემართა, ასევე გაურთულდა ყურის ინფექცია, რასაც დროებით სმენის დაქვეითება მოჰყვა. ორგანიზმი იმ დაავადებების გამომწვევებსაც ვეღარ უმკლავდებოდა, რომლების დამარცხებასაც წითელამდე ძალიან მარტივად ახერხებდა. ალისა შეწუხდა გამუდმებით ექიმებთან სიარულით. სკოლაც ხშირად უცდებოდა და სწავლასაც ჩამორჩა. სრული ორი წელი დასჭირდა იმუნური სისტემის საბოლოოდ განახლებას.
პრევენცია და ვაქცინაცია
ალისას ამბავი შესაძლება სრულიად სხვანაირად განვითარებულიყო, აცრილი რომ ყოფილიყო. ვაქცინა სამკომპონენტიანია, ის იმუნიტეტს აყალიბებს წითელას, წითურასა და ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. ვაქცინა გამოცდილია და 95%-ით ეფექტური. რაც მთავარია ის თავიდან გვაცილებს როგორც წითელას მწვავე სიმპტომებს, ასევე მის იმუნური სისტემის ხანგრძლივ დაზიანებას.
წითელა ძალიან გადამდებია. ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია სხვები დააინფიციროს სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღით ადრე და ასევე ოთხი დღის შემდეგ. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ჰაერსა და ზედაპირებზე რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.
რადგან დაავადება ასე სწრაფად ვრცელდება, ვაქცინაციის მაჩვენებლის მცირე ვარდნასაც კი ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია. რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვილებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.
ალისა აცრილი რომ ყოფილიყო, არც ასე მწვავედ გამოუვლინდებოდა სიმპტომები და არც იმუნური ანამნეზი ჩამოუყალიბდებოდა. ამის შემდეგ ალისას მშობლები ყველგან ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ცდილობდნენ ადამიანები დაერწმუნებინათ, აეცრათ შვილები რომ მათ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილიყვნენ. მიაჩნდათ, რომ მათ ისტორიას სხვა ბავშვების გადარჩენა შეეძლო.
ალისას ამბიდან შეიძლება დავასკვნათ: ,,ერთ ჩხვლეტას ჩვენი გადარჩენა შეუძლია“.
კითხვები:
- ჩამოთვალე ალისას პირველი სიმპტომები;
- რამ გამოიწვია მშობლების განსაკუთრებული შეშფოთება?
- როგორ პასუხობს იმუნური სისტემა წითელას ვირუსს?
- რა როლს ასრულებენ ორგანიზმში T და B ლიმფოციტები? მეხსიერების უჯრედები?
- რას ნიშნავს იმუნური ამნეზია?
- რატომ არის წითელა გაცილებით საშიში, ვიდრე ზედაპირულად ჩანს?
- ალისას რომელი სიმპტომები მიანიშნედა მდგომარეობის სირთულეზე?
- რა არის ენცეფალიტი?
- რა შეიძლება გამოიწვიოს წითელას ვირუსმა?
- რა კავშირია წითელას ვირუსსა და ალისას გახშირებულ ინფექციებს შორის?
- რომელი დაავადებების წინააღმდეგ მოქმედებს ზემოთ ნახსენები სამკომპონენტიანი ვაქცინა? რამდენად ეფექტურია ის?
- გარდა წითელას განვითარების პრევენციისა, რა მნიშვნელობა აქვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას?
- რატომ საუბრობდნენ ალისას მშობლები ვაქცინის მნიშვნელობაზე?
ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით უპასუხე კითხვებს:
ა) რას უდრის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1919 წელს?
ბ) რამ გამოიწვია სიკვდილიანობის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი?
გ) რომელ წელს გახდა ვაქცინა ხელმისაწვდომი?
დ) რა გავლენას ახდენს კვება დაავადების განვითარებაზე?
დავალება
- აღწერე დაავადების საწყისი სიმპტომები და მათი განვითარება;
- ახსენი როგორ პასუხობს იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს;
- განმარტე ,,იმუნური ამნეზია“ და იმსჯელე, რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე;
- შეაფასე ვაქვინის მნიშვნელობა დაავადების პრევენციისა და გართულებების კუთხით;
- დაფიქრდი, რას გვასწავლის ალისას ისტორია საზოგადოებრივი ჯამრთელობის მიმართულებით.
დავალების შეფასების რუბრიკა – რუბრიკა ძალიან ზოგადია, კლასის საჭიროებების შესაბამისად შეიძლება მოდიფიცირება.
კრიტერიუმი | 4 ქულა (სრულად აკმაყოფილებს) | 3 ქულა (უმეტესად აკმაყოფილებს | 2 ქულა (ნაწილობრივ აკმაყოფილებს) | 1 ქულა (არ აკმაყოფილებს |
შინაარსის სიზუსტე და სისრულე | პასუხები არის ზუსტი, ამომწურავი და მოიცავს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მოსწავლეს სრულად აქვს გააზრებული ტექსტის ძირითადი ცნებები (იმუნური ამნეზია, ვაქცინის მნიშვნელობა) | პასუხები ძირითადად ზუსტია, მაგრამ შეიძლება აკლდეს დეტალები ან იყოს არასრულყოფილი. მოსწავლეს გააზრებული აქვს ძირითადი ცნებების უმეტესობა | პასუხები შეიცავს უზუსტობებს ან არის ზედაპირული. მოსწავლეს უჭირს ძირითადი ცნებების გაგება. | პასუხები არაზუსტია ან საერთოდ არ შეესაბამება მოცემულ თემას. მოსწავლეს არ ესმის ძირითადი ცნებები. |
ანალიტიკური აზროვნება | მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სრულად იდენტიფიცირება. მოცემული დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შეუძლია დასკვნების ჩამოყალიბება და კავშირების დანახვა სხვადასხვა მონაცემებს შორის | მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირება, მაგრამ უჭირს მათი სრულყოფილი დასაბუთება. დიაგრამის ანალიზი ზედაპირულია | მოსწავლეს უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. დიაგრამის ანალიზი მწირია ან შეიცავს შეცდომებს | მოსწავლეს არ შეუძლია რაიმე სახის ანალიზის განხორციელება |
პასუხების ჩამოყალიბება | პასუხები არის მკაფიოდ, ლაკონურად და სწორად ჩამოყალიბებული. წინადადებები აგებულია გამართულად და არ შეიცავს შეცდომებს. | პასუხები ძირითადად გასაგებია, თუმცა შეიძლება მოიცავდეს სტილისტურ ხარვეზებს ან უმნიშვნელო შეცდომებს. | პასუხები დაწერილია მარტივი ენით, თუმცა ბუნდოვანია. | პასუხები გაუგებარია, არალოგიკური და შეცდომებს მოიცავს. |
პასუხების რაოდენობა და სიზუსტე | ყველა შეკითხვაზე გაცემულია ზუსტი და სრული პასუხი, რომელიც მოითხოვს ტექსტისა და დიაგრამის საფუძვლიან გააზრებას. | პასუხები გაცემულია შეკითხვების უმეტესობაზე, მაგრამ შეიძლება აკლდეს სიზუსტე ან სისრულე ერთ ან ორ კითხვაზე | პასუხები გაცემულია შეკითხვების ნახევარზე, ან პასუხები არ არის სრული. | გაცემულია პასუხები კითხვების მცირე ნაწილზე |
წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/28/case-study-measles-immunity-and-vaccines/