პოლიტიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები – დამხმარე სავარჯიშო პრობლემის სწორად ჩამოყალიბებისთვის.
(მეორე ნაწილი)
„მჯერა, რომ თითოეულ ლიდერს აქვს უფლება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა. მაგრამ როდესაც ვხედავ ისეთ საქმეებს, რომლებიც სწორად არ კეთდება — ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, არასწორი მიდგომები, მცდარი სტრატეგიები, უცხოელი კონსულტანტების გამოყენება (მათ შორის იმათი, რომლებიც სხვა ქვეყნებმა უკვე უარყვეს) — ვფიქრობ, რომ ჩემი სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა.“
- მაჰათირ მოჰამადი, მალაიზიის
პრემიერ-მინისტრი 1981–2003 და 2018–2020 წლებში.
ავტორი: ლევან ალფაიძე
გთავაზობთ პრობლემების შესწავლის რამდენიმე სტრატეგიას და ამ პროცესის მთავარ შემადგენელ ნაწილს – პრობლემის განსაზღვრის, მისი შინაარსის აღქმის და პრობლემის ჩამოყალიბების რამდენიმე სასარგებლო წესს:
- შეეცადეთ პრობლემის პერეფრაზირებას, ანუ მისი სხვა სიტყვებით წარმოდგენას (Re-phrase the problem, ინგლ.). როდესაც „ტოიოტას“ დირექტორმა, ეიძი ტოიოდამ (Eiji Toyoda) თანამშრომლებს სთხოვა მიეწოდებინათ მისთვის მოსაზრებები „მათი სამუშაოს პროდუქტიულობის გაზრდის შესახებ“, თანამშრომლები დადუმდნენ. როდესაც დირექტორმა მოთხოვნის პერეფრაზირება მოახდინა და მოითხოვა მოსაზრებები „მათი სამუშაო მოვალეობების გაადვილების გზების შესახებ“, თანამშრომლებმა მას უამრავი მოსაზრება „დააყარეს“ თავს. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ და ისინი მთავარ როლს თამაშობენ შინაარსის აღქმაში. „პროდუქტიულობის გაზრდა“, თავისი ელფერით იმ მსხვერპლს წააგავს, რომელიც ადამიანმა კომპანიისთვის უნდა გაიღოს. „სამუშაოს გაადვილება“ კი უფრო იმას ნიშნავს (ადმიანებისთვის) რომ მოსამსახურე თავის საქმიანობს აადვილებს და ამითი კომპანიასაც ეხმარება. ბოლოში, პრობლემა იგივეა, მაგრამ პრობლემის შინაარსისადმი დამოკიდებულება შეცვლილია, ადამიანი უფრო ადვილად გაიაზრებს დასმულ საკითხს.
ითამაშეთ პრობლემის განსაზღვრებსთან – შეცვალეთ იგი რამდენიმეჯერ. გამოიყენეთ სხვადასხვა სიტყვები, ზმნები, შეფასებები. შეცვალეთ გამოყენებული სიტყვები მათი შემცვლელებით ან სინონიმებით.
„გაყიდვების გაზრდა?“ – სცადეთ სხვა სიტყვები: „მოზიდვა“, „განვითარება“, „გაფართოება“ და ნახავთ თუ როგორ იცვლება თქვენს მიერ პრობლემის აღქმა. მდიდარ ლექსიკონს დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრისას. გამოიყენებთ სხვადასხვა ლექსიკონები, სინონიმების ან შემცვლელი სიტყვების მოსაძებნად.
- კრიტიკულად გაიაზრეთ პრობლემასთან დაკავშირებული მოსაზრებები და ვარაუდები – ნებისმიერი პრობლემა, მიუხედავად მისი შინაარსისა, უამრავ დაშვებასა და ვარაუდს ეფუძნება. მათგან ბევრი შესაძლოა არასწორი, არაზუსტი ან მცდარიც კი იყოს. მათ „გამოსავლენად“ დაჯექით და ჩამოწერეთ ის მოსაზრებები და ვარაუდები, რომლებიც პრობლემას უკავშირდება. „გამოააშკარავეთ“ ის საფუძველი, ის სამყარო, რომელიც ამ პრობლემის გარშემო არსებობს. განსაკუთრებით კი ის მოსაზრებები თუ „აზრები“, რომლებიც საყოველთაოდაა მიღებული და „ხელშეუხებლად“ ითვლებიან. ეს დაგეხმარებათ უფრო კრიტიკულად და ნათლად დაინახოთ პრობლემის გარშემო არსებული მოსაზრებები და რწმენები. ამ დროს მოგიწევთ ფილოსოფოსივით იფიქროთ და საკუთარ თავს შეკითხვები „რა?“ და „რატომ?“ დაუსვათ. შეაფასეთ კრიტიკულად თითოეული ვარაუდი თუ მოსაზრება მოცემულ პრობლემაზე და გამოსცადეთ თითოეული მათგანი „ვარგისიანობაზე“. შესაძლოა ამ პროცესმა გიჩვენოთ რომ ბევრი მოსაზრება სუსტია და არ გულისხმობს ზუსტ მოსაზრებებს თუ საფუძველს. მაგალითად, თუ სარესტორნო ბიზნესზე ვისაუბრებთ, ყველა თანხმდება რომ რესტორნებს მენიუ აქვთ. შეეცადეთ იფიქროთ ისეთ ვერსიაზე, როდესაც თქვენს რესტორანში მენიუს არსებობას აუცილებლად არ ჩათვლით და კლიენტი თვითონ შესთავაზებს შეფ-მზარეულს სასურველი კერძის მომზადებას.
- არ შემოიფარგლოთ საკუთარი წარმოდგენებით და სქემებით. გაიხსენეთ თქვენი მასწავლებლები ან მშობლები და შეეცადეთ წარმოიდგინოთ თუ როგორ შეეცდებოდნენ ისინი ამ პრობლემის მოგვარებას ან მის განსაზღვრას. ასევე, წარმოიდგინეთ თუ რას გირჩევდნენ ისინი, თუ პრობლემის შესახებ მათ ჰკითხავდით და ბოლოს, გამოიყენეთ ეს წარმოდგენები და შეადგინეთ პრობლემის განსაზღვრების თქვენი ვერსია.
- შეეცადეთ „დაშალოთ“ პრობლემა შემადგენელ ნაწილებად: ნებისმიერი პრობლემური საკითხი თუ მოვლენა, რომელიმე უფრო დიდი პრობლემის ნაწილია! სიტყვების და მათი ცვლილების მსგავსად, შესაძლებელია თქვენი პრობლემა წარმოიდგინოთ სხვადასხვა „სიმაღლეზე“ და იექრარქიულ დონეებზე. პრობლემის ვიწრო კუთხით დანახვის ასაცილებლად, დაუსვით თავს შეკითხვა: „რისი ნაწილია ეს ჩემი პრობლემა?“, „რისი მაგალითია იგი?“, ან რა „განზრახვები დგას ამ პრობლემის უკან?“.
კარგ სტრატეგიად ითვლება, თუ პრობლემის განსაზღვრაში სიტყვების ანალიზისას, არსებული სიტყვების ნაცვლად უფრო ფართო კარტეგორიებს გამოიყენებთ, მაგალითად, „მსუბუქი მანქანის“ ნაცვლად, თუ ჩასვავთ „ავტომობილს“ (რომელიც სხვა სახის მანქანებსაც გულისხმობს).
ასევე კარგია თუ დაუფიქრდებით შემდეგს: ეს პრობლემა, რომელსაც ვიკვლევ, რომელიმე უფრო დიდი და ღრმა პრობლემის ნაწილი ხომ არ არის? მაგალითად, „დენის ან გაზის მაღალი გადასახადი“ პრობლემაა ყველასთვის, და მისი შესწავლისას აზრი აქვს ან ელექტროდანდგარების ხარჯის ან გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის შემოწმებას. თუმცა, შესაძლებელია ისიც რომ ხალხი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, ან იყოფთ საცხოვრებელ ფართს, დაუდევრად ხარჯავენ დენს ან გაზს და არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას. რადგან გადასახადს თქვენ იხდით, მათი ქცევა, ხარჯვისადმი, დაუდევარია და ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად არაეკონომიურად ფლანგავენ ელექტრობას, სითბოსა და თქვენს ფულს.
სასარგებლოა პრობლემის გააზრება მისი შემადგენელი ნაწილების პერსპექტივიდანაც – პრობლემის შემადგენელი პრობლემებიც შეიძლება „დაიშალოს“ უფრო მცირე პრობლემებად: თითოეული მათგანის (რომელიც ‘მთავარ’ პრობლემაზე უფრო მცირეა თავისი მასშტაბით) სპეციფიურობამ, შესაძლოა ‘დიდ’ პრობლემის უფრო ნათელი სურათი მოგცეთ. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, დიდი მასშტაბის პრობლემების ანალიზისას.
- სხვა კუთხით და პერსპექტივით შეხედეთ პრობლემას: პრობლემის გადაწყვეტის და გამოსავლის პოვნის ნაცვლად, შეეცადეთ შეხედოთ პრობლემას სხვა კუთხიდან. მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესს სურს ‘გაყიდვების გაზრდა’, შეხედეთ ამ ამოცანას კლიენტის მხრიდან. ეს დაგეხმარებათ დახვეწოთ თქვენი პროდუქტი და უფრო მოარგოთ იგი კლიენტის მოთხოვნებს, გაზარდოთ მისი ფასი, გაზარდოთ პროდუქტის მიმზიდველობა; გადაწერეთ თქვენი პრობლემის განსაზღვრება ბევრჯერ და ყოველ ჯერზე შეხედეთ მას სხვისი თვალით: როგორ ხედავს ამ პრობლემას თქვენი კონკურენტი (ოპონენტი)? თქვენი თანამშრომლები? თქვენი მშობლები? ასევე, წარმოიდგინეთ თუ როგორ დაინახავენ ამ პრობლემას სხვა ადამიანები, სხვა როლებში: როგორ ჩამოაყალიბებს მას პოლიტიკოსი? უნივერსიტეტის პროფესორი? მღვდელი? შეეცადეთ ამ გზით, დაინახოთ ის განსხვავებები და მსგავსებები, რომლებითაც პრობლემას მიუდგებიან/დაინახავენ სხვა როლებში მყოფი ადამიანები.
ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ ეფექტური ენობრივი კონსტრუქციები: არ არსებობს ‘ყველათვის-მისაღები-პრობლემის-ფორმულირების-წესი’. მაგრამ არსებობენ სხვადასხვა ტიპის ეფექტური ენობრივი კონსტრუქციები, რომლებიც პრობლემის ფორმულირებას უფრო ეფექტურს გახდიან. პრობლემის გადაწყვეტისთვის უამრავი გზა არსებობს, შესაბამისად, ჯობია თქვათ: „ის გზები, რომლებიც შემიძლია შემოგთავაზოთ პრობლემის გადასაწყვეტად…“, ვიდრე „მე ამ პრობლემის გადაწყვეტა შემიძლია შემდეგნაირად ….“ – ეს მიანიშნებს რომ არსებობს გადაწყვეტის მრავალი გზა და არა ერთი, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ.
ეცადეთ ფორმულირება პოზიტიური იყოს: უარყოფის შემცველ (ნეგატიური ტიპის) წინადადებებს უფრო მეტი მენტალური და აღქმითი ენერგია ჭირდება. მაგალითად: „მოწევისთვის თავის დანებების“ გზების ძიებას, ჯობია შევთავაზოთ გზები ‘ჯანმრთელობის გაუმჯობესების’, ‘ენერგიის ზრდის“ ან „უფრო დიდხანს ცხოვრებისათვის“ და სხვა უფრო დადებითი კონსტრუქციების გამოყენება.
ჩამოაყალიბეთ პრობლემის განსაზღვრება კითხვის სახით. ადამიანის ტვინს უყვარს შეკითხვები. თუ კითხვა სწორად, ძლიერად და ნათლად არის დასმული, ტვინი ყველაფერს გააკეთებს პასუხის მოსაძებნად. იგი ამ საკითხზე გააგრძელებს ფიქრს ჩვენგან დამოუკიდებლადაც, რადგან ჩვენი ტვინი უბრალოდ, ასე მოქმედებს. თუ შეყოვნდებით და არაფერი გაფიქრდებათ, სცადეთ გამოიყენოთ შემდეგი ფორმულა: „რა გზებით/როგორ (ქმედებები) შეიძლება შევფუთო ჩემი წიგნი (ობიექტი) უფრო მიმზიდველად ( განმსაზღვრელი), რათა იგი უფრო მეტმა ადამიანმა შეიძინოს (შედეგი)?
შეეცადეთ პრობლემის ფორმულირება მსმენელისთვის (მკითხველისთვის) დამაინტრიგებელი, საინტერესო იყოს. მაგალითად: „გაყიდვების გაზრდის“ (მოსაწყენი ფორმულა) ნაცვლად, გამოიყენეთ რაიმე „განაცვიფროს / აღაფრთოვანოს მყიდველი“-ს მსგავსი კონსტრუქცია.
შეხედეთ პრობლემას თავდაყირა/უკუღმა: კიდევ ერთი გამოცდილი სავარჯიშო, რომელიც პრობლემების ფორმულირებისას შეიძლება დაგეხმაროთ, არის პრობლემის თავდაყირა დაყენება. კერძოდ, წარმოვიდგინოთ ის თუ რა წაგვაგებინებს და შეუძლებელს გახდის პრობლემის გადაწყვეტას, თუ მისი მოგვარება გვსურს. მაგალითად, თუ გვსურს „გაყიდვების გაზრდა“, წარმოიდგინეთ რა შეამცირებს გაყიდვებს აუცილებლად და რა ქმედება შეაჩერებს გაყიდვებს? პასუხებმა, შესაძლოა იმ გზებისკენ მიგითითოთ, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხისას გამოჩნდება. შემდეგ, თქვენ მათ კვლავ წაღმა წარმოიდგენთ და შესაძლოა ახალ, სწორ პასუხამდე / ფორმულირებამდე მიხვიდეთ.
ველზე წასვლა: კვლევისა და გამოძიების მისიის აღსრულება; აუცილებელია პრობლემის მიზეზებისა და მის გარშემო არსებული გარემოებების გამოკვლევა. გამოიძიეთ მისი წარმოშობისა და გამოწვევის მიზეზები. ჰკითხეთ ექსპერტებს, ადამიანებს, სფეროს სპეციალისტებს.
დაუსვით თავს კითხვები პრობლემის შესახებ. რა არ იცით პრობლემის შესახებ? როდის არ არსებობდა ეს პრობლემა? როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის საზღვრები? იყავით ცნობისმოყვარე პრობლემის ყველა ასპექტის მიმართ. დასვით შეკითხვები და შეაგროვეთ ფაქტები. სწორად დასმული შეკითხვა და ფორმულირებული პრობლემა, საქმის ნახევარია. სწორად დანახული პრობლემა, თითქოს აღარც არის პრობლემა!
მაგალითები, პრობლემის განსაზღვრების წერისას:
– პრობლემის ჩამოყალიბებისას, იგი მხოლოდ ერთ პრობლემას უნდა აღწერდეს კონკრეტულად.
– პრობლემის ფორმულირება არ უნდა იყოს ერთ, ან ორ წინადადებაზე მეტი.
– პრობლემის განაცხადი არ უნდა შეიცავდეს გადაწყვეტის გზებს.
არ თქვათ: „უსახლკარო ოჯახებისთვის ცოტა თავშესაფრებია ხელმისაწვდომი“ – ეს ფორმულა მოიცავს პასუხს რომ „მეტი თავშესაფარი“ პრობლემას გააქრობს და მოაგვარებს. აჯობებს ითქვას ამგვარად: „ჩვენ ძალიან ბევრი უსახლკარო ოჯახი გვყავს“.
პრობლემის სწორად ჩამოყალიბებული განსაზღვრა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- განსაზღვრავს და მოიცავს მხოლოდ ერთ პრობლემას.
2) არ „ადანაშაულებს“ ვინმეს ან რამეს პრობლემის ჩამოყალიბებაში (მაგ. “ახალგაზრდებს, ჩვენს სამეზობლოში არ აქვს საკმარისი დადებითი აქტივობები“ ან „ახალგაზრდებს საქმე არაფერი აქვთ და სიტუაციას ურევენ“).
3) არ შეიცავს განსსაზღვრულ გადაწყვეტილებებს (მაგ. პრობლემა არ არის „ჩვენ არ გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი“; პრობლემა შეიძლება იყოს „ახალგაზრდები შარში ეხვევიან სკოლის შემდგომ საათებში“ , რომლის გადასაწყვეტადაც ახალგაზრდული ცენტრი შესაძლოა გენერალური პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ელემენტი იყოს).
4) დაახასიათეთ პრობლემა ქცევითა და იმ გარემოებებით, რომლებიც მასზე ახდენენ გავლენას (მაგ. პრობლემის კარგი განსაზღვრება პრობლემურ სიტუაციას ახასიათებს და აღწერს პრობლემურ, გაუგებარ ან ცუდ ქცევას, რომელიც პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს (მაგ. „ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყენებს მეტამფიტამინებს/ნარკოტიკული ნივთიერებას/ალკოჰოლს და სხვა“).
5) საკმარისად კონკრეტულია რომ გაზომვადი გახდეს (დახასიათებულ იქნას რაოდენობრივად).
6) ასახავს თემის/საზოგადოების/ჯგუფის დამოკიდებულებას საკითხისადმი, რომელიც გამოვლინდა შეფასების/კვლევის პროცესის დროს. როგორც პოლიტიკის ანალიზის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, აარონ ვილდავსკი (Wildavsky, Aaron) აყალიბებს, „პოლიტიკის ანალიზი, წინასწარმეტყველური ხასიათისაა. იგი სვამს შეკითხვას: რა მოხდება თუ პოლიტიკის შერჩეული კურსი განხორციელდება? მოგვცემს შემოთავაზებული კურსი იმ შედეგებს, რომელთა მიღებაც გვსურს? რა ეღირება ამის განხორციელება? რა მოულოდნელობებს შეიძლება ველოდოთ შერჩეული კურსის განხორციელებისას?[1]
- პოლიტიკის ანალიტიკოსი ცდილობს ჩამოაყალიბოს ის შესაძლებლობები, რომლებიც, თუ გაზიარებულ იქნენ, შეარბილებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები ეჯახებიან ყოველდღიურად.
- „როგორც ასეთი, პოლიტიკის ანალიზი, სადღაც, იდეალურ/წმინდა დაგეგმვასა (აპოლიტიკური, სინოპტიკური რაციონალურობა წარმართავს პროცესს) და უხეშ პოლიტიკას შორის (სადაც ძალაუფლების მფლობელთა პრეფერენციები კარნახობენ პოლიტიკურ კურსსა და ქმედებებს) მოიაზრება“[2].
- პროფესორი აარონ ვილდავსკი, თავის კლასიკურ წიგნში, Speaking Truth to Power: The Art and Craft of Policy Analysis („სიმართლის თქმა ხელისუფლებისათვის: პოლიტიკის ანალიზის ხელოვნება და ხელობა“) ამბობს:
“ თუ ანალიზი, წმინდა ინტელექტუალური საქმიანობა იქნებოდა, მაშინ ანალიტიკოსები ყველაფერი იქნებოდნენ. ხოლო თუ ანალიზს, წმინდა ინტერაქტიული საქმედ წარმოვიდგენთ, მაშინ ანალიტიკოსები არაფერი იქნებოდნენ. ასეთ დროს გამოდის რომ უნდა ავირჩიოთ შემდეგი: ან გონება, მატერიის გარეშე, ან ძალა, წინდახედულობის გარეშე. არა ეს ასე არ არის – ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ჰიბრიდი, რომელსაც ერქმევა პოლიტიკის ანალიზი, რომელიც იყენებს ინტელექტს, რომელიც უფრო წარმართავს სოციალურ ურთიერთქმედებებს, ვიდრე ჩაანაცვლებს მათ“ (Wildavsky 1989, 124).
(დასასრული)
[1] Wildavsky, Aaron. Speaking Truth to Power: The Art and Craft of Policy Analysis. New York:
Little, Brown 1989
[2] წყარო: Patashnik, E., & Peck, J. (2014). Can Congress do policy analysis? The politics of problem solving on Capitol Hill. SSRN Electronic Journal. ბმული: https://doi.org/10.2139/ssrn.2489643