ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025
22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

როგორ გავიაზროთ და შევისწავლოთ პრობლემა სწორად? (პირველი ნაწილი)

პოლიტიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები – დამხმარე სავარჯიშო პრობლემის სწორად ჩამოყალიბებისთვის[1]

(პირველი ნაწილი)

ყველასთვის ცნობილია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პრობლემის გადაჭრისათვის მის სწორად ჩამოყალიბებას. თუ რომელიმე პრობლემურ საკითხს არასწორად დავინახავთ, დავსვამთ და წარმოვიდგენთ, დიდი ალბათობით, მისი გადაჭრაც არასწორი იქნება. ცალკე საკითხი და პრობლემაა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არასწორად გადაჭრილ პრობლემას – იგი შეიძლება პირველად პრობლემაზე ათასჯერ მეტი სიმძიმით დაუბრუნდეს „გადამჭრელს“ უკან!

დიდ ალბერტ აინშტაინს უთქვამს, რომ თუ მას მხოლოდ ერთი საათი ექნებოდა სამყაროს გადასარჩენად, იგი ორმოცდათხუთმეტ წუთს პრობლემის განსაზღვრას დაუთმობდა და დარჩენილ ხუთს – გადაწყვეტილების მიღებას.

აინშტაინის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ „არ ვეცეთ“ პრობლემის გადაწყვეტას! აუცილებელია, წარმოსახვით უკან დავიხიოთ და გარკვეული დრო და ძალისხმევა პრობლემის შესწავლას, მისი არსის გარკვევას და გააზრებას მოვანდომოთ.

პრობლემის სწორად ჩამოყალიბება აუცილებელია იმისთვის რომ „მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები იმ მიზნებისთვის, რომელთა მიღწევა აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად (ან შესარბილებლად), იმ საშუალებებით, რომლებიც შეიძლება იქნეს არჩეული“  (Schon,1983, p.40).

ნიუ-იორკის მასშტაბით ცნობილი და როგორც ადრე ვთქვით, „ვიწრო ინტელექტუალურ წრეებში“ ძალიან სახელგანთქმული უნივერსიტეტი, „ნიუ სქულის“ (ინგლ. The New School) სარეკლამო ბანერები, რომლებიც ნიუ-იორკის მეტროს ყველა ვაგონში იყო გაკრული 2003-2004 წწ. ამბობდნენ შემდეგს: „We may not be able to answer all your questions, but we’ll teach you how to ask the right questions” – ქართულად: “ჩვენ შეიძლება ვერ ვუპასუხოთ თქვენს ყველა კითხვას, მაგრამ ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა დასვათ სწორი შეკითხვები”). როოგორც ხედავთ, პრობლემის ანალიზთან მიმართებაში, ეს მიდგომა, „სწორად დასმული შეკითხვები“, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და შესაძლოა, სწორედ ის იყოს პრობლემებისადმი გააზრებული მიდგომის ყველაზე ეფექტური გზა.

პრობლემის გააზრებისა და სწორად ჩამოყალიბებისათვის გთავაზობთ მცირე ინტელექტუალურ სავარჯიშოს ერთი ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც პრობლემის სწორად დასმისა და გადაწყვეტის კარგ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ.

ყველასთვის კარგად ცნობილ ამერიკულ ქალაქ ნიუ-იორკში, რომელსაც „დიდ ვაშლსაც“ (Big apple) უწოდებენ, მდებარეობს ნიუ-იორკის მასშტაბით ცნობილი და ვიტყოდი, „ვიწრო ინტელექტუალურ წრეებში“ ძალიან სახელგანთქმული უნივერსიტეტი, „ნიუ სქული“ (ინგლ. The New School).

ეს უნივერსიტეტი 1919 წელს დაარსეს ამერიკელმა ინტელექტუალებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციასთან „ინტელექტუალური თავისუფლების შეზღუდვაზე“ კამათის გამო (ნიუ-სქულის დამაარსებლები იყვნენ ისტორიკოსი Charles Beard-ი, ფილოსოფოსი  John Dewey, ისტორიკოსი James Harvey Robinson-ი, ეკონომისტი და სოციოლოგი Thorstein Veblen, და ეკონომისტი და განათლების ორგანიზატორი, ნიუ-სქულის სოციალური კვლევების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი, Alvin Johnson-ი.

1930-იან წლებში, ნიუ-სქულის სოციალური მეცნიერებების სკოლას ახალი სიცოცხლე და ძალა შთაბერეს აშშ-ში ჰიტლერის რეჟიმისგან გამოქცეულმა და იმიგრირებულმა ებრაელმა ინტელექტუალებმა, რომლებიც შეუერთდნენ ნიუ-სქულს (მათ შორის ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, ჰანა არენდტი, ერიხ ფრომი, ლეო შტრაუსი და ჰანს იონასი) და თავიანთ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შექმნეს ე.წ. „უნივერსიტეტი დევნილობაში“. ამ ადამიანების გაერთიანებამ ნიუ-სქულს მაშინვე გაუთქვა სახელი და უნივერსიტეტს, ამერიკელებისთვის უცნაური ფუნქცია, მოზრდილთა „განგრძობითი განათლების“ (ინგლ. Adult continuing education) სკოლის შინაარსი შესძინა – უნივერსიტეტს ახალი „სამომხმარებლო“ ბაზა გაუჩნდა: მომუშავე, ოცდაათწელს გადაცილებული სტუდენტები, რომლებიც საღამოობით ესწრებოდნენ ლექციებს!

სხვა სიტყვებით, ეს გახლდათ უნივერსიტეტი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ იწყებდნენ სწავლას საბაკალავრო საფეხურზე, არამედ, სკოლა მოზრდილებისთვისაც, ან როგორც დღეს იტყვიან, გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვის, რომლებიც გადაწყვეტდნენ გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა ბიზნესის ან სოციალური მეცნიერებების სფეროებში, ან უბრალოდ, გაგრძელებინათ სწავლა და ახალი ცოდნის შეძენა.

ზოგადად, ამერიკული და ამერიკაში მდებარე უნივერსიტეტის გამორჩეულობისა და ახლებური ბრენდული შინაარსის ჩამოყალიბებისთვის, ეს აშკარად ახალი და საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გახლდათ – ტრადიციული ამერიკული უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი, საერთოდ არ განიხილავდა ისეთ სასწავლო გეგმას, რომელიც „უწყვეტ“ ან „განგრძობით“ განათლებას იგულისხმებდა, მითუმეტეს ორმოცი და მეტი წლის ასაკის სტუდენტებისათვის – ასეთი მარკეტინგული სვლა თვით ამერიკისთვისაც კი მოულოდნელი გახლდათ.

ნიუ-სქულის იდეის შემქმნელთა ეს უცნაური ნაბიჯი აშკარად გამოწვევად იქცა ისეთი ცნობილი ტრადიციული ნიუ-იორკული სკოლებისთვის, როგორებიც გახლდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტი (Columbia University)  თუ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (New York University – NYU), რომელბიც მთელს მსოფლიოში იყვნენ ცნობილი როგორც უმაღლესი ხარისხის კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პრესტიჟისა და პროფესიული ხარისხების პირდაპირ კონკურენციაზე ფოკუსირების ნაცვლად, ნიუ-იორკული The New School ჩამოყალიბდა როგორც გახსნილობაზე, ინტელექტუალურ თავისუფლებასა და უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ბრენდი.

იგი იზიდავდა მომუშავე ზრდასრულებს, პროფესიონალებსა და ემიგრანტებს, რომლებსაც სურდათ სერიოზული განათლება კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების ფორმალობების, შეზღუდვებისა და კონსერვატიული სტრუქტურების გარეშე.

თუ ნიუ-სქულს ფუნქციურად შევადარებთ ნიუ-იორკის უმთავრეს და უცნობილეს, უნივერსიტეტებს, კოლუმბიას და ნიუ-იორკის  უნივერსიტეტს შევადარებთ, მივიღებთ შემდეგს:

  • კოლუმბია და ნიუიორკის უნივერსიტეტი (NYU) = ტრადიციული, აკადემიური ხარისხებზე ორიენტირებული, კვლევაზე დამყარებული.
  • The New School (საწყის ეტაპზე მას სხვა სახელი The New School for Social Research ერქვა, ლ.ა.) = ექსპერიმენტული, მოქნილი, ზრდასრულთა უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული, აქცენტით საჯარო ლექციებზე, საღამოს კურსებსა და პროგრესულ იდეებზე.

ეს ნიშური პოზიციონირებაგანათლება ზრდასრულებისთვის, კრიტიკულად მოაზროვნეებისთვის და შემდგომში ხელოვანებისა და დიზაინერებისთვისწარმოადგენდა (და წარმოადგენს) ნიუ-სქულის კონკურენტულ იდენტობას ნიუიორკის გადატვირთულ უმაღლესი განათლების გარემოში.

            ნიუ-სქულის, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლესი განათლების სკოლის, როგორც ეფექტური და სერიოზული სასწავლო დაწესებულების რეპუტაციას, მისი სახელგანთქმული  და წარმატებული კურსდამთავრებლები ქმნიან. გთავაზობთ ნიუ-სქულის წარმატებულ და სახელგანთქმულ კურსდამთავრებულთა არასრულ სიას:

ტენესი უილიამსი (Tennessee Williams, ამერიკელი დრამატურგი, პიესის, „სურვილის ტრამვაი“ ავტორი); ჯეკ კერუაკი (Jack Kerouac, მწერალი და პოეტი, „ბიტნიკების“ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი); ჯეიმს ბოლდუინი (James Baldwin, მწერალი, აქტივისტი, მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი); უილიამ სტაირონი (William Styron, მწერალი და ესესისტი, რომანი „სოფის არჩევანის“ ავტორი); ჯემეიქა ქინქეიდი (Jamaica Kincaid, მწერალი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი); როდ სტაიგერი (Rod Steiger, ოსკაროსანი კინომსახიობი); რობერტ გლასპერი (Robert Glasper, ჯაზ-მუსიკოსი, ჯაზ პიანისტი, Grammy-ის მრავალგზის მფლობელი); ენი დი ფრანკო (Ani DiFranco, მომღერალი-შემსრულებელი, Grammy-ის პრემიის მფლობელი, აქტივისტი); სუფიან სტივენსი (Sufjan Stevens, მუსიკოსი, ინდი-ფოლკის შემსრულებელი); ჰარი ბელაფონტე (Harry Belafonte, მომღერალი და აქტივისტი, მუსიკოსი-კომპოზიტორი); უოლტერ მათაუ (Walter Matthau, ოსკაროსანი კინომსახიობი); ქეივინ სმითი (Kevin Smith, რეჟისორი და მსახიობი, კინოფესტივალის Sundance-ის გამარჯვებული, Batman-ის თანამედროვე კომიქსების ავტორი); ანა სუი (Anna Sui, დიზაინერი, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელი ამერიკის, აზიის და გლობალურ მოდის ინდუსტრიაში), დონა კარანი (Donna Karan, მოდის ცნობილი დიზაინერი); მარკ ჯეიკობსი (Marc Jacobs, მოდის ცნობილი დიზაინერი), ტომ ფორდი (Tom Ford, თანამედროვე მოდის ლეგენდარული დიზაინერი და რეჟისორი), ნარკისო როდრიგესი (Narciso Rodriguez, მოდის დიზაინერი, გლობალური ბრენდის ავტორი და მფლობელი); ჯენა ლაიონსი (Jenna Lyons, დიზაინერი, J.Crew-ს ბრენდის კრეატიული დირექტორი და ხელმძღვანელი); ბრედლი კუპერი(Bradley Cooper, მსახიობი და პროდიუსერი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი და რეჟისორი); მარლონ ბრანდო ( Marlon Brando,  ოსკაროსანი კინომსახიობი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი, ფრენსის ფორდ კოპოლას კინოდრამაში „ნათლიმამა“); ელენორ რუზველტი (Eleanor Roosevelt; აქტივისტი, ყოფილი პირველი ლედი, ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე, დიპლომატი და გაეროს ერთ-ერთი ლიდერი) და  შიმონ პერესი (Shimon Peres, ისრაელის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ლიდერი).

სტატიის მეორე ნაწილი, უშუალოდ პრობლემების ანალიზსა და პრობლემის ფორმულირების საკითხებს შეეხება.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] გამოყენებული წყაროები: ა) http://ctb.ku.edu/en/table-of-contents/analyze/analyze-community-problems-and-solutions/define-analyze-problem/main ბ) Basic Methods of Policy Analysis and Planning, Carl V. Patton and David S. Sawicki გ) Introduction to Policy Analisis and Policy Modelling, Thomas Fellman, Lecture notes and further information: www.uni-hohenheim.de/apo, University of Hohenheim, 2008,  დ) https://www.wikihow.com/Define-a-Problem; ე) https://www.sheffield.ac.uk/polopoly_fs/1.440722!/file/HowtoWriteaProblemStatement.pdf ვ) SCHON, D. A. (1983) The Refective Practitioner, New York: Basic Books.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“