ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

სასკოლო უსაფრთხოება და სკოლის მიტოვების რისკები

,,მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე,

– ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია,

ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა

ხალხისთვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა

გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი,

საქმით დაამტკიცონ  სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდან“.

ილია ჭავჭავაძე

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის ის გარემო, სადაც ცხოვრობს? რა როლი აქვს მშობელს, ოჯახსა და სასკოლო თემს უსაფრთხო გარემოს შექმნაში? ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს განათლება სკოლაში?

ძალადობის შესახებ მასმედიიდან ვიგებთ; ხდება ისეც, რომ მედია ძალადობის შემთხვევას დეტალურად აღწერს, მომხდარ ამბავზე აგებს სავარაუდო სიუჟეტებს. ხშირად მედიის მიერ ,,ჩატარებული“ გამოძიებისა თუ სასამართლოს მაყურებლებიც ვხდებით ხოლმე. ძალადობრივ შინაარსზეა აგებული მრავალი ვიდეო-თამაში, ფილმი, სერიალი. თუმცა ძალადობა მხოლოდ ვირტუალური სივრცის ნაწილი არაა.

რა ვითარება ამ მხრივ საქართველოში?

რას ამბობს სტატისტიკა?

მწერალი მარკ ტვენი მახვილსიტყვაობითაც გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ უთქვამს: ,,ტყუილი სამი სახისაა: ტყუილი, უსირცხვილო ტყუილი და სტატისტიკა”. ზოგი თვლის, რომ ეს სიტყვები მარკ ტვენს არ ეკუთვნის. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ციფრებით შეიძლება პრობლემის მასშტაბის შეფასება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 14 104 ბავშვმა მიატოვა სკოლა.  14104 ადამიანის ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ისინი სკოლის მიღმა დატოვა. ეს ბავშვები უსაფრთხო გარემოში არ ცხოვრობდნენ და არც სკოლა იყო მათთვის უსაფრთხო.  სკოლის მიტოვების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში იყო. 11 388 ბავშვმა (80.74%) მიატოვა სკოლა.

სკოლის მიტოვების მიზეზი მრავალგვარია. ამჯერად შევჩერდებით ორ მიზეზზე: ნაადრევ ქორწინებასა და ბავშვის შრომაზე.

ნაადრევი ქორწინება: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წელს გამოცემულ სტატისტიკურ კრებულში ,,დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“ აღნიშნულია, რომ 16-დან 19 წლამდე ასაკის 31526 მამაკაცი და 31526 ქალია დაქორწინებული, რაც დაქორწინებული მამაკაცების 2.7% და დაქორწინებული ქალების 14.0%-ია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში ,,საქართველო და ადრეული ქორწინება“ (მაია ბარქაია, 2013) აღნიშნულია, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში ნაადრევი ქორწინება დაკავშირებულია სიღარიბესთან და დაბალ სოციალურ სტატუსთან. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის ზღვართან დგანან, გოგონას ადრეული ქორწინება ერთგვარი გამოსავალია, ხოლო გოგონები ნაადრევ ქორწინებას განიხილავენ, როგორც ოჯახში არსებული კონფლიქტისა თუ გაუსაძლისი მდგომარეობისგან თავის დახსნის საშუალებას.

ნაადრევი ქორწინება გოგონების სკოლიდან გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ქორწინების ან ნიშნობის შემდეგ, რიგი ეთნიკური უმცირესობის შეთხვევაში, გოგონები წყვეტენ სკოლაში სიარულს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 18 წლამდე გათხოვილი ქალების უმრავლესობა ვერ ახერხებს საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებას.

ბავშვის შრომა: 2015 წლის მაისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა თვისებრივი კვლევა თემაზე, რა გავლენას ახდენს საქართველოში არსებული უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. გამოიკითხა რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი და ჩატარდა ინტერვიუ დირექტორებთან, მასწავლებლებთან და ექსპერტებთან.

კვლევის პირველადი მიგნება ისაა, რომ ადრეულ ქორწინებასთან ერთად, ბავშვის შრომა ხშირად ხდება სკოლის მიტოვების მიზეზი. ბავშვები ჩართულები არიან საოჯახო მეურნეობებში და ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. ისინი ეხმარებიან მშობლებს და მათთან ერთად იბრძვიან საარსებო წყაროს მოპოვებისთვის. ეს ბრძოლა კი ბავშვისგან სკოლის მიტოვებას ან გაკვეთილების ხშირ გაცდენას ითხოვს.

ბავშვის შრომა საოჯახო მეურნეობებში მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. როგორც ბავშვთა შრომის აღმოფხვრის საერთაშორისო პროგრამის დირექტორი კონსტანს ტომასი (Constance Thomas) აღნიშნავს, საოჯახო მეურნეობებში ბავშვების დასაქმება არა მხოლოდ სერიოზული დარღვევაა, არამედ აფერხებს ქვეყნებისა და  მსოფლიოს განვითარებას.

საქართველოს კანონმდებლობა

საქართველო მიერთებულია საერთაშორისო კონვენციებს. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს განათლების მიღების უფლება და ზოგადი განათლება ქვეყანაში უფასოა. 2002 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 182-ე კონვენციის ,,ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების კრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ რატიფიცირება. დოკუმენტში ბავშვთა შრომის შემცირების გზად მიჩნეულია უფასო საბაზო და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც თავი დააღწიეს ამგვარ შრომას.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შრომითი საქმიანობისა და ქორწინებისთვის შესაბამის ასაკს. შრომითი საქმიანობა და ქორწინება 16 წლამდე აკრძალულია. 16 წლის მოქალაქის ქორწინებისთვის საჭიროა მშობლის ნებართვა, ხოლო შრომითმა საქმიანობამ მოზარდს ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების მიღებაში.

რატომაა ასე მაღალი სკოლის მიტოვების მაჩვენებელი?

კითხვა რიტორიკულია. მიზეზის გარკვევა ადვილი არაა. მკვლევარები გამოყოფენ სკოლის მიტოვების მიზეზების რამდენიმე კატეგორიას. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ ბალფანცი (Robert Balfanz) ოთხ მიზეზზე საუბრობს:

  1. მოსწავლეები სკოლას ტოვებენ პირადი ცხოვრების გამო. მიზეზი სკოლის გარეთაა. ეს შეიძლება იყოს ნაადრევი ქორწინება (ორსულობა), მუშაობა ოჯახის დახმარების მიზნით.
  2. მოსწავლისთვის სწავლა მოსაწყენი გახდა, ის თვლის, რომ სასკოლო ატესტატის გარეშეც შეძლებს ცხოვრების გზის პოვნას. ის სკოლიდან ,,ქრება“.
  3. დაბალი აკადემიური მოსწრებისა და რთული ქცევის მქონე მოსწავლის სკოლიდან წასვლა ან სხვა სკოლაში გადასვლა წახალისებულია სკოლის მიერ.
  4. მოსწავლე სკოლაში წარუმატებელია, სკოლა კი ვერ ეხმარება მას რეალიზებაში. ზრდასრულობისასაც უჭირს ადამიანს სკოლიდან გამოყოლილი ,,წარუმატებელობის სინდრომის“ დაძლევა.

მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვება მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. არასრული განათლების მქონე, საზოგადოებისგან გარიყულ, იზოლირებულად მცხოვრებ მოქალაქეს ნაკლები შემოსავალი აქვს, ნაკლებ გადასახადს იხდის, ან საერთოდ არ იხდის. საბოლოო ჯამში, მისი რჩენა ქვეყნის საქმეა. სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებას შორის პირდაპირ კავშირს არაერთი მეცნიერი ამტკიცებს. მათი აზრით, სკოლაში შეძენილი კოგნიტური უნარები და ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია (ჰანუშეკი 2008).

ამ უნარების განვითარების ერთადერთ ადგილად საქართველოში სკოლა რჩება. როგორც ილია ამბობდა: ,,სწავლა-განათლება თითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ“.

როგორ აღმოვაჩინოთ სკოლის მიტოვების მაღალი რისკის მქონე ბავშვი?

დაბალი აკადემიური მიღწევის მქონე მოსწავლეების სკოლაში სიარულის მოტივაცია დაბალია. როდესაც ბავშვს შეამჩნევთ ქცევით პრობლემებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიტოვების სიმპტომად.

გაკვეთილების ხშირი გაცდენა სკოლის მიტოვების ადრეულ სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს. გაცდენა ნიშანია, რომ მოსწავლეს სკოლაში სიარული არ მოსწონს, თავს უცხოდ გრძნობს და მშობლის ზრუნვა და ყურადღება აკლია.

ოჯახის შემოსავალი, მშობლების განათლება პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელთან. მოზარდზე ასევე აისახება მშობლის დამოკიდებულება სკოლის მიმართ. როდესაც მასწავლებელი ვერ ახერხებს მშობელთან ურთიერთობას ბავშვის პრობლემების მოსაგვარებლად, ესეც შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიტოვების სიმპტომად.

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში

არსებობს სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორი მიდგომა:

ა) პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომასაც უწოდებენ. ის გულისხმობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული კლიმატის შექმნას, მოსწავლეების მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედებას, ტრენინგებს, კონსულტაციებსა და სხვადასხვა სასკოლო თუ სათემო აქტივობებს.

ბ) პროდუქტზე დაფუძნებულ მიდგომას კონტროლზე ორიენტირებულ მიდგომასაც უწოდებენ. ამ დროს ხორციელდება პრობლემის მოკლევადიან გადაჭრაზე ორიენტირებული ღონისძიებები, მაგალითად: სკოლის უსაფრთხოების დაცვა კამერებით, დეტექტორებით, დარაჯით, მანდატურითა და დისციპლინური სახდელების ამოქმედებით.

(ბუჩერი და მენინგი, 2005).

საქართველოში უსაფრთხო სკოლის კონცეფცია პრიორიტეტს მოსწავლის ფიზიკურ უსაფრთხოებას ანიჭებს. ამ მიზნით საქართველოში ამოქმედდა მანდატურის ინსტიტუტი, სკოლაში დამონტაჟდა ვიდეო-კამერები და რიგ სკოლებში მკაცრად კონტროლდება უცხო პირების შესვლა. უსაფრთხო სკოლის მოქმედი კონცეფცია არ ითვალისწინებს სკოლის თემის წარმომადგენლების ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში. ამ ღონისძიებებმა შეასუსტა სკოლასა და თემს შორის ისედაც მყიფე კავშირები.

სკოლის მიტოვება კონტროლზე ორიენტირებული მიდგომებით ვერ შემცირდება. მოსწავლის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს ოჯახისა და სკოლის თემის კულტურა და ტრადიციები, შემოსავალი და მშობლების განათლება. სკოლაში, სადაც დისციპლინური სახდელები წესრიგის დამყარების ერთადერთი რეგულააციაა, სკოლის მიტოვების მაჩვენებელი ვერ შემცირდება. ვიდეო-კამერას, მანდატურსა და დარაჯს არ შეუძლიათ აკონტროლონ და მართონ ის გარემო, სადაც მოსწავლე ცხოვრობს.

როგორ შევამციროთ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი?

სკოლის ბაზაზე მხარდაჭერის მექანიზმები უნდა ასახავდეს კონკრეტულ სკოლაში აღმოჩენილ კონკრეტულ საჭიროებებს.

თუ არასწრულწლოვანი გოგონები თხოვდებიან და სწავლაზე უარს ამბობენ, არასრულწლოვნები აცდენენ სკოლას საოჯახო შრომითი საქმიანობების გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ სკოლა და სკოლის თემი ტოლერანტულია ამ ფაქტების მიმართ. თითოეულ მოსწავლეს, რომელიც სწავლას თავს ანებებს, მომავალში ძალიან გაუჭირდება თავის დამკვიდრება და თვითრეალიზება. ამ პრობლემაზე საუბრისას ხშირად ადამიანები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მოსწავლე უპასუხისმგებლო და ზარმაცია, მშობლებმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, მასწავლებლებმა უკეთ უნდა ასწავლონ, ადმინისტრაციამ უნდა აკონტროლოს მოსწავლის ქცევა. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი შემცირდეს. გამოსავალი სკოლასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაჯანსაღებაშია.

სასურველია, სკოლაში ან თემში შეიქმნას სასწავლო ცენტრები, სადაც სკოლიდან წასულ მოსწავლეებს სწავლის საშუალება ექნებათ, სადაც შეისწავლიან იმ საკითხებს, რისი სწავლაც სკოლაში ვერ შეძლეს.

ასევე მნიშვნელოვანია ასეთი მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, საზაფხულო პროგრამებში ჩართვა.

ბუნებრივია, ამის განხორციელება სკოლას დამოუკიდებლად არ შეუძლია, რადგან ამ საქმეს სჭირდება დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსები. ამასთან ერთად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, საზაფხულო სკოლა, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სკოლების ღიაობა ბიზნესის, სათემო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და ახალგაზრდული ჯგუფების მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია მედიასთან თანამშრომლობა, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

გთავაზობთ სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ მიდგომას (Stephens, 2004, p. 80):

  1. სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ მასწავლებლები, მშობლები, თემის აქტიური წევრები;
  2. სკოლაში უსაფრთხოების შესახებ მონაცემების მოგროვება (ინფორმაცია მოსწავლეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების, ოჯახური მდგომარეობის, სიღარიბის და ყველა იმ რისკის შესახებ, რაც შეიძლება არსებობდეს სასკოლო თემში);
  3. მას შემდეგ, რაც სკოლა მოაგროვებს ინფორმაციას, სამუშაო ჯგუფმა უნდა შექმნას კონკრეტული სკოლის უსაფრთხოების სტრატეგია და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები;
  4. აუცილებელია, სამუშაო ჯგუფმა შეაფასოს, შერჩეული ღონისძიებები რამდენად შეესაბამება კანონს, ხომ არ ირღვევა ბავშვის უფლება. ამ მხრივ სკოლებს შეიძლება დაეხმარონ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის იურისტი და რეგიონებში მოქმედი უფასო იურიდიული ცენტრები  (მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისები).
  5. სკოლაში უნდა ჩატარდეს საჯარო შეხვედრა, სანამ უსაფრთხო სკოლის პროგრამა დაამტკიცდება. მნიშვნელოვანია, გეგმა განხილულ იქნას საჯარო შეხვედრაზე, სადაც მოიწვევენ მშობლებს, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს.
  6. სკოლამ გეგმა უნდა განაახლოს წელიწადში ერთხელ, საჭიროების მიხედვით.

და, ბოლოს

რთულია წონასწორობის დაცვა უსაფრთხო სკოლასა და მზრუნველ სკოლას შორის. აუცილებელია ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც არ იქნება ტოლერანტული ბულინგის, ფიზიკური დაპირისპირების მიმართ. ამავე დროს სკოლამ უნდა შეძლოს ბავშვთა შრომისა და ადრეული ქორწინების მიმართ თემის დამოკიდებულების შეცვლა, მისი ცნობიერების ამაღლება.

უსაფრთხო სკოლის შექმნის პროცესი უწყვეტია. არ შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო სასკოლო გარემო შეიქმნა და პროცესი დასრულებულია. სკოლა მხარდაჭერის გარეშე უსაფრთხოების პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

გამოყენებული ლიტერატურა

მაია ბარქაია, ,,საქართველო და ადრეული ქორწინება“, თბილისი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, 2013

სიმონ ჯანაშია, სოფიო გორგოძე; უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2011

,,დემოგრაფიული ვითარება საქართველოში, სტატისტიკური კრებული“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2015

Balfanz R; Fox J, Early Warning Systems‐ Foundational Research and Lessons from the Field Johns Hopkins Univ. National Governors Association, 2011

Education and Economic Growth E A Hanushek, Stanford University, Stanford, CA, USA L Wo¨ ßmann, University of Munich, Munich, Germany, ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_215170/lang–en/index.htm ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://dropoutprevention.org/effective-strategies/safe-learning-environments/ ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/population/Demografiuli%20Vitareba%20SaqartveloSi-Krebuli%202015.pdf ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

https://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_215170/lang–en/index.htm ნანახია 2016 წლის 25 იანვარს

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი