შაბათი, სექტემბერი 28, 2024
28 სექტემბერი, შაბათი, 2024

“ მე და საზოგადოების” დასაცავად

მეექვსე წელია უნივერსიტეტში ვსწავლობ. მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს განათლების ყველა მინისტრის რადიკალ ოპონენტად მიმაჩნდა თავი. ჩემი პოზიციები დღემდე უცვლელია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე განათლებისა და მეცნიერების სისტემის რომელიმე პირველ პირს საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე დაცვისა და მტკიცე მოქმედებისკენ მოვუწოდებდი. ეს დღეც დადგა.

ცოტა ხნის წინ, განგსტერული კაპიტალიზმის პოსტსაბჭოურ ეპოქაში გამდიდრებულმა ერთ-ერთმა ქართველმა მულტიმილიონერმა ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ნაწილი ახალი საგნის დამკვიდრების წინააღმდეგ დარაზმა და აღშფოთებულ ხალხს საკუთარ პეტიციაზე მოაწერინა ხელი. მომხრეებს პეტიციის ინიციატორმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო წარუდგინა და წიგნი განათლების სამინისტროს მიერ მოწონებულ და დამტკიცებულ მასალად გამოაცხადა. ცხადია, მან იქვე აღნიშნა, რომ ახალი საგნის დანერგვით სახელმწიფო „ანტიეროვნული“ და „ანტიქართული“ იდეების მასობრივ გავრცელებას ისახავს მიზნად. თურმე, სოციალური მეცნიერებების საფუძვლების სწავლება დაანგრევს ტრადიციულ ოჯახს და დამატებით ფუნქციას შესძენს ტოტალიტარულ სახელმწიფოს, რომლის ერთადერთი მოვალეობა წესით მხოლოდ მილებისა თუ გზების დაგება უნდა იყოს.

საგნის „მე და საზოგადოება“ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანის საწინააღმდეგო მეორე არგუმენტად საგაკვეთილო ცხრილებში სხვა დისციპლინებისათვის (მაგალითად მათემატიკისათვის) გამოყოფილი დროის შემცირებას ასახელებენ. თითქოს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით სხვა დარგების სწავლების ხარისხი გაუარესდება.

ჩვენმა დამსახურებულმა მომღერლებმა, საბჭოთა დოცენტებმა, უსამართლოდ დავიწყებულმა მწერლებმა და ადამიანებმა, რომელთა ღირსებაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში დაბადებით განისაზღვრება, უსიტყოდ, წაკითხვის გარეშე მოაწერეს ხელი პეტიციას. წარსულში მათი უდიდესი უმრავლესობა (და არა ყველა) წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილებოდა პარტიულ დირექტივებს. დღეს კი პარტია მდიდარმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, ურთიერთობისა და დაქვემდებარების ტრადიციული ფორმები კი სრულიად უცვლელად შემოგვრჩა.

შევეცდები თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე, რომელიც სოციალური მეცნიერებების სწავლების წინააღმდეგ ატეხილი აჟიოტაჟის სიყალბესა და სიმცდარეზე მიგვანიშნებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი საგნის შეტანა ურთულეს პროცედურებთან არის დაკავშირებული. თავდაპირველად, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდება საგნის სტანდარტი. სტანდარტის დახვეწის პროცესში ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები, განათლების დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. დისციპლინის შინაარსს ერთპიროვნულად ვერავინ განსაზღვრას, მათ შორის ვერც განათლების სამინისტრო. შემდგომ ეტაპზე ხდება სახელმძღვანელოს ერთი ან რამდენიმე ვარიანტის მომზადება, მათი განხილვა. სახელმძღვანელო გადის გრიფირებას, რაც ასევე დამატებითი კონტროლის მექანიზმია საგნის კონტექსტის გასააზრებლად. გრიფირების შემდეგ ხდება მასწავლებლისა და მისი მეთოდური თუ სხვა ტიპის გზამკვლევების მომზადება. თუმცა, ამითაც არ მთავრდება ყველაფერი. შესრულებული სამუშაოს შედეგის ტესტირებისა და აპრობაციის გარეშე დისციპლინის დანერგვა მაინც ვერ მოხდება.

ამ დრომდე მხოლოდ საგნის სტანდარტის მონახაზია მზად. არცერთი სხვა პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, პროცესების  დასრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია. შესაბამისად, რომელიღაც არასამთავრობოს მიერ მომზადებული, გრიფის არმქონე კრებულით მანიპულირება ჩვეულებრივი ყალთაბანდობაა და მეტი არაფერი.

განვიხილოთ საგნის შინაარსის რამდენიმე ძირითადი დეტალიც. რა არის ცუდი იმაში, თუ მესამე და მეოთხე კლასელი მოსწავლეები გაიგებენ საქართველოს კონსტიტუციაში გაცხადებული ძირითადი ღირებულებების შესახებ? გაიგებენ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ მდიდრი ქართველი ფსევდორელიგიური მეწარმეები არ ცხოვრობენ და სხვებსაც აქვთ არსებობისა თუ წარმატების უფლება. ვფიქრობ, არც იმით დაშავდება რამე, თუ მოსწავლეებს ექნებათ ცოდნა ძალადობის გავრცელების შესაფერხებლად და საკუთარი ან ირგვლივმყოფთა სიცოცხლის გადასარჩენად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვის პოპულარიზება სრულიად უსაფრთხოა უმცროსკლასელთათვის. არავინ აპირებს მოსწავლეებისა და მათი ოჯახების არჩევანის იგნორირებას.

ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ მოქალაქეთა ნაწილი სოციალური მეცნიერებებისადმი რეპრესიულ განწყობას ინარჩუნებს. ადამიანის ქცევისა და საზოგადოებაში თანაცხოვრების შემსწავლელი დარგების მიმართ რეპრესია საბჭოთა კავშირს მაგონებს. მხოლოდ საბჭოთა პარტიული მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ლენინიზმის გარდა არც ერთ სხვა თეორიას არსებობის უფლება არ ჰქონდა. მხოლოდ ისინი ებრძოდნენ საზოგადოებრივი მეცნიერებების განვითარებას და მას არასრულყოფილ დისციპლინებად განიხილავდნენ. სასიხარულოდ, მანკიერი მიდგომების ეპოქა დამთავრდა. დღეს პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, კულტუროლოგია და საზოგადოებრივი გეოგრაფია კვლევის ჩვეულებრივ, დოგმებისგან თავისუფალ, სხვა დარგებთან გათანაბრებულ მიმართულებებად ითვლებიან. როგორც ალგებრის შესწავლაა შეუძლებელი არითმეტიკისა და გამრავლების ტაბულის გარეშე, ასეთივე წინაპირობები სჭირდება ჩვენი მეცნიერებების უკეთ დაუფლებასაც.

ჩემმა სოციოლოგიის ლექტორმა მასწავლა, რომ ადამიანის მიერ ღირებულებების ათვისებისა და ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების პროცესს სოციალიზაცია ეწოდება. ქ-ნმა ნათელამ ისიც მითხრა, რომ სოციალიზაციის ძირითად აქტორებად მედია, სკოლა, ოჯახი და თანატოლთა წრე გვევლინებიან ხოლმე. ჩვენ ყველამ გადასარევად ვიცით, თუ როგორი ხარისხის სტანდარტს გვთავაზობს დღეს ქართული მასმედია. ბევრი ჩვენგანი ამჩნევს გაჭირვებული და გაღატაკებული ოჯახების ყოველდღიურ ყოფას, სადაც ფიზიკური არსებობისათვის მებრძოლ მშობლებს საკმარისი რესურსები აღარ რჩებათ შვილებისათვის. თანატოლთა შორის სოციალური ფონი საერთოა. ერთადერთი აქტორი, რომელსაც კონსტიტუციის (და არა ლიბერლიზმის ან სხვა რომელიმე იდეოლოგიის) ღირებულებებისადმი პატივისცმისა და სოციალური მეცნიერებების საფუძვლების სწავლება და გავრცელება შეუძლია, სახელმწიფო გახლავთ. ნუ შევუშლით ხელს სახელმწიფოს, სჯობს, რომ დავეხმაროთ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

აი, სკოლაშიც დავბრუნდით!

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“