ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ. ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ასევე იმ გარემოსა და ლანდშაფტებს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს.

2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება.

უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის საცხოვრებელი გარემო დაირღვა ანთროპოგენული ფაქტორის გამო. ეს მოხდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმების, ბიომრავალფეროვნების დაცვა.

დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობდა სახეობათა გადაშენება, თუმცა სიცოცხლე გრძელდებოდა. მაგრამ არსებობს განსხვავება სახეობათა „ადრინდელ” და „დღევანდელ” შემცირებას შორის. წინათ სახეობათა გადაშენება უკავშირდებოდა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც ნელი ტემპით მიმდინარეობდა; დღეს ის გამოწვეულია უშუალოდ ადამიანის ქმედებით, რაც შედარებით სწრაფი პროცესია. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად ასამდე სახეობა იკარგება. სწორედ ამიტომ მეტად აქტუალური გახდა ბიომრავალფეროვნების დაცვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცოცხალი ორგანიზმების გადაშენება მათ სამუდამო გაქრობას ნიშნავს.

საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დასაცავად აუცილებელია ინფორმაცია სახეობათა გავრცელების არეალისა და სტატისტიკის შესახებ. ამ მიზანს ემსახურება წითელი ნუსხები. საყოველთაოდ აღიარებულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია IUCN-ის მიერ მომზადებული წითელი ნუსხა. საქართველოსაც აქვს ასეთი ნუსხა – მასში შეტანილია საქართველოში არსებული სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოს წითელ ნუსხაში, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის – ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა – ერთადერთი სახეობაა დარჩენილი ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ისეთი სახეობები, როგორიცაა ვეფხვი, ქურციკი და თახვი, უკვე გადაშენებულია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში და მეტი ინფორმაციის მიწოდება ბიომრავალფეროვნების შესახებ. მაგალითად, შეიძლება ენდემურ სახეობათა შესახებ წიგნის სანიშნების შექმნა და სხვა კლასის მოსწავლეებისთვის გაზიარება. ამ აქტივობის გამოყენება შეიძლება IV, V და VI კლასებში.

ამგვარად მოსწავლეს კარგად ამახსოვრდება გადაშენების პირას მყოფი სახეობები.
შეიძლება სტენდის (პოსტერის) შექმნაც – „გავუფრთხილდეთ დედამიწას”.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება ორიგამიზე მუშაობა. ქაღალდისგან შეიძლება შექმნან ცხოველთა და მცენარეთა სამყარო, „გააშენონ” ბოტანიკური ბაღი ან ზოოპარკი, ანდა შექმნან ეკოსისტემა.

ჩამოთვლილი აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მიიღონ სწორი განათლება და ეზიარონ ბიომრავალფეროვნების საკითხებს, გაუფრთხილდნენ ცოცხალ სამყაროს და გაიაზრონ ანთროპოგენული ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი