სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ეს საინტერესოა

დედამიწაზე ექვს მილიონამდე სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს და მაინც, მეცნიერები ყოველ წელს ახალ-ახალ სახეობებს აღმოაჩენენ.

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა XXI საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი უცნაური სახეობების რეიტინგი შეადგინეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ბაყაყი პინოქიო

ეკოლოგებისა და გეოგრაფების საერთაშორისო ექსპედიციამ (Conservation International and the National Geographic Society) პაპუა-ახალ გვინეაში, მაღალ მთიანეთში (ზღვის დონიდან 2000 მეტრზე), აღმოაჩინა მანამდე უცნობი ხის ბაყაყი, რომელსაც წაგრძელებული “ცხვირი” აქვს. ამის გამო მას “პინოქიო”(Pinocchio frog) დაარქვეს.

როგორც გაირკვა, მამრებისთვის “ცხვირს” განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია: სქესობრივი აღგზნების დროს ის ზეაღმართულია, ხოლო მაშინ, როცა მამრი არ ეძლევა “უწესო” ფიქრებს – დაშვებული.

თაგვიჭამია ბურთულები

ფილიპინებზე, კუნძულ პალავანზე, ინგლისელმა ბიოლოგებმა მწერიჭამია მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ბიოლოგ სტიუარტ მაკფერსონის განცხადებით, ის დღემდე ცნობილ მტაცებელ მცენარეზე, ნეპენტესზე, დიდია და მარტო მწერებით კი არა, მცირე ზომის ძუძუმწოვრებითაც იკვებება, მათ შორის – თაგვებითა და ვირთხებით. მცენარე ფოთლებს (16-30 სმ) ბურთებად ახვევს და შიგნით მწებარე სითხეს გამოყოფს. სწორედ ამ სითხის მეშვეობით იჭერს იგი ნანადირევს და “მიირთმევს”.

ცხოველიჭამია მცენარეს ცნობილი ბრიტანელი ნატურალისტის, ტელეწამყვანისა და ბუნების დიდი პოპულარიზატორის დევიდ ატენბოროს პატივსაცემად “ატენბოროს მტაცებელი” (Attenborough’s Pitcher, Nepenthes attenboroughii) უწოდეს.

“ბომბებიანი” ჭია

მწვანე ბომბდამშენები(Swima bombiviridis) – ასე მონათლეს მკვლევარებმა აქამდე უცნობი რგოლოვანი ჭია, რომლის ზომები 18 მმ-დან 93 მმ-მდე მერყეობს. იგი ამერიკელმა და შვედმა ბიოლოგებმა ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მონტერეის ყურეში, 1800-3700 მეტრ სიღრმეზე, დისტანციური მართვის რობოტის მეშვეობით აღმოაჩინეს.

“ბომბდამშენი” ჭიას სამხედრო თვითმფრინავებისთვის დამახასიათებელი ქცევის გამო უწოდეს. საქმე ის არის, რომ თვითმართვადი რაკეტისთვის კვალის ასარევად თვითმფრინავები ე.წ. სითბურ სატყუარას იყენებენ. ჭიებიც საფრთხის მოახლოებისას ისვრიან “ბომბებს” – სითხით სავსე ბურთულებს, რომლებიც რამდენიმე წამის განმავლობაში ინტენსიურ მწვანე შუქს ასხივებს, მერე კი ნელ-ნელა ქრება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბურთულები საკმაოდ დიდხანს იპყრობს თავდამსხმლის ყურადღებას და ჭია სამშვიდობოს გასვლას ასწრებს.

ღრუბელი-მკვლელი

ღრმა წყლის ბინადარი ღრუბელი-მკვლელი (Killer Sponge), რომელიც ახალი ზელანდიის წყლებში აღმოაჩინეს, გარეგნულად ჩიკორს წააგავს და, რაც მთავარია, ცხოველური ორგანიზმებით იკვებება. ღრუბელს აქვს ჩონჩხის ნემსი, რაც მის უძველეს წარმოშობაზე მიუთითებს – ასეთი ჩონჩხი ჰქონდათ იურული პერიოდის ცხოველებს თითქმის 200 მილიონი წლის წინათ. ამ აღმოჩენამ მეცნიერები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, რომ კაცობრიობა ცდილობს დაიპყროს კოსმოსი, მაგრამ ოკეანის სიღრმეები პრაქტიკულად შეუსწავლელია.

ლოქორა გურმანი

ლოქორა Aiteng ater უჩვეულო გასტრონომიული თავისებურების გამო ბიოლოგებმა ცალკეAitengidae-ს ოჯახად გამოყვეს. ლოქორა ძირითადად მწერებით იკვებება, მაშინ როცა მისი მონათესავე სახეობები წყალმცენარეებსა და მოლუსკების კვერცხებს სჯერდებიან. ეს ლოქორა ბინადრობს ტაილანდთან, სიამის ყურეში. სახელწოდებაც აქედან წარმოდგება – Ai ten-ს სამხრეთ ტაილანდში მუხლუხოებს უწოდებენ.

თევზი -დრაკულა

თევზმა Danionella dracula-მ სახელწოდება საოცარი, მითიური ვამპირების მსგავსი ეშვების გამო მიიღო. მიუხედავად შიშის მომგვრელი შესახედაობისა, დრაკულა უწყინარი მცირე ზომის თევზია. ეშვები მხოლოდ მამრებს აქვთ და ისინიც მხოლოდ სხვა მამრებთან საომრად იყენებენ მათ.

დრაკულა გავრცელებულია ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, მიაკუთვნებენ კობრისებრთა ოჯახს.

გიგანტური ობობა

ოქროსფერ ობობა-მქსოველთა ყველაზე დიდი სახეობა სლოვაკმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს.Nephila komaci ნამდვილი რეკორდსმენია: მისი კიდურის სიგრძე 15 სმ-მდე აღწევს. მდედრი ზომით ხუთჯერ აღემატება მამრს. ეს ობობა სამხრეთ აფრიკაში და კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობს.

მომაკვდინებელი ობობა შესაძლოა მხსნელად იქცეს!

ავსტრალიის ბუნება გამორჩეულად თვითმყოფადია – აქ საოცარი კენგურუსა და იხვნისკარტას გვერდით საშიში მწერებიც ბინადრობენ, თუმცა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მათი მომაკვდინებელი შხამისგან დამზადებულმა პრეპარატებმა ონკოლოგების საბრძოლო არსენალი შეავსოს.

სიდნეის მახლობლად ბინადრობს საშიში ფეხსახსრიანი – ყვავისებრი ობობა (Atrax robustus). მისი გავრცელების არეალი მხოლოდ 100 კმ-იანი რადიუსით შემოიფარგლება. ეს შხამიანი მწერი მხოლოდ აგრესიულობით კი არა, შხამის მაღალი ტოქსიკურობითაც გამოირჩევა, თუმცა ავსტრალიის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის (James Cook University) მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ობობას შხამის კომპონენტებს უნარი შესწევთ, შერჩევით გაანადგურონ მკერდის ავთვისებიანი კიბოს უჯრედები.

პირველადი შედეგები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ავსტრალიის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლმა ნაციონალურმა ფონდმა (National Breast Cancer Foundation) მეცნიერებს გრანტი – 205 000 დოლარი გამოუყო.

ობობას შხამი წარმოადგენს ბიოლოგიურად რთული ორგანული ნაერთების კომპლექსს. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა წინაშე დგას რთული ამოცანა – მხოლოდ შხამის კომპონენტების იდენტიფიცირება კი არ მოახდინონ, არამედ დაადგინონ თითოეული მათგანის კიბოს საწინააღმდეგო აქტივობაც.

პარალელურად ავსტრალიელი მეცნიერები სწავლობენ ავსტრალიური გიგანტური ტარანტულების შხამის შემადგენლობას და უცნაური სამხრეთაზიური მცენარის – გაკის (Momordica cochinchinensis) ქსოვილების ანტისიმსივნურ თვისებებს.

health-ua.org-ის მიხედვით

მოამზადა რუსუდან თედორაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“