შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თორნიკე ჭელიძე- მოწყენილი გზის ჯადო

ორი-სამი საათია ვზივარ და ვფიქრობ, არჩეული თემებიდან რომელზე დავწერო ბლოგი. სკოლიდან რამდენიმე საათის მოსული ვარ, დაღლილი ფიზიკურად, გონებრივად, მიუხედავად იმისა, რომ იმ სკოლაში, სადაც ვმუშაობ, ყველა მხრივ კარგი გარემოა სამუშაოდ.
რამდენიმე დღეა ვერ ვიშორებ ამ სტროფს:

„საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?“

ჩვენს შემთხვევაში ქნარი სხვა რამაა, ქნარია ის საქმე, რასაც მასწავლებლები ვაკეთებთ ყოველდღიურად, წლების განმავლობაში, მონდომებით, ზოგჯერ ინერციითაც. საინტერესო კი უფრო სხვა რამაა ჩემთვის ამჯერად. ის, თუ რას მოგვცემს და რას გვაძლევს საქართველო. აღსანიშნია ის, რომ თვითონ საქართველოს ჩვენ ვქმნით – მასწავლებლები ჩვენივე მოსწავლეებით და თუ ქვეყანამ შემდეგ ვერაფერი პირობა შეგვიქმნა, ნაწილობრივ ჩვენი ბრალიც არის, მაგრამ..

რა მოგვცა საქართვლომ? საქართველოში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სახელმწიფო პოლიტიკა, ხელისუფლების, საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიისადმი. სამი წლის წინ ჯავახეთის ერთ-ერთ სკოლაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა უამრავი ადამიანისგან მოვისმინე ფრაზები: „შენ კიდევ სკოლაში მუშაობ?“ „არაუშავს, გამოჩნდება რამე სხვაც“, „დროებით იქნები და ნახავ მერე ნორმალურ საქმეს“ და სხვა. ის ადამიანებიც კი, რომელთა მათემატიკის ცოდნა ჯოკრის ქულების შეკრებით, ქართულისა და უცხო ენების ცოდნა რამდენიმე საგინებელი და საკონტაქტო სიტყვით და ისტორიის ცოდნა გიორგი სააკაძის სახელით და გვარით შემოიფარგლებოდა და აზარტული თამაშებით ირჩენდნენ თავს, და ისინიც, უმაღლესი განათლება რომ ჰქონდათ და საღამოს ჩაიზე პეტერბურგული აქცენტის რუსულით საუბრობდნენ დოსტოევსკისა და გოგოლის შესახებ, ყველა ეს ჯგუფი ისე აღმიქვამდა, როგორც უკანასკნელ საწყალს, რომელმაც სხვა სამსახური ვერაფერი ნახა და მასწავლებლობაც ამიტომ დაიწყო. ასე გრძელდება დღემდე.

ჩვენთან  ვერ შექმნა ის გარემო, სადაც პროფესია მასწავლებელი, უარეს შემთხვევაში, ბედარეულთა და უიღბლოთა საქმედ არ იქნებოდა მიჩნეული. დღეს თითქოს მატერიალური კუთხით არის უმცირესი წინსვლები. მაღალმთიანი სოფლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებმა პედაგოგთა ხელფასებზეც დადებითად იმოქმედა, თუმცა მკითხველის დიდი ნაწილი დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური საგანმანათლებლო სისტემა გვქონდეს, პირველ რიგში ამ სისტემის უმთავრესი ლოკომოტივის – მასწავლებლისთვის უნდა არსებობდეს სხვადასხვა ტიპის მოტივატორები, რომელთა შორის ერთ-ერთ მთავარ პუნქტებად შრომის ანაზღაურება , პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ითვლება.

რას მომცემს ისეთს მე საქართველო? კიდევ ვამბობ, რომ სიტყვაში – საქართველო – იგულისხმება ქვეყნის პარლამენტი, მთავრობა, განათლების სამინისტრო თავისი სსიპ-ებით, აი, ამათგან მოელიან მასწავლებლები უკეთესობას პირველ რიგში… უკეთესობა არ ნიშნავს მხოლოდ მათ დატვირთვას სქემით, გამოცდებით, რომლებიც ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია პროფესიული ზრდისთვის.

თუ ამ სტატიას კითხულობენ ის ადამიანები, ვისაც  ამ ყველაფრის დადებითისკენ შეცვლა შეუძლიათ, მინდა ვუთხრა, რომ გამოყონ თანხა, ადგნენ და გადაიღონ ვიდეორგოლები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები მასწავლებლების შესახებ, გახადონ უფრო პოპულარული და საინტერესო ეს პროფესია, მოუმატონ ხელფასი მასწავლებლებს და დამერწმუნეთ, რომ საგამოცდოდაც ჩვენ მშვენივრად მოვემზადებით, საქმეშიც ჩავერთვებით და ყველა სიახლეს უფრო მხნედ ავუბამთ მხარს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო-ბოლო მხატვრული თუ პროფესიული წიგნებისა თუ პერიოდიკის და სხვა საჭიროებების შეძენა აღარ გაგვიჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი