სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩემი მარინა მასწავლებელი

მე და ჩემს მარინა მასწავლებელს ერთმანეთი გვიყვარდა, ახლაც გვიყვარს. მერე რა, რომ მეოთხე კლასიდან სისხლს ვუშრობდი.

მაშინ დიდი მეგონა, ახლა ვხვდები, ძალიან ახალგაზრდა იყო. უბრალოდ იერი ჰქონდა მკაცრი -ყოველთვის მოწესრიგებული, ჩალისფრად შეღებილი თმა, მოყავისფრო, მკაცრი, ზომიერად მოდური კოსტიუმი და ქვედა ბოლო, თეთრი პერანგი.

სხვა მასწავლებლები გვლანძღავდნენ, ზოგიერთი ფიზიკურადაც გვეხებოდა. ის ხმასაც არ უწევდა, შემოვიდოდა და გასუსული იყო მთელი კლასი.

სწამდა პარტიის, იყო მგზნებარე საბჭოთა მოქალაქე. მე ამ დროისთვის დაწყებით კლასებში ისეთი მწარე გამოცდილება მქონდა აკრეფილი დესპოტი დამრიგებლისგან, ასე მეგონა, ყველაზე მთავარი, რაც სკოლაში მევალებოდა, მასწავლებლებზე შურისძიება ან მათი დაცინვა იყო.

თავში დავწერე, სისხლს ვუშრობდი-მეთქი, არაა სწორი, სისხლს ვერც ვერავინ უშრობდა მარინა მასწავლებელს, მაგრამ მე მისი სიმტკიცის გვარიანად შერყევა შემეძლო.

ვინ ვიყავი და რა უპირატესობა მქონდა სხვა მოსწავლეებთან შედარებით?

ჩემს მარინა მასწავლებელს აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტეტები, ყოველთვის, ყველგან, ყველა დონეზე.
მოსწავლეებს შორის მე ვიყავი მისი ავტორიტეტი. უპირველესად იმიტომ, რომ მამაჩემი პოეტი იყო. ეს იცით რას ნიშნავდა? ეს პოეტი გინდაც სულ არ ყოფილიყო პარტიისა და საბჭოეთის მეხოტბე, ის მაინც იყო ძლევამოსილი საბჭოთა სტრუქტურის წევრი.

მარინა მასწავლებელს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მამაჩემი პარტიული არ იყო. ერთ-ორჯერ დამემუქრა, მამას სამსახურში პარტიულ საყვედურს გავუგზავნითო. მეც არ ამომიღია ხმა, სახლში კი ბევრი იცინეს, რა მოხდებოდა, რედაქციაში სკოლიდან რომ მსგავსი რამ შესულიყო. თუმცა მამას რომ რომელიმე ქარხანაში ემუშავა, სულაც არ ეს იქნებოდა ასე სასაცილო თემა.

მამის გარდა, მარინა მასწავლებლის თვალში წონას მმატებდა ის, რომ სულ ვიმარჯვებდი ქართულის ტურებში, რომლებშიც რაღაც თავისუფალ თემებს ვწერდი. ეს თავისუფალი თემებიც მამას „დამსახურება” იყო. ახლა საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, რა მაგარია, ვინმე ახალგაზრდა ლექსებს რომ მოგიტანს და უეცრად ნიჭიერ პოეტს აღმოაჩენ. ჟურნალი „ცისკარი” მაშინ ახალგაზრდებისათვის ერთადერთი შესაძლო არენა იყო და ვინც 80-იანებში მოვიდა, მათი დებიუტის სიხარული აუცილებლად მამასთან ერთად უნდა გაგვეზიარებინა. დაბრუნდებოდა გახარებული სამსახურიდან და გვიკითხავდა, როცა რამე ღირებული და განსაკუთრებული შეხვდებოდა. ბავშვობაში ვერლიბრიც კი ადვილად მამახსოვრდებოდა. მივდიოდი მერე იმ რაიონულ, საქალაქო თუ რესპუბლიკურ ტურებზე და ვთქვათ, ომარ თურმანაულის ან ელა გოჩიაშვილის ლექსებს პროზად ვწერდი. ვინ იყო ამომცნობი? მერე და მერე სულ გავთავხედდი და ბესიკ ხარანაულის „მიკარნახე ანგელინა”, რომელიც მაშინ “ლიტერატურულ საქართველოში” ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა, სულ თავისუფალ თემებად „ნათარგმანები” ვაკითხე ჩემთვის უცნობ კომისიებს.

ალბათ ოჯახიც მაქეზებდა მსგავსი ოინბაზობებისკენ, რადგან სკოლა მათთვისაც საბჭოთა მიუღებელი სტრუქტურა იყო თავის მასწავლებლებიან-კომისიებიანად და, საერთოდ, მაშინდელი კრიტიკა დიდად არ სწყალობდა ვერლიბრს. სწყალობდა კი არა, მთელი კამპანია იყო გაჩაღებული თეთრი ლექსის წინააღმდეგ. ალბათ გრძნობდნენ, ლექსის მყარი სტრუქტურების ნგრევიდან იმპერიის ნგრევამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. გრძნობდნენ და ეშინოდათ. ამ შიშსა და მიუღებლობას სახლში დასცინოდნენ და მეც წახალისებული ვიყავი.

მარინა მასწავლებელი კი წლობით ციტირებდა ხოლმე ნაწყვეტებს ჩემი თემებიდან, ვთქვათ, „ … და მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე”. დიდი იმედი მაქვს, ხარანაულს მანამ არ წაიკითხავდა, სანამ სახელმძღვანელოებში არ აღმოჩნდა და დავიჯერო 20 წელი ემახსოვრებოდა?!

ასე თუ ისე, მარინა მასწავლებელს ვუყვარდი და სიყვარული მის საყოველთაო სიმკაცრეს ჩემ მიმართ გვარიანად ამცირებდა, თანაც სწორედ ამ სიყვარულის გამო ის უკვე ჩემთვის შიშველი სამიზნე ხდებოდა და მეც შიგადაშიგ ვარტყამდი მის შეურყეველ რწმენას პარტიისა და საბჭოეთის შესახებ. მაგრამ ისე მოხდა, ყველაზე ძლიერი დარტყმა შემთხვევით მივაყენე. უფრო სწორად, ეს ჩემმა დამ ჩაიდინა.

1988 წელი იყო, ეროვნული მოძრაობა ძალას იკრებდა, რწმენაც მოდაში შემოდიოდა. რაც უფრო ახლოს იყო კერპების მსხვრევა, მით უფრო მძაფრდებოდა მარინა მასწავლებლის რწმენა და მოწიწება პარტიისადმი და აი, ამ დროს თბილისის ძეგლების დასათვალიერებლად წასულებს ანჩისხატის ეზოში თავსაფრითა და ცოცხით ხელში ჩემი და გადაგვეყარა.

მაშინ პირველად ვნახე წონასწორობადაკარგული მარინა მასწავლებელი.

– პოეტის ქალიშვილი! – კიოდა ის. ეს კივილი და გვრგვინვა მერეც დიდხანს გრძელდებოდა, სკოლის კედლებშიც, რადგან ასეთი სამარცხვინო და მიუღებელი, როგორიც მაშინ ჩემი და იყო, ალბათ, მარინა მასწავლებელს სხვა არაფერი ენახა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სადღაც წელიწადნახევარში ჩემი დის ადგილი ტაძრის ეზოში მარინა მასწავლებელმა დაიჭირა. მას აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტეტი და ერთი რომ დაენგრა, სასწრაფოდ მეორეთი ჩაანაცვლა. ჩვენ, მოსწავლეებმა გვარიანად ვიხეირეთ ამ ამბით. ორიანის დაწერას რომ დააპირებდა, მამაოსგან კურთხევა არ გაქვთო, ვაშინებდით. საერთოდაც დასუსტდა. ადრე თუ მხოლოდ მიმიკა ჰყოფნიდა ჩვენს დასაშოშმინებლად ახლა უკვე ჩვეული ტრაფარეტული ფრაზებიც ვეღარ შველოდა, დაიწყო ყვირილი და მუქარა:

– იცინეთ, იცინეთ და წლის ბოლოს ვინ გაიცინებს, მაგასაც დავინახავთ.
– ზარი ჩემთვისაა და არა თქვენთვის!
– თავი რატომ არ დაგრჩათ?!
– მე ერთი ვარ, თქვენ 22!

მოკლედ, დაემსგავსა იმდროინდელ ჩვეულებრივ მასწავლებელს. მერე ჩვენ სკოლა დავამთავრეთ.

იმის მერეც ბევრჯერ ვნახე ჩემი მარინა მასწავლებელი. ეროვნული მოძრაობითა და რელიგიით გატაცებამ ნელ-ნელა გაუარა. თითქოს ჩაქრა, ძველი რწმენა დაკარგა, ახალმა კარგი არაფერი მოუტანა. გაუჩნდა ყველაფრისადმი უნდობლობა. ამას ისიც დაემატა, მისმა შვილმა, პირიქით, გადამეტებული ოპტიმიზმის წყალობით, ბინა ჩადო ბანკის ვალში. ახლა მარინა მასწავლებელი ძალიან ბევრ მოსწავლეს ამზადებს, შრომობს, წვალობს. ცოტაღა დარჩა. მე ძალიან ვგულშემატკივრობ, ასე მგონია, მარინა მასწავლებლის ბრალი არაფერი არაა. ის ასე გაზარდეს, ლოზუნგებად წარმოედგინა ცხოვრება. ახალი მიიღო, იმან უარესი დამართა. როცა ფიქრი უნდა ესწავლა, უკვე პედაგოგის ძალიან მაღალ კვარცხლბეკზე იყო შემდგარი. იქიდან ჩამოსვლა და თავიდან დაწყება არ შეეძლო. ამიტომ ჩამოენარცხა. მერე კი დადგა ფეხზე, მაგრამ ძალიან შეშინებული, დამფრთხალი, ღირსებაშელახული.

ამ ყველაფრის გამო საკუთარი კოლეგების მიმართაც რაღაცნაირად ჯიბრიანია გამხდარი. ერთადერთი, რამაც მისი დანგრეული თავმოყვარეობა თუ თვითშეფასება ცოტა აღადგინა, ერთიანი სასერთიფიკაციო გამოცდებია – პირველივე ცდაზე წარმატებულად ჩააბარა, მაგრამ ამაზე ისე ჰყვება და იმდენჯერ, შეგეცოდება, დარწმუნებული ვარ, თავის კოლეგებშიც თუ ასე ხშირად ახსენებს ამ სერთიფიკატს, დაცინვისა და შურის სამიზნე იქნება.
სულ ახლახან შემხვდა უბანში.

ჩვენ ორივეს გვინათდება თვალები ერთმანეთის დანახვისას. ის გრძნობს ჩემს უხმო თანაგრძნობას. თუმცა ძველი ინერციითა და კიდევ რაღაც-რაღაც წვრილმანების გამო, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, მარინა მასწავლებლისთვის ისევ ერთგვარი ავტორიტეტი ვარ. ისევ არ შეუძლია სხვანაირად. მე უკვე დიდი ვარ, ასეთი დამოკიდებულება აღარც მსიამოვნებს და აღარც ეიფორიაში მაგდებს, თუმცა რაღაცნაირად სკოლის წლებში მაბრუნებს, თითქოს ონავრობის ხასიათზე ვდგები. და სანამ გამახსენდებოდეს, რომ ახლა ვეღარ ვიქნები ისე უსინდისო, როგორიც მაშინ ვიყავი, დიდხანს, დიდხანს შემიძლია ვიდგე ქუჩაში და ვიქაქანო ჩემს მარინა მასწავლებელთან ერთად.

და აი, სულ რამდენიმე დღის წინ, იმას სკოლაში არ აგვიანდებოდა (არდადეგები იყო და ალბათ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნახევარი საათით ადრე მივიდოდა თუ გვიან), არც მე მეჩქარებოდა და დიდხანს ვიდექით ერთმანეთთან საუბარში გართულნი. წლევანდელი იანვარი ისეთი მზიანია, მარინა მასწავლებელიც კი მოეყვანა ხასიათზე, თუმცა რაღაცები მაინც იწუწუნა, მათ შორის ისიც, რომ გოგო გოგოს რომ აღარ ჰგავს და ბიჭი – ბიჭს. ამ საუბარში ვიყავით, ჩემმა შვილმა გამოიარა. მოზრდილი თმა კი ხშირად ჰქონია, მაგრამ ჩემი მარინა მასწავლებლის ჯიბრზე ცხოვრებაში პირველად რეზინით ჰქონდა შეკრული.

ჩემმა ბიჭმა რომ დამინახა, რა თქმა უნდა, მოვიდა და გავაცანი. მარინა მასწავლებელი შეცბა, აღარ უკივლია, როგორც ადრე, მაგრამ მისი თვალები ამბობდნენ: „შენი შვილი, თეონა, შენი შვილი!”

მე აღარ, მაგრამ ცხოვრება ისევ დასცინის ჩემს მარინა მასწავლებელს. არადა, ისევ ძალიან მიყვარს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი