პარასკევი, აგვისტო 14, 2026
14 აგვისტო, პარასკევი, 2026

გაცოცხლებული ჩრდილები საკლასო ოთახში

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სწავლება დიდი ხანია, გასცდა მშრალი, თეორიული ფაქტების მიწოდების ჩარჩოებს. მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა, აქციოს სასწავლო პროცესი ცოცხალ, შემოქმედებით თავგადასავლად, სადაც ბუნების კანონების შეცნობა პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას დაუკავშირდება. სწორედ ამგვარი სინთეზის, კოლაბორაციული აზროვნებისა და შემოქმედებითი ძიების შედეგია მოკლევადიანი ინტეგრირებული პროექტი „ჩრდილების თეატრი“, რომელიც ჩვენს საკლასო ოთახში ნამდვილ საგანმანათლებლო დღესასწაულად იქცა. ყველაფერი კი ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, ერთი მარტივი კითხვით დაიწყო: როგორ წარმოიქმნება ჩრდილი?

მეცნიერული ძიებიდან იდეის დაბადებამდე

პროექტის პირველი ეტაპი ექსპერიმენტებსა და დაკვირვებებს დაეთმო. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეისწავლეს სინათლისა და ჩრდილის ურთიერთკავშირი. სხვადასხვა ფიგურაზე მანიპულირებით, მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დიდდება ან პატარავდება ჩრდილი ობიექტის გადაადგილებისას, როდის ხდება იგი მკვეთრი და მუქი, და რაზეა დამოკიდებული მისი სიდიდე თუ კონტური.

როდესაც მოსწავლეებმა სრულად აითვისეს ჩრდილის წარმოქმნის ფიზიკური კანონზომიერებები, გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა ხელოვნებად ვაქციოთ? ასე დაიბადა იდეა, მოგვეწყო ჩრდილების თეატრი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ მოვლენებს აჩვენებდა, არამედ უმნიშვნელოვანეს ადამიანურ ფასეულობებს გააცოცხლებდა.

პროექტის მიზნები და ამოცანები

სანამ უშუალოდ შემოქმედებით პროცესს დავიწყებდით, მოსწავლეებთან ერთად მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის ძირითადი მიზნები, რომელთა მიღწევაც ამ მოკლევადიანი პროექტის ფარგლებში გვსურდა. პროექტის მიზნობრივი პლატფორმა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს აერთიანებდა:

  • საგნობრივი ცოდნის ინტეგრაცია და ტრანსფერი: ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის (სინათლისა და ჩრდილის ოპტიკური თვისებები) პრაქტიკულ, შემოქმედებით გარემოში გადატანა და მისი დაკავშირება ქართულ ენასთან, ხელოვნებთან, მუსიკასთან და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან.
  • წიგნიერებისა და ითხვის უნარების განვითარება: მოსწავლეებში კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ინტონაციით, პაუზებისა და ხმის ტემბრის სწორი მართვით პერსონაჟის ემოციური მდგომარეობის ზუსტად გადმოცემა.
  • სოციალურ-ემოციური კომპეტენციებისა და ღირებულებების ფორმირება: როლური თამაშებისა და თეატრალური ხელოვნების საშუალებით მოსწავლეებში ისეთი ფუნდამენტური ფასეულობების გააზრება და დამკვიდრებულ ქცევად ქცევა, როგორებიცაა ემპათია, განსხვავებულობის მიმღებლობა (ინკლუზია), ანტიბულინგური განწყობები, მეგობრობა და უანგარო გაზიარება.
  • კოლაბორაციული კულტურის გაძლიერება: გუნდური მუშაობის, აზრთა მრავალფეროვნების პატივისცემისა და საერთო მიზნის მისაღწევად პასუხისმგებლობების თანაბრად განაწილების უნარის განვითარება.
  • ტექნოლოგიური და შემოქმედებითი ინოვაციურობა: ციფრული რესურსების (პროექტორის) გამოყენებით საკლასო ოთახში ინოვაციური, ალტერნატიული სასწავლო სივრცის მოდელირება.

ტექსტების შერჩევა და ლიტერატურული დამუშავება

თეატრისთვის შეირჩა თეა ლობჟანიძის საგანმანათლებლო და მორალური ღირებულებებით დატვირთული ტექსტები, სადაც პერსონაჟები ცხოველები არიან. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს ნაწარმოებები და ერთხმად შეარჩიეს 3 მათგანი. ეს ტექსტები ბავშვებისთვის ნაცნობ და მეტად აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა: ბულინგი, დაცინვა, განსხვავებულობის მიმღებლობა, გუნდურობა, მეგობრობა, ნივთების გაზიარება და თვითდაჯერებულობა.

 მას შემდეგ, რაც სიუჟეტები გავაანალიზეთ, დაიწყო მეტყველებასა და კითხვაზე მუშაობის ეტაპი (ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრაცია). მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ კარგად კითხვის კრიტერიუმები. კითხვისა და რეპეტიციების პროცესში აქტიურად გამოვიყენეთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები: თვითშეფასების ბარათები და ორმხრივი ურთიერთშეფასების რუბრიკები. მოსწავლეები წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით უსმენდნენ ერთმანეთს და გასცემდნენ მეგობრულ, კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ეხმარებოდათ დამოუკიდებლად დაენახათ საკუთარი პროგრესი.

ინოვაციური აღმოჩენა: პროექტორი ტრადიციული სანათის ნაცვლად

ჩრდილების თეატრის შექმნა ხელოვნებისა და ტექნოლოგიების (ისტ) სინთეზის საუკეთესო ნიმუში აღმოჩნდა. მოსწავლეებმა თავად, საკუთარი ხელით დაამზადეს პერსონაჟების მუყაოს ფიგურები. ერთობლივად შევქმენით დიდი ხის ჩარჩო, რომელზეც თეთრი ნაჭერი გადავაკარით.

აქ კი მივმართეთ ინოვაციულ მიდგომას: ნაცვლად ტრადიციული მაგიდის სანათისა ან ნათურისა, რომელიც ჩრდილების თეატრში სტანდარტულად გამოიყენება, ჩვენ განათების წყაროდ პროექტორის ნათება გამოვიყენეთ. პროექტორის უპირატესობა უნიკალური აღმოჩნდა — ეკრანზე სლაიდების (PowerPoint) სახით ვცვლიდით ფონურ სურათებსა და გარემოს, სადაც მოქმედება ვითარდებოდა (ტყე, მდელო, სახლი). ამან სპექტაკლს განსაკუთრებული დინამიკა, სიღრმე და თანამედროვე ვიზუალური ეფექტი შესძინა.

მუსიკალური გაფორმება და მშობელთა თანამონაწილეობა

სპექტაკლის დასრულებული სახისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მუსიკალური გაფორმება. ეს პროცესიც მთლიანად მოსწავლეთა ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა სათითაოდ მოუსმინეს სხვადასხვა კომპოზიციას და თავად გადაწყვიტეს, რომელ ეპიზოდს რომელი მუსიკა შეეფერებოდა.

ამასთანავე, პროექტის უმნიშვნელოვანესი საყრდენი აღმოჩნდა მშობელთა აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობა. მშობლები დიდი ენთუზიაზმით დაგვეხმარნენ სცენის დიდი ხის ჩარჩოს კონსტრუირებაში და ტექნიკური დეტალების მოწესრიგებაში. პროექტის კულმინაცია კი გახდა საჩვენებელი სპექტაკლი, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად მოსწავლეთა მშობლებიც დაესწრნენ. მათთვის განსაკუთრებით ემოციური და საამაყო აღმოჩნდა იმის ხილვა, თუ როგორ შეძლეს ბავშვებმა რთული მორალური დილემების გააზრება და მათი ეკრანზე გაცოცხლება.

 

პროექტის შედეგები და განვითარებული უნარები

„ჩრდილების თეატრმა“ ნათლად აჩვენა, რომ საგანთა ინტეგრაციას აქვს მულტიპლიკაციური ეფექტი. პროექტის დასასრულ მოსწავლეებმა მიაღწიეს კომპლექსურ შედეგებს და განივითარეს არაერთი მნიშვნელოვანი უნარი:

  1. საგნობრივი კომპეტენციები (აკადემიური შედეგები):
  • ბუნებისმეტყველება: პრაქტიკულად გააანალიზეს ოპტიკური მოვლენები, სინათლის გავრცელება და ჩრდილის მახასიათებლები.
  • ქართული ენა და ლიტერატურა: მკვეთრად გაუმჯობესდა კითხვის ტექნიკა, ინტონაციით კითხვა, ტექსტის სიღრმისეული გააზრება და პერსონაჟთა ხასიათების ანალიზი.
  • ხელოვნება და მუსიკა: განივითარეს ფიგურების მოდელირების, სივრცის აღქმის, სცენოგრაფიისა და მუსიკალური ილუსტრირების უნარები.
  • ისტ (ტექნოლოგიები): ისწავლეს ციფრული ფონების (სლაიდების) დაკავშირება რეალურ, ფიზიკურ თეატრთან.
  1. ტრანსფერული და პიროვნული უნარები:
  • გუნდურობა და კოლაბორაცია: მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ საერთო პროდუქტის (სპექტაკლის) წარმატება დამოკიდებულია თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაზე. მათ ისწავლეს საქმის განაწილება და ერთმანეთის მხარდაჭერა.
  • ემპათია და სოციალური შეგნება: ცხოველების როლების მორგებითა და თამაშის პროცესით, ბავშვებმა გაითავისეს ბულინგისა და დაცინვის მავნე შედეგები, ისწავლეს განსხვავებულის მიღება და მეგობრობის ფასი.
  • თვითდაჯერებულობა და საჯარო გამოსვლები: ხმის ტემბრის მართვამ და ჩრდილს მიღმა მუშაობამ იმ მოსწავლეებსაც კი აუმაღლა თვითშეფასება, რომლებიც მანამდე საჯაროდ აზრის გამოთქმას ერიდებოდნენ.

 პროექტი „ჩრდილების თეატრი“ გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსწავლისთვის ერთ-ერთი დაკვირვება გარდაიქმნას უდიდეს სოციალურ-ემოციურ გამოცდილებად. საგნების ამგვარი სინთეზი მოსწავლეს უვითარებს მთლიანობით ხედვას — სამყარო ხომ დანაწევრებული საგნებისგან კი არ შედგება, არამედ ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული მოვლენებისგანაა აგებული. ხოლო, როდესაც ამ ერთიანობას საფუძვლად ჰუმანური ღირებულებები ედება, საკლასო ოთახში ზუსტად ისეთი თაობა იზრდება, რომელიც ჩვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის.

ბიბლიოგრაფია:

ლობჟანიძე, თ. (2009). მოთხრობები ფასეულობითი განათლებისთვის – წიგნი მეორე. საგანმანათლებლო პორტალი el.ge. https://el.ge/articles/31

ლობჟანიძე, თ. (2009). მოთხრობები ფასეულობითი განათლებისთვის – წიგნი მეორე. საგანმანათლებლო პორტალი el.ge https://el.ge/articles/30

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

უსაფრთხო სკოლისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“