ლიტერატურის სწავლებისას მნიშვნელოვანია სწორი კითხვების დასმა. მხატვრული ტექსტს აქვს უნარი ისტორიული ფაქტი დაგვანახოს ადამიანის გამოცდილების, მისი პერსონალური ისტორიის პერსპექტივიდან, მკითხველს მისცეს საშუალება ისტორიული მოვლენა ადამიანის გამოცდილების საშუალებით გვიჩვენოს და წარსულს არა მხოლოდ გარედან შეხედოს, არამედ მონაწილეთა განცდაც გაიაზროს.
კრისტინ ჰანას რომანი „ბულბული“ სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესო უფროსკლასელებისთვის.
რომანში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ვითარდება. ცენტრში ორი და – ვიენი და იზაბელი დგანან, რომლებიც ერთსა და იმავე ისტორიულ რეალობაში სრულიად განსხვავებულ გზებს ირჩევენ. მათი გამოცდილებით ავტორი გვიჩვენებს ომის კიდევ ერთ, ხშირად ნაკლებად ხილულ მხარეს – ქალების ცხოვრებას, ოჯახების ყოველდღიურ ბრძოლას, წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმას და იმ რთულ არჩევანს, რომლის წინაშეც ისინი ომის პირობებში აღმოჩნდებიან.
ამიტომ „ბულბულის“ კითხვისას მოსწავლისთვის მთავარი კითხვა უნდა იყოს არა – „რა მოხდა?“, არამედ – „რას ნიშნავს ეს ყველაფერი ადამიანისთვის?“
ტექსტის მიღმა დანახული გამოცდილება
მხატვრული ტექსტის კითხვისას მოსწავლე მხოლოდ მოვლენების განვითარებას არ უნდა გაჰყვეს. მნიშვნელოვანია, მან დაინახოს ის ადამიანური გამოცდილება, რომელიც პერსონაჟების ქცევისა და არჩევანის მიღმა იმალება. რას ნიშნავს ომი მათთვის? როგორ იცვლება ადამიანის ყოველდღიურობა, ურთიერთობები, მოლოდინი და გადაწყვეტილებები მაშინ, როცა ნაცნობი სამყარო იცვლება?
ტექსტის კითხვისას სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება წავიყვანოთ მოსწავლის მსჯელობა: მან ტექსტში უნდა მოძებნოს არა მხოლოდ ის, რაც ხდება, არამედ ისიც, რას განიცდის ადამიანი ამ დროს.
პასუხის გასამარტივებლად შეიძლება შევთავაზოთ ორი სვეტის შექმნა:
| ისტორიული მოვლენა | ლიტერატურული გამოცდილება |
| ოკუპაცია | ყოველდღიური შიში და შეზღუდვები |
| ფრონტზე წასვლა | ოჯახში დარჩენა და მოლოდინი |
| წინააღმდეგობა | არჩევანი და პასუხისმგებლობა |
| ომის დანაკარგები | პირადი ტრაგედია |
| გადარჩენა | ცხოვრების თავიდან დაწყების აუცილებლობა |
ომის ლიტერატურული პერსპექტივა
ტექსტის ერთ-ერთი საინტერესო შესაძლებლობა ვიენისა და იზაბელის განსხვავებული არჩევანია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ერთსა და იმავე ომში ცხოვრობენ, თუმცა მოვლენებს განსხვავებული გამოცდილებით ხვდებიან და სხვადასხვა გზას ირჩევენ.
აქ შეიძლება გამოვიყენოთ აქტივობა „ერთი მოვლენა – ორი პერსპექტივა“.
მოსწავლეები შეარჩევენ რომანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს და განიხილავენ მას ორი პერსონაჟის თვალით:
- რას ხედავს ვიენი?
- რას ხედავს იზაბელი?
- რა არის თითოეული მათგანისთვის მთავარი?
- რა იციან მათ გადაწყვეტილების მიღების მომენტში?
- რა რისკზე მიდიან?
- შეიცვლებოდა თუ არა მათი არჩევანი სხვა ვითარებაში?
შემდეგ შეიძლება დაისვას კითხვა:
შეიძლება თუ არა ერთი და იგივე მოვლენა ორი ადამიანისათვის სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი იყოს?
ამ შემთხვევაში მოსწავლე მხოლოდ პერსონაჟებს არ ახასიათებს. ის იწყებს პერსპექტივის გააზრებას – სწავლობს, რომ ადამიანის მოქმედების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ გარემოებათა ცოდნა, რომელშიც ეს მოქმედება ხდება.
გმირობა – ერთი მნიშვნელობით?
ჰანას რომანის განხილვისას საინტერესო იქნება თვითონ სიტყვა „გმირობის“ გააზრებაც.
მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი კითხვა:
არის თუ არა გმირობა მხოლოდ გამბედაობა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?
შემდეგ მათ შეუძლიათ ტექსტიდან მოძებნონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ერთი შეხედვით გმირობად შეიძლება არც აღიქმებოდეს, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდეს. აქ შესაძლებელია პატარა ჯგუფური სამუშაოს ჩატარებაც:
თითოეულ ჯგუფს მიეცემა ერთი მოქმედება ან პერსონაჟის არჩევანი. ჯგუფმა უნდა უპასუხოს სამ კითხვას:
რას აკეთებს პერსონაჟი?
რატომ აკეთებს?
რა მნიშვნელობის მატარებელია მისი მოქმედება?
ბოლო ეტაპზე ჯგუფები თავიანთ მოსაზრებებს ერთმანეთს გაუზიარებენ.
ასეთი აქტივობა მოსწავლეებს მზა შეფასების მიღების ნაცვლად არგუმენტირებული შეფასების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ემპათია პერსონაჟის გამართლება არ არის
მხატვრული ტექსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ემპათიის განვითარებაა, თუმცა, ვფიქრობ, აქაც მნიშვნელოვანია სწორი აქცენტის გაკეთება.
მოსწავლეს არ უნდა მოვთხოვოთ მხოლოდ პერსონაჟის „შეცოდება“ ან მისი ემოციების გაზიარება. უფრო მნიშვნელოვანია, მან შეძლოს მისი მდგომარეობის გააზრება.
ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოვიყენოთ კითხვები:
- რა იცოდა პერსონაჟმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას?
- რა არჩევანი ჰქონდა?
- რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ქცევის მიზეზი?
- რას დაკარგავდა სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში?
- როგორ შეაფასებდა მის მოქმედებას სხვა პერსონაჟი?
ამგვარი კითხვები ემოციას ანალიზთან აკავშირებს.
მოსწავლე სწავლობს, რომ სხვისი არჩევანის გაგება არ ნიშნავს მასთან უცილობელ შეთანხმებას.
შეიძლება პერსონაჟის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმო და მაინც შეძლო იმის ახსნა, რამ მიიყვანა იგი ამ გადაწყვეტილებამდე.
ერთი ამბავი – ერთი ადამიანის ხმა
ლიტერატურა ხშირად იქცევა იმ სივრცედ, რომელშიც დიდი მოვლენები ადამიანის პირად ისტორიას ხვდება. ერთი შეხედვით, ფართო ისტორიული სურათი შეიძლება შორეული და ზოგადი იყოს, მაგრამ საკმარისია მასში ერთი ადამიანის ხმა გაჩნდეს, რომ მოვლენამ კონკრეტული სახე შეიძინოს.
მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ პროექტული ტიპის დავალება – ერთი ადამიანის ხმა დიდი მოვლენის მიღმა.
მათ შეუძლიათ მოიძიონ მემუარი, დღიური, წერილი, ინტერვიუ ან სხვა პირადი მოგონება და დააკვირდნენ, როგორ იცვლება ერთი მოვლენის აღქმა, როცა მას კონკრეტული ადამიანის თვალით ვკითხულობთ.
მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ თავად ამბის მოძიება, არამედ მისი ლიტერატურული წაკითხვაც: რა ემოცია იგრძნობა ტექსტში? რას გვიმხელს მთხრობელის სიტყვები? რას ამბობს ადამიანი პირდაპირ და რას ვკითხულობთ სტრიქონებს შორის? როგორ მოქმედებს მისი გამოცდილება მისსავე დამოკიდებულებებსა და არჩევანზე? როგორ იცვლება ჩვენი წარმოდგენა ერთ მოვლენაზე, როცა მას ერთი ადამიანის ხმით ვისმენთ?
ამგვარი აქტივობა ერთდროულად რამდენიმე უნარს ავითარებს: ინფორმაციის მოძიებას, წყაროს გააზრებას, შედარებას, არგუმენტირებასა და სხვადასხვა პერსპექტივის დანახვას.
ტექსტიდან თანამედროვე კითხვამდე
ლიტერატურის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ტექსტში დასმულ პრობლემასთან გააზრებულად მივიდეს.
„ბულბულის“ შემთხვევაში ასეთი კითხვები შეიძლება იყოს:
შესაძლებელია თუ არა, რთულ ვითარებაში უმოქმედობა იყოს არჩევანი?
რამდენად ცვლის გარემო ადამიანის მორალურ გადაწყვეტილებებს?
რა გვაძლევს ძალას, შევინარჩუნოთ ადამიანობა არაადამიანურ პირობებში?
ეს კითხვები უკვე რომანის ფარგლებს სცდება, თუმცა სწორედ ლიტერატურიდან გამომდინარეობს.
აქ შეიძლება გამოვიყენოთ „მოსაზრების ოთხი კუთხე“: საკლასო სივრცის ოთხ მხარეს განთავსდება პასუხები, „ვეთანხმები“, „ნაწილობრივ ვეთანხმები“, „არ ვეთანხმები“, „ჯერ ვერ გადავწყვიტე“. მოსწავლეები აირჩევენ პოზიციას, შემდეგ კი ტექსტიდან მოყვანილი არგუმენტით დაიცავენ საკუთარ მოსაზრებას.
მნიშვნელოვანია არა ის, რომელ მხარეს დადგება მოსწავლე, არამედ რამდენად შეძლებს საკუთარი პოზიციის დასაბუთებას.
რა რჩება ტექსტის წაკითხვის შემდეგ?
ვფიქრობ, ნაწარმოების კითხვისას ჩვენი მიზანი მხოლოდ სიუჟეტის გაგება და პერსონაჟთა დახასიათება არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს ტექსტში დაფარული მნიშვნელობების აღმოჩენა, პერსონაჟთა არჩევანის გააზრება, განსხვავებული პერსპექტივების დანახვა და საკუთარი მოსაზრების ტექსტზე დაყრდნობით ჩამოყალიბება.
და, საბოლოოდ, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმის გააზრება, რომ ყველაზე დიდი ისტორიული მოვლენები საბოლოოდ კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში ხდება.
ლიტერატურის გაკვეთილს სწორედ ეს შეუძლია – ისტორიის დიდ სურათში ადამიანის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბის დანახვა.


