პარასკევი, სექტემბერი 25, 2026
25 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კეთებით სწავლების როლი ბიოლოგიის გაკვეთილზე

ცოდნა განსაკუთრებით ღირებული მაშინ ხდება, როდესაც მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებასა და შემოწმებას სწავლობს. ბიოლოგიის გაკვეთილზე ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება, რადგან ცოცხალი ბუნების შესახებ კანონზომიერების გააზრება მხოლოდ თეორიული განმარტებებით ყოველთვის ვერ მიიღწევა. მცენარის ზრდაზე დაკვირვება, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება, ორგანოს მოდელის შექმნა, მიღებული შედეგების შედარება და დასკვნის გამოტანა, მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ცოდნა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ააგოს. კეთებით

სწავლების დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და არა მხოლოდ ინფორმაციის მიმღები. იგი სწავლობს შემოქმედებით, კვლევით, აღმოჩენითა და პრობლემის გადაჭრით. ამ პროცესში თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება, ხოლო სასწავლო მასალა უფრო გასაგები საინტერესო და დასამახსოვრებელი ხდება.

სტატიის მიზანი კეთებით სწავლების საგანმანათლებლო მნიშვნელობის წარმოჩენა და ბიოლოგიის სწავლების პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობების განხილვაა. სტატიაში ყურადღება გავამახვილე, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკულმა საქმიანობამ მოსწავლე აქციოს აქტიურ მკვლევარად და სწავლის პროცესის თანამონაწილედ.

 

გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს კეთებით სწავლებიდან:

აქტივობა: „ერთნაირად ვგრძნობთ ტკბილ გემოს?“

თემა: გემოვნების ორგანო და რეცეპტორები

კლასი: IX

მიზანი: მოსწავლეებმა ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე შეისწავლონ ადამიანებში გემოს აღქმის მგრძნობელობა, დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტი, შეაგროვონ და დაამუშაონ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, გააანალიზონ და გამოავლინონ ადამიანებს შორის არსებული ინდივიდუალური განსხვავებები და მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნა.

საკვლევი კითხვა: განსხვავდება თუ არა მოსწავლეთა მგრძნობელობა ტკბილი გემოს მიმართ?

ექსპერიმენტის მსვლელობა: მოსწავლეებს ეძლევათ შაქრის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები, რომლებსაც უმჯობესია ჰქონდეს კოდი, რადგან მოსწავლემ არ იცოდეს რომელ სინჯარაშია მეტი შაქარი,

მაგალითად: 0,1%–(A) 0,2%–(B) 0,4%–(C) 0,8%–(D) 1,6%–(E)

თითოეულ ნიმუშს მოსწავლე აგემოვნებს მცირე რაოდენობით და აფიქსირებს მხოლოდ ერთ-ერთ პასუხს:

  • ,,ვგრძნობ ტკბილ გემოს“
  • „ვერ ვგრძნობ ტკბილ გემოს“

როგორ ვადგენთ ზღვარს?

გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის პასუხებს

შაქრის კონცენტრაცია  პასუხი
0,1 % ვერ ვგრძნობ
0,2 % ვერ ვგრძნობ
0,4 % ვგრძნობ
0,8 % ვგრძნობ
1,6 % ვგრძნობ

 

მოცემულ შემთხვევაში 0,4% არის ამ მოსწავლის გემოს აღქმის ზღვარი.

როგორ ვადარებთ მოსწავლეებს?

გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია ექსპერიმენტში მონაწილე მოსწავლეების შედეგები

სახელები ტკბილი გემოს აღქმის ზღვარი
ნინო 0,2 %
მათე 0,4 %
გაბრიელი 0,4 %
ქეთევანი 0,8 %
დანიელი 0,2 %
ლუკა 0,8 %
ანა 0,4 %
ელენე 0,4 %
გიორგი 0,2 %
ნიკოლოზი 0,4 %

 

მოსწავლეები ამუშავებენ კვლევის შედეგებს და აკეთებენ დასკვნას.

 

აქტივობა: „შექმენი ბიოლოგიური ფილტრი“

თემა: ნიადაგის შემადგენლობა, წყლის ფილტრაცია, ეკოსისტემის დაცვა.

 

კლასი: VII

მიზანი: მოსწავლემ პრაქტიკული სამუშაოს საშუალებით გაიაზროს, როგორ მოქმედებს ნიადაგის შემადგენლობა წყლის მოძრაობასა და გაფილტვრაზე და რატომ არის ნიადაგი მნიშვნელოვანი ეკოსისტემისთვის.

აქტივობის მსვლელობა: მოსწავლეებს აძლევთ რამდენიმე გამჭვირვალე ბოთლს, რომლებსაც ქვედა ნაწილი მოჭრილი აქვთ, თითოეული ჯგუფი ქმნის სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგის ფილტრს.

  • პირველში ათავსებენ ქვიშას
  • მეორეში – თიხიან ნიადაგს
  • მესამეში – ქვიშისა და ორგანული ნარჩენების ნარევს
  • მეოთხეში – კენჭებსა და ნიადაგს.

 

შემდეგ ყველა ფილტრში ასხამენ თანაბარი რაოდენობის წყალს და აკვირდებიან:

 

  • რამდენად სწრაფად გაიარა წყალმა
  • რამდენად გამჭვირვალეა მიღებული წყალი.
  • რამდენი წყალი გამოვიდა
  • რომელი შემადგენლობის ნიადაგი აკავებს მეტ წყალს

 

რაში გამოიხატება კეთებით სწავლება?

  • მოსწავლე თავად აწყობს ფილტრს.
  • განსაზღვრავს მის შედგენილობას.
  • ატარებს წყალს.
  • ზომავს შედეგებს.

 

რა უნარებს უვითარებს მოსწავლეს აღნიშნული აქტივობა?

  • ექსპერიმენტის დაგეგმვა;
  • მასალის ფუნქციურად შერჩევა;
  • მონაცემების შედარება;
  • ეკოსისტემური პროცესების ახსნა.

 

 

კეთებით სწავლების პოპულარიზაციისთვის მოვამზადეთ ფოტოკოლაჟი, სადაც ასახულია მოსწავლეების მიერ გაკეთებული ნამუშევრები, როგორებიცაა: პლასტელინის გამოყენებით უჯრედისა და ორგანოების მოდელები, ერთჯერადი მოხმარების თეფშების გამოყენებით მიტოზისა და მეიოზის მოდელები, ორიგამით დნმ-ის მოდელი და სხვა. ხელით შექმნილი მოდელები, წარმოადგენს კეთებით სწავლების ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებიც მოსწავლეს აძლევს იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია ვიზუალურად დაიმახსოვროს და უკეთ გაიგოს ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორებიცაა – უჯრედის სტრუქტურა, ეკოსისტემა, ფოტოსინთეზი და ა.შ.

კეთებით სწავლების ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს:

  • მოსწავლის აქტიური ჩართულობა;
  • კვლევა და აღმოჩენები;
  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან;
  • გუნდური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ბიოლოგიის გაკვეთილებზე, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე კეთებით სწავლება წარმოადგენს სწავლების პროგრესულ მოდელს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას. ბიოლოგიის გაკვეთილები თავისი პრაქტიკული სამუშაოებით, განსაკუთრებით კარგად ერგება ამ მიდგომას და ქმნის საფუძველს, რომ მოსწავლე თავად გახდეს მეცნიერი სამყაროს შესასწავლად, ამისთვის კი აუცილებელია მასწავლებელთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა კეთებით სწავლების პრაქტიკა უფრო მასშტაბურად გავრცელდეს სკოლებში და იქცეს განათლების სისტემის ორგანულ ნაწილად.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ქცევის გზა მოზარდებში

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“