სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
22 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

 როგორ ვაქციოთ საკლასო ოთახი მოსწავლის განვითარების სივრცედ

საკლასო ოთახი არის ცოცხალი სივრცე, სადაც მოსწავლე დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს, სწავლობს, ურთიერთობს, ქმნის, გამოხატავს საკუთარ აზრს, უშვებს შეცდომებს, აღწევს პატარა თუ დიდ წარმატებებს და აგროვებს მოგონებებს. როდესაც გარემო მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული, სწავლის მოტივაციაც და კლასის მართვის ხარისხიც საგრძნობლად იზრდება.

ამიტომ საკლასო ოთახის მოწყობაზე ფიქრისას მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე არ უნდა გვაინტერესებდეს. მნიშვნელოვანია, რას ეუბნება ეს სივრცე მოსწავლეს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსურს გაგიზიაროთ პრაქტიკული იდეები და სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ საკლასო სივრცის ეფექტურად და ფუნქციურად მოწყობაში.

მერხების განლაგება – ერთი კლასი, რამდენიმე შესაძლებლობა

საკლასო ოთახის მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მერხების განლაგებაა. ხშირად მერხები მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაში რჩება, თუმცა სხვადასხვა ტიპის სასწავლო საქმიანობას განსხვავებული სივრცე სჭირდება.

კლასიკური რიგები – როდესაც მერხები ერთმანეთის უკან და დაფისკენ არის მიმართული, მოსახერხებელია ტესტირების, ინდივიდუალური მუშაობისა და ახალი მასალის ახსნის დროს, როდესაც ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.

მერხები წყვილად. წყვილებში მუშაობისას შესაძლებელია ორი მერხის გაერთიანება. ასეთი განლაგება მოსახერხებელია, მაგალითად, ერთმანეთის ნამუშევრების შეფასებისა და „Think–Pair–Share“-ის მსგავსი აქტივობებისთვის.

მერხები კუნძულებად. ჯგუფური მუშაობისთვის მერხები შეიძლება პატარა ჯგუფებად, ე.წ. „კუნძულებად“ განლაგდეს. ასეთი ფორმა განსაკუთრებით ეფექტურია პროექტული, კვლევითი, STEM/STEAM აქტივობების, დისკუსიისა და გუნდური დავალებების დროს.

U – ფორმა. სადამრიგებლო საათისთვის, დისკუსიისა და დებატებისთვის კი კარგი არჩევანია U-ფორმა, რადგან მოსწავლეებს ერთმანეთის დანახვისა და თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევათ.

„სათემო მაგიდა“/წრე: მერხების გვერდზე გადაწევით შექმნილი წრე. გამოიყენება ემოციური საკითხების განხილვისას, კლასის პრობლემების მოგვარებისას, რეფლექსიისა თუ წლის დასაწყისის/დასასრულის შეხვედრებზე.

L – ფორმის ჯგუფები: თანამედროვე კომპრომისი თანამშრომლობასა და მასწავლებლის მიმართულებით ხედვას შორის

 

ამგვარად, მერხების განლაგება არ არის აუცილებელი, იყოს მუდმივი. ის შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებთ კონკრეტულ დღეს და რა გვჭირდება — კონცენტრირებული მუშაობა, წყვილური თანამშრომლობა, ჯგუფური დავალება თუ ერთმანეთთან საუბარი.

სიმყუდროვე – ვიზუალური ხმაურის გარეშე

მოსწავლეებისთვის კომფორტული საკლასო ოთახის შესაქმნელად ყოველთვის არ არის საჭირო დიდი დანახარჯი.

ფარდები ან ჟალუზები, რამდენიმე მცენარე, შესაბამისი განათება, მოწესრიგებული თაროები და, თუ სივრცე ამის საშუალებას იძლევა, პატარა საკითხავი ან დასასვენებელი კუთხე კი საკლასო ოთახს უფრო მყუდროს გახდის.

ამასთან, მნიშვნელოვანია ზომიერება. ყველა კედლის დეკორაციით დაფარვა აუცილებელი არ არის. ზედმეტად დატვირთულმა გარემომ შესაძლოა ყურადღება გაფანტოს და სივრცე ვიზუალურად გადატვირთოს.

ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა „სამუშაო კედლის“ იდეა – კედლის, რომელიც მხოლოდ გასაფორმებლად კი არ გამოიყენება, არამედ მოსწავლეს ყოველდღიურ სასწავლო პროცესშიც ეხმარება. მასზე შეიძლება განთავსდეს მიმდინარე თემის საკვანძო სიტყვები, ტერმინები, წესები, მნიშვნელოვანი თარიღები, ფორმულები, რესურსები ან მოსწავლეთა ნამუშევრები.

„კლასის საინფორმაციო ცენტრი“ – საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში

მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ უამრავი ინფორმაციის დამახსოვრება: გაკვეთილების ცხრილი, შემაჯამებელი სამუშაოები, პროექტების ჩაბარების ვადები, ღონისძიებები, კონკურსები, გამოცდები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები.

ამიტომ საკლასო ოთახში შეიძლება შეიქმნას პატარა „კლასის საინფორმაციო ცენტრი“, სადაც განთავსდება კლასის ცხრილი, დამრიგებლის ცხრილი, საგნის მასწავლებლებისა და საკლასო ოთახების ნომრები, მნიშვნელოვანი თარიღები და კვირის მთავარი მოვლენები.

მაგალითად, შეიძლება არსებობდეს რუბრიკა „ჩვენი კვირა“, სადაც კვირის დასაწყისში ჩაიწერება მნიშვნელოვანი მოვლენები:

ორშაბათი – ბიოლოგიის შემაჯამებელი
სამშაბათი – პროექტის ჩაბარება
ოთხშაბათი – ღონისძიება
ხუთშაბათი – კონკურსი
პარასკევი – კლასის შეხვედრა

ასეთი მარტივი სისტემა მოსწავლეებს დაეხმარება, თავად ადევნონ თვალყური საკუთარ საქმიანობას და საჭირო ინფორმაციისთვის მუდმივად არ დასჭირდეთ მასწავლებლის შეხსენება.

დაბადების დღეები – ერთი პატარა დეტალი, რომელიც ყველას აერთიანებს

საკლასო ოთახში შეიძლება, გამოიყოს ადგილი „ჩვენი კლასის დაბადების დღეებისთვის“.

Canva-ს ან სხვა მარტივი დიზაინის პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას 12-თვიანი კალენდარი, რომელშიც თითოეული თვის ქვეშ მოსწავლეების სახელები განთავსდება.

ამ იდეას შეიძლება კიდევ ერთი პატარა დეტალი დაემატოს – „დაბადების დღის სურვილების“ ყუთი.

მოსწავლის დაბადების დღეზე თანაკლასელებს შეუძლიათ, მისთვის დაწერონ ერთი მოკლე, გულწრფელი სურვილი. სურვილის შემთხვევაში ამ აქტივობაში მასწავლებლებიც ჩაერთვებიან.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან პატარა აქტივობაა, თუმცა ის კლასში ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვის შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენი ნამუშევრები“ – კედელი, რომელიც მოსწავლეებს ეკუთვნით

საკლასო ოთახში სასურველია, არსებობდეს სივრცე მოსწავლეთა ნამუშევრებისთვის.

ნახატები, პოსტერები, პროექტები, ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები ან სხვა ნამუშევრები შეიძლება პერიოდულად გამოიფინოს.

ამ სივრცის მნიშვნელობა მხოლოდ ესთეტიკური არ არის. როდესაც მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს ხედავს საკლასო ოთახში, მას უჩნდება განცდა, რომ მისი შრომა დაფასებულია და საერთო სივრცეში მის ნამუშევარსაც აქვს ადგილი.

ამიტომ კედელი თანდათან შეიძლება გადაიქცეს არა უბრალოდ გამოფენად, არამედ კლასის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად.

„ჩვენი კლასის ისტორია“ – როგორ შევინახოთ ერთად გატარებული წელი

კლასის ცხოვრება უამრავი პატარა და დიდი მოვლენით არის სავსე. წლის დასაწყისში გადაღებული ერთი ფოტო შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობას იძენდეს.

ამისთვის შესაძლებელია შეიქმნას „ჩვენი კლასის ისტორია“ – სივრცე, სადაც კლასის ფოტოები პერიოდულად განახლდება.

მაგალითად:

სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი…

ფოტოების განთავსება შესაძლებელია თოკზე პატარა სამაგრებით, ჩარჩოებში ან სხვა მარტივი ფორმით. წლის ბოლოს კი უკვე გვექნება კლასის ცხოვრების პატარა ვიზუალური ქრონიკა.

ეს არის გზა, რომ საკლასო ოთახმა არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ერთად გატარებული დროის ისტორიაც შეინახოს.

„იდეების კედელი“ – რა სურთ მოსწავლეებს?

საკლასო ოთახში შეიძლება არსებობდეს პატარა სივრცე სახელწოდებით – „მე რომ დამრიგებელი ვიყო…“

აქ მოსწავლეები დაწერენ საკუთარ იდეებს:

  • რას შეცვლიდნენ კლასში;
  • რა ღონისძიებას ჩაატარებდნენ;
  • რის არსებობა სურთ კლასში;
  • სად წავიდოდნენ ექსკურსიაზე;
  • რა ახალ აქტივობას შესთავაზებდნენ თანაკლასელებს.

ასეთი სივრცე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სურვილები და იდეები პირდაპირ გამოხატონ და კლასის ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება დააფიქსირონ.

„მადლობის კედელი“ – პოზიტიური ურთიერთობის სივრცე

კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ემოციურად მნიშვნელოვანი იდეაა „მადლობის კედელი“.

მის გვერდით შეიძლება განთავსდეს პატარა ყუთი წარწერით:

„მადლობა, რომ…“

მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთს ან მასწავლებლებს დაუტოვონ მოკლე მადლობის ბარათები.

თუმცა ამ აქტივობის დროს მნიშვნელოვანია ერთი პირობის დაცვა: ის არ უნდა გადაიქცეს პოპულარობის კონკურსად. საჭიროა ისეთი წესების შეთანხმება, რომლებიც ყველა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, როგორც მადლობა გამოხატოს, ისე მიიღოს თბილი სიტყვა.

„წარმატებების წიგნი“ – პატარა გამარჯვებებსაც აქვს მნიშვნელობა

კლასში შეიძლება შეიქმნას ხელნაკეთი წიგნი, ბლოკნოტი ან რვეული სახელწოდებით „წარმატებების წიგნი“.

აქ მოსწავლეები პერიოდულად უპასუხებენ რამდენიმე მარტივ კითხვას:

რა გამომივიდა?
რით ვიამაყე?
რა ვისწავლე?

მნიშვნელოვანია, რომ წარმატება მხოლოდ მაღალი ნიშანი, ოლიმპიადაში გამარჯვება ან კონკურსში მიღებული ჯილდო არ იყოს.

წარმატებაა ისიც, როდესაც მოსწავლემ პირველად გაბედა პრეზენტაციის გაკეთება, დაეხმარა თანაკლასელს, დაასრულა რთული პროექტი, შეძლო შეცდომის დანახვა და მისი გამოსწორება.

შესაძლებელია ცალკე რუბრიკის შექმნაც – „ამ კვირის პატარა გამარჯვება“.

ასეთი ჩანაწერები, ერთი მხრივ, მოსწავლეს საკუთარი პროგრესის დანახვაში ეხმარება, მეორე მხრივ კი დამრიგებელს აძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსწავლის განვითარების შესახებ, რომელიც მხოლოდ ნიშნებში არ ჩანს.

„შენი ხმა მნიშვნელოვანია“ – სივრცე კითხვებისთვის, პრობლემებისთვის და იდეებისთვის

ყველა მოსწავლე ერთნაირად თავისუფლად ვერ საუბრობს კლასის წინაშე. ზოგჯერ ბავშვს აქვს კითხვა, პრობლემა ან სათქმელი, რომლის ხმამაღლა თქმაც უჭირს.

ამისთვის შეიძლება შეიქმნას ორი ყუთი.

პირველი – „მინდა გითხრა…“

აქ მოსწავლეს შეუძლია დატოვოს:

  • კითხვა;
  • პრობლემა;
  • იდეა;
  • შიში;
  • შეთავაზება;
  • მადლობა;
  • წერილი მასწავლებელს.

მეორე ყუთს შეიძლება ეწოდოს „პასუხი გელოდება“.

დამრიგებელი კვირაში ერთხელ განიხილავს შეტყობინებებს და პასუხებს შესაბამისი ფორმით განათავსებს.

ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მაშინაც, როდესაც მოსწავლეს კონკრეტული საგნის მასწავლებელთან აქვს კითხვა და მასთან პირდაპირ საუბარი უჭირს. ასეთ შემთხვევაში დამრიგებელი შეიძლება გახდეს დამაკავშირებელი რგოლი.

რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა არსებობდეს შეთანხმებული წესი: კითხვა ან წერილი უნდა იყოს პატივისცემით ჩამოყალიბებული და არ უნდა ემსახურებოდეს სხვის დაცინვას ან შეურაცხყოფას.

საერთო საკანცელარიო კუთხე – რესურსები, რომლებიც ყველას ეკუთვნის

საკლასო ოთახში შეიძლება გამოიყოს პატარა თარო ან კარადა, სადაც განთავსდება საერთო გამოყენებისთვის საჭირო ნივთები:

კალმები, ფურცლები, მარკერები, მაკრატლები, წებო, დამატებითი რვეულები და სხვა სასწავლო რესურსები.

თითოეულ ყუთს შეიძლება ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტი.

მნიშვნელოვანია თავად იდეა – ეს არ უნდა იყოს „მასწავლებლის ნივთების“ კუთხე. ეს არის კლასის საერთო რესურსი, რომლის გამოყენებასა და მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა მოსწავლეებთან ერთად ნაწილდება.

პატარა საკლასო ბიბლიოთეკა – „აიღე, წაიკითხე, დააბრუნე, გაუზიარე სხვას“

თუ სივრცე იძლევა საშუალებას, კლასში შეიძლება მოეწყოს პატარა ბიბლიოთეკა.

მისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ერთი პატარა თარო და მარტივი წესი:

აიღე წაიკითხე დააბრუნე გაუზიარე სხვას.

წიგნთან ერთად მოსწავლემ შეიძლება დატოვოს პატარა ბარათი:

„ამ წიგნს სხვას ვურჩევდი, რადგან…“

ასეთი პატარა რეკომენდაციები წიგნების გაცვლისა და ერთმანეთისთვის საინტერესო საკითხავი მასალის აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენი მცენარე“ – პასუხისმგებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

თუ საკლასო ოთახში მცენარეებია, შესაძლებელია მათი მოვლა მოსწავლეების ყოველდღიურ საქმიანობას დაუკავშირდეს.

მაგალითად, შეიქმნას „ამ კვირის მცენარის მეგობარი“ – მოსწავლე ან წყვილი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტულ მცენარეზე იზრუნებს: მორწყავს, დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მის მოვლაზე იზრუნებს.

ეს ძალიან მარტივი საქმიანობაა, თუმცა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს ცოცხალ არსებაზე და საკუთარ თავზე აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა.

„მოგონებების სკივრი“ – ის, რაც ყველაზე ძვირფასია

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური იდეა – „მოგონებების სკივრი“.

მის შესაქმნელად შეიძლება ჩვეულებრივი მუყაოს ყუთიც გამოვიყენოთ და მისი გაფორმება თავად მოსწავლეებს დავავალოთ.

სასწავლო წლის განმავლობაში სკივრში შეიძლება შეინახოს:

  • კლასის ფოტოები;
  • წერილები;
  • მოსწავლეთა ნამუშევრები;
  • სერტიფიკატები;
  • კლასის პირველი დღის ჩანაწერი;
  • წლის დასაწყისში დაწერილი სურვილები;
  • პროექტებისა და ღონისძიებების დროს შექმნილი მასალები.

სკივრის გახსნა შეიძლება წლის ბოლოს, ბოლო ზარზე ან სხვა განსაკუთრებულ დღეს.

შესაძლოა, სწორედ მაშინ აღმოვაჩინოთ, რომ ის, რაც წლის განმავლობაში უბრალო ფურცლად ან ფოტოდ გვეჩვენებოდა, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი მოგონებაა.

რამდენად მნიშვნელოვანია, რა წერია კედლებზე?

საკლასო ოთახის მოწყობისას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ეს არის: რისთვის გვჭირდება თითოეული ნივთი, წარწერა თუ კედელი?

თუ კედელზე მხოლოდ დეკორაციაა, მისი მნიშვნელობა ვიზუალური კომფორტით შემოიფარგლება. მთავარი დეკორაცია და მისი რაოდენობა კი არაა, არამედ სივრცის დანიშნულება.

თუ კედელზე მოსწავლის ნამუშევარია, მას უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს.

თუ იქ მისი დაბადების დღეა მითითებული – ის ხედავს, რომ მის პირად ისტორიასაც აქვს ადგილი.

თუ იქ მისი პატარა გამარჯვებაა – საკუთარ პროგრესს ამჩნევს.

თუ იქ მისი იდეაა – იცის, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და პატივს სცემენ.

თუ იქ კლასის ფოტოებია – ხედავს ერთად გატარებულ დროს.

თუ იქ წერილი ან კითხვა შეუძლია დატოვოს – იცის, რომ აქვს სათქმელის გამოხატვის შესაძლებლობა და არ დარჩება ყურადღების მიღმა.

მაშინ საკლასო ოთახი ნელ-ნელა ნამდვილ „ჩვენს სივრცედ“ იქცევა.

საკლასო ოთახის მოწყობა მხოლოდ ინტერიერის საკითხი არ არის. ეს არის არჩევანი იმისა, როგორი ურთიერთობები და როგორი ყოველდღიურობა, ამინდი გვინდა გვქონდეს კლასში.

ალბათ არ არსებობს იდეალური საკლასო ოთახის ერთი უნივერსალური მოდელი. ზოგი კლასი პატარა იქნება, ზოგს უფრო მეტი სივრცე ექნება. ზოგ სკოლას ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ახალი ავეჯი და რესურსები, ზოგისთვის კი ყველაზე რეალური გზა არსებული ნივთების ხელახლა გამოყენება და მოსწავლეების ჩართვა იქნება.

ამიტომ „ჩვენი კლასი – ჩვენი სივრცე“ არ არის ძვირადღირებული დეკორაციის პროექტი.

ეს შეიძლება დაიწყოს ერთი პატარა ყუთით;

ერთი მცენარით;

ერთი თაროთი;

ერთი ფოტოთი;

ერთი ფურცლით, რომელზეც მოსწავლემ დაწერა საკუთარი იდეა.

ან ერთი მარტივი კითხვით:

„როგორი კლასი გვინდა, რომ გვქონდეს?“

როდესაც საკლასო ოთახში ჩნდება ადგილი მოსწავლის ნამუშევრისთვის, მისი იდეისთვის, წარმატებისთვის, კითხვისთვის, მადლობისთვის, დაბადების დღისთვის, მოგონებისა და საერთო ისტორიისთვის, ეს სივრცე თანდათან უფრო მეტად ემსგავსება კლასს, რომელშიც მოსწავლე მხოლოდ გაკვეთილზე დასასწრებად კი არ მოდის, არამედ სწავლობს, ურთიერთობს, ქმნის და საკუთარ კვალსაც ტოვებს.

სწორედ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ:

ეს უბრალოდ საკლასო ოთახი აღარ არის.
ეს ჩვენი კლასია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ქცევის გზა მოზარდებში

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“