ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლების საგნობრივი კათედრები ირჩევენ ახალ ხელმძღვანელობას (სასურველია ყოველწლიური როტაცია), ადგენენ სასწავლო გეგმებს (კურიკულუმებს) ყველა საფეხურისთვის, გეგმავენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. კათედრის ეფექტური და ნაყოფიერი საქმიანობა დამოკიდებულია მის წევრთა კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. სწავლა-სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესია გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა.
საყოველთაოდ ცნობილია სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების როლი და მნიშვნელობა. სავალდებულო საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებით, არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში მოსწავლეები ერთვებიან ნებაყოფლობით და პირადი ინტერესების გათვალისწინებით. ეს აქტივობები არ არის მიჯაჭვული ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საათობრივ ბადესთან, თუმცა შესაძლებელია, რომ ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული ცნებების რეალიზებაში ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების პროცესს, ეს დამოკიდებულია დაგეგმილი აქტივობის შინაარსსა და ფორმატზე. როლური თამაშების კონკურსში აქცენტი კეთდება მოსწავლეთა შემოქმედებით ხედვაზე, თავისუფალ თვითგამოხატვაზე. მასწავლებელი კლასთან და მშობლებთან შეთანხმებით გეგმავს ღონისძიებათა პროექტებს, თუმცა აქ ყველაფერს ირჩევენ მოსწავლეები. მასწავლებელი მრჩეველი და გზამკვლევია. ამგვარ ღონისძიებებს არ აქვს მკაცრი ჩარჩოები.
ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს განსაკუთრებული ვალდებულებები გვაქვს ჩვენს კლასებთან, რადგან ბავშვებთან ყველაზე მეტ დროს ჩვენ ვატარებთ. საათობრივად მშობლიური ენისა და ლიტერატურის დატვირთვა ყველაზე მეტია. ჩვენ ვასწავლით მშობლიურ ენაზე ოპერირების, ზეპირმეტყველების, კითხვის სტრატეგიების, წერითი უნარ-ჩვევების ყველა ნიუანსს, ამასთანავე, ვასწავლით სამყაროს ყველაზე დიდ და პოპულარულ ხელოვნებას – ლიტერატურას, სიტყვის მაგიას, რომელსაც ეფუძნება კინოხელოვნება და თეატრი. ლიტერატურის სიყვარული და კულტურული მკითხველის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გადამწყვეტია განათლებული, წიგნიერი ადამიანის ფორმირების გზაზე. ენისა და ლიტერატურის ცოდნა აძლევს ადამიანს ყველა საბაზისო უნარს უცხო ენების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმატებით დაუფლების მიმართულებით. სკოლებში ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო ლიტერატურული ღონისძიებები. მათი აქტუალობა დღემდე არ შენელებულა, თუმცა დაშტამპულმა, უგემოვნო, საეჭვო ღირებულების ლიტერატურულმა ღონისძიებებმა და სპექტაკლებმა შესაძლოა არამცთუ ხელი არ შეუწყოს მოსწავლეთა უნარების განვითარება-დახვეწას, არამედ პირიქით, უარყოფითი როლიც შეასრულოს. ხშირად მოსწავლეები ნულოვან ინტერესს ამჟღავნებენ მსგავსი ღონისძიებების მიმართ. უფრო დაწყებით საფეხურზე აქტიურობენ, ხოლო საბაზო საფეხურიდან უკვე იწყება მათი ამგვარ ღონისძიებათა მიმართ გაუცხოება და დისტანცირება. იწყება გარდატეხის ასაკი, თავს იჩენს ასაკობრივი ფსიქოლოგიური სირთულეები, კომპლექსები, ფობიები, თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შიში სცენის, საჯარო გამოსვლის, თანამშრომლობის რთული პროცესის მიმართ.
მასწავლებლისთვისაც რთულია დაგეგმვა, რა შესთავაზოს კლასებს ისეთი, რაც შეკრავს და საერთო ინტერესებით გააერთიანებს ბავშვებს. ყველას არ აქვს საკმარისი სითამამე და შინაგანი თავისუფლება, თავდაჯერებულობა, არტისტიზმი საიმისოდ, რომ სცენაზე დადგეს, ამიტომაც ძნელდება თეატრალიზებული სცენარების ხორცშესხმა. ხშირად სკოლებში იწვევენ გამოცდილ რეჟისორებს, თუმცა შექმნილი პროდუქტი ზოგჯერ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაყურებელმაც და ბავშვებმაც იციან, რომ კეთდება სანახაობა ვალის მოსახდელად და არა მათი შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
საბაზო საფეხურზე ქართული ლიტერატურის ესგ სტანდარტი სამ სამიზნე ცნებას გვთავაზობს: ტექსტი, კონტექსტი, ტექსტების დიალოგი/ინტერტექსტუალობა. ე.წ. როლურ თამაშებს ლიტერატურის მასწავლებლები ძალიან ხშირად იყენებენ საგაკვეთილო პროცესში. ეს არის ტექსტთან მისაახლოებლად საუკეთესო გზა. მოსწავლეთა ჯგუფი ერთად ამუშავებს ტექსტს და ქმნის შემოქმედებით პროდუქტს, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა საკუთარი ნება-სურვილით ერთვება პროცესში და თავისი როლის მეშვეობით გულწრფელად მოაქვს მსმენელამდე ტექსტი. რასაკვირველია, მოსწავლე უპირველესად თავად უნდა ჩაუღრმავდეს ტექსტს, გაიაზროს მისი ქვეტექსტები, ემოციები და შესაბამისად გადმოსცეს ავტორის სათქმელი. ეს არ არის იოლი ამოცანა, საკმაოდ რთული გამოწვევაა და დიდ ძალისხმევას ითხოვს, პროცესი კი მოსწავლეს ეხმარება თვითგანვითარებაში. მასწავლებლის პოზიტიური განმავითარებელი შეფასება გადამწყვეტია მოზარდისთვის, ის იაზრებს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და უჩნდება მოტივაცია, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ტექსტზე მუშაობის პროცესებში. ეროვნული სასწავლო გეგმაც გვეუბნება, რომ ყველა ტექსტს – მხატვრულსა თუ არამხატვრულს – აქვს სამი მხარე: შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი, რომლებიც განუყოფლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. როცა მოსწავლე როლურ თამაშში მონაწილეობს, სწორედ ტექსტის ამ სამი მხარის ყველა მახასიათებელს უღრმავდება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, „ყველა თხზულებას აქვს თავისი კონტექსტი – ფონი თუ გარემო, რომელშიც იგი შეიქმნა და ამა თუ იმ კუთხით უკავშირდება ნაწარმოებს, ზეგავლენას ახდენს მასზე. კონტექსტს შეიძლება განსაზღვრავდეს სხვადასხვა ფაქტორი, მაგ.: ავტორის ცხოვრებისეული თუ სულიერი გამოცდილება, სოციალური წრე, შეხედულებები; ადგილი, ეპოქა ან კულტურული არეალი, რომელშიც თხზულება შეიქმნა. კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინება დაგვეხმარება იმაში, რომ გავიაზროთ ნაწარმოები როგორც მისი შექმნის თანადროული ეპოქის, ისე თანამედროვეობის ჭრილში, აღმოვაჩინოთ მსგავსება-განსხვავება კულტურათა შორის, მსგავსი ან განსხვავებული პერსპექტივები; გავიაზროთ, თუ რითაა ტექსტი მნიშვნელოვანი და აქტუალური თანამედროვეობისათვის”. როლური თამაშის პროცესში მოსწავლე უსათუოდ ეუფლება ამ სამიზნე ცნებას (ნაწარმოების კონტექსტი), რადგან მან მინი-სპექტაკლში, რომელიც როლური თამაშის სახით უნდა წარმოადგინოს, გარკვეული დოზით უნდა აღადგინოს ის გარემო, რომელშიც ხდება მოქმედება, ეპოქის მახასიათებლები, ლექსიკა, პერსონაჟთა პორტრეტები.
როლური თამაში მოსწავლეს ეხმარება, რომ საბაზო საფეხურის მესამე სამიზნე ცნებაც – ტექსტების დიალოგი/ინტერტექტუალობა – გაიაზროს, რადგან სცენარის შექმნის დროს ჯგუფი სრულიად თავისუფალია და მხატვრულ სახეთა გასამდიდრებლად, ან სცენარის დამაინტრიგებელი შტრიხებით შესამკობად პარალელური ტექსტებიდან იღებს მასალას, იდეას, მსოფლხედვას, თხრობისა და დიალოგების აგების ხერხებს, პერსონაჟთა ხასიათებს, ეპოქისა და გარემოს საერთო მახასიათებლებს. ესგ-ის ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, „ტექსტებს შესაძლებელია ჰქონდეთ სხვადასხვა სახის მსგავსი ელემენტი: მთავარი იდეა, თემა, მოტივი, სიუჟეტი, სახე-სიმბოლო; პერსონაჟთა ტიპები, რომლებსაც აქვთ მთელი რიგი მსგავსი სახასიათო ნიშან-თვისებები. ზოგჯერ ტექსტში ნათლად იკვეთება მეორე ტექსტის უშუალო ზეგავლენა – პირდაპირი ციტატის ან მინიშნების (ალუზიის) სახით. ტექსტებს შორის მიმართებების, მსგავსი/უნივერსალური ელემენტების ცოდნა დაგვეხმარება, რომ მრავალმხრივად, სხვადასხვა პერსპექტივიდან გავიაზროთ წაკითხული; უკეთ წარმოვიდგინოთ, რითაა მნიშვნელოვანი ან გამორჩეული ესა თუ ის ტექსტი; რა ადგილი უჭირავს მას ქართულ ლიტერატურაში”.
ერთ-ერთ კლასში როლური თამაშის სცენარისთვის მოსწავლეებმა გააერთიანეს ნოდარ დუმბაძის რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტი. ასევე ისტორიულ თემაზე შექმნილ ლექსებთან დაკავშირებით მომზადებულ როლურ თამაშში მეცხრეკლასელებმა გააერთიანეს რამდენიმე ტექსტი (ლადო ასათიანის „კრწანისის ყაყაჩოები“, ანა კალანდაძის „შორია თამარ“ და ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემიდან „ბედი ქართლისა“). ბავშვებმა სამივე ტექსტიდან ამოკრიბეს ქართველთა თავგანწირული ბრძოლის სცენები და ეს თემა თავიანთი მინი-სპექტაკლის ლაიტმოტივად აქციეს.
როლური თამაშების კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო სივრცეში ტარდება, არაფორმალური განათლების მიმართულებას უნდა მივაკუთვნოთ, რადგან ეს გახლავთ მიზანმიმართული და ორგანიზებული სასწავლო პროცესი, რომლის მიზანიც პრაქტიკული ცოდნის, მრავალმხრივი შემოქმედებითი და სოციალური უნარებისა და საგანმანათლებლო კომპეტენციების განვითარებაა. მოსწავლეთა თვალთახედვით, მისი უპირატესობაა მოქნილობა, მკაცრი აკადემიური ჩარჩოებისგან გათავისუფლება. მსგავსი ტიპის კონკურსები ავითარებს ტრანსფერულ უნარებს, ორიენტირებულია ე.წ. „რბილი უნარების“ (soft scills) განვითარებაზე, როგორებიცაა: გუნდური მუშაობა (თანამშრომლობა), კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, ემპათია, ლიდერობა, სოლიდარობა, ჯანსაღი კონკურენცია და მოწინააღმდეგის მიღება-გულშემატკივრობა.
გასულ სასწავლო წელს სახელმწიფო ენის საგნობრივმა კათედრამ დაგეგმა საბაზო საფეხურზე ინტერსაკლასო როლური თამაშების კონკურსი. კონკურსი გაზაფხულის სემესტრისთვის დაიგეგმა, თუმცა მისთვის მზადება პირველი სემესტრიდანვე დაიწყო. საწყის ეტაპზე კათედრამ სკოლაში გაავრცელა ინფორმაცია კონკურსის შესახებ და მასწავლებლებმა კლასებში შექმნეს ჯგუფები. ზოგ კლასში მსურველი საერთოდ არ გამოჩნდა, ზოგან – ერთი ან ორი ჯგუფი შეიქმნა, ზოგმა კლასმა კი განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა და სამი-ოთხი ჯგუფიც შეიქმნა. საწყის ეტაპზე ჯგუფები ირქმევენ სახელებს, ირჩევენ სასურველ ტექსტებს სასკოლო პროგრამიდან ან მის მიღმა, ქართული ან უცხოური ლიტერატურის არასაპროგრამო ნიმუშებს. სასურველი ჟანრებია: ნოველა, მოთხრობა, რომანის ან ეპიკური პოემის ეპიზოდი, ასევე შესაძლებელია, ბალადებისა და ლირიკული ლექსებისგანაც შექმნან ბავშვებმა სცენარები. სცენარის შექმნას ზედამხედველობს მასწავლებელი. ის დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას ცდილობს, თუმცა აკვირდება პროცესს, პასუხობს მოსწავლეთა შეკითხვებს, გასცემს რჩევებსა და რეკომენდაციებს. ორიგინალური სცენარის მომზადება და როლების განაწილება შრომატევადი პროცესია. სცენარი უმრავლეს შემთხვევაში არ არის ტექსტიდან ამოკოპირებული ეპიზოდი. მას ჯგუფი საკუთარი ფანტაზიით ამრავლფეროვნებს, ამდიდრებს, მატებს დამატებით შტრიხებსა და დეტალებს, აღრმავებს ქვეტექსტებს, ძერწავს პერსონაჟთა ხასიათების ახალ შტრიხებს, დიალოგებს, მონოლოგებსა და პოლილოგებს უფრო დრამატულსა და მიმზიდველს ხდის. ჯგუფს შეუძლია ავტორის იდეურ კონცეფციაშიც შეიტანოს სიახლეები ან ცვლილებები (როგორც აღვნიშნეთ, ეს პროექტი სრული თავისუფლების პრინციპებით გამოირჩევა), თუმცა სასურველია, რომ ავტორის იდეური მიზანდასახულობა ძირითადად შენარჩუნებული იყოს, ან ჯგუფმა შექმნას ახალი სცენარი რომელიმე ავტორის მიხედვით ან ინსპირაციით.
მასწავლებელი აკვირდება როლების განაწილებისა და მიზანსცენებზე მუშაობის პროცესს და აქაც თავისუფალი კონსულტანტის როლშია, თუკი ჯგუფი ითხოვს მისგან დახმარებას, სხვა შემთხვევაში ჯგუფს შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად იმუშაოს და არავის არაფერი შეუთანხმოს, ისე გამოიტანოს სცენაზე თავისი პროდუქტი.
საგნობრივი კათედრა ქმნის სპეციალურ ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც სასურველია იყვნენ როგორც ლიტერატურის მასწავლებლები, ასევე სხვა საგნების პედაგოგები, აუცილებლად – ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები, მოწვეული მწერალი, რეჟისორი ან მსახიობი, მშობელი ან უფროსი კლასის მოსწავლე. ჟიური ქმნის კონკურსის მონაწილეთა შეფასების სქემებს და ქულობრივად აფასებს წარმოდგენილ ნამუშევრებს, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული (საპრიზო ადგილებზე გასული) გუნდები. ასევე დაწესებულია პრიზები და მონაწილეთა სიგელები სხვადასხვა ნომინაციაში (საუკეთესო სცენარი, საუკეთესო სასცენო მეტყველება, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო სამსახიობო გუნდი, ქალის ან კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი და ა.შ.). გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამახსოვრო ჯილდოები, წიგნები, სუვენირები. კათედრა ზრუნავს იმაზეც, რომ მოსწავლეები დააფიქროს კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, მოწინააღმდეგე გუნდებისადმი სოლიდარულ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე. უნდა შეიქმნას გარემო, სადაც ყველას უხარია მონაწილეობა, თავისი ან სხვისი წარმატება, ყველა ყველაფერს სწავლობს პარტნიორისა თუ კონკურენტისგან, ხოლო კოლეგა – კოლეგისგან.
იქმნება უნიკალური მინი-სპექტაკლები, სადაც ბავშვური უშუალობით, გულწრფელობითა და არტისტიზმით ნამდვილ ვარსკვლავებსა და მარგალიტებს აღმოვაჩენთ. კონკურსი სასურველია ჩატარდეს ორ-სამ ტურად. გამარჯვებული გუნდები გადავიდნენ შესარჩევი ეტაპიდან ნახევარფინალსა და ფინალში. განსაკუთრებულია მაყურებელთა კონტიგენტი. პატარა მსახიობებს გულშემატკივრობენ მშობლები და ის თანაკლასელები, რომლებიც თავად არ მონაწილეობენ კონკურსში, მაგრამ პროცესი იმდენად ხალისიანი, ემოციური და ხმაურიანია, უამრავ პასიურ მოსწავლეს უჩნდება სამომავლოდ მასში მონაწილეობის სურვილი.
შარშანდელმა გამოცდილებამ ორგანიზატორებს ბევრი რამ გვასწავლა, სამუშაო პროცესი გვაჩვენებს, როგორ უნდა დავხვეწოთ კონკურსის ესა თუ ის მხარე. ახალ სასწავლო წელს ისევ ვგეგმავთ უფრო მასშტაბურად ინტერსაკლასო კონკურსის ორგანიზებას. საბაზო საფეხურზე სასკოლო პროგრამით ისწავლება ქართული მწერლობის ისეთი ნიმუშები, რომელთა ქცევა სცენარებად და როლური თამაშების მომზადება ძალიან საინტერესო და მიმზიდველია როგორც მონაწილეთა, ისე მაყურებელთათვის.


