ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
12 აგვისტო, ოთხშაბათი, 2026

მოსწავლეთა ლექსიკური კომპეტენციის ამაღლების სტრატეგიები დაწყებით კლასებში

მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციის გაძლიერება-გაფართოება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტრატეგიული ამოცანაა. მდიდარი ლექსიკური მარაგი და ენის გრამატიკული სტრუქტურის ფლობა მოსწავლის სააზროვნო და აკადემიური უნარების განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

დაწყებით კლასებში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ზრუნვას, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლეებს:

  • შევასწავლოთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობის იდენტიფიცირების სტრატეგიები;
  • გამოვუმუშაოთ სხვადასხვა კონტექსტში სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობისა და გამოყენების უნარი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი სიტყვების შესწავლის მიზანი არ არის მხოლოდ კონკრეტული ტექსტის გაგება. გაცილებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივ მეხსიერებაში მათი გადატანა და მრავალფეროვან კონტექსტებში გამოყენების უნარის ჩამოყალიბება, ასევე იმ სტრატეგიების ფლობა, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გაგება-დაზუსტებას.

სასურველია, ძირითადი დრო დაეთმოს ისეთ სიტყვებსა და ფრაზეოლოგიზმებზე მუშაობას, რომელთ ცოდნა ნამდვილად უწყობს ხელს აზრის მრავალფეროვნად გამოთქმას. მოსწავლეთა აქტიური ლექსიკური მარაგის გამდიდრების თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიულია აქცენტის გადატანა ტექსტში გამოყენებულ არქაიზმებზე (მაგ., თუნგი, მარხილი). გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება დავუთმოთ მოქმედებისა და განცდების ნიუანსების, საგნებისა და ადამიანის თვისებების, ემოციური მდგომარეობის გამომხატველ სიტყვებსა და იდიომებს, ასევე ლოგიკური თანმიმდევრობის, მსჯელობისა და შეფასების ფორმულირებებს. ეს არ ნიშნავს, რომ ტექსტში მოცემული არქაიზმები არ განვმარტოთ, მაგრამ მიზანშეწონილია, აქცენტირებულად ვიმუშაოთ სწორედ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებზე, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ზეპირსიტყვიერ თუ წერით კონტექსტში.

ლექსიკოლოგიური მუშაობის სტრატეგიული ამოცანების გააზრება გვეხმარება, ზედმიწევნით ეფექტიანად გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები და სტრატეგიები, რომლებსაც თანამედროვე მეთოდური ლიტერატურა გვთავაზობს. სტატიაში მოკლედ შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ ინსტრუმენტს, რომელთა რეგულარული და მიზანმიმართული გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა ლექსიკური კომპეტენციის ამაღლებას.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ მიზანშეწონილია, რეგულარულად გამოვიყენოთ გრაფიკული მაორგანიზებელი „სიტყვის გამომძიებელი“. ცხრილის შევსების პროცესში მოსწავლეები ტექსტის წაკითხვამდე, მხოლოდ სიტყვით გამოწვეული ასოციაციების საფუძველზე გამოთქვამენ ვარაუდებს ამ სიტყვის მნიშვნელობის შესახებ, ხოლო კითხვის პროცესში უკვე კონტექსტის მიხედვით განსაზღვრავენ მის მნიშვნელობას. ბოლოს მნიშვნელობა ზუსტდება ლექსიკონის გამოყენებით. პროცესში მოსწავლეები იყენებენ სიტყვის მნიშვნელობის იდენტიფიცირების ყველა ძირითად სტრატეგიას:

  • დაკვირვება სიტყვის აგებულებასა და ჟღერადობაზე (წაკითხვამდე);
  • მნიშვნელობის გააზრება კონტექსტთან მიმართებით (კითხვის დროს);
  • ლექსიკონის გამოყენება (წაკითხვის შემდეგ).

ძალიან კარგი იქნება, საკლასო ოთახში გვქონდეს სიტყვის კედელი, რომელზეც თემატურად განვათავსებთ ლექსიკურ ერთეულებს (მაგალითად, ადამიანის თვისებებისა და ემოციური მდგომარეობის გამომხატველ სიტყვებს). სხვადასხვა აქტივობის (მაგალითად, „პერსონაჟის რუკის“ შევსების, ამბის თხრობის) დროს მოსწავლეებს შევახსენებთ, რომ შეუძლიათ, კედელზე განთავსებული სიტყვები გამოიყენონ. სიტყვების კედელი რეგულარულად გამდიდრდება ახალშესწავლილი ლექსიკური ერთეულებით.

სხვადასხვა კონტექსტში სიტყვის გამოყენების უნარის განსავითარებლად ეფექტურად გამოიყენება „სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა“. იმისთვის, რომ სქემაზე მუშაობის დროს მოსწავლის გონებაში გააქტიურდეს სხვადასხვა კონტექსტი, რომელსაც შეიძლება ეს სიტყვა დაუკავშირდეს, მნიშვნელოვანია, სქემა გამოვიყენოთ კონკრეტული ტექსტისგან განცალკევებით (მაგალითად, ავიღოთ სიტყვის კედელზე დატანილი რომელიმე სიტყვა) ან ტექსტის წაკითხვამდე.

„სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა“ უმთავრესად ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში გამოიყენება, თუმცა შეიძლება წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მისი გამოყენებაც, ზოგიერთ შემთხვევაში – საკლასო მუშაობის დროს შევსებაც. მოსწავლეები სიტყვიერად და ნახატებით აღწერენ სიტყვით გადმოცემულ ცნებასთან დაკავშირებულ ასოციაციებს, სქემაში აისახება მათი გამოცდილება და წარმოდგენები, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვანაირია. რუკის გამოყენების მიზანი არ არის ახალი ლექსიკური ერთეულის გაცნობა; აქ ვიყენებთ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთა შესახებაც მოსწავლეებს შეიძლება ადეკვატური წარმოდგენები ჰქონდეთ.

სქემის შევსების პროცესში ან დასრულების შემდეგ მიზანშეწონილია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, შეადგინონ რამდენიმე წინადადება, რომლებშიც მათი ასოციაციები იქნება ასახული. თუ აქტივობას კონკრეტული ტექსტის წაკითხვამდე ლექსიკური ერთეულის გააზრების მიზნით არ ვიყენებთ, შეიძლება, მოსწავლეებს დავავალოთ მცირე ზომის ტექსტის შექმნაც. ამ დროს აქტივობას შეიძლება სრული გაკვეთილიც დავუთმოთ.

თუ სქემა უშუალოდ სამიზნე ტექსტში წარმოდგენილი რომელიმე ლექსიკური ერთეულის დასამუშავებლად წაკითხვამდე შეივსო, კითხვის დროს ან მისი დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება, რამდენად შეესაბამება სიტყვის მნიშვნელობა ტექსტის მიხედვით მოსწავლეთა მიერ ტექსტის წაკითხვამდე გამოთქმულ ვარაუდებს. დაზუსტდეს, ხომ არ არის ის გამოყენებული განსხვავებული მნიშვნელობით, რამე დამატებითი ნიუანსი ხომ არ შეიძლება მოვიაზროთ. ვისაუბროთ იმაზე, რამეს ხომ არ შეცვლიდნენ (დაამატებდნენ/გამოაკლებდნენ) უკვე შევსებულ სქემაში.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე მეთოდურ ლიტერატურაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები ფაქტობრივად ამოუწურავ რესურსს გვაწვდიან მოსწავლეთა ლექსიკური კომპეტენციის ასამაღლებლად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა, შევხედოთ ლექსიკოლოგიურ მუშაობას როგორც გრძელვადიან სტრატეგიულ პროცესს, შევარჩიოთ და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ კონკრეტულ ეტაპზე კონკრეტული კლასის საჭიროებებს მორგებული ინსტრუმენტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

უსაფრთხო სკოლისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“