არიან მწერლები, რომლებიც ყველასთვის წერენ, მათი სიტყვა მსუბუქია და ფრთიანი, ყველას გულამდე მიდის. ასეთი ავტორები საყოველთაო სახალხო სიყვარულით არიან გარემოცულები, მათი პოპულარობა არასდროს იკლებს. და არიან მწერლები, რომლებიც არ წერენ ყველასთვის. თუ აკაკი წერეთელი ამბობდა, რომ თავი „გარემოების საყვირად“ წარმოედგინა, თუ თავისი შემოქმედების მისიას ასე იაზრებდა: „მე ჩანგური (ლირიკული შემოქმედების სიმბოლო) მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს“, – თუ ილია საკუთარ როლს ასე ხედავდა:
„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა,
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა”, –
სულ სხვაგვარად ესმოდათ პოეზიის მისია მეოცე საუკუნის პოეტებს. გალაკტიონისთვის თუ ეპოქა და გარემო უდაბნო იყო, ის ამ უდაბნოს თავისი პოეზიით „ლურჯად ახავერდებდა“ და თავადვე ქმნიდა გასაძლის სივრცეს, მისი სამყაროს წვდომა კი ყველას არ შეეძლო, ხოლო ტიციანი უდაბნოდ ქცეულ სამშობლოს ასე აღიქვამდა: „უდაბნოში ვარ, მაგრამ რაა ეს მწვანე მოლი?“ თავისი გენიალური ბიძაშვილივით, არც ის ფიქრობდა საყოველთაო სახალხო აღიარებაზე, ამბობდა, რომ მისი ჩანგი სირცხვილით დაიწვებოდა, თუ მის ლექსებს გიტარაზე დაამღერებდნენ. პოპულარობა მისთვის სასურველი არ ყოფილა, ამიტომ წერდა ასე: „…ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად“ („ლექსი-მეწყერი“). ამავე აზრს ის სხვაგანაც იმეორებს: „და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად, გაშლილი, ლაღი, უხმო ბულბულსაც დამაფასებს ქართული ბაღი“ („წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“).
ეს ვრცელი შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების რეალისტი და მოდერნისტი პოეტების მიერ მწერლობის მისიის გააზრების საკითხისთვის ისევ შეგვევლო თვალი. ამ თემაზე ბევრი დაწერილა და სიახლე არ გახლავთ, რისი თქმაც მსურს: ეპოქებისა და მიმდინარეობების მიხედვით იცვლება ხელოვნების მისიაზე მწერლების წარმოდგენები.
დავით წერედიანი პოსტმოდერნიზმის ეპოქის პოეტია, რომელმაც სრულიად უხმაუროდ მრავლისმთქმელი და იდუმალი შემოქმედება დაგვიტოვა, გასაოცარი სტილით, განუმეორებელი ლირიზმით, საკვირველი პოეტური სინტაქსით, უმდიდრესი მხატვრული სახეებით, რომელთა დეკოდირება არც ისე ადვილია. თემებიც იშვიათი და მხოლოდ მისი ყოვლისმხედველი თვალისთვის შესამჩნევი აქვს მიგნებული. მოკლედ რომ ვთქვათ, დავით წერედიანი არ ყოფილა მასების პოეტი, ის თავად იყო ინტელექტუალური პოეზიის ქურუმი და მისი შემოქმედების აღქმასაც უმაღლესი ინტელექტისა და გემოვნების მკითხველი სჭირდება.
ამ წერილის თემაა ხალდის აჯანყებისადმი მიძღვნილი მისი ლექსი „ძველი სიმღერა“, რომელიც წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე სესიაზე საგამოცდო ტესტში შედიოდა როგორც საანალიზო უცხო ტექსტი. აქვე უნდა ითქვას, რომ ლექსი უდავო შედევრია, მაგრამ მისი რთული სინტაქსი, მხატვრული სახეები, ორიგინალური პოეტური ენა და თვით ამ აჯანყების თემაზე შექმნილი სვანური სიმღერა „გაულ გავხე“, რომლის ალუზიასაც პოეტი აცოცხლებს, აბიტურიენტებისთვის რთულად გასაგები და დასაძლევი ამოცანა იყო.
მცირე ისტორიული ექსკურსი: 1876 წლის ხალდეს აჯანყება საქართველოს ისტორიის ჟრუანტელისმომგვრელი ფურცელია. სვანების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ვერასდროს ვერცერთი კუთხის ქართველებმა ვერ მოვახერხეთ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ იმ მასშტაბისა და სულიერი ძალის დაუმორჩილებლობა, როგორიც ხალდეელებმა გასწიეს. პატარა მთიან სოფელში სულ 19 ოჯახი ცხოვრობდა და 32 კაციღა მოიძებნა, რომელსაც იარაღის სროლა შეეძლო.
ცარისტულმა იმპერიალისტურმა სისტემამ სვანეთში ექსპლუატატორული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ხალხს აუტანელი გადასახადები დაეკისრა. დაიწყეს მიწის გაზომვები გადასახადის დასაწესებლად. ასევე გეგმავდნენ არყის, თამბაქოს, ე.წ. „ფოშტის ფულის“ დაკისრებას ისედაც ღატაკი ოჯახებისთვის. 1975 წლის ივნისში სოფელ კალაში, ლაგურკას წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიაში, ორი ათასი სვანი შეიკრიბა ყასბულათ შერვაშიძისა და გინადრუხ ფარჯიანის მეთაურობით და მე-12 საუკუნის მაცხოვრის ხატთან დაიფიცეს, რომ რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეს იყო იმპერატორ ალექსანდრე მეორის მეფობის ხანა. სვანეთის სადამსჯელო პოლიტიკას უძღვებოდა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი ნიკოლაი მალაფეევი, ხოლო სადამსჯელო მისიის ხელმძღვანელი იყო გენერალ-მაიორი ერასტ ციტოვიჩი. სადამსჯელო ექსპედიციამ 13 კაცი დააპატიმრა. სამმა, ჩარგაზ ჯოხაძემ, გურმაჩ გასვიანმა და ხაშუბათ ქურდიანმა, გაქცევა მოასწრო. ერთი წლის თავზე სადამსჯელო რაზმი ისევ ავიდა სვანეთში და მიმალული აჯანყებულების გადაცემა მოსთხოვა სოფელს. მულახელი ქურდიანების ოჯახი გაანადგურეს. ხალხი დაჰპირდა, რომ სათიბებში წასულ ხაშუბათსა და ჩარგაზს სექტემბერში ჩააბარებდნენ რუსებს, მაგრამ ამ დაპირებამ მტერი ვერ დააკმაყოფილა და სისხლიანი შეტაკება გარდაუვალი აღმოჩნდა. სოფელში 11 მურყვამი (კოშკი) იყო. 32 კაცი გამაგრდა კოშკებში და ცეცხლი გაუხსნა სისხლისმსმელ დამპყრობლებს. 1-ელიდან 27 აგვისტომდე, უკანასკნელი ტყვია-წამლის ამოწურვამდე, გმირულად იბრძოდნენ ხალდეელები. სადამსჯელო რაზმში შედიოდა ალექსანდროპოლის (დღევანდელი გიუმრი) ქვეითი ლეგიონი, მესანგრეები, ცხენოსანთა რაზმები, საარტილერიო ბრიგადა, გურულთა ქვეითი ასეული, კახელთა მილიციის ასეული, ბეჩოს სამხედრო ნაწილი. ყაბარდოდანაც ელოდნენ მაშველ ძალას 300 მეომრის შემადგენლობით. მთაზე ზარბაზნები განათავსეს, ჯარს მუსიკით ამხნევებდნენ რუსები.
ოცდაშვიდდღიანი ალყა სოფლის განადგურებით დასრულდა, რუსებმა გადაწვეს და ლაღუმით ააფეთქეს კოშკები, მიწასთან გაასწორეს ისტორიული სოფელი, ყანებიც კი გადაწვეს. ილიას გაზეთი „ივერია“ აშუქებდა ამ მოვლენებს, ხოლო ქუთაისში აჯანყებულთა გასამართლების დროს მათ ინტერესებს აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე იცავდნენ. აჯანყების მონაწილეთა ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი გააციმბირეს. შთამომავლები ჰყვებიან, რომ თორმეტწლიანი გადასახლების შემდეგ ციმბირიდან დაბრუნებულა მახვში მომი ჩეგიანი და დაუბრუნებია ცოლ-შვილი (მისი ცოლი უკვე სხვაზე ყოფილა გათხოვილი, რადგან ციმბირიდან ადამიანის დაბრუნების იმედი აღარავის ჰქონდა).
ხალდეს აჯანყებას მურმან ლებანიძემაც მიუძღვნა ემოციური სტრიქონები. ხოლო დავით წერედიანის ლექსი გამორჩეულია სვანეთის შვილის თვალითა და გულით ნანახ-განცდილი საოცარი პოეტური ხატებით. ლექსს ეპიგრაფად უძღვის „გაულ გავხეს“ სიტყვები: „კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები, ყველაზე უფრო – გურმაჩ და ჭოხან“ (იგულისხმებიან აჯანყების გმირები გურმაჩ გასვიანი და ჭოხან ჯოხაძე). ხალდეში სულ ოთხიოდე გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჯოხაძეები, ჩოფლიანები და ჩეგიანები. აქვე უნდა ითქვას, რომ სულისშემძვრელია თვითონ ამ სვანური სიმღერის ტექსტიც. ეს არის ჰეროიკული სულისკვეთების ნაწარმოები, ვრცელი ბალადა, რომელშიც თითქოს რომელიღაც სვანი სვანეთის სახელით ჰყვება მთელ ისტორიას: როგორ მოვიდნენ რუსები, როგორ იბრძოდნენ სვანი მგლები, როგორ უმუხთლა სვანეთს ლეჩხუმის მთავარმა თენგიზ დადეშქელიანმა, როგორ დაეცა ხალდე, როგორ გაასამართლეს გმირები, როგორ აცილებდნენ მათ ცოლები და შვილები და როგორ მიმართავდნენ ისინი უბედურ ჯალაბს: ნუ იტირებთ მკვდრებს, დამალეთ მწუხარება, რადგან სიამაყე მწუხარებაზე ძლიერია, ტყვემ შური იძია და სულიერად გადავრჩითო. ჰყვება იმის შესახებ, როგორ ცოტავდებოდნენ, რა შორსაა ციმბირი, თავიდან თორმეტნი იყვნენ, შემდეგ – რვანი, ბოლოს ორი გადარჩა, მომი ჩეგიანი და ერთი მწყემსი დაბრუნდნენ მხოლოდ. დაბრუნდნენ, მაგრამ ვაი ამ დაბრუნებას, სადღა იყო ხალდეს კოშკები? სადღა იყო თავად სოფელი? სახელიც კი შეეცვალათ და ახალი იფრარი დაერქმიათ… მაგრამ მკვდარ ხალდესაც კი უმღერიან სვანები: „შენი სახელი, ჰოი, ხალდე, მთების მარადიულ თოვლს ჰგავს! ღორებად შობილნიც კი ეზიარებიან სიცოცხლესა და სიკვდილს, მაგრამ ხეირი არაფერი აქვს მათგან სამყაროს, ხოლო ადამიანს ერგო პატივი, რომ სიკვდილით დაამარცხოს სიკვდილი და აზეიმოს სიცოცხლე!“
როგორც საქართველოს „ისტორიის მამა“ ივანე ჯავახიშვილი გვეუბნება, ხალდე, იგივე ქალდე/ქალდეა, ამ სოფელს იმიტომ ერქვა, რომ აქაური ავტოქტონური მოსახლეობა ახ. წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში მოსულა შუამდინარეთის ქალდეიდან. რა სამწუხაროა, რომ რუსულმა იმპერიალიზმმა ამ უძველესი ისტორიის ამოძირკვა სცადა და დღემდე ეს სოფელი ელის მზრუნველ ხელს, რომ აღდგეს მკვდრეთით. დიდი იმედი მაქვს, მომავლის საქართველო ხალდეს გააცოცხლებს, ძველ სახელსაც დაუბრუნებს და დიდებასაც.
დავით წერედიანის ლექსის მთავარი ლირიკული გმირი თითქოს აჯანყებულთა მამაა. გურმაჩსა და ჭოხანს ის შვილებად იხსენიებს. არადა ცნობილია, რომ გურმაჩი გასვიანი იყო, ხოლო ჭოხანი – ჯოხაძე. მაშასადამე, ეს სიმბოლური მამობაა, სულიერი მამობა და არა სისხლისმიერი. ამ კაცისთვის მშობლიურ მიწაზე მშვიდი ცხოვრება სანატრელი გამხდარა, მას სამართლიანი პრეტენზიები აქვს იმპერიულ მახინასთან. ლირიკული გმირის განცდა უმძაფრესია. პოეტი მისი პირით საოცრად ხატავს ხალდეს მხატვრულ სახეს. გმირის სიყვარული ენით გამოუთქმელია. ის თავისი მიწის ტყვეა, ხალდეს ეკუთვნის მისი სული და გული, ხალდე მისი თვალისჩინი და სულის სინათლეა, ხალდეს დაცვა მისთვის წმინდათაწმინდა მისიაა. ერთხელ რომ წაიკითხოთ, ვეღარასოდეს დაივიწყებთ ამ სიტყვებს: „კლდის ბზარში ჩაკიდებულო თვალთა ნათელო, ხალდე, თავსასთუმალთან, ძილისპირს, იარაღივით დამდე“.
ლირიკული გმირი ხატავს სვანეთის ამაყი შვილების სახეებს. მისი თქმით, „ვაჟები არ გადიოდნენ ბერას“ – გადაჯვარედინებული იარაღის ქვეშ დამარცხებული მტრის გატარების მსგავსი განცდები და სულიერი დაცემა მათთვის უცხო იყო. ისინი ციხეზე სისხლით შეღებილ პერანგებს კიდებდნენ, ალმოდებული ჩოხები კოშკის ქონგურებზე ბრიალებდა. ვინ იცის, რამდენი სიკვდილი გამოიარეს გურმაჩმა და ჭოხანმა.
პოეტის მიზანია, ლექსში ჩააქსოვოს ექსპრესია, რომელიც სათანადოდ გადმოსცემს თავგანწირული მეომრების გმირულ სულისკვეთებას. რეფრენი: „ისე შემყროდეს სიკვდილი, მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა! მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა!“ – საოცრად გამომსახველია. მეომარი უფრთხილდება ძმის სიცოცხლეს. იქ ყველა ერთმანეთს იცავდა და მფარველობდა, მზად იყო, სანამ ჩოქვით სიარული მაინც შეეძლო, ებრძოლა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვა თავისი მიწა. არადა როგორი იქნებოდა ეს ოცდაშვიდდღიანი ჯოჯოხეთი… უფსკრულზე გადაკიდებული მეომრები ტყვიას ტყვიაში სვამდნენ. ხალდეელთა თავგანწირვას საოცარი ექსპრესიით გადმოსცემს სიტყვები: „ტკივილის ძაფსღა ემაგრო, ბოლო ხავილის ეხოს, არა ძალა და იმედი, სასოწარკვეთა გეყოს“… იქ არავინ ფიქრობდა საკუთარ თავზე, ყველა იმზირებოდა გარეთ, მტრის სიმაგრეებისკენ, რომ აეწონათ გადარჩენის ყველა შანსი, დაეთვალათ სიცოცხლის ყველა წუთი და წამი, გაეზომათ სისხლის, ცრემლისა და ოფლის ყოველი წვეთი. სიტყვები „გაულ, გავხე“ რაღაცნაირი მაგიით არის სავსე.
არადა რას ითხოვდნენ ეს ადამიანები? ცაში ღმერთს სწვდება სვანი გლეხის სურვილი:
„განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,
ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან…“
უბედურება ის არის, რომ იმპერიული მახინა მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას არ აძლევს სვანებს, ცდილობს, ხალხს ბოლომდე გამოსწოვოს სისხლი, დაცალოს და გააქროს ქართული სული და სისხლი. ცარისტული იმპერია ერთმორწმუნეობის სატყუარათი ცდილობდა ქართველთა სრულ ასიმილაციას, გარუსებას, გადაგვარებას, მშობლიური ფესვებისა და ტრადიციებისგან მოწყვეტას, მშობლიური ენის დავიწყებას. ეს ყველაფერი კი ჯავრს აგროვებს სვანის სულში – ისეთს, ისეთს, რომ ეს ჯავრი „ბნელში დაიწყებს ვარვარს“ და დამპყრობელს შესძახებს: „ნუ რჯულზე მელაქარდები, შენი მოყვასი არ ვარ!“ მეამბოხე და დაუმონებელი სული სვანებისა არაფრით შეეგუება ჩაგვრას და იმპერიას იმით ემუქრება, რომ სულაც გადაიკარგება ჩრდილოეთ კავკასიაში, „ქაშაგს ჩაიყრის ფუძეს“ ანუ ადიღესკენ წავა, მონათესავე მუსლიმურ ჩერქეზეთს შეაფარებს თავს და მშობლიური მიწის წართმევით, სიცოცხლის უფლების წართმევით გამწარებული, ქრისტეს რჯულზეც უარს იტყვის, „ისლამურ მთვარეს ამოჭრის [იმპერიის] ღალატიან გულზე“.
ლექსის მთავარი სათქმელია ქართველთა თავისუფლებისმოყვარე, დაუმორჩილებელი, გაუტეხელი, მეამბოხე ბუნების წარმოჩენა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამაღელვებელი, დაუვიწყარი ამბის გაცოცხლებით.
რბილად რომ ვთქვათ, არაგონივრულია აბიტურიენტებისთვის საანალიზოდ ამ ტექსტის მიცემა, რადგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ურთულესია მისი სახეები, ენობრივი მახასიათებლები, ლექსიკა და პოეტური სინტაქსი. თუ გვინდა, მხატვრული ტექსტების ენის ჯადოქრობაზე ვეძიოთ ფრაზები, ვიმსჯელოთ იმაზე, რა ძალა აქვს ლოგოსს, რამდენად ღრმა და ექსპრესიული შეიძლება იყოს მხატვრული სიტყვა, სანიმუშოდ გამოდგება ამ ლექსის ფრაზები: „კლდის ბზარში ჩაკიდებულო“, „თვალთა ნათელო“, „იარაღივით დამდე“, „არ გადიოდნენ ბერას“, „ბრიალებდა ქონგურზე ალმოდებული ჩოხა“, „მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა“, „სულის უჟამო ხდამდე“, „ტკივილის ძაფსღა ემაგრო, ბოლო ხავილის ეხოს“, „არა ძალა და იმედი, სასოწარკვეთა გეყოს“, „ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი“, „ნურამც ყოფილა ჩემთვის“, „[ჯავრი] ბნელში დაიწყებს ვარვარს“, „ნუ რჯულზე მელაქარდები“, „ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს“.
უმდიდრესია ლექსის ტროპული სამყარო. რად ღირს თუნდაც მეტაფორული ეპითეტი „კლდის ბზარში ჩაკიდებულო“, რომლის მხატვრული ფუნქციაა, ხალდე პირველსავე სტროფებში წარმოაჩინოს როგორც განსაკუთრებული, ღვთაებრივი ალაგი. ძალზე შთამბეჭდავი შედარებაა „თავსასთუმალთან, ძილისპირს, იარაღივით დამდე“. აქ ხალდე გაპიროვნებულიც არის და ნაჩვენებია მისი მნიშვნელობაც ლირიკული გმირისთვის, რომელიც მშობლიური მიწის დასაცავად იარაღად იქცა.
წერედიანისეული მეტაფორები ნამდვილად მომაჯადოებელია: „არ გადიოდნენ ბერას“ (ანუ მეომრები დარცხვენილ-დამცირებულნი არ ყოფილან, არ გაუვლიათ ხანჯლების ქვეშ), „მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა“ (ეს მეტაფორა იტევს იმ უდიდეს ტკივილსა და განცდას, რომელსაც განიცდის ადამიანი, როცა მას დამპყრობლისგან საკუთარი მიწისა და ღირსების დაცვა უწევს), „ტკივილის ძაფსღა ემაგრო, ბოლო ხავილის ეხოს“ (ტკივილის ძაფზე გამობმული მეომრები განასახიერებენ იმ ტანჯვას, რომელიც ახლავს სასტიკ და ძლიერ დამპყრობელთან წინასწარვე განწირულ უთანასწორო ბრძოლას, ხოლო ბოლო ხავილის ეხო სიკვდილის მოახლოებაზე მიანიშნებს. განსაკუთრებით საინტერესოა სინტაგმა „ხავილის ეხო“ – არა ექო, არამედ ეხო. აქ პოეტი Litentia poetica-ს იყენებს, ეხო არ არის ქართული, მაგრამ „ხავილის ეხო“ ალიტერაციულიც შესიტყვებაა და ემოციას ამძაფრებას), „ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი“ (მეტაფორა გამოხატავს ლირიკული გმირის სულიერ ტკივილს), „რაც გულში ჯავრი დაგროვდა, ბნელში დაიწყებს ვარვარს“ (შეუძლებელია უფრო გამომსახველად გამოითქვას, რას განიცდის ადამიანი, როცა მას სამშობლოში სიცოცხლის უფლებასა და ღირსებას ერთდროულად ართმევენ). აქ უნებურად გვაგონდება გრიგოლ ორბელიანის ლექსის „ჰე, ივერიავ“ სიტყვები:
„წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,
თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!..
შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას“…
პოეტის ამ სინანულით გაჯერებული სიტყვების საპირისპიროდ, ხალდეელები ამტკიცებენ, რომ წინაპართა სისხლი არ დამშრალა მათ ძარღვებში და თავისუფლების დათმობას სიკვდილი ურჩევნიათ. ისინი შორით მოსულის თვალთმაქცური „ალერსობით“ ვერ ტყუვდებიან და უღირს სიცოცხლეს სიკვდილს არჩევენ. ჰიპერბოლა „მოკვდნენ ასგზის ათასჯერ ჩემი გურმაჩ და ჭოხან“ მიუთითებს, რა მტანჯველი და მოწამეობრივი გზა გაიარეს ამ ადამიანებმა ხალდეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სულ მინდა, ვახსენებდეთ თანამედროვე ქართველები ხალდეს გმირების სახელებს: გურმაჩ, ჩაპი, ბადრი, ბუღა, გუა გასვიანები, გიორგი, გეგი, ბექა, ერკმან ჩოფლიანები, მომი და ხეჩნუ ჩეგიანები, ჩარგაზ და ჭოხან ჯოხაძეები… სხვებიც იყვნენ. ნათელი მათ სულებს… ბარათაშვილის სიტყვები მოუხდება მათ ხსოვნას: „მაგრამ, ჰოი, გმირნო, ნუ შეშფოთდებით, თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით, რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის“.
ცალკე ყურადღების ღირსია ლექსის რიტმი და რითმა. განსაკუთებულ რიტმიკას ქმნის რვა- და შვიდმარცვლიანი ტაეპების მონაცვლეობა. რვამარცვლიანი სტრიქონები 5- და 3-მარცვლიან მუხლებად იყოფა, ხოლო შვიდმარცვლიანები – 5- და 2-მარცვლიანებად. გამოყენებულია ზუსტი ინტერვალიანი რითმები: სხვანი – განი, ხალდე – დამდე, ბერას – პერანგს, ჩოხა – ჭოხან, ხდამდე – სვამდე, ეხოს – გეყოს, ერთვის – ჩემთვის, მყვანან – ყანა, ძროხა – ჭოხან, ვარვარს – არ ვარ, ფუძეს – გულზე.
„ძველი სიმღერა“ იმდენად ღირებული მხატვრული ტექსტია, რომ შეგვიძლია, გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ძალა და ემოციური ზემოქმედება აქვს სულისშემძვრელი ისტორიული ამბის ორიგინალური, თვითმყოფადი პოეტური ენით გადმოცემას, ხალხური ბალადის („გაულ, გავხე“) ალუზიების გაცოცხლებას, ლოგოსის ექსპრესიას, ვირტუოზული პოეტური ოსტატობით შექმნილ მხატვრულ და ტროპულ სახეებს, ლექსის შინაგან ენერგიასა და ევფონიას, გულწრფელი პატრიოტული და გმირული სულისკვეთების ჯადოქრული პოეტური ენით გადმოცემას.
დავით წერედიანის „ძველ სიმღერაზე“ ფიქრისას, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვაჟა-ფშაველას „მხედართა ძველი სიმღერა“. არავის ისე არ უხდება ვაჟას ამ ლექსის სიტყვები, როგორც ხალდეს აჯანყების გმირებს:
„ცოცხალის თავით ვერ მივცემთ მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!
სამშობლოსათვის სიცოცხლეს ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი და თანაც ვმღერით ამასა…
კარგის მამის შვილს, წესია, მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს ვინაც არ აგდებს ჩალადა“.


