ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
21 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

ქცევის გზა მოზარდებში

მოზარდი ხშირად ხდება მშობლების, მასწავლებლებისა თუ საზოგადოების დაკვირვების ან კრიტიკის ობიექტი. თუმცა საკმაოდ რთული საქმეა ბავშვის ქცევის ტიპის დადგენა და მასზე რეაგირების ეფექტური გზების შემუშავება. აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს თვისებრივად განსხვავებული რთული და დესტრუქციული ქცევები. რთული ქცევა არის ბავშვის ბუნებრივი რეაქცია განვითარების კრიზისზე, სტრესზე ან ემოციური რეგულაციისათვის საჭირო უნარების ნაკლებობაზე. იგი ხშირად დროებითი ხასიათისაა და მარტივად ექვემდებარება კორექციას. დესტრუქციული ქცევა კი არის სისტემური, მწვავე ქმედება, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს ბავშვს ან მის გარემოს. იმისთვის, რომ მოზარდის ქცევის რეგულაცია იყოს ეფექტიანი, საჭიროა ასაკობრივი ქმედებების დიფერენცირება. ამ პროცესის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია იმ პრობლემათა მოგვარება, რომლებიც ასე აქტუალურია დღევანდელ რეალობაში.

სტანდარტულსა და ტიპურს უწოდებენ ქცევას, როცა ის ოპოზიციურ-გამომწვევი ხასიათისაა და გამოიხატება ავტორიტეტების (მშობელი, მასწავლებელი) მიმართ მუდმივი დაუმორჩილებლობითა და პროტესტით. ამ სახის დაპირისპირება უფრო მეტად დამახასიათებელია ბავშვებისათვის 10-11 წლიდან. საპასუხო ქმედების მიზანი პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება უნდა იყოს. ასეთ დროს ძალაუფლების დემონსტრირება ბავშვის ქცევას უფრო ამწვავებს (მაგალითად: ყვირილი, მკაცრი დასჯა და სხვ). ეფექტურ სტრატეგიად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბრძანების ნაცვლად არჩევანის შეთავაზება მშვიდი და ნეიტრალური ტონით; მოზარდმა ზუსტად უნდა იცოდეს კონკრეტული ზღვარი, რომლის იქით ქმედებას მოჰყვება ბუნებრივი შედეგი – პასუხისგებლობის დაკისრება (არა შურისძიება); ეფექტურია კონფლიქტის ყველაზე მწვავე ეპიზოდში (პიკში) მტკიცებისა და დარიგებებისაგან თავის შეკავება, ამისათვის უნდა მოიძებნოს უფრო მშვიდი და ნეიტრალური დრო; მნიშვნელოვანია, რომ განმარტებისათვის განკუთვნილ დროს უარყოფითად შეფასდეს ბავშვის ქცევა და არა პიროვნება. ოპოზიციური ქცევის დროს მოზარდს განსაკუთრებით აბნევს ავტორიტეტთა განსხვავებული პოზიციები, მაგალითად, მასწავლებლის მიერ უარყოფითად შეფასებული მისი ქმედება ხშირად იგნორირებული ან მოწონებულიც კი არის მშობლის მიერ; ან პირიქით, მშობელი უარყოფითად აფასებს შვილის იმ ქცევას, რომელიც მასწავლებელმა წაახალისა. საჭიროა კოორდინირებული ერთგვაროვანი მიდგომა და შეფასებები, რათა ბავშვმა ორივე გარემოში იგრძნოს ერთი და იგივე მოთხოვნები და საზღვრები.

 

უფრო სახიფათოა და ყურადღებას მოითხოვს არასწორი (დევიაციური) ქცევა, რომელიც გამოხატულია საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალურ-ზნეობრივი სტანდარტებისაგან განსხვავებული ქმედებებით. ამ ტიპის ქცევის მართვა რთულია და მოითხოვს სისტემურ, ეტაპობრივ მიდგომას, სადაც აქცენტი კეთდება არა დასჯაზე, არამედ ქცევის გამომწვევი სიღრმისეული მიზეზების აღმოფხვრასა და ალტერნატიული, სოციალურად მისაღები უნარების განვითარებაზე.

ამ ტიპის ქცევის უკან ხშირად დგას სტრესი, ტრავმა, მძიმე ოჯახური გარემო, თანატოლთა უარყოფითი გავლენა ან ფსიქო-ემოციური პრობლემები. კონკრეტული წინაპირობის დადგენის გარეშე ეფექტი მოკლევადიანი და არაეფექტიანია. მნიშვნელოვანია ჰარმონიული თანაარსებობისათვის საზოგადოებაში არსებული ნორმების შესახებ ბავშვის ინფორმირება და ნაბიჯ-ნაბიჯ იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს წესებისა და ზღვრების დარღვევის შემთხვევაში დამდგარი ბუნებრივი შედეგების გაცნობიერებას. მოზარდს უნდა ჰქონდეს ენერგიის პოზიტიური რეალიზაციის ალტერნატიული შესაძლებლობები, მაგალითად, სპორტის სახეობათაგან არჩევანის გაკეთების ან სახელოვნებო სფეროში საკუთარი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა და სხვ. ასევე უნდა წახალისდეს მისი ყოველი სოციალურად პოზიტიური ქცევა. თუ მოზარდის არასწორი ქცევა არის ქრონიკული ხასიათის, სპეციალისტის (ფსიქოლოგის) ჩართვა აუცილებელია.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ანტისოციალური (დელინქვენტური) ქცევა, როდესაც მოზარდის ქმედება სცდება უბრალო დარღვევას და იღებს სამართალდარღვევის ან კანონსაწინააღმდეგო ქმედების სახეს. ამ ტიპის ქცევა მოითხოვს დაუყოვნებლივ, მკაფიო და სამართლებრივად გამართულ რეაგირებას, რადგან ასეთ დროს საფრთხე ექმნება როგორც თავად მოზარდის, ისე გარშემომყოფთა უსაფრთხოებას. თუ მოსწავლე ამ ტიპის ქმედებას ახორციელებს სასკოლო სივრცეში, აუცილებელია მშობლის, კლასის ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის, მანდატურის სამსახურის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დაუყოვნებლივი ჩარევა. თუ აღნიშნული ჩარევა არაეფექტურია, აუცილებელია სამართალდამცველთა ინფორმირება სერიოზული დანაშაულის არიდების მიზნით. მყისიერი რეაგირების შემდეგ აუცილებელია მოზარდის საჭიროებებისა და სოციალური ურთიერთობის რისკების დადგენა, სასკოლო საზოგადოების მხრიდან კომპლექსური მიდგომის შემუშავება, რაც გულისხმობს: მოზარდის მიმართ ძალადობის, ნეგატიური თანატოლების ჯგუფის არსებობის, კონსტრუქციულ აქტივობებში ჩაბმის უზრუნველყოფას, მშობლისა და სკოლის წარმომადგენელთა მჭიდრო თანამშრომლობას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გასათვალისწინებლად.

როგორც ირკვევა, ყველაზე მძიმე ქცევის სახეობად ითვლება ანტისოციალური/დელინქვენტური ქცევა, რომელიც გადაიზრდება სისტემურ აგრესიასა და კანონდამრღვევ ქმედებებში. ასეთი ქცევა არის არა მხოლოდ პიროვნების, არამედ საზოგადოებისათვის უდიდესი საფრთხისა და სხვადასხვა მძიმე ხასიათის რისკების ერთ-ერთი წინაპირობა, კონკრეტულად კი შესაძლოა დადგეს:

  • სისტემური ფიზიკური და ემოციური ზიანი: მიმართულია სხვების ფიზიკური დაზიანებისკენ (მძიმე ბულინგი, ჩხუბი, იარაღის გამოყენება, წამება) ან საკუთარი თავის განადგურებისკენ (მძიმე თვითდაზიანება, სუიციდური ქცევა);
  • სამართლებრივი საზღვრების დარღვევა: ქმედება სცდება სკოლის/ოჯახის წესებს და გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში (ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, ნივთების/ქონების განზრახ განადგურება, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/გავრცელება);
  • ემპათიისა და სინდისის განცდის არარსებობა: ბავშვი ვერ ან არ გრძნობს წუხილს, სინანულსა თუ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის გამო.

თუ პასუხისმგებელი პირების მხრიდან ვერ/არ იქნება იდენტიფიცირებული საფრთხე, მოზარდი მარტო რჩება ამ დიდ პრობლემასთან, მისი ემოციური მდგომარეობა სულ უფრო უმართავი ხდება, ჩნდება დაუცველობისა და მარტოობის განცდა და ქცევა ხშირად გადადის ანტისოციალურ პიროვნულ დარღვევაში.

მოზარდის ქმედების სწორი შეფასება არის ასოციალური ქცევის პრევენციის წინაპირობა. შეფასება კი ურთულესი პროცესია და ითხოვს კომპლექსურ მიდგომას მოზარდთან ასოცირებული ყველა სუბიექტისგან (მშობელი, მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი). კონკრეტული საგნის სწავლების გარდა, მასწავლებელს აქვს პასუხისმგებლობა, დიდი ყურადღებით დააკვირდეს მოზარდის ქცევის უმცირეს ნიუანსებსა და თავისებურებებს, შეძლოს ბავშვის მრავალწახნაგოვანი ხასიათის დეკოდირება რეალურ გარემოში, გააცნოს პრობლემა მშობელსა და სკოლის ადმინისტრაციას, საერთო ძალისხმევით დასახოს ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად.

მოზარდის მიმართ თანაგრძნობა, მასწავლებლის პროფესიონალიზმი და მშობლისა და სკოლის ერთიანი შეთანხმებული სტრატეგია აარიდებს საზოგადოებას გულგრილობისა და კანონდარღვევების შემთხვევებს, მინიმუმამდე შეამცირებს საფრთხეს, რომელიც, როგორც ჩანს, ყველასთან შეიძლება მივიდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“